უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/700 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 დეკემბერი 2016 15:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: უცხო ქვეყნის საწარმო„შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №700) მომართეს უცხო ქვეყნის საწარმომ „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „შპს კასტელ ჯორჯიამ“ და სს „წყალი მარგებელმა“. №700 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2015 წლის 14 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 დეკემბერს.
2. №700 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 25-ე მუხლი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლი ადგენს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები, შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის უფლებამოსილებას მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაზე. აღნიშნული მუხლი ასევე ადგენს, რომ ნომინალის ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლი ადგენს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელების წესს, დროს, დაქვემდებარებული სასმელების სახეობას, მარკირებისგან გათავისუფლებული საქონლის სახეობას.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
6. მოსარჩელეები მიუთითებენ კანონპროექტის, რომლის მიღების შედეგადაც სადავო ნორმა იქნა შემოღებული, განმარტებით ბარათში გაწერილ მიზანზე. კერძოდ, განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტის მიზანია აქციზური მარკის ნიშანდებით მოხდეს აქციზური და არააქციზური საქონლის ფალსიფიკაციისგან დაცვა, გამარტივდეს და გაუმჯობესდეს ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვით გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა (კონტროლი) და უშუალოდ ნიშანდების პროცესი“. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ, ზოგადად, აღნიშნული მიზანი ლეგიტიმურია და შეიძლება გახდეს კიდეც საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი, თუმცა არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება საერთოდ არ არის დაკავშირებული იმ ლეგიტიმურ საჯარო მიზანთან, რომლის მიღწევასაც ის ფორმალურად ისახავს. მეტიც, ამგვარი მოწესრიგება მიზნის მიღწევის გამოუსადეგარი საშუალებაა და წარმოადგენს კორუფციის წყაროს.
7. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. „მარკირების მომსახურების საფასური“, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ გადაიხდევინება მეწარმე სუბიექტების მიერ, არის ძალიან მაღალი. ცალკეულ კომპანიაზე (მათ შორის თითოეულ მოსარჩელეზე) საფასური წლიურად მილიონ ლარამდე აღწევს, ხოლო ლარის გაუფასურების გათვალისწინებით უფრო მეტიც გამოდის, რადგანაც ბრძანება არააქციზური საქონლის მარკირების ნომინალურ ღირებულებას განსაზღვრავს უცხოურ ვალუტაში - ევროში. ამ ყველაფერთან ერთად, აღნიშნული საფასური გადაიხდევინება არა ბიუჯეტის, არამედ იმ კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც შეირჩა სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, მათი საწარმოები ისედაც ახდენენ გამოშვებული პროდუქციის მარკირებას ბოთლზე გამოშვების თარიღისა და პროდუქციის ნომრის დატანის მეშვეობით. „მარკირების მომსახურების საფასური“ მოსარჩელეთა გამოთვლით, დაახლოებით, 45-ჯერ აღემატება მათ მიერ გაწეული მარკირების ხარჯს.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული მექანიზმის მთავარი პრობლემა ისაა, რომ სათანადოდ არ არის შეფასებული ტექნიკური შეფერხებების მაღალი რისკი, კერძოდ, ხაზზე დამაგრებული ელექტრონული მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლა ან არასწორი მარკირება (პროდუქტის გამოტოვება, აცილება), რაც დაბალი წარმადობის ხაზებზეც ხშირად ხდება და, მით უმეტეს, დიდია მისი რისკი მაღალი წარმადობის ხაზებზე. გაუმართაობის აღმოფხვრის უფლება, საშუალება და ექსკლუზიური წვდომა მარკირების დალუქულ აპარატთან კი მხოლოდ მარკირებისთვის შერჩეულ პირსა და მის წარმომადგენელს აქვთ. მოსარჩელეთა აღნიშვნით, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, როდესაც გაუმართაობა აღმოიფხვრება ერთი საათის განმავლობაში, საწარმოს სოლიდური ზიანი ადგება.
10. მოსარჩელეთა განმარტებით, ასევე გაუთვალისწინებელია „დაუმარკავი პროდუქციის“ გამო სანქციების წარმოშობის რისკი, რადგან მეწარმეს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გააკონტროლოს, სწორად მოხდა თუ არა პროდუქციის მარკირება. თუკი მარკირების აპარატის ის კომპონენტი, რომელიც აფიქსირებს მარკირების სისწორეს, მწყობრიდან გამოვიდა, მეწარმეს ამგვარი ხარვეზის შეტყობის საშუალება არ აქვს, რადგან არ გააჩნია წვდომა მარკირების სისტემასთან. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ამგვარი გაუმართაობის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მეწარმეს კი მკაცრი სანქციები დაეკისრება ქმედებისთვის, რომელიც მისგან დამოუკიდებლად ხდება და მისი პრევენციის საშუალება არ აქვს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, ასევე 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. მოსარჩელეთა მტკიცებით, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ექვემდებარებიან უფრო მკაცრ რეგულაციას, უფრო მეტ სამომხმარებლო ტვირთს, ვიდრე, მაგალითად, საკვები პროდუქტების ან ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლები. მოსარჩელეთათვის გაუგებარია, რა საჭიროა ისინი დაექვემდებარონ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ მარკირებას, თუკი სხვა სამეწარმეო სფეროების შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრირება მარკირების გარეშეც შესაძლებელია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარად წარმოების პროცესში მეტი ფინანსური ვალდებულების დაკისრებით უსაფუძვლოდ იზღუდება მათი სამეწარმეო თავისუფლება. ამასთან, თანასწორობა ამ შემთხვევაში მეწარმეობის თავისუფლების კომპონენტია და საკითხის შეფასება მის ფარგლებში უნდა მოხდეს.
13. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ახდენს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ პირებს - არაალკოჰოლური სასმელების და სხვა სახის პროდუქციის მწარმოებლებს შორის. მათი თანასწორობა კი გამოიხატება იმაში, რომ ისინი არიან მოგებაზე ორიენტირებული საწარმოები, ამასთანავე, მათი საწარმოო საქმიანობის ფორმა (მაგალითად, პროდუქციის გამოშვება, შესაბამისი დანადგარები, ხაზები) მსგავსია. დისკრიმინაცია ხდება მეწარმეობის სფეროს ნიშნით, რომელიც არ წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს, თუმცა დიფერენცირების ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლომ უფლებაში ჩარევის შეფასებისას უნდა გამოიყენოს მკაცრი ტესტი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლი ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. მათი აღნიშვნით, თუკი სასამართლო შეაჩერებს სადავო აქტების მოქმედებას, გადასახადების ადმინისტრირება განხორციელდება 2015 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი წესის მიხედვით. შესაბამისად, სახელმწიფო ამ შემთხვევაში მაინც შეძლებს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მიღწევას უფრო ნაკლებ შემზღუდველი ღონისძიების მეშვეობით. გარდა ამისა, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელეები ვერ შეძლებენ, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, რადგან არ იარსებებს „მართლწინააღმდეგობა“, რაც ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელი ელემენტია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. N700 კონსტიტუციურ სარჩელში ერთ-ერთ მოსარჩელედ მითითებულია შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, ხოლო მის საიდენტიფიკაციო ნომრად - „204870844“. საქმეზე თანდართული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად „204870844“ არის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის„აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის“ საიდენტიფიკაციო ნომერი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღოს, მოსარჩელე აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი“, შესაბამისად, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი არის უფლებამოსილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2. საქართველოში ფილიალის არსებობა, რა თქმა უნდა, არ აბრკოლებს უცხო ქვეყნის საწარმოს (ამ შემთხვევაში შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“) შესაძლებლობას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა ამისათვის საჭიროა კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი იყოს იმ პირის მიერ რომელსაც გააჩნიათ „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ სახელით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილება. N700 კონსტიტუციურ სარჩელზე წარმომადგენლის დანიშნვის შესახებ მინდობილობა გაცემულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალ„აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის“ დირექტორის, ზაზა კიკვაძის მიერ. საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი რომელიც დაადასტურებდა, რომ ზაზა კიკვაძე უფლებამოსილია უცხო ქვეყნის საწარმოს „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ სახელით განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის წარადგინოს კონსტიტუციური სარჩელი ან გასცეს მინდობილობა კონსტიტუციური სარჩელის წარსადგენად. აღნიშნულიდან გამომდინარე N700 კონსტიტუციური სარჩელი მოსარჩელე, უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“, ნაწილში არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, იგი არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.
3. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იმის და მიუხედავად N700 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელედ მიჩნეული იქნება უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი„აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“, თუ უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ხსენებული მოსარჩელის ნაწილში სახეზეა N700 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძველი.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, რადგან სავალდებულო მარკირების წესი ეხება მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების (მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლების) მწარმოებლებს, რაც ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეებს გაცილებით მძიმე საგადასახადო ტვირთს აკისრებს სხვა მეწარმეებთან შედარებით.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. თუმცა „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება, II-2).
7. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. მოსარჩელე დიფერენცირების დასასაბუთებლად მიუთითებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს ეკისრებათ მეტი ფინანსური ტვირთი, ვიდრე, მაგალითად, საკვები პროდუქტების ან ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლებს, თუმცა სარჩელში იდენტიფიცირებული არ არის, რატომ წარმოადგენს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და საკვების მწარმოებელი საწარმოები შედარებად სუბიექტებს სადავო ნორმით გათვალისწინებული სავალდებულო მარკირების მიზნებისათვის. ზოგადად, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელ საწარმოთა მიმართ განსხვავებული რეგულირების და ზოგჯერ შესაბამისად სხვადასხვა გადასახდელის დადგენა, თავისთავად, ვერ გამოდგება კონსტიტუციის მე-14 მუხლის შეზღუდვის დასასაბუთებლად. მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი საწარმო, რომელიც მას მხოლოდ იმიტომ მიაჩნია თავის თანასწორ სუბიექტად, რომ ყველა საწარმო ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, მისი არსებითად თანასწორი სუბიექტია ამ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, რაც №700 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეებს არ დაუსაბუთებიათ.
8. ამგვარად, №700 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №700 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
11. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სარჩელში არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მისი უფლება შეუქცევადად ირღვევა და უფლებებში აღდგენა ვერ მოხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. იგი უბრალოდ მიუთითებს, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელეები ვერ შეძლებენ, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ხსენებული ზიანი გამოუსწორებელი და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შეთხვევაში რატომ ვერ მოხდება მისი უფლების დაცვა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციურ სარჩელში ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელისათვის უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №700 კონსტიტუციური სარჩელი ( „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №700 კონსტიტუციური სარჩელი მოსარჩელის, უცხო ქვეყნის საწარმოს „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №700 კონსტიტუციური სარჩელი ( „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი