სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს სახალხო დამცველი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1354 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 4 მარტი 2020 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. N1354-ე რეგისტრირებულ სარჩელთან დაკავშირებით.
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
სასამართლო მეგობრის მოსაზრება შეეხება კონსტიტუციურ სარჩელს, რომლის მიხედვითაც დავის საგანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების: „პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“[1]
დავის საგანის კონსტიტუციურობა განიხილება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.[2] კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.
სახალხო დამცველი იზიარებს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არგუმენტაციას, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის სტანდარტებს, რადგან არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და არც სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს „პროსტიტუციის“ ცნებას. შესაბამისად, განუსაზღვრელია თუ კონკრეტულად რა ქმედებას მოიაზრებს კანონმდებელი დასჯადად.
ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და არ მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით.[3]
ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზნებს - საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მორალის დაცვას.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პირის ნებისა და ქმედების თავისუფლება როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეში.[4] ასევე, დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას.[5]
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროსტიტუციის დღეს მოქმედი რეგულირება არაეფექტიანი და პრობლემურია. გაუგებარია, თუ რა სამართლებრივ სიკეთესა და მიზნებს ემსახურება. ის ქალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს, სექს-მუშაკ ქალებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს, აძლიერებს მათ მიმართ არსებულ სტიგმას და მათ სოციალური ცხოვრებისგან გარიყვას ემსახურება.
სახალხო დამცველის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში, სულ დაფიქსირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723-ე მუხლით გათვალისწინებული 13 სამართალდარღვევა.[6] აღნიშნული გარემოება იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზემოთხსენებული მუხლი ხშირად გამოიყენება შერჩევით, არა რაიმე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, არამედ სექს-სამუშაოში ჩართულ პირებზე სოციალური წნეხის განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, იწვევს სექს-მუშაკების დამატებით სტიგმატიზაციას.
აღნიშნული მუხლის არაეფექტიანობაზე მიუთითებს ისიც, რომ არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს პროსტიტუცია და შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რა მტკიცების ხარისხი მოეთხოვება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელს, რომ დაასაბუთოს აღნიშნული მუხლით პასუხისგებაში მისაცემი პირის სანქცირებული ქცევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ რომელი უწყებაა უფლებამოსილი, გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.[7]
წარმოდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, მიმოხილული იქნება ის პრობლემები, რომელთაც სექს-მუშაკი ქალები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და პრაქტიკული გამოწვევები, რომლებიც არსებული რეგულაციის არაეფექტიანობას ადასტურებს. დოკუმენტი ეყრდნობა სექს-მუშაკი ქალის მიერ მოყვანილ ფაქტებს, რომელმაც სახალხო დამცველს მომართა და სახალხო დამცველის მიერ, საქმის შესწავლის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის სექს-მუშაკი, რომელსაც ჯერჯერობით არ დაკისრებია პროსტიტუციისათვის ადმინისტაციული პასუხისმეგბლობა, თუმცა ნებისმიერ მომენტში არსებობს საფრთხე, რომ მას აღნიშნული საქმიანობის განხორციელების გამო, დაეკისროს სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია. მოსარჩელის მითითებით, სექს-მუშაკები სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას ხშირად ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა დაწესებული სანქციის შიში მათ აიძულებს ძალადობის ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში გაცხადების შეტანისაგან თავის შეკავებას.
აღნიშნულის მსგავსად, 2018 წლის 22 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მომართა სექს-მუშაკმა ქალმა, მის მიმართ განხორციელებული უფლება-დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით. განცხადების თანახმად, ის ათი წლის წინ, მძიმე სოციალური პირობების გამო ჩაერთო სექს სამუშაოში. წინამდებარე დოკუმენტით, განხილულია სექს-მუშაკების საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-დარღვევები და გამოყენებულია როგორც განმცხადებლის მიერ მითითებული, ასევე, სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
სექს-მუშაკი ქალის განცხადების თანახმად, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ის ხშირად გამხდარა ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი კლიენტებისა და მესამე პირების (გამვლელების) მხრიდან. მისი თქმით, კლიენტების მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა იმდენად ხშირია, რომ რთულია მიახლოებული რაოდენობის დასახელებაც კი. განმცხადებლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად გამოიხატება სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხოლო, ეკონომიკური ძალადობა გამოიხატება გარეშე პირების მხრიდან გარკვეული თანხის სისტემატიურად მოთხოვნაში კონკრეტულ ადგილას დგომის „ნებართვის“ სანაცვლოდ.
რაც შეეხება, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს, განმცხადებელი მიუთითებს რამდენიმე შემთხვევაზე, როდესაც, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა მოსთხოვა მას უსასყიდლოდ სქესობრივი კავშირის დამყარება. მისი თქმით, ის იძულებული იყო დათანხმებოდა აღნიშნულს, ვინაიდან ჰქონდა შიში, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე, ან მის შვილებზე რაიმე სახის ზეწოლა მოხდებოდა. განცხადებაში მითითებულია, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სექს სამუშაოში ჩართულ ქალებს და ამგვარად ახდენენ მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები, სექს-მუშაკ ქალებს, კომპრომატების შეგროვების მიზნით, ზოგჯერ, მათი კლიენტების შესახებ გარკვეული ინფორმაციის შეგროვებას სთხოვენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ სექს-მუშაკი ქალის განცხადების თანახმად, არის ფაქტები, როცა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში, თუ სექს-მუშაკი ქალები უკანონო მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან, მათ მდგომარეობას ართულებენ და ამორჩევით აძლევენ მათ გარკვეულ ადგილებში დგომის უფლებას. აღნიშნული იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723-ე მუხლს, ხშირად, შერჩევით იყენებენ.
ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ამყარებს სახალხო დამცველის მიერ საკითხის ირგვლივ მოპოვებული ინფორმაცია. სხვადასხვა წყაროების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ სექს-მუშაკი ქალები გამუდმებით განიცდიან როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას კლიენტებისა და მესამე პირების (გამვლელების) მხრიდან, ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც სექს-მუშაკი ქალები უთითებენ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ანაზღაურების გარეშე სექსუალური ურთიერთობის იძულების ფაქტებზე.[8] აღნიშნული ვითარების მიუხედავად, სექს-მუშაკების მიმართვიანობა სამართალდამცავი უწყებებისადმი უკიდურესად დაბალია.[9] ამის განმაპირობებელი მიზეზია პოლიციელების მიმართ ნდობის ნაკლებობა, ვინაიდან, რიგ შემთხვევებში, სწორედ პოლიციელები წარმოადგენენ მათზე ძალადობის განმახორციელებელ და/ან სხვაგვარად უფლების დამრღვევ პირს.[10]
უფლება-დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირების პრობლემა
კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის შემთხვევაში სექს-მუშაკებს მოუწევთ, განაცხადონ მათ მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ. ამდენად, ისინი დაუცველნი რჩებიან ძალადობის წინაშე და მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ასეთი მოწესრიგების პირობებში სახელმწიფო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას, რომ აღკვეთოს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები. ამრიგად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმას აქვს მსუსხავი ეფექტი მსხვერპლზე, არ გაამჟღავნოს მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი.
სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებით, დგინდება, რომ სექს-მუშაკ ქალს ზემოთ მითითებული არც ერთი შემთხვევის შესახებ არ გაუკეთებია შესაბამისი შეტყობინება სამართალდამცავ უწყებაში, იმის მიუხედავად, რომ მას კონკრეტული პირების (მათ შორის, პოლიციელების) იდენტიფიცირება შეეძლო. მისი თქმით, აღნიშნული განპირობებულია შიშით, რომ შეტყობინების შემთხვევაში, ის შესაძლოა აღმოჩნდეს არსებულზე უარეს ვითარებაში. განმცხადებლის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი განცხადების საფუძველზე მოხდებოდა კონკრეტული პოლიციელის დასჯა, მას პრობლემებს პოლიციის სხვა თანამშრომლები შეუქმნიდნენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექს-მუშაკი ქალების მხრიდან სამართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვის დამაბრკოლებელი გარემოებაა რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც აჯარიმებს სექს-სამუშაოში ჩართულ პირს. კერძოდ, სექს-მუშაკი ქალები ცხოვრობენ შიშში, რომ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში, გამჟღავნდება ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ და მოხდება მათი დასჯა.
ადმინისტრაციული სახდელის შერჩევით და თვითნებურად გამოყენების პრაქტიკა
სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ პოლიციელები სექს-მუშაკ ქალებს ხშირად აჯარიმებენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 173), 400-500 ლარის ოდენობით, როდესაც მათ გარკვეული ადგილის დატოვებას სთხოვენ.[11] აღნიშნული პრობლემა განხილულია იმ სექს-მუშაკი ქალის განცხადებაშიც, რომელმაც სახალხო დამცველს მომართა. მისი ახსნა-განმარტების თანახმად, ის 2017 წელს 500 ლარით დააჯარიმეს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა ზემოთხსენებული მუხლით მხოლოდ იმიტომ, რომ ის სექს-მუშაკია. ის ასევე განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობენ სამართალდამცავები დაუმორჩილებლობაში და რომ ის რეალურად დააჯარიმეს იმიტომ, რომ არის სექს-მუშაკი.[12]
სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს კანონმდებლობა პროსტიტუციას სისხლის სამართლისა და ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსების მეშვეობით არეგულირებს. კანონმდებლობის თანახმად, სექს-სამუშაოში ჩართული პირი ჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723-ე მუხლით, აღნიშნული მუხლის ადრესატს წარმოადგენს მხოლოდ სექს-მუშაკი.
კანონმდებლობის ამგვარი რეპრესიული მიდგომა, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ისედაც მოწყვლად ჯგუფს - ქალ სექს-მუშაკებს. გამომდინარე იქიდან, რომ მათი საქმიანობა არის ადმინისტრაციული წესით დასჯადი, სექს-მუშაკებს უწევთ შიშში ცხოვრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ ჩადენილი უფლება-დარღვევის ფაქტების შესახებ სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ, გამჟღავნდება ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. აღნიშნულს კი შესაძლოა მოჰყვეს არა მათ მიმართ უფლება-დარღვევის ჩამდენი პირის, არამედ, მათი დასჯა კანონის შესაბამისად.
აღნიშნული იწვევს სექს-მუშაკებზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად თუ ეკონომიკურად მოძალადე პირების დაუსჯელობას და შესაბამისად, მათში დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას.
კანონმდებლობის ამგვარი მიდგომა, რომელიც აჯარიმებს სექს-სამუშაოში ჩართულ პირს და ამით ბარიერებს უქმნის მას როგორც მართლმსაჯულების, ასევე, სხვა სერვისების მისაწვდომობის კუთხით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) კომიტეტის 2015 წლის დასკვნაში (concluding observation) ასევე აღნიშნულია, რომ პროსტიტუციის სანქცირება განაპირობებს ძალადობის სხვადასხვა გამოხატულებებს, გამოძალვას, ფიზიკურ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას და ქალთა მკვლელობებსაც კი. აღნიშნულის შესაბამისად, CEDAW კომიტეტმა გასცა პროსტიტუციის სანქცირების რეგულაციის გაუქმების რეკომენდაცია.[13]
CEDAW კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა აღკვეთოს ქალთა პროსტიტუციის ექსპლუატაციის ყოველგვარი სახეობა.[14] ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა, რომელიც სჯის სექს-მუშაკ ქალს, მას უფრო მოწყვლად მდგომარეობაში ტოვებს, არ აძლევს შესაძლებლობას, თავი დააღწიოს სიდუხჭირეს და, შესაბამისად, სექს-სამუშაოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული საკანონმდებლო პოლიტიკის პირობებში, საქართველო ვერ ასრულებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას.
აღნიშნული კონვენციის მონიტორინგის კომიტეტის (CEDAW კომიტეტი) მე-19 ზოგადი რეკომენდაციის თანახმად, პროსტიტუციაში ჩართული ქალები ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან იმის გამო, რომ მათი სტატუსი, შესაძლოა არ იყოს ლეგალური. აღნიშნულის გამო, სექს-მუშაკი ქალები საჭიროებენ გაუპატიურებისა და სხვა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის თანასწორ აღსრულებას[15], რაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სადამსჯელო პოლიტიკის პირობებში ვერ ხერხდება.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტის 22-ე ზოგადი კომენტარი, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს შეეხება აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ რამდენიმე ძირითადი ვალდებულება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მინიმალური ზღვრის დასაკმაყოფილებლად. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აღნიშნული ძირითადი ვალდებულება გულისხმობს იმ რეგულაციების, პოლიტიკისა და პრაქტიკების აღმოფხვრას, რომელიც ინდივიდის ან ინდივიდთა გარკვეული ჯგუფის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომას ზღუდავს.[16] აღსანიშნავია, რომ გარდა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობაზე ბარიერის შექმნისა, აღნიშნული რეპრესიული კანონმდებლობა ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხითაც აბრკოლებს. კერძოდ, ქალები, საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისა და დაჯარიმების შიშით, ბუნებრივია, თავს აარიდებენ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიღებისას ჯანდაცვის სერვისის გამცემთან იმის გამხელას, რომ ისინი სექს-მუშაკები არიან, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მათ საჭიროებაზე ინდივიდუალურად მორგებული ჯანდაცვის სერვისის მიღებას. აქვე აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სექს-მუშაკი ქალების კლიენტები ხშირად ამბობენ უარს პრეზერვატივის მოხმარებაზე.[17] აღნიშნული ფაქტი უთითებს სექს-მუშაკი ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობის გარანტირების აუცილებლობაზე.
აქვე აღსანიშნავია CEDAW კომიტეტის 35-ე რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა გააუქმონ ის საკანონმდებლო ნორმები, რომელიც ხელს უშლის პროსტიტუციაში ჩართული ქალების ძალადობისგან დაცვას ან შესაძლებელს ქმნის ასეთ ძალადობას.[18]
საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის თანახმად, პროსტიტუციის კრიმინალიზაცია შედეგად იწვევს ადამიანის უფლებების მრავალი ასპექტის დარღვევას. კერძოდ, რისკის ქვეშაა სიცოცხლის, თანასწორობის, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვის უფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, სათანადო სტანდარტის ჯანმრთელობის დაცვის სისტემით სარგებლობის უფლება, განათლების უფლება და ა.შ.[19]
ამავე ორგანიზაციის თანახმად, სექს სამუშაოს კრიმინალიზაცია და სანქცირება აძლიერებს მასში ჩართული ქალების მიმართ არსებულ სტიგმას და აჩენს განწყობებს, რომ სექს-მუშაკი ქალები არიან კრიმინალები და მათი „ბრალია“ ყველა ზიანი, რაც მათ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე მიადგებათ.[20]
აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ფემინისტი მკვლევარის, ქეთრინ მაკკინონის შეფასებით, სისხლისსამართლებრივი ნორმები პროსტიტუციის წინააღმდეგ, სექს-მუშაკ ქალებს კრიმინალებად აქცევს მათი გენდერული ნიშნით ვიქტიმიზაციის გამო და მათ სოციალურად უთანასწორო მდგომარეობას კვებავს.[21] მკვლევარის თანახმად, აღნიშნული ნორმების მეშვეობით სახელმწიფო პირდაპირ იღებს მონაწილეობას სექს-მუშაკ ქალთა ექსპლუატაციაში.[22]
როგორც სექს-მუშაკი ქალის განცხადებით, ასევე, სახალხო დამცველის მიერ მოძიებული ინფორმაციით დგინდება, ნდობის არარსებობისა გამო და ასევე, მდგომარეობის დამძიმების შიშით, ქალები უმეტესად თავს იკავებენ სამართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვისგან მათ მიმართ ჩადენილი უფლება-დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. ამგვარი საკანონმდებლო გარემოში სექს-სამუშაოში ჩართული პირები მუდმივად იმყოფებიან შანტაჟისა და ძალადობის საფრთხის წინაშე, როგორც კლიენტების, ისე, პოლიციის არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების მხრიდან, ვინაიდან, არსებული სისტემა სამართალდამცავი უწყებების ამ წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, სექს-მუშაკზე მოახდინონ ზეგავლენა და სასჯელის შიშის გარეშე იძალადონ მათზე.
აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა იმდენად აძლიერებს სტიგმას, რომ, დისკრიმინაციისგან დაცვის მიზნებისთვის, პრაქტიკაში, ხელს უწყობს სექს მუშაკების ერთ-ერთ დაუცველ ჯგუფად დარჩენას და ქმნის ნიადაგს მომავალში მათი სხვადასხვა სამოქალაქო თუ სოციალური უფლებების დასარღვევად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებული კანონმდებლობა გახშირებული ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, მართლმსაჯულების სისტემას და უფრო კონკრეტულად, სამართალდამცავ უწყებებს აქცევს სადამსჯელო სისტემად და ის მათთვის არ განიხილება, როგორც მათ მიმართ განხორციელებული უფლება-დარღვევებისგან დაცვის მექანიზმი.
დასკვნა
სახალხო დამცველი იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის სულისკვეთებას, რომლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი, რადგან პროსტიტუციის რეგულირების მოქმედი მოდელი არაეფექტიანია, მისი აღსრულება ხშირად ხდება შერჩევით და ის, სამართალდამცავი უწყების არაკეთილსინდისიერი წარმომადგენლების მიერ, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობის საშუალებად გამოიყენება. როგორც სხვადასხვა წყაროებით მიღებული ინფორმაციით დგინდება, პროსტიტუციის არსებული რეგულაცია ხშირად გამოიყენება სექს-მუშაკი ქალების დაშანტაჟების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგმართავთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით.
[1] კონსტიტუციური სარჩელი N1354. ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1426
[2] საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი. ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1803
[3] საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-9.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3.
[6] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 1-ლი აპრილის N MIA 6 19 00 821802 წერილი.
[7] საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლი.
[8] ასოციაცია ჰერა XXI-ს კვლევა სექსმუშაკების საჭიროებების გამოვლენისა და დისკრიმინაციის გამომწვევი ფაქტორების კვლევა, 2014,კვლევა ხელმისაწვდომია: https://en.calameo.com/books/004110021894c3ad2d39d წყარო ბოლოს ნანახია: 12.07.2019. ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება, 2018.
[9] კოალიცია თანასწორობისთვის, დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2017 წლის ანგარიში, 2018, წყარო ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/files/2018/Publications/Discrimination_Georgian.pdf წყარო ბოლოს ნანახია: 12.07.2019.
[10] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება, 2018. გვ. 30.
[11] გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2018 წელი, გვ. 28.
[12] აქვე აღსანიშნავია, რომ ჯარიმის ოდენობა დაუმორჩილებლობისთვის მნიშვნელოვნად აღემატება ჯარიმის ოდენობას პროსტიტუციისთვის.
[13] CEDAW კომიტეტი, დასკვნითი დაკვირვებები რუსეთის ფედერაციის მერვე პერიოდულ ანგარიშზე, 2015 წლის 20 ნოემბერი, პარაგრაფები 25 და 26.
[14] გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, მუხლი 6.
[15] CEDAW კომიტეტი, მე-19 ზოგადი რეკომენდაცია.
[16] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N22. პარაგრაფი 49 (a).
[17] სახალხო დამცველის აპარატი, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ქვეყნის ეროვნული შეფასება, 2019 წელი, გვ.41-42. წყარო ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/res/docs/2019070211091431389.pdf წყარო ბოლოს ნანახია: 08.07.2019.
[18] CEDAW კომიტეტი, 35-ე რეკომენდაცია, პარაგრაფი 31(a).
[19] Amnesty International, პოლიტიკის დოკუმენტი სექს-მუშაკთა უფლებების დაცვის სახელმწიფო ვალდებულების შესახებ, 2016 წლის 26 მაისი, გვ. 10.
[20] იქვე.
[21]ქეთრინ მაკკინონი, პროსტიტუცია და სამოქალაქო უფლებები, 1993, გვ.20. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://repository.law.umich.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1192&context=mjgl წყარო ბოლოს ნანახია: 23.07.2019.
[22] იქვე. აღნიშნული მსჯელობა განვითარებულია პროსტიტუციაში ჩაბმული პირების მაკრიმინალიზებელი ნორმების მიმართ, რაც საქართველოს კანონმდებლობაზე მსჯელობის კონტექსტში არ არის რელევანტური, თუმცა, კანონმდებლობა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული წესით სჯის სექსსამუშაოში ჩართულ პირს, ატარებს იმავე მჩაგვრელ პოლიტიკას, რომელსაც მაკრიმინალიზებელი კანონმდებლობა.