საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/579 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 31 ივლისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „ამ კოდექსის“ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების „ამ კოდექსით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – თამარ მესხია, სპეციალისტი – ბადრი ნიპარიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N579) მომართა საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 10 მარტს.
2. N579 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 7 მაისს. 2014 წლის 9 მაისის N2/3/579 საოქმო ჩანაწერით N579 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2014 წლის 10 სექტემბერს.
3. N579 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ „მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე მაია რობაქიძე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. მოსარჩელის განმარტებით, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა კერძო პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით მოპოვებული ინფორმაცია, რის გამოც, დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა, თუმცა მოსარჩელის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და, ამასთან, არსებობს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, სადავო ნორმების მოქმედებით შესაძლოა, უშუალოდ დაირღვეს მისი უფლება და, აქედან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია, იდავოს აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან დაუშვებლად აცხადებს მხოლოდ „ამ კოდექსის“, ე.ი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით და არა სხვა ნორმატიული აქტებით, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ კანონებით დადგენილი წესის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დასაშვებია ისეთი მტკიცებულებებიც, რომლებიც ზემოხსნებული საკანონმდებლო აქტების დაცვით არის მოპოვებული, თუმცა უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მათი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვების წესი განისაზღვრება არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ სხვა ნორმატიული აქტებითაც. მოსარჩელე მაგალითისთვის მიუთითებს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაციაზე ფარული მიყურადების, ფარული თვალთვალისა და ჩაწერის პირობებს და პროცედურებს. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების საუბარს კანონის დარღვევით ფარულად ჩაიწერენ ან მასზე განახორციელებენ ფარულ ვიდეოთვალთვალს, დაირღვევა როგორც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, მაგრამ არ დაირღვევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ღონისძიების ჩატარების პროცედურას არ არეგულირებს. შესაბამისად, მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დასაშვები იქნება ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება.
9. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, გამომძიებელს და პროკურორს გამოძიების დაწყების უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების მომენტიდან. მოსარჩელის განმარტებით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ კანონებით განსაზღვრულია გარკვეული ღონისძიებები, რომელთა მიზანი შეიძლება იყოს დანაშაულის პრევენცია ან დანაშაულის ნიშნების დამადასტურებელი მონაცემების შეგროვება გამოძიების დასაწყებად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაძლოა წინ უსწრებდეს გამოძიების დაწყებას, მიუხედავად ამისა, სათანადო ორგანოების მიერ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევა ვერ გახდება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მათი მოპოვება მოხდა გამოძიების დაწყებამდე და მასზე ვერ გავრცელდებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედება.
10. მოსარჩელის მტკიცებით, კონსტიტუციური ნორმა უფრო ფართო შინაარსისაა, ვიდრე სადავო ნორმები და იგი კრძალავს ზოგადად ნებისმიერი კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კანონის დარღვევა მიემართება როგორც სისხლის სამართლის პროცესის მხარეების, ისე კერძო პირების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებასაც და კრძალავს მის ნებისმიერი სახით გამოყენებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში.
11. მოსარჩელის განმარტებით, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტია რამდენიმე მიზანს ემსახურება. კერძოდ, იგი უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან კანონის დამრღვევი ქმედებების პრევენციას, ვინაიდან ამ გზით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად იქნება ცნობილი და მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ვერ მოხდება. ასევე, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტია, მოსარჩელის აზრით, ემსახურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს ავტორიტეტი და მის მიმართ საზოგადოების ნდობა საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ეს უკანასკნელი დასაშვებად გამოაცხადებს კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციური გარანტიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის ლეგიტიმაცია, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდამრღვევის დასჯა სახელმწიფოს მხრიდან მოხდება კანონის დარღვევის საფუძველზე. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის წესი არის ინსტრუმენტული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პირის პირადი ცხოვრების უფლების დაცვას.
12. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
13. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისთვის პრობლემის გადაჭრის გზად ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი რეგულირება, რომლის თანახმად, უნდა შეფასდეს მტკიცებულებად წარმოდგენილი დოკუმენტის წარმომავლობა. მოსარჩელის განმარტებით, მტკიცებულების წარმომავლობის შემოწმება არ გულისხმობს მტკიცებულების კანონიერების შეფასების შესაძლებლობას, არამედ – იგი მხოლოდ დოკუმენტის ავტორის ვინაობის დადგენას მოიცავს.
14. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას მხედველობაში არ არის მისაღები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების არსებობის საკითხი. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დეკლარირებული პრინციპები, მათ შორის, პიროვნული ღირსების ხელშეუვალობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ცალკე აღებული, არ არის რაიმე სამართლებრივი შედეგის მომტანი, თუ კონკრეტულ წესში არ მოხდება მისი ასახვა. შესაბამისად, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს ვერ შექმნის მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისი მოპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული რომელიმე პრინციპის დარღვევის საფუძველზე მოხდა.
15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა ცალსახად დასაშვებად მიიჩნევს ნებისმიერ მტკიცებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარდა, სხვა ნორმატიული აქტის დარღვევითაა მოპოვებული. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, მტკიცებულება, შეიძლება იყოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც უფლებამოსილი პირი წარადგენს სასამართლოში, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ მოიპოვა იგი.
16. მოსარჩელე მხარემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 1 აგვისტოს შეტანილ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად, გარკვეული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების წესი განისაზღვრა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ხოლო „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში აღინიშნა, რომ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. მოსარჩელემ განმარტა, რომ ახალი რეგულირებით მისი პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გადაიჭრა, ვინაიდან, როგორც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონით, ისე რიგი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულია გარკვეული ღონისძიებების განხორციელების წესები, რომელთა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა სადავო ნორმის საფუძველზე, ამ გარემოების მიუხედავად, მაინც შეუძლებელი იქნება.
17. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის არგუმენტი, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ეხება მხოლოდ მხარის მიერ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიზნებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მტკიცებულების მოპოვების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს არა მხოლოდ კერძო პირი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი, მაგალითად, სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი ან შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში მათი უფლებამოსილების განმსაზღვრელი კანონის დარღვევით მოიპოვებენ მტკიცებულებას. მოსარჩელის აზრით, ამგვარი მტკიცებულებაც დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს ნებისმიერი ორგანოს შეზღუდვას, რათა მათი საქმიანობის პროცესში არ დაირღვეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
18. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ ტერმინი „მოპოვება” განსხვავებული შინაარსის მატარებელია ერთი მხრივ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე. ტერმინი “მოპოვება” სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გულისხმობს გარკვეული მოქმედებების ერთობლიობას, რომლის შედეგადაც ხდება მტკიცებულებათა შეგროვება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება არა მხოლოდ სისხლის საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით მტკიცებულების მოპოვება, არამედ უკვე მოპოვებული მტკიცებულების ფიქსაცია საპროცესო ნორმების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შემთხვევა, როდესაც მტკიცებულება მოპოვებულია კოდექსის დაცვით, თუმცა უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დაცულ სფეროში და სწორედ მასთან მიმართებით უნდა შეფასდეს.
19. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით პრობლემური არ არის სადავო ნორმით გათვალისწინებული ყველა შემთხვევა. კერძოდ, მტკიცებულების ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლა, ასევე მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობა შესაძლოა განხორციელდეს ადამიანის ჩარევის გარეშე, ბუნებრივად, გარკვეული დროის განმავლობაში, რაც არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის აზრით, მტკიცებულების დაუშვებლობას განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სადავო ნორმა არაკონსტიტუციურ შინაარსს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 მუხლთან მიმართებით იძენს ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი კანონის დაცვით მოიპოვებს მტკიცებულებას, თუმცა შემდეგ განზრახ შეცვლის მის ნიშან-თვისებებს ან შლის მასზე არსებულ კვალს.
20. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიზანია არა პროცესის ნებისმიერი მონაწილის, არამედ მხოლოდ პროცესის მხარის მიერ რელევანტური კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა. ამასთან, აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის, მხოლოდ იმ კანონის არსებით დარღვევას აქვს მნიშვნელობა, რომლის საფუძველზეც მხარეს შეუძლია მტკიცებულების მოპოვება. მოპასუხის განმარტებით, ბრალდების მხარისთვის მტკიცებულებათა მოპოვების ძირითად წესს ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი. დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნაკლებად წარმოსადგენია, ვინაიდან მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ ეს მტკიცებულება აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ყველა ძირითადი წესი, რომელზე დაყრდნობითაც მხარეები მტკიცებულებებს მოიპოვებენ, განსაზღვრულია აღნიშნული ორი ნორმატიული აქტით და მათი არსებითი დარღვევა მტკიცებულებათა დაუშვებლობას განაპირობებს.
21. მოპასუხის განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში გამორიცხული არ არის, მტკიცებულებები სპეციალური ნორმების დარღვევით შეაგროვოს ისეთმა პირმა, რომელიც არ წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს, თუმცა, მოპასუხის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით გარანტირებული არ არის ნებისმიერი კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა. მოპასუხის აზრით, თითოეული კანონი ადგენს შესაბამის პასუხისმგებლობას ამგვარი ქმედებისთვის, მიუხედავად ამისა, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის ვალდებულება არ არსებობს, ვინაიდან უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტია მიემართება მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებს და არა ნებისმიერ პირს.
22. მოპასუხე მხარემ იმავდროულად აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონმდებელმა შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დააწესოს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამგვარ ლეგიტიმურ მიზანს, მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილება, სახელმწიფო უშიშროება და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ასევე მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება.
23. მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ რეგულირებაზე, რომლის თანახმად, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნეოდა არა მხოლოდ კოდექსის, არამედ ნებისმიერი კანონის დარღვევით მიღებული მტკიცებულება. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული დანაწესი კანონმდებელმა ზედმეტად ფართოდ მიიჩნია, ვინაიდან სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. შესაბამისად, მტკიცებულების შეგროვებასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებები გადაიხედა და მოექცა ორ ძირითად ნორმატიულ აქტში, რომელთა დარღვევა მტკიცებულების დაუშვებლობას განაპირობებს.
24. საქმეზე, სპეციალისტის სახით, მოწვეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი, ბადრი ნიპარიშვილი.
25. სპეციალისტის განმარტებით, მტკიცებულებად მიიჩნევა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც უშუალოდ მხარეები მოიპოვებენ. ამასთან, მტკიცებულებათა მოპოვება ყოველთვის არ გულისხმობს, რომ იგი მხარეთა უშუალო აქტიურობითაა შექმნილი. მტკიცებულებათა მოპოვებად მოიაზრება როგორც მხარეთა აქტიურობით გარკვეული ინფორმაციის წარმოშობა, ასევე მხარეთა მიერ იმ ინფორმაციის მიღებაც, რომელიც მანამდე სხვა პირებმა შექმნეს.
26. სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობის განხილვის ეტაპზე ფასდება მხოლოდ მტკიცებულების მოპოვების პროცესში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითად დარღვევის საკითხი. მიუხედავად ამისა, მტკიცებულების დასაშვებად ცნობა, იმავდროულად, არ გულისხმობს განაჩენის გამოტანის ეტაპზე მის მხედველობაში მიღების სავალდებულოობას. სპეციალისტის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, რაც გულისხმობს მის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს იმ სხვა კანონების მოთხოვნებთან, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. შესაბამისად, სპეციალისტის აზრით, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასასამართლო სხდომის ეტაპზე დასაშვებად იქნა ცნობილი. განაჩენის გამოტანის ეტაპზე კანონმდებელი აწესებს მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტთან შედარებით ხარისხობრივად უფრო მაღალ სტანდარტს, რაც გულისხმობს, მტკიცებულებათა არა მხოლოდ კოდექსთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა კანონებთან შესაბამისობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა, რომლის თანახმად, კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუშვებელია პირის სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება.
2. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, შეიმუშაოს მტკიცების წესი, რომელიც უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, კონკრეტული პირის სამართლიან მსჯავრდებას საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.
3. მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას. კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა სისტემა მოთხოვს, მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართალწარმოების და მტკიცებულებათა მოპოვების წესის მკაცრი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე, იქმნება სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხე.
4. კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვით საქართველოს კონსტიტუცია მიზნად ისახავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების დაცვას, მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის და პროცესის მონაწილეების ნდობის და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულის უფლების რეალიზაციას.
5. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ეფექტური პრევენციის და სამართლიანი სასამართლოს უზრუნელყოფის რეალური გარანტიების შექმნისათვის მტკიცებულების უკანონოდ მომპოვებელი სუბიექტისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის საკმარისი მექანიზმი. ამიტომ, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პროცესის მონაწილეების მხრიდან თვითნებობისგან შემაკავებელ ქმედით მექანიზმს.
6. მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმის საკანონმდებლო წესით განსაზღვრა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, კრძალავს მხარეების მიერ საკუთარი საპროცესო ინტერესების რეალიზაციას სხვა პირთა ღირსების და კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლება-თავისუფლებების უკანონო ხელყოფის ხარჯზე.
7. მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვება არ შეიძლება იქნეს გამართლებული ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულში პირის მხილების ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების სირთულეებითაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელება გასცდება კანონის ჩარჩოებს და გადაიქცევა შეუზღუდავი ძალაუფლების იარაღად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნული თავისუფლების აღიარების კონსტიტუციურ სტანდარტს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ამ კოდექსის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის [ შემდეგში „სსსკ“] 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია“. მოსარჩელის აზრით, სიტყვები „ამ კოდექსის“ ავიწროებს მტკიცებულებათა დაუშვებლობის დამდგენ წესს და ქმნის სხვა საკანონმდებლო აქტების არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ პრინციპს.
9. სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულება არის „კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას“. აღნიშნული საკანონმდებლო დეფინიციის თანახმად, მტკიცებულება შეიძლება იყოს ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი ობიექტი. სსსკ არ განსაზღვრავს ინფორმაციის მატარებლების წრეს, რომელთა წარდგენის უფლება ენიჭება მხარეებს. შესაბამისად, დასაშვებია ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი ობიექტის სასამართლოში წარდგენა, თუ ის ხასიათდება რელევანტურობით, დასაშვებობით და უტყუარობით.
10. სსსკ განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს და მათი მოპოვების წესებს. კერძოდ, მტკიცებულება შესაძლებელია არსებობდეს ჩვენების, ნივთიერი მტკიცებულების ან/და დოკუმენტის სახით. მაგრამ განსხვავებულია მათი შინაარსი და მატერიალური გამოხატულება (მაგალითად, ეს შეიძლება იყო ფოტოსურათი, კომპიუტერული ფაილი, აუდიო/ვიდეო ფირი, კვალი, საგანი, ნივთი).
11. სსსკ -ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ობიექტი არ ჩაითვლება მტკიცებულებად, თუ ის კანონით დადგენილი წესით არ არის წარდგენილი სასამართლოში და, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს, მაგალითად, სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნებს. იმავდროულად, სასამართლოს მიერ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულება შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას, თუ არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მაგრამ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ბარიერი კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს საკუთარ ფუნქციას, თუ სსსკ-ის 72-ე მუხლში ჯეროვნად არ იქნება გაწერილი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძვლები.
12. სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია“.
13. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს „დასაშვები მტკიცებულების“ ცნებას. მტკიცებულებათა დაუშვებლობა ე.წ. ნეგატიური ენუმერაციის პრინციპით არის გადაწყვეტილი და მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნევა, თუ მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
14. სსსკ ითვალისწინებს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის ზოგად და სპეციალურ წესებს. სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი წესი არ არის ამომწურავი და მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძვლები სხვა ნორმებშიც არის მოცემული (სპეციალური რეგულირება გათვალისწინებულია, მაგალითად, სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 144-ე მუხლის 31 ნაწილით, 131-ე მუხლის მე-6 ნაწილით , 169-ე მუხლის მე-9 ნაწილით და სხვა).
15. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა დაუშვებლობის საფუძვლები არ არის გათვალისწინებული მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. მაგალითად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, განხორციელებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს.
16. სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ეხება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს და არსებობს რეალური შესაძლებლობა, სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი სამართალშემფარდებლის მიერ გამოყენებულ იქნეს იმ შინაარსით, რომელსაც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ. სადავო ნორმის ასეთი შინაარსი გამომდინარეობს კანონის ისტორიული განმარტებიდანაც. კერძოდ, 1998 წლის სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილი ადგენდა რომ „კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მტკიცებულებების დაუშვებლობა მხოლოდ „ამ კოდექსით“ შემოიფარგლა.
17. საქმეზე მოწვეული სპეციალისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარდა სხვა ნებისმიერი აქტის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, სასამართლო ასეთ მტკიცებულებას არ გამოიყენებს საქმის არსებითად გადაწყვეტისას და, ამდენად, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღების რისკი არ არსებობს. სპეციალისტი მიუთითებს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში”. სპეციალისტის მითითებით, მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და თუ დაადგენს, რომ მტკიცებულების მოპოვებისას დარღვეულია რომელიმე საკანონმდებლო ნორმა, არ უნდა დაეყრდნოს ამ მტკიცებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული განაჩენი უკანონოდ ჩაითვლება.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სპეციალისტის აღნიშნულ მოსაზრებას რამდენიმე გარემოების გამო: 1.სასამართლოს განაჩენი ვერ ჩაითვლება უკანონოდ, თუ მოსამართლე დაეყრდნო სსსკ-ით დასაშვებად ცნობილ, ანუ იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოყენებაც კანონიერად არის მიჩნეული; 2. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს განაჩენის კანონიერებაზე, მაგრამ არაფერს ამბობს განჩინების გამოტანისათვის დადგენილ სტანდარტზე. შესაბამისად, სსსკ არ ითვალისწინებს ჩანაწერს, რომელიც გამორიცხავდა ასეთი მტკიცებულების გამოყენებას კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებათა შემზღუდველი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე სასამართლოს ნებართვის გასაცემად (მაგალითად, სასამართლოს ნებართვა ჩხრეკა-ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, პირის დაკავებისთვის); 3. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცებულებების დასაშვებობა მოწმდება წინასასამართლო სხდომის ეტაპზე. სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე არსებითი სასამართლო განხილვის ეტაპზე დამატებითი ახალი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი სასამართლო მოკლებულია აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას და ამოწმებს მხოლოდ ასეთი მტკიცებულების სასამართლო განხილვაზე დაშვების საკითხს; 4.საკითხი დამატებით აქტუალობას იძენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემთხვევებთან მიმართებით. თუ სასამართლოს განაჩენის დადგენისას სსსკ-ის 259-ე მუხლზე დაყრდნობით შეუძლია, არ გაითვალისწინოს ცალკეული მტკიცებულებები, ანალოგიურ შესაძლებლობას სსსკ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან მიმართებით არ ითვალისწინებს. სსსკ ადგენს, რომ ნაფიც მსაჯულებს უნდა წარედგონის დასაშვები მტკიცებულებები. შესაბამისად, თუ მტკიცებულება ფორმალურად შეესაბამება სსსკ დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებულია სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით, არ არსებობს სსსკ-ის 72-ე მუხლის საფუძველზე მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი და აღნიშნული მტკიცებულება წარედგინება ნაფიც მსაჯულებს.
19. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტში გამოყენებულ ტერმინ „მოპოვებას“ ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს და უნდა განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გარანტია ემსახურება მტკიცებულებების მოპოვებისას საკანონმდებლო პროცედურებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ იგი მოიცავს ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც უკავშირდება მტკიცებულების მოპოვების მიზნით უფლებამოსილი ორგანოების მიერ ინფორმაციის შემცველი ობიექტების მიღების პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციური დაცვა გავრცელდება მხოლოდ კონკრეტულ ეტაპზე ან მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებზე და არა ყველა იმ სახელმწიფო ორგანოზე, რომელიც მოიპოვებს მტკიცებულებას, წარმოიშობა თვითნებობისა და კონსტიტუციური გარანტიის არაეფექტიანობის საფრთხე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, იმის მიუხედავად, თუ რომელი სუბიექტის მიერ არის იგი მოპოვებული და მტკიცებულების მოპოვების რა ეტაპზე დაარღვია შესაბამისმა ორგანომ კანონმდებლობის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესის მწარმოებელ ორგანოს ექნებოდა შესაძლებლობა, თვითნებურად აერიდებინა თავი კანონმდებლობის მოთხოვნებისათვის მტკიცებულებების მოპოვების ამა თუ იმ ეტაპზე ან/და ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარება მიენდოთ სხვა პირებისთვის და ამ გზით იურიდიული ძალა მიენიჭებინათ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისთვის, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით განმტკიცებული გარანტიის ქმედითობას.
20. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მსგავსად, სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი უთითებს სსსკ-ის არსებითი დარღვევით „მოპოვებულ“ მტკიცებულებებზე. გამოყენებული სიტყვების იდენტურობის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებულ „მოპოვებას“ ავტონომიური საკანონმდებლო შინაარსი აქვს და განსხვავდება კონსტიტუციური ტერმინის მნიშვნელობისაგან.
21. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს სპეციალისტის მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის „მოპოვება“ წარმოადგენს, სასამართლოში წარდგენის მიზნით, კანონით განსაზღვრული სუბიექტების (მხარეების) მიერ ინფორმაციის შემცველი ობიექტის მიღებას. აქედან გამომდინარე, სხვა სუბიექტების მიერ (მაგალითად, დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი) ინფორმაციის შემცველი ობიექტის მიღება არ წარმოადგენს მოპოვებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მნიშვნელობით. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც მტკიცებულების მიღების პროცესში კანონი დაარღვია პროცესის სხვა მონაწილემ, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის საქმეზე ან არ მოქმედებს მხარის დავალებით. ამდენად, ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია პროცესის მონაწილის მიერ სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, მაგრამ მხარისათვის მისი გადაცემა საპროცესო წესების დაცვით არის განხორციელებული, 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მოცემული რედაქციის საფუძველზე დასაშვები მტკიცებულებაა. ანალოგიურად, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს მიერ მტკიცებულებითი ინფორმაციის მოპოვება ხორციელდება სხვა სპეციალური კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მაგრამ მისი საპროცესო დამაგრება/ფიქსაცია განხორციელებულია სსსკ-ის მოთხოვნების დაცვით, ასეთი ინფორმაციაც, სადავო ნორმის შესაბამისად, დასაშვები მტკიცებულებაა.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს თავისუფალი მტკიცების პრინციპს, არ შეიცავს მტკიცებულებითი ინფორმაციის მატარებელი ობიექტების ამომწურავ ჩამონათვალს და ქმნის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად საქმისათვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემცველი ობიექტის წარდგენის შესაძლებლობას. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება ხდება მრავალგვარი წყაროდან, განსხვავებული ფორმებითა და მეთოდებით და მტკიცებულებათა მოპოვების პროცესი მოიცავს სამართალურთიერთობების ფართო სპექტრს.
23. მტკიცებულებების მოპოვების პროცედურა წესრიგდება არაერთი საკანონმდებლო აქტით. კანონმდებელს არ აკისრია ვალდებულება, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების ყველა ხერხი და საშუალება ამომწურავად განსაზღვროს მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კანონმდებლის ლეგიტიმური შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მტკიცებულების ან/და მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ადგილი საკანონმდებლო აქტების სისტემაში, ასევე, ნებისმიერ დროს გადაიტანოს მტკიცებულებების მოპოვების წესები სხვა აქტებში.
24. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ცალკეული მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების წესებს არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებშიც. მაგალითად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები ადგენენ გარკვეულ რეგულაციებს, რომლებიც ადგენს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. მაგალითად, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის თანახმად, პენიტენციარულ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია“, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით [ საქართველოს სახალხო დამცველთან საუბრის მიყურადებით ან მის სახელზე გაგზავნილი წერილის შინაარსის გაცნობით], მაგრამ დაცულია მისი საპროცესო დამაგრების ფორმა (მაგალითად, შესაბამისი პირის დაკითხვა სასამართლოში, მოწმის სახით), სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად. ასევე, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სუბიექტის თანხმობის გარეშე პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების აკრძალვას. ანალოგიურად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს რიგი საპოლიციო მოქმედებების განხორციელების წესებს. მაგალითად - ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება (მუხლი 22), სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, მათ შორის, პირის, ნივთისა და სატრანსპორტო შემოწმების დათვალიერება (მუხლი 23), სპეციალური საპოლიციო კონტროლი (მუხლი 24) და სხვა ღონისძიებები, რომელთა განხორციელებისას პოლიციელმა შესაძლოა მოიპოვოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანალოგიურად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის. თუ მტკიცებულების მოპოვება უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის მიერ მისთვის განდობილი/ცნობილი ცნობების გამჟღავნებას მესამე პირისთვის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, შესაბამისი მესამე პირის ირიბი ჩვენება ჩაითვლება დასაშვებ მტკიცებულებად სისხლის სამართლის საქმეზე. ამავე დროს, კანონის დარღვევის ფაქტი ვერ გახდება ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უკანონოდ ცნობის საფუძველი და მის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა ვერ მოხდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზეც, მიუხედავად იმისა, რომ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ან/და სამოხელეო დანაშაულისთვის.
25. სსსკ არ კრძალავს, სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას და წარდგენას მხარის პროცესუალური სტატუსის არმქონე საკუთარი ინიციატივით მოქმედი სხვა პირების მიერ.
26. სსსკ და მისი 72-ე მუხლის მოქმედი რედაქცია პირდაპირ არ კრძალავს არც კერძო პირების მხრიდან სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას სისხლის სამართალწარმოებაში (მაგალითად, უკანონო თვალთვალის, პირად ცხოვრებაში უკანონოდ შეჭრის, სხვისი კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ გამოყენებით) მხარის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მოწმის სახით იმ პირის დაკითხვას, ვინც მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს პირის მიერ ინფორმაციის დანაშაულებრივი გზით მოპოვების ფაქტს, აღნიშნული არ გამორიცხავს ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებელობას, თუ მოწმის მხრიდან აღნიშნული ქმედება განხორციელდა მხარეთა ნება-სურვილის ან/და დავალებისგან დამოუკიდებლად. ასეთი ინფორმაციის დაუშვებლად გამოცხადება დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, როდესაც ინფორმაცია ხასიათდება სანდოობით და რელევანტურობით. მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას არ გამორიცხავს არც ის გარემოება, რომ მისი მომპოვებელი კერძო პირი პასუხისგებაში მიეცემა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის.
27. აღნიშნული ვითარება თანაბრად ეხება როგორც იმ ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც საგამოძიებო ორგანოებს შეეძლოთ სსსკ-ით დადგენილი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების განხორციელების გზით, ასევე ინფორმაციას, რომლის მოპოვება მხარეებისათვის კანონიერი გზებით და მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კერძო პირის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაექვემდებარება თუ არა იგი სისხლის სამართლებრივ დევნას, მაგალითად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვეისთვის, შვილად აყვანის საიდუმლოების დარღვევისთვის, იძულების ან/და მუქარისთვის, თუ ამ გზით მის მიერ მოპოვებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამართალწარმოებაში ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებად. განსხვავებულია ვითარება, როდესაც გამოძიების ორგანოები კერძო პირების მეშვეობით ახდენენ მტკიცებულებების მოპოვებას. თუ კანონმდებლობა შექმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით მოპოვებული ინფორმაციის სამართალწარმოებაში მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას ის წააქეზებს კერძო პირების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და შექმნის მხარეების მიერ აღნიშნული შესაძლებლობით მანიპულირების საფრთხეს.
28. სსსკ-ის პირდაპირი აკრძალვის არარსებობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით მტკიცებულების მოპოვება შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს არსთან, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის მოპოვება ხდება კერძო პირის მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წაქეზების შედეგად.
29. განაჩენის ან/და ნებისმიერი სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის გამოყენებული მტკიცებულებების დასაშვებობასა და სარწმუნოობაზე. ამიტომ, თუ კერძო პირების მიერ არაკანონიერი გზით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვება ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებებს არსებით ზიანს მიაყენებს, ასეთი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.
30. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლოა დასაშვებად იქნეს მიჩნეული „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი მე-2 წინადადების თანახმად, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენცია [შემდეგშიკონვენცია] წარმოადგენს საქართველოს ნორმატიულ აქტს (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 12 მაისის №1940–IIს დადგენილებით). მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ხშირ შემთხვევაში შეხება აქვთ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კრძალავს სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ დანაშაულის პროვოკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ“ (საჩივრის N59696/00), § 133-135), ვინაიდან დანაშაულის პროვოკაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებების სისხლის სამართალწაროებაში გამოყენებამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის სამართლიანობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ვანიანი რუსეთის წინააღმდეგ“ (საჩივრის N53203/99), § 47). ევროპული სასამართლო ადგენს მკაცრ სტანდარტებს სისხლის სამართალწარმოებაში ანონიმური ჩვენებების გამოყენების დასაშვებ ფარგლებთან და შემთხვევებთან მიმართებით ( იხ. მაგალითად ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2011 წლის 11 დეკემბერი, [GC], §46) და სხვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების პროცესში დაირღვეს კონვენციით განსაზღვრული სტანდარტები, იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა ამ სტანდარტებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
31. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ სსსკ არ ითვალისწინებს ან არასრულად ასახავს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან, დაემორჩილონ კონვენციის მოთხოვნებს, თუ ეს მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამავე დროს, აღნიშნული არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის კონსტიტუციურობის შეფასებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებათა დასაშვებობის წესები დამოუკიდებლად არსებობს და ავტონომიურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს კონსტიტუცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღმაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე წარსადგენი მტკიცებულებების მოპოვების წესებს, ხოლო სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ქმნის ზემოთ დასახელებული აქტების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე.
33. როგორც აღინიშნა, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია იწვევდეს უტყუარი მტკიცებულებების იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადებას. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევებში დადგინდეს გამონაკლისები და კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს მიენიჭოს იურიდიული ძალა. მაგრამ აღნიშნული არ უნდა ახდენდეს პროცესის მონაწილეების ან/და მესამე პირების კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. საგამონაკლისო შემთხვევების განსაზღვრისას უნდა გამოირიცხოს სახელმწიფო ორგანოების თვითნებობის წახალისების და ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების მოპოვებისას კანონის გამიზნული და გაცნობიერებული დარღვევის საფრთხე, და ასეთი მტკიცებულების საფუძველზე ბრალდებულის მსჯავრდებისათვის შესაძლებლობა.
34. განსახილველ შემთხვევაში სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მოცემული ნორმით განსაზღვრული წესი არსებობს გამონაკლისების გარეშე. აღნიშნული ნორმა მოქმედებს ზოგადად და არ უთითებს იმ წინა პირობებზე, რომლებიც დაავიწროებდა და საგამონაკლისო სახეს მისცემდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისთვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხვევებს. კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისთვის იურიდიული ძალის მინიჭება ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი გამონაკლისისა და დავიწროების გარეშე, ახალისებს მტკიცებულებების მომპოვებელი სახელმწიფო ორგანოების თვითნებობას და შეიცავს პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შეუქცევად საფრთხეებს. ასეთი მიდგომა შეიცავს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის საფრთხეს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის სულისკვეთებას.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ამ კოდექსის“ არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ამ კოდექსის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით
36. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „ამ კოდექსის“ არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ადგენს ისეთი მტკიცებულებების დასაშვებობას, რომლებიც მოპოვებულია არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
37. განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განისაზღვროს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის რეგულირების სფერო და ის მტკიცებულებები, რომელთა დაუშვებლობასაც ადგენს ეს ნორმა. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, „მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“. მტკიცებულების დასაშვებობის ეს წესი უკავშირდება მტკიცებულებათა ავთენტიკურობას და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის პროცესიდან არაავთენტიკური მტკიცებულებების ამორიცხვას.
38. სასამართლომ ზემოთ განვითარებულ მსჯელობაში უკვე მიუთითა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის აუცილებლობაზე, როდესაც მტკიცებულება ეწინააღმდეგება სსსკ-ის ან/და ნებისმიერი სხვა სპეციალური კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას და სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვები, რომლებიც მტკიცებულების დასაშვებობას უკავშირებდა მხოლოდ სსსკ-ის მოთხოვნათა არსებით დარღვევას. შესაბამისად, სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება ეხება მხოლოდ იმ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხებს, რომლებიც მოპოვებულია არა მხოლოდ სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, არამედ, იმავდროულად, აკმაყოფილებს სსსკ-ით დადგენილ მტკიცებულებათა დასაშვებობის ფორმალურ მოთხოვნებსაც, მაგრამ რომელთა მიმართ არსებობს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გონივრული ეჭვი მტკიცებულების ავთენტიკურობის შესახებ. კერძოდ, აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც „მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით“ და სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ წესს ავრცელებს ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით. შესაბამისად, ნორმის რეგულირების სფერო არ ვრცელდება იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც არ არის მოპოვებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დაცვით. სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, თუ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაცია მოპოვებულია რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ის უნდა შეესაბამებოდეს ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებსაც. მაგალითად, თუ წარდგენილია ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. თუ შემოწმების შემდეგ დადგინდება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ არის დარღვეული, ჩაითვლება, რომ მტკიცებულება მოპოვებულია კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მასზე გავრცელდება სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მტკიცებულებას დაუშვებლად აცხადებს, თუ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
39. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ მტკიცებულება მოპოვებულია სხვა საკანონმდებლო აქტის, მაგალითად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მასზე არ ვრცელდება სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არ არის მოპოვებული კოდექსის დაცვით, წარმოადგენს ამ კოდექსის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება ასევე ვრცელდება სხვა კანონის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებებზეც, თუ მტკიცებულების მოპოვებისას დარღვეული არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, კონსტიტუციური სარჩელი N579 არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ამ კოდექსის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N579 („საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ამ კოდექსის“ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელი N579 („საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ამ კოდექსის“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი