შპს "მთავარი არხი", შპს "ტელეკომპანია პირველი", შპს "ტელეკომპანია კავკასია", შპს "ფორმულა", ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/1537 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:00 |
პლენუმის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 წინადადებების, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1537) მომართეს „შპს მთავარმა არხმა“, „შპს ტელეკომპანია პირველმა“, „შპს ტელეკომპანია კავკასიამ“, „შპს ფორმულამ“, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ და ქეთევან დევდარიანმა. №1537 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 18 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1537 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისაგან ბავშვის დაცვის, სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმების გამოყენებისა და პროგრამების სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განთავსების ვალდებულებებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები მაუწყებელს ავალდებულებს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან არასრულწლოვნის დაცვას და უკრძალავს მსგავსი ინფორმაციის შემცველი პროგრამის გადაცემას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა, კანონით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად უნდა განსაზღვროს პროგრამათა კატეგორიები და სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა განთავსებისას იხელმძღვანელოს კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი აწესრიგებს სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნისათვის შეუფერებელი პროგრამის განთავსების დროით შეზღუდვებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლი ადგენს სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნისათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიების განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ამავე კანონის 71-ე მუხლის გასაჩივრებული ნორმები კი ითვალისწინებს, მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ მაუწყებლისთვის შესაბამისი სანქციის დაკისრების შემთხვევებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მეორე წინადადებების თანახმად, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია შემოქმედებითი თავისუფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს შემოქმედებით პროცესში ჩარევას და ცენზურას შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. №1537 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე იურიდიული პირები არიან მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირები, ხოლო მოსარჩელე ფიზიკური პირები წარმოადგენენ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის პროდიუსერს, რეჟისორსა და სცენარისტს.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონმდებელი, სადავო ნორმების საფუძველზე, მაუწყებლის მიერ მის ეთერში პროგრამის გადაცემის ან პროგრამაში მასალის განთავსების შინაარსობრივ რეგულირებას ახდენს ბუნდოვანი, განუჭვრეტელი ტერმინებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია ბავშვის უფლებათა კოდექსში განმარტებული ტერმინი - ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია. მოსარჩელის განცხადებით, მაუწყებლისათვის ასევე შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, ჩაითვლება თუ არა პროგრამა არასრულწლოვნის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისათვის, აგრეთვე მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის და სოციალიზაციისათვის საზიანოდ. მოსარჩელისათვის განუჭვრეტელია აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებში გამოყენებული ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავს არასრულწლოვნისათვის შეუფერებელი პროგრამის კატეგორიებს.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები იმდენად ბუნდოვანი და შეფასებითია, რომ კომისიას ნებისმიერ დროს აქვს მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების ბერკეტი, ხოლო მაუწყებლისთვის შეუძლებელია ნორმის მოქმედების ზუსტი ფარგლების განსაზღვრა, რის გამოც, გასაჩივრებულ ნორმებს გააჩნია მსუსხავი ეფექტი მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები მოსარჩელეებს ართმევს ან/და განსაზღვრული დროით უზღუდავს შესაძლებლობას, მათთვის სასურველი საშუალებით მიიღონ ან გაავრცელონ კონკრეტული შინაარსის მქონე ინფორმაცია. განუჭვრეტელი ნორმების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება კი წარმოადგენს ამ უფლების შეზღუდვისათვის კონსტიტუციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევას. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი კონტენტიც, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის. ამასთან, სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა არა მხოლოდ „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ შეიცავს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს. იგი მაუწყებლებს აიძულებს, უწყვეტ კოორდინაციაში იყვნენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და, სანქციის შიშით, წინასწარ დააზუსტონ მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთავსებული მასალის შინაარსი.
9. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ, ვინაიდან სადავო ნორმები კომისიას აძლევს განუსაზღვრელ შესაძლებლობას, ფართო ინტერპრეტაციის გზით, მათ შორის, ეთიკურ-მორალურ ჭრილში დაარეგულიროს მაუწყებლის მიერ გადაცემული კონტენტის შინაარსი, იგულისხმება, რომ კანონმდებელმა ბუნდოვანი საკანონმდებლო ნორმების დაწესებით, კომისიაზე მოახდინა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების არა ტექნიკური საკითხების, არამედ მთლიანი უფლებამოსილების დელეგირება, რაც კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
10. მოსარჩელეების განცხადებით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, განსაკუთრებით საშიში ხდება მაუწყებლისათვის პირდაპირი ეთერის წარმოება, რომელიც ცოცხალ რეჟიმში ასახავს მიმდინარე მოვლენებს და, პრაქტიკულად, შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, იქნება თუ არა პროგრამაში ასახული არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი და შეუფერებელი ინფორმაცია.
11. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, შემოქმედებითი თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ შემოქმედებით პროცესში ჩარევა და შემოქმედების პროდუქტის შექმნა, არამედ მაუწყებლის მიერ ამ პროდუქტის გავრცელება და საზოგადოებამდე მიტანა.
12. №1537 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. შუამდგომლობის დასაბუთებისას მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლზე ამ უფლების რეალიზაციის პროცესში. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ზიანი ადგება გამოხატვის თავისუფლებას, არამედ შესაძლებელია, საფრთხე დაემუქროს მთლიანად მაუწყებლის ფუნქციონირებას.
13. მოსარჩელეების განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადება და ამავე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები ადგენს ამავე კანონის 561 და 562 მუხლებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, მაუწყებლის სანქცირების ზოგადი წესისაგან განსხვავებულ, უფრო მკაცრ წესს. კერძოდ, 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს მაუწყებლის გაფრთხილების ვალდებულებას. უფრო კონკრეტულად, დარღვევისათვის, პირველ ჯერზე, გათვალისწინებულია ჯარიმა და მაუწყებლისთვის დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულების დაკისრება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ამავე მუხლებით დადგენილი ვალდებულების დარღვევისას კანონი ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას.
14. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არ წარმოშობს სხვა პირთა უფლებების დარღვევის საფრთხეს, ვინაიდან სადავო ნორმების მსგავსი შინაარსის ნორმებს ასევე შეიცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, შესაბამისად, მათ დარღვევაზე რეაგირება კვლავაც იქნება შესაძლებელი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში actio popularis შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი ... რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
3. №1537 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებად, მათ შორის, მითითებული არიან ფიზიკური პირები - ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერს, რეჟისორსა და სცენარისტს.
4. სადავო ნორმების თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან არასრულწლოვნის დაცვა. ამისათვის მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას. სადავო ნორმები აგრეთვე ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნისათვის შეუფერებელი პროგრამის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, ადგენს დროის იმ ინტერვალებს, როდესაც არასრულწლოვნისათვის შეუფერებელი პროგრამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება დაუშვებელია და, ჩამოთვლილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, განსაზღვრავს მაუწყებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაბამის ზომებს.
5. სადავო ნორმების ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ მათი რეგულირების სფეროს წარმოადგენს უშუალოდ მაუწყებლისთვის გარკვეული ვალდებულებების/შეზღუდვების დაწესება და ამ ვალდებულებების დარღვევისას მათთვის შესაბამისი სანქციის დაკისრების განსაზღვრა. სადავო ნორმები მიმართული არაა კონკრეტული გადაცემის პროდიუსერის, რეჟისორისა და სცენარისტის გამოხატვის ანდა შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვისკენ და არ ითვალისწინებს მათთვის რაიმე სახის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ №1537 კონსტიტუციური სარჩელი, მოსარჩელეების - ირაკლი საღინაძის, გიორგი ლიფონავას და ქეთევან დევდარიანის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირების მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №1537 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
8. სადავო ნორმა აწესრიგებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში ამ ვალდებულებების ხელახალი დარღვევის შემთხვევას და სანქციის სახედ ითვალისწინებს კომისიის მიერ მაუწყებლისთვის ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას. მაშასადამე, იმისათვის, რომ სადავო ნორმით დადგენილი სანქცია გავრცელდეს მაუწყებელზე, აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ იგი ფლობდეს მაუწყებლობის ლიცენზიას.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელს წარმოადგენს - საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე, ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება, მათ შორის, ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობის მიერ მაუწყებლობისას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.
10. როგორც №1537 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე ტელეკომპანიები წარმოადგენენ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასახელებული ტელეკომპანიები სამაუწყებლო საქმიანობას ახორციელებენ სამაუწყებლო ლიცენზიის საფუძველზე.
11. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, რაც გამოიხატება მაუწყებლისთვის საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაში, მოსარჩელე ტელეკომპანიებზე ვერ გავრცელდება. შესაბამისად, მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1537 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
14. №1537 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 წინადადებების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
15. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულებებით დაცულია არა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესის თავისუფლება, არამედ შემოქმედებითი პროცესის შედეგად მიღებული პროდუქტის მაუწყებლის მიერ გავრცელება და საზოგადოებამდე მიტანა. მოსარჩელის განმარტებით, ავტორის (ამ შემთხვევაში: რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის) მიერ შექმნილი პროდუქტის გავრცელების პროცესში, მაუწყებელი ასევე სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცული შემოქმედების თავისუფლებით.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებს შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირის მიუხედავად, ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროებთან მიმართების დადგენა საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების გათვალისწინებით. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სხვა პირის მიერ შექმნილი შემოქმედებითი ნაწარმოების, ისევე როგორც სხვა ინფორმაციის გავრცელება, თავისი არსით, წარმოადგენს არა შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლებას, არამედ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლების რეალიზებას, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/13/711 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა პირის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტის მაუწყებლის მიერ საკუთარ ეთერში გადაცემისას, მაუწყებელი არ სარგებლობს შემოქმედების თავისუფლების დაცვის კონსტიტუციური გარანტიებით. სხვა პირის მიერ შექმნილი სახელოვნებო ნაწარმოების გავრცელებისას მაუწყებელი მოქმედებს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლების საფუძველზე, შესაბამისად, ამგვარი ნაწარმოების სამაუწყებლო ეთერში განთავსების შინაარსობრივ რეგულირებას მიმართება ექნება მაუწყებლის იმ უფლების შეზღუდვასთან, რომელიც განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებასა და გავრცელებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ემყარება კონსტიტუციური უფლებების შინაარსისა და ფარგლების არასწორ აღქმას.
19. შესაბამისად, №1537 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 წინადადებების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1537 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
21. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმები შეიცავს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალურ საფრთხეს, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატება ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების მომეტებულ შეზღუდვაში, ხოლო, მეორე მხრივ, კომისიის მიერ მაუწყებლისათვის სანქციის სახით ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობაში. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმების შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სარჩელის რეგისტრაციის მომენტის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში იმართებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მაუწყებლის მიერ გადაცემული პროგრამების შინაარსობრივი შეზღუდვისაგან მაქსიმალური თავისუფლება იძენდა განსაკუთრებულ დატვირთვას.
22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე.
23. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
24. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, აფასებს ხსენებული მექანიზმის დროში მოქმედებისა და მისი ეფექტიანობის საკითხს. კერძოდ, ნორმის შეჩერება მიზნის, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალება უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ამრიგად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, იქნება თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი.
25. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების აუცილებლობას განაპირობებდა, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოება, რომლის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი იყო სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვებისაგან თავისუფალი მედიის არსებობა. წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე დასრულებულია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე აღარ არსებობს.
26. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, შესაძლებელი იქნება, ისეთი გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, როგორიცაა კომისიის მიერ მაუწყებლისათვის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა (იხ. წინამდებარე საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 7-12 პარაგრაფები), ლიცენზიის არქონის გამო, შეუძლებელია, მოსარჩელე პირები, ამ თვალსაზრისით, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამგვარად, მოსარჩელეების შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამ მხრივაც, დაუსაბუთებელია.
27. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმები, ინფორმაციის შინაარსის განუსაზღვრელი ტერმინებით კონტროლისა და სანქცირების მექანიზმების მეშვეობით, შეიცავს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალურ საფრთხეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისათვის.
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ ადამიანების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს და თავად ინფორმაციის გავრცელების აზრების ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ყველაზე ეფექტურ ფორუმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71). „ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს. საზოგადოებაში, სადაც აზრის თავისუფლება აღიარებულია და დაცულია კონსტიტუციით, ასევე დაცულია ინფორმაციის თავისუფლებაც. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-36).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, ხოლო მისი შინაარსობრივი რეგულირება უკიდურესი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაშია ასევე მისაღები ის შემხვედრი ინტერესები, რომელთა დაცვა, სადავო ნორმების შეჩერების გამო, შესაძლოა გართულდეს ან სულაც შეუძლებელი გახდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ურთიერთშეპირისპირებული ინტერესების შეფასებისა და მათი დაბალანსების გზით.
30. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების მიზანს წარმოადგენს ბავშვის/არასრულწლოვნის დაცვა ისეთი ინფორმაციისაგან, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს, მათ შორის, მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას. დასახელებული ინტერესები უაღრესად მნიშვნელოვანია და მათი დაცვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
31. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმების შეჩერების პირობებში, ბავშვის/არასრულწლოვნის ინტერესების სრულყოფილი დაცვა შესაძლებელი იქნება მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. დასახელებული ინტერესების გარანტირებისათვის თვითრეგულირების ორგანო ვერ ჩაითვლება კომისიის მაკონტროლებელი ფუნქციების შემსრულებელ და მის ჩამნაცვლებელ ალტერნატიულ მექანიზმად.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, მიუხედავად მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების დაცვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისა, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე შესაძლო ნეგატიური ეფექტის მოხდენის საფრთხე, ისევე, როგორც კომისიის მიერ სადავო ნორმების შესაძლო სუბიექტური განმარტების გზით მაუწყებლისთვის სანქციის სახით ჯარიმის დაკისრებით გამოწვეული ზიანი, ვერ გადაწონის იმ უმნიშვნელოვანესი სიკეთეების დაცვის მიზანს, რომელსაც სადავო ნორმები ემსახურება.
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1537 „შპს მთავარი არხის“, „შპს ტელეკომპანია პირველის“, „შპს ტელეკომპანია კავკასიის“ და „შპს ფორმულას“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 წინადადებების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1537 „შპს მთავარი არხის“, „შპს ტელეკომპანია პირველის“, „შპს ტელეკომპანია კავკასიის“ და „შპს ფორმულას“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 წინადადებების, მე-3, მე-4, და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1537 კონსტიტუციური სარჩელი ირაკლი საღინაძის, გიორგი ლიფონავას და ქეთევან დევდარიანის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი