საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/9/682 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №682) მომართა საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუამ. №682 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 6 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №682 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 17 ნოემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოხსნა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
4. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს იმ წინაპირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც სავალდებულოა ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღების შემთხვევაში. სადავო ნორმის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ცოცხალ დონორთა წრეს და ასეთად მიიჩნევს: ბ.ა. რეციპიენტის გენეტიკურ ნათესავს; ბ.ბ. რეციპიენტის მეუღლეს, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ.გ. რეციპიენტის მეუღლის შვილს, დედას (დედამთილს/სიდედრს), მამას (მამამთილს/სიმამრს), შვილიშვილს, ბებიას, პაპას და (მულს/ცოლისდას) ძმას (მაზლს/ცოლისძმას), შვილის მეუღლეს (რძალს/სიძეს), შვილიშვილის მეუღლეს (რძალს/სიძეს), დის მეუღლეს (სიძეს), ძმის მეუღლეს (რძალს), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი. ამასთან, სადავო ქვეპუნქტის შენიშვნის თანახმად, „ამ მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
6. კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ მოსარჩელე დაავადებულია ბადი ქიარის სინდრომით. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და პროგრესირების გამო საჭიროებს მოკლე ვადაში ღვიძლის ტრანსპლანტაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიცოცხლისთვის საშიში შედეგები. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციის ჩატარება საქართველოს საზღვრებს გარეთ დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რომელიც მას არ გააჩნია, ხოლო საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ორი გზა არსებობს, გვამური დონაცია და ორგანოს აღება ცოცხალი დონორისაგან. მისი განმარტებით, ტექნიკური თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, საქართველოში არ ტარდება გვამური დონაციის ოპერაციები, რის გამოც, მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთ გზას, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს გადანერგვა წარმოადგენს.
7. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ღვიძლის დონაცია არ ექცევა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული თვითგანახლების უნარის მქონე ორგანოს დონაციის ფარგლებში, ვინაიდან, მართალია, ღვიძლს გააჩნია აღდგენის უნარი, მაგრამ ეს არ განიხილება როგორც ჭეშმარიტი რეგენერაცია, რადგან ამ ორგანოს ახასიათებს მხოლოდ ფუნქციური და სტრუქტურული აღდგენა, რაც შესაბამისი დასკვნის თანახმად, არ წარმოადგენს თვითგანახლებას.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ კანონით განსაზღვრულ პირთა წრიდან, სამედიცინო თვალსაზრისით, მისთვის არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი არც ერთი დონორი. სადავო ნორმა ადგენს იმ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს, ვინც შეიძლება გახდეს დონორი ორგანოს გადანერგვისთვის და მას, ისევე როგორც მის მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს, ართმევს შესაძლებლობას, დონორი მოიძიოს კანონით განსაზღვრულ პირთა წრის გარეთ, ნათესაური ან ემოციური კავშირის მქონე სხვა პირთა შორის.
9. მოსარჩელის მითითებით, სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ანიჭებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, მისთვის საფრთხის შემცველ ქმედებათა კრიმინალიზაციის ვალდებულების სახით, არამედ, ასევე პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას მოქმედი სამართლებრივი სისტემა სიცოცხლის უფლების უსაფრთხო და გამართული რეალიზაციისთვის.
10. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმა ზღუდავს მის შესაძლებლობას, შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე. კანონი არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლისს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეში არ აღმოჩნდება შესაბამისი დონორი ან რეციპიენტს საერთოდ არ ჰყავს ასეთი ნათესავი, რაც ფაქტობრივად მისთვის სიცოცხლის უფლების წართმევას ნიშნავს.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასათვალისწინებელია რეციპიენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და სამართლებრივი თვალსაზრისითაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მისთვის არსებობდეს სიცოცხლის შენარჩუნების იმედი, რომელსაც სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა სპობს.
12. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიცოცხლის უფლება წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად, ვერ იარსებებს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მის შეზღუდვას თუ გარკვეული ფარგლების დაწესებას, შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. ამასთან, მისი აზრით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმავდროულად ხელს უშლის მედიცინის შესაბამისი დარგის განვითარებას.
13. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-2 მუხლს. ამასთან, ის არ ემსახურება ღირებული ინტერესის დაცვის მიზანს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის დაცვა უმაღლეს ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტს.
14. მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმაში 2014 წლის 21 მარტს განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, გაფართოვდა შესაძლო დონორთა წრე და ჩამოყალიბდა დღეს არსებული, გასაჩივრებული რედაქციით. მოსარჩელის მითითებით, ამ ცვლილებიდან იკითხება როგორც ნორმის პრობლემური ხასიათი, ისე კანონმდებლის ნება, ნაკლებად მკაცრი პირობები დაუდგინოს რეციპიენტებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ განხორციელებული ცვლილებაც არ აღმოჩნდა მისი უფლებების დაცვისათვის საკმარისი.
15. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ თითოეული დღე შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ნებისმიერ მომენტში არსებობს მისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, რომლის აღმოფხვრას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაც ვეღარ შეძლებს. გარდა ამისა, კანონმდებლობა არანაირ სამართლებრივ მექანიზმს და შესაძლებლობას არ ითვალისწინებს გამოუსწორებელი შედეგის თავიდან ასაცილებლად.
16. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ დაარღვევს საჯარო წესრიგს, ვინაიდან ის ეხება პირთა ვიწრო წრეს, ამასთან, ნორმის მოქმედების შეჩერება მიმართული იქნება ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და შენარჩუნებისკენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პრევენციის და დანაშაულის აღკვეთის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა არ უნდა განხორციელდეს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთის გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე, როგორსაც ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს. მოსარჩელის მტკიცებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზანი სადავო ნორმის არარსებობის პირობებშიც მიღწევადია. სადავო ნორმით ხდება მხოლოდ პოტენციურ დონორთა წრის შეზღუდვა, თუმცა კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს, თავად ამ წრის შიგნით ნათესავთა ფინანსური დაინტერესების გამორიცხვას.
17. მოსარჩელე მხარემ მიუთითა სადავო ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსით მოქმედების შეჩერების შესაძლებლოზე კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით სადავო ნორმის მოქმედება შესაძლებელია შეჩერდეს და რეციპიენტს დონორის სხვა ნათესავებს ან/და მასთან ემოციური კავშირის მქონე ადამიანთა შორის მოძიების უფლება მიენიჭოს მაშინ, როდესაც სადავო ნორმით განსაზღვრულ პირთა წრეში რეციპიენტს არ აღმოაჩნდება დონორი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას.
18. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობაზე.
19. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სიცოცხლის უფლებასთან, ამდენად, ეთანხმება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას.
20. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარისთვის ნათელია მოსარჩელისთვის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საშიშროება და ის, გარემოება, რომ კანონი მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს არ სთავაზობს რაიმე ალტერნატიულ გამოსავალს, მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება საფრთხის ქვეშ დააყენებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მესამე პირთა უფლებას, დაცული იყვნენ ადამიანის ორგანოთა ტრეფიკინგისაგან.
21. მოპასუხე განმარტავს, რომ სადავო ნორმის არარსებობის პირობებში, ამომწურავად აღარ იქნება განსაზღვრული შესაძლო დონორთა წრე, შესაბამისად, არ იარსებებს არანაირი კრიტერიუმი იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძლება იყოს დონორი ღვიძლის ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის. ტრანსპლანტაციის საბჭოს არ ექნება ის სახელმძღვანელო პრინციპები, კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც უფლებამოსილი იქნება გასცეს თანხმობა ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს დონაციაზე. მისი აზრით, მოსარჩელის მიერ აღნიშნული ემოციური კავშირის არსებობის დოკუმენტებით დადგენა არის შეუძლებელი, რაც ზრდის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის რისკს. მოპასუხე დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, თავად სადავო ნორმით განსაზღვრულ პირთა შორისაც არსებობს კომერციალიზაციის საფრთხე, თუმცა ამ პირთა ურთიერთობის სპეციფიკა ნაკლები რისკის შემცველია ორგანოთა ტრეფიკინგის მიზნებისათვის.
22. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე დაეთანხმა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც ესაჭიროებათ ღვიძლის გადანერგვა და არ ჰყავთ გადანერგვისათვის ვარგისი, სადავო ნორმაში მითითებული ნათესავი. ამასთან მოპასუხემ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც კრძალავს სადავო ნორმაში მითითებული პირების აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავების ცოცხალ დონორად ყოფნას. მოპასუხემ სადავო ნორმის მიღების ლეგიტიმურ მიზნებზე და ნორმის მოქმედების შეჩერების საფრთხეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აუცილებლად მიიჩნევს სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების თარიღის გადავადებას, რათა საკანონმდებლო ორგანოს მიეცეს შესაბამისი რეგულაციების დასადგენად გონივრული ვადა.
23. საქმეზე ექსპერტად მოწვეულმა საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა გია თომაძემ, ღვიძლის თვითგანახლების უნართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დონაციის ოპერაციის შემდგომ, ადამიანის ორგანიზმიდან ამოკვეთილი ორგანოს ნაწილები არ ვითარდება, არამედ უჯრედები გარკვეულწილად იზრდებიან, რაც არ წარმოადგენს ჭეშმარიტ რეგენერაციას, თვითგანახლებას. დღევანდელი მდგომარეობით, თვითგანახლების უნარის მქონე ორგანოში, რომლის დონორობისთვისაც პირთა წრის შეზღუდვას „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს, იგულისხმება მხოლოდ ძვლის ტვინი, რომელიც არ წარმოადგენს ტრეფიკინგის მიზნებისათვის საფრთხის შემცველ ორგანოს, თუმცა არც ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი რეციპიენტსა და პოტენციურ დონორს შორის ფინანსური გარიგების არსებობის გამორიცხვა. ამ შემთხვევაში მხოლოდ დაბალ ალბათობაზეა საუბარი.
24. ექსპერტმა ისაუბრა იმ დაბრკოლებებზე, რომელთანაც საქართველოში გვამური დონაციის განვითარება არის დაკავშირებული, მათ შორის გარდაცვლილ ადამიანთა ოჯახის წევრების განწყობა, ინფრასტუქტურის და საბიუჯეტო დაფინანსების აუცილებლობა, რეციპიენტთა მოლოდინის სიის შექმნა და სხვა. მისი განმარტებით, გვამური დონაციის შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს ორგანოთა არასამართლიანი, არაგამჭვირვალე განაწილების პრობლემა, თუმცა ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს აღებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხე.
25. ექსპერტმა განმარტა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვის დაწესებისას, განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენდა დონორისა და რეციპიენტის იმუნოლოგიური თავსებადობა, რადგან აღნიშნული არ არის დამოკიდებული ნათესაური კავშირის არსებობაზე. ამგვარ გარემოებას, ადამიანის ორგანოებით შესაძლო ვაჭრობის აღკვეთა წარმოადგენდა, რაც ისედაც არის კანონმდებლობით აკრძალული.
26. ექსპერტი არ გამორიცხავს სადავო ნორმით განსაზღვრულ ნათესავებს შორის ფინანსური გარიგების არსებობის შესაძლებლობას, თუმცა მისი მითითებით, კანონმდებლობით შეზღუდვის დაწესება უკავშირდებოდა დონორთა შორის ფინანსური დაინტერესების რისკს, რაც სადავო ნორმის შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ წრის უსაზღვროდ გაფართოების შემთხვევაში. შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულაცია მხოლოდ ამცირებს ტრეფიკინგის ალბათობას მაგრამ აბსოლუტურად ვერ გამორიცხავს.
27. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ტრანსპლანტაციის საბჭო შესაძლოა ადვილად მოტყუვდეს იმ საკითხის გადაწყვეტისას, მართლაც არსებობს თუ არა რეციპიენტსა და შესაძლო დონორს შორის ემოციური კავშირი, რა დროსაც არსებობს მაღალი ალბათობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამორჩენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც ფინანსური დაინტერესების არსებობაა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს თავად საბჭოს წევრთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების საფრთხეც.
28. ემოციური კავშირის არსებობის დადგენასთან დაკავშირებით, ექსპერტმა განმარტა, რომ მისთვის წარმოუდგენელია ისეთი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობა, რომელიც შეძლებს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას და მისი არსებობის ფაქტის ობიექტურად დადგენას. ერთადერთ ასეთ ალტერნატივად ის სასამართლოს ასახელებს, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს შესაბამისი სამოქმედო კრიტერიუმები.
29. ექსპერტის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს, მართალია, არა ერთადერთ, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტსა და საშუალებას ადამიანის ორგანოებით ვაჭრობასთან ბრძოლისათვის.
30. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სამართლოს მეორე კოლეგიამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2015 წლის 24 ნოემბრის №2-3/2/682 განჩინებით საქმე განსახილველად გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 25 ნოემბრის N3/6-1/682 საოქმო ჩანაწერით საქმე მიღებულ იქნა პლენუმზე განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი N682 სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
2. მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს ცოცხალ დონორად, განხილული იქნეს პირი, რომელსაც გააჩნია რეციპიენტთან ნათესაური (გარდა ამავე ნორმაში მითითებული პირებისა) ან სხვაგვარი ემოციური კავშირი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ინსტიტუტი არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. მოსარჩელის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას ესაჭიროება ადამიანის ორგანოს, კერძოდ, ღვიძლის გადანერგვა. აღნიშნული საკითხი დადასტურებულია „საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის“, პროფესორ გია თომაძის მიერ დამოწმებული ცნობით. ამავე დროს ქირურგ იამენ ტოკაცის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ღვიძლის გადანერგვა წარმოადგენს მოსარჩელის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო მკურნალობის ერთადერთ საშუალებას. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ დროის გასვლასთან ერთად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს - ლევან გვათუას დაუდგინდა „ქრონიკული ჰეპატიტი დაუზუსტებელი, ღვიძლის ციროზი, ასციდი, ბადი ქიარის სინდრომი, პორტული ჰიპერტენეზია, რის გამოც ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა“, ცნობაში აგრეთვე მითითებულია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და რთულდება დინამიურად. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ცხადად იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. უფრო მეტიც, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, მოსარჩელის გარდაცვალება.
4. საქმეზე მოწვეული ექსპერტის, გია თომაძის განმარტებიდან ირკვევა, რომ საქართველოში სამედიცინო თვალსაზრისით შესაძლებელია ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის გაკეთება. პრაქტიკაში უკვე არსებობს ღვიძლის ტრანსპლანტაციის 4 წარმატებული შემთხვევა. ამავე დროს, ექსპერტის განმარტებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, ვერ ხერხდება გარდაცვლილი ადამიანისაგან ორგანოს გადანერგვა. შესაბამისად, სამედიცინო თვალსაზრისით მოსარჩელის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გზას ცოცხალი დონორისგან ღვიძლის ტრანსპლანტაცია წარმოადგენს.
5. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონი უშვებს ცოცხალი დონორისაგან სხვა ადამიანისათვის ღვიძლის გადანერგვას. თუმცა სადავო ნორმა ზღუდავს იმ პირთა წრეს, რომლისგანაც დაიშვება ორგანოს აღება ცოცხალი დონორობის ფარგლებში. დონორი შეიძლება იყოს რეციპიენტთან სადავო ნორმით განსაზღვრულ ნათესაურ კავშირში მყოფი პირი. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი უშვებს არანათესაურ კავშირში მყოფი პირისაგან თვითგანახლების უნარის მქონე ორგანოს გადანერგვას. თუმცა განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა განმარტა, რომ, ადამიანის ღვიძლი არ წარმოადგენს თვითგანახლებად ორგანოს და შესაბამისად მასზე არ ვრცელდება აღნიშნული კანონის მე-19 მუხლით დადგენილი რეგულაცია.
6. „საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის“ მიერ 2015 წლის 29 მაისს გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს - ლევან გვათუას არ ჰყავს სადავო ნორმით განსაზღვრულ პირთა წრეში მითითებული შესაფერისი ცოცხალი ნათესავი დონორი. შესაბამისად, გვამური დონაციის არ არსებობის და სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის პირობებში, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირები იძულებულნი არიან ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის მიზნით მიმართონ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს მაშინ, როდესაც მოსარჩელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოში, რომ არა სადავო ნორმით გამოწვეული შეზღუდვა.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „ნორმატიული აქტებით დადგენილი ქცევის ზოგადსავალდებულო წესები ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამისი სფეროების მოწესრიგებას და კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. რიგ შემთხვევებში სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია შეზღუდოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები და დააზიანოს ის ღირებულება, რის დასაცავადაც არის მიღებული ეს აქტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). შესაბამისად, ნორმატიული აქტის მოქმედების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებიდან გამომდინარე საფრთხეები.
8. სადავო ნორმის მიღების მიზნად, მოპასუხე მხარე ასახელებს ადამიანის ორგანოთა ვაჭრობის თავიდან აცილებას. უნდა აღინიშნოს, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1351 მუხლის მიხედვით- ასეთი ქმედება წარმოადგენს დანაშაულს.
9. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ცოცხალი ადამიანისგან ორგანოს აღების შესაძლებლობას მისი დონაციის მიზნებისათვის, თუმცა სადავო ნორმა ავიწროებს პოტენციურ დონორ პირთა წრეს. შესაბამისად, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დაშვებული ზღვარი პირობადადებულია დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული გენეტიკური ან მყარი სოციალურ-სამართლებრივი კავშირით.
10. სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტს ცოცხალ დონორობაზე უფლების მქონე პირთა წრის გაფართოვების შემთხვევაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხის შესახებ. სასამართლო იმავდროულად მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ იწვევს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზებას და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პრევენციის არაერთ სხვა მექანიზმს. მოსარჩელე ითხოვს არა მთლიანად სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, არამედ სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებას, რომელსაც გააჩნია რეციპიენტთან ნათესაური (სადავო ნორმაში მითითებულის გარდა სხვა ნათესაური კავშირი) ან ემოციური კავშირი.
11. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, მართალია, შესაძლებელია ქმნიდეს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხეს და აღნიშნულ საფრთხესთან ბრძოლის მიმართულებით საჭიროებდეს სახელმწიფოს მეტ ძალისხმევას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ საფრთხესთან ბრძოლის სხვა ქმედით მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რამაც უნდა უზრუნველყოს დონორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
12. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ორგანოების გადანერგვით დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას“. ამ მიზნით, ამავე კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად იქმნება ტრანსპლანტაციის საბჭო და ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, რომლებიც სხვა ფუნქციებთან ერთად, დონაციის სხვადასხვა ეტაპზე ახორციელებენ პროცესის მართლზომიერების კონტროლს. სწორედ ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა წარმოადგენს ცოცხალი დონორისგან ორგანოს აღების სავალდებულო წინაპირობას [მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი]. საბჭო თანხმობის გაცემისას დონორის ინფორმირებული თანხმობის არსებობის პარალელურად აფასებს დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კერძოდ, მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი უნდა იყოს, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო და გაშუალებული შედეგები არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. ამასთან, ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სპეციალურად ლიცენზირებულ დაწესებულებებს აქვთ მინიჭებული.
13. წარმოდგენილი გარემოებები მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ ქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს ადამიანის ორგანოთა ვაჭრობის პრევენციის მიზნებისთვის და არ გამოიწვევს საფრთხეს სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. თუმცა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გადანერგვის ოპერაციების რაოდენობის ზრდა, რაც თავის მხრივ მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დონაციის პროცესის კონტროლის მიმართულებით დამატებით ძალისხმევას.
14. ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ ღირებულებას, რომლის გარეშე საფუძველი ეცლება ფაქტობრივად ყველა კონსტიტუციურ უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მოსარჩელის ჯანმრთელობის შეუქცევადი გაურესება, მათ შორის, გარდაცვალება. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ ქმნის ისეთ საფრთხეს, რის გამოც ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა ეფიქრა, რომ სადავო ნორმის მოქმედების საჯარო ინტერესი ამეტებს მოსარჩელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლო მიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და შეჩერდეს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან, რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება, გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში მყოფ პირს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N682 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: „ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან შეჩერდეს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან, რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება, გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში მყოფ პირს.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საოქმო ჩანაწერი ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
8. საოქმო ჩანაწერი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების
ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავას
თანმხვედრი აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 25 ნოემბრის №3/9/682 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას. ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ თანმხვედრ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 25 ნოემბრის №3/9/682საოქმო ჩანაწერის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხს.
2. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს დონაციის ორ სახეს: გვამურ დონაციას და ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს გადანერგვას. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული ცნობიდან და განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული ექსპერტის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ გვამური დონაციის ოპერაცია საქართველოში ამ ეტაპზე არ ხორციელდება. შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ესაჭიროება ორგანოს ტრანსპლანტაცია [რაც დასტურდება სამედიცინო გამოკვლევებით] რჩება მხოლოდ ერთი გზა - ცოცხალი ადამიანის ორგანოს გადანერგვა.
3. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ და სპეციალისტმა აღნიშნეს, რომ არსებობს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის საზღვარგარეთ ჩატარების შესაძლებლობა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც აპრობირებულია გვამური დონაციის მეთოდი. თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული დაფინანსება ითვალისწინებს დაფინანსებას მხოლოდ 10 000 ევროს ფარგლებში და ოპერაციისათვის საჭირო დანარჩენი თანხა [დაახლოვებით 80 000-115 000 ევრო] რეციპიენტმა თავად უნდა მოიძიოს. რეციპიენტის მიერ დამოუკიდებლად მოსაძიებელი თანხის მოცულობიდან გამომდინარე, საშუალო ფინანსური მდგომარეობის მქონე პირისთვის ეს შესაძლებლობა ვერ ჩაითვლება ქმედით, რეალურ მექანიზმად მისი სიცოცხლის უფლების დასაცავად.
4. ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს უზენაეს ღირებულებას და მისი დაცვისა და გადარჩენისთვის სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება შექმნას კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებით სარგებლობის რეალურ შესაძლებლობას თითოეული ადამიანისათვის, და მეორე მხრივ, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხის პრევენციის ქმედით მექანიზმებს (მოცემულ შემთხვევაში).
5. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, როდესაც რეციპიენტს არ აღმოაჩნდება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში დასახელებულ პირთაგან არც ერთი შესაფერისი დონორი, დონორობის უფლება ასევე უნდა ჰქონდეთ რეციპიენტთან გარკვეული ემოციური ან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირებს, რომლებიც არ არიან ჩამოთვლილი სადავო ნორმაში. მოსარჩელის განმარტებით, ამ შემთხვევაში გაიზრდება მხოლოდ შესაძლო დონორთა წრე, თუმცა ყველა სხვა გარანტია [მაგალითად, ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან კონტროლი, დონორის აუცილებელი და ინფორმირებული თანხმობა და სხვა] უცვლელად დარჩება.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება დასაშვებია, როდესაც „სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები“.
7. საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ღვიძლის გადანერგვა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია სადავო ნორმით განსაზღვრული პოტენციური დონორების არ არსებობის გამო. მოსარჩელე ასევე მოკლებულია საზღვარგარეთ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მოსარჩელის სიცოცხლეს ექმნება გარდაუვალი საფრთხე, რომლის თავიდან აცილების არანაირი მექანიზმი და საშუალება [მათ შორის პროგრამული დაფინანსების გზით] მოქმედი კანონმდებლობით და ადმინისტრაციული პრაქტიკით არ არსებობს. მოსარჩელის ჯანმრთელობის დინამიურად დამძიმებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შესაძლებლობას მისცემს მოსარჩელეს მოიძიოს დონორი პირთა ფართო წრეში და შექმნის მოსარჩელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას.
8. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ნორმის შეჩერებით სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებებისთვის ზიანის მიყენების საფრთხეც და უზრუნველყოს ნორმის მოქმედების შეჩერება იმგვარად რომ არ დააზიანოს ის სიკეთე, რომლის დასაცავადაც არის მიმართული სადავო ნორმა.
9. კონკრეტულ პირებს შორის ემოციური კავშირის არსებობა წარმოადგენს სუბიექტური შეფასებით დადგენად კატეგორიას. ასეთი კავშირის მყარი ობიექტური კრიტერიუმით დადგენა, როგორც წესი, შეუძლებელია. ტრანსპლანტაციის საბჭო, რომელიც არსებული რეგულაციის პირობებში წარმოადგენს სადავო ნორმაში განსაზღვრულ პირთა არსებობის [ნათესაური კავშირის და გადანერგვისათვის ვარგისიანობის, ტრანსპლანტაციის საჭიროების და სხვა] დამადასტურებელ ორგანოს, მოკლებულია შესაძლებლობას დეტალურად შეისწავლოს და ობიექტურად გადაამოწმოს არანათესავ პირთა შორის კონკრეტული ემოციური კავშირის რეალურად არსებობა, ასეთი კავშირის ინტენსივობა და აღნიშნული უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების იდენტიფიცირება. როგორც საოქმო ჩანაწერში აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტი [საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი, პროფესორი გია თომაძე] ადასტურებს, რომ „ტრანსპლანტაციის საბჭო შესაძლოა ადვილად მოტყუვდეს იმ საკითხის გადაწყვეტისას, მართლაც არსებობს თუ არა რეციპიენტსა და შესაძლო დონორს შორის ემოციური კავშირი, რა დროსაც არსებობს მაღალი ალბათობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამორჩენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა ფინანსური დაინტერესების არსებობა. ასევე არსებობს თავად საბჭოს წევრთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების საფრთხეც“. დონორობის უფლების მინიჭება რეციპიენტთან ემოციური კავშირის მქონე პირებისათვის და ამ კავშირის არსებობის და მისი ინტენსივობის განსაზღვრის ვალდებულების საბჭოსთვის დაკისრებამ შესაძლებელია გაზარდოს გარეშე პირთა მხრიდან ფინანსური დაინტერესების და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პოტენციური საფრთხე.
10. დონორობის უფლების რეციპიენტის ნათესავებისათვის მინიჭებით კანონმდებელმა გაითვალისწინა დამატებითი მექანიზმი ადამიანის ორგანოთა ვაჭრობის პრევენციისათვის. იმ ვითარებაში, როდესაც პოტენციურ დონორს წარმოადგენს რეციპიენტთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, მნიშვნელოვნად მცირდება დონორის მხრიდან ფინანსური დაინტერესების საფრთხე. ამასთან, ნათესაური კავშირის არსებობა წარმოადგენს ობიექტურად, დოკუმენტალურ დონეზე დადგენად ფაქტს, რომელიც არ საჭიროებს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს [განსახილველ შემთხვევაში - ტრანსპლანტაციის საბჭოს] მხრიდან დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ურთიერთობისა თუ ემოციური კავშირის სუბიექტურად შეფასებას. მაგრამ სადავო ნორმით გათვალისწინებულ დონორთა წრე ამომწურავია და მისი გაფართოვება აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ექმნება რეალური და გარდაუვალი საფრთხე, რომლის პრევენციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ორგანოს გადანერგვა [რაც დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო გამოკვლევებით] და რეციპიენტს არ აღმოაჩნდა სადავო აქტის მე-18 მუხლის „ ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეში არც ერთი დონორი [ნათესავთა არარსებობის, ან მათი სამედიცინო თვალსაზრისით შეუთავსებლობის გამო].
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების სიცოცხლის უფლების დაცვის პრაქტიკულად და რეალურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის შეჩერება მხოლოდ იმ რეციპიენტთა მიმართ, ვისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ღვიძლის გადანერგვა და არ ჰყავთ დონორი [ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო ჩვენების, პოტენციური დონორის სურვილის არ არსებობის გამო] სადავო ნორმით განსაზღვრულ პირთა წრეში. შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა შეჩერდეს იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ღვიძლის დონორობას უკრძალავს რეციპიენტთან ემოციური კავშირის მქონე პირებს იმ შემთხვევაში როდესაც რეციპიენტს არ ჰყავს დონაციისათვის ვარგისი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული დონორი.
12. სადავო ნორმის ასეთი ნორმატიული შინაარსით შეჩერება, ერთი მხრივ, გააფართოვებს პოტენციურ დონორთა წრეს და შესაძლებლობას მისცემს მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს დაიცვან თავიანთი სიცოცხლის უფლება, იმავდროულად არ მოახდენს სადავო ნორმით გათვალისწინებული დონორთა პოტენციური წრის პრაქტიკულად უსაზღვროდ გაფართოვება ღვიძლის დონაციის ყველა შემთხვევის მიმართ იმისდამიუხედავად რეციპიენტს ჰყავს თუ არა დონაციისათვის ვარგისი სადავო ნორმაში მითითებული პირები ან გენეტიკური ნათესავი და იმისდამიუხედავად რეციპიენტის სიცოცხლეს ემუქრება თუ არა რეალური/გარდაუვალი საფრთხე.
სასამართლოს წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
ოთარ სიჭინავა