"ა(ა) იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4-1/761 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 1 ივნისი 2016 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1101 მუხლის მე-3-42-ე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №761) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურ ნორმას, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება.
4. სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს და მათი შექმნის წესს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შორის ხმების თანაბრად განაწილებიდან დასაშვებ გადახრას და საგამონაკლისო შემთხვევებს. ასევე არ განსაზღვრავს ობიექტურ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შეცვლილიყო ოლქების საზღვრები (გეოგრაფიული, უმცირესობების წარმომადგენლობის დაცვა და სხვა). მოსარჩელის განმარტებით, ჩანაწერი „გადანაწილება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“ არასაკმარისია, ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის პრინციპს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების მიზნია არა ამომრჩეველთა თანასწორი გადანაწილება, არამედ ოპოზიციური პარტიებისთვის მაღალი მხარდაჭერის მქონე საარჩევნო უბნების გაბნევა იმგვარად, რომ შემცირდეს არასახელისუფლებო პარტიების მხარდაჭერა. (მოსარჩელეს მაგალითად მოჰყავს ვანისა და ხონის, ყვარლის, მთაწმინდის, საბურთალოს და სხვა ოლქები). მოსარჩელის აზრით, მაჟორიტარული საზღვრების ამგვარი განაწილება ვერ პასუხობს თანასწორი საარჩევნო გეოგრაფიის მოთხოვნებს და განაპირობებს ხმათა თანაბრობიდან გონივრული გამართლების გარეშე გადახვევას, რაც არღვევს პოლიტიკური პარტიების თანასწორობის უფლებას.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ერთი ნაწილის საზღვრები განსაზღვრულია კანონით - საქართველოს საარჩევნო კოდექსით, ხოლო დარჩენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები დგინდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი გააჩნია ნორმატიულ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ერთი საკითხის გადაწყვეტას ცალკეულ შემთხვევაში - კანონით და დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში - ცესკოს ადმინისტრაციული აქტით.
8. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებს არავითარი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შესაძლებლობა სადავო ნორმებით ჩატარებული არჩევნების შედეგების კორექტირება-შეცვლისათვის, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, შესაძლოა წამოჭრას ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი და დადგეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები საფრთხეს უქმნის არჩევნების განჭვრეტად გარემოში ჩატარებას და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ მას შეიძლება მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
10. კონსტიტუციური სარჩელის კოლეგიებს შორის განაწილებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. აქედან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, 2016 წლის 30 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა N761 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 1 ივნისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების განაწილებასთან დაკავშირებით. განსაზღვროს, რამდენად ზღუდავს აღნიშნული წესი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 28-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება მოუწიოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის კონსტიტუციური სტანდარტების ჩამოყალიბება, კერძოდ, ე.წ. „საარჩევნო გეოგრაფიის“ კონსტიტუციურობის შეფასების კონსტიტუციურობის კრიტერიუმების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.
2. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია N761 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 212 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს N761 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი