ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1354 |
ავტორ(ებ)ი | ს.მ. |
თარიღი | 3 ოქტომბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება: ,,არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 : პროსტიტუცია, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. | საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნა:ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
მოსარჩელე ს.მ. არის სექს-მუშაკი. ამ დრომდე მის მიმართ არ იქნა სადავო ნორმა გამოყენებული. ამის მიუხედავად, მოსარჩელის საქმიანობიდან გამომდინარე არსებობს სადავო ნორმის სამომავლოდ გამოყენების საფრთხე. ამ კუთხით აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის № 1/5/1282 საოქმო ჩანაწერი. ამ საქმეში სადავო იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებდა მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები არასოდეს ყოფილან აღნიშნული მუხლით სამართალდამრღვევად ცნობილი.№ 1/5/1282 საოქმო ჩანაწერის პირველი თავის მე-5 პუნქტში აღნიშნულია: ,,კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალება - მარიხუანას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათ დაეკისროთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.“ იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეებს ამ საქმეში არ ჰქონდათ მარიხუანას მოხმარებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაკისრებული, საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა იმის შესაძლებლობა, რომ იმის გამო, რომ მოსარჩელეები მოიხმარდნენ მარიხუანას, მათ დაკისრებოდათ გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ არა მარტო არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებულ ნორმასთან მიმართებაში, არამედ სარჩელი დააკმაყოფილა კიდეც.
მსგავს შემთხვევა გვაქვს აღნიშნულ საქმეში. მოსარჩელე წარმოადგენს სექს-მუშაკს. მას ჯერჯერობით არ დაკისრებია პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თუმცა მოსარჩელის მუდმივი საქმიანობიდან გამომდინარე არსებობს მომავალში ამის საფრთხე.
აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა გასაჩივრებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში. ამ დავის თავისებურებას ის წარმოადგენს, რომ განუჭვრეტელი ნორმის გამოყენება მთლიანად დამოკიდებულია მის შემფარდებელზე. განუჭვრეტელი ნორმის შემთხვევაში ნორმის შემფარდებელი ხდება ნორმის შემოქმედი ინდივიდუალურ საქმეში. ის ფაქტი, რომ წარსულში პოლიციას მოსარჩელის ქმედება არ დაუკვალიფიცირებია სადავო სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმით, არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა პოლიციელმა მომავალში მოსარჩელის ქმედება სადავო ნორმით არ დააკვალიფიციროს. ბუნდოვანი ნორმის თავისებურებას ის წარმოადგენს, რომ იდენტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში თუნდაც ერთსა და იმავე პირთან მიმართებაში არსებობს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფრთხე ნორმის შემფარდებლის მხრიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, (მაგალითად, საქმეები ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ასათიანი, ლევან ბერიანიძე, გოჩა გაბოძე და ბექა ბუჩაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ) სასამართლო არ ითხოვს მხარისაგან ინვაზიური, დელიკატური მტკიცებულებების წარდგენას. ზემოხსენებულ საქმეში მხარეები აცხადებდნენ, რომ იყვნენ ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც სექსი ჰქონდათ სხვა მამაკაცებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუთხოვია ჰომოსექსუალობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ისე მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად. ასეთი მტკიცებულების წარდგენის მოთხოვნა უფლებების დამცველ სასამართლოს თავად აქცევს უფლებების დამრღვევად. ზემოხსენებულ საქმეში სასამართლო დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მიერ მათ სექსუალურ ორიენტაციაზე და სექსუალურ ქცევაზე მითითებით. ანალოგიურად ამ საქმეში მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმაზე, რომ სექს-მუშაკის საქმიანობით არის დაკავებული და ამის მიღმა არ გეგმავს ამ საქმიანობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულების წარდგენას, რაც ბუნებრივად ვერ გახდება სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უკვე განიხილა რამდენიმე საქმე, რაც ეხებოდა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ იმ პირებს, რომლებიც თავს გეი და ლესბოსურ თემს მიაკუთვნებდა და ამის გამო იდევნებოდნენ მათი მოქალაქეობის სახელმწიფოში (ძირითადად აფრიკის ქვეყნებში და რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში). ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო (მაგალითად, უნგრეთი) ასეთ პირებს უტარებდა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ტესტებს (მაგალითად, აყურებინებდნენ გეი და ლესბოსურ პორნო ფილებს და აკვირდებოდნენ რამდენად რამდენად ექნებოდათ ამაზე რეაქცია). მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პირველად 2014 წლის 2 დეკემბერს[1], ხოლო მეორედ 2018 წლის 25 იანვარს[2] მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭირო მტკიცებულებების მოსაპოვებლად მსგავსი ტესტების გამოყენება მიიჩნია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევად.
ეს საქმეები მიუთითებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად არ უნდა მოსთხოვეს მოსარჩელეს მისი სექსუალური ცხოვრების დამადასტურებელი რაიმე ინვაზიური მტკიცებულების წარდგენა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან ერთად, ამგვარი მტკიცებულების საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგენა ავტომატურად წარმოშობს საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებას, ეს მტკიცებულება შემდგომი რეაგირებისათვის, პროსტიტუციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად გადაუგზავნოს პოლიციას
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 მე-16, მე-17 და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გა საჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
[1] http://curia.europa.eu/juris/document/document.jsf?docid=160244&doclang=en
[2] http://curia.europa.eu/juris/document/document.jsf?text=&docid=198766&doclang=EN
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
.შესავალი
სადავო ნორმით პროსტიტუცია იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პროსტიტუციისათვის ადამიანის დასჯადობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სექს-მუშაკები განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაზედაც მსხვერპლები რეაგირებას ვერ ახდენენ სამართლებრივი ფორმით, ვინაიდან მათი საქმიანობა დასჯადია. ამით სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტს, ვინაიდან ადამიანი, სადავო ნორმით გამოყენებულია როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად. სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობითი სამართლისათვის აუცილებელ განჭვრეტადობის მოთხოვნებს. სადავო ნორმა არ განმარტავს რა ქმედება ითვლება პროსტიტუციად. ამით სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს. სადავო ნორმა ითვალისწინებს პროსტიტუციის რეგულირებას ორ სრულწლოვან ადამიანს შორის საცხოვრებელ სახლში, რასაც ადგილი შეიძლება მესამე პირის (სუტინიორის ან სხვა ადამიანის სხეულის სხვა ექსპლატატორის) მონაწილეობის გარეშე. პროსტიტუცია შესაძლოა არ იყოს დიდი სექსინდუსტრიის ნაწილი, რაც დაკავშირებულია გარეშე პირების მიერ ადამიანის სხეულის ექსპლუატაციასთან ან სხვაგვარად სარგებლის მიღებასთან, არ ხდებოდეს ქუჩაში ან სხვა საჯარო ადგილას, რაც წესრიგის დასაცავად სახელმწიფოსაგან სათანადო რეაგირების აუცილებლობას მოითხოვს. როცა სადავო ნორმა უკრძალავს სრულწლოვან ადამიანს სხვა სრულწლოვან ადამიანს მიჰყიდოს სექსუალურ მომსახურება საცხოვრებელ სახლში ან სხვა პირად სივრცეში, ამით სადავო ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულ პიროვნული თვითგანვითარების უფლებას. სადავო ნორმა ათავისუფლებს მხოლოდ ტრეფიკინგის მსხვერპლ სექს-მუშაკს პასუხისმგებლობისაგან, მაშინ როდესაც სხვაგვარი ძალადობის მსხვერპლი სხვა სექს-მუშაკები ამგვარი შეღავათით არ სარგებლობენ, ამით სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ქუჩის პროსტიტუციის რეგულირების გზით საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესების (ხმაურის, ჩხუბის, სხვა ტიპის სამართალდარღვევის თავიდან აცილება) დაცვა. სხვა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს აივ (შიდსის) ან სხვა ვენერიული დაავადებების თავიდან აცილება. ბოლოს კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად, მოპასუხე პარლამენტის მიერ შესაძლოა დასახელდეს მორალი.
ვინაიდან კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებული აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, არც ერთი ლეგიტიმური მიზნით არ შეიძლება ამ მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა, თითოეულ ლეგიტიმურ მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობა მოხდება კონსტიტუციის მე-16 და მე-14 მუხლების კონტექსტში. ამ სარჩელით დასტურდება, რომ სადავო ნორმით შერჩეული შემზღუდველი ღონისძიება არის ან უვარგისი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ან არსებობს ნაკლებად მზღუდავი საშუალება.
2. სადავო ნორმის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-17 მუხლთან
დავის საგანს წარმოადგენს პროსტიტუციის აკრძალვის კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებთან შეუსაბამობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე თამარ თანდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 53-ე პუნქტში განაცხადა: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო, იმისათვის რომ მიაღწიოს ლეგიტიმურ მიზანს, იყენებს ადამიანის ... მოწყვლადობას კონკრეტული საჯარო მიზნის მიღწევის საშუალებად და ხსენებული a priori აქცევს სადავო ნორმას ადამიანის ღირსების შემლახველად.“
სექს-მუშაკები ხშირად ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, სწორედ მაშინ, როდესაც ახორციელებენ სადავო ნორმით აკრძალულ ქმედებას. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა და დაწესებული სანქცია, აიძულებს სექს-მუშაკებს, დამალონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა, სამართალდამცავ ორგანოებში არ განაცხადონ მათ მიმართ განხორციელებული ცემის, წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები. სექს-მუშაკებმა საგამოძიებო ორგანოებს რომ მიმართონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, მათ მოუწევთ იმ საქმიანობის დასახელება, რაც სადავო ნორმით იკრძალება. ეს გარემოება გამოიწვევს სოციალურად განსაკუთრებით შეჭირვებული სექს-მუშაკთა დაჯარიმებას, ძალადობის ჩამდენი პირის დასჯასთან ერთად. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით სექს-მუშაკებს უწევთ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გახმაურებისაგან თავის შეკავება და მუდმივი ძალადობის ატმოსფეროში ცხოვრების გაგრძელება. ამით სადავო ნორმა სხვადასხვა მიზნის - მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის - მისაღწევად სექს-მუშაკებს აქცევს სამართლის შიშველ ობიექტად, აიძულებს რა მათ გაჩუმდნენ ძალადობის აშკარა ფაქტების მიმართ. სადავო ნორმა, პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, აგდებს დაუცველ მდგომარეობაში ადამიანების იმ კლასს, რომელიც ყველაზე ხშირად განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. სადავო ნორმის გამო ადამიანები იძულებულნი ხდებიან, არ განაცხადონ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების თაობაზე. პროსტიტუციის ადმინისტრაციული დასჯადობით, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს უკანასკნელი, კანონმდებელი განაიარაღებს, დაუცველს ტოვებს მსხვერპლს მოძალადის წინაშე.
ამით, გარდა იმისა, რომ ადამიანი იქცევა მიზნის მიღწევის შიშველ საშუალებად, სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებას, შექმნას ყველა პირობა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად. სადავო ნორმა იწვევს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სიჩუმეს, მსხვერპლის სიჩუმე იწვევს მოძალადის დაუსჯელობას, მოძალადის დაუსჯელობა კი იწვევს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გაგრძელებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ფონდმა ,,ღია საზოგადოება-საქართველომ“ 2018 წელს გამოსცეს კვლევა სახელწოდებით ,,გენდერული ძალადობა სექს-მუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება. ’’[1] კვლევის ფარგლებში 2016 წელს გამოიკითხნენ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მყოფი სისგენდერი[2] (ამ შემთხვევა ჰეტეროსექსუალი) 26 სექს-მუშაკი ქალი. კვლევის 30 გვერდზე აღნიშნულია: ..თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მცხოვრებმა სექს-მუშაკებმა აღნიშნეს, რომ ისინი, ან მათი ნაცნობი სექს-მუშაკები, რეგულარულად განიცდიან პოლიციის მხრიდან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ძალადობასა და იძულებას. უკიდურესად პრობლემურად აღინიშნა პოლიციელების მიერ სექს-მუშაკთა იძულება ანაზღაურების გარეშე სექსუალური მომსახურების გაწევაზე. ვინაიდან აღნიშნულზე უარის შემთხვევაში სექს-მუშაკების მიმართ პოლიცია იყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას და შევიწროებას, სექსმუშაკები იძულებულნი არიან სექსუალურ მომსახურებაზე დათანხმდნენ. სექსმუშაკების იძულება სექსუალურ მომსახურებაზე უმეტესწილად მაშინ ხდება, როდესაც პოლიციელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არიან.“
მსგავსი ინფორმაცია მითითებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ჰერა-21“-ს მიერ გამოცემულ ,,სექს-მუშაკების საჭიროებების გამოვლენისა და დისკრიმინაციის გამომწვევი ფაქტორების კვლევა.“[3] ამ კვლევის 26-ე გვერდზე აღნიშნულია: ,,საქართველოში პროსტიტუციით დაკავებული ადამიანების სტატისტიკა არ არსებობს, რადგან მათი საქმიანობა ლეგალური არ არის. აღნიშნული საკითხი საქართველოსთვის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, უფრო მწვავე პრობლემად იქცა. პროსტიტუციით დაკავებულთა დიდი ნაწილი დაოჯახებულია და მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები აქვს. ამას თან ერთვის საქმიანობის პროცესში ძალადობის ხშირი შემთხვევებიც (მათ შორის, სახელმწიფო მოხელეების მხრიდანაც - პოლიციელებისგან და ა.შ.).“
ამგვარად, სექს-მუშაკი ქალები ყველზე ხშირად განიცდიან ძალადობას მათი მხრიდან, ვისაც კანონის აღსრულება ევალება. პოლიციელები რომლებიც ამეტებენ მათ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ან ბოროტად იყენებენ მას, სრულებით დარწმუნებულნი არიან, რომ ამისათვის არ დაისჯებიან და დანაშაულის ფაქტი არ გამჟღავნდება, სადავო ნორმით უზრუნველყოფილი მსხვერპლის გარანტირებული სიჩუმის გამო.
2013 წლის 20 დეკემბერს კანადის უზენაესმა სასამართლომ საქმეში კანადის გენერალური პროკურორი (Attorney General) ბედფორდის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში[4]
იმსჯელა კანადის სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც კრძალავს ადამიანის ყოფნას ბორდელში, სექს-მუშაკის საქმიანობიდან რაიმე სარგებლობის მიღება (ეს ნორმა სუტინიორობასთან[5] ერთად კრძალავდა ადამიანის მუშაობას სექს-მუშაკის დაცვად, ასევე ბუღალტრად), სექს-მუშაკის მიერ საკუთარ სახლში კლიენტის მიყვანას. ასევე ქუჩაში მყოფი სექს-მუშაკის მიერ გამვლელისათვის სექსის შეთავაზებას. კანადის უზენაესმა სასამართლომ ყველა გასაჩივრებული ნორმა სცნო კანადის 1982 წლის ადამიანის უფლებათა ქარტიის (ქვეყნის ერთ-ერთი უზენაესი კანონი) მე-7 მუხლთან შეუსაბამოდ. ამ უკანასკნელი დებულების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უფლება. არვის არ შეიძლება წაერთვას ეს უფლებები სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის გარეშე.“ https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do.
ამ საქმეში კანადის უზენაესი სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია: ,,საქს-მუშაკებს უწევთ არჩევანის გაწევა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის. მართალია, ძირითადად, კლიენტები ძალადობენ სექს-მუშაკზე, მაგრამ, სასამართლოს აზრით, კანონი მნიშვნელოვნად უშლის ხელს სექს-მუშაკებს იმაში, რომ გადადგან სათანადო ნაბიჯი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“[6]
ეს მსჯელობა გენერალურმა პროკურორმა გაასაჩივრა კანადის უზენაეს სასამართლოში. საჩივარში მიუთითა, რომ არავითარი მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა სახელმწიფოს მიერ პროსტიტუციის ცალკეული პრაქტიკების დასჯადობასა და სექს-მუშაკის უსაფრთხოების ხელყოფას შორის. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, გენერალური პროკურორი სასამართლოსაგან მოითხოვდა მიზეზობრივი კავშირის უფრო მაღალი სტანდარტის დადგენას, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ქმედების დასჯადად გამოცხადება ყოფილიყო სექს-მუშაკისათვის მიყენებული ზიანის პირდაპირი და აშკარა მიზეზი, რომლის წინასწარი განჭვრეტა შესაძლებელი იქნებოდა.[7] გენერალური პროკურორის მოთხოვნის საპირისპიროდ, კანადის უზენაესმა სასამართლომ მიზეზობრივი კავშირის უფრო დაბალი, კერძოდ, არსებითი მიზეზობრივი კავშირის სტანდარტი გამოიყენა. კანადის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,არსებითი მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ქმედებასა და მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანს შორის.[8] არსებითი მიზეზობრივი კავშირის სტანდარტი არ მოითხოვს იმას, რომ სახელმწიფოს ქმედება ან მის მიერ მიღებული კანონი იყოს მოსარჩელის მიმართ დამდგარი ზიანის განმაპირობებელი ერთადერთი ან დომინანტი მიზეზი. ეს სტანდარტი კმაყოფილდება, როდესაც შედეგის დადგომის ალბათობასთან დაკავშირებით გონივრული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია. არსებითი მიზეზობრივი კავშირის სტანდარტის გამოყენებისას მნიშვნელოვანია რეალური და არა სპეკულაციური კავშირის დანახვა კანონსა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანს შორის.“[9]
იყენებდა რა მიზეზობრივი კავშირის მაღალ სტანდარტს, გენერალური პროკურორი აცხადებდა, სადავო ნორმები კი არ ხელყოფდა სექს-მუშაკის უსაფრთხოებას, არამედ მესამე პირები: კერძოდ, კლიენტი, რომელიც ძალადობდა სექს-მუშაკზე და სუტინიორი, რომელიც უწევდა მას ექსპლუატაციას. პროკურორის აზრით, სწორედ კლიენტისა და სუტინიორის ქმედებები იყო ზიანის გამომწვევი პირდაპირი და დომინანტი მიზეზები და არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ეს მოსაზრება არ გაიზიარა კანადის უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც აღნიშნა: ,,არაფერს არ ცვლის ის გარემოება, რომ სუტინიორისა და კლიენტის ქმედება არის სექს-მუშაკისათვის მიყენებული ზიანის გამომწვევი პირდაპირი მიზეზი. გასაჩივრებული ნორმები ართმევენ სარისკო საქმიანობაში ჩართულ სექს-მუშაკებს საშუალებებს, თავი დაიცვან ძალადობის რისკისაგან. კლიენტის მხრიდან ჩადენილი ძალადობა სრულებითაც არ ამცირებს ამ პროცესში სახელმწიფოს როლს, რომელმაც სექს-მუშაკი კიდევ უფრო დაუცველი გახდა მოძალადის მიმართ.“
ის გარემოება, რომ პროსტიტუცია წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, სრულ კარტბლანშს აძლევს კლიენტს ან სუტინიორს, იძალადოს სექს-მუშაკზე იმ რწმენით, რომ მსხვერპლის სიჩუმის მეშვეობით ეს ქმედება დაუსჯელი დარჩება. პროსტიტუცია რომ არ წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კლიენტი თავს შეიკავებდა სექს-მუშაკზე ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისაგან, იმის შიშით რომ ძალადობის შემთხვევაში, სექს-მუშაკი უფრო გაბედული იქნებოდა, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მოძალადის წინააღმდეგ. პროსტიტუციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება, პრევენციულ ფუნქციას უკარგავს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება) მუხლებით აკრძალული ქმედების დასჯადად გამოცხადებას. სადავო ნორმით დამნაშავეს ექნება რწმენა, რომ ძალადობის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დარჩება ლატენტური და შესაბამისად, დაუსჯელი. ამიტომ, სადავო ნორმის მეშვეობით, დამნაშავეს ვერაფერი აკავებს იმისათვის, რომ ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინოს სექს-მუშაკის მიმართ. ამის გამო სადავო ნორმა ერთ-ერთი არსებითი მიზეზია სუტინიორისა და კლიენტის დანაშაულებრივი ქმედების დასადგომად. ამგვარად, სადავო ნორმა მიზეზობრივ კავშირში შეიძლება იყოს სექს-მუშაკის მიმართ ჩადენილ არაერთ დანაშაულთან.
პროსტიტუციის ამკრძალავი კანონმდებლობის დასაცავად, კერძოდ, იმის საჩვენებლად, რომ მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს ამ ნორმებსა და სექს-მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს შორის, კანადის უზენაეს სასამართლოში გენერალური პროკურორის სხვა არგუმენტს წარმოადგენდა: ,,სექს-მუშაკი თავად ირჩევს სარისკო საქმიანობას. მხოლოდ სექს-მუშაკს შეუძლია თავი აარიდოს იმ რისკებს, რაც პროსტიტუციისათვის არის დამახასიათებელი. რისკი თავიდან იქნება აცილებული, თუ სექს-მუშაკი თავს შეიკავებს კანონით აკრძალული საქმიანობისაგან. პროკურორის განმარტებით, სექს-მუშაკის არჩევანი და არა კანონია მიზეზი, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელებისათვის საშიშ რისკებს ქმნის.[10]“ ამავე საქმეზე გენერალური პროკურორი მიუთითებს:
,,პარლამენტს უფლება აქვს, ისე დაარეგულიროს პროსტიტუცია, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს. ვინც აკეთებს არჩევანს სექსის გაყიდვის სასარგებლოდ, ამით გააზრებულად თანხმდება იმ პირობებზე, რაც პროსტიტუციასთან არის დაკავშირებული. თუ უარესდება სექს-მუშაკის უსაფრთხოება, ამის მიზეზი ადამიანის მიერ პროსტიტუციის დაწყების თაობაზე არჩევანის გაკეთებაა და არა კანონი, რომელიც პროსტიტუციას კრძალავს.“
იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სექს-მუშაკის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თავად სექს-მუშაკის არჩევანი უქმნის საფრთხეს და არა პროსტიტუციის ამკრძალავი კანონი, კანადის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა:
,,პირველი, შეიძლება ზოგიერთი სექს-მუშაკი თავისუფალად ირჩევს პროსტიტუციაში ჩართვას, სხვა სექს-მუშაკებს შესაძლოა უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდათ. მომჩივანი, ქალბატონი ბედფორდი აცხადებს, რომ თავდაპირველად, ის პროსტიტუციით შოულობდა საჭმლის ფულს. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, ქუჩის სექს-მუშაკები არიან ყველაზე მარგინალიზებული პირები. იმის მიუხედავად, ეს მოხდა ფინანსური ხელმოკლეობის, წამალზე დამოკიდებულების, ფსიქიკური დაავადების თუ სუტინიორის მხრიდან იძულების გამო, სექს-მუშაკებს არა აქვთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ფულზე გაყიდონ თავიანთი სხეული. რეალისტურად რომ ვთქვათ, შეიძლება ზოგიერთი სექს-მუშაკი ინარჩუნებს შეზღუდული არჩევანის შესაძლებლობას, არ არსებობს ადამიანი რომელმაც შეიძლება აირჩიოს ამგვარი სარისკო ბიზნესის გზა.“[11]
,,იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი ნებაყოფლობით ირჩევს პროსტიტუციის გზას, საკითხი მდგომარეობს შემდეგში, ხომ არ აქცევს კანონი ამ საქმიანობას კიდევ უფრო სარისკოდ. ამ კუთხით მაგალითად გამოდგებოდა შემთხვევა, კანონს რომ აეკრძალა მოტოციკლეტისტისთვის ჩაფხუტის ტარება. ის გარემოება, რომ მოტოციკლეტისტი ირჩევს მოტოციკლეტის ტარებას (სარისკო მოქმედებას), არ გამორიცხავს იმას, რომ კანონი, რომელიც კრძალავს ჩაფხუტის ტარებას, ხდება სიცოცხლისა და ჯანმრთელების წინაშე არსებული რისკის გამომწვევი მიზეზი. პროსტიტუციის ამკრძალავი კანონი დიდად არ განსხვავდება ამ შემთხვევისაგან.“[12]
,,ასევე არასწორია იმის თქმა, რომ ამ საქმეში მოსარჩელის შეფარულ მოთხოვნას წარმოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან მისი პოზიტიური ვალდებულების განხორციელება, უზრუნველყოს უსაფრთხო შრომის პირობები. მომჩივანები არ მოითხოვენ, სახელმწიფომ განახორციელოს პოზიტიური ღონისძიებები პროსტიტუციისათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. რასაც მომჩივანები მოითხოვენ ეს არის, იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც აუარესებს დაავადების გადაცემის, ძალადობის და მკვლელობის რისკებს.“ [13]
ამგვარად, ერთი მხრივ, სადავო ნორმა ქმნის დაუსჯელობის სინდრომს მოძალადისათვის, მეორე მხრივ, ნორმას აქვს მსუსხავი ეფექტი მსხვერპლზე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შიშით, არ განაცხადოს მასზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე. საქმეში ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2013 წლის 14 მაისს მიღებულ №2/2/516,542გადაწყვეტილების მეორე თავის მე-8 პუნქტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,მსუსხავ ეფექტს განიცდის თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან.. „მსუსხავი ეფექტის” გავლენით ნორმის ზემოქმედება ... შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა.“ ფაქტია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ ზღუდავენ სექს-მუშაკის შესაძლებლობას, საჯაროდ ან სამართალდამცავებთან ისაუბროს მის მიმართ კლიენტის მხრიდან ჩადენილი ძალადობის თაობაზე. კანონმდებელს სადავო ნორმის მიღებისას არ ჰქონდა ის მიზანი, შეეზღუდა სექს-მუშაკის შესაძლებლობა, მიემართა სამართალდამცავებისათვის კლიენტის მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. ეს შემზღუდველი წესი არც სიტყვა-სიტყვით არ იკითხება. ამის მიუხედავად, სადავო ნორმით დადგენილია სახდელი პროსტიტუციისათვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული სახდელი ახდენს ,,მსუსხავ ეფექტს“ სექს-მუშაკებზე, არათუ არ განაცხადონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, არამედ სისტემატურად ითმინონ ეს ძალადობა. იმის გამო, რომ ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება და ამ სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სახდელი ქმნის ,,მსუსხავ ეფექტს“ სექს-მუშაკისათვის არ გაახმაუროს ძალადობა, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის გადამწყვეტი არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს შემზღუდველ წესს სექს-მუშაკის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის განცხადებისათვის.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო ნორმისათვის დამახასიათებელი ამგვარი მსუსხავი ეფექტი აღიარებულია კანონმდებლის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723მუხლის შენიშვნის თანახმად, ,,ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“ სწორედ იმის გამო, რომ სადავო ნორმას გააჩნია, მსუსხავი ეფექტი, რაც ხელს შეუშლის მსხვერპლს იმაში, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებით, ამიტომ კანონმდებელმა მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლი გაათავისუფლოს სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. სხვა სექს-მუშაკები, რომელთა მიმართაც არა ტრეფიკინგი, არამედ სხვა დანაშაულებრივი ქმედება იქნა ჩადენილი, არ თავისუფლდებიან სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუნდაც იმ მიზნით, რომ მოხდეს ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება.
ამგვარად, პარლამენტი იმის გამო, რომ აწესებს პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ახდენს ძალადობის მსხვერპლი სექს-მუშაკის განიარაღებას მოძალადის წინააღმდეგ საბრძოლველად. სადავო ნორმით დაწესებული სანქცია არის არსებითი მიზეზი, მსხვერპლში წარმოშვას მსუსხავი ეფექტი იმისათვის, რომ არ ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოსთან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. იმავდროულად, სადავო ნორმა ახალისებს მოძალადეს, ჩაიდინოს, ტრეფიკინგის გარდა, სხვა სახის ძალადობრივი (ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე დაზიანება ან ძალადობა) დანაშაული სექს-მუშაკის მიმართ. სადავო ნორმა დამნაშავეს აძლევს მსხვერპლის დუმილის გარანტიას და ამით უნერგავს დაუსჯელობის რწმენას. სადავო ნორმა სექს-მუშაკს აქცევს მიზნის მიღწევის შიშველ ობიექტად ამ ჯგუფის მოწყვლადობის კიდევ უფრო დამძიმების გზით. ამის გამო სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან.
3. სადავო ნორმის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნა არის აღმჭურველი ნორმა. ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს ტრეფიკინგის მსხვერპლს, იმ მიზნით, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, ამხილოს ადამიანებით მოვაჭრე. იმავდროულად, ეს აღმჭურველი ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას იმის გამო, რომ არ ითვალისწინებს იმ სექს-მუშაკის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, რომელიც გახდა, ტრეფიკინგის გარდა, სხვა ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი, კლიენტის ან სუტინიორის მხრიდან. ასეთი სექს-მუშაკი, სადავო ნორმით, პასუხისგებაში ეძლევა, ტრეფიკინგის მსხვერპლისაგან განსხვავებით.
,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი განმარტავს ტრეფიკინგის დანაშაულს და მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლზე. ამ ნორმის მიხედვით, ტრეფიკინგს წარმოადგენს ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით.
სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ექსპლოატაციად ითვლება სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება. ეს ნორმა გამორიცხავს შემთხვევას, როცა სექსუალური მომსახურების გაწევა ნებაყოფლობითი ხასიათისაა, თუმცა ამას შეიძლება მოჰყვეს ძალადობა კლიენტის მხრიდან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის მიხედვით, სექს-მუშაკი ვერ გათავისუფლდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობისაგან.
სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის შენიშვნის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტრეფიკინგის დანაშაულის მიზნებისათვის ექსპლოატაციად ჩაითვლება პირის ... პროსტიტუციაში ...ჩართვა.“ ეს ნორმა არ ვრცელდება შემთხვევაზე, როცა ადამიანი საკუთარი სურვილით, სუტინიორის მონაწილეობის გარეშე, ერთვება პროსტიტუციაში. შესაბამისად, თუ ადამიანი დამოუკიდებლად ერთვება პროსტიტუციაში და ამის შემდეგ ხდება ძალადობის მსხვერპლი, ვერ გათავისუფლდება სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
ამასთან სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის შენიშვნის ,,გ“ ქვეპუნქტის ინტერპრეტაცია ხდება არა იზოლირებულად, არამედ ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონთან ერთად. ამ კანონის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის პროსტიტუციაში ჩაბმის ტრეფიკინგად კვალიფიკაციისათვის დამატებით აუცილებელია იმ გარემოების მტკიცება, რომ ეს მოხდა მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით; ტრეფიკინგად ვერ მოხდება ისეთი ქმედების დაკვალიფიცირება როდესაც სუტინიორი ადამიანს პროსტიტუციაში ჩართავს ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ან სამუშაოს თაობაზე ყალბი ინფორმაციის მიწოდების გარეშე. როცა ქმედების ჩადენის ეს მეთოდები არ არის გამოყენებული სუტინიორის მხრიდან, ადგილი არა აქვს ტრეფიკინგს. შესაბამისად, არ არსებობს სექს-მუშაკის სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, მაშინაც კი, როცა კლიენტი ან სუტინიორი იძალადებს სექს-მუშაკზე პროსტიტუციაში ჩართვის შემდეგ.
,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან (რომელსაც ამავე კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე ქმნის საქართველოს მთავრობა) შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 48 საათისა. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უფლება აქვს ისარგებლოს მოსაფიქრებელი ვადით – არანაკლებ 30 დღისა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში. ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 362-ე მუხლებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 და 185-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო.“
ამგვარად, აშკარაა ტრეფიკინგის მსხვერპლის პროსტიტუციისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზანი - მხილებული იქნეს ტრეფიკიორი, ადამიანი რომელიც ძალადობდა მასზე და ხელყოფდა მის ღირსებას. ამის მსგავსად, სექს-მუშაკი, რომელიც განიცდიდა ძალადობას კლიენტისა და სუტინიორის მხრიდან, არ თავისუფლდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
ამგვარად, სადავო ნორმით ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას ტრეფიკინგის მსხვერპლ სექს-მუშაკსა და იმ სექს-მუშაკს შორის, რომელიც მართალია არ გამხდარა ტრეფიკინგის მსხვერპლი, მაგრამ განიცადა ძალადობა კლიენტის ან სუტინიორის მხრიდან. ეს ორი შესადარებელი ჯგუფი არის არსებითად თანასწორი, ვინაიდან ორივე ჯგუფს აქვს სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი ინტერესი. ორივე ჯგუფს აქვს სახელმწიფოსაგან იმის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ დაისჯება მათ მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირი. ორივე შესადარებელი ჯგუფის წარმომადგენელს აქვს ასევე იმის ინტერესი, რომ სახელმწიფოსაგან მიიღოს მოძალადის მხილებისათვის საჭირო სათანადო გარანტიებს. ამგვარად, სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლით (სრულწლოვანის მიმართ ტრეფიკინგი) გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი სექს-მუშაკი, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც ასეთად ცნობილი იქნა უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის მიერ არის არსებითად თანასწორი იმ სექს-მუშაკისა, რომელიც არ გამხდარა ტრეფიკინგის მსხვერპლი, მაგრამ განიცდიდა ძალადობას. ტრეფიკინგის მსხვერპლს ან 143 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულს სადავო ნორმა ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლთან ან დაზარალებულ სექს-მუშაკებთან შედარებით, იმით, რომ ამ უკანასკნელ ჯგუფს არ ათავისუფლებს სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ სარჩელის ფარგლებში მოსარჩელის შედარება ხდება სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით გათვალისწინებულ სრულწლოვან დაზარალებულთან და არა სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არასრულწლოვანი დაზარალებულთან. მოსარჩელე არის სრულწლოვანი სექს-მუშაკი და ის ვერ იქნება არსებითად თანასწორი არასრულწლოვანთან, მისთვის მინიჭებულ შეღავათთან დაკავშირებულ ურთიერთობაში.
დიფერენცირების ნიშანია პირის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახე, ასევე ამ დანაშაულიდან გამომდინარე სტატუსი. ეს უკანასკნელი არ არის კლასიკური ნიშანი, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციის მე-14 მუხლით. ამის მიუხედავად, დიფერენცირების შეფასებისას მკაცრი ტესტი უნდა იყოს გამოყენებული, ვინაიდან დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი ორი მიზეზის გამო:
1) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პუნქტში განაცხადა: ,, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასებისთვის ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა შემდეგ გარემოებას: დიფერენცირებულ პირებს რამდენად შეუძლიათ საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან აღმოფხვრან ის.” აქედან გამომდინარე, უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შეუძლია სექს-მუშაკს საკუთარი ქმედებით გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი, იმისათვის, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება აღმოფხვრას ან შეამციროს მაინც.
ძალადობის მსხვერპლზე ან დანაშაულის შედეგად დაზარალებულზე არ არის დამოკიდებული, რა დანაშაულს ჩაიდენენ მის მიმართ. ადამიანის მიმართ ტრეფიკინგს ჩაიდენენ თუ სხვა ძალადობრივ დანაშაულს, ეს დამოკიდებულია დამნაშავის ქცევაზე. სადავო ნორმა კი მიმართულია მსხვერპლზე, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს დამნაშავის ქმედებაზე, იმისათვის რომ მისი ქმედება ტრეფიკინგად დაკვალიფიცირდეს, ამით მან შეიძინოს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი და გათავისუფლდეს პროსტიტუციისათვის პასუხისმგებლობისაგან. ,,მკაცრი ტესტის“ გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ იმის შეფასება, რამდენად შეუძლია არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ პირს, თავისი ქმედებით თავი დააღწიოს დიფერენცირებას. ძალადობის მსხვერპლი სექს-მუშაკი, მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ აიძულოს, მოძალადე მის მიმართ სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა განახორციელოს, რათა ასეთმა სექს-მუშაკმა სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შეღავათით ისარგებლოს. სწორედ, ამიტომ ამის გამო ,,მკაცრი შეფასების ტესტი“ უნდა იქნეს გამოყენებული.
2) ამას გარდა უნდა აღინიშნოს ის, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უზრუნველსაყოფად, სადავო ნორმა ათავისუფლებს ტრეფიკინგის დანაშაულში დაზარალებულად ცნობილ პირს ან მსხვერპლს პროსტიტუციისათვის პასუხისმგებლობისაგან. ამ ურთიერთობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ვერ ექნება იმ სექს-მუშაკს, რომელმაც ძალადობა განიცადა საკუთარი კლიენტისაგან. ეს უკანასკნელი კატეგორია სრულად არის გამორიცხული სადავო ნორმით გათვალისწინებულ ურთიერთობაში მონაწილეობის შესაძლებლობისაგან. ამგვარად, დიფერენცირება ინტენსიურია და უნდა იყოს გამოყენებული მკაცრი შეფასების ტესტი.
როდესაც სადავო ნორმა განიხილება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში არასწორია ისეთი ლეგიტიმური მიზნის დასახელება როგორიცაა წესრიგის დაცვა, ინფექციური დაავადების თავიდან აცილება და მორალის დაცვა. ეს ლეგიტიმური მიზნები რელევანტურია მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებაში ფასდება პროსტიტუციის ადმინისტრაციული დასჯადობა ზოგადად. ამის შესახებ ქვემოთ გვექნება მსჯელობა. ამის მიუხედავად, დასახელებული ლეგიტიმური მიზნებით ვერ მართლდება ის, თუ რატომ ათავისუფლებს სადავო ნორმა ტრეფიკინგის მსხვერპლს პროსტიტუციისათვის პასუხისმგებლობისაგან და არ ათავისუფლებს სხვა სექს-მუშაკს, რომელიც გახდა არა ტრეფიკინგის, არამედ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. წესრიგის დარღვევის, ინფექციური დაავადებების, მორალის დარღვევის რისკები თანაბრად არსებობს იმ შემთხვევაშიც, როცა ტრეფიკინგის მსხვერპლი ეწევა პროსტიტუციას და მაშინაც როცა ამ საქმიანობას ეწევიან სხვა სექს-მუშაკები, რომლებსაც ტრეფიკინგი არ შეხებიათ. წესრიგის დარღვევის, ინფექციური დაავადებების გავრცელების, მორალის დარღვევის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზნებმა შეიძლება გაამართლონ პროსტიტუციის აკრძალვა ზოგადად და არა ამ აკრძალვიდან მხოლოდ სექს-მუშაკთა ცალკეული კატეგორიისათვის გამონაკლისის დაწესება და სხვებისათვის ამ შეღავათზე უარის თქმა.
დიფერენცირება შეიძლება აიხსნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ტრეფიკინგი არის უფრო მძიმე დანაშაული, რომლის გასახსნელადაც სახელმწიფოს ესაჭიროება მსხვერპლის დახმარება. ამ მიზნით ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლის წახალისება, პროსტიტუციისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან ადამიანით მოვაჭრეების გამოსავლენად და დასასჯელად. იმის გათვალისწინებით რომ დიფერენცირება ფასდება მკაცრად, პარლამენტი ვერ მიუთითებს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრის ფართო დისკრეციაზე: თავისუფლად განსაზღვროს იმ დანაშაულთა სიმძიმე, რომელთა გახსნის მიზნითაც მისცემს დაზარალებულებს სტიმულს, ითანამშრომლონ გამოძიებას და იმავდროულად, ნაკლებ ტოლერანტობას გამოავლენს იმ სამართალდამრღვევის მიმართ, რომელიც შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულის შედეგად გახდა დაზარალებული.
ადამიანის უფლება ღირსებაზე -არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი - თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ორივე შემთხვევაში: მაშინ როცა ადამიანი ხდება სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი და მაშინაც, როცა ადამიანი პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ერთვება, თუმცა ამ შემდეგ განიცდის ძალადობას. ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს ესაჭიროება მსხვერპლის დახმარება ძალადობის აღმოსაფხვრელად. ქვეყანაში სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის ამოსავალი წერტილი, სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ეფექტური გამოძიება აწარმოოს ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის ყოველი შემთხვევის მიმართ. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაზარალებულს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ჩაერთოს გამოძიების პროცესში, მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო ინფორმაცია. არასათანადო მოპყრობის აღმოჩენის და გამოძიების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება, იმის მიუხედავად, ამგვარი მოპყრობა ტრეფიკინგის სახით იქნა გამოხატული თუ სხვა დანაშაულით. სახელმწიფოს თანაბარი გულისხმიერებით მოეთხოვება, გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულები. ამისათვის მნიშვნელოვანია ყველა ამ დანაშაულის შედეგად დაზარალებულს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან დაცულობის ერთნაირი განცდა. ამისათვის მნიშვნელოვანია მათთვის თანაბარი გარანტიების დადგენა, პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების გარანტიის ჩათვლით.
აქვე აღსანიშნავია შემდეგი გარემოება, პროსტიტუცია წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ამ ,,კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“ ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის უფრო მცირე მნიშვნელობის დარღვევა ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. მართალია, სახელმწიფო არ თავისუფლდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებისაგან, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს აქვს უფრო მაღალი ინტერესი ებრძოლოს დანაშაულს. როდესაც ერთ მხარეს დგას პირის პროსტიტუციაში მიცემის ინტერესი, მეორე მხარეს სისხლის სამართლის კოდექსის 117 (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118 (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 120-ე (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების ინტერესი, ამ დანაშაულების გამოძიების ინტერესი უპირობოდ უპირატესი უნდა იყოს პროსტიტუციისათვის სახდელის დაკისრების ინტერესთან შედარებით.
ამის მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფოს, კონსტიტუციის მე-17 მუხლიდან გამომდინარე, აკისრია ადამიანის ღირსების დაცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აღმოფხვრის პოზიტიური ვალდებულება, მაშინ როცა ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას მესამე კერძო პირები ახდენენ. ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებების დანაშაულად გამოცხადებით სახელმწიფო ახდენს კონსტიტუციის მე-17 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულების რეალიზაციას. ამის მიუხედავად, ამ ვალდებულების სრულყოფილი რეალიზაცია ხდება არა მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფო დანაშაულად აცხადებს ამ ქმედებებს, არამედ მაშინაც როცა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს უქმნის არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის რეალურ გარანტიებს. შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ სექს-მუშაკს აქვს ჯანმრთელობის დაცვის გარანტია მაშინ როცა, ერთი მხრივ, სახელმწიფო დანაშაულად აცხადებს მის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის ხელმყოფ ქმედებებს, მეორე, მხრივ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით ემუქრება, თუკი ამ დანაშაულის შესახებ განაცხადებს სამართალდამცავ ორგანოში. შესაბამისად, სახელმწიფოს მოეთხოვება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნის მისაღწევად ისევე თქვას უარი დაზარალებულის პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემაზე, როგორც ამას ადამიანებით მოვაჭრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად აკეთებს.
ამგვარად, სადავო ნორმით იმ სექს-მუშაკის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელმაც განიცადა ძალადობა, მაგრამ არ წარმოადგენს ტრეფიკინგის მსხვერპლს, არ არის გამართლებული. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნა წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას, რაც მიმართულია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაცავად. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ნორმის დაუყოვნებლივ არაკონსტიტუციურად ცნობამ შესაძლოა არა მხოლოდ გააუარესოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მდგომარეობა, არამედ სახელმწიფოს გაურთულოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაც. შესაბამისად, ,,სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეში მიღებული #1/2/671 გადაწყვეტილებით დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის შენიშვნის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, გთხოვთ გონივრული ვადით გადადოთ გადაწყვეტილების აღსრულება. რაც პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, ტრეფიკინგის მსხვერპლი და ის სექს-მუშაკები, რომლებმაც განიცადეს სხვაგვარი ძალადობა პოზიტიური კანონმდებლობით გაათანაბროს.
4) სადავო ნორმის შესაბამისობა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადების თანახმად: ,,არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2013 წლის 14 მაისს მიღებულ №2/2/516,542გადაწყვეტილების მეორე თავის 29-ე პუნქტში განაცხადა: ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება არამხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით... ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, იგი კავშირშია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და წარმოადგენს ამ უფლებით დაცული სფეროს ნაწილს. შესაბამისად, სადავო ნორმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პასუხობს განსაზღვრულობის კონტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.“
ამავე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 30-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“ ალექსანდრე ბარამიძისა და სხვები პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 31-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები.“
ამასთან აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლითაც ბათილად ცხადდებოდა საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებები. მოსარჩელე დავობდა იმაზე, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა იმას, თუ რას ნიშნავდა საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების დარღვევა. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განჭვრეტადობის თვალსაზრისით ერთმანეთისაგან გამიჯნა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები სხვა ნორმებისაგან. სასამართლომ პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებს განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნები წაუყენა. თუ ყველა სხვა ნორმა, ბუნდოვანების გამო, არაკონსტიტუციურად მხოლოდ მაშინ ცხადდება, თუ კეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში, მათი ერთ-ერთი შინაარსი არის არაკონსტიტუციური, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შემთხვევაში მათი ბუნდოვანების დადგენა სრულიად საკმარისი პირობაა, ასეთი ნორმების ძალადაკარგულად გამოსაცხადებლად.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი-2-ის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის 52-ე პუნქტში კერძო-სამართლებრივ ნორმებთან დაკავშირებით განაცხადა: ,,ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, მარტოოდენ ბუნდოვანებაზე მითითება წარმოადგენს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თვითკმარ საფუძველს.“
რუსთავი-2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 33-ე პუნქტში ნათქვამია:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა განსხვავებულია პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ცალკე აღებული სადავო ნორმის ბუნდოვანება შეიძლება იყოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას ... დასჯადი ქმედების შემადგენლობა“
ამ სარჩელით გასაჩივრებულია ნორმა, რომელიც კრძალავს პროსტიტუციას და აწესებს მისთვის ადმინისტრაციულ სახდელს. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა მიეკუთვნება პასუხისმგებლობით სამართალს. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვა-სიტყვითი განმარტება, რომელიც საუბრობს ,,ქმედების“ დასჯადობაზე და ,,სამართალდარღვევაზე.“ ეს კონსტიტუციური დებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ მის დაცულ სფეროში მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დანაშაულები ხვდება. დამატებით აღსანიშნავია რუსთავი-2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ზოგადად საუბრობს ,,პასუხისმგებლობითი სამართლის“ და არა სისხლის სამართლის განჭვრეტადობის სტანდარტზე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტი ისევე ვრცელდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებზე, როგორც სისხლის სამართლის ნორმებზე.
იმისათვის რომ მოხდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, საკმარისია იმის დამტკიცება, რომ შეუძლებელია იმ ნორმის დისპოზიციის შინაარსის დადგენა, რომელის დარღვევა დაკავშირებულია სანქციის დაკისრებასთან. დამატებით უნდა დადგინდეს, რომ უცნობია რეგულირების საგანი, მიზანი და მასშტაბები. ამ გარემოებების დადგენა საკმარისია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევისათვის.
გასაჩივრებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის მინიმალურ მოთხოვნასაც კი. სადავო ნორმის გონივრული და სამართლიანი წაკითხვიდან არ დგინდება, რა სახის ქმედება არის აკრძალული. სადავო ნორმიდან უცნობია ის გარემოება, როგორია სამართალდარღვევის ობიექტური მხარის მასშტაბები.
ტერმინი პროსტიტუციის ცნების დადგენისათვის არ არის საკმარისი სადავო ნორმა. მისი შემფარდებელი იძულებული ხდება ამ ცნების შინაარსის განსაზღვრისათვის მიმართოს ლექსიკონს. ტერმინი ,,პროსტიტუციის“ ცნება არც სადავო ნორმით, არც სხვა ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული. გაურკვეველია პროსტიტუცია ნიშნავს ფულადი ანაზღაურების, საქონლის მიღების სანაცვლოდ სექსით თუ ანაზღაურების გარეშე პირთა ფართო წრესთან უსასყიდლო სექსუალურ ურთიერთობას.
სადავო ნორმით არ იკვეთება, რა კონკრეტული ქმედების ჩადენა ეკრძალება სექს-მუშაკს. სადავო ნორმიდან არ იკვეთება ის, იკრძალება ერთჯერადად სხეულის გაყიდვა თუ ამ საქმიანობის პროფესიად ქცევა, შემოსავლის მისაღებად არარერთჯერადი ქმედებების განხორციელება. კიდევ უფრო პრობლემურია ის საკითხი, როდის ითვლება ქმედება დასრულებულად: ქუჩის პროსტიტუციის შემთხვევებში სექს-მუშაკთა თავშეყრის ადგილას (სადგურის მოედნისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორია) სხეულის გაყიდვის მიზნით დადგომის მომენტიდან, კორტეჟის შემთხვევაში სოციალურ ქსელში სექს-მუშაკის ფოტოს, სექსუალური მომსახურების ფასის, ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან თუ მომსახურების გაწევის ან თანხის მიღების მომენტიდან. შესაძლოა ცირკთან დადგომა ან შესაბამის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება არ იყოს საკმარისი აკრძალული სამართალდარღვევის დასრულებულად ცნობისათვის და საქმის განმხილველმა რომელიმე მოსამართლემ, დამატებით მოითხოვოს სამართალდარღვევის ოქმის შემდგენლისაგან იმის მტკიცება, რომ ქუჩის სექს-მუშაკი არა მარტო იდგა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მიდიოდა გამვლელებთან და კონკრეტულ ფასად სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა. სხვა მოსამართლემ შესაძლოა პროსტიტუციის სამართალდარღვევა დასრულებულად მიიჩნიოს, სექს-მუშაკსა და კლიენტს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების მომენტიდან, როდესაც მოხდება ფასზე, მომსახურების ადგილზე და პირობებზე შეთანხმება. თუმცა ქმედების დასრულებულად ცნობის და სექსის გამყიდველის ქმედების პროსტიტუციად კვალიფიკაციისათვის შესაძლოა მომსახურების პირობებზე შეთანხმებაც არ აღმოჩნდეს საკმარისი. შესაძლოა დამატებით საჭირო გახდეს სექსუალური მომსახურების მიწოდების და სექს-მუშაკის მიერ ამისათვის ანაზღაურების მიღების ფაქტის მტკიცება და პროსტიტუცია მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვალოს დასრულებულად.
ამგვარად, ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან დაკავშირებით სადავო ნორმის ბუნდოვანების გამო პრაქტიკაში შესაძლოა გვქონდეს სამართალდარღვევად ცნობის შესახებ დადგენილებები იმ პირის მიმართ, ვინც გარკვეული დროის განმავლობაში იდგა სექს-მუშაკთა ტრადიციული თავშეყრის ადგილას. ეს გარემოება, ერთი მოსამართლის შემთხვევაში საკმარისად იქნას მიჩნეული პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისათვის, სხვა საქმეში სექს-მუშაკთა ტრადიციულ ადგილას დგომის ფაქტი საკმარისად არ ჩათვალოს ქმედების პროსტიტუციად კვალიფიკაციისათვის. ერთმა მოსამართლემ შესაძლოა პროსტიტუციად დააკვალიფიციროს ქუჩის სექს-მუშაკის მიერ გამვლელებისათვის განსაზღვრულ საფასურის გადახდის სანაცვლოდ სექსის შეთავაზება ან კორტეჟში მყოფი სექს-მუშაკის მიერ მომსახურების პირობების ინტერენეტით გავრცელება; სხვა მოსამართლემ შესაძლოა ეს გარემოება საკმარისად არ მიიჩნიოს ქმედების პროსტიტუციად კვალიფიკაციისათვის და დამატებით მოითხოვოს იმის დამტკიცება, რომ კლიენტი და სექს-მუშაკი მომსახურების პირობებზე შეთანხმდნენ. საქართველოს საერთო სასამართლოებში შესაძლოა ისეთი მოსამართლეებიც იყვნენ, რომელებიც პროსტიტუციად დააკვალიფიცირებენ ქმედებას არა მაშინ, როცა კლიენტსა და სექს-მუშაკს შორის პირობებზე შეთანხმება მოხდა, არამედ მაშინ როცა მომსახურების გაწევამდე ან ამის შემდეგ სექს-მუშაკმა მიიღო ანაზღაურება (სხეულის გაყიდვის ფაქტი დასრულდა). იმის გამო, რომ კანონმდებელი დუმს პროსტიტუციის ქმედების ობიექტური შემადგენლობის მიმართ, პრაქტიკაში მოსალოდნელია ამგვარი მრავალფეროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომები, რაც სხვა არაფერია თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება. კანონმდებელმა მოსამართლეებისათვის ამგვარი ფართო შესაძლებლობების დატოვებისათვის, ისინი ნორმის განმმარტებლიდან და შემფარდებლიდან აქცია ნორმის შემოქმედებად. ადამიანი დამოკიდებული ხდება არა კანონით მკაფიოდ დადგენილ კრიტერიუმებზე, არამედ მოსამართლის წინასწარგანწყობებზე, მის იდეოლოგიურ შეხედულებებზე, მორალურ ღირებულებებზე. ეს კი ეწინააღმდეგება სასამართლო ხელისუფლების კანონით შებოჭვის იდეას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი მოთხოვნაა. ის გარემოება, რომ კანონიდან არ იკითხება როგორია პროსტიტუციის სამართალდარღვევის ობიექტური მხარე, ნიშნავს იმას, რომ კანონი სჯის ქმედებას, რომელიც მკაფიოდ სამართალდარღვევად არ ითვლება კანონით.
ამგვარად, იმის გამო, რომ სადავო, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმიდან არ იკვეთება ის გარემოება, როგორია სამართალდარღვევის ობიექტური შემადგენლობა, სადავო ნორმა არ პასუხობს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი განჭვრეტადობის მოთხოვნებს.
5) სადავო ნორმის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ,,ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვალს მიღებულ №2/1/536გადაწყვეტილების მეორე თავის 54-ე პუნქტში საქმეზე ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ განაცხადა: ,,ვინაიდან კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი, ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები, ის, იმავდროულად, მოიცავს პირის ინტიმური ცხოვრების სფეროსაც, საკუთარი სქესის თუ სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრის უფლებას და სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლებას.” სადავო ნორმა კრძალავს რა პროსტიტუციას, ზღუდავს ადამიანის სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლებას.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების 64-ე პუნქტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს პიროვნული განვითარების თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, ის არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ჯგუფს. ინდივიდის მიერ კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლების რეალიზაცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვათა უფლებებს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესებს. აღნიშნული ღირებულებების დაცვის ინტერესი განაპირობებს ადამიანის კონკრეტული ქმედებების/უფლებების შეზღუდვის საჭიროებას.”
მართალია, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის დასახელება პარლამენტის კომპეტენციაა, ვინაიდან კანონის შექმნისას მან უკეთ იცის, რა მიზნის მისაღწევად აწესებს შეზღუდვებს, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ მიზნებზე, რაც შესაძლოა ამოძრავებდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს 1987 წელს, როდესაც ამ რეგულაციას იღებდა და ამოძრავებს საქართველოს პარლამენტს დღეს, როდესაც სადავო ნორმას ინარჩუნებს. ეს ლეგიტიმური მიზნები შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მორალის დაცვა. განვიხილოთ თითოეული ლეგიტიმური მიზანი ცალ-ცალკე.
5.1. საზოგადოებრივი წესრიგი
მიზანი, რის გამოც შეიძლება პროსტიტუციის რეგულირება მოხდეს, ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი. ქუჩაში სექსის შეთავაზებამ შესაძლოა გამვლელის მხრიდან ძალადობრივი რეაქცია გამოიწვიოს. საზოგადოებრივ წესრიგის დაცვაზე, როგორც პროსტიტუციის რეგულირების ლეგიტიმურ მიზანზე საუბრობენ კანადური სასამართლოები გენერალური პროკურორი ბედფორდის წინააღმდეგ საქმეზე. კერძოდ კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 26-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,ქუჩაში სხვა ადამიანისათვის სექსუალური მომსახურების შეთავაზება ემსახურება ხმაურთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილებას. პროსტიტუციის რეგულაცია არ არის თვითნებური ის იცავს იმ დასახლებული პუნქტის სამეზობლოს ხმაურისაგან დაცვას.[14]“ კანადის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების 134-ე პუნქტში შენიშნავს, რომ დახურულ სივრცეში არსებული პროსტიტუციიდან მომდინარე ხმაური შედარებით იშვიათია.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნის მისაღწევად სადავო ნორმა არის ძალზედ ფართოდ ფორმულირებული. პირველ რიგში იმის გამო, რომ ქუჩის პროსტიტუციის შემთხვევაში, ხმაური შესაძლოა წარმოიშვას სწორედ გამვლელის მიერ სექსის შეთავაზების გამო და არა იმიტომ რომ პირველი სექს-მუშაკი სთავაზობს სექსს გამვლელს. ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს ფასზე შეუთანხმებლობა, კლიენტის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა. ქუჩის პროსტიტუციიდან მომდინარე ხმაურისა და საზოგადოებრივი წესრიგის აღსაკვეთად სადავო ნორმის გარეშეც, სამართალდამცავებს გააჩნიათ ეფექტური საშუალება, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იკრძალება წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ეს უკანასკნელი ბევრად ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს ქუჩის პროსტიტუციიდან მომდინარე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვიდრე სადავო ნორმით, მათ შორის, მშვიდობიანი ხასიათის პროსტიტუციის აკრძალვა.
ხმაური და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე დამახასიათებელია ქუჩის პროსტიტუციისათვის ასევე ბორდელისათვის, სამეზობლო სამართლის რეგულირების ფარგლებში. სადავო ნორმა იმდენად ფართოა რომ კრძალავს არა მხოლოდ ქუჩის და ბორდელებში მიმდინარე პროსტიტუციას, არამედ კორტეჟის მომსახურებასაც. კორტეჟის მომსახურება მოიცავს კლიენტისა და სექს-მუშაკის გაცნობას სოციალურ ქსელებში. ფასზე და მომსახურებაზე შეთანხმება ხდება ინტერნეტის მეშვეობით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს საჯარო სივრცეში ხმაურის საფრთხე. კორტეჟში მყოფ ნაცნობ სექს-მუშაკთან ადგილისა და დროის შეთანხმება შესაძლოა მოხდეს ტელეფონის მეშვეობითაც. კორტეჟის მომსახურების გაწევა ხდება სექს-მუშაკის ან კლიენტის სახლში ან სასტუმროში. კორტეჟი თავისი არსით გამორიცხავს ან მინიმუმამდე დაჰყავს ხმაურისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა ისევე კრძალავს კორტეჟს, საიდანაც ხმაურის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე მინიმალურია, როგორც ქუჩისა და ბორდელის პროსტიტუციას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არ არის ვიწროდ მიზანმიმართული საზოგადოებრივი წესრიგის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სადავო ნორმა იმდენად ფართოდ არის ფორმულირებული, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევა ისეთი ქმედებაც, რაც არანაირ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, ასეთია კორტეჟის მომსახურება.
5.2. ჯანმრთელობის დაცვა
კიდევ ერთ მიზნად შეიძლება დასახელდეს აივ-ის (შიდსი) და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება. ამის მიუხედავად, პროსტიტუციისათვის დასჯადობა არათუ ხელს უწყობს ამ მიზნის მიღწევას, არამედ პირიქით, სწორედ რეპრესიული ხასიათის ღონისძიებებია პირველი პასუხისმგებელი სექს-მუშაკთა პოპულაციაში აივის და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებისათვის. ამასთან დაკავშირებით რელევანტური იქნება თუნენი ავსტრალიის წინააღმდეგ 1992 წლის საქმეში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანზე მსჯელობა. ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა ავსტრალიის ერთ-ერთ შტატში, ტასმანიაში სრულწლოვან მამაკაცებს შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის დანაშაულად გამოცხადება.[15] კომუნიკაციის ავტორი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში დავობდა, რომ ჰომოსექსუალობის აკრძალვით ირღვეოდა გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 26-ე აღიარებული თანასწორობის უფლება. თუნენის საქმეშიც სრულწლოვან მამაკაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური აქტის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანად აივის და სხვა ინფექციის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზანი დასახელდა. ამ არგუმენტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის აზრის 8.5 პუნქტში შემდეგნაირად უპასუხა:
,,ტასმანიის ხელისუფლებამ წარმოადგინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვის არგუმენტი. კომიტეტს მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალური პრაქტიკის კრიმინალიზაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნეს აივ/შიდსის პრევენციის მიზნის მიღწევის გონივრულ ან პროპორციულ საშუალებად. როგორც ეს ავსტრალიის მთავარობამაც განაცხადა, კრიმინალიზაცია ხელს უშლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებას იმით რომ ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი იმალება (კრიმინალიზაცია ასეთ ადამიანს მიწისქვეშ ყოფნისკენ უბიძგებს). კრიმინალიზაციის გამო ეფექტურად ვერ ხორციელდება აივ (შიდსის) შესახებ საგანმანათლებლო პროგრამები.“ [16]
ეს არგუმენტი თანაბრად მიემართება ასევე სექს-მუშაკებს, რომლებიც მსმ-ების (მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს სხვა მამაკაცთან) მსგავსად აივ ინფექციის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამის დასტურია ,,სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის
წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N 241/ნ 24-ე ,,ბ“ ქვეპუნქტი. ამ ნორმის თანახმად, სისხლის დონორობის უკუჩვენებას წარმოადგენს სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების მიღების მიზნით; ის, გარემოება, რომ პროსტიტუცია დასჯადია, აიძულებს პოტენციურ დონორს ანამნეზის შეკრების დროს მისი პროფესია დამალოს.
გარდა ამისა, უნდა ითქვას ის რომ ჯანდაცვის სამინისტრო აივ-ინფექციის წინააღმდეგ უამრავ პროგრამას ახორციელებს. ამ პროგრამის უმთავრესი ბენეფიციარები არიან სექს-მუშაკები. როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ ისეთ პროექტებს, როგორიცაა პრეზერვატივების უფასოდ დარიგებას და პრეპის (ეს არის პრეპარატი, რაც უზრუნველყოფს აივ-ინფექციის პრევენციას დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს) გავრცელებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, ,,სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.“
ეს ნორმა აკისრებს ყველა სახელმწიფო ორგანოს და საზოგადოებრივ ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას. ვინაიდან პროსტიტუცია ერთ-ერთი სამართალდარღვევაა, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არათუ პრეზერვატივების უფასო გავრცელებით უნდა იყვნენ დაკავებულნი, არამედ მათ ვალდებულებას სექს-მუშაკების მხილება უნდა წარმოადგენდეს, რათა ამით სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მოთხოვნა შეასრულონ. იმ შემთხვევაშიც კი როცა შიდსის პრევენციის უმთავრესი მიზნის მიღწევის მიზნით, სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ახდენენ სექს-მუშაკების მხილებას სამართალდამცავებთან, თავისთავად ის გარემოება პროსტიტუცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, სექს-მუშაკებში აჩენს უნდობლობას ჯანდაცვის დაწესებულების და არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ. ამით, კი სექს-მუშაკები რჩებიან შიდსის პრევენციისაკენ მიმართული პროგრამების მიღმა. ჯანდაცვის პროგრამების მიღმა სექს-მუშაკების დატოვება ხელს უწყობს შიდსის ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას. ის, რომ პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამო სექს-მუშაკებს არა აქვთ წვდომა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, ეს გარემოება დასტურდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ჰერა-21“-ს კვლევაშიც. ,,სექს-მუშაკების საჭიროებების გამოვლენისა და დისკრიმინაციის გამომწვევი ფაქტორების კვლევის“ 26-ე გვერდზე აღნიშნულია: ,,იმის გამო, რომ მათი (სექს-მუშაკები) საქმიანობა ლეგალური არ არის, მათ ხელი არ მიუწვდებათ ადეკვატურ სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები. მათ უწევთ დამალონ საკუთარი საქმიანობის სფერო და შემოსავლის წყაროები, რაც მუდმივი სტრესის განმაპირობებელია.“[17]
ამგვარად, პროსტიტუციის ადმინისტრაციული წესით დასჯადობა არათუ აივ (შიდსის) ან სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება არ არის, არამედ მნიშვნელოვნად ხელს უშლის ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ადმინისტრაციული დასჯადობა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ეფექტური განხორციელებისათვის.
5.3. მორალის დაცვა
საბოლოოდ უნდა შევაფასოთ საკითხი იმის თაობაზე, რამდენად ემსახურება სადავო ნორმა მორალის დაცვის მიზნებს. პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ სადავო ნორმით ისჯება სექს-მუშაკი და არა კლიენტი, რომელიც უფრო მეტად ამორალურ ქმედებას შეიძლება სჩადიოდეს ფულის სანაცვლოდ ქალის სხეულის ობიექტივიზაციის გზით. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენცია (CEDAW), რაც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 1994 წლის 22 სექტემბერს. გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები ტრეფიკინგისა და ქალთა პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, კონვენცია მოითხოვს პროსტიტუციის იმგვარ ფორმებთან ბრძოლას, რომლებიც ექსპლუატაციის მიზნით გამოიყენება. სხვა შემთხვევაში პროსტიტუციას კონვენცია არ კრძალავს.
ამ მხრივ, საინტერესოა CEDAW კომიტეტის რეკომენდაცია რუსეთის მიმართ. რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.11 მუხლი კრძალავს პროსტიტუციით დაკავებას (ითვალისწინებს ჯარიმას 1500-დან 2500 რუსულ რუბლამდე.)[18] რუსეთის მიერ CEDAW კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით მე-8 პერიოდულ ანგარიშზე CEDAW კომიტეტის შემაჯამებელ შეფასების 25-ე პუნქტის ,,c” ქვეპუნქტში აღნიშნულია: ,,არსებობს ინფორმაცია პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების მიმართ ფართომაშტაბიანი ძალადობისა და დისკრიმინაციის თაობაზე, რაც განპირობებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.11 მუხლით ამ ქმედების როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დასჯადობით. ამის გამო ხდება პროსტიტუციაში ჩართული ქალების მიმართ ხდება სხვადასხვა სახის ძალადობა, კერძოდ, ფულის გამოძალავა, ცემა, გაუპატიურება და მკვლელობაც კი...“ შემაჯამებელი შეფასების 26-ე პუნქტის ,,c” ქვეპუნქტით, CEDAW კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს რუსეთს, გააუქმოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.11 მუხლი (პროსტიტუციით დაკავება).“ [19]
CEDAWკომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროსტიტუციის ამკრძალავი კანონმდებლობა არ უნდა სჯიდეს სექსმუშაკს და მიმართული უნდა იყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ქალთა სექსუალური ექსპლუატაციისგან იღებენ სარგებელს. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პროსტიტუციისთვის ისჯება სექს-მუშაკი და არა კლიენტი, პროსტიტუციის ორგანიზატორი ან მე-3 პირი, რომელიც სარგებელს იღებს პროსტიტუციისგან. [20]
ექსპლუატაციის, ქალის სხეულის ობიექტივიზაციის საფრთხე, პირველ რიგში, სუტინიორისა და მომხმარებლისაგან მოდის. აღსანიშნავია, ის გარემოება სუტინიორი, რომელიც ძალის გამოყენებით ან ამის გარეშე ახდენს ქალის ჩართვას პროსტიტუციაში, ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე და 254-ე მუხლებით. ამგვარად, CEDAW კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად სუტინიორთან მიმართებაში ყოველგვარ აზრს მოკლებულია სადავო ნორმის არსებობა.
რაც შეეხება პროსტიტუციის მომხმარებლებს, ბუნებრივია, CEDAWკონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც საუბრობს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, აღმოფხვრას პროსტიტუციის მეშვეობით ქალთა მიმართ ექსპლუატაცია, გულისხმობს ასევე იმ პირებსაც, რომლებიც ფულით ყიდულობენ ქალის სხეულს. CEDAW კომიტეტს არაერთხელ უთქვამს, ის, რომ ქალთა მიმართ ექპლუატაციის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ სანქციები უნდა დაუწესოს არა თავად სექს-მუშაკ ქალებს, რომლებიც ექსპლოატაციის მსხვერპლნი არიან, არამედ მათ კლიენტებს. მაგალითად, 2009 წელს იაპონიის მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში: ,,CEDAW კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვამს, რომ სექს-მუშაკები არიან სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტები, მაშინ როცა მათი კლიენტები არ ისჯებიან.“[21] იგივე რეკომენდაცია მისცა CEDAW კომიტეტმა კენიას 2007 წელს. რეკომენდაციაში აღნიშნულია: ,,კომიტეტი შეშფოთებული რჩება ქვეყანაში ქალებისა და გოგონების მუდმივი ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის გამო. განსაკუთრებულ წუხილს კომიტეტი გამოხატავს იმ გოგონებისა და ქალების ტრეფიკინგისა და ექსპლოატაციის გამო, რომელიც სიღარიბის გამო წავიდნენ ამ ნაბიჯზე და რომელთათვისაც პროსტიტუცია ოჯახის დახმარების საშუალებას წარმოადგენს. კომიტეტი ასევე შეწუხებულია ქვეყანაში სექს-ტურიზმის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, რაც ღარიბი ბავშვების, ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების პროსტიტუციის რაოდენობის ზრდას იწვევს. კენიაში პროსტიტუცია უკანონოა, მაგრამ კომიტეტის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ამ კანონით სექს-მუშაკები და არა მათი კლიენტები იდევნებიან.“[22]
ამგვარად, CEDAW კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების - პროსტიტუციაში ჩართული ქალების ექსპლუატაციის აღმოფხვრა - შესრულების ვარგის საშუალებას წარმოადგენს არა ექსპლოატაციის მსხვერპლი ქალების დასჯადობა, არამედ მათი კლიენტების ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა. სწორედ, კლიენტების არსებობა განაპირობებს პროსტიტუციაზე მოთხოვნის არსებობას. არ იქნება მოთხოვნა პროსტიტუციაზე, არ იარსებებს არც მიწოდება და ამით არც მორალის დაცვის ინტერესებს შეექმნება საფრთხე. შესაბამისად, თუ პროსტიტუციის აკრძალვა მიზნად ისახავს მორალის დაცვას, ამ მიზნის მისაღწევად სანქცია მიმართული უნდა იყოს იმათ მიმართ, ვინც ამ ქმედებაზე მოთხოვნას განაპირობებენ. თუ რამეა მორალთან შეუთავსებელი, პირველ რიგში, ეს სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდაა და არა ოჯახის რჩენის მიზნით სექს-მუშაკის პროფესიის არჩევა.
ამიტომ მორალის დაცვის მიზნის მისაღწევად სახელმწიფომ სანქციის არასწორი სუბიექტი შეარჩია სექს-მუშაკის სახით. ამ ლეგიტიმურ მიზანს საფრთხეს კლიენტები უქმნიან და უფრო ლოგიკური იქნებოდა, მორალის დასაცავად სანქცია სწორედ მათ დაკისრებოდათ. ამის საპირისპიროდ სადავო ნორმა სექს-მუშაკს და არა კლიენტს სჯის. კლიენტი ყველა შემთხვევაში დაუსჯელია, თუ არ დამტკიცდება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სექსს ტრეფიკინგის მსხვერპლისაგანყიდულობდა. თუმცა ეს შემთხვევა სცილდება სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებს.
CEDAW კონვენციის მონიტორინგის ორგანო - კომიტეტი კატეგორიულად უარყოფს კონვენციის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების შესასრულებლად სექს-მუშაკების დასჯადობას. კომიტეტი ასევე გამორიცხავს სექს-მუშაკთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას. ქალთა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნის მისაღწევად კანონმდებელს შეეძლო სადავო ნორმის ფორმულირება იმგვარად მოეხდინა, რაც გაითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სექსის მყიდველისათვის და არა გამყიდველისათვის. ამგვარი ვიწროდ მიზანმიმართული შეზღუდვა მოაგვარებდა ქალის სხეულის ობიექტივიზაციის და მასთან ერთად მორალთან დაკავშირებულ სახელმწიფოს წუხილებსაც .
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადავო ნორმა კრძალავს არა მხოლოდ ქუჩის პროსტიტუციას, რაც ვიზუალურად ხილვადია საზოგადოებისათვის, არამედ კორტეჟის მომსახურებით სარგებლობასაც. ეს უკანასკნელი მიმდინარეობს ისეთ პირობებში, რაც არ არის ხილვადი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის (იწყება ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით და მთავრდება, სექს-მუშაკის ან კლიენტის საძინებლით), შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ პროსტიტუციის დასჯადობა გამართლებულია საზოგადოების მორალური ღირებულებების დაცვის აუცილებლობით. აკრძალული ქმედებები საზოგადოებისაგან იზოლირებულად მიმდინარეობს და შეუძლებელია, ძირს უთხრიდეს საზოგადოების მორალურ ღირებულებებს. კორტეჟის მომსახურების ფაქტი, მცირე ცნობისმოყვარეთა გამოკლებით, უცნობი რჩება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. სხვის პირადი ცხოვრების მიმართ ცნობისმოყვარეთა ინტერესების დაცვა არ შეიძლება გახდეს ადამიანის პიროვნული განვითარების უფლების შეზღუდვის საკმარისი საფუძველი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 32-ე პუნქტში აღნიშნა: ,,სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მან უნდა აიტანოს გარკვეული უხერხულობები იმისათვის, რომ მისცეს პიროვნებას საკმარისი სივრცე თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრებისთვის.“
მორალის სახელით სახელმწიფოს ადამიანის პიროვნული განვითარების უფლების შეზღუდვა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მესამე პირებს ამით ხელშესახები ზიანი ადგება. გაუგებარია რა ხელშესახები ზიანი შეიძლება მიაყენოს მესამე პირებს ისეთმა ურთიერთობამ რომელიც იწყება ადამიანის პირადი საკომუნიკაციო საშუალებიდან(ტელეფონი ან ინტერნეტი) და მთავრდება ადამიანის საძინებლით, რომლის ფარგლებში ადამიანებს თავისუფალი მოქმედების, დანარჩენი საზოგადოებისაგან განმარტოების სრული თავისუფლება აქვთ. სახელმწიფოს არა აქვს უფლება, მორალი გამოიყენოს ადამიანის პიროვნული განვითარების უფლების საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმის გამო, რომ არასწორად, არაგონივრულად და შეცდომად მიაჩნია ადამიანის მიერ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არსებული ტრადიციებიდან, ადათებიდან გამომდინარე. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მეორე თავის 35-ე პუნქტშია განაცხადა: ,,საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას, საკუთარი სურვილების შესაბამისად განაგოს თავისი ცხოვრება, თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის ან საშუალო გონიერი ადამიანის ხედვით ეს სურვილები არასათანადო და მიზანშეუწონელი იყოს.“ საქმეში ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 30-ე პუნქტში ასევე ნათქვამია: ,,მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ პირის თავისუფალ განვითარებას კანონი არ უნდა უქვემდებარებდეს საზოგადოებრივი განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე ჩამოყალიბებულ ტრადიციას, წეს-ჩვეულებასა თუ ადათს, ვინაიდან აღნიშნული საფრთხის ქვეშ დააყენებდა თავად ადამიანის პიროვნული განვითარების ორ მნიშვნელოვან და სუბსტანციურ პრინციპს - თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს, რაც რეალურად წარმოადგენს ადამიანის განვითარების საწყისს.“ დაბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ადამიანის პიროვნული განვითარების უფლების კონტექსტში, გადაჭრით უარყო პატერნალისტი, მზრუნველი სახელმწიფოს იდეა, რომელმაც ადამიანზე უკეთ იცის, რა არის მისთვის უკეთესი, სწორი მორალურად გამართლებული. სახელმწიფოს არა აქვს უფლება დაუწესოს ადამიანს სანქცია, რათა ეს ადამიანი დაიცვას საკუთარი თავისაგან (იხილეთ გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე თავის 50-ე პუნქტი).
ამგვარად, მორალი არ წარმოადგენს საკმარის არგუმენტს პროსტიტუციის აკრძალვისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო ნორმა ეხება კორტეჟის მეშვეობით სექსუალურ მომსახურებას, ქმედებას, რასაც შესაძლოა არავითარი შეხება არ ჰქონდეს მესამე პირებთან.
5.4. დასკვნა
სადავო ნორმა ზღუდავს პიროვნული განვითარების უფლებას. შეზღუდვა არის უვარგისი საშუალება ისეთი მიზნებისა მისაღწევად როგორიცაა მორალის და ჯანმრთელობის დაცვა. ნაკლებად მზღუდავი საშუალებით შესაძლებელია ისეთი მიზნების მიღწევა როგორიცაა ქუჩის პროსტიტუციით საზოგადოებრივი წესრიგის თავიდან აცილება. შესაბამისად, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და უნდა მოხდეს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა.
ამგვარად, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებს, კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, ასევე 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს. ამიტომ ვითხოვთ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.
[1]http://www.osgf.ge/files/2018/Publications/sorosi-geo.pdf
[2] სისგენდერი ტერმინი ,,ტრანსგენდერის“ საპირისპირო ტერმინია ჰეტეროსექსუალი ქალისა და მამაკაცის გარდა მოიცავს გეი, ბისექსუალ და ლესბოსელ ადამიანს, რომელიც იცვამს და მოქმედებს მისი ბიოლოგიური სქესისათვის მიკუთვნებული სოციალური ქცევის შესაბამისად.
[3] http://hera-youth.ge/wp-content/uploads/2017/12/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90.pdf
[4] https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[5] ინგლისურ ტერმინი, რომლითაც აღინიშნება სუტინიორი არის Pimp – ადამიანი, რომელიც ჰყიდის ან საკომისიოს იღებს სხვისი სხეულის ვაჭრობიდან.
[6] კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მე-18 პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[7] კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 74 პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[8] კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 75-ე პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[9] კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 76-ე პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[10] გენერალური პროკურორი ბედფორდის წინააღმდეგ საქმეზე კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 79-ე პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[11] გენერალური პროკურორი ბედფორდის წინააღმდეგ საქმეზე კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 86-ე პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[12] გენერალური პროკურორი ბედფორდის წინააღმდეგ საქმეზე კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 87-ე პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[13] გენერალური პროკურორი ბედფორდის წინააღმდეგ საქმეზე კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების 88-ე პუნქტი https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[14] https://scc-csc.lexum.com/scc-csc/scc-csc/en/item/13389/index.do
[15] http://hrlibrary.umn.edu/undocs/html/vws488.htm
[16] http://hrlibrary.umn.edu/undocs/html/vws488.htm
[17] http://hera-youth.ge/wp-content/uploads/2017/12/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90.pdf
[18] http://www.wipo.int/edocs/lexdocs/laws/en/ru/ru073en.pdf
[19]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2FPPRiCAqhKb7yhsnINnqKYBbHCTOaqVs8CBP2%2FEJgS2uWhk7nuL22CY5Q6EygEUW%20boviXGrJ6B4KEJr4JalKJZyYib0P1wYeg13mjbxpuvgBQIHs8SaZvXdjX
[20] http://www.osgf.ge/files/2018/Publications/sorosi-geo.pdf
[21] http://www.idppcenter.com/CEDAW_Comm_Pressures_Nations_on_Prostitution.pdf გვერდი 3
[22] http://www.idppcenter.com/CEDAW_Comm_Pressures_Nations_on_Prostitution.pdf გვერდი 3
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი