სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-„შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“, ვახტანგ ლეჟავა, რექტორი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac684 |
თარიღი | 26 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე“ (კონსტიტუციური წარდგინება N684) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
განმარტება სასამართლოს მეგობრის პოზიციის მიღებასთან დაკავშირებით შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - უფლებამოსილი პირი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141(1)-ე მუხლის მიხედვით: „ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით.“ შესაბამისად, შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“ არის უფლებამოსილი იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია, ისარგებლოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტით და საკუთარი მოსაზრება წარუდგინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. შესავალისასამართლოს მეგობრის წინამდებარე პოზიცია შეეხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1971(2)-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე, სადავოდ გამხდარი ზემოაღნიშნული ნორმა პასუხისმგებლობის სახით აწესებს 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული სანქციის, კერძოდ 1000 ლარის გადაუხდელობისათვის. საქმეში, რომლის საფუძველზეც რუსთავის საქალაქო სასამართლომ წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირს დაეკისრა 1000 ლარის გადახდა 7 დღის ვადაში, რისი შეუსრულებლობის გამოც, მას პასუხისმგებლობის სახედ განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. სადავო საკითხს წარმოადგენს ამგვარი სანქციის დისკრიმინაციულობა. ნორმაში არ არსებობს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის შემცვლელი ალტერნატიული სანქცია, რაც პოტენციურად შესაძლებელია არათანასწორ მოპყრობად ჩაითვალოს, ვინაიდან პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობა, ავტომატურად ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. წინამდებარე სასამართლოს მეგობრის პოზიცია დაეთმობა ამ უკანასკნელი საკითხის განხილვას და სამართლებრივ შეფასებას. მოსაზრების ფარგლებში, განხილული იქნება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის, როგორც ქართული ისე საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები. კერძოდ, განიხილება არათანასწორ მდგომარებაში მყოფი პირების თანასწორ პირობებში ჩაყენების კონსტიტუციურობის საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე პირებზე და განხილული იქნება სხვა სახელმწიფოების მიდგომები მათდამი ფულადი სანქციის დაკისრების ნაწილში. ალტერნატივების არარსებობის სისტემური ხასიათისაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ უმეტეს შემთხვევაში, ქმედებისთვის განკუთვნილია მხოლოდ ერთი ტიპის სანქცია. პასუხისმგებლობისათვის განკუთვნილი სანქციები უალტერნატივოა კოდექსით განსაზღვრული თითქმის ყველა ქმედებისთვის. ზოგადად, კოდექსი რამოდენიმე ტიპის სანქციას ითვალისწინებს. კოდექსის ფარგლებში ვხვდებით შემდეგ ჩანაწერებს: „გამოიწვევს დაჯარიმებას“; „გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას“; „გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ დონემდე“ და ა.შ გარდა ამისა, კოდექსი ითვალისწინებს დამატებითი სანქციების სახეებსაც, როგორიც შეიძლება იყოს ფულადი ჯარიმის პარალელურად იარაღის ტარების უფლების ვადიანი შეჩერება. თუმცა, კოდექსის ფარგლებში, სისტემურად არ ფიქსირდება ალტერნატიული სანქციები. არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი შეხედვით, მუხლი გვთავაზობს ალტერნატივას, მაგ: 190-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, სასაზღვრო ზონაში შესვლის, აგრეთვე ცხოვრების ან რეგისტრაციის წესის დარღვევა, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ამ შემთხვევაში, პირველადი დაკვირვებით, შესაძლოა, რომ გაფრთხილება და დაჯარიმება ერთმანეთის ალტერნატივებად გამოჩნდეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი, მათი სიმძიმის მიხედვით ერთმანეთის ექვივალენტური არ არის, დგინდება, რომ მათი შეფარდებაც სწორედ სიმძიმის მიხედვით ხდება. სანქციის ალტერნატივის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ერთმანეთის ექვივალენტურია და საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და პიროვნების ინდივიდუალიზაციის გათვალისწინებით ხდება მათ შორის უფრო ეფექტურის გამოყენება. საბოლოო ჯამში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ალტერნატიული სანქციების არარსებობა სისტემური ხასიათისაა. შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთანარსებითად უთანასწორო პირების თანასწორი მოპყრობაიმისათვის რომ შეფასდეს, სახეზეა თუ არა დისკრიმინაციული მოპყრობა, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არიან არსებითად თანასწორი პირები დიფერენცირებულ მდგომარეობაში, ან არსებითად უთანასწორო პირები თანასწორ მდგომარეობაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დისკრიმინაციული მოპრყობა არ აისახება მხოლოდ არსებითად თანასწორი პირების დიფერენციაციაში, არამედ არსებითად უთანასწორო პირების გათანაბრებაშიც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ნეიტრალური კანონები, ზოგადი ვალდებულებების დადგენით, შესაძლოა ყველა მოქალაქის ინტერესებს ერთნაირად ვერ ითვალისწინებდეს, ბუნებრივია, ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ ზოგადი ვალდებულებების შემოღბა არ უნდა ხდებოდეს, თუმცა საზოგადოება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ბლანკეტური შეზღუდვების შემოტანა ხშირად ცალკეულ ადამიანების კონკრეტული უფლების დარღვევას იწვევს[1]. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ხშირად სწორედ დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო დიფერენცირებული მიდგომა[2]. სახელმწიფო ვალდებულია, რომ მოქალაქეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები[3]. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ პირები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ეკონომიკური მდგომარეობა ფიქსირებულ ვადაში გადაიხადონ დაკისრებული ფულადი ჯარიმა და მეორეს მხრივ პირები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც იგივე ქმედების განსახორციელებლად დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში. სახელმწიფო მათ არ უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, რადგან არსებობენ პირები, რომლებიც ჯარიმას ვერ გადაიხდიან და ასევე არსებობენ პირები, რომლებიც ჯარიმას გადაიხდიან. შესაბამისად ისეთი სანქციის დაკისრება, რომელიც ერთი პირისთვის შესასრულებლად შესაძლებელია, ხოლო მეორესთვის შეუძლებელი ნიშნავს არა თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, არამედ - გათანაბრებას, რაც დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნორმა თავისი შინაარსითა და ბუნებით ნეიტრალურია, თუმცა პირების მიმართ განსხვავებულია თავად პრაქტიკული შედეგი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი, რომელიც არაპირდაპირი გზით იდენტური შედეგის მომტანია, დამოუკიდებლად იმისა, რომ მისი რეგულირების საგანი და უშუალო მიზანი, ეს არ ყოფილა - ასევე დისკრიმინაციულია[4]. დიფერენცირების ნიშანიარსებითი მნიშვნელობა აქვს იმისა დადგენას, თუ რა ნიშნით განსხვავდებიან უთანასწორო მდგომარეობაში არსებული პირები ერთმანეთისაგან. კომპარატორების სახით გვევლინებიან პირები, რომლებსაც შეუძლიათ დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდა და პირები, რომლებსაც ობიექტურად არ შეუძლიათ ანალოგიური ქმედების განხორციელება. ერთი შეხედვით, პირველადი დაკვირვებიდან (prima facie) გამომდინარე იქიდან, რომ ქმედების განხორციელების შესაძლებლობა/შეუძლებლობა წარმოიშვება ეკონომიკური მდგომარეობიდან, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრული „ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობა.“ ერთადერთი ზოგადი განმარტება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ქონებრივ მდგომარეობაზე გააკეთა, მიუთითებს, რომ ქონებრივი მდგომარეობა მიემართება არა კონკრეტულ სამართალურთიერთობაში პირის ქონებრივ მიმართებას, არამედ ზოგადად მის ქონებრივ სტატუსს[5]. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნიშანზე არსებული ქართული პრაქტიკა ძალიან მწირია და გარდა ამისა, განსახილველი საკითხის მსგავს კონტექსტში გაკეთებული განმარტება საერთოდ არ არსებობს, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ჩანაწერი თითქმის იდენტურია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის ტექსტისა, მართებულად მიგვაჩნია, რომ საკითხის უფრო ფართოდ დასანახად, გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს განმარტებები. მაგალითად, საქმეზე Chassagnou and Others v. France მოსარჩელე, რომელიც იყო მცირე ზომის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აცხადებდა, რომ მას, შედარებით დიდი ზომის მიწის ნაკვეთების მფლობელებისაგან განსხვავებით არ შეეძლო თავის საკუთრებაში აეკრძალა საჯარო ნადირობა. ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაცია სასამართლომ სწორედ ამგვარ კონტექსტში დაინახა[6]. ასევე, განსხვავებულად ხედავს ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას გაერთიანებული ერების ორგნიზაციის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტი და ზოგად კომენტარში აღნიშნავს, რომ საფუძველი უნდა იყოს პირის ურთიერთდამოკიდებულება ქონების/მიწის მიმართ, მაგ: მესაკუთრეობა, მფლობელობა,დამქირავებლობა, მოიჯარეობა და ა.შ[7]. თუკი ევროპული სასამართლოსა და გაეროს მიერ გაკეთებულ განმარტებებს დავეყრდნობით, საერთაშორისო დონეზე „ქონებრივი და წოდებრივი“ ნიშანი მოცემულ საქმეში სახეზე არ არის, რადგან ამ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს პირის რაიმე ტიპის შემხებლობა ქონებასთან, არამედ ზოგადად მის ქონებრივ მდგომარეობასთან, მის ეკონომიკურ პირობებთან. გარდა ქონებრივი და წოდებრივი ნიშნისა, დაბალი ეკონომიკური შესაძლებლობის განხილვისას, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სოციალურად დაუცველი პირების საკითხი და, შესაბამისად, პირველადი დაკვირვების მიხედვით, ივარაუდებოდეს სოციალური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაცია. ამ უკანასკნელზე საუბრისას, საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების გამო[8]. მსგავსი ტიპის მიდგომა არსებობს საერთაშორისო დონეზეც. სოციალური კუთვნილება, სოციალური წარმომავლობა (social origin) განიმარტება, როგორც ადამიანის კონკრეტული სოციალური სტატუსი, რომელიც მას მემკვიდრეობით, თანდაყოლილად გააჩნია კონკრეტულ სოციუმში, როგორიცაა ეთნიკურობა, რელიგიური მოძღვრების ან რაიმე იდეოლოგიის მიმდევრობა, ასევე სიღარიბე ან უსახლკარობაც კი[9]. მოცემულ შემთხვევაში, საქმე არ გვაქვს ადამიანის რაიმე თანდაყოლილ სოციალურ მიკუთვნებასთან. სავსებით დასაშვებია, რომ ჰიპოთეტურ შემთხვევაში, სახეზე გვყავდეს სოციალურად დაუცველი ადამიანი, ან თუნდაც პირი, რომელიც ბავშვობიდან უსახლკაროა. თუმცა, არსებული განმარტების მიზნებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებიც ერთიანდებიან კომპარატორთა უფრო დიდ ჯგუფში - პირებში, რომელსაც ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ ჯარიმის გადახდა, სოციალური კუთვნილების ნიშანი სახეზე არ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ სახეზე არ გვაქვს კლასიკური ნიშანი. ვთვლით, რომ აღნიშნულ შეთხვევაში სახეზეა ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც პირთა არათანასწორი მდგომარეობის ამსახველი ნიშანი. შეფასების ტესტიმას შემდეგ, რაც დადგინდება დიფერენცირების ან/და უთანასწორო პირების გათანაბრების ფაქტის არსებობა და ნიშანი, უნდა განისაზღვროს შეზღუდვის დისკრიმინაციულობის შეფასების ტესტი. ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს კლასიკური ნიშანი, თუმცა არათანაბარ მდგომარეობაში ყოფნის ინტენსივობა მაღალია, საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს. ხოლო თავის მხრივ მაღალი ინტენსივობა ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როდესაც პირს არ შეუძლია აღნიშნული მოპყრობისგან თავის დაღწევა[10]. მოცემულ შემთხვევაში, პირს, რომელსაც დაეკისრა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და ობიექტურად არ აქვს მისი გადახდისათვის საკმარისი ეკონომიკური მდგომარეობა, ვერცერთი გზით თავს ვერ დააღწევს სიტუაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ნორმა არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სანქციას, რისი შესრულების შემთხვევაშიც, პირს აღარ მოუწევს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს სიტუაციიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა, საქმე უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის გამოყენებით. მკაცრი ტესტის გამოყენების შემთხვევაში, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ არათანაბარ პირობებში მყოფი პირების მიმართ თანაბარი მოპყრობა გამართლებულად ჩაითვლება სახეზე გვაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდება, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი გააჩნია, უნდა შემოწმდეს შეზღუდვის პროპორციულობა. მოცემულ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ პირის უალტერნატივოდ დატოვების ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფოს მხრიდან ვერ იარსებებს ლეგიტიმური მიზანი, რომლის დაკმაყოფილებაც მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდით იქნება შესაძლებელი. ალტერნატიულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი გააჩნია, პირის დატოვება ალტერნატივის გარეშე მაინც ვერ იქნება ყველაზე ნაკლებ მზღუდავი საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ პირს აყენებს გამოუვალ მდგომარეობაში და არ უტოვებს არანაირ შესაძლებლობას პატიმრობისაგან თავის დასაღწევად. ალტერნატიული სანქციების მნიშვნელობასა და პრაქტიკაში გამოყენებაზე საინტერესო სტანდარტი (სისხლის სამართლის ნაწილში) გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს. საქმეში Williams v. Illinois, მოსარჩელე იყო მწირი ეკონომიკური სახსრების მქონე პირი, რომელსაც ქურდობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა და დამატებით 500 აშშ დოლარის გადახდა. პატიმრობის ვადის სრულად მოხდის შემდეგ მოსარჩელეს ობიექტურად არ შეეძლო დაკისრებული თანხის გადახდა, რის გამოც, გადაუხდელი ფულადი ჯარიმა ექვივალენტურად შეეფარდა კვლავ თავისუფლების აღკვეთად, შემდეგი ფორმულით: 5$=1 დღე, ჯამში 101 დღე. სასამართლომ განაცხადა, რომ ისეთი პირის მიმართ მაქსიმალურ ვადაზე მეტი დროით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, რომელიც ობიექტურად ვერ გადაიხდის დაკისრებულ ფულად ჯარიმას ეწინააღმდეგება თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, სავალდებულოა, ალტერნატიული სანქციის დაკისრება, ან თუნდაც იგივე სანქციის დატოვება გადახდის შეცვლილი მეთოდის გამოყენებით[11]. სასამართლომ იგივე სტანდარტი გაიმეორა Tate-ის საქმეში[12]. უფრო კონკრეტული განმარტება გაკეთდა საქმეზე Bearden v. Georgia, როდესაც სასამართლომ განაცხადა, რომ უნდა შემოწმდეს პირის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის ფაქტი ობიექტური მიზეზით (ეკონომიკური შესაძლებლობების არქონით) იყო გამოწვეული, თუ რამე სხვა გარემოებებით, რომელიც შეიძლება განზრახ გადაუხდელობაზეც კი მიუთითებდეს. ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო ვალდებულია, პირს დააკისროს ალტერნატიული სანქცია[13]. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს წარმოებაში ჯერ არ ჰქონია მსგავსი საქმე, ქვედა ინსტანციების შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე პრაქტიკა უკვე თანმიმდევრულია. ზემოთხსენებული სტანდარტი ასევე მოცემულია საქმეებში: United States v. Johnson, United States v. Caddell, United States v. Warner, Frazier v. Jordan, Burton v. Goodlett. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი პრაქტიკა მიემართება სისხლის სამართალს, „მით უფრო“ პრინციპის გამოყენებით ის უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზეც. თუკი დამნაშავეს აქვს ალტერნატივა, შესაბამისად უნდა ჰქონდეს სამართალდამრღვევსაც. დასკვნასაბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. პირები განსხვავდებიან ფინანსური მდგომარეობით. ერთის მხრივ პირები, რომელსაც აქვთ 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა, ხოლო მეორეს მხრივ პირები, რომლებსაც ამგვარი შესაძლებლობა არ აქვთ, არიან არსებითად უთანასწორონი, ხოლო კანონის საფუძველზე ისინი არ არიან დიფერენცირებულნი. კანონი არ ითვალისწინებს ალტერნატივას პირთათვის, რომელთაც ობიექტურად არ შეუძლიათ სანქციის შესრულება. სახელმწიფოს მიერ დაწესებული ეს შეზღუდვა ვერ უძლებს შეფასების მკაცრ ტესტს, რადგან მას არ გააჩნია აუცილებლობით გამოწვეული ლეგიტიმური მიზნი, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971(2)-ე მუხლი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
[1] საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება №1/1/477 [2] საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ [3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ.1,2; [4] საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება №1/1/477 [5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #1-370, 382, 390,402,405 გადაწყვეტილება, II,პ.36; [6] ECtHR, Chassagnou and Others. v. France (nos. 25088/94, 28331/95 and 28443/95), 29 April 1999 [7] Committee on Economic, Social and Cultural Rights, general Comment 20, ‘non-Discrimination in Economic, Social and Cultural Rights’, Un Doc. E/C.12/gC/20, 10 June 2009, paras. 24-26, 35 [8] ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება #2/1/536 [9] The grounds of social origin, birth and property also feature under Article 2(2) of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, 1966 (to which all the EU Member States are party). See Committee on Economic, Social and Cultural Rights, general Comment no. 20, ‘non-Discrimination in Economic, Social and Cultural Rights’, Un Doc. E/C.12/gC/20, 10 June 2009, paras. 24-26, 35. [10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ.6 [11] Williams, 399 U.S. at 236 [12] Tate, 401 U.S. 395, 400 [13] Bearden v. Georgia, 461 U.S. 660, 662 (1983) |