ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/12/1354 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 19:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების: „პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1354) მომართა ს.მ.-მ. №1354 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 4 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 24 ოქტომბერს.
2. №1354 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს პროსტიტუციას და სასჯელის ზომად ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ამავე ნორმის მიხედვით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, მე-16 მუხლით უზრუნველყოფილი იყო პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული იყო ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება მიუთითებდა, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324 კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ღირსების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის სექსმუშაკი და ნებისმიერ მომენტში არსებობს საფრთხე, რომ მას აღნიშნული საქმიანობის განხორციელების გამო სადავო ნორმის საფუძველზე დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მისი პოზიციით, სადავო ნორმა შესაძლოა, ემსახურებოდეს ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, აივ (შიდსის) ან სხვა ვენერიული დაავადებების თავიდან აცილება ან საზოგადოებრივი მორალის დაცვა. მიუხედავად ამისა, სადავო რეგულირება არათანაზომიერად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
7. მოსარჩელის მითითებით, სექსმუშაკები სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას ხშირად ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა დაწესებული სანქციის შიში მათ აიძულებს ძალადობის ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში გაცხადებისგან თავის შეკავებას. სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის შემთხვევაში სექსმუშაკებს მოუწევთ, განაცხადონ მათ მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ. ამდენად, ისინი დაუცველნი რჩებიან ძალადობის წინაშე და მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ასეთი მოწესრიგების პირობებში სახელმწიფო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას, რომ აღკვეთოს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები.
8. ამრიგად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმას აქვს მსუსხავი ეფექტი მსხვერპლზე, არ გაამჟღავნოს მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი. ამგვარი მსუსხავი ეფექტის არსებობას აღიარებს კანონმდებელიც, ვინაიდან სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს.
9. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი სექსმუშაკები, ხოლო სხვაგვარი ძალადობის მსხვერპლ სექსმუშაკებს ეკისრებათ ასეთი პასუხისმგებლობა. შესადარებელი პირები არსებითად თანასწორები არიან, რადგან თანაბრად აქვთ სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი ინტერესი და ლეგიტიმური მოლოდინი, ხოლო სადავო ნორმა მათ უთანასწოროდ ეპყრობა.
10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უთანასწორო მოპყრობა ხორციელდება პირის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახის ნიშნით და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, რადგან მსხვერპლს არ შეუძლია რაიმე სახის გავლენა იქონიოს დიფერენცირების აღმოფხვრაზე. ამასთან, შესადარებელ პირთა ერთი კატეგორია სრულად გამორიცხულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელი ნორმის მოქმედების ფარგლებიდან. განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა აიხსნას იმ გარემოებით, რომ ტრეფიკინგი არის მძიმე დანაშაული და მისი პრევენციის მიმართ არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი, თუმცა ადამიანის უფლება, არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი, თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე შესადარებელ პირთა შემთხვევაში და მკაცრი შეფასების ტესტის პირობებში დიფერენცირება ვერ იქნება გამართლებული.
11. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. კერძოდ, ნათლად არ არის ფორმულირებული სამართალდარღვევის ობიექტური შემადგენლობის ფარგლები. არც სადავო ნორმა და არც სხვა ნორმატიული აქტი არ განმარტავს პროსტიტუციის ცნებას. ამდენად, ბუნდოვანია, რა ითვლება პროსტიტუციად, ფულადი ანაზღაურების, საქონლის მიღების სანაცვლოდ სექსი თუ ანაზღაურების გარეშე პირთა ფართო წრესთან უსასყიდლო სექსუალური ურთიერთობა. ამასთან, პრობლემურია იმის განსაზღვრა, როდის ჩაითვლება სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი დასრულებულად, სექსუალური მომსახურების ფასის, ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თუ მომსახურების გაწევის ან თანხის მიღების მომენტიდან.
12. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ასევე გაუმართლებლად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. კერძოდ, იზღუდება მისი სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლება და ეს შეზღუდვა არათანაზომიერია. შესაძლოა, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ქუჩაში სექსუალური კავშირის შეთავაზებამ ხმაური ან ძალადობა გამოიწვიოს. ამგვარი უწესრიგობის მიზეზი შეიძლება იყოს ფასზე შეუთანხმებლობა, კლიენტის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა გარემოებები. აღნიშნულის აღსაკვეთად სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ ისეთი ალტერნატიული ეფექტური საშუალება, როგორიცაა შესაბამისი პირებისათვის წვრილმანი ხულიგნობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, სადავო ნორმა, საჯარო სივრცეში პროსტიტუციის აკრძალვის გარდა, ასევე კრძალავს დისტანციურად, პირთა მიერ შეთანხმების შედეგად სექსუალური აქტის განხორციელებას, რა შემთხვევაშიც საფრთხე არ ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს.
13. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაცვა, აივ (შიდსის) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება. თუმცა სადავო რეგულირება არათუ არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, არამედ მნიშვნელოვნად უშლის ხელს ამ მიზნის მიღწევას, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე, ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების უფრო მეტად გავრცელებას.
14. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს საზოგადოებრივი მორალის დაცვას, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მეტად ამორალურად იქცევა არა სექსმუშაკი, რომელიც ოჯახის რჩენის მიზნით ირჩევს აღნიშნულ პროფესიას, არამედ მისი კლიენტი და სხვა პირები, რომლებიც ხელს უწყობენ სექსმუშაკთა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვას. შესაბამისად, საზოგადოებრივი მორალის დაცვის გამოსადეგი საშუალება იქნებოდა არა ექსპლუატაციის მსხვერპლი პირების, არამედ მათი კლიენტების დასჯა. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირთა შორის პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება ხდება საზოგადოების წევრთაგან იზოლირებულად, ასეთმა ქმედებამ შეუძლებელია საზოგადოებრივ მორალს ზიანი მიაყენოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეზღუდვა არათანაზომიერია და არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
15. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაქვეყნებელ სასამართლო აქტებში მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების: „პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324 კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებს, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვთ.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო თანასწორობის უფლება. თანასწორობის უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლით გარანტირებული იყო პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. პიროვნების თავისუფალი განვითარების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლი.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული იყო ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას. ანალოგიურად, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლი პირველი პუნქტით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას.
6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება მიუთითებდა, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესატყვისია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება, რომლის თანახმადაც, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების: „პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
9. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების: „პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
10. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას - „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს სანქციებს აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისთვის. კერძოდ, პროსტიტუციის ჩადენისათვის სანქციის სახედ გათვალისწინებულია გაფრთხილება ან დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს არგუმენტაცია როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის, ასევე სასჯელის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/12/926 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
11. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა უკავშირდება პროსტიტუციის დასჯადობის არაკონსტიტუციურობას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია პროსტიტუციის ჩადენისათვის სანქციის განმსაზღვრელი სიტყვების „გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“ და „გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ასევე ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას განმსაზღვრელი სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
14. სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად) მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17).
15. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. … კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
16. მოსარჩელე სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს, რომ პროსტიტუციის ჩამდენი პირი, რომლის მიმართაც აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისას განხორციელდა ძალადობა, ვერ მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშის გამო. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ პროსტიტუციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება თავისთავად ღირსების შემლახველია.
17. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში მოეთხოვება პირის მიმართ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის აღკვეთის, პრევენციისა თუ გამოძიებისათვის საჭირო ადეკვატური ზომების მიღება, იმის მიუხედავად, ამ პირს, თავის მხრივ, აქვს თუ არა რაიმე სამართალდარღვევა ჩადენილი. სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობა არ განსაზღვრავს ძალადობრივი დანაშაულის აღკვეთის, პრევენციისა და გამოძიების სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლებს და შინაარსს. მოსარჩელის არგუმენტაცია უთანაბრდება სამართალდარღვევის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოთხოვნას იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობის ფაქტი და ის სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით ვერ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზემოთ ხსენებული გარემოებების არსებობის სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება დაცულია ღირსების უფლებით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოჩენილი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით აღიარებულ უფლებას შორის.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1354 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია,“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
20. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლება. თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
23. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
24. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ხდება არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. მისი პოზიციით, შესადარებელი სუბიექტები არიან, ერთი მხრივ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, რომელიც სადავო ნორმის მიხედვით, თავისუფლება პასუხისმგებლობისაგან და მეორე მხრივ, სექსუალური მომსახურების ნებაყოფლობით გამწევი სექსმუშაკი, რომელზეც განხორციელდა სხვაგვარი ძალადობა კლიენტის ან სუტენიორის მხრიდან.
25. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ითვალისწინებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. ამა თუ იმ ფაქტობრივი მოცემულობის არსებობისას პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება თავისთავად არ არის საკმარისი თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასადგენად. როგორც აღინიშნა, თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია, სახეზე იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა ან პირიქით - არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. ამასთანავე, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობის ფორმით თანასწორობის უფლების შეზღუდვა შესაძლოა, სახეზე იყოს, როდესაც არსებითად იდენტური ქმედებებისთვის კანონმდებლობით დაწესებულია განსხვავებული პასუხისმგებლობის ზომა განსხვავებულ პირთა ჯგუფის მიმართ.
26. განსახილველ შემთხვევაში პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ მოპყრობას (პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას) ექვემდებარება, თუ იგი აღმოჩნდება შესაბამის ფაქტობრივ მოცემულობაში - იქნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და ამის გამო ჩაიდენს სამართალდარღვევას. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული, რატომ უნდა, ჩაითვალოს პროსტიტუციის ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის მიერ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად ყოფნის გამო და იგივე ქმედების სექსმუშაკის მიერ ნებაყოფლობით ჩადენა (მათ შორის იმ შემთხვევაში როდესაც მასზე ხორციელდება გარკვეული ძალადობა) არსებითად იდენტურ ქმედებებად. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული არსებითად თანასწორი სუბიექტების დიფერენცირებული მოპყრობა და არ იკვეთება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას შორის.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1354 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1354 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
29. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე შუამდგომლობს განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაქვეყნებელ სასამართლო აქტებში მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს, დაიფაროს მისი სახელი და გვარი და სასამართლო აქტები ასეთი ფორმით გამოქვეყნდეს.
30. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობისა და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
31. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში, მათ შორის, სასამართლოს აქტებში არსებული ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა პირად საკითხებს უკავშირდება, არ უნდა გასაჯაროვდეს. მოსარჩელის შუამდგომლობის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის.
32. სასამართლოს აქტებში არსებულ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვის და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა.შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).
33. განსახილველი საქმე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, თავისთავად, უკავშირდება მოსარჩელის პირადი ცხოვრების განსაკუთრებით ინტიმური და სენსიტიური დეტალების გამჟღავნებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს პროსტიტუციის სამართალდარღვევად განმსაზღვრელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას და მიუთითებს საკუთარი სექსუალური ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე. სექსუალური ცხოვრების ასეთი დეტალების გამჟღავნებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სოციალური სტიგმატიზაცია და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი წნეხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ვინაობის გასაჯაროებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის პირად ცხოვრებასა და თავისუფალი განვითარების უფლებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში მოცემულ მოსარჩელის ვინაობის შემცველ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ლეგიტიმურ ინტერესს გადაწონის მოსარჩელის პირადი ცხოვრების დაცვის აღმატებული ინტერესი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები უნდა გამოქვეყნდეს იმგვარად, რომ არ იყოს იდენტიფიცირებული მოსარჩელის ვინაობა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1354 კონსტიტუციური სარჩელი („ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1354 კონსტიტუციური სარჩელი („ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“ და „გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია,“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. №1354 კონსტიტუციური სარჩელზე („ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სასამართლო აქტებში მოსარჩელის სახელი და გვარი ჩანაცვლდეს ინიციალებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი