„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/5/700 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 26 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 ივლისი 2018 20:43 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ ქილიფთარი და ვახტანგ ლაღიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, თინათინ ერქვანია, გიორგი ჩიფჩიური და გიორგი თორდია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები - ალექსანდრე რუსია და დავით მოლოდინი; მოწმე - „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ ოპერირებისა და კლიენტებთან მომსახურების მენეჯერი ნიკოლოზ ედილაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №700) მომართეს უცხო ქვეყნის საწარმო„შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიმ“, „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „შპს კასტელ ჯორჯიამ“ და „სს წყალი მარგებელმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2015 წლის 14 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის №2/9/700 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, „შპს კასტელ ჯორჯიას“ და „სს წყალი მარგებლის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში. №700 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომები გაიმართა 2017 წლის 13 მარტსა და 11 მაისს.
2. №700 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 25-ე მუხლი.
3. №700 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არსებითი განხილვის სხდომაზე კი მოსარჩელემ დაზუსტებულ დავის საგნად დაასახელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლი აწესრიგებს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების საკითხს. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხას და მარკირების პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო მარკირების მომსახურებას მატერიალური და არამატერიალური ფორმით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულებას, ნომინალის ღირებულება და გადახდის წესი კი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
5. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელების ფორმებსა და მარკირების მომსახურების განმახორციელებელ სუბიექტს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები, ხოლო სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებულ არაალკოჰოლური სასმელების ნუსხა და სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი არააქციზური საქონლის მარკირების ვალდებულებას აკისრებს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს. ხსენებული მუხლის მე-8 პუნქტი კი აწესრიგებს შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული მარკირების დანადგარის დაზიანების შემთხვევას და ადგენს, რომ დანადგარის დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, თუ შეუძლებელია საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირება, მწარმოებელსა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, დანადგარის შეკეთებამდე მარკირება შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები ადგენს არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირების ვალდებულებას. მათი არგუმენტაციით, მარკირების განხორციელება დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ტვირთთან და პროდუქციის წარმოებისას ქმნის მნიშვნელოვან ტექნიკურ და სამართლებრივ პრობლემებს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებენ, რომ ისინი არიან არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები/იმპორტიორები და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ზღუდავს მათი საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს.
8. №700 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს მათ ფორმალურ შეუსაბამობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებთან. მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი ბუნდოვანია და არ იკვეთება საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები. კერძოდ, მინისტრს, სადავო ნორმებით მინიჭებული ფართო დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, შეუძლია სავალდებულო მარკირებას დაუქვემდებაროს არა მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელები, არამედ ნებისმიერი სხვა არააქციზური პროდუქტი. მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, გარდა იმისა, რომ დასახელებული ნორმა განუჭვრეტელი შინაარსისაა, ამგვარი რეგულაცია, ამასთანავე, არღვევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურ ფარგლებს.
9. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს ასევე ვერ პასუხობს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების 781 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ფინანსთა მინისტრს ანიჭებს შესაძლებლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხა. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით შეუსაბამოა ძირითადი კანონის მოთხოვნებთან. ამასთან, მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხის განსაზღვრა ამგვარი აქტით, წინააღმდეგობაში მოდის კანონიერებისა და კანონის ხელმისაწვდომობის პრინციპებთან, რამდენადაც სამართლის სუბიექტისთვის შესაძლოა უცნობი იყოს საკუთრების უფლების შემზღუდავი აქტის მოთხოვნები.
10. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს გადასახადების ეფექტური ადმინისტრირების ხელშეწყობა, რაც ზოგადად შესაძლებელია წარმოადგენდეს იდენტიფიცირებული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს. მიუხედავად ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების იმპლემენტირებული მოდელი წარმოადგენს დასახელებული მიზნის მიღწევის გამოუსადეგარ საშუალებას და იმავე მიზნის მიღწევა უფლების ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი.
11. სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვასა და ლეგიტიმურ მიზნებს შორის რაციონალური კავშირის არარსებობის დასადასტურებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 თებერვლის №5000975816 დასკვნას. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, მოსარჩელეთა წარმომადგენელი განმარტავს, რომ მარკირების აპარატები ტექნიკურად გაუმართავად ფუნქციონირებს, არასწორად აღრიცხავს წარმოებულ პროდუქციას და ხშირია შემთხვევები, როდესაც აპარატების გაუმართავი ფუნქციონირების მიზეზით, ბაზარზე ხვდება დაუმარკავი პროდუქცია.
12. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მექანიზმის მთავარ პრობლემას არასათანადოდ შეფასებული ტექნიკური შეფერხებების მაღალი რისკი წარმოადგენს. კერძოდ, ხაზზე დამაგრებული ელექტრონული მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ან არასწორი მარკირების (პროდუქტის გამოტოვების, აცილების) რისკი დიდია როგორც დაბალი, ისე მაღალი წარმადობის ხაზებზე. ექსკლუზიური წვდომა მარკირების დალუქულ აპარატთან, ისევე როგორც გაუმართაობის აღმოფხვრის შესაძლებლობა, მხოლოდ მარკირებისთვის შერჩეულ პირსა და მის წარმომადგენელს აქვთ. მსგავს პირობებში, გაუმართაობის მცირე დროში (მაგალითად, ერთი საათის პერიოდში) აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი, საწარმოს შეიძლება მიადგეს სოლიდური ზიანი. გარდა ამისა, მარკირების დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მეწარმეს არ გააჩნია ხარვეზის აღმოჩენის ან რაიმე სახის პრევენციული ღონისძიების გატარების შესაძლებლობა, ხოლო დაუმარკავი საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში სანქცია სწორედ მას ეკისრება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტორიც, რომ მარკირების დანადგარის გაუმართაობის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მეწარმეს კი მკაცრი სანქციები ეკისრება ისეთი ქმედებისთვის (დაუმარკავი პროდუქციის რეალიზებისთვის), რომელიც მისგან დამოუკიდებლად ხდება.
13. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები განმარტავენ, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიიღწევა შესაძლებელია უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენებით. კერძოდ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ხაზები თავადვე აღრიცხავენ წარმოებულ პროდუქციას და ფინანსთა სამინისტროს შეუძლია საწარმოო აპარატის მიერ გენერირებული მონაცემების გამოყენება. იმავდროულად, მოსარჩელეები უთითებენ, რომ შესაძლებელია საწარმოო ხაზებზე ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელება და ეს ორი მექანიზმი, სხვა უკვე არსებული კონტროლის ღონისძიებებთან ერთად, სრულად უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
14. მოსარჩელეთა განმარტებით, მარკირების ნომინალური ღირებულება, რომლის გადახდა მომავალში მათ მოუწევთ, არის ძალიან მაღალი და იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, მარკირების ნომინალური ღირებულება უცხოურ ვალუტაში, ევროში განისაზღვრება, წლიურმა საფასურმა ცალკეულ კომპანიაზე (მათ შორის თითოეულ მოსარჩელეზე) შეიძლება მილიონამდე ლარს მიაღწიოს. ამასთან, აღნიშნული საფასურის გადახდა ხდება არა ბიუჯეტის, არამედ იმ კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად შეირჩა.
15. მოსარჩელე მხარის განცხადებით, მათი საწარმოები ისედაც ახდენენ გამოშვებული პროდუქციის მარკირებას, ბოთლზე გამოშვების თარიღისა და პროდუქციის ნომრის დატანის მეშვეობით. მარკირების მომსახურების საფასური, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის გამოთვლით, დაახლოებით, 45-ჯერ აღემატება მათ მიერ გაწეული მარკირების ხარჯს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, ისინი სადავოდ ხდიან არა კონკრეტული ტარიფის მოცულობას, არამედ თავად იმ ვალდებულების დაწესების კონსტიტუციურობას, რომელიც ადმინისტრირების პროცესში მხარეს გარკვეული თანხის გადახდას აკისრებს.
16. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, ასევე 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
17. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, სადავოდ გამხდარი ნორმები შემხებლობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მეწარმე სუბიექტებს მოუწევთ განსაზღვრული თანხის გაღება მარკირების პროცედურის განსახორციელებლად.
18. მოპასუხეთა განმარტებით, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. მათი აზრით, მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და იგი არა მხოლოდ უფლებამოსილია, მიიღოს გარკვეული სიკეთეები, არამედ ვალდებულიცაა, თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისთვის გამოიყენოს. ამასთანავე, გასაჩივრებული დებულებებით დაცულია გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
19. მოპასუხეთა განმარტებით, მარკირების ნიშანდების პროცედურა ემსახურება სავაჭრო ბრუნვის ზუსტ აღრიცხვას, ჯეროვან საგადასახადო ადმინისტრირებას, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის ფალსიფიკაციის პრევენციასა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის ფაქტის თავიდან აცილებას. ნიშანდება შესაძლებლობას იძლევა, დადგინდეს კონკრეტული პროდუქციის სახეობა, მწარმოებელი, წარმოების დრო წუთისა და წამის სიზუსტით, ვარგისიანობის ვადა და ა.შ. ცვლილებების ამოქმედებამდე კი განსახილველ სფეროში არ არსებობდა რეალური კონტროლის მექანიზმი. მოპასუხე მხარის პოზიციით, მოსარჩელეთა განცხადება, რომ ისინი მანამდეც ახდენდნენ გამოშვებული პროდუქციის მარკირებას, შინაარსობრივად ვერ გაუტოლდება გასაჩივრებული ნორმებით დადგენილ მექანიზმს და ვერ უზრუნველყოფს სადავო დებულებით დადგენილი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
20. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სავალდებულო მარკირების მექანიზმი წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. მათი განმარტებით, მარკირების კრიტერიუმების განსაზღვრა ფინანსთა მინისტრის დისკრეციაა, რაც არ გულისხმობს მისი არსებობის a priori მუდმივობას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და საჭიროებიდან გამომდინარე, იძლევა ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინების შესაძლებლობას.
21. მოპასუხეთა პოზიციით, უფლებაში ჩარევის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის გასაჩივრებული ნორმა, უკვე შემდგომი მოწესრიგება კი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ხდება. რაც შეეხება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებულ არაალკოჰოლური სასმელების ნუსხასა და თითოეული სასმელის სახეობაზე აღნიშნული ღონისძიების დაწყების თარიღს, იგი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამგვარი სამართლებრივი აქტით მინისტრი ვერ განსაზღვრავს სავალდებულო მარკირების სფეროს, რამდენადაც ეს არ წარმოადგენს მის კომპეტენციას. შესაბამისად, სადავო ნორმებში გამოყოფილია როგორც დელეგირების სუბიექტი, ასევე განსაზღვრულია დელეგირებული უფლებამოსილების შინაარსი და ფარგლები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
22. მოპასუხეთა განმარტებით, მოქმედი რეგულაციის თანახმად, სავალდებულო მარკირების მექანიზმი არ აკისრებს საწარმოებს რაიმე კონკრეტული გადასახადისა თუ საფასურის გადახდის ვალდებულებას და შესაბამის ღირებულებას იხდის სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახური. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა თქმით, მარკირების ნომინალური ღირებულება არ წარმოადგენს გადასახადს და იგი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულების ანაზღაურებით, ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მექანიზმის შექმნას ემსახურება.
23. მოპასუხე მხარის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სადავო რეგულაციის ქვეშ არაალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები თანაბრად ექცევა. ამასთან, ერთი სფეროსთვის დამახასიათებელი რეგულაციების შემოღება მაშინ, როცა სხვა სფეროში ანალოგიური რეგულაცია არ არსებობს, ავტომატურად არ ნიშნავს კონკურენციის შეზღუდვას.
24. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელეთა განცხადებას დანერგილი სისტემით კორუფციის რისკების წარმოშობის შესახებ. მათი თქმით, კონკურსში გამარჯვებული კომპანიის საქმიანობა სარგებლიანია სახელმწიფოსთვის ეკონომიკური კუთხით, რამდენადაც გამარჯვებული ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობა დარეგისტრირებულია საქართველოში და, შესაბამისად, იხდის გადასახადებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ არააქციზური საქონლის მარკირების მექანიზმის ამოქმედებიდან 1 წლის შემდგომ, არაალკოჰოლური სასმელების ბაზრის მოცულობა, დაახლოებით, 100 მილიონი ბოთლით გაიზარდა (2015 წლის მონაცემებით აღრიცხული იყოს 500 მილიონი ბოთლი, 2016 წლის მონაცემებით კი 600 მილიონი), რაც ადასტურებს, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების მექანიზმი წარმატებით დაინერგა.
25. მოპასუხეთა აზრით, მოსარჩელეთა მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მექანიზმი ტექნიკური ხასიათის არაერთ რისკს შეიცავს. პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მსხვილი საწარმოებისთვის, რომელთაც ავტომატიზებული ხაზები გააჩნიათ, რადგან მხოლოდ ამგვარ ხაზებს უყენიათ მრიცხველები. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის დანერგვა სხვა მეწარმეებისათვის დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის ყველა გადამხდელს სახელმწიფო ერთიანი სტანდარტით უნდა ეპყრობოდეს, სხვადასხვა აპარატურის დამონტაჟების უფლების მინიჭებით, მეწარმეთა გარკვეული ნაწილი გადასახადის დაკისრების თვალსაზრისით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები სრულად აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის წინაპირობებს და დადგენილი შეზღუდვა არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებულ ძირითად უფლებებს.
27. №700 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ ოპერირებისა და კლიენტებთან მომსახურების მენეჯერმა ნიკოლოზ ედილაშვილმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის საქართველოში მოღვაწეობაზე და სადავო ნორმებით განსაზღვრული მექანიზმის მუშაობის ტექნიკურ მახასიათებლებზე. მოწმის განმარტებით, მწარმოებელს ეკისრება მხოლოდ პროდუქციაზე მარკირების დატანის ვალდებულება და არა „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ აპარატის დადგმა. „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიასთვის“ დაკისრებულ ვალდებულებას კი წარმოადგენს მაღალი წარმოების მქონე საწარმოებისთვის შესაბამისი მომსახურების (მარკირება) სწრაფი მიწოდება, რათა, რაც შეიძლება ნაკლებად შეიზღუდოს წარმოების პროცესი.
28. მოწმის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, აპარატურა შექმნილია იმ ფორმით, რომ არ იყოს არავითარი ჩარევა საწარმოო ხაზზე. მისი თქმით, დღეის მონაცემებით, „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ აპარატურა დამონტაჟებულია საქართველოს 12 საწარმოში და ხსენებული ორგანიზაციის ტექნიკური პერსონალი ყველა მათგანს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს, მათ შორის რამდენიმე საწარმოში ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი. მოწმის განმარტებით, პროდუქციის წარმოების პროცესში შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მათი კომპანიის აპარატურის, ასევე სხვა გარეშე ფაქტორის გამო. ნებისმიერი შექმნილი პრობლემა კი რეგისტრირდება „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ ინჟინერის მიერ სპეციალურ სისტემაში და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურსაც.
29. მოწმის პოზიციით, მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მექანიზმი ვერ დააკმაყოფილებს იმგვარი დაცულობის სტანდარტს, რომელიც „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ აქვს, რამდენადაც იგი მარკირების პროცესში იყენებს უნიკალურ საშუალებებს, რომელთაც მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავთ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან (მეწარმეობის თავისუფლება) მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას სხვადასხვა შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით ცალ–ცალკე შეაფასებს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტის კონსტიტუციურ მნიშვნელობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
სადავო ნორმების შინაარსი/უფლების შეზღუდვა
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები“. აღნიშნული დანაწესით, კანონმდებელმა შექმნა არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ინსტიტუტი და საქართველოს ფინანსთა მინისტრს მიანიჭა უფლებამოსილება, განსაზღვროს, თუ რომელი საქონელი და რა პირობებით დაექვემდებარება მარკირებას. სავალდებულო მარკირების პირობები დადგინდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 781 მუხლით, რომლითაც განისაზღვრა, რომ მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები. მარკირების ვალდებულება ეკისრება მათ მწარმოებელს/იმპორტიორს და მარკირება უნდა განხორციელდეს საქონლის რეალიზაციამდე ან იმპორტამდე.
5. ამავე დროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მარკირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი. ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სავალდებულო მარკირებისას გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება. ამდენად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩლეებს სავალდებულო მარკირებასთან ერთად, წარმოეშობათ გარკვეული ფინანსური რესურსის გაღების ვალდებულებაც. სარჩელის შემოტანის, ისევე როგორც გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი გარდამავალი წესიდან გამომდინარე, ხსენებული ღირებულების გადახდა არ უწევთ მოსარჩელეებს. კერძოდ, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, „2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე“. ხსენებული ნორმით სახელმწიფო კისრულობს მარკირების ნომინალური ღირებულების დროებით გადახდის ვალდებულებას. ამასთანავე, მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სარჩელით მომართვის დროს, მარკირების ნომინალური ღირებულების სახელმწიფოს მიერ გადახდის ვალდებულება თავდაპირველად დადგენილი იყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა გაგრძელდა 2 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდგომ, თუ არ იქნება მიღებული ახალი რეგულირება, ზოგადი წესის საფუძველზე, მარკირების საფასურის გადახდა მოუწევთ მეწარმე სუბიექტებს.
6. აშკარაა, რომ დღეის მდგომარეობით არსებობს სახელმწიფოს ნება, თავად გადაიხადოს მარკირების ღირებულება და შესაძლოა, ხსენებული ნება უსასრულოდაც გაგრძელდეს. თუმცა ეს არ ცვლის სადავო ნორმების შინაარსს და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას. სადავო ნორმები ადგენს მოსარჩელეთა მიერ მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულებას და სწორედ ამ შინაარსით იქნება შეფასებული მათი კონსტიტუციურობა.
7. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები ადგენს მხოლოდ მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულებას და არა მისი განსაზღვრის წესს ან/და კონკრეტულ რიცხვებში გამოხატულ ოდენობას. მარკირების ნომინალური ღირებულების კონკრეტული ოდენობა განსაზღვრულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების 79-ე მუხლით, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არ არის გამხდარი. ამდენად, არსებული დავის ფარგლებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ზოგადი ვალდებულების დადგენის კონსტიტუციურობა. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმის თაობაზე, თუ რამდენად სამართლიანად არის განსაზღვრული მარკირების ღირებულება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების 79-ე მუხლით და რამდენად შემოიფარგლება ხსენებული ნორმით დადგენილი ნომინალის მოცულობა მარკირებისათვის გაწეული რეალური ხარჯების ანაზღაურებით.
8. ამდენად, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, საქონლის მარკირებას განსაზღვრავენ მისი რეალიზების ან/და იმპორტის წინაპირობად, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენენ მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, სადავო ნორმები ქმნიან ბარიერს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სიკეთით სარგებლობაზე, საკუთრების ობიექტის გასხვისებასა და იმპორტზე და, ამავე დროს, მოსარჩელეთათვის გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებს (მარკირების ნომინალური ღირებულება) წარმოშობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა, რომლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებისათვის სასამართლომ უნდა შეაფასოს, ერთი მხრივ, თავად სავალდებულო მარკირების დადგენით ქონების გასხვისებისა და იმპორტის შეზღუდვის, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩლეებისათვის მარკირების საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრების კონსტიტუციურობის საკითხი.
9. „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, თავად კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს უფლების შეზღუდვის ფორმალური და მატერიალური მოთხოვნების დაცვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმების როგორც მატერიალურ, ასევე ფორმალურ შეუსაბამობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებთან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას ორივე თვალსაზრისით შეაფასებს.
სადავო ნორმების ფორმალური შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან
10. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, რიგ შემთხვევებში, მოითხოვენ, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). ამდენად, კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნების დაუცველობა, რეგულირების შინაარსის მიუხედავად, იწვევს ძირითადი უფლების შემზღუდავი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
11. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს საგადახადო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, ფინანსთა მინისტრს გადაეცემა არააქციზური საქონლის ნუსხის და მარკირების პირობების განსაზღვრის განუსაზღვრელი უფლებამოსილება. კერძოდ, კანონი არ ადგენს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების რაიმე სტანდარტებს. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლება სარგებლობს თავისუფალი დისკრეციის ფარგლებით მარკირებასთან დაკავშირებული ყველა წესის განსაზღვრისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების კანონის საფუძველზე შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციით გარკვეული საკითხების კანონით მოწესრიგების მოთხოვნის უმთავრესი მიზანია, განსაზღვროს, რომ ამა თუ იმ საკითხის რეგულირება პარლამენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს და სწორედ საქართველოს პარლამენტია ის ორგანო, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ხსენებულ საკითხზე. კონსტიტუციის მსგავსი დანაწესები ერთგვარად გვევლინება როგორც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის კონკრეტული გამოხატულებები კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმაში. ამ მოთხოვნასთან ყოველთვის თავისთავადი წინააღმდეგობა ვერ ექნება პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას სხვა ორგანოზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის N3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78). აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონით მოსაწესრიგებელ საკითხზე პარლამენტის მიერ უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება თავისთავად არაკონსტიტუციური არ არის.
13. ძირითადი კანონის ეს ლოგიკა მომდინარეობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან და მისი მიზანი კონსტიტუციური უფლებების დაცვის ფორმალური გარანტიების შექმნაა. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ძირითადი ფუნქცია ნორმატიული წესრიგის შექმნაში გამოიხატება. საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანოს მინიჭებული აქვს გარკვეული უფლებამოსილებები, რომელთა დელეგირება დაუშვებელია. მაგალითად, იმპიჩმენტის პროცესის განხორციელება, გარკვეული თანამდებობის პირების არჩევა და ა.შ. ნორმატიული აქტების მიღება არ წარმოადგენს ექსკლუზიურად საქართველოს პარლამენტის მიერ განსახორციელებელ კომპეტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნათა დაცვით, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლებლობა.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ასევე დადგენილია ის პირობები, რომელთა არსებობისას დაუშვებელია უფლებამოსილების დელეგირება. „პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ... ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს. აღნიშნული სახეზე იქნება, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუცია აკეთებს კონკრეტულ მითითებას საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად უთითებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისათვის წარსადგენ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა უნდა განისაზღვროს ორგანული კანონით) ან/და საქართველოს პარლამენტი ახდენს მისი უფლებამოსილების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირებას (მაგალითად, საერთოდ არ იღებს საარჩევნო კოდექს და ა.შ.)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78).
15. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აკეთებს ზოგად მითითებას საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლებისა და წესის კანონით განსაზღვრის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მიზანს არ წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, ტექნიკური საკითხების კანონით მოწესრიგება. საკითხის ბუნებიდან გამომდინარე, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევაში, მისი მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება მოახდინოს.
16. სადავო ნორმებით დადგენილი სავალდებულო მარკირება გადასახადების ადმინისტრირების მექანიზმია. იგი ემსახურება წარმოებული პროდუქციის ეფექტურად აღრიცხვას და მოითხოვს, მათ შორის, რიგი ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას. ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარება წარმოშობს ახალ გამოწვევებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს. მათი ინტეგრირება და დანერგვა მოითხოვს მოქნილ ნორმატიულ მექანიზმს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არა საკითხის პრინციპულ გადაწყვეტაში, არამედ ამა თუ იმ ტექნიკური პროცესის აღწერაში გამოიხატება. საგადასახადო აღრიცხვასთან დაკავშირებული თითოეული ტექნიკური ასპექტის კანონით განსაზღვრის ვალდებულების დადგენა მნიშვნელოვან პრაქტიკულ სირთულეებს წარმოშობდა და გაართულებდა საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს. სწორედ ამიტომ, გონივრულია გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული რიგი საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების მინისტრისათვის დელეგირება.
17. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მარკირების პროცესი იმგვარ საკითხს წარმოდგენს, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და მისი მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოსათვის გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს პარლამენტის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი უფლებამოსილების დელეგირებად. ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს პარლამენტის მიერ შექმნილი ინსტიტუტის პრაქტიკული იმპლემენტაციის წესებს, შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე უფლებამოსილების დელეგირება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს.
18. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს მინისტრის სადავო ბრძანების 781 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად, „სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხა და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“. მოსარჩელის პოზიციით, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწესრიგება იწვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნათა დარღვევას.
19. როგორ უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ კრძალავს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხის განსაზღვრის უფლებამოსილების ფინანსთა მინისტრზე დელეგირებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის ფინანსთა მინისტრის მიერ მოწესრიგება კონსტიტუციის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, უფლების შეზღუდვის დასაშვები მექანიზმების თვალსაზრისით, საერთოდ არ მიჯნავს კანონქვემდებარე აქტის ფორმებს. შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებული ნორმის მიზნებისათვის ირელევანტურია, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი რომელი ფორმით (ინდივიდუალური თუ ნორმატიული აქტი) მოაწესრიგებს ხსენებულ ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საკითხის მოწესრიგება თავისთავად გულისხმობს ნორმატიული წესის მიღებას. შესაბამისად, თუ აქტი მიმართულია ამა თუ იმ საკითხის რეგულირებისაკენ, იგი კონსტიტუციის მიზნებისათვის ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ კანონით დადგენილი რომელი ფორმით მოხდა მისი გამოცემა. ასევე აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს კანონიერი საფუძვლის არსებობისას საკუთრების უფლებაში ჩარევას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფრო მეტიც, საკუთრების უფლების შეზღუდვის რეალური შემთხვევები, როგორც წესი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ საკითხის ინდივიდუალური აქტით მოწესრიგებაზე მითითება არ გამოდგება უფლების შეზღუდვის ფორმალური საფუძვლების დარღვევის გამო სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის არგუმენტად.
20. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ უფლების შემზღუდველი რეგულირების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონის ხელმისაწვდომობის პრინციპს, ვინაიდან იგი არ ქვეყნდება საჯაროდ და სამართლის სუბიექტისთვის შესაძლოა უცნობი იყოს მისი შინაარსი.
21. კანონის ხელმისაწვდომობა და დადგენილი წესით საჯარო გამოქვეყნება პირდაპირ კავშირშია სამართლის ცოდნის ფიქციასთან და სამართლებრივი სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ ძირითადი უფლების შემზღუდავი ნორმები ხელმისაწვდომი იყოს ადრესატისათვის, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს საკუთარი ქმედებების სამართლის ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
22. განსახილველ შემთხვევაში, უფლების შემზღუდველი აქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. კერძოდ, მოსარჩელეები წარმოადგენენ არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელ სუბიექტებს. ხოლო ამგვარი პროდუქციის მარკირების ვალდებულებას ცხადად განსაზღვრავს ნორმატიული აქტი - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, „მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები)“. ამავე დროს, ასევე მარტივად ხელმისაწვდომია ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური აქტი, რომელიც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხას და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღს განსაზღვრავს. ხსენებული აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით გამოიცემა, შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები აქტით დაინტერესებულ პირთათვის გაცნობასთან დაკავშირებით. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მარკირების პროცესის განხორციელება წარმოუდგენელია საწარმოში ფიზიკური შესვლის გარეშე. ამ პირობებში, არაგონივრულია იმის დაშვება, რომ არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელმა სუბიექტებმა (მოსარჩელეებმა) შესაძლოა, არ იცოდნენ წარმოებული პროდუქციის სავალდებულო მარკირების თაობაზე.
ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების კონსტიტუციურობის საკითხი
23. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ფინანსთა მინისტრისათვის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება. მისი მოსაზრებით, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების რაიმე სტანდარტს, შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ამ ფორმით მინიჭება უფლებამოსილების არაკონსტიტუციურად გამოყენების რისკებს ქმნის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გარკვეულ შემთხვევაში ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებამ შესაძლებელია, მართლაც შექმნას დისკრეციის არასწორად გამოყენების გამო უფლების დარღვევის რისკები და ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობოს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35-59). თუმცა ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება ამა თუ იმ კონკრეტული ქმედების განხორციელების და არა საკითხის ნორმატიულად მოწესრიგების დისკრეციული უფლებამოსილება.
24. ზემოთ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლების შემზღუდველად არ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნორმატიული აქტის გამოცემის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას. სასამართლომ ხსენებულ საკითხზე იმსჯელა 2016 წლის 20 ივლისის N3/3/763 გადაწყვეტილებაში და მიუთითა: „აღნიშნულ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელის არგუმენტზე, რომლის თანახმადაც, არსებობს ცესკოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. უდავოა, რომ ამა თუ იმ აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ დამოუკიდებელი ორგანოს მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციური უფლების დარღვევა და ამას ვერ გამორიცხავს, მათ შორის კანონმდებლობაში ზედმიწევნით გაწერილი კრიტერიუმები სახელმწიფო ორგანოთა მოქმედების ფარგლების შესახებ. ზოგადად, ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ალბათობა თავისთავად არსებობს დემოკრატიულ საზოგადებაში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების სფეროშიც. სწორედ ამ მიზნით ქმნის საქართველოს კონსტიტუცია სასამართლო ხელისუფლებას საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სახით. სწორედ ამ ორგანოთა ფუნქციაა, მოახდინონ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებათა კანონიერებისა და კონსტიტუციურობის შეფასება და აღმოფხვრან კონსტიტუციისა და კანონის დარღვევის ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც ცესკოს განკარგულების კონსტიტუციურობის კონტროლი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხორციელდება, ამ აქტის საფუძველზე უფლების დარღვევის ჰიპოთეტურ შესაძლებლობაზე მითითება ვერ გამოდგება კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის არგუმენტად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის N3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-82).
25. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სასამართლომ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების გამო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება ენიჭება ინდივიდუალურ ქმედებებში. როდესაც დისკრეციული უფლებამოსილება ნორმატიული აქტის გამოცემას მიემართება, ამ შემთხვევებში უფლების დაცვის სათანადო მექანიზმს თავად დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა წარმოადგენს. ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის არაკონსტიტუციურობის არგუმენტად არ გამოდგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხისა და მარკირების პირობების განსაზღვრის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება.
26. მნიშვნელოვანია ყურადღების მიპყრობა მინისტრის სადავო ბრძანების 781 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებაზე, რომელიც მიუთითებს, რომ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხა და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღსანიშნავია, რომ ფორმით ინდივიდუალური, მაგრამ შინაარსობრივად ნორმატიული სამართლებრივი აქტის კონსტიტუციურობის შეფასება, მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაძლებელია და კონსტიტუციური კონტროლის მიღმა არ რჩება. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის ნორმატიული აქტის შინაარსი არ ამოიწურება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული დეფინიციით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირების მიერ გამოცემული, ფორმით ინდივიდუალური, მაგრამ შინაარსობრივად ნორმატიული სამართლებრივი აქტები ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ გადამოწმებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
27. განსახილველი დავის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ბუნების გაანალიზება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის პირველი ნაწილისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 781 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2015 წლის 10 აგვისტოს გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №256 ბრძანება „სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხის და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღის განსაზღვრის შესახებ“. ამ ბრძანებით, სავალდებულო მარკირებას დაექვემდებარა „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები და არაალკოჰოლური სასმელები, აგრეთვე განისაზღვრა მარკირების დაწყების თარიღი.
28. განსახილველი სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული სამართლებრივი ურთიერთობის ერთჯერადი გადაწყვეტის მიზნით. მისი მოქმედება ვრცელდება პირთა განუსაზღვრელ წრეზე და პირობადებული არ არის რაიმე ვადით. ამგვარი სამართლებრივი აქტი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის მიიჩნევა ნორმატიულ აქტად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს უშუალოდ აღნიშნული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, თუ მიიჩნევს, რომ ის ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის სადავო ბრძანების 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების საფუძველზე გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ნორმატიული აქტია და კონსტიტუციურ კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე ვერ მიუთითებს ფინანსთა სამინისტროსათვის განუსაზღვრელი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების გამო მისი უფლების დარღვევაზე.
სადავო ნორმების შინაარსობრივი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან
30. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დაცული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, თავად კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. „კანონმდებლის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვისას არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლება, რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-57).
31. კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. ამასთანავე, „მოქმედება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” იღებს მას. “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ზოგადად, საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა ფასდება თანაზომიერების ტესტის გამოყენებით (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთან, სასამართლოს გააჩნია სპეციალური მიდგომა გადასახადების გადახდის ვალდებულების დამდგენ რეგულირებებთან მიმართებით. სასამართლოს განმარტებით, „გადასახადების გადახდა უკავშირდება პირის მიერ გარკვეული ქონებრივი სიკეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებას. გადასახადის გადახდის გზით პირის კერძო საკუთრების ნაწილი შემხვედრი პირდაპირი სარგებლის გარეშე გადადის სახელმწიფოს განკარგულებაში. შესაბამისად, აშკარაა მისი შემხებლობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ უფლებასთან. თუმცა, ამავე დროს, გადასახადების გადახდა საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით განსაზღვრულ პირის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების შეგროვების გზით სახელმწიფო პირებისაგან გარკვეულ თანხას საპასუხო შესრულების გარეშე იღებს, მათი არსებობა მაინც ვერ იქნება მიჩნეული როგორც საკუთრების უმიზეზოდ ჩამორთმევის მსგავსი, თავისთავად, არაკონსტიტუციური ქმედება. სახელმწიფო გადასახადებს აგროვებს საჯარო უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ეს კონსტიტუციის დამკვიდრებული კერძო საკუთრებითი წესრიგის შემადგენელი ნაწილია. .... საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი თავისთავად მოიაზრებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, შემოიღოს გადასახადი და მასთან დაკავშირებით განახორციელოს ეფექტური ადმინისტრირება. ამავე დროს აშკარაა, რომ ის, თუ რა რაოდენობის გადასახადი ესაჭიროება სახელმწიფოს მის ამოცანათა განსახორციელებლად, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის სახელმწიფოს მიერ არჩეულ ფისკალური პოლიტიკის მოდელზე. სხვადასხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობები განსხვავებულ საგადასახადო ტვირთს ითვალისწინებენ. ზოგიერთ შეთხვევაში სახელმწიფოები ცდილობენ, შედარებით მაღალი გადასახადების დაწესებით უზრუნველყონ მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით დიდი მოცულობის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირება და ამ გზით მოახდინონ საჯარო სერვისების უკეთ დაფინანსება. ზოგიერთი სახელმწიფო კი ცდილობს, დაბალი გადასახადებით მოახდინოს კერძო ინიციატივის წახალისება. იმის განსაზღვრა, თუ რა საზოგადოებრივი საჭიროებების წინაშე დგას სახელმწიფო და რა მოცულობის საგადასახადო შემოსავლების მობილიზებაა აუცილებელი, უპირატესად სახელმწიფო ხელისუფლების დისკრეციას წარმოდგენს და ნაკლებად არის საკუთრების უფლების რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხი. (აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს მოქმედების თავისუფლების ფარგლების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9,10).
33. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამა თუ იმ გადასახადის დადგენასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები ფართოა. ამავე დროს, კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში ძნელია, ხშირ შემთხვევებში კი ალბათ შეუძლებელი, შემოწმდეს, რამდენად სწორად ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საჭირო თანხების მოცულობის განსაზღვრას. სასამართლო ასევე ვერ შეაფასებს, თუ ფისკალური პოლიტიკის რომელი მოდელით, მთლიანი შიდა პროდუქტის რა წილის დაბეგვრაა უმჯობესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ „შეუძლებელია კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში შეფასდეს ამა თუ იმ მოცულობის გადასახადის გადახდევინება წარმოადგენს თუ არა საკუთრების უფლების აუცილებელ ან/და ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს აბსოლუტური სიზუსტით შეფასდეს, რამდენად სწორად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების შესახებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ამდენად, გადასახადის ბუნების გათვალისწინებით, კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში გადასახადების გადახდის ვალდებულების დამდგენი თითოეული წესის კონსტიტუციურობა ვერ შეფასდება პროპორციულობის პრინციპის ყველა ელემენტის გამოყენებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გადასახადის გადახდის დამდგენი რეგულირების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მულთან მიმართებით კონსტიტუციურად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს გონივრული, საგადასახადო ტვირთის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი შეუძლებელს ან შეუსაბამოდ რთულს არ უნდა ხდიდეს საკუთრებით სარგებლობასა და განკარგვას.
35. ამდენად, მოსარჩელეთათვის დადგენილი ფინანსური ვალდებულებების კონსტიტუციურობის საკითხის გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულება რამდენად წარმოადგენს გადასახადს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიზნებისათვის.
მარკირების ნომინალური ღირებულების სამართლებრივი ბუნება
36. მოპასუხე მხარის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, მარკირება არის საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. მარკირების შედეგად, სარეალიზაციო პროდუქტზე მატერიალური ან არამატერიალური (ციფრული მატრიცის) ფორმით კეთდება აღნიშვნა. მარკირების მონაცემები (პროდუქტის სახეობა, ბრენდი, მოცულობა, დამზადების დრო, ადგილი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები) ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურს. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იქმნება წარმოებული პროდუქციის ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც გამოიყენება გადასახადის ადმინისტრირებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნებისთვის. კერძოდ, ბაზაში გენერირდება მონაცემები მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობის თაობაზე. იმავდროულად, მარკირების აღმნიშვნელი ციფრული მატრიცა იძლევა სარეალიზაციო ობიექტებში არსებული პროდუქციის მწარმოებელთან დაკავშირების (პროდუქტის ნამდვილობის, ორიგინალურობის განსაზღვრის) შესაძლებლობას, რაც ამცირებს ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზების რისკებს.
37. მოპასუხე მხარის განმარტებით, მარკირების მომსახურებას მეწარმე სუბიექტებს აწვდის კონკურსის წესით შერჩეული კერძო კომპანია. შესაბამისად, მოსარჩელეთათვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი წარმოადგენს არა გადასახადს, არამედ მათთვის შერჩეული პირის მიერ გაწეული მომსახურების (მარკირების) საფასურს. ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე ეს საკითხი სადავო არ გამხდარა. კერძოდ, მოსარჩელე და მოპასუხე მხარე თანხმდებიან, რომ მარკირების ნომინალური ღირებულება არ წარმოადგენს გადასახადს.
38. საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა გადასახადის ცნების ერთმნიშვნელოვან განმარტებას ან/და გადასახადის სახეების ერთიან ჩამონათვალს. თუმცა ერთმნიშვნელოვანია გადასახადების არსებობის მიზანი - სახელმწიფო აგროვებს გადასახადებს, რათა უზრუნველყოს საჯარო სერვისების დაფინანსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადახდის ვალდებულების წყარო არის სახელმწიფოს ფინანსური საჭიროება. პირის მიმართ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა არ წარმოადგენს მის დასჯას ან მისი გასაკიცხი ქმედებიდან მომდინარე შედეგებს. გადასახადების გადახდის ვალდებულება არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს სახელმწიფო საჭიროება ფინანსურ რესურსზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური ვალდებულების გადასახადად მიჩნევისათვის მთავარი განმსაზღვრელია მისი დანიშნულება. იგი უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დაფინანსების მიზნით შეგროვებულ ფინანსურ რესურსს.
39. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს წარმომადგენლის განმარტებით, მარკირების ნომინალური ღირებულება გადაიხდევინება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ზოგადად, სახელმწიფოს სასარგებლოდ საჯარო სამართლებრივი ხასიათის ფინანსური ვალდებულების დადგენა გადასახადისათვის დამახასიათებელი ნიშანია. თუმცა განსახილველ საქმეში მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება სახელმწიფოს განკარგულებაში დაგროვებული თანხის დანიშნულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას ახორციელებს შერჩეული პირი. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა კონკურსი, რომლის შედეგადაც შეირჩა კომპანია, რომელთანაც სახელმწიფო შევიდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მეწარმე სუბიექტებისთვის მარკირების მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ იკისრა ფინანსური ვალდებულებები. მეწარმე სუბიექტებისათვის მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულების მიზანია, შერჩეული პირის მიერ გადამხდელთათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება. ამდენად, სადავო ნორმები განსაზღვრავენ არა პირის საგადასახადო ვალდებულებას, არამედ უკვე დადგენილი გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით არსებული სერვისის ღირებულების ანაზღაურების წესს.
40. ამდენად, მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდა უკავშირდება მეწარმის მიერ მიღებული სერვისის ღირებულების ანაზღაურებას. მეწარმე მარკირების ღირებულებას იხდის მარკირებული პროდუქციის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მარკირების ღირებულების მიზანია მიღებული სერვისის საფასურის ანაზღაურება და იგი არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ზოგად ვალდებულებას. კანონმდებლობის, ისევე როგორც საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობა არ იწვევს მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობას საგადასახადო ვალდებულების დარღვევისთვის.
41. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხევაში სახელმწიფოს მიერ დადგენილია მეწარმეთა მიერ მარკირების სერვისის შეძენის ვალდებულება, ხოლო მარკირების საფასური ამ სერვისის ღირებულის ანაზღაურების მიზნით გადაიხდება. მისი შეგროვება არ უკავშირდება სახელმწიფოს ზოგად ფინანსურ საჭიროებებს, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო გვევლინება შუამავლად სერვისის მიმწოდებელსა და გადასახადის გადამხდელს შორის.
42. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე ნათელია, რომ მარკირება არის წარმოებული, იმპორტირებული პროდუქციის თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი გზა, გადასახადების ადმინისტრირების პროცესის ტექნიკური ინსტრუმენტი, ხოლო მისი საფასური კომპანიის მიერ მიღებული შესაბამისი მომსახურების საპასუხო ვალდებულება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მხარეთა პოზიციას, რომ მარკირების ნომინალური ღირებულება წარმოადგენს მომსახურების მიღების ხარჯს და არა საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით განსაზღვრულ გადასახადს.
43. „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივი უფლებების განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის საფუძველს. სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/9/745 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). მარკირების განმახორციელებელი კომპანიის შერჩევითა და მარკირების ნომინალური ღირებულების განსაზღვრით, სახელმწიფო მოსარჩელეებს უდგენს კონტრაჰირების იძულების მსგავს შეზღუდვას.
44. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა თანაზომიერების ტესტის გამოყენებით უნდა შეფასდეს. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ლეგიტიმური მიზანი
45. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების მიზანს წარმოადგენს გადასახადების ადმინისტრირების ხელშეწყობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მესამე წინადადება მიუთითებს მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები წარმოადგენს ღირებულ კონსტიტუციურ სიკეთეებს და მათ მისაღწევად დასაშვებია საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებში ჩარევა. ამასთან, ხსენებული ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჭიროებას იზიარებს მოსარჩელე მხარეც.
გამოსადეგობა
46. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დამონტაჟებული მარკირების აპარატები მუშაობს ხარვეზებით და არ იძლევა რეალურ სურათს წარმოებული პროდუქციის თაობაზე. არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 თებერვლის №5000975816 დასკვნას. დასკვნიდან ირკვევა, რომ დაკვირვება განხორციელდა ერთი კომპანიის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახის საქონლის წარმოების პროცესზე. დასკვნაში შედარებულია მარკირების აპარატის მიერ დათვლილი და დასაწყობებული პროდუქციის გადათვლის შედეგად მიღებული მაჩვენებლები. მიღებული შედეგებიდან ირკვევა, რომ შესადარებელი მოცემულობები, ზოგიერთ შემთხვევაში, არ დაემთხვა ერთმანეთს.
47. ვინაიდან რიგ შემხვევებში გამოვლინდა გარკვეული ცდომილებები მარკირების აპარატის მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და რეალურად წარმოებული პროდუქციის რაოდენობას შორის, მოსარჩელე მარკირებას წარმოებული პროდუქციის აღსარიცხად არაეფექტურ მეთოდად მიიჩნევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მარკირების არსებული სისტემა არ უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის ზუსტ აღრიცხვას, შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უვარგისი საშუალებაა.
48. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ წარმოებულ და აღრიცხულ პროდუქციას შორის სხვაობა განპირობებულია აღმრიცხველი მოწყობილობის (მარკირების აპარატის) ფუნქციონირების ხარვეზებით. კერძოდ, დასკვნაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ „ექსპერტიზისთვის უცნობია აღნიშნული ცდომილების გამომწვევი მიზეზი“. შესაბამისად, დასკვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია უტყუარად არ მიუთითებს მარკირების აპარატის არასწორად ფუნქციონირებაზე.
49. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ დასკვნაში მარკირების აპარატის მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და რეალურად წარმოებული პროდუქციის რაოდენობას შორის ცდომილება არის საკმაოდ მცირე (0%-დან 0.52%-მდე). სხვაგვარად, მოსარჩელის არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, იქმნება მოცემულობა, რომ მარკირების აპარატი უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის აღრიცხვას, მინიმუმ, 99.48%-იანი სიზუსტით. ამგვარი მინიმალური ცდომილების პირობებშიც კი, სადავო ნორმები ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაეფექტურ და უვარგის საშუალებად. სავალდებულო მარკირების ინსტიტუტის ეფექტურობის წარმოსაჩენად, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 100 000 მილიონით (500 000 მილიონიდან 600 000 მილიონამდე) გაიზარდა აღრიცხული ბოთლების რაოდენობა. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ზრდა უმეტესწილად აღრიცხვის პროცესის გაუმჯობესებით არის განპირობებული. სხდომის მიმდინარეობისას არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტი, რომელიც ხსენებულ მსჯელობის სისწორეს ეჭვქვეშ დააყენებდა.
50. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს ნორმატიული აქტის, ქცევის ზოგადი წესის, კონსტიტუციურობას. სადავო ნორმები მოითხოვს საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემის შექმნას. სისტემის იმპლემენტაციის ტექნიკური მოდელი ან/და კონკრეტული ტექნიკური საშუალების გაუმართავი ფუნქციონირება ვერ მოახდენს გავლენას სადავო ნორმების შინაარსზე. სადავო ნორმები ითვალისწინებს იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული უალკოჰოლო სასმელების სრულ აღრიცხვას. შესაბამისად, მარკირებულ და რეალურად წარმოებულ ოდენობებს შორის ცდომილების არსებობა არ წარმოადგენს სადავო ნორმების რეგულირების შედეგს.
51. მსგავსი არგუმენტაციით, მოსარჩელემ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე შეიძლება იდავოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებს, რომ ტექნიკურად შეუძლებელი, ანდა პრაქტიკულად არაიმპლემენტირებადია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო მარკირების ინსტიტუტის ფარგლებში წარმოებული პროდუქციის სრულყოფილად აღრიცხვა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ რიგ შემთხვევებში მარკირების აპარატები შესაძლოა აბსოლუტური სიზუსტით ვერ აღრიცხავდეს წარმოებულ პროდუქციას. თუმცა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა სწორად აღსრულება ტექნიკურად შეუძლებელია ან/და დანერგილი ტექნიკური საშუალებები იწვევს სისტემურ პრობლემებს წარმოების პროცესის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სათანადო არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის კეთილსინდისიერი აღსრულების პირობებში, შეუძლებელია მარკირების ინსტიტუტის მეშვეობით წარმოებული პროდუქციის სათანადოდ აღრიცხვა. ამდენად, მოყვანილი არგუმენტაცია ეჭვქვეშ ვერ დააყენებს სადავო ნორმებით შექმნილი მარკირების ინსტიტუტის ეფექტურობას.
52. როგორც ზემოთ აღინიშნა, მარკირება წარმოადგენს საქონლის მოძრაობისა აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების კომპონენტს. იგი შესაძლებლობას იძლევა, მოპოვებულ იქნეს ღირებული ინფორმაცია როგორც გადასახადების ადმინისტრირების, ისე მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მაგალითად, სისტემის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქციის საერთო რაოდენობის განსაზღვრა, ინდივიდუალური პროდუქტის მეწარმე სუბიექტთან დაკავშირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცხადად იკვეთება რაციონალური კავშირი სადავო ნორმებსა და მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის და შესაფასებელი რეგულირება წარმოადგენს ღირებული ლეგიტიმური სიკეთის დაცვის გამოსადეგ, ვარგის საშუალებას.
აუცილებლობა
53. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს საკუთრების უფლების იმაზე მეტი ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე ეს საჭიროა კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მიუთითებს რამდენიმე ალტერნატივაზე. კერძოდ, აღნიშნავს, რომ თანამედროვე საწარმოო დანადგარები სრულად აღრიცხავს წარმოებულ პროდუქციას და მოპასუხე მხარეს დამატებით სთავაზობს ვიდეომეთვალყურეობის განხორცილებას რეალურ დროში. მოსარჩელე მხარის პოზიციით, შემოთავაზებული ალტერნატიული მექანიზმები საგადასახდო აღრიცხვის გაუმჯობესების კუთხით იმავე შედეგს ნაკლები დანახარჯებით აღწევს.
54. საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის სადავო ნორმების დადგენილი მოდელის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს მეწამე სუბიექტებზე გარე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მექანიზმი გულისხმობს პროდუქციის წარმოებისა და აღრიცხვის კონტროლს უშუალოდ მწარმოებელი/იმპორტიორი კომპანიის საწარმოო დანადგარებითა და ვიდეომონიტორინგის მეშვეობით. ამ პირობებში წარმოებული პროდუქციის აღრიცხვას თავად საწარმოო ხაზები, ანუ მეწარმე სუბიექტის მფლობელობაში არსებული დანადგარები უზრუნველყოფს. გარე კონტროლის იდეა სრულად დაიკარგება, თუ მარკირების ან/და აღრიცხვის განმახორციელებელი ალტერნატიული დანადგარის ტექნიკური თუ პროგრამული მხარის მართვას თავად მეწარმე სუბიექტი განახორციელებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მეთოდი არ ითვალისწინებს გარე კონტროლის ისეთ ეფექტურ მექანიზმს, როგორიც არის შერჩეული პირის მიერ მარკირების განხორციელება.
55. იმავდროულად, სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში არსებული დანადგარები შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ჰქონდეთ პროდუქციის განსხვავებული ტექნიკური სტანდარტებით მარკირების შესაძლებლობა ან საერთოდ არ გააჩნდეთ ამგვარი ფუნქციური მხარდაჭერა. მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მოდელის დანერგვის შემთხვევაში, პირები, რომელთა საწარმოო დანადგარებსაც არ გააჩნია სათანადო ტექნიკური მხარდაჭერა, მათთვის განსხვავებული მოთხოვნების დაწესების შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში იმავე სახის ან/და ჩანაცვლებადი პროდუქციის მწარმოებელ სხვა სუბიექტებთან მიმართებით. ამგვარმა რეგულირებამ შესაძლოა შექმნას არაკონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების რისკები და საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების დარღვევის წყაროც კი გახდეს.
56. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მარკირება არ ამოიწურება პროდუქტზე მატრიცის დატანით. კერძოდ, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 793 მუხლი ითვალისწინებს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელსაც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია ბაზაში რეგისტრირებულ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტთა მიერ წარმოებული პროდუქტის მონაცემების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივის დანერგვა მოითხოვს, რომ საწარმოო დანადგარებს და მათ ყველა ხაზს გააჩნდეს მონაცემთა ერთიან ბაზასთან კავშირის შესაძლებლობა. იმავდროულად, შესაძლებელი უნდა იყოს მარკირებულ პროდუქტზე დატანილი მატრიცის წაკითხვა და მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება. მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ცხადი გახდებოდა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია და ამავე დროს ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული წარმოების ხაზების ისე მოდიფიცირება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთიანი სააღრიცხვო სისტემის ფუნქციონირება.
57. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ალტერნატივა არ წარმოადგენს სადავო ნორმებით დადგენილი სავალდებულო მარკირების თანაბარი ეფექტურობის მქონე პროდუქციის აღრიცხვის მექანიზმს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მოდელი, პროდუქციის აღრიცხვა საწარმოო ხაზების საშუალებით, ვერ იქნება მიჩნეული დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებად.
58. მოსარჩელე მხარე საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ალტერნატიულ მექანიზმად აგრეთვე მიუთითებს საწარმოო ხაზების ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელებას. მარკირების პროცედურა უზრუნველყოფს მილიონობით პროდუქტის აღრიცხვას და მონაცემთა დახარისხებას სხვადასხვა კატეგორიების (პროდუქტის სახეობის, მოცულობის, წარმოების თარიღის და ა.შ) მიხედვით. როგორც მოწმის ნიკოლოზ ედილაშვილის მიერ იქნა განმარტებული, მარკირების აპარატი უზრუნველყოფს მითითებული მონაცემების გენერირებას საწარმოო ხაზებზე, რომელთა სიხშირე საათში ათეულობით ათასი წარმოებული პროდუქტია. არაგონივრულია, რომ ვიდეომონიტორინგის საშუალებით ნებისმიერი უნარების მქონე დამკვირვებლის მიერ მოხდეს ან ობიექტურად შესაძლებელი იყოს იმგვარი მონაცემების შეგროვება, რომლებიც შემდგომში გამოყენებადი იქნება გადასახადის ადმინისტრირების მიზნებისთვის. ცხადია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ვიდეოჩანაწერის საშუალებით წარმოების ხაზზე გავლილი პროდუქციის დათვლა ვერ იქნება მიჩნეული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის თანასწორი ეფექტურობის მქონე მექანიზმად.
59. სახელმწიფოს გადასახადების ადმინისტრირების მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დანერგვის გარკვეული მიხედულების ფარგლები გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, შერჩეულია საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ინტეგრირებადი სისტემა, რომლის მიზანი სამეწარმეო პროცესზე ეფექტური გარე კონტროლის განხორციელება და, შედეგად, გადასახადების ჯეროვანი ადმინისტრირება, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ იმავე მიზნების, იმავე ეფექტურობით მიღწევა შესაძლებელია უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
60. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის გამოსადეგ და აუცილებელ ღონისძიებას. შესაბამისად, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.
61. მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლება და საგადასახადო აღრიცხვისა და მომხმარებელთა დაცვის ინტერესები. ბუნებრივია, გადასახადის დარიცხვა მოითხოვოს დასაბეგრი ბაზის მოცულობის განსაზღვრას, რისთვისაც გადასახადის გადამხდელთათვის დგინდება გარკვეული ვალდებულებები. ზოგადად, აღრიცხვის გაუმჯობესებისათვის გადასახადის გადამხდელთათვის გარკვეული ვალდებულებების დადგენა საგადასახადო ადმინისტრირების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, თუ გადასახადის გადამხდელებს არ ექნებათ აღრიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ეს შეუძლებელს გახდის გადასახადების დარიცხვას, გარკვეულწილად, აზრსაც კი დაუკარგავს გადასახადების გადახდის კონსტიტუციური ვალდებულების ან/და ზოგადად საგადასახადო კანონმდებლობის არსებობას.
62. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ დასაბეგრი ბაზის აღრიცხვისათვის სათანადო კანონმდებლობის შექმნა და გაუმჯობესება ასევე წარმოადგენს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ყველა გადასახადის გადამხდელის მიმართ თანასწორად აღსრულება საბაზრო კონკურენციის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ხოლო გადასახადების არასათანადო ადმინისტრირება, უპირველეს ყოვლისა, კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესებს აზიანებს, ვინაიდან მის არაკეთილსინდისიერ კონკურენტებს აძლევს, გადასახადების დამალვის გზით, საბაზრო უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას.
63. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება უმნიშვნელოვანეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ ამიტომ კანონმდებელი ქმნის საგადასახადო აღრიცხვასთან დაკავშირებულ რიგ ვალდებულებებს, ისეთებს, როგორებიცაა: სააღრიცხვო დოკუმენტაციის 6 წლით შენახვა, ბუღალტრული აღრიცხვის ამა თუ იმ სტანდარტის გამოყენების ვალდებულება და ა.შ. ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება წარმოადგენს გადასახადის გადახდის ვალდებულების კონსტიტუციურ ფარგლებში აღსრულების განუყოფელ მექანიზმს. დაბეგვრის სათანადოდ განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების შექმნა გადასახადების გადახდის ვალდებულების თანმდევ საჭიროებას წარმოადგენს. შესაბამისად, უდიდესია იმ სიკეთის მნიშვნელობა, რომლის დაცვასაც დაბეგვრის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები ემსახურება.
64. მოცემულ შემთხვევაში უკვე დადგენილია სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების აუცილებელი ხასიათი. შესაბამისად, იმ სიკეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელსაც სადავო ნორმები ემსახურება, მისი არაკონსტიტუციურობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ საკუთრების გასხვისების უფლებაში ჩარევა იმდენად ინტენსიურია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ან/და მნიშვნელოვნად აზიანებს პროდუქციის წარმოებისა (დამზადების) და რეალიზების პროცესს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან შეუსაბამო იქნება, გადასახადების ადმინისტრირების მიზნით პირისათვის იმგვარი ფინანსური ხარჯის გაწევის მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება პროდუქციის საბაზრო პოზიციებზე და შედეგად მომეტებულად შეიზღუდება გადასახადის გადამხდელთა უფლებები. მსგავსი შემთხვევა სახეზე იქნება იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იზრდება პროდუქციის საბაზრო ღირებულება, სისტემურად რთულდება პროდუქციის წარმოება და სხვა.
65. მოსარჩელე მხარემ შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დარღვევის წარმოსაჩენად ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე. კერძოდ, მარკირების ფინანსურ მხარეზე და მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე. მან, ერთი მხრივ, მიუთითა, რომ მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდა მძიმე ტვირთად აწვება ინდუსტრიას, ხოლო, მეორე მხრივ, აღინიშნა, რომ ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს არამარკირებული პროდუქციის, მათი ბრალის გარეშე გავრცელების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა.
66. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მარკირების აპარატის არასწორი ფუნქციონირების შედეგად, ხშირად ხდება წარმოების ხაზზე ზოგიერთი ბოთლის მარკირების გარეშე დატოვება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მათი ბრალის გარეშე ხდება არამარკირებული პროდუქციის რეალიზაცია, რასაც შეიძლება მოჰყვეს მწარმოებლის დაჯარიმება. წარმოების ხაზზე ზოგიერთი ბოთლის მარკირების გარეშე დატოვების ალბათობა არ გამორიცხა არც მოწმის სახით დაკითხულმა კომპანია „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ ოპერირებისა და კლიენტებთან მომსახურების მენეჯერმა ნიკოლოზ ედილაშვილმა. თუმცა, მოწმემ ამავე დროს განმარტა, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოსარჩელეებს მარტივად შეუძლიათ წარმოების ხაზზე მარკირების მოწყობილობის შემდეგ, წუნდებული პროდუქტის ამომღები მექანიზმის დაყენებით. მისი განმარტებით, ხსენებული მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელია, მოხდეს არამარკირებული პროდუქტის ხაზიდან ამოღება და მისი რეალიზაციის პრევენცია.
67. მოსარჩელე მხარის ზემოთ ხსენებულ არგუმენტზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები არ ქმნის არამარკირებული პროდუქციის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მარკირების გარეშე მიწოდების, ტრანსპორტირების ან/და იმპორტისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2883 მუხლით. სწორედ ეს ნორმა ადგენს მწარმოებლის/იმპორტიორის დაჯარიმების შესაძლებლობას, თუ დადასტურდება მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდების, ტრანსპორტირების ან იმპორტის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია, რომელიც პასუხისმგებლობის არასწორად დაკისრებას შეეხება, მიემართება ხსენებულ ნორმას. ვინაიდან სადავო ნორმები არ ადგენს არამარკირებული პროდუქციის გავრცელების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლო, არსებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ვერ იმსჯელებს აღნიშნული საკითხის კონსტიტუციურობის თაობაზე.
68. როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლების შეზღუდვის სიმძიმის წარმოსაჩენად მოსარჩელე, მოსალოდნელ დაჯარიმებასთან ერთად, მიუთითებს თავად მარკირების ნომინალური ღირებულების ტვირთის სიმძიმეზე. მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულება დადგენლია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მე-3 პუნქტით. ამდენად, მოსარჩელის ხსენებული არგუმენტი უკავშირდება სადავო ნორმებს და, შესაბამისად, არსებული დავის საგნის ფარგლებში სასამართლო უფლებამოსილია ამ ვალდებულების სიმძიმე მხედველობაში მიიღოს კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების საკითხის შეფასებისას.
69. ვალდებულების სიმძიმის შეფასებისას საყურადღებოა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულებას. ხოლო, თავად ნომინალური ღირებულების ოდენობის განმსაზღვრელი ნორმა, განსახილველი კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარი არ არის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ შეაფასებს იმას, თუ რამდენად სწორად განსაზღვრა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მოსარჩელეთა ტვირთი ან/და რამდენად შეესაბამება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანების 79-ე მუხლით განსაზღვრული ნომინალური ღირებულება შემოსავლების სამსახურის შერჩეული პირის მიერ მიწოდებული სერვისის რეალურ ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მოსარჩელისათვის მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ზოგადი ვალდებულების დადგენის კონსტიტუციურობა.
70. სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს გადასახადის გადამხდელთა მიერ შესასრულებელ იმგვარ მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია გადასახადების ადმინისტრირებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით. თითოეული ამგვარი მოქმედების განხორციელება კი, თითქმის ყოველთვის, მოითხოვს გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს. მაგალითად, მეწარმე სუბიექტებს უწევთ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოება, რომელთა დამუშავება დაკავშირებულია მატერიალურ და ადამიანურ რესურსთან. ბუნებრივია, ამ ხარჯების გაღება უწევს მეწარმე სუბიექტს და ეს გამართლებულია მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით.
71. მარკირების ნომინალური ღირებულება არის სწორედ ამგვარი ხარჯი, იმ განსხვავებით, რომ მეწარმე სუბიექტი უშუალოდ თვითონ არ წარმართავს მარკირების პროცესს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდა მას მძიმე ტვირთად დააწვება. იგი მიუთითებს სოლიდურ ხარჯებზე, რომლის გაწევაც მოუწევს არაალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიას მარკირების პროცესის განხორციელებისათვის. თუმცა, თავისთავად მარკირების საერთო ხარჯის სოლიდურობაზე მითითება არ გამოდგება ფინანსური ტვირთის სიმძიმის გამო სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რატომ ხდის მსგავსი ტვირთი პროდუქციის წარმოებას განუზომლად რთულს ან/და მნიშვნელოვნად აზიანებს ინდუსტრიას. მოსარჩლემ უნდა წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმები არის არა მორიგი რეგულაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა მეწარმისათვის, არამედ სახეზეა უფლებაში იმდენად ინტენსიური ჩარევა, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ ბაზართან.
72. უპირველს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდა ერთნაირად ეკისრება არაალკოჰოლური სასმელის ყველა მწარმოებელსა და იმპორტიორს. მოსარჩელეს არ წარმოუჩენია არგუმენტაცია, რომ ბაზარზე არსებობს მისი კონკურენტი, რომელსაც მსგავსი ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, ის ერთნაირად აისახება მარკირებას დაქვემდებარებული ყველა პროდუქტის ფასზე, ყველა პროდუქტი ერთნაირად ძვირდება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს აწვება ტვირთად. ამდენად, სადავო ნორმები არაკონკურენტული გარემოს შექმნის გამო პროდუქციის რეალიზაციას ვერ გაართულებენ. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ იდავებს, რომ მისი პროდუქციის გაყიდვა ფერხდება, რადგან კონკურენტის პროდუქცია საგადასახადო პრივილეგიების გამო უფრო იაფია. არაალკოჰოლური სასმელის წარმოებაზე სადავო ნორმების ეფექტი, უმთავრესად, ყველა სასმელის თანაბრად გაძვირებაში გამოიხატება.
73. ამ პირობებში, მოსარჩელე მხარემ უნდა წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, არაალკოჰოლური სასმელი ან/და მინერალური წყალი იმდენად ძვირდება, რომ მისი რეალიზება მნიშვნელოვნად რთულდება ან/და შეუძლებელი ხდება. მოსარჩელეს მყარი მტკიცებულებები ზემოთ ხსენებულის წარმოსაჩენად არ წამოუდგენია. მარკირების ნომინალური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით 1.5 თეთრს (დამოკიდებულია ევროსა და ლარს შორის არსებულ გაცვლით კურსზე). ამდენად, დამატებითი ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით, მარკირების საფასურის გადახდის ვალდებულების გამო, თითოეული ბოთლის ღირებულება, დაახლოებით 2 თეთრით იზრდება. ხსენებული თავისთავად არ მიუთითებს არაალკოჰოლური სასმელის ან/და მინერალური წყლის რეალიზაციის შეფერხებაზე. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ არსებობს 2 თეთრით გაძვირების გამო მომხმარებელთა მიერ არაალკოჰოლური სასმელების სხვა პროდუქციით ჩანაცვლების რეალური ალბათობა.
74. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები და არც თავისთავად არის ცხადი, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება მნიშვნელოვნად აფერხებს არაალკოჰოლური სასმელების რეალიზებასა და იმპორტს. შესაბამისად, გადასახადების ადმინისტრირების მიზნით სახელმწიფოს მიერ სადავო ნორმით დაწესებული ღონისძიება არ არის იმდენად მძიმე, რომ შეუთავსებელი იყოს თავისუფალ ბაზართან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ არღვევს გონივრულ ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის და, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
75. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს მეწარმეობის თავისუფლებას და კონკურენციის განვითარებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოსათვის თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობის ვალდებულების დაკისრებით „მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისთვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2).
76. მეწარმეობის თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა გულისხმობს არა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის მოქმედებაში სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევის შეზღუდვას, არამედ მოიცავს სახელმწიფოს მიერ აქტიური საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ღონისძიებების გატარებასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს. იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3).
77. მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებულ ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირისა, ხსენებული კონსტიტუციური ნორმების დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ცალკეულ, ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლებისა თუ თავისუფლების კონტექსტში. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
78. საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანი ვერ იქნება საკუთრებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტების აკრძალვა მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით. ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს ... 21-ე მუხლებით დაცულ სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას. მეწარმე სუბიექტებს შორის დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა ან/და მათი საკუთრების უფლების დარღვევა იმთავითვე კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ვერ განაპირობებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63).
79. როგორც უკვე აღინიშნა, ქონების გასხვისების შეზღუდვა, ისევე როგორც ფინანსური ვალდებულებების დადგენა, საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, რომლებიც შეეხება სავალდებულო მარკირებით ქონების გასხვისებასა და იმპორტზე ბარიერის დადგენას, მიემართება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. ასევე კონსტიტუციის 21-ე მუხლს მიემართება არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებს ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულების არაკონსტიტუციურობაზე.
80. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შეფასებადი იქნება სადავო ნორმებიდან მომდინარე ისეთი შეზღუდვები, რომლებიც უპირატესად უკავშირდება წარმოების პროცესს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით დადგენილი სისტემის ფარგლებში მარკირების აპარატების განთავსება ხდება მოსარჩელეთა წარმოების ხაზებზე. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ პროდუქციის წარმოება ფაქტობრივად დამოკიდებული ხდება მარკირების აპარატის გამართულ მუშაობაზე. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმები სცდება მეწარმის საკუთრების განკარგვის რეგულირებას და ასევე გავლენას ახდენს თავად საწარმოო პროცესზე. ამდენად, სადავო ნორმები, საკუთრების უფლებასთან ერთად, ასევე ზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას.
81. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა, საკუთრების უფლების შეზღუდვის მსგავსად ფასდება თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით სადავო ნორმების შესაბამისობაზე მსჯელობისას მიმოხილული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, ისევე როგორც სადავო ნორმებით შერჩეული ღონისძიების გამოსადეგობა და აუცილებლობა ასევე რელევანტურია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიება ემსახურება საგადასახადო აღრიცხვის გაუმჯობესებას და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის ვარგის და აუცილებელ საშუალებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით უნდა შეფასდეს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. უნდა შემოწმდეს, სადავო ნორმებით კანონმდებელმა რამდენად სამართლიანი ბალანსი დაადგინა შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.
82. როგორც უკვე აღინიშნა, ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება უმნიშვნელოვანეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას ემსახურება. დაბეგვრის სათანადოდ განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების შექმნა გადასახადების გადახდის ვალდებულების თანმდევ საჭიროებას წარმოადგენს. შესაბამისად, უდიდესია იმ სიკეთის მნიშვნელობა, რომლის დაცვასაც ისახავს მიზნად დაბეგვრის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვის შედეგად, მოსარჩელის შელახული ინტერესი აღემატებოდეს ხსენებულ უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ ჩარევის ინტენსივობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძლებელია პროდუქციის წარმოება ან/და მნიშვნელოვნად ზიანდება ინდუსტრია.
83. მარკირების პროცესით გამოწვეული შეფერხებების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ მიუთითა საწარმოო პროცესის გარკვეული ვადით შეჩერებაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, წარმოებული პროდუქციის მარკირებას ახორციელებს აპარატი, რომლის მწყობრიდან გამოსვლა მნიშვნელოვნად აზიანებს საწარმოო პროცესს.
84. საწარმოო პროცესისთვის მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზების ან/და ინდუსტრიაზე არსებითი ნეგატიური გავლენის დადასტურება მოითხოვს სხვადასხვა გარემოებების კომპლექსურ ანალიზს. საწარმოო პროცესის დაუგეგმავი შეჩერება, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მეწარმის საქმიანობაზე. თუმცა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად უნდა დასტურდებოდეს, რომ ამგვარი შეფერხებებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები არა მხოლოდ მცირედით სცილდება საწარმოო პროცესში მოსალოდნელი, მისი თანმდევი ტექნიკური ხარვეზების მასშტაბებს, არამედ ამ ხარვეზების ინტენსივობა ან/და სისტემურობა ქმნის არსებითი ხასიათის პრობლემებს პროდუქციის წარმოებისთვის.
85. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანების 781 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, შეუძლებელია სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე“. ციტირებული დებულება უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მარკირების განმახორციელებელი დანადგარი მწყობრიდან გამოვიდეს. როგორც არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის, „შპს სიქპა სიქურითი სოლუშენ ჯორჯიას“ ოპერირებისა და კლიენტებთან მომსახურების მენეჯერის, ნიკოლოზ ედილაშვილის მიერ იქნა განმარტებული, შერჩეული პირი უზრუნველყოფს მარკირების აპარატების გამართულად ფუნქციონირებას და ტექნიკურ ხარვეზებზე დროულად რეაგირებენ სპეციალური ცოდნის მქონე პირები, რომლებიც ძირითადად იმყოფებიან უშუალოდ საწარმოს ტერიტორიაზე, ხოლო საღამოს საათებში რამდენიმე საწარმოს შესაძლოა ემსახურებოდეს ერთი ასეთი პირი. მოწმემ მაგალითად მოიყვანა 2016 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები და აღნიშნა, რომ 40 საწარმოო ხაზზე სულ დაფიქსირდა მარკირების აპარატის გაუმართაობის 86 შემთხვევა, ხოლო ხარვეზის აღმოფხვრის საშუალო დრომ შეადგინა 12 წუთი. ამავე დროს, მოწმემ მიუთითა, რომ წარმოების პროცესის კომპლექსურობიდან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი შეფერხებებიც ხშირად ხდება სხვადასხვა, მარკირების აპარატისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. მისი განმარტებით, არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ინდუსტრიისათვის წარმოების გარკვეული დროით შეფერხება ბუნებრივი პროცესია და ამ თვალსაზრისით მარკირების აპარატი განსაკუთრებულ სირთულეებს არ ქმნის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ინფორმაციის სიზუსტე მოსარჩელე მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
86. ზოგადად, როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილე ნორმატიული ქცევის წესის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად იშველიებს ფაქტობრივ გარემოებებს, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა აკმაყოფილებდეს დამაჯერებლობის მაღალ ხარისხს. კერძოდ, ამგვარი არგუმენტები გამყარებული უნდა იყოს რელევანტური დოკუმენტური მტკიცებულებებით.
87. მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, რომ სადავო ნორმებით მოთხოვნილი მარკირების ტვირთის ტექნიკური აღსრულება ახდენს ინტენსიურ ზეგავლენას საწარმოო პროცესზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებდა აღნიშნული პრობლემის რეალურობის თაობაზე.
88. ამავე დროს, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად არ არის საკმარისი მარკირების აპარატის არასათანადოდ ფუნქციონირების რამდენიმე კონკრეტული ფაქტის მითითება. მოსარჩლე ვალდებულია წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ინსტიტუტი, მისი სათანადო იმპლემენტაციის პირობებში, ქმნის წარმოების პრობლემებს.
89. საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა, რომ მარკირების არსებული პრაქტიკა მნიშვნელოვნად აფერხებს წარმოების პროცესს. ამდენად, სადავო ნორმები არ ქმნის პროდუქციის წარმოების პროცესზე იმდენად მძიმე ტვირთს, რომელიც გადაწონის სადავო ნორმებით დაცულ სიკეთეებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ არღვევს კონსტიტუციურ ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №700 („შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ”).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი