საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N682 |
ავტორ(ებ)ი | ლევან გვათუა |
თარიღი | 6 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ: 1. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის დებულებათა დაცვით და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო ინფორმაციასა და მოთხოვნას; 2. კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან სადავო ნორმა ზღუდავს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ უფლებებს; 3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; 4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული სხვა გადაწყვეტილება; 5. სარჩელში მითითებული ყველა საკითხი გადაწყვეტილი და დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას; 6. ადგილი არ ჰქონია ვადების დარღვევას; 7. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგახსენებთ რომ, ამ რამდენიმე წლის წინ დამიდგინდა ღვიძლის ავადმყოფობა, რომლის ზუსტი დიაგნოსტირებაც საქართველოში ვერ მოხერხდა, ვინაიდან არასდროს ვყოფილვარ ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული და დაავადება უცებ განმივითარდა. ამის შემდეგ გამოკვლევების ჩასატარებლად გავემგზავრე თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გაირკვა რომ დაავადებული ვარ ბად-კიარის სინდრომით, მიმდინარე წლის მაისში, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, განმეორებით გავიკეთე გამოკვლევები თურქულ კლინიკაში და დადგინდა რომ დაავადება პროგრესირებს და მესაჭიროება ღვიძლის მოკლე ვადებში ტრანსპლანტაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიცოცხლისთვის საშიში შედეგი, დაავადების, მისი პროგრესირებისა, მდგომარეობის დამძიმების შესახებ მონაცემები, ასევე, დადასტურებულია სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის“ მიერ გაცემული 2015 წლის 29 მაისის N3845 და 2015 წლის 3 ნოემბრის N10100 ცნობებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დაავადებისაგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება კი არის ღვიძლის ტრანსპლანტაცია, გადანერგვის ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის ბელორუსიაში, სადაც მქონდა კიდეც მცდელობა დამეგეგმა ოპერაცია, თუმცა ოპერაციის ღირებულების გამო (125 000$) იძულებული გავხდი განზრახვაზე ხელი ამეღო, დაახლოებით იგივე თანხა ჯდება ოპერაციის ჩატარება თურქეთის რესპუბლიკაშიც, რასაც ემატება პოსტოპერაციული მკურნალობის ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ ოპერაციის გავიკეთო საქართველოში, ამასთან, როგორც გაირკვა, ბოლო რამდენიმე წელია მსგავსი ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს და ჩემი განკურნება საქართველოშიც შესაძლებელია. ადამიანის ორგანოთა გადანერგვის საკითხს საქართველოში არეგულირებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს დონორობის ორ გზას - გვამურ დონაციასა და ორგანოს აღებას ცოცხალი დონორისაგან. ტექნიკური თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო გვამური დონაციის ოპერაციები საქართველოში არ ტარდება. შესაბამისად, ჩემს ერთადერთ გამოსავლად შექმნილი მძიმე სიტუაციიდან წარმოადგენს ორგანოს გადანერგვა ცოცხალი დონორისაგან. ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღებას არეგულირებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი და აწესებს სავალდებულო მოთხოვნებს გადანერგვის ოპერაციისთვის. კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს სავარაუდო დონორთა იმ ვიწრო წრეს, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ ჩემი დონორები, მიუხედავად კანონში მითითებული პირების სურვილისა დამხმარებოდნენ და ყოფილიყვნენ ჩემი დონორები, მოცემული კანონით განსაზღვრული სანათესაო წრეში, არ აღმომაჩნდა სამედიცინო თვალსაზრისით დონორობისთვის შესაბამისი ნათესავი, ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ნორმით გათვალისწინებული ჩამონათვლით განსაზღვრული პირების წრე არც თუ ისე დიდია ჩემს სანათესაოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღმოვჩნდი გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან საზღვარგარეთ მკურნალობის მატერიალური სახსრების მოძიება შეუძლებელია, ხოლო საქართველოში დონორის მოძიებას კანონი მიკრძალავს. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, იძულებული ვარ მოგმართოთ, რათა განიხილოთ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი და ამ ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმით დავიცვა ჩემი სიცოცხლის უფლება. გასაჩივრებული ნორმა ადგენს: „ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს: ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი. შენიშვნა: ამ მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება.” სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი ადგენს ამომწურავ ჩამონათვალს თუ ვინ შეიძლება იყოს დონორი და შესაბამისად ამით მე მართმევს უფლებას მოვიძიო დონორი, მოცემული პირთა წრის გარეთ - ნათესაური ან/და ემოციური კავშირის მქონე სხვა პირი, ვისაც აქვს სურვილი დამეხმაროს ავადმყოფობის დაძლევაში. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის და არღვევს: 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის 1-ლ პუნქტთან („1. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.“) ვინაიდან, გასაჩივრებულმა ნორმამ შემიზღუდა ფარგლები, რა ფარგლებშიც მე შემიძლია შევინარჩუნო ჩემი სიცოცხლე და ვისარგებლო კონსტიტუციით მონიჭებული ამ უფლებით, ამასთან კანონი არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლის იმ შემთხვევისთვის, თუკი პაციენტს, არ აღმოაჩნდება შესაბამისი დონორი დადგენილ წრეში ან საერთოდ არ ყავს მოცემული წრის ცოცხალი ნათესავი, რაც რეციპიენტს ფაქტიურად ტოვებს სიცოცხლის უფლების გარეშე. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არღვევს ჩემს ამ უფლებას. ამასთან სიცოცხლის უფლება წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და დაუშვებელია მისი შეზღუდვა და შესაბამისად, ვერ იარსებებს ვერანაირი საჯარო ინტერესი, თუ დაცული სიკეთე ან/და ლეგიტიმური მიზანი, რაც მოცემულ შემთხვევაში გაამართლებდა ამ უფლების შეზღუდვას და მისთვის ფარგლების დადგენას. უფრო მეტიც, სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ანიჭებს არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებებს - სიცოცხლის უფლების საფრთხის შემცველი ქმედებების კრიმინალიზაციის სახით, არამედ პოზიტიურ ვალდებულებებსაც - ჰქონდეს გამართული, მოქმედი სამართლებრივი სისტემა და სამართლებრივი სისტემით განსაზღვრული წესრიგის განხორციელების შესაძლებლობები, ამ უფლების უსაფრთხო და გამართული რეალიზაციისათვის. 2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან („ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“), ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მოცემული მუხლით აკრძალულია ყოველგვარი დისკრიმინაცია და ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, შესაბამისად სადავო ნორმა, გარდა იმისა, რომ ზღუდავს ჩემს სიცოცხლის უფლებას, ყოველგვარი დასაბუთებისა და ჰუმანური მიზნების გარეშე, არის დისკრიმინაციული, როგორც იმ პირების მიმართ, ვინც ვერ ხვდება ნორმით განსაზღვრულ წრეში და ამასთან აქვს სურვილი გახდეს დონორი და იხსნას სიცოცხლე, ასევე, ჩემს მიმართაც, ვინაიდან, მე ვიზღუდები კონკრეტული პირთა წრით - ჩემი წარმოშობის, დაბადების, თუ სოციალური სტატუსის მიხედვით, რადგან დისკრიმინაცია არ გულისხმობს მხოლოდ არათანაბარ მოპყრობას, ასევე, დისკრიმინაციაა თანაბარ საკანონმდებლო მოცემულობაში, განსხვავებული პირობების გამო, არათანაბარი შედეგის დადგომა. ანუ ჩემს შემთხვევაში სხვა ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტთან მიმართებაში ფორმალურად თანაბარი მდგომარეობა მაქვს, მაგრამ სხვა პაციენტებს შესაძლოა ჰყავდეთ სადავო ნორმით განსაზღვრული წრის უფრო მეტი წარმომადგენელი და აღმოაჩნდეთ სათანადო დონორი (რაც ნამდვილად მისასალმებელია), რითაც აუცილებლად დადგება მსუბუქად რომ ვთქვათ, არათანაბარი, დისკრიმინაციული შედეგი, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ამ ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო. ეს კი წარმოადგენს ჩემს არათანაბარ პირობებში გაუმართლებლად ჩაყენებას. ასევე, სავსებით შესაძლებელია არსებობდეს რეციპიენტი, რომელსაც საერთოდ არ ყავს მოცემული წრის ცოცხალი იმ ხანდაზმულობის ნათესავი, რომელსაც დონორობის უფლება აქვს და ამ შემთხვევაშიც კანონისმიერი „თანასწორობის“ ფონზე, ავადმყოფი განწირულია, ვინაიდან სადავო ნორმა არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლისს მსგავსი ფაქტობრივი უთანასწორობის შემთხვევაში. ასევე, სრულიად აბსურდულად და დაუსაბუთებლად ანიჭებს სადავო ნორმა გარკვეულ პირთა წრეს რეციპიენტის დონორობის უფლებას მხოლოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. 3. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, („საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“) მოცემული პუნქტის მიხედვით, კონსტიტუცირ პრინციპს წარმოადგენს კონსტიტუციის მე-6 მუხლი („1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“), ასევე, მე-7 მუხლი („სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“) შესაბამისად, მოცემული მუხლებიდან ნათელია, რომ კონსტიტუცია იცავს ასევე სხვა უფლებებს, რომლებიც არ გამომდინარეობს პირდაპირ კონსტიტუციის მე-2 თავიდან, მაგრამ აღიარებული და დაცულია საყოველთაოდ, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების დონეზეც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომც არ არსებობდეს სადავო ნორმის პირდაპირი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ ჩამოთვლილ მუხლებთან, კონსტიტუციის 39-ე მუხლის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია დაიცვას ჩემი უფლება - ყველა გზით და ხერხით, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გარეშე, მქონდეს შესაძლებლობა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევინარჩუნო, ვინაიდან სახელმწიფო ამ ჩემი უფლებით არის შეზღუდული და არა პირიქით. ამასთან სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია, ასევე, 1950 წლის 4 ნოემბრის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან“, კერძოდ მის მე-2 მუხლთან „მუხლი 2. სიცოცხლის უფლება 1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს. 2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა: a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომერი ძალადობისაგან; b) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად; c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“ (სიკვდილით დასჯა გაუქმებულია “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის ოქმი №13-ით „ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ“ 1-ლი მუხლით: „სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შეიძლება, ვინმეს შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან ვინემს მიმართ ასეთი განაჩენის აღსრულება.“ მოცემულიდან გამომდინარებს უფლების აბსულუტური ხასიათი და ამასთან დადგენილია ის გამონაკლისები რა არ ჩაითვლება პირის ამ უფლების შეზღუდვად, რაც პირველ რიგში უკავშირდება თავად უფლების მქონე პირის მხრიდან განხორციელებულ ნეგატიურ ქმედებას და ამ ქმედების აღკვეთას. ჩემთან მიმართებაში კი არც ერთი საგამონაკლისო შემთხვევა არ დგას და პირიქით ვცდილობ სასამართლოს გზით შეასრულოს სახელმწიფომ ის პოზიტიური ვალდებულება, რაც გამომდინარეობს სიცოცხლის უფლებიდან, კერძოდ სახელმწიფომ დაიცვას და ხელი შეუწყოს სიცოცხლის უფლების რეალიზაციას და აღკვეთოს ამ უფლების დარღვევის საფრთხე. სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება 1950 წლის 4 ნოემბრის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-14 მუხლს („ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედუელებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.“), ამასთან კონვენცია არ იძლევა დისკრიმინაციის აკრძალვის ამომწურავ ჩამონათვალს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის მუხლის სიტყვა-სიტყვითი შინაარსიდან გამომდინარეობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი რაც ადგენს დონორობის უფლების მქონე ამომწურავ პირთა წრეს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, უხეშად არღვევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის 1-ლ პუნქტს, მე-14 მუხლს და 39-ე მუხლს, 1950 წლის 4 ნოემბრის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-2 და მე-14 მუხლებს, მათ შორის, სიცოცხლის აბსოლუტურ უფლებას, სამართლიანობის პრინციპს, ჰუმანურობის პრინციპსა და თანაზომიერების პრინციპს-რადგან არ წარმოადგენს ღირებული, მით უმეტეს, ადამიანის სიცოცხლეზე მეტად ღირებული, საჯარო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ აუცილებელ ან ერთადერთ საშუალებას, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით კი „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ პარაგრაფი N 60 ). ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია კანონმდებლის ნებაც სადავო ნორმასთან მიმართებაში, კერძოდ, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2014 წლის 21 მარტის საქართველოს კანონით გაფართოვდა პოტენციური დონორების წრე, მოცემულ ცვლილებამდე კი სადავო ნორმის შემდეგი რედაქციით იყო ფორმულირებული: „ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს: ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი;“ რაც ნათლად ცხადყოფს კანონმდებლის ნებას, უფრო ნაკლებად მკაცრი პირობები დაუდგინოს რეციპიენტებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა აღნიშნული ცვლილება ჩემთან მიმართებაში არ არის საკმარისი და მისი შინაარსი კვლავინდებურად არღვევს ჩემს კონსტიტუციურ უფლებებს. შესაბამისად სადავო ნორმა საკანონმდებლო პრაქტიკის თვალსაზრისითაც არასაკმარისად, მაგრამ მაინც მიმართულია შეზღუდვის შემსუბუქებისკენ, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დადგენილი შეზღუდვის პრობლემურობას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ „საკონსტიტუციო სამართლაწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად არ მიიღება თუ „მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ჩემს სასარჩელო მოთხოვნაზე სრულად და ყოველმხრივად არა მხოლოდ სარჩელში მითითებული სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, არამედ მთლიანობაში, კონსტიტუციის შინაარსთან მის პრინციპებთან და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან მიმართებაში, ვინაიდან სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში სხვა მესამე პირს ეზღუდება სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან იგი შეზღუდული იქნება ჩემი სარჩელითა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამასთან სადავო საკითხის სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, ჩემს მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შემჭიდროვებულ ვადებში სარჩელის შედგენა არ უნდა გახდეს სხვა მესამე პირთათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის საფუძველი, რისი გარანტიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გახდეს. ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სხვა პირის დონორობის შესაძლებლობას, თუ არ არსებობს სადავო ნორმით განსაზღვრული წრის დონორი. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი