ფაქტობრივი გარემოებები:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 2 ნოემბერს შეაჩერა საქმის წარმოება შალვა გოგალაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის # 4-478-15საქმეზე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილით .
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით შალვა გოგალაძე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთადერთი სახდელის ზომა - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად ადმინისტრაციულ სამართალდაღვევაღთა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განესაზღვრა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღე.
3. 2015 წლის 22 ოქტომბერს, ვინაიდან შალვა გოგალაძემ დადგენილ ვადაში არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ამოწერილი იქნა სააღსრულებო ფურცელი და დადგენილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისთვის 2015 წლის 23 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ შალვა გოგალაძემ დაგდგენილ ვადაში არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და დაიწყო დაკისრებული სახდელის იძულებით აღსრულების პროცედურები. აღნიშნული საფუძვლით 2015 წლის 27 ოქტომბერს, შალვა გოგალაძის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი #92, რომლითაც იგი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ, 2015 წლის 28 ოქტომბერს, შალვა გოგალაძის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #92, სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილით, თანდართული მასალებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად განსახილველად, განსჯადობით წარმოდგენილი იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 2 ნოემბერს, გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, სამართალდაღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელმა, მოითხოვა შალვა გოგალაძის სამართალდამრღვევად ცნობა, სქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის და სახდელის დაკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციით ფარგლებში (პატიმრობა 15 დღის ვადით და იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა 3 წლამდე ვადით). თავის მხრივ შალვა გოგალაძემ მიუთითა, რომ ის მუშაობს ენერგო კომპანიაში, თუმცა დაკისრებული ჯარიმის გადახდა დადგენილ ვადაში ვერ შესძლო თანხის უქონლობის გამო. მანვე მოითხოვა მის მიმართ გამოყენებული იქნას არასაპატიმრო სახდელი და დაკისრებული ჯარიმა შეეცვალოს თუნდაც საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით.
7. სამართლებრივი გარემოებები:
1.საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად: საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად: საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
აღნიშნული კონსტიტუციური ნორმების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის და სახდელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ძირითად სახდელის - დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნა ითვალისწინებს: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის იარაღის ტარების უფლების ჩამოერთმევას 3 წლამდე ვადით. ანუ პირი, რომელსაც ერთი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე ძირითადი სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა და ამ საქმეზე მის მიმართ დამთავრდა სამართალწარმოება, დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების პროცედურის მიმდინარეობის პარალელურად განმეორებით ეკისრება ისევ ძირითადი სახდელის სახით პატიმრობა და დამატებითი სახდელის სახით უფლების ჩამორთმევა, რაც არ ანთავისუფლებს პირველად დაკისრებული სახდელის მოხდისგან და არ ხდება მისი შეცვლა.
რუსთავის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილი და ამავე მუხლის შენიშვნა უშვებს, წარმოება დამთავრებულ საქმეზე, მხოლოდ სიღარიბის გამო, პირის განმეორებით 15 დღიანი პატიმრობით დასჯას, ისე, რომ პირს რჩება ვალდებულება მოიხადოს პირველად დანიშნული ძირითადი სახდელი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ პრინციპს - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. მართალია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტში გამოყენებული ტერმინები პირდაპირი გაგებით არ მიანიშნებს განმეორებით დასჯის აკრძალვაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადაო ნორმა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ პრინციპს-„არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“
2. სადაო კანონის საქართველოს კონსტიტუციათან შესაბამისობის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების, სისხლის სამართალწარმოების პროცესთან სიახლოვის დასასაბუთებლად რუსთავის საქალქო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, შემდეგ გარემოებებს: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია, როგორც „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ ან „ევროპული კონვენცია“) მე-7 ოქმის (საქართველოსთვის ძალაშია 2000 წლის 1 ივლისიდან) მე-4 მუხლის (ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა) თანახმად:
„1. დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარლგებში იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართალწარმოების შესაბამისად.“
როგორც არაერთხელ აღინიშნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი კი ითვალისწინებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ერთი და იგივე დანაშაულისთვის პირის ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვას. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ჯერ კიდევ 1995 წელს დაადგინა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მოქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეც ვრცელდება (გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ (Gradinger v. Austra), განაცხადი no. 15963/90, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
კერძოდ, ამ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა უკვე დადგენილი პრაქტიკა, რომ ესა თუ ის სამართალდარღვევა და სანქცია, ამ სამართალდარღვევის ხასიათისა და მისთვის დადგენილი სანქციის სიმკაცრის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში მათი ადმინისტრაციულ დარღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად კატეგორიზაციის მიუხედავად, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლის სასჯელი. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიჩნეულ იქნა სისხლის სამართალწარმოებად და მასზე გავრცელდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) მოქმედება (გადაწყვეტილების პუნქტები 35-36). გრადინგერის საქმე იყო პირველი, სადაც გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე გავრცელდა კონვენციის მე-6 მუხლის მოქმედება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება განიხილა სისხლის სამართალწარმოებად მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მიზნისთვისაც (გადაწყვეტილების პუნქტები 54-55).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ აღნიშნული მიდგომა შემდგომ პრაქტიკაშიც შეინარჩუნა და განამტკიცა. სასამართლომ მრავალჯერ აღნიშნა, რომ სამართალწარმოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში კატეგორიზაცია არ შეიძლება ამ სამართალწარმოებაზე მე-7 ოქმის მე-4 მუხლით განმტკიცებული ne bis in idem პრინციპის გავრცელების ერთადერთი კრიტერიუმი იყოს. ამ გზით, ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვის გავრცელება ამა თუ იმ სამართალწარმოებაზე მხოლოდ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დისკრეცია იქნებოდა, რაც კონვენციის მიზანთან და დანიშნულებასთან შეუსაბამო შედეგს გამოიწვევდა (შტორბრატენი ნორვეგიის წინააღმდეგ (Storbråten v. Norway), განაცხადი no. 12277/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 1 თებერვლის განჩინება; ბომანი ფინეთის წინააღმდეგ (Boman v. Finland), განაცხადი no. 41604/11, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 29).
ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მიზნებისთვის, ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეიძლება განხილული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და ne bis in idem პრინციპი შეიძლება განიმარტოს, როგორც ერთი და იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორჯერ გასამართლებისა და ორჯერ სახდელის დაკისრების აკრძალვა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მოქმედების გავრცელების სხვა კრიტერიუმებს, მხედველობაში უნდა მიღებული იქნეს შემდეგი გარემოებები:
ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მიზანია, აღკვეთოს სისხლის სამართალწარმოების დასრულების შემდეგ განმეორებითი სისხლის სამართალწარმოების დაწყება (ფრანც ფიშერი ავსტრიის წინააღმდეგ (Franz Fischer v. Austria), განაცხადი no. 37950/97, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 22; სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ (Sergey Zolotukhin v. Russia), განაცხადი no. 14939/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 107).
თუ სამართალწარმოება მთლიანობაში არ დასრულებულა და შესაძლებელია, განაჩენის/გადაწყვეტილების გასაჩივრება, მე-7 ოქმის მე-4 მუხლის გარანტიები ასეთ შემთხვევაზე არ გავრცელდება (სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ (Sergey Zolotukhin v. Russia), განაცხადი no. 14939/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 108).
მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მოქმედების გავრცელების შემთხვევაში, ეს დებულება ითვალისწინებს სამ გარანტიას: პირის უფლებას, არ იქნეს ხელახლა მიცემული პასუხისგებაში, პირის უფლებას, არ იქნეს ხელახლა გასამართლებული და პირის უფლებას, არ იქნეს ხელახლა დასჯილი (ნიკიტინი რუსეთის წინააღმდეგ (Nikitin v. Russia), განაცხადი no. 50178/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტი 36).
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებს“ საერთაშორისო პაქტი (მიღებული 1966 წლის 16 დეკემბერს 2200A(XXI) რეზოლუციით) მე-11 მუხლის თანახმად „არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლრბა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.“
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის საქართველოს კონსტითუციასთან შეუსაბამობის დასასაბუთებლად საყურადღებოა იმავე საკანონმდებლო იერარქიულ საფეხურზე მდგომ კანონმდებლობებთან შემდეგი შეუსაბამობები:
საქრათველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.
ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 1971 მუხლი დასათაურებულია და პირველი ნაწილის დისპოზიციით სამართალდარღვევას წარმოადგენს „სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა“ და ამ ქმედებისთვის ერთადერთ ძირითად სახდელად გათვალისწინებულია დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით, რომელიც ამავე კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 7 დღის ვადაში ნებაყოფლებით გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით აღსრულდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 291 -ე მუხლით და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 907-ე, 908-ე და 909 -ე მუხლებით დადგენილი წესით. აქვე საყურადღებოა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 909-ე მუხლის თანახმად „თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია დამრღვევის ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან, ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმა გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს დადგენილების გამომტან ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლის თაობაზე“, თუმცა აღნიშნული უფლების გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში შეუძლებელია, ვინაიდან მუხლის პირველი ნაწილის ითვალისწინებს მხოლოდ ერთ სანქციას და განსხვავებით სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილისა არ გვთავაზობს სახდელების გადაანგარიშების ზოგად წესს. (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეავათა კოდექსის ინდივიდუალური მუხლები თავად ადგენს ცალკეული ქმედებისთვის დაკისრებული ჯარიმის შეიცვლის შესაძლებლობას სხვა სახის სახდელით მაგ: 118-ე, 1181-ე,1183-ე, 121-ე,1211-ე და სხვა მუხლები.)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირის ისევ ადმინისრეაციული პასუხისგებაში მიცემის და უალტერნატივოდ 15 დღიანი პატიმრობის დაკისრებას, ამავე მუხლის შენიშვნა კი საერთოდ გამორიცხავს შესაძლებლობას მე-2 ნაწილის დისპოზიციაში მოაზრებულ იქნეს სახდელის ერთი ზომის მეორეთი შეცვლა, სახეზეა პირის ერთი ქმედებისთვის ორჯერ დასჯის შესაძლებლობა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 907 -ე მუხლის თანახმად ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.
4. რუსთავის საქალქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობასა და სამართლიანობაზე მსჯელობისას ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე რომლის თანახმად: “ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“ ანუ ხსენებული ნორმის შინაარსი სისხლის სამართლის დანაშაულზე უფრო მცირე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადმინისტრაციული სამართალდაღვევას, თუმცა საყურადღებოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, უფრო ლოიალურ და კონსტიტუციასთან შესაბამის პირობებს, კერძოდ „თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან თავისუფლების შეზღუდვის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი, გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე. ამასთანავე, ჯარიმის ნაცვლად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშაოსათვის ან თავისუფლების შეზღუდვისათვის ბოროტად თავის არიდების შემთხვევაში იგი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით, ამ კოდექსით სასჯელის ამ სახისათვის გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით.“
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობასა და კანონის წინაშე პირთა თანასწირობის კუთხით მსჯელობისას, რუსთავის საქალაქო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ პირმა რომელმაც მატერიალური შეძლებლობიდან გამომდინარე შეძლო დაკისრებული 1000 ლარის გადახდა კანონით გათვალისწინებულ 7 დღის ვადაში, თავიდან ირიდებს, როგორც 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას, ასევე იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახდელდაუდებლად ჩაითვლება თუ ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის ვადაში არ ჩაიდენს ახალ სამართალდარღვევას. პირს რომელმაც სიღარიბის ან მატერიალური პრობლემების გამო ვერ შესძლო დადგენილ ვადაში ჯარიმის გადახდა დგება აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში, ვინაიდან მას დამატებით დაეკისრება 15 დღიანი პატიმრობა და 3 წლამდე ვადით იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, ის სახდელდაუდებლად ჩაითვლება მხოლოდ პატიმრობის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ თუ არ ჩაიდენს სხვა სამართალდარღვევას და ამასთან 5 წლის განმავლობაში მის მიმართ იწარმოებს იძულებით აღსრულების პროცედურები.
აქვე საყურადღებოა, რომ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, რომლის ოდენობაც შეადგენს 2000 ლარს. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის სუბიექტები პოტენციურად არიან პირები, რომლებიც განიცდიან მატერიალურ სიდუხჭირეს.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 -ე მუხლის მეორე ნაწილის ამ სახით მოქმედების პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, და მერვე დღეს უკვე შეიძლება შეეფარდოს ადმინიტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით, იმ პირობებში, როცა ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად დადგენილება, რომლის ნებაყოფლობით აღუსრულებლობისთვის პირს შეეფარდა პატიმრობა ზემდგომ სასამართლოში საჩივრდება გამოტანიდან 10 დღის ვადაში და გაუქმების შემთხვევაში მივიღებთ პირის უკანონო პატიმრობას.
დასკვნა:
განსახილველი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიციის მე-14 მუხლს, ვინაიდან კანონის წინაშე არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პირებს ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან პირს სამართალდარღვევის ნიშნების შემცველი უმოქმედობა ჩადდენილი აქვს ერთხელ, რისთვისაც დაისაჯა და განმეორებით ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ ნებაყოფლობით ვერ თუ არ აღასრულა დაკისრებული სახდელი, მაშინ როდესაც კანონით დადგენილი წესით გრძელდება პირველად კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით დაკისრებული სახდელის იძულებით აღსრულება. აღნიშნული კი აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს - არ შეიძლება პირი ერთი სამართალდარღვევისთვის დაისაჯოს ორჯერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს აშკარად გამოხატული ნიშნები, რომ როგორც ზოგადი, ისე კერძო მნიშვნელობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 ე მუხლის მეორე ნაწილი და ამავე მუხლის შენიშვნა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ მოქმედი ნორმატიული შინაარსით.
სხვა გარემოებები:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილი ამ შინაარსით პირველად მიღებული იქნა 2003 წლის 07 მაისის #2291 კანონით, თუმცა ის არ ყოფილა აქტიურად გამოყენებული სასამართლო პრაქტიკაში, ვინაიდან თავად ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანოები ერიდებოდნენ ამ სახის ღონისძიებების გამოყენებას.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ხდება ყოველწლიურად საშემოდგომო და საგაზაფხულო ეტაპებად. 2015 წლის 30 ივლისის #379 დადგენილებით მიმდინარეობს საშემოდგომო გაწვევა, რომელიც დაიწყო 2015 წლის 1 აგვისტოდან და გაგრძელდება 2015 წლის 31 დეკემბრამდე. დღეისათვის მხოლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსახილველად შემოსულია 26 სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით და 4 სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1972 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ვფიქრობ ნათლად მიუთითებს მრავალ პირთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ინტერესზე.