უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინის
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N700 |
ავტორ(ებ)ი | შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, სს „წყალი მარგებელი“ |
თარიღი | 11 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლთან შესაბამისობა არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის (შემდგომში „სარჩელი“) „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (შემდგომში „სასამართლო“) არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ: ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (იურიდიული პირების) მიერ; გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი, ანუ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის (შემდგომში „კონსტიტუცია“) მე-2 თავთან მიმართებაში არის სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია; ე) სადავო აქტები ექცევიან კონსტიტუციის მე-14 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში, რის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთების ქვეთავში. ამასთან, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი კონსტიტუციით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა; ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, კერძოდ კი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების (შემდგომში „N996 ბრძანება“) კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია, რამეთუ სარჩელით ასევე გასაჩივრებულია ნორმატიული აქტების იერარქიაში მათზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი - 2010 წლის 17 სექტემბრის საქართველოს საგადასახადო კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“). სადავო აქტების სხვა ზემდგომი ნორმატიული აქტი, რომელიც რელევანტური იქნებოდა სარჩელის მიზნებისთვის, არ არსებობს. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო 30-ე მუხლის მეორე პუნქტით - მეწარმეობის თავისუფლება. ამასთანავე, კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერი სახით. სარჩელი ემყარება იმ არგუმენტაციას, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი სადავო აქტებით მოსარჩელეებს ეზღუდებათ საქართველოში საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის შესაძლებლობა. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არაკონსტიტუციურია, რამეთუ ზღუდავს საკუთრების უფლებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელეებს უწევთ მეტი ქონებრივი ტვირთის გაღება, ვიდრე ეს აუცილებელია ჯეროვანი საგადასახადო ადმინისტრირებისთვის. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს. ამასთან, N996 ბრძანების 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სავალდებულო მარკირების მომსახურების განმხორციელებელი შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: (ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) - 1000 ცალ ერთეულზე - 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში; (ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის - 1000 ცალ ერთეულზე - 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. მოსარჩელეებისთვის აღნიშნული ფინანსური ტვირთი წარმოიშობა 2016 წლის 1 იანვრიდან (N996 ბრძანების 112-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრამდე, შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე). სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, თუკი პირი სადავო ნორმ(ებ)ით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება, რაც წინამდებარე სარჩელის შემთხვევაში ცალსახაა, იგი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინოს (სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის #1/1413 განჩინება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II. 2). მოსარჩელეების საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა-დარღვევის გარდა, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი დისკრიმინაციულია იმდენად, რამდენადაც ის ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების (მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლების) მწარმოებლებს ეხება და მათთვის სრულიად უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს წარმოშობს. აქედან გამომდინარე, ცალსახაა სადავო აქტების კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებთან შეუსაბამობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არ არსებობს როგორც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, ისე სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. და ბოლოს, გთხოვთ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი გადაწყვიტოთ ზეპირი მოსმენით განმწესრიგებელ სხდომაზე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ 2015 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი (შემდგომში „მარკირების წესი“ ან „სავალდებულო მარკირება“) არის არაკონსტიტუციური იმდენად, რამდენადაც ის ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ და გარანტირებულ საკუთრების უფლებას, აბრკოლებს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, და არის დისკრიმინაციული არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა მიმართ. ამასთან, მარკირების წესი არის არასამართლიანი, არაეფექტიანი, არარაციონალური და ის ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე არანაკლებ სახელმწიფოს ინტერესებს.
არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი და მარეგულირებელი კანონმდებლობა
2011 წლის 20 დეკემბერს კოდექსს დაემატა 1921-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. 2. მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი. 3. სავალდებულო მარკირებისას გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება. ნომინალის ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“. შესაბამისი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად (იხ. დანართი N5, ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე), მისი მიღების მიზანი იყო „აქციზური მარკის ნიშანდებით მოხდეს აქციზური და არააქციზური საქონლის ფალსიფიკაციისგან დაცვა, გამარტივდეს და გაუმჯობესდეს ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვით გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა (კონტროლი) და უშუალოდ ნიშანდების პროცესი”. კანონპროექტის არსში მხოლოდ აღნიშნულია, რომ შესაძლებელი ხდება არააქციზურ საქონელზე (წყალი, უალკოჰოლო სასმელი, ფარმაცევტული ნაწარმი და სხვა) მარკირება. ასევე მოხდა სპეციალურად დაკონკრეტება, რომ არააქციზური საქონელი დაექვემდებარებოდა მხოლოდ ნიშანდებას და მისი აქციზით დაბეგვრა არ მოხდება. აღნიშნული კანონის ინიცირება მოხდა 2011 წლის 18 ნოემბერს. საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2011 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება კანონის პროექტის დაჩქარებულად განხილვის შესახებ. საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 6, 9 და 20 დეკემბერს შესაბამისი სამი მოსმენით მიიღო აღნიშნული კანონის პროექტი. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა (რომელიც წამყვანი კომიტეტი იყო საპარლამენტო განხილვებისას) კანონპროექტის განხილვას დაუჭირა მხარი სამივე მოსმენაზე. მეორე მოსმენისას კომიტეტმა წარადგინა მხოლოდ ერთი რეკომენდაცია: კომიტეტი „ამასთანავე აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა გაიმიჯნოს მარკირების საკითხი აქციზური მარკით მარკირებისგან“. 2012 წლის 24 აპრილს, N996 ბრძანების 781-ე მუხლით დაკონკრეტდა კოდექსის 1921-ე მუხლის შინაარსი და მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხა და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. ამასთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს. მარკირების წესი უნდა ამოქმედებულიყო 2013 წლის 1 იანვრიდან. თუმცა, წესის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. N996 ბრძანების 781-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2015 წლის 10 აგვისტოს მიღებულ იქნა „სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხის და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N256 ბრძანება (შემდგომში „N256 ბრძანება“, იხ. დანართი N6), რომლის თანახმად: „მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის N241 ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია 20 ლიტრის და მასზე ნაკლები მოცულობის ჭურჭელში, გარდა იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა. სავალდებულო მარკირების განხორციელების (დაწყების) თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 1 ნოემბერი. კოდექსის 1921-ე მუხლის, N996 ბრძანების 781-ე მუხლისა (შემდგომში „სადავო აქტები“ ან „სადავო ნორმები“) და N256 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, სავალდებულო მარკირება არ წარმოადგენს გადასახადის სახეობას. ის არ არის აქციზი და შესაბამისად დაბეგვრის სახეობა. განმარტებითი ბარათიდანაც ჩანს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საგადასახადო სამართალწარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელთა კეთილსინდისიერების დაცვის გარანტიას, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს მტკიცებით ის ახდენს გადასახადების გადახდის ჯეროვანების უზრუნველყოფას. და ბოლოს, N996 ბრძანების 112-ე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე, შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. სავალდებულო მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ე.წ. ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია „სიქპას“ შვილობილი კომპანია, რომელმაც, სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის თანახმად, გაწეული მომსახურებისთვის უნდა მიიღოს შესაბამისი საფასური. ამასთან, N996 ბრძანების 112-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე შემოსავლების სამსახურისთვის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება 1,000.00 (ათას) ცალ ერთეულზე 10.00 (ათი) ლარის ოდენობით (დღგ-ს გარეშე). იმ პირობებში, როდესაც ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ქვეყანა ცდილობს ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს, მილიონობით ლარის გადახდა ისეთ სერვისში, რომელიც ხარჯეფექტურობისა და ოპტიმალური საფინანსო გათვლების მიხედვით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ასეთი ქმედება სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ტოლფასია. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების საზღვარგარეთ გადინება (შვეიცარიული კომპანიისთვის თანხების გადახდის შედეგად) ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და კიდევ დამატებით დააწვება ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, რომელიც ყოველგვარი დამატებითი ფაქტორების გარეშეც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს მსგავს თემებზე. მოსარჩელეებმა სცადეს მოეძიათ ინფორმაცია ანალოგიური ტიპის მარკირების პრაქტიკის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სავალდებულო მარკირება არც ერთ წამყვან განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში არ ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები, კერძოდ სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს. ელექტრონული მარკირების მსგავსი სისტემის შემოღება ალბანეთში დაბლოკა პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებით, ხოლო ავსტრალიაში პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი. ორივე ხსენებულ შემთხვევაში, დროულად იქნა იდენტიფიცირებული აღნიშნული თემის ფარული კორუფციული საწყისი, ხოლო დასკვნა იყო ერთადერთი: არააქციზური საქონლის მარკირების ფორმით აღრიცხვა არის აბსოლუტურად არარაციონალური გადაწყვეტა და მომდინარეობს ან კორუფციული ინტერესებიდან ან ცუდი მენეჯმენტიდან.
მარკირების წესის არაკონსტიტუციურობა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს განმარტებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის შინაარსი. საკუთრება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დეფინირებად უფლებას, რომელიც ადამიანის ღირსების წონად კატეგორიად განიხილება (სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II, 5.) სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებაში ვლინდება მეწარმე როგორც სუბიექტი და შესაბამისად, მას დიდი დატვირთვა აქვს სამეწარმეო ურთიერთობების მიზნებისთვის (სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე: შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II, 23). კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები შეიცავენ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მაშინ როცა 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი ეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას. სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, წინამდებარე სარჩელისთვის რელევანტურია საკუთრების უფლების შეზღუდვა, შესაბამისად შესაძლო არაკონსტიტუციურობაც სწორედ 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებაშია დასაბუთებული. საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში. პირველი პუნქტი ადგენს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საკუთრების კონტროლი ხდება საერთო ინტერესებიდან გამომდინარე (სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის #2/5/309,310,311 გადაწყვეტილება, პ.2). ასეთ შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს ამ კონტროლის თანაზომიერებას, რაც გულისხმობს პროპორციულობას მისი განხორციელების საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება, II, 11). გარდა ამისა, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შეიძლება მოხდეს საკუთრების უფლების „შეზღუდვა“, რაც გულისხმობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვას. მისი მასშტაბი ნებისმიერ შეზღუდვას მოიცავს და მაგალითად საგნის ჩამორთმევასაც შეიძლება გულისხმობდეს სამოქალაქო ან საჯარო სამართლებრივი გაგებით. სასამართლო საკუთრების უფლების შეზღუდვის ან კონტროლის შემთხვევებს განიხილავს პროპორციულობის ტესტით. აღნიშნული გულისხმობს რამდენიმე საფეხურიან ტესტს, რომელსაც სასამართლო მიმდევრობით ამოწმებს:
როგორც ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან იქნა ნათლად გამოკვეთილი, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დასახელებული მიზანი არის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის ჯეროვნად უზრუნველყოფა („გამარტივდეს და გაუმჯობესდეს ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვით გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა (კონტროლი) და უშუალოდ ნიშანდების პროცესი“). ზოგადად ეს მიზანი შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი და წარმოადგენდეს ვალიდურ აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებაზე ორიენტირებულ ღონისძიებას. მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან ზოგადად საგადასახადო ადმინისტრირების ჯეროვნად უზრუნველყოფის მიზანს, როგორც ასეთს. მოსარჩელეები, სხვა პარტნიორებთან ერთად, ყოველთვის მხარს უჭერდნენ სახელმწიფოს ისეთ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებული იყო დეკლარაციების, ზედნადებებისა და ფაქტურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლაში. მოსარჩელეების მხარდაჭერა გამოიხატებოდა ხელშეწყობაში, პილოტურ რეჟიმში აქტიურ თანამშრომლობაში და ა.შ. მოსარჩელეები რომ ზოგადად ჯეროვან საგადასახადო ადმინისტრირებას უჭერენ მხარს, კარგად გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მათი მხრიდან არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება საერთოდ არ არის დაკავშირებული იმ ლეგიტიმურ საჯარო მიზანთან, რომლის მიღწევასაც ის ფორმალურად ისახავს. აქედან გამომდინარე, ის მიზნის მიღწევის გამოუსადეგარი საშუალებაა. კერძოდ, ელექტრონულმა საგადასახადო სისტემამ პრაქტიკულად გამორიცხა ფიქტიური დოკუმენტების გამოწერა და აღურიცხავი საქონლის გადატანა, ვინაიდან სისტემაში ჩანს როგორც შექმნილი დოკუმენტი, ასევე გაუქმებულიც და ამასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია. მეწარმე, რომელიც ხშირად აუქმებს/ცვლის ზედნადებებს, ეჭვის ქვეშ ხვდება და თუ ის არაკეთილსინდისიერია, მისი გამოაშკარავება არაპროფესიონალსაც კი არ გაუჭირდება. უფრო მარტივადაა საქმე, თუ არაკეთილსინდისიერი მეწარმე რისკზე მიდის და საერთოდ არ წერს დოკუმენტს და ისე ახდენს საქონლის გადაზიდვას. გარდა ამისა, მოცემულ ბიზნესში კიდევ უამრავი სხვა კომპონენტითაც შეიძლება წარმოების კონტროლი: მინის ტარა, პეტ კაფსულები, ეტიკეტი, თავსახურები, თვითონ წყალი, რომელიც სამი მრიცხველით კონტროლდება მინერალური წყლების შემთხვევაში და ა.შ. (იხ. დანართი N7, ფოტოსურათები და დალუქვის ოქმები). ამ კომპონენტების გარეშე პროდუქციის წარმოება შეუძლებელია, ხოლო მათი რაოდენობა ერთეულების სიზუსტითაა დეკლარირებული დოკუმენტურად, სხვა მწარმოებლების მიერ, გადის საბაჟო კონტროლს და ა.შ. იმისათვის, რომ მოსარჩელეებმა „მარცხენა“ (აღურიცხავი) პროდუქცია გამოუშვან, იმდენ კომპონენტში და ისეთ თვალშისაცემ ტყუილზე უნდა წავიდნენ, რომ ნებისმიერი მაკონტროლებელი აღმოაჩენს და გამოააშკარავებს აღნიშნულს. აქედან გამომდინარე, პატიოსნებას სულ რომ დავანებოთ თავი, არანაირი მოტივაცია არ აქვს არც ერთ მსხვილ მეწარმეს, რომ ამ სფეროში აღურიცხავად იმუშაოს და დანაშაულის გამჟღავნების არარეალურად მაღალ რისკზე წავიდეს რაღაც მცირე მოგების სანაცვლოდ. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზრის 98% მსხვილ და საშუალო მწარმოებლებს უჭირავთ - ეს კონტროლს კიდევ უფრო აადვილებს (იხ. დანართი N8, ბაზრის კვლევები). ამ ფონზე აღრიცხვიანობის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზანი მხოლოდ ნომინალურად გამოიყურება ლეგიტიმურად, ხოლო ქართულ რეალობაში და განსაკუთრებით, არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, მას აქტუალობა თითქმის დაკარგული აქვს, ანუ არ საჭიროებს არავითარ დამატებით რეგულაციას და კონტროლს. ყოველი ზედმეტი და არასაჭირო კონტროლის მექანიზმი ან გამიზნულად კორუფციის წყაროა, ან არაგონივრულად მოფიქრებული ბიუროკრატიზმისა და არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა. ზემოხსენებულს ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2012-2015 წლების სტატისტიკაც ფალსიფიცირებული და აღურიცხავი არაალკოჰოლური სასმელის ბრუნვის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ამ წლების განმავლობაში დაფიქსირდა არაალკოჰოლური სასმელის ფალსიფიკაციის მხოლოდ 11 შემთხვევა, ხოლო აღურიცხავი არაალკოჰოლური სასმელის ბრუნვა საერთოდ არ ფიქსირდება. შესაბამისად, ამ ტიპის პროდუქტთან მიმართებით დარღვევების ფაქტიურად არარსებობის პირობებში გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება არაალკოჰოლური პროდუქციის მარკირება, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგულაციის მიღების მიზანი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით საქონლის ფალსიფიკაციისაგან დაცვა და პროდუქციის აღრიცხვაა, მაშინ როდესაც 3 წლის განმავლობაში ფალსიფიკაციის მხოლოდ 11 შემთხვევა გამოვლინდა და აღურიცხავობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა (იხ. დანართი N9, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისადმი მიმართვა და პასუხი). ეს არგუმენტი კარგად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზანი (ფალსიფიცირების თავიდან აცილება) საქართველოს შემთხვევაში არ არის აქტუალური და არ საჭიროებს ესოდენ მასშტაბური ღონისძიების შემოღებას. ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სრულიად არ არის საჭირო ამ ტიპის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვა და ამოქმედება. მისი საშუალებით კი ხდება საკუთრების უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ეს აუცილებელია. ეს პრობლემურია ორი თვალსაზრისით - ერთი მხრივ სახელმწიფო ხარჯავს საზოგადოების რესურსებს გაუმართლებლად, მეორე მხრივ კი - გამართლების გარეშე იზღუდება და ილახება კერძო პირთა ინტერესები. ე.წ. „მარკირების მომსახურების საფასური“, რომელიც არის საკმაოდ მაღალი, 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ გადაიხდება მეწარმე სუბიექტების მიერ. ცალკეულ კომპანიაზე (მათ შორის თითოეულ მოსარჩელეზე) ეს გამოდის დაახლოებით მილიონ ლარამდე წელიწადში, ხოლო ვალუტის კურსის გაუარესებასთან ერთად - სავარაუდოდ მეტიც, რადგანაც ბრძანება არააქციზური საქონლის მარკირების ნომინალურ ღირებულებას განსაზღვრავს უცხოურ ვალუტაში - ევროში. ამ ყველაფერთან ერთად, აღნიშნული საფასური გადაიხდება არა ბიუჯეტის, არამედ კერძო კომპანიის სასარგებლოდ. თვით სახელმწიფომაც კი რომ გადაიხადოს აღნიშნული საფასური სამომავლოდ სრულად, ეს ტვირთი იმდენად მძიმეა, რომ მისი გამართლება მხოლოდ იმ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, თუ არაალკოჰოლური სასმელების მთელი ბაზრის 10% და მეტი იქნებოდა აღურიცხავი, რასაც საქართველოში ადგილი არა აქვს. N256 ბრძანებით კი ეს ტვირთი მთლიანად მეწარმეებზე გადმოდის 2016 წლის 1 იანვრიდან. უფრო მეტიც, აღნსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა საწარმოები ამჟამადაც ახდენენ გამოშვებული პროდუქციის მარკირებას, როდესაც თითოეულ ბოთლზე დაიტანება გამოშვების თარიღი და პროდუქციის ნომერი. არსებული მარკირების პროცესი მიმდინარეობს მაღალი ხარისხითა და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით. საგულისხმოა, რომ ამგვარი მარკირების საფასური თითოეული ერთეულისათვის შეადგენს 0.0328 თეთრს, მაშინ როდესაც მარკირების შემოღების შემთხვევაში ხარჯი თითოეული ერთეულისათვის შეადგენს დაახლოებით 1.2 თეთრიდან 1.43 თეთრამდე (მინერალური და მტკნარი წლისა და სხვა არაალკოჰოლური სასმელებისათვის), თანაც ეს მონაცემები შესაძლოა გაიზარდოს იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ევროს კურსი ლართან მიმართებაში. თუკი შევადარებთ პროდუქციის მარკირების მოსარჩელეების მიერ დღეს გაწეულ და სამომავლო ხარჯებს, განსხვავება უზარმაზარია და ერთმანეთისაგან 45-ჯერ განსხვავდება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალი რეგულაციებით მეწარმეებს 45-ჯერ მეტის გადახდა მოუწევთ თითოეული ერთეულის მარკირებისათვის, ვიდრე დღეს უჯდება მას პროდუქციის მარკირება (იხ. დანართი N10, სს „წყალი მარგებელის“ მიერ გაცემული ცნობა). ასევე მაგალითისთვის, ერთ-ერთ მოსარჩელეს, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, რომელიც 2013-2015 წლების მონაცემებზე დაყრდნობით წელიწადში საქართველოს ბაზრისთვის აწარმოებს საშუალოდ 112,667,101.00 ბოთლ უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელს (იხ. დანართი N11, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 2015 წლის 7 დეკემბრის წერილი), წელიწადში მოუწევს დაახლოებით 1,352,005.00 ლარის გადახდა (112,667,101.00 ბოთლი გამრავლებული სულ მცირე 1.2 თეთრზე). ანალოგიური მონაცემი სხვა მოსარჩელის, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ შემთხვევაში წარმოადგენს 901,902.00 ლარს (იხ. დანართი N12, წელიწადში საშუალოდ 75,158,528.00 ბოთლი გამრავლებული სულ მცირე 1.2 თეთრზე). ამასთან, შემოთავაზებული მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი არის ტექნიკური შეფერხებების მაღალი რისკი. კერძოდ, ხაზზე დამაგრებული ელექტრონული მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლა ან არასწორი მარკირება (პროდუქტის გამოტოვება, აცილება), რაც დაბალი წარმადობის ლუდის ხაზებზეც ხშირად ხდება და მით უმეტეს, დიდია მისი რისკი მაღალი წარმადობის (44 ათასი ბოთლი/საათში) არაალკოჰოლური სასმელების ხაზებზე, გამოიწვევს ხაზის გაჩერებას, ვიდრე არ აღმოიფხვრება გაუმართაობა. გაუმართაობა შეიძლება აღმოიფხვრას ერთ საათში ან მომდევნო დღეებში, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე. მისი აღმოფხვრის უფლება აქვს მხოლოდ მარკირებისთვის შერჩეულ პირს და მის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს ექსკლუზიური წვდომა მარკირების დალუქულ აპარატთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაუმართაობა აღმოიფხვრა ერთ საათში, კომპანია მიიღებს საკმაოდ დიდ ზიანს. ხოლო თუ გაუმართაობის აღმოფხვრას რამდენიმე დღე დაჭირდა და ასეთი პრეცედენტები წელიწადში რამდენჯერმე განმეორდა, ეს მეწარმისთვის იქნება კატასტროფის ტოლფასი. N996 ბრძანების 781-ე მუხლის მე-8 პუნქტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 3 საათის განმავლობაში შეჩერდეს მარკირების აპარატის გამო წარმოება („იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, შეუძლებელია სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე“). სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 1 სექტემბრის დასკვნით დასტურდება (იხ. დანართი N13, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004575414 დასკვნა), რომ შეიძლება მარკირების აპარატმა მოახდინოს გარკვეული საგნების გამოტოვება და მარკირების გარეშე გატარება. აღნიშნული ექსპერიმენტი ჩატარდა ლუდის წარმოების ხაზზე, მაგრამ არაალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში პროცედურა და ადმინისტრირება იდენტურია. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაშიც მოცემული დასკვნა აბსოლუტურად რელევანტურია. მნიშვნელოვანი საკითხია ასევე დაუმარკავი პროდუქციის სანქციების რისკი. მეწარმეს არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად გააკონტროლოს დაიმარკა თუ არა პროდუქცია და რამდენად სწორად დაიმარკა. არის მხოლოდ მარკირების აპარატის შემადგენელი კომპონენტი - დეტექტორი, რომელიც აფიქსირებს მარკირების სისწორეს. თუ ეს დეტექტორი მწყობრიდან გამოვიდა, ის ისე გაატარებს ჩამოსხმის პროცესში პროდუქციას, რომ საერთოდ არანაირ სიგნალს არ მისცემს, ხოლო მეწარმე, რომელსაც არანაირი წვდომა მარკირების სისტემასთან არ გააჩნია, ვერანაირად ვერ შეიტყობს ამგვარი ხარვეზის არსებობის შესახებ და ეგონება, რომ წარმოების პროცესმა წარმატებით ჩაიარა და პროდუქცია დაიმარკა. ამასთან, მარკირების აპარატი შესაძლოა ხაზის კონვეიერთან სინქრონიზაციის დარღვევის გამო ბოთლებს შორის ასხურებდეს მელანს (ბოთლის თავსახურის ნაცვლად) და წარმოების ბოლოს მონაცემები ისე აჩვენოს, თითქოს ყველაფერი დამარკა. ამის ალბათობა და შესაძლებლობა დიდია, ვინაიდან მაღალი სიჩქარის ხაზები, რომელიც საკმაოდ რთული სისტემით მოქმედებს და მუდმივად ახდენს კონვეიერის სიჩქარის კორექტირებას (ხაზის სიჩქარე მუდმივი არაა - ხან მეტია, ხან ნაკლები, და სხვადასხვა უბნებზეც განსხვავებულად იცვლება, იმისდამიხედვით თუ ხაზმა სად დააფიქსირა პროდუქციის ე.წ. „საცობი“, სად ზედმეტად სწრაფად გავიდა და ა.შ.), ხოლო მარკირების აპარატსა და ჩამომსხმელ ხაზს შორის სინქრონიზაციის დარღვევა მარტივად შესაძლებელია. შედეგად, მეწარმე ვერანაირი მექანიზმით და საშუალებით ვერ გაიგებს, რომ პროდუქცია მარკირებული არაა და სარეალიზაციოდ გაუშვებს მას. ამის შედეგად კი იგი მკაცრ სანქციებს მიიღებს და ვერაფრით შეძლებს დაამტკიცოს სინამდვილეში რა მოხდა. ფინანსურ სანქციებთან ერთად ეს იქნება მნიშვნელოვანი ზიანი და დარტყმა მეწარმის რეპუტაციაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებას (იხ. დანართი N14, სასამართლო გადაწყვეტილებები). მათი საერთო ანალიზით იკვეთება ის ფაქტი, რომ მარკირების აპარატის შეცდომის გამო, კომპანიებს უწევთ ჯარიმების გადახდა. წარმოდგენილი პრაქტიკა ეხება ლუდის წარმოებას, მაგრამ არაალკოჰოლური სასმელების მარკირების მიმართაც იგივე ტექნოლოგია გამოიყენება. ამასთან, არაალკოჰოლური სასმელების მარკირებისას არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია ჯერ ვერ იქნება დაგროვილი ამ სფეროში მარკირების ამოქმედებიდან გასული დროის სიმცირის გამო, თუმცა პროცესის მსვლელობისას შეიძლება ეს მონაცემებიც წარმოვადგინოთ. საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზით მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება. მწარმოებელ კომპანიებს უწევთ პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. მარკირების განმახორციელებელი დანადგარის მიერ თუ ხდება დაუმარკავი საქონლის გატარება, ეს არ უნდა აზარალებდეს კომპანიებს. ამ შემთხვევაში თითქმის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობამდე დავდივართ. ლუდის მწარმოებელი კომპანიების მაგალითზე სასამართლომ სამართალდამრღვევად მიიჩნია კომპანიები, რადგან დაუმარკაობა გამოწვეული იყო საწარმოო ხაზზე ამომგდები სისტემის (რაც მწარმოებლის ვალდებულებად იქნა მიჩნეული) გაუმართაობით. მწარმოებლის მიერ წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულება (იხ. დანართი N13, N004575414 დასკვნა), რითაც დასტურდება, რომ ამომგდები სისტემის მუშაობის მიუხედავად მაინც ხდება დაუმარკავი საქონლის გატარება. ამის მიუხედავად, საწარმო მაინც სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული. ეს კი ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის ძალიან საშიში პრეცედენტებია, რომელთაც სრული განუკითხაობის გამოწვევა შეუძლიათ, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად ვერ მიაკვლია საერთო სასამართლოების მხრიდან მათი დაშვების რეალურ მიზეზს. ეს მიზეზი არასწორ რეგულაციებშია, რომელთაც უბიძგეს საერთო სასამართლოებს ამ რეგულაციების შესაბამისი, მაგრამ კონსტიტუციის პრინციპებთან (42-ე მუხლი) შეუსაბამო გადაწყვეტილებები გამოეტანათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც კონსტიტუციასთან შესაბამისი. ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება, ანუ მარკირების წესი, ვერ ახდენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას პრაქტიკულად. ერთის მხრივ იგი არაეფექტურია კონტროლის ნაწილში და ასევე, მეწარმე სუბიექტებს გაუმართლებლად მაღალი ფინანსური ვალებულებები ეკისრებათ (ბრალის გარეშე). ამის გამო იგი გამოუსადეგარი საშუალებაა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებთან, ასევე 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით. გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სადავო ნორმები ადგენს საკუთრების უფლების არა ყველაზე ნაკლებ შემზღუდველ ღონისძიებას. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მეწარმეებს უწევთ საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთის და მნიშვნელოვანი რისკების აღება სავალდებულო მარკირების განხორციელებისთვის. ამის ალტერნატივად შესაძლებელია სხვა, გაცილებით ეფექტური და ფაქტობრივად უდანახარჯო სისტემის ამოქმედება, რაც საერთოდ გამორიცხავს სამომავლოდ ნებისმიერ უკანონობას. კერძოდ, მოსარჩელეებმა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მრავალჯერ შესთავაზეს მარკირების ალტერნატიული მექანიზმი (იხ. დანართი N15, აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემის პრეზენტაცია), რომელიც აღრიცხვიანობაზე გაცილებით სრულ ინფორმაციას მიაწვდიდა შემოსავლების სამსახურს, იქნებოდა უდანახარჯო, უტყუარი და აღრიცხავდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმოქცევაში გაშვებულ პროდუქციას, არამედ ექსპორტსაც (რასაც სავალდებულო მარკირება ვერ უზურნველყოფს). ჩვენს მიერ შეთავაზებულია აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება შემოსავლების სამსახურის სერვერთან და ონლაინ რეჟიმში მიაწვდის სერვერს ინფორმაციას თითოეული ჩამოსხმული ბოთლის შესახებ, ჩამოსხმის ზუსტი დროისა და კოდის/სერიის მითითებებით. ზემოაღნიშნული ინფორმაცია თავს მოიყრის შემოსავლების სამსახურის ბაზაში და საშუალებას მისცემს მაკონტროლებლებს აწარმოონ ზუსტი აღრიცხვა და მწარმოებლის მიერ ელექტრონულად დეკლარირებული მონაცემების გადამოწმება. შემოსავლების სამსახურს ასევე მიეცემა შესაძლებლობა შერჩევითად შეამოწმოს ბაზარზე არსებული საქონელი მონაცემთა ბაზაში მათ შესახებ ჩანაწერის არსებობაზე. აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემის ჩამომსხმელი ხაზის მთვლელი აღრიცხავს თითოეულ გატარებულ ჩამოსხმულ ბოთლს. ხაზებზე დაყენდება/დაინსტალირდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ექნება დაცული ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურის სერვერთან. ინფორმაციის გადაცემის გარეშე ჩამოსხმა პროგრამულად გამოირიცხება. მაკონტროლებელს ექნება დისტანციურ რეჟიმში კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. დამატებითი კონტროლისთვის შეიძლება ონლიან კამერების მონტაჟიც. პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემა თვითონ საწარმოო ხაზის ნაწილია, ამიტომ არ/ვერ შექმნის პრობლემებს და იქნება ძალიან მარტივი მწარმოებლებისთვის. ასევე იგი გაუადვილებს კონტროლს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს. ეს გაცილებით უფრო შორეულ ხედვაზე გათვლილი ელექტრონული მექანიზმია, რომელიც წლების მანძილზე არ დაკარგავს აქტუალობას, ვიდრე მარკირება, რომელმაც შექმნის დღიდანვე პრობლემები და გაუმართაობები გამოავლინა და მაინც ჯიუტად, დაუსაბუთებლად არ უნდათ მისი დათმობა. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სისტემას ფაქტიურად არანაირი დამატებითი ფინანსური რესურსი არ ჭირდება, მხოლოდ მომსახურების მცირე ხარჯი (როგორიცაა ელექტროენერგია, მონაცემთა გადაცემისთვის ინტერნეტი და სხვა თანმდევი). ამის საპირისპიროდ, ელექტრონული მარკირება საწყის ეტაპზე ბიუჯეტს და შემდგომ მწარმოებლებს დაუჯდებათ მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად. მარკირების დანადგარი არ არის ჩამომსხმელი ხაზის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ მისი ხაზთან სინქრონიზაცია მუდმივი პრობლემების წყაროა და იწვევს შეფერხებებს. შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს რა ზემოაღნიშნულ პრობლემებს, იძულებულია მარკირების დანადგარის ხარვეზიანი მუშაობის შედეგად დაუმარკავი (მწარმოებლის მიერ შეტყობინებული) სხვაობა მხედველობაში მიიღოს და მწარმოებელი ამ სხვაობაზე არ დააჯარიმოს (N996 ბრძანების 812-ე მუხლი, მე-2 პუნქტი, „მ“ ქვეპუნქტი), რაც საკონტროლო შემოწმების დროს ქმნის აღურიცხავი საქონლისა და დაუმარკავი, მაგრამ შეტყობინებული საქონლის ერთმანეთისგან განსხვავების შეუძლებლობის რეალურ რისკს, გამომდინარე იქიდან, რომ ქსელში მოხვედრილი ყველა ბოთლის შემოწმება და ნამდვილი სხვაობის უტყუარად გადამოწმება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის მარკირება კონტროლის უვარგისი და თვითმოტყუებაზე ორიენტირებული მექანიზმი. იმისათვის, რომ მარკირებამ შეფერხება არ გამოიწვიოს „სიქპა”-ს (მარკირებისთვის შერჩეულ პირს) მუდმივად უწევს, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს მწარმოებელთან, რაც გაუგებარს ხდის, რაში მდგომარეობს ამ სისტემის ავტომატიზირებულობის კონცეფცია. ყველა ამ რისკის დაზღვევას ახდენს აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემა. დანართის სახით წარმოგიდგენთ ცნობილი და მოწინავე საერთაშორისო კომპანიის „კრონესის“ (Krones) წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა მიერ დამონტაჟებული საწარმოო ხაზები სრულად იძლევა ინტეგრირებული კონტროლის საშუალებას (იხ. დანართი N16, „კრონესის“ წერილები). საქართველოში შიდა ბაზრისთვის წარმოებულ პროდუქციას ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინტეგრირებული სისტემა და ელექტრონული მარკირებაც ფარავს, მაგრამ განსხვავებით მარკირებისგან, ინტეგრირებული სისტემა დამატებით ფარავს ექსპორტსაც. ელექტრონული მარკირება იმდენად ძვირადღირებულია, ექსპორტზეც რომ გავრცელებულიყო, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა საკუთრების უფლება იზღუდება გაუმართლებლად და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. სადავო აქტებით განსაზღვრული საშუალება არ არის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი გამოსადეგი საშუალება. პარალელურად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ღონისძიება არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცულ სფეროში ჩარევის ყველაზე ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებას. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია სხვა ალტერნატიული ღონისძიება, რომელიც საკუთრების უფლების ნაკლებ შემზღუდველი საშუალებაა, უფრო ეფექტურია საგადასახადო ადმინისტრირების მიზნებისთვის და სახელმწიფოს მხრიდანაც უფრო მცირე დანახარჯს მოითხოვს.
მარკირების წესის არაკონსტიტუციურობა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თავისუფალი მეწარმეობა გულისხმობს ყველა პირის უფლებას თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობა, მისი ესა თუ ის სახე და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება, II, 3). ეს უფლება პარალელურად ვალდებულებას უდგენს სახელმწიფოს შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისთვის. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება, II, 4). პარალელურად იმავე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ თავისუფალი კონკურენციის არსებობისა და განვითარების სამართლებრივი გარანტიები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი სამართლებრივი ნორმებისა და ინსტიტუტების შექმნის ვალდებულებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მეწარმეობის თავისუფლების განვითარებას, ქონებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ფორმალურ თანასწორობას, კერძო საკუთრების დაცვას, შეთანხმების თავისუფლებას, დარღვეული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, მეწარმე სუბიექტების მიერ კონკურენტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობის აღიარებას და სახელმწიფოს მხრიდან, კონკურენციისადმი სხვა დახმარებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით (inter alia, საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება), მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია, როდესაც სახეზეა ლეგიტიმური საჯარო მიზანი, გამოყენებული საშუალება ვარგისია მიზნის მისაღწევად, და უფლებაში ჩარევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით ხდება. სასამართლომ განაცხადა, რომ არ შეიძლება მხოლოდ კონკრეტული სფეროს მართვის გამარტივების მოტივით იმგვარი რეგულაციის მიღება, რომელიც შესაბამის სუბიექტს შეუზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით რელევანტურია ყველა ის მსჯელობა, რომელიც წარმოდგენილ იქნა ზემოთ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სადავო აქტები მათ მიერ იდენტიფიცირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოუსადეგარი საშუალებაა და ამ კუთხით მეწარმეობის თავისუფლების არაკონსტიტუციურ შეზღუდვას ვიღებთ სახეზე. ამასთანავე, სავალდებულო მარკირება წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არა ყველაზე ნაკლებ შემზღუდველ ღონისძიებას და შესაბამისად ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიას. პარალელურად, მარკირების წესი ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ კანონმდებლობით მხოლოდ და მხოლოდ არაალკოჰოლური წყლების სეგმენტის შერჩევა ხდება სავალდებულო მარკირების განხორციელებისთვის. ანუ თავად არააქციზურ საქონლად საგნის გვარეობითი შერჩევის სისტემა არის ბუნდოვანი და გაუგებარი. კოდექსი არ შეიცავს საკმარის რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საგნები უნდა დაექვემდებაროს სავალდებულო მარკირებას. ამ კუთხით სახელმწიფოს ფართო დისკრეცია აქვს და მას შეუძლია ნებისმიერი საგანი მოაქციოს ამგვარი რეგულირების ქვეშ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით. კოდექსის 1921-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს ფინანსთა მინისტრს დელეგირებული აქვს არააქციზური საქონლის ნუსხისა და მარკირების პირობების განსაზღვრის წესი, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს სავალდებულო მარკირებას. ასეთი უფლებამოსილების დელეგირება უკვე თავშივე ქმნიდა დისკრიმინაციის შესაძლებლობას და რეალურ საფრთხეს შეიცავდა ამ მიმართულებით, რაც შემდგომში განხორციელდა კიდეც. კერძოდ, ფინანსთა მინისტრმა გამოსცა N256 ბრძანება, რითაც განსაზღვრა, თუ რა ითვლება არააქციზურ საქონლად და ასევე დაადგინა მარკირების პირობები. N996 ბრძანების 781-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები), ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხა და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღი. ამ შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ექვემდებარებიან უფრო მკაცრ რეგულაციას, უფრო მეტ სამომხმარებლო ტვირთს, ვიდრე მაგალითად საკვები პროდუქტების ან ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლები (მათ შესაბამისად ნაკლები ფინანსური ვალდებულება ეკისრებათ, ანუ ანალოგიური ფინანსური ტვირთი სხვა სახეობის არააქციზურ საქონელს არ აწევს). თუკი მათ შემთხვევაში შესაძლებელია საგადასახადო ადმინისტრირება მარკირების გარეშე, გაუგებარია, რა საჭიროა იგივე არაალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში არაალკოჰოლური წყლების წარმოება არაკონკურენტულ გარემოშია მოქცეული და უსაფუძვლოდ ზღუდავს მოსარჩელეთა სამეწარმეო თავისუფლებას. შეზღუდვა გამოიხატება წარმოების პროცესში მეტი ფინანსური ვალდებულების დაკისრებაში. მოსარჩელეებს უწევთ დამატებითი თანხის გადახდა მესამე პირისთვის, რათა აღრიცხონ პროდუქცია, მაშინ როცა ამგვარი დიფერენცირების არავითარი სამართლებრივი საფუძველი ან სხვაგვარი დასაბუთება არ არსებობს. თუკი არაალკოჰოკური სასმელების მიმართ არსებობს ჯეროვანი საგადასახადო ადმინისტრირების მიზანი და არსებული მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამის მიზნებს, გაუგებარია, რატომ არ არის აუცილებელი აღნიშნული იგივე მიზანი სხვა სამეწარმეო სფეროების მიმართ. ამ თვალსაზრისით ირღვევა თანასწორობა სამეწარმეო სფეროში და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები აშკარად უარეს მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი. თანასწორობა ამ შემთხვევაში მეწარმეობის თავისუფლების კომპონენტია და საკითხის შეფასება მის ფარგლებში უნდა მოხდეს. თუკი სასამართლო არ მიიჩნევს თანასწორობის კომპონენტს საკუთრების უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში, მაშინ სადავო აქტები ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს. სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობის შესაფასებლად იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან მკაცრ ტესტს. მკაცრი ტესტის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც დიფერენცირება მაღალი ხარისხის არის ან კონსტიტუციით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა. „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, და არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ახდენს დიფერენცირებას არაალკოჰოლურ სასმელებსა და სხვა სახის პროდუქციის წარმოებას შორის. ისინი არსებითად თანასწორნი არიან და სახელმწიფო მათ მიმართ არათანაბარ მოპყრობას ახორციელებს. მათი თანასწორობა გამოიხატება იმაში, რომ ისინი ახორციელებენ მეწარმეობას, ორიენტირებულნი არიან მოგებაზე, მათი საწარმოო საქმიანობის ფორმა (მაგალითად პროდუქციის გამოშვება, შესაბამისი დანადგარები, ხაზები) მსგავსია და შესაძლო გადასახადების ადმინისტრირების პრობლემა მათ შემთხვევაშიც რელევანტურია. ხშირ შემთხვევებში ისინი ურთიერთჩანაცვლებად პროდუქტსაც წარმოადგენენ (მაგ. ნაყინს შეუძლია გამაგრილებელი სასმელის ჩანაცვლება). უთანასწორობა გამოიხატება იმაში, რომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს უწევთ დამატებითი ფინანსური ტვირთის გაღება და შესაბამისად იზღუდება მათი კაპიტალი. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციის საგანი არის მეწარმეობის სფერო, რაც არ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ მოხსენიებულ საფუძველს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დიფერენცირების ხარისხი განაპირობებს ამ შემთხვევაში მკაცრი ტესტის გამოყენების აუცილებლობას. სამეწარმეო სფეროები საგრძნობლად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი და ძალზე დიდია ის ფინანსური ტვირთი, რომელიც მოსარჩელეებს და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფ ორგანიზაციებს ეკისრებათ. მასობრივი წარმოების პირობებში ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თანაც ეს ფინანსური ტვირთი არ არის გადასახადი, რომელიც საყოველთაო მიზნობრიობით ხასიათდება, არამედ, წარმოადგენს კერძო პირის მიმართ გადასახდელ თანხას (კონტრაჰირების იძულება). სასამართლოს პრაქტიკით, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან და რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. სახელმწიფო აკისრებს არაალკოჰოლური წყლების მწარმოებელ კომპანიებს (მოსარჩელეებს) საკმაოდ მაღალ ფინანსურ ტვირთს. თითოეულ მოსარჩელეს დაახლოებით 1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური ხარჯი ექნება წლის განმავლობაში თავიანთი გათვლებით. ამ თანხის გამოყენება შესაძლებელია წარმოების ამაღლების, მისი გაფართოების, ხარისხის გაუმჯობესებისა და სხვა მიზნებისთვის. ამ თანხას სხვა სფეროში მოღვაწე საწარმოები იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის და მათ იგივე ტვირთი არ აკისრიათ. სახელმწიფოს არ აქვს აბსოლუტური აუცილებლობა იმისა, რომ გამოიყენოს ამგვარი საგადასახადო ადმინისტრირების წესი. სარჩელში არაერთგზის იქნა დასახელებული სხვა ალტერნატიული მეთოდები, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ამ ან სხვა სფეროს მეწარმეები, თუ მას არსებული საგადასახადო აუდიტისა და კონტროლის მეთოდები არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, სადავო აქტები ადგენენ დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ და ამ უთანასწორობას არ აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება მისი მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე.
სავალდებულო მარკირების განმახორციელებელი კომპანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რელევანტურია სარჩელისთვის, არის სავალდებულო მარკირების განმახორციელებელი კომპანია. აპრიორი მის შესახებ ინფორმაცია არ შეიცავს კონკრეტული არაკონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობას ან მის საწინააღმდეგო არგუმენტაციას. მაგრამ ჩვენს მიერ სარჩელში იქნა ხაზგასმული იმის შესახებ, რომ არსებული სისტემა შეიცავს კორუფციის რისკებს. აღნიშნულის დასტურად წარმოგიდგენთ შესაბამის არგუმენტაციას და მტკიცებულებებს. 2011 წელს შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ტენდერი „საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ინტეგრირებადი სისტემა“, რომლის მიზანი იყო აქციზური და არააქციზური საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის მონიტორინგის უზრუნველყოფა. 2011 წლის 10 ნოემბერს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარულმა კომპანიამ SICPA Security Solutions SA. 2012 წლის 03 თებერვალს ზემოაღნიშნულმა გამაჯვებულმა შვეიცარულმა კომპანიამ და შემოსავლების სამსახურმა გააფორმეს ხელშეკრულება. 2012 წლის 06 თებერვალს გამარჯვებულმა შვეიცარულმა კომპანიამ დააფუძნა ქართული შვილობილი საწარმო - შპს სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია (ს/ნ 404415290). ზემოხსენებული კონკურსის ერთ-ერთი მთავარი საკვალიფიკაციო მოთხოვნა იყო პრეტენდენტის ხუთწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში (იხ. დანართი N17, კონკურსის სახელმძღვანელო პირობების მე-11 გვერდი). შვეიცარულმა კომპანიამ „SICPA Security Solutions SA“ ამ კონკურსში ისე გაიმარჯვა, რომ არ გააჩნდა არათუ 5 წლიანი გამოცდილება, არამედ ხუთი წლის არსებობის ისტორიაც კი, რადგან იგი დაფუძნებული არის შვეიცარიაში 2008 წლის 04 აპრილს (იხ. დანართი N18, ამონაწერი, ხელმისაწვდომია ასევე ელექტრონულად ვებ-გვერზდზე http://www.rc2.vd.ch/registres/hrcintapp-pub/externalCompanyReport.action?companyOfrcId13=CH-550-1054010-2&ofrcLanguage=4). ამ მნიშვნელოვანი დარღვევის ფონზე, ცხადია, ჩნდება კითხვები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვხდით სადავოდ სიქპასთან დადებულ კონტრაქტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. არ გვსურს ასევე რაიმე ბრალდება წავუყენოთ რომელიმე მხარეს და ამით დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ წარმოვადგენთ და ვაჟღერებთ იმ ლეგიტიმურ შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ პირს ჩატარებული კონკურსიდან გამომდინარე. შეკითხვებს და ეჭვებს აღრმავებს საკანონმდებლო დონეზე პრაქტიკულად ძირეული რეფორმის ტოლფასი რეგულაცია, რომელიც თავად ძალიან ზედაპირულ მითითებებს შეიცავს და სანაცვლოდ სრულ კარტ-ბლანშს ფინანსთა სამინისტროს აძლევს. სიქპასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახური იღებდა ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფდა ყველა საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ ცვლილებას მოქმედ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება სცილდება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას, თუმცა დავინახეთ, რომ ისინი განხორციელდა. თუ არა არაკეთილსინდისიერი ინტერესები, ვის შეეძლო გამარჯვებულად გამოეცხადებინა ტენდერის პირობებთან აშკარა შეუსაბამობაში მყოფი სუბიექტი, შემდგომ კი ამ სუბიექტისთვის მიეცა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე გარანტია-დაპირებები?! ამ შემთხვევის განზოგადებით ნათლად დავინახავთ, რომ ამგვარი მიდგომები ქმნის კორუფციის მაღალ რისკს (ალბათობას). როცა ჩვენს მიერ წარმოდგენილია გამართული პროცედურა, რომელიც ზუსტად აკონტროლებს საგადასახადო მიზნებისთვის წარმოებას და აღნიშნული არ საჭიროებს გაუმართლებლად მაღალ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, გაუგებარია რატომ ხდება იმგვარი მოდელის შემოთავაზება ფინანსთა სამინისტროს მიერ, სადაც პროცესში ჩართულია მესამე პირი.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა სადავო აქტების არაკონსტიტუციურობა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში. არააქციზური საქონლის (არაალკოჰოლური სასმელების) სავალდებულო მარკირების წესის შემოღება და ამ მომსახურებისთვის მოსარჩელეების მიერ კოლოსალური ხარჯების გაწევა არის არასამართლიანი და არარაციონალური. სარჩელში თვალნათლივ იქნა დასაბუთებული, რომ მარკირების წესის ამოქმედება გამოიწვევს შესაბამისი პროდუქციის გაძვირებას, იმპორტულ პროდუქციასთან ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის შემცირებას, ინვესტიციების შეჩერებასა და ბიზნეს-გარემოს გაუარესებას. მიუხედავად ფალსიფიკაციის და აღრიცხვიანობის კუთხით არსებული სტატისტიკისა, რომელიც ამ სფეროში რაიმე მასშტაბურ ან მასთან მიახლოებულ დარღვევებსაც კი გამორიცხავს, მოსარჩელეები მაინც გაგებით ეკიდებიან სახელმწიფოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს უნდა აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა. თუმცა, ამასთანავე, სახელმწიფომაც უნდა გაითვალისწინოს ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ თითოეული მოსარჩელის განკარგულებაშია უახლესი ტექნოლოგიური ბაზა, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და ვითარდება. შესაბამისად, დღესდღეობით მოსარჩელეთა ჩამომსხმელი ხაზები აღჭურვილია სისტემებით, რომლის ამუშავების შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას თითოეული ჩამოსხმული ბოთლის შესახებ. ინფორმაციის სისწორე და მისი გადაცემის გარეშე პროდუქციის წარმოების შეუძლებლობა გარანტირებული იქნება სპეციალური დაცული პროგრამული უზრუნველყოფით. თუ ეს გამოვიდა rs.ge-ს და ასიკუდას (საბაჟო კონტროლისა და დეკლარირების პროგრამა) შემთხვევაში და მუშაობს იდეალურად, რატომ ვერ წარმოუდგენია სახელმწიფოს, რომ ანალოგიური გაამართლებს აღრიცხვიანობის დამატებითი კონტროლისთვისაც. მოსარჩელეებს სურთ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს აღრიცხვიანობის ეფექტური და პრაქტიკულად უდანახარჯო სისტემის დანერგვაში. მოსარჩელეები თავად დააფინანსებენ ამ სისტემის დანერგვის ხარჯებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა