საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/4/682 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 29 სექტემბერი 2016 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №682) მომართა საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუამ. №682 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 6 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №682 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 17 ნოემბერს.
2. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სამართლოს მეორე კოლეგიამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2015 წლის 24 ნოემბრის №2-3/2/682 განჩინებით საქმე განსახილველად გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 25 ნოემბრის N3/6-1/682 საოქმო ჩანაწერით საქმე მიღებულ იქნა პლენუმზე განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს. 2015 წლის 25 ნოემბრის პლენუმის №3/9/682საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. ამავე საოქმო ჩანაწერით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან, რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება, გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში მყოფ პირს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს იმ წინა პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც სავალდებულოა ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღების შემთხვევაში. სადავო ნორმის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ცოცხალ დონორთა წრეს და ასეთად მიიჩნევს: ბ.ა. რეციპიენტის გენეტიკურ ნათესავს; ბ.ბ. რეციპიენტის მეუღლეს, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ.გ. რეციპიენტის მეუღლის შვილს, დედას (დედამთილს/სიდედრს), მამას (მამამთილს/სიმამრს), შვილიშვილს, ბებიას, პაპას და (მულს/ცოლისდას) ძმას (მაზლს/ცოლისძმას), შვილის მეუღლეს (რძალს/სიძეს), შვილიშვილის მეუღლეს (რძალს/სიძეს), დის მეუღლეს (სიძეს), ძმის მეუღლეს (რძალს), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი. ამასთან, სადავო ქვეპუნქტის შენიშვნის თანახმად, „ამ მუხლის „ბ.გ.“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
6. კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ მოსარჩელე დაავადებულია ბადი ქიარის სინდრომით. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და პროგრესირების გამო, საჭიროებს მოკლე ვადაში ღვიძლის ტრანსპლანტაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიცოცხლისთვის საშიში შედეგები. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციის ჩატარება საქართველოს საზღვრებს გარეთ დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რომელიც მას არ გააჩნია, ხოლო საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ორი გზა არსებობს, გვამური დონაცია და ორგანოს აღება ცოცხალი დონორისაგან. მისი განმარტებით, ტექნიკური თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, საქართველოში არ ტარდება გვამური დონაციის ოპერაციები, რის გამოც, მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთ გზას ცოცხალი დონორისაგან ორგანოს გადანერგვა წარმოადგენს.
7. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ღვიძლის დონაცია არ ექცევა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული თვითგანახლების უნარის მქონე ორგანოს დონაციის ფარგლებში, ვინაიდან, მართალია, ღვიძლს გააჩნია აღდგენის უნარი, მაგრამ ეს არ განიხილება როგორც ჭეშმარიტი რეგენერაცია, რადგან ამ ორგანოს ახასიათებს მხოლოდ ფუნქციური და სტრუქტურული აღდგენა, რაც შესაბამისი დასკვნის თანახმად, არ წარმოადგენს თვითგანახლებას.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ კანონით განსაზღვრულ პირთა წრიდან, სამედიცინო თვალსაზრისით, მისთვის არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი არც ერთი დონორი. სადავო ნორმა ადგენს იმ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს, ვინც შეიძლება გახდეს დონორი ორგანოს გადანერგვისთვის და მას, ისევე როგორც მის მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს, ართმევს შესაძლებლობას, დონორი მოიძიოს კანონით განსაზღვრულ პირთა წრის გარეთ, ნათესაური ან ემოციური კავშირის მქონე სხვა პირთა შორის.
9. მოსარჩელის მითითებით, სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ანიჭებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, მისთვის საფრთხის შემცველ ქმედებათა კრიმინალიზაციის ვალდებულების სახით, არამედ, ასევე პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას მოქმედი სამართლებრივი სისტემა სიცოცხლის უფლების უსაფრთხო და გამართული რეალიზაციისთვის.
10. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმა ზღუდავს მის შესაძლებლობას, შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე. კანონი არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლისს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეში არ აღმოჩნდება შესაბამისი დონორი ან რეციპიენტს საერთოდ არ ჰყავს ასეთი ნათესავი, რაც ფაქტობრივად მისთვის სიცოცხლის უფლების წართმევას ნიშნავს.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასათვალისწინებელია რეციპიენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და სამართლებრივი თვალსაზრისითაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მისთვის არსებობდეს სიცოცხლის შენარჩუნების იმედი, რომელსაც სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა სპობს.
12. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიცოცხლის უფლება წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად, ვერ იარსებებს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მის შეზღუდვას თუ გარკვეული ფარგლების დაწესებას, შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. ამასთან, მისი აზრით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, იმავდროულად, ხელს უშლის მედიცინის შესაბამისი დარგის განვითარებას.
13. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-2 მუხლს. ამასთან, ის არ ემსახურება ღირებული ინტერესის დაცვის მიზანს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის დაცვა უმაღლეს ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტს.
14. მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმაში 2014 წლის 21 მარტს განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, გაფართოვდა შესაძლო დონორთა წრე და ჩამოყალიბდა დღეს არსებული გასაჩივრებული რედაქციით. მოსარჩელის მითითებით, ამ ცვლილებიდან იკითხება როგორც ნორმის პრობლემური ხასიათი, ისე კანონმდებლის ნება, ნაკლებად მკაცრი პირობები დაუდგინოს რეციპიენტებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ განხორციელებული ცვლილებაც არ აღმოჩნდა მისი უფლებების დაცვისათვის საკმარისი.
15. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობაზე.
16. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სიცოცხლის უფლებასთან, ამდენად, დაეთანხმა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას.
17. მოპასუხე განმარტავს, რომ სადავო ნორმის არარსებობის პირობებში ამომწურავად აღარ იქნება განსაზღვრული შესაძლო დონორთა წრე, შესაბამისად, არ იარსებებს არანაირი კრიტერიუმი იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძლება იყოს დონორი ღვიძლის ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის. ტრანსპლანტაციის საბჭოს არ ექნება ის სახელმძღვანელო პრინციპები, კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც უფლებამოსილი იქნება, გასცეს თანხმობა ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს დონაციაზე. მისი აზრით, მოსარჩელის მიერ აღნიშნული ემოციური კავშირის არსებობის დოკუმენტებით დადგენა არის შეუძლებელი, რაც ზრდის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის რისკს. მოპასუხე დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, თავად სადავო ნორმით განსაზღვრულ პირთა შორისაც არსებობს კომერციალიზაციის საფრთხე, თუმცა ამ პირთა ურთიერთობის სპეციფიკა ნაკლები რისკის შემცველია ორგანოთა ტრეფიკინგის მიზნებისათვის.
18. საქმეზე ექსპერტად მოწვეულმა საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა გია თომაძემ, ღვიძლის თვითგანახლების უნართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დონაციის ოპერაციის შემდგომ, ადამიანის ორგანიზმიდან ამოკვეთილი ორგანოს ნაწილები არ ვითარდება, არამედ უჯრედები გარკვეულწილად იზრდება, რაც არ წარმოადგენს ჭეშმარიტ რეგენერაციას, თვითგანახლებას. დღევანდელი მდგომარეობით, თვითგანახლების უნარის მქონე ორგანოში, რომლის დონორობისთვისაც პირთა წრის შეზღუდვას „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს, იგულისხმება მხოლოდ ძვლის ტვინი, რომელიც არ წარმოადგენს ტრეფიკინგის მიზნებისათვის საფრთხის შემცველ ორგანოს, თუმცა არც ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი რეციპიენტსა და პოტენციურ დონორს შორის ფინანსური გარიგების არსებობის გამორიცხვა. ამ შემთხვევაში მხოლოდ დაბალ ალბათობაზეა საუბარი.
19. ექსპერტმა ისაუბრა იმ დაბრკოლებებზე, რომელთანაც საქართველოში გვამური დონაციის განვითარება არის დაკავშირებული, მათ შორის გარდაცვლილ ადამიანთა ოჯახის წევრების განწყობა, ინფრასტრუქტურის და საბიუჯეტო დაფინანსების აუცილებლობა, რეციპიენტთა მოლოდინის სიის შექმნა და სხვა. მისი განმარტებით, გვამური დონაციის შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს ორგანოთა არასამართლიანი, არაგამჭვირვალე განაწილების პრობლემა, თუმცა ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს აღებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხე.
20. ექსპერტმა განმარტა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვის დაწესებისას, განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენდა დონორისა და რეციპიენტის იმუნოლოგიური თავსებადობა, რადგან აღნიშნული არ არის დამოკიდებული ნათესაური კავშირის არსებობაზე. ამგვარ გარემოებას, ადამიანის ორგანოებით შესაძლო ვაჭრობის აღკვეთა წარმოადგენდა, რაც ისედაც არის კანონმდებლობით აკრძალული.
21. ექსპერტი არ გამორიცხავს სადავო ნორმით განსაზღვრულ ნათესავებს შორის ფინანსური გარიგების არსებობის შესაძლებლობას, თუმცა მისი მითითებით, კანონმდებლობით შეზღუდვის დაწესება უკავშირდებოდა დონორთა შორის ფინანსური დაინტერესების რისკს, რაც სადავო ნორმის შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ წრის უსაზღვროდ გაფართოების შემთხვევაში. შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულაცია მხოლოდ ამცირებს ტრეფიკინგის ალბათობას, მაგრამ აბსოლუტურად ვერ გამორიცხავს.
22. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ტრანსპლანტაციის საბჭო შესაძლოა ადვილად მოტყუვდეს იმ საკითხის გადაწყვეტისას, მართლაც არსებობს თუ არა რეციპიენტსა და შესაძლო დონორს შორის ემოციური კავშირი, რა დროსაც არსებობს მაღალი ალბათობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამორჩენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც ფინანსური დაინტერესების არსებობაა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს თავად საბჭოს წევრთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების საფრთხეც.
23. ემოციური კავშირის არსებობის დადგენასთან დაკავშირებით, ექსპერტმა განმარტა, რომ მისთვის წარმოუდგენელია ისეთი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობა, რომელიც შეძლებს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას და მისი არსებობის ფაქტის ობიექტურად დადგენას. ერთადერთ ასეთ ალტერნატივად ის სასამართლოს ასახელებს, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს შესაბამისი სამოქმედო კრიტერიუმები.
24. ექსპერტის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს, მართალია, არა ერთადერთ, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტსა და საშუალებას ადამიანის ორგანოებით ვაჭრობასთან ბრძოლისათვის.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ადგენს იმ წინა პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც სავალდებულოა ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღების შემთხვევაში. სადავო ნორმის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ცოცხალ დონორთა წრეს და ასეთად მიიჩნევს: ბ.ა. რეციპიენტის გენეტიკურ ნათესავს; ბ.ბ. რეციპიენტის მეუღლეს, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ.გ. რეციპიენტის მეუღლის შვილს, დედას (დედამთილს/სიდედრს), მამას (მამამთილს/სიმამრს), შვილიშვილს, ბებიას, პაპას და (მულს/ცოლისდას) ძმას (მაზლს/ცოლისძმას), შვილის მეუღლეს (რძალს/სიძეს), შვილიშვილის მეუღლეს (რძალს/სიძეს), დის მეუღლეს (სიძეს), ძმის მეუღლეს (რძალს), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი. ამასთან, სადავო ქვეპუნქტის შენიშვნის თანახმად, „ამ მუხლის „ბ.გ.“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება“.
3. მოსარჩელე „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას ასაჩივრებს იმდენად, რამდენადაც მიჩნევს, რომ პირთა წრე, რომელთა შორისაც დასაშვებია ცოცხალი დონაცია, უნდა იყოს უფრო ფართო. იგი მიუთითებს, რომ ცოცხალი დონაციის ფარგლებში ორგანოს გადანერგვა შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ რეციპიენტთან ნათესაური, არამედ ემოციური კავშირის მქონე პირებისაგანაც. სწორედ ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება გახდა მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის მიზეზი. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, „„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის (N5579-IIს) კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმას დაემატა „ბ.დ.“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი გახდა, გადანერგვის მიზნით ორგანოს აღება რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირისაგან, „თუ ცოცხალი დონორი ამ მუხლის „ბ.ა.“, „ბ.ბ.“ და „ბ.გ.“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის არ მოიძებნა და არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი“. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა1 ქვეპუნქტით განისაზღვრა რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირის ცნება, რაც გულისხმობს „რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის მქონე პირს“.
4. ხსენებულიდან გამომდინარე, კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პირთა წრე, რომელთაგანაც დასაშვებია ცოცხალი დონაციის ფარგლებში ორგანოს აღება, გაიზარდა და მან ნათესაური კავშირის მქონე პირებთან ერთად მოიცვა ემოციური კავშირის მქონე პირებიც. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევდა, აღარ არსებობს, იგი აღარ ავიწროებს დასაშვებ დონორთა წრეს მხოლოდ ნათესაური კავშირის მქონე პირებზე.
5. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
6. ვინაიდან „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმეობა, განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ „მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“. მოცემულ შემთხვევაში არსებითად შეიცვლა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის შინაარსი. კანონმდებლობა აღარ შეიცავს იმგვარ შეზღუდვას, რომელიც, მოსარჩელის აზრით, მისი სიცოცხლის უფლების დარღვევის წყარო შეიძლება გამხდარიყო. პირთა წრე, რომლის ფარგლებშიც იგი მიუთითებდა დონაციის განხორციელების შესაძლებლობაზე, უკვე უზრუნველყოფილია მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების ისეთი ინტერესი, რომელიც „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში სამართალწარმოების გასაგრძელებლად. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №682 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-12 პუნქტების, 44-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №682 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. გაუქმდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის №3/9/682 საოქმო ჩანაწერის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი