• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 26.10.2026
      • N3/17/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - აკაკი ბერიძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ლაშა ბოლქვაძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 22.10.2026
      • N3/15/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 21.10.2026
      • N3/14/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/12/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/13/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია
      • 15.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 23 ოქტომბრის №3/16/1979 განჩინება საქმეზე “საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/16/1979
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი,
თარიღი 23 ოქტომბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 6 ნოემბერი 2026 11:15

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი;

სერგო მეთოფიშვილი - წევრი;

გიორგი მოდებაძე - წევრი;

ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

განსახილველი საკითხი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) წარმომადგენლები - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლები - ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, ალიკა კუპრავა, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა წითლიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენლები - მარიკა არევაძე, ნიკა გვარამია, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი და გიორგი ლემონჯავა; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენლები - თორნიკე ართმელიძე, ირაკლი კუპრაძე, კახი სამხარაძე, გიორგი სიორიძე, მიხეილ შარაშიძე და ბადრი ჯაფარიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა და ირაკლი ქსოვრელი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №3/4/1979 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიმართა 2026 წლის 21, 22 და 23 ოქტომბერს.

2. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე 2026 წლის 23 ოქტომბერს ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და მოითხოვა საქმის არსებითი განხილვის სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში - სასამართლოს რეგლამენტი) შესაბამისად, შეძლოს მიმდინარე სარჩელზე წერილობითი შესაგებლის წარმოდგენა. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება მოიცავს მხარის შესაძლებლობას, მოემზადოს საქმის ზეპირი განხილვისთვის - სხდომისთვის, წარმოადგინოს მისი პოზიციის მხარდამჭერი არგუმენტები, ასევე ისარგებლოს უფლების დაცვის სხვა სამართლებრივი გარანტიებით. მოპასუხე მხარის, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლი ასევე იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

3. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ წერილობითი შესაგებლის გარეშე საქმის არსებითი განხილვის დაწყებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მას, როგორც მოპასუხე მხარეს, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა საპროცესო გარანტიით და დაიცვას საკუთარი პოზიცია იმ მძიმე „ბრალდებების“ პირობებში, რომლებიც მათთვის კვლავ ბუნდოვნად რჩება. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მაშინ, როდესაც №1979 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2026 წლის 24 სექტემბერს და მისი რეგისტრაციიდან ჯერ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩანიშნა არსებითი განხილვის სხდომა, მას ერთმევა საქმის მასალების გონივრულ ვადაში გაცნობისა და სრულყოფილი პოზიციის მომზადების შესაძლებლობა. იმავდროულად, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაციით, მას სურს წერილობითი შესაგებლის წარმოდგენა, რაც საქმის გადადების მოთხოვნის მთავარი საფუძველია და არ შეიძლება სასამართლომ ეს უფლება შეუზღუდოს მხარეს.

4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ სხვა წარმომადგენლების განმარტებით, №1979 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი უპრეცედენტო და სამართლებრივად რთული მნიშვნელობის საქმეა, მით უფრო მაშინ, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა მათ მარწმუნებელ პარტიასთან მიმართებით კონსტიტუციურ სარჩელს დაემატა 24 სექტემბრის სარჩელით და, შესაბამისად, მათთვის დაცვის პოზიციის მოსამზადებლად 21 ოქტომბრამდე (როდესაც არსებითი განხილვის სხდომა გაიხსნა) პერიოდი, არ იყო გონივრული ვადა. ამასთანავე, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე სხვა კატეგორიის სარჩელებისგან იმითაც განსხვავდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ უმსჯელია მსგავსი შინაარსის საკითხზე და სასარჩელო მოთხოვნაც, როგორც აღინიშნა, მათთვის კვლავ ბუნდოვანია. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში დამკვიდრებულ პრაქტიკას არსებითი განხილვის სხდომის ჩანიშვნისთვის არსებულ ვადებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ის ვადები, რომლებიც ჩვეულებრივი კატეგორიის საქმეებზე მოაზრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ როგორც გონივრული ვადები, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება რელევანტური. ამის დასასაბუთებლად, ისევ და ისევ მიუთითებენ სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის დისპოზიციაზე იმ მოტივით, რომ მათი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვა უნდა დაეწყო მოპასუხე მხარის მიერ მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი შესაგებლის წარდგენის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში კი, თუ მოპასუხე მხარეს სურს ისარგებლოს ამ უფლებით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა არსებითი განხილვის სხდომის გადადების შესახებ.

5. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს საქმის განხილვაში მონაწილე სხვა მოპასუხე მხარეებმაც: პოლიტიკური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენლებმა.

6. მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობას არსებითი განხილვის სხდომის გადადების შესახებ და აღნიშნა, რომ არც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და არც სასამართლოს რეგლამენტში არ არის განსაზღვრული ნორმა, რომელიც დაადგენდა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვას. მეტიც, მათი არგუმენტაციით, სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი საპირისპიროდ მიუთითებს, რომ „მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას“. ამდენად, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსთხოვდა მხარეს წერილობითი შესაგებლის წარდგენას და მხარე არ შეასრულებდა სასამართლოს ამ მოთხოვნას, საქმის არსებითი განხილვა ამ მიზეზით არ დაბრკოლდებოდა.

7. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ყურადღება ასევე გაამახვილა სასამართლოში ამ კუთხით არსებულ პრაქტიკაზე. მისი აღნიშვნით, საქართველოს პარლამენტი, ხშირ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში არის მოპასუხე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, როდესაც დავის საგანია ნორმატიული აქტის კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით შესაბამისობის დადგენა. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში კანონმდებლობით არ არის დადგენილი წერილობითი შესაგებლის ინსტიტუტი (მით უფრო, სავალდებულო ხასიათის), ზემოხსენებული კომპეტენციის დავებში, საქართველოს პარლამენტი, როგორც მოპასუხე მხარე არ მიმართავს შესაგებლის წარმოდგენის მეთოდს, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარის მიერ დაფიქსირებული ახსნა-განმარტება ისედაც მიიჩნევა მის დასაბუთებულ პოზიციად და ამით საქმის განხილვაში მონაწილე არც ერთი მხარე არ რჩება უფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 272 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ აუცილებელია დამატებით მოწმეთა და სპეციალისტთა გამოძახება, ექსპერტიზის ჩატარება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, საქმის განხილვის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებების თავიდან აცილება. იმავდროულად, სასამართლოს რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის ან/და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას ამ პირთა დაუსწრებლად სხდომის ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე და ადგილზე თათბირით წყვეტს საკითხს სხდომის გადადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადება აგრეთვე დასაშვებია მაშინ, როდესაც საქმის განხილვა მიმდინარეობს დისტანციური ფორმით. კერძოდ, სასამართლოს რეგლამენტის 202 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის სრულფასოვანი გამოკვლევა მოითხოვს მის ფიზიკურ დათვალიერებას/ადგილზე შესწავლას, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას დისტანციური სხდომის გადადების თაობაზე.

2. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე იშუამდგომლა №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ მის მარწმუნებელ პოლიტიკურ პარტიას სურს, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი, რომლის ვალდებულებასაც მას აკისრებს სასამართლოს რეგლამენტი და ასეთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიიჩნევს, რომ მის მიმართ ირღვევა საპროცესო უფლებები. შედეგად, მოპასუხე მხარეს ეზღუდება საქმის განხილვაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ცალსახად უჩენს უსამართლობის განცდას.

3. წინამდებარე შუამდგომლობის გადაწყვეტის მიზნით, ხაზგასასმელია, რომ შუამდგომლობის ავტორი სხდომის გადადებას ითხოვს არა დამატებით მოწმეთა და სპეციალისტთა გამოძახების, ექსპერტიზის ჩატარების, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის ან საქმის განხილვის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებების თავიდან აცილების მოთხოვნით, არამედ წერილობითი შესაგებლის წარმოდგენის სურვილით. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ ვითარებაში, უპირობოდ აუცილებელია, შუამდგომლობა იყოს დასაბუთებული და მის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსთვის ქმნიდეს არგუმენტაციის ობიექტურ, სამართლიან და მკაფიო მოცემულობას.

4. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითი განხილვის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია, დადგინდეს, თუ რა შინაარსს მოიცავს პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასახელებული სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი და, სხდომის გადადების ზემოაღნიშნული კანონისმიერი საფუძვლების გარდა, არის თუ არა ეს უკანასკნელი თვითკმარი საფუძველი შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

5. უპირველესად, მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს მოპასუხე მხარის ვალდებულებას, არსებითი განხილვის სხდომის გამართვამდე, წარმოადგინოს წერილობითი პოზიცია/შესაგებელი. სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლი კი, რომელზეც აპელირებს შუამდგომლობის დამყენებელი მხარე, აწესრიგებს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების მოპასუხისათვის გაგზავნის შემთხვევებს. უფრო კონკრეტულად, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნის შემდეგ კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება, საქმის მასალებთან ერთად, ელექტრონული ფორმით ეგზავნება მოპასუხე მხარეს“, ხოლო მე-2 პუნქტი მიემართება იმ ვითარებას, როდესაც მოპასუხე მხარე მიიღებს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს. კერძოდ, ასეთ დროს „მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. მომხსენებელი მოსამართლე უფლებამოსილია, მოპასუხე მხარეს განუსაზღვროს შესაგებლის წარმოდგენის სხვა ვადა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება მოსარჩელე მხარეს“. საკონსტიტუციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმების ერთობლიობაში წაკითხვის შედეგად, ასკვნის, რომ სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოპასუხე მხარის ვალდებულება წერილობითი შესაგებლის წარმოდგენის თაობაზე მიემართება არა, ზოგადად, შესაგებლის მექანიზმით სარგებლობას, არამედ ერთთვიან ვადას. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ამგვარი ვალდებულება გათვალისწინებული არ არის, მით უფრო მხოლოდ სასამართლოს რეგლამენტის საფუძველზე, საკუთრივ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დააკისრებდა მოპასუხე მხარეს ასეთ მძიმე ტვირთს, რომ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში მოპასუხე მხარეს შესაგებელი უპირობოდ წარმოედგინა წერილობით. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში კანონმდებელი დუმს მოპასუხისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეტწილად შეუძლებლად მიაჩნია მის პრაქტიკაში არსებულ სარჩელებთან დაკავშირებით, საქმეთა სირთულის გათვალისწინებით, მხარეს გააჩნდეს წერილობითი შესაგებლის წარმოდგენის a priori ვალდებულება. შესაბამისად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლის დისპოზიციის ამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ვალდებულება მიემართება მხოლოდ და მხოლოდ ერთთვიან ვადას და არა, ზოგადად, წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის მექანიზმს.

6. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ზემოხსენებული განმარტება არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, თითქოს, სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული ეს კონკრეტული ნორმა, რომელიც ერთთვიან ვადას უდგენს მხარეს მოსაზრებების წარმოდგენისთვის, უმოქმედოა და არ შეიძლება მისი პრაქტიკაში გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას. სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით, უნდა ითქვას, რომ სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლი მიემართება ისეთ შემთხვევას, როდესაც საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საკუთრივ მოპასუხე მხარე გადაწყვეტს სასამართლოში წერილობითი შესაგებლის წარდგენას, იგი უნდა წარმოადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ ასეთი წერილობითი მოსაზრებაა საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოთხოვნილი, მომხსენებელი მოსამართლე უფლებამოსილია მოპასუხე მხარეს განუსაზღვროს შესაგებლის წარმოდგენის განსხვავებული ვადაც. საბოლოოდ კი, თუ მხარე მაინც არ გადაწყვეტს ასეთი ფორმით შესაგებლის წარმოდგენას, მისი წარმოუდგენლობა ვერ შეაფერხებს საქმის განხილვას.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პრაქტიკაში არსებულ გარემოებებს. კერძოდ, საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ წარდგინებათა არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, თუ საქმე ეხება სამართლებრივად კომპლექსურ საკითხებს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის [საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ წარდგინებას არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორისა და იმ ორგანოს დაუსწრებლად, რომლის აქტიც გახდა დავის საგანი] თანახმად, წერილობით მიმართავს ხოლმე საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციურ წარდგინებაში გამოკვეთილ რიგ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი პოზიციის გამორკვევის თაობაზე. თუმცა როგორც შუამდგომლობის შესახებ პოზიციის დაფიქსირებისას საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, ასეთ შემთხვევაშიც კი, შესაბამისი კანონმდებლობით ვალდებულების არარსებობის გამო, ისინი თავს იკავებენ წერილობითი პოზიციების წარმოდგენისგან, რაც მათ უფლებას და არა ვალდებულებას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს იმის თქმა სურს, რომ აშკარაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, მოპასუხე მხარის მიერ წერილობითი შესაგებლის წარმოდგენის ვალდებულება არ არის დადგენილი ორგანული კანონით თუ სასამართლოს რეგლამენტით. სხვა საკითხია, როგორი წესი შეიძლება იქნეს სამომავლოდ კანონმდებლის მხრიდან შემუშავებული, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სრულყოფილი დაცვისა და კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მხედველობაში იღებს მოქმედ სამართლებრივ წესრიგს და სისტემურად განმარტავს არსებულ სამართლებრივ გარემოებებს.

8. იმავდროულად, მიზანშეწონილია, განიმარტოს, რომ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა მხარის მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია მათი პოზიციის სრულყოფილად შემუშავების, დაცვის სტრატეგიის სწორად განსაზღვრისა და სასამართლოს წინაშე გამართული და დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტაციით წარმოდგენისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული უნდა ეყრდნობოდეს ობიექტურ და დასაბუთებულ სამართლებრივ გარემოებებს, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ მხარე ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ინსტიტუტებს საქმის გაჭიანურებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში სრულყოფილი მონაწილეობის თავიდან არიდების მიზნით. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მის მიერ 2026 წლის 13 ოქტომბერს №3/4/1979 საოქმო ჩანაწერის მიღების შემდეგ, ამ მოტივით, თუნდაც არსებითი განხილვის სხდომის გახსნამდე ნებისმიერ დროს, მხარეს შეეძლო მოემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სხდომის გადადების თაობაზე, თუმცა მას ასეთი მოთხოვნა სასამართლოს პლენუმის წინაშე წერილობით არ დაუყენებია. აღსანიშნავია, რომ მხარემ ისარგებლა, ზოგადად, შუამდგომლობის წარმოდგენის უფლებით და მოითხოვა მის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმის გამოყოფა და ცალკე საქმედ განხილვა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არსებითი განხილვის სხდომამდე წარმოდგენილ ზემოხსენებულ შუამდგომლობაშიც კი არ უხსენებია საქმის განხილვის გადადების საკითხი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა მისი კომპეტენციის ფარგლებში, იმსჯელა და გადაწყვიტა მხოლოდ ის საკითხი, რაც იმ კონკრეტული შუამდგომლობით იყო წამოჭრილი. დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამოიკვლევდა სიღრმისეულად, შეეძლო თუ არა მოპასუხე მხარეს, ეგულისხმა აღნიშნული მოტივით სხდომის გადადების მოთხოვნაც. ამდენად, თუკი შუამდგომლობის ავტორს ობიექტურად სურდა წერილობითი შუამდგომლობის წარმოდგენა და ამ მიზნით სხდომის გადადება, მას შეეძლო ზემოხსენებული საკითხის გადაწყვეტა მოეთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის არსებითი განხილვის სხდომამდე წერილობითი ფორმით. თუმცა უდავოა, რომ ასეთი მოთხოვნა არსებითი განხილვის სხდომამდე შუამდგომლობის ავტორს სხვა შუამდგომლობისგან დამოუკიდებლად არ დაუყენებია.

9. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების თავისებურებებზე. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ არც ერთი მხარე არ არის შეზღუდული სასამართლოს წარმოუდგინოს საკუთარი მოსაზრებები იმ ფორმით და ფარგლებში, როგორც ამას თავად მხარე გადაწყვეტს საკუთარი პოზიციისა და დაცვის ტაქტიკის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლო გულისხმობს იმას, რომ საქმისწარმოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, მხარეს შეუზღუდავად შეუძლია მის მიერ ახსნა-განმარტებისას ზეპირსიტყვიერად დაფიქსირებული პოზიცია ასევე წერილობით დაურთოს საქმეს. იმავდროულად, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, მაშინაც კი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა გადის სათათბირო ოთახში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მხარეს უფლება აქვს სათანადო დამატებები და მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტებიც კი წერილობით წარმოუდგინოს სასამართლოს, რაც შემდგომში შეფასებული და გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც საქმე გამოკვლეულ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე (იგივე პრაქტიკა არსებობს საქმის განმწესრიგებელი განხილვის ეტაპზეც). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის აპელირება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საფრთხის ქვეშ დგება მისი რომელიმე პროცესუალური უფლება. პირიქით, მხარე თავისუფალია პოზიციების დაფიქსირებასა და ახსნა-განმარტების ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენაში; მხარე აგრეთვე შეუზღუდავად მონაწილეობს საქმეში მტკიცებულებების გამოკვლევასა და საქმის განხილვის მონაწილეთა მიმართ კითხვების დასმის პროცესში.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მხარეს აქვს საპროცესო უფლებებით ობიექტურად და ეფექტიანად სარგებლობის სრული შესაძლებლობა, რის გამოც არ არსებობს №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომის გადადების შესახებ მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გოგა კიკილაშვილი

სერგო მეთოფიშვილი

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ