საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/6/666 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 22 ივნისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ივნისი 2017 18:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - შოთა ჯიბლაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: თამარ მესხია, გიორგი თორდია, ქრისტინე კუპრავა და თინათინ ერქვანია; მოწმეები - საქართველოს საჯარო რეესტრის წარმომადგენელი თამარ წიკლაური და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი პაატა ჭიპაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №666) მიმართა საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძემ. №666 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 3 სექტემბერს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის №1/14/666საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი №666 მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. №666 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2017 წლის 8 თებერვალს, 24 და 25 მარტს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ტერიტორიების და ქალაქების - თბილისისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის სანაცვლო საკომპენსაციო თანხას, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას, ამასთან, ადგენს მისი შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლებს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ქალაქ ბათუმში ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, №44-ში არსებული 1615 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. მოსარჩელეს სურვილი აქვს, აღნიშნულ მიწაზე ააგოს კომერციული ობიექტი. ამ მიზნისათვის საჭიროა მიწის კატეგორიის შეცვლა და, შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის გადახდა.
7. მოსარჩელის მითითებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრიობის შეცვლისათვის დაწესებული საკომპენსაციო თანხა, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რა დროსაც ასევე ხდება მუნიციპალიტეტის და, შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიციის გათვალისწინება მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან და ცვლილების საზოგადოებრივ საჭიროებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მისი საკუთრების თავისუფლად განკარგვისთვის დაწესებულ ხელოვნურ ბარიერს. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მან მტკიცებულების სახით წარმოადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც განმარტა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრიობის შეცვლისათვის გადახდილი თანხა ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოსარჩელის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თანხა სხვა შემოსულობებთან ერთად მიემართება საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, მას არ გააჩნია სპეციფიკური მიზნობრიობა, რაც სადავო ნორმის რეგულირებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ახალი მიწების ათვისება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო მიწების შენარჩუნება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაწესებულ მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაპროპორციულად ზღუდავს მისი საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლებას.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნორმის მისთვის პრობლემატურ ნორმატიულ შინაარსამდე, შესაბამისად, იგი ითხოვს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც აღნიშნულ რეგულირებას ავრცელებს აგრეთვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან მიმართებით.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, როგორც მცირემიწიანი ქვეყნისათვის, მიწის რესურსის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, სოფლის მეურნეობის შენარჩუნებისა და განვითარების პრიორიტეტულობაზე და განმარტა, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო მიწები სპეციალური რეგულირების უძრავ ქონებას წარმოადგენს და ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო მიწების შენარჩუნება ქვეყნის ტერიტორიაზე.
11. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ საკუთრების უფლება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს და შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვას, რა დროსაც სახელმწიფო ვალდებულია, სამართლიანად დააბალანსოს პირისა და საზოგადოების ინტერესები საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით. მოპასუხე მხარის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრიობის ცვლილებისათვის დაწესებული საკომპენსაციო თანხა მოქმედებს როგორც შემაკავებელი მექანიზმი, სადავო ნორმის რეგულირება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის შენარჩუნების ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფის პროპორციულ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციურია და არ იწვევს საკუთრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტმა გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასოფლო-სამეურნეო მიწის საზოგადოებრივ მნიშვნელობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ დედამიწის პოპულაციის ზრდის ტემპებისა და მოსახლეობის გამოკვების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე პირდაპირი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც გამოლევადი რესურსის, მოცულობის შენარჩუნება, მოვლა და სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ მდგომარეობით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი ვერ პასუხობს კანონპროექტის შექმნის დროისთვის დადგენილ მიზნებს, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შეცვლისათვის დაწესებული საკომპენსაციო თანხა არ ატარებს მიზნობრივ ხასიათს, მათი გამოყენება არ ხდება დაკარგული მიწის კომპენსირებისათვის. მოწმემ ასევე გამოთქვა პოზიცია სადავო ნორმის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო მიწა საკუთრებაში მიღებისას უკვე დატვირთულია სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით და მესაკუთრისთვის აღნიშნული ცნობილია, იგი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც პირობადადებული საკუთრება და, გამომდინარე აქედან, არ ზღუდავს საკუთრების უფლებას.
14. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლომ ასევე მოისმინა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის განმარტებები სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრიობის შეცვლის თაობაზე წარმოების თავისებურებების შესახებ. მოწმის მითითებით, აღნიშნულ წარმოებაში აგრეთვე აუცილებელია, როგორც განმცხადებელმა, ასევე მუნიციპალიტეტმა წარადგინოს პოზიცია მიწის არასასოფლო-სამეწარმეო მიზნით გამოყენების მიმართ და დაასაბუთოს ხსენებულის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების საზღვრებში შემავალ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, ასევე მიწის მიზნობრიობის ცვლილებისთვის სადავო ნორმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მისი განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრიობის შეცვლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის დასაბუთების შემთხვევაში განცხადების დაკმაყოფილება არ მოხდება, თუკი განმცხადებელი არ გადაიხდის დადგენილ საკომპენსაციო თანხას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. აღნიშნული ნორმით დეკლარირებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლად არსებული ღირებულების, კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც დამკვიდრებული მართლწესრიგის ფარგლებში პირის მოქმედების თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
2. საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციური სტანდარტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობისა და საზოგადოების ფუნქციონირების უმთავრეს ეკონომიკურ პრინციპს, რაც საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის გათვალისწინებით, წარმოადგენს დამოუკიდებელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენარჩუნებისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს გარანტს. „საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
3. სადავო ნორმა სარეკრეაციო ტერიტორიების - ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის ადგენს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს მხოლოდ ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ მიწებთან მიმართებით, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ ამ ნაწილში შეაფასებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია კონკრეტული მიზნობრიობა - იგი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა სახის აგრარული მეურნეობის უზრუნველყოფის მიზნით, ამასთან, იგი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განეკუთვნება სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ტიპს და მასზე დასაშვები ნაგებობების განთავსებაც უკავშირდება სწორედ აგრარული მეურნეობისათვის აუცილებელ მშენებლობებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მესაკუთრემ განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით განკარგვა, კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნით, სავალდებულოა მიწის მიზნობრიობის ცვლილება. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმის - საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მითითებით, სადავო ნორმით დადგენილი საკომპენსაციო თანხის გადახდა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ, წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის ცვლილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების სავალდებულო კომპონენტს.
5. საკუთრების ბუნებითი უფლების კონსტიტუციური გარანტია იცავს მესაკუთრის შესაძლებლობას, ეფექტურად ისარგებლოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული ყველა უფლებრივი კომპონენტით. „საკუთრების შინაარსი მაშინაა გარანტირებული, როცა მესაკუთრეს შეუძლია საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება საკუთრების ობიექტის ფუნქციით დეტერმინირებული ნების მიხედვით. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ვალდებულია, მესაკუთრეს მისცეს თავისი საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების ობიექტებთან თავად მესაკუთრის პირად ურთიერთობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411გადაწყვეტილება საქმეზე „შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-26).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები) განკარგვას – მათ შორის, განადგურებას მესაკუთრის გადაწყვეტილებით, სარგებლობასა და მფლობელობასთან ერთად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის N2/1/631 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6). მითითებული განმარტება ცხადყოფს, რომ საკუთრების უფლების სპექტრი განსაზღვრავს რა მესაკუთრის მიერ მის საკუთრებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების შეხედულებისამებრ მიღების გარანტიებს, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, აგრეთვე მოიცავს საკუთრებით შეუზღუდავ სარგებლობას, მათ შორის, მესაკუთრის უფლებას, მიიღოს საკუთრებაში არსებული მიწის სხვადასხვა მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.
7. სადავო ნორმა განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის ცვლილებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდის ვალდებულებას, რომლის გარეშე შეუძლებელია აღნიშნული კატეგორიის მიწის კატეგორიის ცვლილება. საქართველოს კანონმდებლობით სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწაზე დადგენილი სხვადასხვა შეზღუდვებისა და მისი მხოლოდ განსაზღვრული მიზნით გამოყენების პირობა მესაკუთრეს უზღუდავს თავისუფლებას, განახორციელოს მისი საკუთრებით სარგებლობა, მაგალითად, განათავსოს მიწაზე შენობა, რომელიც არ განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწაზე დასაშვებ შენობა-ნაგებობათა რიგს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი წარმოადგენს ბარიერს მესაკუთრის მიერ მიწის თავისუფლად სარგებლობაზე, შესაბამისად, იგი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ უფლებას.
8. საკუთრების უფლება, მისი უდიდესი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებობის კრიტერიუმებს, მათ შორის, რომ შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „საკუთრებას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს... მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
9. საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ განმარტებას გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, შესაძლოა შეიცვალოს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების კვალდაკვალ და მას ვერ ექნება განსაზღვრული, ჩარჩოში მოქცეული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა უნდა დადგინდეს ნორმით დადგენილი შეზღუდვის, რეგულირების სფეროს, სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
10. მითითებული განმარტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საკუთრების უფლების ფარგლების ნორმატიული მოწესრიგების გზით საზოგადოებრივ ინტერესსა და მესაკუთრის ინდივიდუალურ ინტერესს შორის ბალანსის დადგენის ობიექტური აუცილებლობა. აღნიშნული არ აძლევს კანონმდებელს მოქმედების უსაზღვრო თავისუფლებას, საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების მიმართ დადგენილმა შეზღუდვამ არ უნდა შელახოს საკუთრების უფლების ზოგადი არსი და მნიშვნელობა.
11. განსახილველ საქმეში სადავო ნორმა განსაზღვრავს საკომპენსაციო თანხას, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის შეცვლისათვის უნდა გადაიხადოს მესაკუთრემ. მოპასუხის მითითებით, ხსენებული საკომპენსაციო თანხა წარმოადგენს ერთგვარ შემაკავებელ მექანიზმს სასოფლო-სამეურნეო მიწისათვის მიზნობრიობის შეცვლის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული განმარტების თანახმად, სადავო ნორმის მიზანს სასოფლო-სამეურნეო მიწების მოცულობის არსებული სახით შენარჩუნება წარმოადგენს, ხოლო საკომპენსაციო თანხა ამ მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
12. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკანონმდებლო განმარტებას ვხვდებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, „საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება (ან/და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე“. ხსენებული კანონი ადგენს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიმართ სხვა სახის უძრავი ქონებისაგან განსხვავებულ, სპეციალურ რეგულირებებსა და შეზღუდვებს. ხოლო კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ საჯარო ინტერესებს, რომელთა უზრუნველყოფა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაცვის, შენარჩუნებისა და მისი მიზნობრიობის შეცვლისათვის დაწესებული ბარიერების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის მიზეზებს, ესენია: ა) მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობისა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) მიწის ნაკვეთების დაქუცმაცებისა და არარაციონალური გამოყენების თავიდან აცილება.
13. სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი ექსპლოატაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებასა და სასურსათო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. აგრარული სტრუქტურის განვითარების აუცილებლობისა და სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწაზე დადგენილი შეზღუდვების არაპირდაპირი პოზიტიური შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებელს გააჩნია დისკრეცია, განსაზღვროს სახელმწიფოს აგრარული პოლიტიკა მიწის კატეგორიზაციისა და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით. ამასთან, მითითებული პოლიტიკის შესაბამისად, საკანონმდებლო სივრცეში განსაზღვრული შეზღუდვების კონსტიტუციურობის შეფასების პროცესში აუცილებელია, სახელმწიფოს ეკონომიკაში აგრარული მეურნეობის პროდუქტების როლის გათვალისწინება, რაც უდავოდ წარმოადგენს ღირებულ საჯარო ინტერესს.
14. ამასთან, გასათვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ხასიათთან დაკავშირებით მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამშენებლო დანიშნულებით გამოყენების შემდეგ ნიადაგი კარგავს მის კვებით თვისებებს და მისი განმეორებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელი ხდება ან საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს, ხოლო მისი სამშენებლო მიზნებით გამოყენება იწვევს ამ რესურსის შემცირებას.
15. უდავოა, რომ ქვეყანაში არსებული მიწების დანიშნულების მიხედვით დაყოფა და თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებული რეგულირებების განსაზღვრა სასოფლო სამეურნეო და სხვა დანიშნულების მიწების შენარჩუნებასთან ერთად დაკავშირებულია სახელმწიფოში სივრცით მოწყობასთან და განაშენიანების რეგულირებასთან. სახელმწიფო ტერიტორიის სივრცითი მოწყობა და დაგეგმარება რეგულირდება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების მიზნებს, ძირითად პრინციპებს და სივრცითი მოწყობის საკითხებთან მიმართებით სახელმწიფოს კომპეტენციებს. ხსენებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს რეგულირების ძირითად მიზანს, რომელსაც წარმოადგენს „ქვეყნის მდგრადი განვითარება და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფა“. სწორედ აღნიშნული მიზნების განხორციელების მიზნით, ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოყოფილია განაშენიანების სხვადასხვა ზონის ტიპები, რომლებზეც შესაძლებელია განხორციელდეს მიწათსარგებლობა მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
16. ტერიტორიის ზონირება, მისი პრინციპული საფუძვლები და პრაქტიკული განხორციელების პროცესი გულისხმობს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების სხვადასხვა მიმართულებებსა და საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას და განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად გარკვეული შეზღუდვებისა თუ პირობების დაწესებას სხვადასხვა კატეგორიის ზონაში მოქცეული ტერიტორიებისათვის. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, სახეზეა სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული, სამეწარმეო და სხვა სახის ეკონომიკური თუ არაეკონომიკური განვითარების საჯარო ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ, ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, ბიოლოგიური და გეოლოგიური მრავალფეროვნების უზრუნველყოფის ინტერესები. სწორედ აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ზონირების შესაბამისად განსაზღვრავს შეზღუდვებს სხვადასხვა კატეგორიის ტერიტორიების გამოყენებისა და მათზე ადამიანის ზემოქმედების დასაშვები ინტენსივობის თვალსაზრისით.
17. ტერიტორიული ზონირების, როგორც განაშენიანების და სივრცითი მოწყობის კონტროლის მექანიზმის, მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. ქალაქთმშენებლობა, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოიცავს, მათ შორის, ქალაქგანვითარებას. სახელმწიფო სწორედ უფლებრივი ზონირების, ტერიტორიათა ფუნქციური დაყოფის საშუალებით ახდენს რელევანტური საჯარო და კერძო ინტერესების შესაბამისად ურბანული განვითარებისათვის განსაზღვრული მიმართულების მიცემას და ამ კუთხით ქალაქების მიწათსარგებლობის პოლიტიკის რეალიზებას.
18. ქალაქს, როგორც დასახლებათა კონკრეტულ ტიპს, გააჩნია საკუთარი სპეციფიკური მახასიათებელი, რაც გულისხმობს მცირე ტერიტორიაზე პოპულაციის მაღალ კონცენტრაციას. აღნიშნული, თავის მხრივ, ავტომატურად ნიშნავს ხსენებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი გარემო მახასიათებლების შემცირების ხარჯზე ინფრასტრუქტურული მოწყობის და გარემოზე სხვა სახის ადამიანური ზემოქმედების მაღალ ინტენსივობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ყოველ კონკრეტულ ტერიტორიას, მისი ლანდშაფტის და სხვა მახასიათებლების შესაბამისად, გააჩნია ურბანული განვითარების რესურსი, რომელიც არ ატარებს ამოუწურავ და შეუზღუდავ ხასიათს. შესაბამისად, ქალაქგანვითარების პოლიტიკის არასწორი მიმართულების განსაზღვრამ ან მისი განხორციელების არაეფექტურობამ შესაძლოა გამოიწვიოს კრიტიკული ხასიათის უარყოფითი შედეგები სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ გარემოსდაცვითი მიმართულებით. მითითებული შედეგები განსაკუთრებული სიმწვავით ხასიათდება სწრაფი ზრდის ტემპების მქონე ცენტრალურ ქალაქებთან მიმართებით, რომლებშიც ეკონომიკური და ტურისტული განვითარების პარალელურად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა და, შესაბამისად, მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების მოცულობა.
19. გასათვალისწინებელია, რომ განსახილველ საქმეში სადავო ნორმა ადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის შეცვლისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალურ საზღვრებში მოქცეული მიწების მიმართ, ამასთან, აღნიშნული ნორმა ასევე განსაზღვრავს ხსენებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალურ საზღვრებთან დაკავშირებით. აღნიშნული ქალაქები კი მიეკუთვნებიან ზემო პუნქტში განხილული დასახლების ტიპს.
20. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი სხვა კატეგორიათა შორის განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო ზონას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვების გაცემის წესს. აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრულია ის ფუნქციური ზონები, რომლებზეც მშენებლობის განხორციელება შეზღუდულია, ერთ-ერთ ასეთ ზონას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ზონა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს გამონაკლისს ზოგადი წესიდან და ადგენს, რომ „სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთზე დაშვებულია ტერიტორიის ძირითადი ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა“. საქართველოს სივრცითი მოწყობისა და განაშენიანების პოლიტიკის ანალიზი სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის ზონაში მოქცეული ტერიტორიის და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, ნათლად წარმოაჩენს, რომ კანონმდებლის მიერ დასაშვებად განსაზღვრულია ფუნქციური ზემოქმედების მოხდენა აღნიშნული ტიპის მიწაზე, სხვა სახის ზემოქმედება კი შეზღუდულია მხოლოდ აუცილებელ ინტენსივობამდე.
21. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მხოლოდ ფუნქციურ აუცილებლობამდე შეზღუდვა გულისხმობს აღნიშნულ ტერიტორიებზე ურბანული ტიპის, მჭიდრო დასახლებებისა და სამეწარმეო თუ ინდუსტრიული მშენებლობების წარმოების შეზღუდვას, რაც, თავისთავად, წარმოადგენს ურბანიზაციის ნეგატიური შედეგებისაგან დაცვის გარანტიას კონკრეტულ ტერიტორიაზე და მავნე ზემოქმედების შემცირების ინსტრუმენტს მთელი ქალაქის მასშტაბით. შესაბამისად, ქალაქების მუნიციპალურ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების არსებობა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს ურბანიზაციის ტემპების კონტროლის და, ფართო გაგებით, ქალაქგანვითარების პოლიტიკის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის ერთგვარ მექანიზმს სახელმწიფოს ხელში.
22. ქალაქგანვითარების კონტროლი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათ შორის, უზრუნველყოფს ურბანული ზრდისა და პოპულაციის მატების შედეგად გარემოსთვის მიყენებული მავნე ზიანის შემცირებას სხვა საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის შედეგად წარმოშობილ გარდაუვალ დონემდე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები კი, აღნიშნული კატეგორიის ფუნქციური მახასიათებლების გათვალისწინებით, მოიცავს ნიადაგს, მასზე არსებული აგროეკოსისტემით, რომელიც თავისი არსით განსხვავდება ბუნებრივი ეკოსისტემისაგან, მაგრამ სტანდარტული, ინფრასტრუქტურითა და მოსახლეობით გადატვირთული ქალაქის გარემოსთან შედარებით მეტად არის ჩართული გარემოს ბუნებრივ პროცესებში და არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ადამიანის საცხოვრებელ გარემოზე თუ ბიოსფეროზე, ფართო გაგებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე დადგენილი საკუთრების თავისუფლად განკარგვის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ასრულებს საზოგადოების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფის ფუნქციას.
23. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმაში მითითებული ქალაქი, მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის შესაბამისად, გამოირჩევა ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მაღალი დონით, რაც ავტომატურად იწვევს პოპულაციისა და ინფრასტრუქტურის ზრდას. უდავოა, რომ აღნიშნულ ტენდენციას გააჩნია პოზიტიური ეკონომიკური ეფექტები, თუმცა აუცილებელია, სახელმწიფომ უყურადღებოდ არ დატოვოს მისი თანმდევი ნეგატიური ასპექტებიც, რაც გულისხმობს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ზრდას, მავნე აირების ემისიით, სხვადასხვა სახის არაორგანულ ნარჩენთა დაბინძურებით, მწვანე საფარის განადგურების ინტენსივობის გახშირებით. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დიდი ქალაქების ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის დონის გაკონტროლებისა და შესაბამისი შემაკავებელი მექანიზმების შემუშავების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს.
24. არასამშენებლო დანიშნულების (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) მიწების არსებობა ქალაქების მუნიციპალურ საზღვრებში, მათზე დაწესებული შეზღუდვებიდან და მიზნობრიობის შეცვლის პროცედურიდან გამომდინარე, წარმოადგენს ქალაქების ურბანული ტერიტორიების ექსპანსიის შემაკავებელ ფაქტორს და ამცირებს კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე მავნე ზემოქმედების ზრდის რისკს. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო ზონის არსებობა დიდი ქალაქების მუნიციპალურ საზღვრებში, მათ ფუნქციურ, აგრარულ დატვირთვასთან და ქალაქგანვითარების კონტროლთან ერთად, ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების კონტროლს.
25. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ხასიათის შესახებ და მიიჩნევს, რომ, რამდენადაც იგი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს მესაკუთრის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის ცვლილებასთან მიმართებით, იგი, მისი შემაკავებელი ხასიათიდან გამომდინარე, განხილული უნდა იქნეს როგორც ქალაქგანვითარების კონტროლის მექანიზმი. ამასთან, შეზღუდვის შემაკავებელი ეფექტი ვრცელდება ქალაქგანვითარების პროცესის თანმდევ უარყოფით შედეგებზე. როგორც სასამართლომ უკვე მიუთითა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მის ფუნქციურ მნიშვნელობასთან ერთად, ასევე გააჩნია პოზიტიური ეფექტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით. ხსენებული კატეგორიის მიწის მიზნობრიობის ცვლილება კი გულისხმობს მასზე დაწესებული სამშენებლო და სხვა სახის ზემოქმედებითი შეზღუდვების მოხსნას, რაც, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით, გულისხმობს მიწაზე სამეწარმეო, სამშენებლო თუ სხვა ხასიათის ადამიანურ ზემოქმედებას. შედეგობრივი თვალსაზრისით, ამგვარი ზემოქმედება იწვევს მიწის გარემოსდაცვითი ეფექტის შემცირებას, ლოკალურ ეკოსისტემაში მისი პოზიტიური როლის განეიტრალებას ან ნეგატიურით ჩანაცვლებას. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრიობის ცვლილებას არაპირდაპირი, უარყოფითი ეფექტი აქვს ტერიტორიის გარემოს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს სახელმწიფოს და, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებას.
26. სადავო ნორმით გათვალისწინებულ თანხას, შემაკავებელ ეფექტთან ერთად, ასევე გააჩნია საკომპენსაციო ხასიათი, რაც, ერთი მხრივ, რეგულირების შინაარსის გათვალისწინებით, მიემართება სწორედ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფას, რამდენადაც გადაიხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომლის ნაწილიც მიმართულია მის ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფისაკენ, ხოლო, მეორე მხრივ, ემსახურება მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და საჯარო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას.
27. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვის კონსტიტუციურობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ხსენებული უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).
28. განსახილველ საქმეში სახეზეა, ერთი მხრივ, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის კერძო ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ ურბანული განვითარების, ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის საჯარო ინტერესი. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს სწორედ კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა. ეს, პირველ რიგში, გამოხატულებას პოვებს ყოველი კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების ადეკვატურ საკანონმდებლო განსაზღვრაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
29. აღნიშნული, სამართლიანი ბალანსის დაცვისათვის, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს გამოსადეგ საშუალებას, რამდენადაც გააჩნია შემაკავებელი ეფექტი საჯარო ინტერესების ხელყოფის მიმართ და, ამასთან, ადგენს ამგვარი ხელყოფის საკომპენსაციო საშუალებას, რაც სახელმწიფოს მიერ, ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპის გათვალისწინებით, ხმარდება, მათ შორის, გარემოსდაცვითი და ქალაქთმშენებლობითი პოლიტიკის საჯარო მიზნებისა და ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელების ანაზღაურებას. ამასთან, რამდენადაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზის შედეგად იკვეთება კანონმდებლის მიერ განსაზღვრული სამართლიანი ბალანსი ზემოთ აღნიშნულ ინტერესებს შორის, არ გამოიხატება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის ცვლილების აბსოლუტური შეზღუდვით, არამედ ითვალისწინებს აღნიშნულის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებას, რა პროცესშიც სააგენტო განიხილავს განცხადებას, მუნიციპალიტეტის პოზიციის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას და ცვლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მესაკუთრე გადაიხდის საკომპენსაციო თანხას. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის ცვლილების განსახორციელებლად, მესაკუთრის მიერ საკუთრების თავისუფლად განკარგვისა და ზემოთ ჩამოთვლილ საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველსაყოფად სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ნაკლებად მზღუდავ და გამოსადეგ საშუალებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში სადავო ნორმით განსაზღვრული საკუთრების უფლების შეზღუდვა არ ატარებს არათანაზომიერ ხასიათს და გამომდინარეობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის ცვლილებასთან დაკავშირებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობიდან. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი №666 არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №666 („საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა