"შპს მთავარი არხი", "შპს ტელეკომპანია პირველი", "შპს ტელეკომპანია კავკასია", "შპს ფორმულა", ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1537 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | "შპს მთავარი არხი", "შპს ტელეკომპანია პირველი", "შპს ტელეკომპანია კავკასია", "შპს ფორმულა", ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა, ქეთევან დევდარიანი |
თარიღი | 14 სექტემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“
ბ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილი; 2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მე-4 და მე-5 პუნქტები 3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები, მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მესამე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეუნქტები და მე-4 პუნქტი 4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადება - „მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 ან 562მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.“, მე-4 და მე-6 პუნქტები; 5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მეორე და მესამე წინადადების, მე-3 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კანონის 561ან 562 მუხლებითა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლის სანქიცირების ზოგადი წესის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, მეორე პუნქტი და მესამე პუნქტის პირველი და მეორე წინადადება; საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მეორე პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე, 311 და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. წარმოდგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმით, ერთვის ყველა აუცილებელი რეკვიზიტი და დანართი;
ბ) კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. მოსარჩელეები შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“ და შპს „ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირები არიან. სადავო ნორმები ადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების ვალდებულებებს (მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთვსებული მასალის შინაარსობრივ მოთხოვნებს) და მათი დარღვევის შემთხვევაში აწესებს შესაბამის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმები უშუალო გავლენას ახდენს მათ უფლებებზე და შეიცავს მათი, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების, ცენზურის აკრძალვის კონსტიტუციური მოთხოვნის დარღვევის აშკარა საფრთხეს. ამასთანავე, მოსარჩელეები ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი წარმოადგენენ, მათ შორის, სატელევიზიო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერს, რეჟისორსა და სცენარისტს. სატელევიზიო სერიალი გადაიცემა შპს „ფორმულას“ ეთერში, შესაბამისად, სადავო ნორმები აწესებს მათი შემოქმედების საზოგადოებამდე მიტანის შინაარსობრივ ბარიერს და ქმნის მათი შემოქმედების თავისუფლების დარღვევის აშკარა საფრთხეს. ამიტომ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ისინი უფლებამოსილნი არიან, იდავონ სადავო აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ) კონსტიტუციურ სარჩელი დასმული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი/მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-20 და 31-ე მუხლებით.
ვ) ამ ტიპის კონსტიტუციური სარჩელისთვის კანონით დადგენილი არ არის შეტანის ვადა.
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული საკანონმდებლო აქტები
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. სადავო ნორმების შინაარსი და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
i. ა. სადავო ნორმების შინაარსი
ბავშვის უფლებათა კოდექსის სადავო ნორმები
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.
ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის დეფინიციას ვხვდებით ამავე კოდექსის მესამე მუხლის „პ“ ქვეპუნქტში - ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი.
მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტი კანონმდებლობის ჩამონათვალთან ერთად, უთითებს, რომ მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს „სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“ შესაბამისად, კომისას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალური რეგულირების არსებობის გარეშე აქვს შესაძლებლობა მაუწყებლებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მოთხოვნების დაცვა მოსთხოვოს. ამიტომ, წინამდებარე ნორმა იმავე ნეგატიური ეფექტის მატარებელია მოსარჩელეთა უფლებებზე, როგორც მაუწყებლობის შესახებ კანონის სპეციალური ნორმები.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის თანხმად:
1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა.
ნორმა მაუწყებლებს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვის ვალდებულებას ადგენს. ის გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას აწესებს. მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის“ ფილტრს უწესებს. ასეთი ინფორმაციის შინაარსს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მესამე მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ადგენს. შესაბამისად, კომისიას შეუძლია მაუწყებელს ცალკე აღებული ამ ნორმის მოთხოვნათა დაცვა მოსთხოვოს და ინფორმაციის შინაარსის განსაზღვრისას „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დადგენილი განმარტებებით იხელმძღვანელოს.
2. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
მიუხედავად იმისა, რომ 562 მუხლი კიდევ უფრო დეტალურად ჩამოთვლის ბავშვისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შინაარსს, წინამდებარე ნორმას ავტონომიურად აქვს რესურსი მაუწყებლის მიერ გადაცემულ კონტენტს შინაარსობრივი ჩარჩო დაუდგინოს.
3. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
იგივე ბუნება აქვს 561 მუხლის მესამე პუნქტს, რაც მეორეს. ის ავტონომიურად განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის შინაარსობრივ რეგულირებას. შესაძლოა სადავო ნორმები ისე აღიქმებოდეს, რომ 561 მუხლით დადგენილ ზოგად შინაარსობრივ რეგულირებას, 562 მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა, აზუსტებდეს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ 561 მუხლით დადგენილი ზოგადი შინაარსობრივი რეგულირება ავტონომიურადაც მოქმედებს.
4. მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად.
წინამდებარე ნორმა მაუწყებლებს მათი პროგრამის ან პროგრამაში მასალის განთავსების შინაარსობრივ რეგულირებას განსაზღვრავს და მას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562მუხლს უკავშირებს. ამასთან, ნორმა მაუწყებლის პროგრამას შინაარსობრივად ზღუდავს დროშიც და ამ შეზღუდვას ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს უკავშირებს.
5. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:
ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე;
გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.
წინამდებარე ნორმა მოქმედებს ამავე მუხლის სხვა შეზღუდვებთან კუმულატიურად და მათ მიერ დადგენილი შეზღუდვების შინაარსს აზუსტებს. შესაბამისად გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის შინაარსი ამ დებულებითაც არის განპირობებული.
ამავე კანონის 562 მუხლის შესაბამისად კი:
1. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;
გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;
თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.
2. 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;
ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;
გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;
დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.
3. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;
ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.
4. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.
წინამდებარე ნორმა წარმოადგენს გამოხატვის, ინფორმაციის, შემოქმედების თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას და ადგენს მის ფარგლებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადების, მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად:
„მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 ან 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.“
4. ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელს უჩერდება ლიცენზიის მოქმედება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს ამავე კანონის 561 ან 562 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს. ისინი, სანქიცრების ზოგადი წესისგან გამონაკლის, სპეციალურ წესს ადგენენ და 561 ან 562 მუხლებთან ერთად მაუწყებლის მიმართ პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებად გვევლინებიან. სადავო ნორმების მიხედვით 561 ან 562 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლის მიმართ გაფრთხილების გარეშე სანქციის სახით გამოიყენოს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევისას, მაუწყებელს უჩერდება ლიცენზია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის (გარდა ამავე პუნქტის ბოლო წინადადებისა), მე-3 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კანონის 561 ან 562 მუხლებითა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლის სანქიცირების ზოგადი წესის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა:
1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
3. კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
5. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“ კომისიის უფლებამოსილებაა. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სპეციალური ნორმების არსებობის მიუხედავად, მაუწყებლების მიმართ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონდებლობის, მათ შორის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მოთხოვნათა დარღევისას გამოიყენოს არა სპეციალური, არამედ სანქცირების ზოგადი წესი და ამ გზით დადგეს იგივე შედეგი - ავტორიზაციის შეჩერება - რაც სპეციალური წესით მიიღწევა. ამიტომ, ზემოთ აღნიშნულ სადავო ნორმებთან ერთად, ასევე სადავოდ მიგვაჩნია ამ ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 561 ან 562 მუხლებითა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლის სანქიცირების ზოგადი წესის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ii. უფლებით დაცული სფერო და მისი შეზღუდვის იდენტიფიცირება
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები წარმოადგენს ჩარევას მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ აზრისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებაში და ატარებს ცენზურის მაკორექტილებელ ეფექტს, რაც თავის მხრივ არღვევს ცენზურის დაუშვებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. ასევე, სადავო ნორმები ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ შემოქმედების თავისუფლებას, რადგან ზღუდავს შემოქმედების თავისუფლების პროდუქტის კონკრეტული შინაარსით საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას. სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს. კერძოდ,
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით პროგრამა არის პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია. შესაბამისად, სადავო ნორმებით რეგულირდება როგორც თავად მაუწყებლის მიერ შექმნილი ტელერადიოპროდუქტის შინაარსი და მისი გადაცემის/განთავსების დროითი ბადე, ასევე, მაუწყებლის მიერ სხვა სუბიექტის შექმნილი ტელერადიოპროდუქტის (გადაცემა, ფილმი, თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერი) გადაცემა ან პროგრამაში განთავსების შინაარსი და დროითი ბადე.
სადავო ნორმები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მის ეთერში პროგრამის გადაცემის ან პროგრამაში მასალის განთავსების შინაარსობრივ რეგულირებას ბუნდოვანი, განუჭვრეტადი ნორმებით, ამასთანავე, კომისიის მიერ შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება გამოხატვის თავისუფლებით დაცული კონტენტი, რასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის. ამასთან, მაუწყებლის აუდიტორია არ არის მხოლოდ „ბავშვები“. მოსარჩელეთა აუდიტორიაში ბავშვების რეპრეზენტაბელურობა ყველაზე დაბალია და შესაბამისად, მაუწყებლის ყურებადობის გაზომვა (რეიტინგების გაზომვა) ხდება +18-ის ასაკის კატეგორიაში, თუ მაუწყებელმა (მაგალითად, საბავშვო არხმა) სპეციალურად არ დაუკვეთა მზომველს -18 ასაკის აუდიტორიის გაზომვა. რეგულირების ქვეშ ექცევა შემოქმედების თავისუფლების პროდუქტის საზოგადოებამდე მიტანის შინაარსი. სადავო ნორმები არღვევს ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს.
a. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული უფლებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად: „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“
კონსტიტუციის აღნიშნული დებულება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ფართოდ განიმარტება. კერძოდ, როგორც სასამართლო აღნიშნავს: იგი „არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის #2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II; პარ. 29)
სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ იგი პასუხობს განსაზღვრულობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის #2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II; პარ. 29.) საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონი შეიძლება ჩაითვალოს განუსაზღვრელად, როცა განმარტების ყველა მეთოდი მოსინჯულია, მაგრამ მაინც გაურკვეველია მისი ნამდვილი შინაარსი, ანდა არსი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია მისი მოქმედების ფარგლები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ.19.) საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განუჭვრეტადი ნორმის გამო, ადამიანებმა ზუსტად არ იციან რა შემთხვევაში დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, ისეთი ქმედებებისგანაც შეიძლება იკავებდნენ თავს, რომლის შეზღუდვის მიზანი კანონმდებელს არ ჰქონდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის #2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ.24.)
b. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა
იმისთვის, რომ დადგინდეს პასუხობს თუ არა სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ რინციპს, მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის დეტალური განხილვა:
· ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილი, დამოუკიდებლად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა, მაუწყებლებს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან არასრულწოვნის დაცვის ვალდებულებას აკისრებს. რადგან, ბავშვთა უფლებების კოდექსი, 2020 წლის 1 სექტემბრიდან მაუწყებლობის სფეროში კომისიისთვის მოქმედ კანონმდებლობას წარმოადგენს, კომისიას მაუწყებლობის შესახებ კანონით დაგენილი ვალდებულებების გვერდის ავლით, შეუძლია მაუწყებელს ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნების დაცვაც მოსთხოვოს. ამ შემთხვევაში, სადავო ნორმის შინაარსი ამავე კოდექსის მესამე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით ზუსტდება - ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი.
სადავო ნორმა არ არის ნათელი, განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული. შეუძლებელია მისი მოქმედების ფარგლების განსაზღვრა ნორმის ადრესატის მიერ, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ ადრესატისთვის გაუგებარი იქნება რა შემთხვევაში დაარღვევს კანონის ამ მოთხოვნას.
· „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა.
ნორმა მაუწყებლებს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვის ვალდებულებას ადგენს. ის გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას აწესებს. მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის“ ფილტრს უწესებს. ასეთი ინფორმაციის შინაარსს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მესამე მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ადგენს. შესაბამისად, კომისიას შეუძლია მაუწყებელს ცალკე აღებული ამ ნორმის მოთხოვნათა დაცვა მოსთხოვოს და ინფორმაციის შინაარსის განსაზღვრისას „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დადგენილი განმარტებებით იხელმძღვანელოს. ეს უკანასკნელი კი არ არის ნათელი, განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული. შეუძლებელია მისი მოქმედების ფარგლების განსაზღვრა ნორმის ადრესატის მიერ, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ ადრესატისთვის გაუგებარი იქნება რა შემთხვევაში დაარღვევს კანონის ამ მოთხოვნას. ბუნდოვანია ტერმინები ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას (ეს მაშინ, როდესაც აზარტული თამაშობის რეკლამა დასაშვებია) ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი.
· „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მიუხედავად იმისა, რომ 562 მუხლი კიდევ უფრო დეტალურად ჩამოთვლის ბავშვისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შინაარსს, წინამდებარე ნორმას ავტონომიურად აქვს რესურსი მაუწყებლის მიერ გადაცემული კონტენტს შინაარსობრივი ჩარჩო დაუდგინოს. კანონმდებლობაში, არსად არ არის განმარტებული თუ რა მასალა/ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს არასრულწლოვნის „ფიზიკური“, „ფსიქოლოგიური“, „ინტელექტუალური“ ან „სულიერი განვითარების“, აგრეთვე მისი „ფსიქიკური“ და „ფიზიკური ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მომტანად. ეს საკითხები იმდენად ფართო და კომპლექსურია, რომ შეუძლებელია მათი ზუსტი განსაზღვრა. შესაბამისად, ნორმა რომელიც ასეთი პროგრამის ან პროგრამაში ასეთი მასალის განთავსებას კრძალავს არ არის ნათელი, განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული.
· „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას. იგივე ბუნება აქვს 561 მუხლის მესამე პუნქტს, რაც მეორეს. ის ავტონომიურად განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის შინაარსობრივ რეგულირებას. შესაძლოა სადავო ნორმები ისე აღიქმებოდეს, რომ 561 მუხლით დადგენილ ზოგად შინაარსობრივ რეგულირებას, 562 მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა, აზუსტებდეს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ 561 მუხლით დადგენილი ზოგადი შინაარსობრივი რეგულირება ავტონომიურადაც მოქმედებს. ამასთანავე, მესამე პუნქტი ისევე ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ პრინციპს, როგორც ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. აბსოლუტურად გაუგებარია რას გულისხმობს კანონმდებელი ტერმინში „შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას“. არასრულწლოვნის სოციალიზაციისთვის დამაზიანებელი პროგრამის, მასალის პროგრამაში დეფინიციას კანონმდებლობა არ იცნობს. ეს საკითხიც მხოლოდ კომისიის სუბიექტურ შეფასებაზეა მინდობილი. გამოხატვის თავისუფლების შინაარსის მზღუდავი ეს ნორმა არ არის ნათელი, განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის სადავოდ გამხდარი მე-4 და მე-5 პუნქტები ცალკე აღებული არ არის ორაზროვანი, თუმცა ისინი ამავე კანონის 562 მუხლის შინაარსით განიმარტება. ეს უკანასკნელი კი სრულად ბუნდოვან შინაარსობრივ რეგულირებას გულისხმობს გამოხატვისა და ინფორმაციის თავიუფლების რაც ამ ნორმებსაც კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მიზნებისთვის არაკონსტიტუციურად გადააქცევს. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა-მ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა, რომელიც შეიცავს:
სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას; აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.
ყველა ეს ტერმინი/დეფინიცია არის მეტად ფართო და მათი შინაარსის დადგენა სრულად კომისიის წევრთა სუბიექტურ შეფასებაზეა დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად: ფაქტია, სქესობრივ აქტთან და სექსუალურ სცენებთან დაკავშირებული რეგულაციები სცდება პორნოგრაფიის საკითხს. შესაბამსიად, კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება მათი შინაარსის ზუსტი განსაზღვრა მაუწყებელთა მხრიდან. მსგავსს საკითხებთნ დაკავშირებულს ტერმინებს აქვს რესურსი მისი მოქმედების ქვეშ მოაქციოს სახელოვნებო ნაწარმოებები, სადაც სექსუალური სცენები არა მიზნის გარეშე, არამედ პირიქით, მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული [სახელოვნებო] თუ სხვა სახის შინაარსის მატარებელია; უხამსი ქმედება როგორც სუბიექტური კატეგორია ხშირად ხდება გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი. უფრო მეტიც, გაუგებარია რას გულისხმობს კანონმდებელი ინფორმაციაში (პროგრამა - ანონსი) რომელიც შეიცავს ძალადობრივი ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწოვნისთვის იოლია. შეიძლება თუ არა აქ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამოიკითხოს სპორტის რომელიმე სახეობა, მაგალითად კრივი, ჭიდაობა და ა.შ.; იგივე პრობლემა აქვს ნორმას რომელიც გარკვეული გამონაკლისების გარდა ძალადობის ამსახველი სცენის ახლო ხედით ჩვენებას კრძალავს; ტელე-რადიო ეთერით ხშირად ხდება ღვინის და მეღვინეობის პოპულარიზაცია ([მაგალითად, სადაც საქართველო წარმოჩენილია როგორც ღვინის სამშობლო, ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიები და ა.შ). ან/და არსებობს არაერთი სახელოვნებო ნიმუში სადაც ქარველები უმღერიან ღვინოს, საუბრობენ მასზე ფილმებში და ა.შ. მოექცევა თუ არა მსგავსი კონტენტი კანონმდებლის მეირ აკრძალულ პროგრამაში (ანონსში) ბუნდოვანია ან/და რა შეიძლება ჩაითვალოს თამბაქოს თამბაქოს პოპულარიზაციად (და იმ რეგულაციების მიღმა, რაც უკვე არსებობს? მაგალითად, თამბაქო შეიძლება გამოჩდეს გადაცემაში, ფილმში და თუ ამ გადაცემას წინ პიქტოგრამა აქვს („მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის...) - იხ. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 პრიმა მუხლი. დარღვევად ჩაითვლება თამბაქოს ჩვენება, თუ ასეთი პიქტოგრაა არაა ნაჩვენები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე კვარტა მუხლი); ბუნდოვანია მოექცევა თუ არა რეგულირებაში სახელოვნებო გამოხატვის ნიმუშები სადაც თვითმკვლელობის სცენებია აღწერილი. მაგალითად, სცენა აკაკი წერეთლის პოემის „გამზრდელის“ ეკრანიზაციიდან; იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენები ხშირია მულტიპლიკაციური (მაგ. ტომი და ჯერი, კომბლე) თუ სხვა სახის ფილებიდან, სადაც მსგავსი სცენებია ასახული. გაავრცელებს თუ არა კომისია შინაარსობრივ რეგულაციას მსგავს კონტენტზე და როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი ფაქტობრივად შეუძლებელია ვარაუდითაც კი;
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ცვლილებები ეხება მხოლოდ სამაუწყებლო ეთერში გადაცემულ პროგრამას (ანონსს) და არ ეხება აზარტული თამაშობის რეკლამას/სპონსორობას, რომელიც რეგულირდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით (ინიცირებული სხვა კანონპროექტი) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (VIII თავი). მიგვაჩნია, რომ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რედაქციულად სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და აღნიშნული დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წაიკითხავს საკანონმდებლო ნორმას მარეგულირებელი კომისია. კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმით, 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს „აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით.“ ვინაიდან, სხვა პუნქტებისგან განსხვავებით, აღნიშნულ „კ“ ქვეპუნქტში გამოყენებულია „და“ კავშირი „ან“ კავშირის ნაცვლად, დარღვევად შესაძლებელია იდენტიფიცირდეს ნორმის შინაარსი კუმულატიურად, ანუ პროგრამა არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში (ანონსში) სამივე პირობა: 1. აზარტული თამაშობის ამსახველი სცენა, 2. მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობი ინფორმაცია და 3. აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდა მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით, ერთდროულად არსებობს. ამასთან, მარეგულირებელმა კომისიამ, შესაძლებელია ნორმა განმარტოს იმგვარად, რომ თუ სამიდან ერთ-ერთი მაინც ახასიათებს პროგრამას (ანონსს), ეს საკმარისია დარღვევის დასადასტურებლად და კომისიის მიერ მაუწყებლის სანქცირებისთვის.
ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, პროგრამები, სადაც ეწყობა წამახალისებელი გათამაშება („ლიდერბეთის“, „აჭარაბეთის“ და სხვა წამახალისებელი გათამაშებები), შეიძლება ჩაითვალოს, რომ შეიცავს აზარტული თამაშობის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას ან/და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას, მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით, მიუხედავად იმისა, რომ წამახალისებელი გათამაშება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს მომგებიანი თამაშობის ნაირსახეობას და არა აზარტულ თამაშობას, რომელიც ამავე კანონის შესაბამისად განსხვავებულად განიმარტება მომგებიანი თამაშობისგან. ამ შემთხვევაშიც ფაქტობრივად კომისიის სუბიექტური შეხედულების ამარა რჩება მაუწყებელი და მას არ აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს მისი ქცევის შედეგი.
ინფორმაცია, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს
იმავე საფრთხეებს და პრობლემას შეიცავს ნორმა მისი ადრესატებისთვის, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად შემფასებელი ან კრიმინალს გამააიდეალიზირებელი ინფორმაციის გადაცემას კრძალავს. შეუძლებელია მისი მოქმედების ფარგლების ზუსტი განსაზღვრა; ასევე, სად სრულდება ოკულტიზმის ან მისი მსგავსი მოვლენის შინაარსი ფაქტობრივად შეუძლებელია მაუწყებელმა ივარაუდოს. მაგალითად, არის თუ არა ფილმი - ჰარი პოტერი, ამ რეგულაციით აკრძალული, ბუნდოვანია.
ზემოთ აღნშნული ნორმები არ არის ნათელი, განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული. ან განჭვრეტადია, თუმცა შეუძლებელია მისი მოქმედების ფარგლების ზუსტი განსაზღვრა. შესაბამისად ისინი არღვევს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კანონის განჭვრეტადობის/ხარისხის კონსტიტუციურ პრინციპს და მოთხოვნას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მეორე პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტების თანახმად:
15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.
ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ა, ბ ქვეუნქტების მიხედვით:
12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; შეურაცხმყოფელ ლექსიკას.
ხოლო, მე-4 პუნქტის მიხედვით:
7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.
იგივე პრობლემა აქვს ამ შინაარსის მომწესრიგებელ ნორმებს რაც ზემოთ დავწერეთ. სრულად სუბიექტური შეფასების საკითხია ყველა ეს დეფინიცია რაც აქ არის მოცემული. განსაკუთრებით სახიფათო გამოხატვის თვისუფლებისთვის არის შეურაცხმყოფელი ლექსიკის აკრძალვა ან მისი გადაცემის შეზღუდვა. იმდენად სუბიექტური კატეგორიაა „შეურაცხმყოფელი ლექსიკა“, რომ ყოველთვის ექნება კომისიას შესაძლებლობა მისი ინტერპრეტაცია თავს მოახვიოს მაუწყებელს, დააჯარიმოს ან ლიცენზია/ავტორიზაცია შეუჩეროს. ხოლო ნორმის ადრესატი ვერასდროს შეძლებს განსაზღვროს ნორმის მოქმედების ზუსტი ფარგლები. აღნიშნული განსაკუთრებით სახიფათოა პირდაპირი ეთერის პირობებში. მაგალითად, ბუნდოვანია, მოექცევა თუ არა მაუწყებელი კომისიის სანქციის ქვეშ, თუ მაგალითად 24:00 საათამდე, გვიანი ღამის საეთერო ზონაში განთავსებულ გადაცემაში, პოლიტიკური დებატებისას, პოლიტიკოსები მიაყენებენ ერთმანეეთს შეურაცხყოფას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირელი პუნქტის ბოლო წინადადება, მე-4 და მე-6 პუნქტები, ასევე, ამავე მუხლის პირველი პუნქტის (გარდა ამავე პუნქტის ბოლო წინადადებისა), მე-3 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კანონის 561 ან 562 მუხლებითა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლის სანქიცირების ზოგადი წესის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებს, რომელთა შინაარსიც ამავე კანონის 561 და 562 მუხლის შინაარსით განიმარტება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ განსაზღვრულობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს
c. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და მეორე პუნქტით გარანტირებული უფლებით დაცული სფერო და შეზღუდვის იდენტიფიცირება
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მეორე პუნქტის თანახმად „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“
გამოხატვის თავისუფლების შინაარსსა და მის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება.
უდიდესია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. [...] ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II-25). „დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ინფორმაციისა და აზრის თავისუფლება, რადგანაც ინფორმაციული ვაკუუმისა და აზრის შეზღუდვის პირობებში, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და დემოკრატიული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის სიცოცხლისუნარიანობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-4).
კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებისა და მეორე პუნქტით დაცულ სფეროში მოიაზრება ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის არჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციისა და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი , საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ,II, პარ.3). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ „ინფორმაციას“ ან „იდეებს,“ რომელთან იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია ან აწუხებს სახელმწიფოს ან ნებისმიერ ჯგუფს. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ზოგადად სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაციის გარეშე. სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონი განსაზღვრავს აკრძალული პროგრამის/ინფორმაციის ცნებას და, იმავდროულად, ითვალისწინებს ამგვარი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის ვალდებულებებს. სახელდობრ, სადავო ნორმების თანახმად, შეზღუდვას ექვემდებარება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას. მაუწყებელს ეკრძალება 06:00 საათიდან საღამოს 21, 23 და 24 საათამდე შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი/კონკრეტული შინაარსის პროგრამის განთავსება/გადაცემა.
სხვაგვარად, სადავო ნორმები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, კერძოდ, მოსარჩელეებს ართმევს ან/და კონკრეტულ დროით უზღუდავს შესაძლებლობას მისთვის სასურველი საშუალებით მიიღოს ან/და გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მის მიერ არის შექმნილი/მის გამოხატვას წარმოადგენს და, რომელიც (სავარაუდოდ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562მუხლებით განსაზღვრული პროგრამის შინაარსის პროდუქციის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ კატეგორიებში თავსდება. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის აუდიტორიას არ წარმოადგენენ მხოლოდ არასრულწლოვნები. არასრუწლოვანის ცხოვრებაზე ზედამხედველობა კი (მათ შორის, ტელევიზორთან დროის გატარების მონიტორინგი, უპირველესად მშობლის ვალდებულებაა [ე.წ „Parental Control“-ის პრინციპი] (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.). შესაბამისად, სადავო ბუნდოვანი ნორმებით უსაფუძვლოდ იზღუდება ზრდასრულ ადამიანთა უფლება მიიღონ ინფორმაცია. ამრიგად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
d. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები
უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. თუმცა მისი შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით მკაცრად არის რეგლამენტირებული და მისი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები ამომწურავადაა ჩამოთვლილი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გამოხატვის თვისუფლების შეზღუდვისის შემოწმებისას შეზღუდვის მხოლოდ ლეგიტიმურ მიზნებთან შესაბამისობის საკითხს არ აკრვევს. არ არის საკმარისი სახელმწიფოს განცხადება, რომ კონკრეტული უფლება რომელიმე, თუნდაც მეტად ღირებული მიზნის მისაღწევად იზღუდება. არამედ, სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამავდროულად ის მიზნის მიღწევის პროპორციული და ნაკლებად მზღუდავი საშუალებაა.
ამასთანავე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისთვის რომ აღნიშნული დაკმაყოფილდეს აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი ნორმები იყოს ნათელი, განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,პარ.7)
e. სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს გამოხატვის თვისუფლების კანონით შეზღუდვის მოთხოვნებს
განსახილველ შემთხვევაში, ისევე, როგორც საქმეში „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადავო ნორმების საფუძველზე განსაზღვრავს, თუ რა ტიპის აზრებისა და ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი.
„შესაბამისად, დადგენილია გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, რაც გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გამო. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ კი, მისი შინაარსობრივი რეგულირება, იმგვარი საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“)
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადავო ნორმები წარმოადგენს გამოხატვის თვისუფლების შინაარსის მზღუდავ ნორმებს და ადგენს პასუხისმგებლობას ამ მოთხოვნების დარღვევისთვის. ამასთნ, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით ნორმათა კონსტიტუციურობის განხილვისას წარმოდგენილი არგუმენტები იგივეა მე-17 მუხლის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი კანონის ხარისხის შესაფასებლად. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ვერც გამოხატვის თავისუფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სადავო ნორმები არ არის ნათელი, განჭვრეტადი და ვიწროდ ფორმულირებული, ამასთან რიგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ნორმების ზოგადი არსი გასაგებია, გაუგებარია მათი მოქმედების ფარგლები. შედეგად, განუჭვრეტადი ნორმის გამო, ადრესატებმა ზუსტად არ იციან რა შემთხვევაში დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, ისეთი ქმედებებისგანაც შეიძლება შეიკავონ თავი, რომლის შეზღუდვის მიზანი კანონმდებელს არ ჰქონდა [წინასწარი თვითცენზურა, რამაც მაუწყებელს შეიძლება დააკარგვიანოს მისი ძირითადი ფუნქციის, ინფორმაციის გამავრცელებლის, საზოგადოების ინფორმატორისა და „მოდარაჯე ძაღლის“ როლი].
f. სადავო ნორმები ვერ გადის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტესტის სხვა საფეხურებსაც
სადავო ნორმები კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდეს, ისინი ადგენენ გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის ისეთ ფორმას, რაც არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და მათი არსებობა ვერ გადაწონის გამოხატვის თვისუფლების მნიშვნელობას მისივე შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების სასარგებლოდ.
ბავშვის მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისგან დაცვის ინტერესით სახელმწიფოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) მიერ მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლომ ერთხელ უკვე იმსჯელა საქმეში გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლომ, დაადგინა, რომ ნორმები, რომლებიც ეთიკური-მორალური საკითხების შინაარსობრივად შეფასებაზე კომისიის-სასამართლოს მანდატის გავრცელებას კრძალავდა კონსტიტუციური იყო. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სასამრთლომ ასეთი აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია, არის შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის გავრცელებით ირღვევა სხვათა უფლებები. სასამართლომ ამავდროულად განმარტა, რომ ბავშვის მავნე ზეგავლენისგან მქონე ინფორმაციისგან დაცვის საკითხი უმეტესწილად წარმოადგენდა მშობლის პასუხისმგებლობას და არა რომელიმე (ბავშვის) უფლების ნაწილს.
სასამართლომ განმარტა, რომ „მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები. [...] ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”)
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამრთლომ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებლად მიიჩნია მაუწყებლის მიერ გადაცემული კონტენტის სახელმწიფოს მხრიდან ეთიკურ-მორალური კუთხით რეგულირების შესაძლებლობა და შედეგად მსაგვსი რეგულირება დარჩა თავად მაუწყებელთა თვითრეგულირების ფარგლებში. სადავო ნორმები, ამ გადაწყვეტილების საპირისპირო მოცემულობას ადგენენ და უშვებენ შესაძლებლობას კომისიამ სწორედ ეთიკურ-მორალურ ჭრილში დაარეგულიროს მაუწყებელთა მიერ გადაცემული კონტენტის შინაარსი რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების დაძლევას წარმოადგენს.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლომ საქმეში ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განმარტა, რომ „განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საკანონმდებლო დებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, პარლამენტის ამგვარი ნება არაკონსტიტუციური იქნებოდა.“
მოცემულ შემთხვევაში, მართალია საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კანონით „მაუწყებლობის შესახებ“ თავად განსაზღვრა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება და გარკვეულწილად ფორმალურად გამართა ეს საკითხი, თუმცა მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების ფართო ინტერპეტაციის გამო, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საქმე გვაქვს სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ კომუნიკაციების მარეგულერებელ კომისიაზე გამოხატვის თავისუფლების შიინაარსობრივი შეზღუდვის არა ტექნიკური საკითხების დელეგირებასთან, არამედ სწორედ გამოხატვის თვისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირებასთან. ეს იმიტომ, რომ კომისია უმეტესწილად ტერმინთა ფართო ინტერპრეტაციის რესურსის გამო, თავად, დამოუკიდებლად საკანონმდებლო ჩარჩოში, დაადგენს მაუწყებლების მიერ გადაცემული კონტენტის შიინაარსის ფარგლებს. შესაბამისად, სადავო ნორმები ამ კუთხითაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
g. სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ პუნქტთან მიმართებით
დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ პუნქტის თანახმად „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.“
„საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა, უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მეშვეობით, რაც უმთავრესად, სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხორციელდება. ამდენად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72). ამასთან, გამოსახულებისა და ხმოვანი გამოხატვის შესაძლებლობების გამო, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია აუდიოვიზუალურ მედიას.
სადავო ნორმებით მაუწყებლებს ეკრძალებათ/კონკრეტული დროით ეზღუდებათ ზემოთ აღნიშნული შინაარსის მქონე პროგრამის გადაცემა, რომელიც მათ მიერ არ არის შექმნილი, თუმცა ტელერადიოპროდუქციას წარმოადგენს; აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან შინაარსში ჩარევის გამო, მაუწყებლისთვის საფრთხის შემცველი ხდება პირდაპირი ეთერის წარმოება, სადაც შეიძლება გავიდეს მასალა, რომელიც არ არის დამონტაჟებული და ცოცხალ რეჟიმში ასახავს მიმდინარე მოვლენებს. სხვაგვარად, მაუწყებლებს ეზღუდებათ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, რადგან სადავო ნორმები ერევა მათ ავტონომიაში, მიიღონ და გაავრცელონ კონკრეტული შინაარსის ინფორმაცია.
ამასთანავე, სადავო ნორმებით დადგენილი ინფორმაციის/პროგრამის შინაარსობრივი რეგულირების ფარგლები დადგენილია განუსაზღრელი, ბუნდოვანი ტერმინებით. ტერმინები იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია მათი ზუსტი შინაარსის განსაზღვრა. მაგალითისთვის ასეთი ტერმინებია:
· შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას;
· შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
· უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
· ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
· ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას;
· შეურაცხმყოფელ ლექსიკა;
· მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს და სხვა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ამ შემთხვევაში მის შეზღუდვაზეც ვრცელდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოხატვის თვისუფლების შეზღუდვის ჩარჩო. მათ შორის, უფლების მხოლოდ კანონით შეზღუდვის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაშიც, რელევანტურია ჩვენს მიერ კანონით შეზღუდვის საკითხებზე ზემოთ განვითარებული მსჯელობა. იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებლები (მოსარჩელეები) საკუთარ საეთერო ბადეში უშვებენ არა მათ შექმნილ პროდუქტს არამედ მათი ავტონომიურობის ფარგლებში გეგმავენ მათ სარედაქციო პოლიტიკას, წყვეტენ მათი სარედაქციო პოლიტიკის ხაზს, მიმართულებას- მაგალითად, პრო-დასავლური, კრიტიკული, „შემტევი“, ანტი-რუსული თუ სხვა სახის სარედაქციო პოლიტიკას, გადასცემენ ჩანაწერს და ა.შ. საქმე გვაქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან, რა დროსაც ისინი შესაძლოა დადგნენ სადავო ნორმებით აკრძალული/შეზღუდული კონტენტის გავრცელების საჭიროების წინაშე. სადავო ნორმები კი მათ ამის შესაძლებლობას არ მისცემს, უფრო სწორად, სადავო ნორმების ხარვეზი - ვერ აკმაყოფილებენ კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას - დაარღვევს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას.
შესაბამისად სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მესამე პუნქტის პირველ წინადადებას - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.
h. სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებასთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის მეორე წინადადების თანახმად - ცენზურა დაუშვებელია.
საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ცენზურას გამოხატვის თავისუფლებაზე. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა არა უბრალოდ „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს ატარებს. მაუწყებლებს აიძულებს უწყვეტ კოორდინაციაში იყოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და სანქციის შიშით წინასწარ აზუსტებდეს მის მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთვსებული მასალის შინაარსი. სადავო ნორმათა მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო გამოხატვის თავისუფლების შინაარსის pre კონტროლის ტოლფასია. სადავო ნორმები მაუწყებელს მისი პროგრამის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის/იმდენად მიაჯაჭვებს კომისიაზე, რომ ფაქტიურად სპობს მის ავტონომიას, მისი გამოხატვისა და მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებას. შესაბამისად, სახელმწიფო/კომისია ცალსახად ხდება სარედაქციო პოლიტიკის, მაუწყებლის სარექდაქციო ხაზისა და კონტენტის შინაარსის მდგენელი, რეგულატორი, ცენზორი.
ცენზურის აკრძალვა გერმანიაში აღიქმება, როგორც დამატებითი ჩარჩო (ე.წ. ზღვრის ზღვარი) კომუნიკაციისა და მედიის სფეროში მოქმედი ძირითადი უფლებების (Jarass, in: Jarass/Pieroth, Art. 5, Rn. 63.), ასევე შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კანონებისათვის. მისი კატეგორიზაცია დამოუკიდებელძირითად უფლებად სისტემურად შეუძლებლად და არასაჭიროდ ითვლება (Bethge, in: Sachs, Art. 5, Rn. 129). ცენზურის აკრძალვას აქვს აბსოლუტური ხასიათი (BVerfGE 33, 52 (71 f.) – Zensur).
ცენზურაში იგულისხმება წინასწარი ან პრევენციული ცენზურა (BVerfGE 83, 130 (155) - Josefine Mutzenbacher; BVerfGE 87, 209 (230) - Tanz der Teufel.). კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობა სახელმწიფო სანქციების საშუალებით შეიძლება მოექცეს სახელმწიფოს ისეთი მოქმედების ქვეშ, რომელიც იწვევს ცენზურის მაკორექტირებელი ფუნქციის „ჩართვას“ (Bethge, in: Sachs, Art. 5, Rn. 135a). სხვა სიტყვებით რომ გადმოვცეთ, შეიძლება კანონი პირდაპირ არ ითვალისწნებდეს წინასწარ ან პრევენციულ ცენზურას, მაგრამ მისი მაკორექტრირებელი და შემზღუდველი მოქმედება ადრესატების მიმართ, შესაძლო სანქციების შიშიდან გამომდინარე, უთანაბრდებოდეს ცენზურას.
სადავო ნორების შემთხვევაში შეზღუდვების დიდი ნაწილი შინაარსობრივი ხასიათისაა, რასაც იმთავითვე ახლავს განსხვავებული ინტერპრეტაციის მომეტებული რისკი. მათ უმრავლესობას აქვს განსაზღვრულობის პრობლემა, რაც კიდევ უფრო ართულებს მაუწყებლების მიერ მიჯნის გავლებას კანონით დაშვებულ და დაუშვებელ პროგრამებს შორის. ამასთანავე, კანონი ითვალისწინებს მკაცრ საქნციებს. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგრამის შინაარსი ან მისი ნაწილი საეჭვოა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, მაუწყებელს შესაძლო სანქციების თავიდან ასაცილებლად აქვს სამი ოფცია: 1) უარი განაცხადოს შესაბამისი პროგრამის ან მისი ნაწილის ტრანსლირებაზე გარკვეული დროის მონაკვეთში ანუ თავად განახორციელოს შინაარსის წინასწარი კორექტირება, 2) უარი თქვას პირდაპირ ეთერზე, რომელიც ცოცხალ რეჟიმში ასახავს მოვლენებს და მაუწყებელს არ აქვს დამონტაჟების საშუალება და 3) მიმართოს კომისიას კითხვით, თუ რამდენად შეესაბამება პროგრამის ან მისი ნაწილის შინაარსი კანონის მოთხოვნებს, რაც ფაქტობრივად კომისიის მხრიდან წინასწარი ცენზურის განხორციელების ტოლფასი იქნება. ორივე შემთხვევაში სახეზე გვექნება ცენზურის მაკორექტირებელი ეფექტი.
შესაბამისად, სადავო ნორმები წარმოადგენს ხელისუფლების ცენზურას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის მეორე წინადადებას - ცენზურა დაუშვებელია.
i. სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთნ და მეორე პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებისა და მეორე პუნქტის თანახმად, „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.“
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები კრძალავს/კონკრეტული დროით გავრცელება ზღუდავს შემოქმედების თავისუფლების პროდუქტის ზემოთ აღნიშნული შინაარსით გავრცელებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე დღემდე არ აქვს ნამსჯელი, თუმცა მიგვაჩნია, რომ შემოქმედების თავისუფლება არა მხოლოდ შემოქმედების პროცესს, არამედ, შემოქმედების პროდუქტის გავრცელებას იცავს. შემოქმედების პროდუქტის საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას, რადგან შემოქმედება, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმა, საზოგადოების აღქმის გარეშე არაფერს წამოადგენს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაკუთრებით საგულისხმოა მოცემულობა, როდესაც შემოქმედების პროდუქტი ტელერადიომაუწყებლობის პროდუქტია და მისი სხვა გზით ხილვა შეუძლებელი, ან საზოგაოდების შედარებით მცირე ნაწილისთვის იქნება შესაძლებელი. ასეთია, ტვ შოუ, ტვ სერიალი და ა.შ. შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული შემოქმედების თავისუფლებაში ჩარევას.
შემოქმედება არ არის მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაცული შინაგანი სამყარო. ის ასევე კომუნიკაციაა. შემოქმედება საჭიროებს კონტაქტს გარე სამყაროსთან. შემოქმედების თავისუფლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შემოქმედებითი პროცესით. აქედან გამომდინარე, დაცულია არა მხოლოდ შემოქმედების შექმნის სფერო, არამედ მისი მოქმედების სფეროც (BVerfGE 30, 173 (189) – Mephisto; BVerfGE 81, 278 (292) – Bundesflagge; Bethge, in: Sachs, Art. 5, Rn. 188).
შემოქმედების თავისუფლება არ იცავს მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოების ავტორს. დაცვა ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც ახორციელებს აუცილებელ საშუამავლო ფუნქციას ავტორსა და პუბლიკას შორის. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ის პირები, რომლებიც ხელოვნების ნაწარმოებს კომერციული მიზნებით ავრცელებს (მაგალითად, გამომცემლობები და ა.შ.) (BVerfGE 30, 173 (189) – Mephisto; BVerfGE 81, 278 (292) – Bundesflagge; Bethge, in: Sachs, Art. 5, Rn. 191a).
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები არღვევას არა მხოლოდ გამოხატვის თვისუფლებას, არამედ ის ასევე შემოქმედების თავისუფლების დამრღვევ დებულებებსაც წარმოადგენს. მოსარჩელეები, ქმნიან ქვეყანაში ერთ-ერთ რეიტუნგულ ტელე სერიასლ - „ჩემი ცოლის დაქალები“. მართალია სადავო ნორმები არ ზღუდავს მათი შემოქმედების პროცესის შინაარსს, თუმცა ის ამ პროდუქტის საზოგადოებამდე მიტანის შინაარს არეგულირებს. შემოქმედების თავისუფლება, მხოლოდ შემოქმედების საზოგადოების მიერ აღქმის შემთხვევაშია ღირებული. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და მეორე პუნქტით, დაცულია არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ ასევე დაცულია მისი საზოგადოებამდე მიტანის პროცესიც. ამ პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოირიცხება მისი ჩვენება კინოთეატრში, პროდუქტის ინტერნეტში განთავსება შესაძლებელია თუმცა, ტელემაუწყებლობა როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ეთი ყველაზე ეფექტიანი ფორმა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მისი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანის უმნიშვნელოვანეს გზას წარმოადგენს.
მოსარჩელეების შემოქმედება, როგორც არა მხოლოდ კომერციული, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, ხშირად სოციალური თემების და რეალური ყოფის სისრულით, მათ შორის, არსებული მანკიერებების აღსაწერად, სხვადასხვა სცენებისა და ტერმინოლოგიის გამოყენებას საჭიროებს. სწორედ ეს აქცევს ამ პროდუქტს იმად, რაც არის და ხშირ შემთხვევაში ეს მქნის მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომ სწორედ შორიდან/გარედან დაანახოს საზოგადოებას ყოფის რეალური სურათი და სარკეში ჩაახეედოს ის [შემოქმედების მთავარი დანიშნულება] თუმცა, სადავო ნორმების შინაარსი იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ მოსარჩელეთა აზრით შესაძლებელს ხდის მათი შემოქმედების შინაარსობრივ რეგულირებას.
სადავო ნორმები მოსარჩელეებს ორი არჩევანის წინაშე აყენებს. მათ ან უნდა დააკორექტირონ მათი შემოქმედების შინაარსი და ისე უჩვენონ საზოგადოებას ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიით რეგულირებულ საათობრივ ბადეში, ან არ დააკორექტირონ და დათანხმდნენ, რომ მხოლოდ ღამის 24 საათიდან დილის 6 საათამდე განთავსდეს საეთერო ბადეში. მეორე ოფცია პრაქტიკაში „ღამის“ მედიად აქცევს შუამავალს/გამავრცელებელ მაუწყებელს და სრულად უსპობს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კონტენტის გადაცემას. ორივე შემთხვევაში, ირღვევა მოსარჩელეთა შემოქმედების თავისუფლება, რადგან ერთ შემთხვევაში ადგილი აქვს შემოქმედების შინაარსის რეგულირებას, ხოლო მეორე შემთხვევაში შემოქმდების თავისუფლებით დაცული პროდუქტის დროითი გავრცელების შეზღუდვას.
სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას და მეორე პუნქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა