რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/8/684 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2016 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბერს, კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №684) მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - მამია ფხაკაძე). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 14 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“, ხოლო 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი კრძალავს განმეორებითი მსჯავრის დადებას ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა საქმისწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც შეეხებოდა მოქალაქე შალვა გოგალაძის მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენას და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით, შალვა გოგალაძე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღე. შალვა გოგალაძემ დადგენილ ვადაში არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, შედეგად ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ამოწერილი იქნა სააღსრულებო ფურცელი და დადგენილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად. 2015 წლის 28 ოქტომბერს შალვა გოგალაძის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (სადავო ნორმით დადგენილი სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ) წარმოდგენილ იქნა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში. 2015 წლის 2 ნოემბერს გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელმა მოითხოვა შალვა გოგალაძის სამართალდამრღვევად ცნობა სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის და სახდელის დაკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში (პატიმრობა 15 დღის ვადით და იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა 3 წლამდე ვადით). თავის მხრივ, შალვა გოგალაძემ განმარტა, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდა დადგენილ ვადაში ვერ შეძლო თანხის უქონლობის გამო.
7. წარდგინებაში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა, სახდელის სახით, ითვალისწინებს მხოლოდ ძირითად სახდელს - დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. სადავო ნორმით კი, პირი, რომელსაც ერთი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე ძირითადი სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა და ამ საქმეზე მის მიმართ დამთავრდა სამართალწარმოება, დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის განმეორებით ეკისრება ძირითადი სახდელის სახით პატიმრობა და დამატებითი სახდელის სახით უფლების ჩამორთმევა, რაც მას არ ათავისუფლებს პირველად დაკისრებული სახდელის მოხდისგან და არ ხდება მისი შეცვლა.
8. წარდგინების ავტორის მითითებით, სადავო ნორმა უშვებს, ხელახლა ჩატარდეს წარმოება დამთავრებულ საქმეზე და პირს, იმავე ქმედებისთვის, შეეფარდოს 15 დღიანი პატიმრობა და ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება. ამასთანავე, პირს რჩება ვალდებულება, მოიხადოს პირველად დანიშნული ძირითადი სახდელი, რაც დისკრიმინაციულია, ვინაიდან სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პირებს ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით და პირს, მხოლოდ გადახდისუუნარობის და სიღარიბის გამო, უწევს დამატებითი სასჯელის მოხდა. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
9. წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია არ წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის ალტერნატივას. ვინაიდან ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი ისევ მიეცემა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში და უალტერნატივოდ 15 დღიანი პატიმრობა ეკისრება. ამავე მუხლის შენიშვნა კი საერთოდ გამორიცხავს შესაძლებლობას, სადავო ნორმის დისპოზიციაში მოაზრებულ იქნეს სახდელის ერთი ზომის მეორეთი შეცვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმა ითვალისწინებს ერთი და იმავე ქმედებისთვის პირის ორჯერ დასჯის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
10. წარდგინებაში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, ვინაიდან პირს სამართალდარღვევის ნიშნების შემცველი უმოქმედობა ჩადენილი აქვს ერთხელ, რისთვისაც დაისაჯა და განმეორებით ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ ნებაყოფლობით ვერ ან არ აღასრულა მასზე დაკისრებული სახდელი, მაშინ როდესაც, კანონით დადგენილი წესით, გრძელდება პირველად კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით დაკისრებული სახდელის იძულებითი აღსრულება. აღნიშნული კი აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს - არ შეიძლება პირი ერთი სამართალდარღვევისთვის ორჯერ დაისაჯოს.
11. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარდგინების ავტორმა უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ წარდგინებას ან წარდგინების მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციური წარდგინება, კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს „აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, „აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით“.
4. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმები იძლევა ერთი და იმავე ქმედებისთვის პირის განმეორებით დასჯის შესაძლებლობას, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით. კონსტიტუციის ავტორი იმავე არგუმენტაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს. შესაბამისად, ამ ნაწილში წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისათვის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმა ადგენს თუ არა სანქციას ქმედებისათვის, რომლის ჩადენის გამო, პირის მიმართ წარსულში უკვე მოხდა სასჯელის დაკისრებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების გატარება.
5. სადავო ნორმა დამოუკიდებელ სამართალდარღვევად აცხადებს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენის გამო სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობას. კერძოდ, თუ პირი სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით არ გამოცხადდა შესაბამის დაწესებულებაში, მას დაეკისრა ჯარიმის გადახდა, ხოლო სადავო ნორმის მიხედვით, სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს ცალკე სამართალდარღვევას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.
6. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი ნორმა არ იძლევა შესაძლებლობას, ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირის მიმართ მოხდეს განმეორებით მსჯავრდება. ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩატარებული სამართალწარმოება არ წარმოადგენს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისათვის პირის სანქცირების მიზნით განხორციელებულ ქმედებას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, N684 კონსტიტუციური წარდგინება სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №684 კონსტიტუციური წარდგინება სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის №684) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის №684) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი