საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №2/3/579 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 9 ივნისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: ,,ამ კოდექსის” და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების: ,,ამ კოდექსით” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №579) მომართა საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 10 მარტს.
2. №579 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 7 მაისს.
3. №579 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ “ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია”. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ “მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ”.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, “კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს”.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია, რადგანაც დაუშვებლად აცხადებს მხოლოდ “ამ კოდექსით”, ანუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს და არა სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსით, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და ,,პოლიციის შესახებ” კანონების არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმიდან გამომდინარე დასაშვებია ისეთი მტკიცებულებებიც, რომლებიც ზემოხსნებული საკანონმდებლო აქტების დაცვით არის მოპოვებული, თუმცა უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულება გამოცვალეს, მისი ნიშან-თვისებები არსებითად შეცვალეს ან მტკიცებულებაზე დარჩენილი კვალი გაქრა. რაც, მოსარჩელის აზრით, ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან.
7. მოსარჩელის მტკიცებით, მტკიცებულებები შესაძლოა, მოპოვებული იქნეს არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული წესითაც. მოსარჩელე უთითებს, რომ მაგალითად ადამიანის კომუნიკაციაზე ფარული მიყურადების, ფარული თვალთვალისა და ჩაწერის პირობები და პროცედურები გათვალისწინებულია არა სსსკ-ით, არამედ - ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონით. შესაბამისად, თუკი კანონის დარღვევით ადამიანის საუბარს ფარულად ჩაიწერენ, მასზე განახორციელებენ ფარულ ვიდეოთვალთვალს, დაირღვევა, როგორც ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, მაგრამ არ დაირღვევა სსსკ-ი, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ღონისძიების ჩატარების პროცედურას არ არეგულირებს. შესაბამისად, მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დასაშვები იქნება ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება.
8. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციური ნორმა უფრო ფართო შინაარსისაა ვიდრე სადავო ნორმები და იგი კრძალავს ზოგადად კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას. მოსარჩელის განმარტებით, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტია რამდენიმე მიზანს ემსახურება: კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონსტიტუციის და კანონის დამრღვევი ქმედებების პრევენცია, დაცული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი, უზრუნველყოფილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის ლეგიტიმაცია და ასეცე დაცული იქნეს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
9. მოსარჩელის განმარტებით, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტია უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან კონსტიტუციის და კანონის დამრღვევი ქმედებების პრევენციას, რადგანაც მტკიცებულებათა დაუშვებლობის კონსტიტუციური წესი საგამოძიებო ორგანოებს უკარგავს კანონის დარღვევის სურვილს, ვინაიდან ამ გზით მათი მიზანი - სასამართლომ დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი პირის მიმართ - არ მიიღწევა.
10. ასევე, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტია, მოსარჩელის აზრით, ემსახურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს ავტორიტეტი და მის მიმართ საზოგადოების ნდობა საფრთხის წინაშე დგება, როცა ეს უკანასკნელი დასაშვებად გამოაცხადებს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას. მოსარჩელის შეფასებით ასეთი ქმედებით სასამართლო სამართალდამცავების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის, ხშირად დანაშაულის, თანამონაწილე ხდება, რაც მის ავტორიტეტზე უარყოფითად მოქმედებს.
11. მოსარჩელის განმარტებით, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის ლეგიტიმაცია, კერძოდ მოსარჩელის განმარტებით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდამრღვევის დასჯა სახელმწიფოს მხრიდან მოხდება კანონის დარღვევის საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციურ პრინციპებთან.
12. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის წესი უზრუნველყოფს პირის პირადი ცხოვრების უფლების დაცვასაც. მოსარჩელის აზრით, მტკიცებულებათა დაუშვებლობის წესი არის ინსტრუმენტული მექანიზმი, რომელიც მიმართულია სისხლის სამართლის საქმეში ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დასაცავად, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. მოსარჩელის აზრით, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის წესი არის საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ დადგენილი სანქცია, რომელიც გამოიყენება კონსტიტუციით გათვალისწინებული მატერიალური უფლების დარღვევისათვის. მოსარჩელის განმარტებით, სანქცია ეკისრება არა კონკრეტულ მოხელეს, არამედ სახელმწიფოს როგორც სუვერენს.
13. უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტიის მიზნებზე და მის მნიშვნელობაზე მოსარჩელე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
14. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე მაია რობაქიძე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
15. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი საქმის განხილვის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული კერძო პირის მიერ, რომელმაც შემდგომ ეს მტკიცებულებები გადასცა პროკურატურას. კერძოდ, საქმე ეხებოდა უკანონოდ ჩაწერილ ვიდეომასალას, რომელშიც მაია რობაქიძის საუბარი იყო ასახული.
16. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ვიდეომასალა და მის საფუძველზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულება იყო დაუშვებელი, რადგან იგი მოპოვებული იქნა სასამართლოს თანხმობის გარეშე, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის , „ი” ქვეპუნქტის, სისხლის სამართლის კოდექსის და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით.
17. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, რომ ბრალდების მხარემ მოითხოვა მტკიცებულების დასაშვებად ცნობა, რადგან ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონი ვრცელდება მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მოცემულ შემთხვევაში კი ჩაწერა განახორციელა კერძო პირმა. Aასევე, პროკურორმა მიიჩნია, რომ ვიდეო გადაღების შესახებ ცნობილი იყო ერთ-ერთი მოსაუბრისთვის, შესაბამისად, პროკურორის აზრით, მაია რობაქიძის საუბრის ჩაწერა არ შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ვიდეოჩაწერა არ არღვევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც: საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. პროკურორმა აღნიშნა, რომ სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება აქვთ მხარეებს, იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მხარეს წარმოადგენს ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი. ბრალდების მხარის განმარტებით, რადგანაც ვიდეოჩანაწერი წარმოდგენილი იქნა მოწმის მიერ, მოწმეს არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება, შესაბამისად, ის ვერ მიმართავდა სასამართლოს შუამდგომლობით 112-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. ამის გამო, პროკურორის აზრით, ადგილი არ ჰქონდა არც სსსკ-ის 112-ე მუხლის დარღვევას.
18. როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრებები და ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა ვიდეო მასალის მტკიცებულებად დაუშვებლობის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, მართალია, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერჯერობით არ დაუდგენია გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ თუკი მომავალში თბილისის საქალაქო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს დაადგენს და ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, არ არის გამორიცხული, კვლავ დადგეს ვიდეოჩანაწერის კანონიერების საკითხი. მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო დაადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერი უკანონოდ იქნა მოპოვებული, ეს გარემოება, სადავო ნორმის გამო, გავლენას ვერ მოახდენს მტკიცებულების დასაშვებობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებაზე, ვინაიდან მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით დასაშვებია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარდა, ყველა სხვა კანონის, მათ შორის კონსტიტუციის, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება.
20. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, მის მიმართ გავრცელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლი და მომავალში რეალურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოსარჩელე კვლავ დაექვემდებაროს აღნიშნული მუხლის მოქმედებას. Gაქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია, იდავოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
21. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ, რადგანაც მოსარჩელეს ბრალდებულის სტატუსი აქვს, მასზე შეიძლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნებისმიერი ნორმა გავრცელდეს, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნებისმიერი ნორმის კონსტიტუციურობაზე იდავოს, მათ შორის, გასაჩივრებული ნორმების.
22. მოპასუხე მხარემ გამწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული, რადგანაც კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, გაკეთდა კერძო პირის მიერ, სადავო ნორმა კი, ისევე როგორც კონსტიტუციის რელევანტური ნორმა, ეხება მტკიცებულების მოპოვებას. მტკიცებულების მოპოვებაზე უფლებამოსილი კი, მოპასუხის განმარტებით, მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მოქმედი კონკრეტული საგამოძიებო ორგანოა. შესაბამისად, მოპასუხის შეფასებით, ამ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართების დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი.
23. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით განმარტა, რომ მოსარჩელე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული მტკიცებულების კანონის დარღვევით მოპოვებაზე მიუთითებდა და მომავალშიც იმავე მტკიცებულების კანონის დარღვევაზე მითითების შესაძლებლობა არსებობს. Mმოპასუხე მხარის შეფასებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია ეს მტკიცებულება დასაშვებად, ვინაიდან კანონის წესები იყო დარღვეული. სადავო ნორმა კი ცალსახად მიუთითებს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მტკიცებულება კოდექსით დადგენილი წესის დაცვით იქნა მოპოვებული. Gაქედან გამომდინარე, მოპასუხის განმარტებით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის ჩანაწერი არ მოიცავს სადავო ნორმით განსაზღვრულ შემთხვევებს. შესაბამისად, არ არსებობს მიმართება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს შორის.
24. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით, იმ შემთხვევაში კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მითითებულ ნორმას შორის არის მიმართება, ნორმა მაინც არ არის შემხებლობაში მოსარჩელესთან და ვერ იქნება განხილული მისი კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველ ნორმად. შესაბამისად, მოპასუხის აზრით, მოსარჩელე არც ამ ნაწილშია უფლებამოსილი სუბიექტი იმავე მიზეზით, რაც 72-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით იქნა მითითებული.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №579 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №579 საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი