საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/14/666 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ნოემბერი 2016 12:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი– სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №666) მიმართა საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძემ. №666 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 3 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №666 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 11 ნოემბერი.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ტერიტორიების და ქალაქების - თბილისისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის სანაცვლო საკომპენსაციო თანხას, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას, ამასთან, ადგენს მისი შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლებს.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, №44-ში არსებული 1615 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. მოსარჩელეს სურვილი აქვს აღნიშნულ მიწაზე ააგოს კომერციული ობიექტი. ამ მიზნისათვის საჭიროა მიწის კატეგორიის შეცვლა და, შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის გადახდა.
6. №666 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ პრინციპს, კერძოდ, სადავო ნორმა იმ პირებს, რომლებიც თავის საკუთრებაში ინვესტიციის ჩადებას აპირებენ, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ინვესტიციას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად შეძენილ მიწის ნაკვეთში დებენ, რადგან მათ სადავო ნორმით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის გადახდა არ უწევთ, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობენ.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმგვარად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ მის საკუთრების უფლებას, რომ თავად ამ უფლების არსს ეწინააღმდეგება.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შოთა ჯიბლაძე საკომპენსაციო თანხის გადახდას არ აპირებს. მოსარჩელის განმარტებით, საკომპენსაციო თანხის გადახდამდე საჯარო რეესტრი არ შეცვლის მის საკუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივ დანიშნულებას, რის გამოც, ვერ მიიღებს მშენებლობის ნებართვას და მიადგება ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, რადგან მისი მოქმედების ფარგლებში პირები, რომლებიც ინვესტიციის ჩადებას აპირებენ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად შეძენილ ქონებაში, სარგებლობენ განსაკუთრებული პრივილეგიით. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არასებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. თუმცა „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება, II-2).
3. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა ნეიტრალური ხასიათისაა ნებისმიერ პირთა წრის მიმართ. მის საფუძველზე ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ერთნაირი ვალდებულება ეკისრებათ და მიწის დანიშნულების შეცვლის საფასური დამოკიდებულია თავად მიწის ადგილმდებარეობასა და სარეკრიაციო დანიშნულებაზე. მოსარჩელე დიფერენცირების დასასაბუთებლად მიუთითებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის დანიშნულების შეცვლა არ საჭიროებს სათანადო კომპენსაციის გადახდას, თუმცა სარჩელში იდენტიფიცირებული არ არის, რატომ წარმოადგენს სახელმწიფო და ფიზიკური პირი შედარებად სუბიექტებს სადავო ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის მიზნებისათვის. ზოგადად, სახელმწიფოსა და კერძო პირის მიმართ განსხვავებული გადასახდელების დადგენა, თავისთავად, ვერ გამოდგება კონსტიტუციის მე-14 მუხლის შეზღუდვის დასასაბუთებლად. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მისი არსებითად თანასწორი სუბიექტია, რაც №666 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია. ამასთანავე, არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაა თავისთავად ცხადი, თუ რატომ უნდა მიიჩნიოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გარკვეული გადასახდელების განხორციელების ვალდებულების მიზნებისათვის სახელმწიფო და კერძო პირი არსებითად თანასწორ სუბიექტებად.
4. ამგვარად, №666 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №666 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
7. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მიმართა საჯარო რეესტრს მიწის დანიშნულების შეცვლის მოთხოვნით, ეს უკანასკნელი კი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს მოსარჩელის მიერ კომპენსაციის გადახდამდე. შესაბამისად, მოსარჩელე მიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს და ამ პერიოდში მიწის დანიშნულების შეუცვლელობით მას ზიანი მიადგება. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ხსენებული ზიანი გამოუსწორებელი და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შეთხვევაში რატომ ვერ მოხდება მისი უფლების დაცვა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას, მას მიეცემა შესაძლებლობა, შეცვალოს მიწის დანიშნულება კომპენსაციის გადახდის გარეშე და ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებაში აღდგენის ეფექტი გააჩნია, ხოლო სხვა ტიპის გამოუსწორებელ ზიანზე მოსარჩელე არ მიუთითებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციურ სარჩელში ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელისათვის უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №666 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №666 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა