ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/3/761 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 18:43 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-18 მუხლის, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 1101 მუხლის მე-3-42-ე პუნქტების (2016 წლის 27 მაისს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - ოთარ კახიძე, დავით ჯინჯოლავა და ივანე პეტრიაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თამარ მესხია და ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №761) მომართა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2016 წლის 30 მაისს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 1 ივნისის №3/4-1/761 საოქმო ჩანაწერით №761 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. №761 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 1 ივნისს.
3. №761 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სადავოდ გამხდარი რედაქციის მე-18 მუხლი აწესრიგებს საარჩევნო ოლქების საკითხს. კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, ხოლო მე-2 პუნქტი კი შეიცავს დებულებას საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შექმნის, მათი საზღვრებისა და ნომრების განსაზღვრის შესახებ საარჩევნო კოდექსის 110-ე და 1101 მუხლების საფუძველზე და 1101 მუხლით. დასახელებული ორგანული კანონის 110-ე მუხლი ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის წესს, ხოლო 1101 მუხლი სახელდებით განსაზღვრავს ასეთ ოლქებს.
5. №761 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს თანასწორობის უფლებას, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება.
6. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია თანასწორობის უფლება, ხოლო 24-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებას.
7. №761 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე ხდება საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა არასწორი საარჩევნო გეოგრაფიით. ამასთან, ადგილი აქვს არაადეკვატური წარმომადგენლობის განსაზღვრასა და ხმათა თანაბრობის პრინციპიდან გონივრული გამართლების გარეშე გადახვევას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გამოკვეთილი არ არის სადავო ნორმების მიღების ლეგიტიმური მიზანი. ამავდროულად, სადავოდ გამხდარი წესით ოლქების განაწილება, შედეგობრივად, მიმართულია ოპოზიციური პარტიისადმი მაღალი მხარდაჭერის მქონე უბნების გაბნევისა და მათი გავლენის შემცირებისაკენ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირებულ არჩევნების შედეგებზე.
8. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ადგილი აქვს ამომრჩეველთა ხმების ნიველირებასა და არჩევნების შედეგებით მანიპულირებას. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საარჩევნო ოლქების ნაწილის საზღვრების დადგენა კანონით განხორციელდა, ხოლო საარჩევნო ოლქების მეორე ნაწილთან მიმართებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რამდენადაც დადგენილი არ არის შესაბამისი კრიტერიუმები ოლქების განსაზღვრისას. მოსარჩელე მხარისათვის გაუგებარია, რა ლეგიტიმური მიზანი გააჩნია ნორმატიულ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ერთი საკითხის გადაწყვეტას ერთ შემთხვევაში კანონით, ხოლო მეორე შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტით.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო აქტი არ განსაზღვრავს იმ ობიექტურ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ოლქების საზღვრების დადგენისას. ამავდროულად, არ მომხდარა ოლქების საზღვრების დადგენის პროცესში პოლიტიკური მიკერძოების რისკების პრევენციისათვის საჭირო დებულებების რეგლამენტირება.
10. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საარჩევნო კოდექსითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი საზღვრები საფრთხეს უქმნის, როგორც თანასწორ საარჩევნო უფლებას, აგრეთვე არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატთან ამომრჩეველთა ნაწილის კომუნიკაციას, რამდენადაც ამომრჩეველი, გეოგრაფიული თვალსაზრისით, გაუმართლებლად არის დაკავშირებული მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო ოლქთან. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები პრობლემურია პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების ასპექტშიც, რადგანაც ისინი არ უზრუნველყოფენ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სრულფასოვნად განხორციელებას, მაგალითად, ოლქების ტერიტორიული სიდიდისა და ერთმანეთთან დაუკავშირებლობის, განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკისა და სხვა მიზეზთა გამო.
11. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა ოლქების საზღვრების დადგენისას იხელმძღვანელა მოკლევადიანი, მომავალ არჩევნებზე სასურველი შედეგის დაფიქსირებაზე ორიენტირებული ოლქების საზღვრების დადგენის მიზნით. მოსარჩელე აპელირებს იმაზეც, რომ კანონმდებელმა არ განსაზღვრა საზღვრების გადახედვის ეფექტური პერიოდულობა და კრიტერიუმები. ამასთან, სადავო ნორმებმა ვერ უზრუნველყო მათი ხმების თანასწორობა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად დადგენილი 10%-იანი გადახრის ფარგლებში.
12. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, არ არის უზრუნველყოფილი ეროვნული უმცირესობების უფლება, ჰყავდეთ წარმომადგენლები პარლამენტში იმ გეოგრაფიის გათვალისწინებით, რომელშიც ცხოვრობენ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 24-ე მუხლის პირველ პუნქტს.
14. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, არსებობს მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. კერძოდ კი, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შესაძლებლობა სადავო ნორმებით ჩატარებული არჩევნების შედეგების კორექტირება/შეცვლისათვის, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, სადავო ნორმების შეუჩერებლობამ შესაძლოა წამოჭრას ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი და დადგეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №761 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულებების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა თანასწორობის უფლებას, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, თანასწორობის უფლება განმტკიცებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება დაცულია 24-ე მუხლის პირველი პუნქტით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №761 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-18 მუხლის, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 1101 მუხლის მე-3-42-ე პუნქტების (2016 წლის 27 მაისს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №761 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტს და 1101 მუხლის მე-3-42-ე პუნქტებს. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის №3269-რს საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1101 მუხლის მე-3, მე-6, მე-15, მე-19, 21-ე, 29-ე, 30-ე და 36-ე პუნქტებში. ამასთანავე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის №3266-რს საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ხოლო დასახელებული ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-40 პუნქტის საფუძველზე 110 და 1101 მუხლები ამოღებულ იქნა. ხსენებული ცვლილებები ამოქმედდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №761 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების გასაჩივრებული რედაქცია ძალადაკარგულია.
7. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგინდა, რომ „სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეწყვიტოს საქმე სადავო ნორმის ძალის დაკარგვის შემდეგ, საჭიროა არსებობდეს მოსარჩელის მიერ დავის გადაწყვეტის ინტერესი და ის ითხოვდეს მოქმედი, ძალადაკარგულად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის მქონე დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას.
8. კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, ერთი მხრივ, უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მინიჭებულ ფართო დისკრეციას, ხოლო, მეორე მხრივ, კანონმდებლის მხრიდან საარჩევნო გეოგრაფიით მანიპულირების შესაძლებლობას, რომელიც დაზღვეული არ არის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ექსპლიციტურად ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო წარმოადგენს ერთიან მრავალმანდატიან ოლქს. აღნიშნულს იმეორებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქცია. კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველო არის ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი“. ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გარდამავალ დებულებებში ასახული 196-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად გამოსაყენებელ ზოგიერთ წესსა და ვადას. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან“. ამავდროულად, დასახელებული მუხლის მე-7 პუნქტი თავად განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის საზღვრებს. საყურადღებოა ისიც, რომ საარჩევნო კოდექსის 196-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში პარლამენტის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები სწორედ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ტარდება. ხსენებული პუნქტი პირდაპირ მიუთითებს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში საარჩევნო ოლქების საზღვრების უცვლელობის შესახებ.
9. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზიდან იკვეთება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, საქართველოს პარლამენტი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით დაკომპლექტდება, რომელიც გამორიცხავს მაჟორიტარული ოლქების საჭიროებასა და, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებული ნიუანსებით მანიპულირების შესაძლებლობას. ხოლო დასახელებულ პერიოდამდე მოქმედი ნორმატიული მოცემულობის შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს 30 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით - საქართველოს საარჩევნო კოდექსით განისაზღვრა თავად კანონმდებლის მიერ.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა - ერთი მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის ფართო უფლებამოსილების მინიჭება, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას კანონმდებლის მხრიდან საარჩევნო გეოგრაფიით მანიპულირების შესაძლებლობის არსებობა, დღევანდელი მოცემულობით, სამართლებრივი თვალსაზრისით, რელევანტური აღარ არის. ერთი მხრივ, კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას, დაადგინოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები საპარლმენტო არჩევნებისათვის, მეორე მხრივ კი, ორგანული კანონის ძალის მქონე ნორმატიულმა აქტმა თავად დაადგინა კონკრეტული ოლქების საზღვრები და მიუთითა მათი უცვლელობის შესახებ. უფრო მეტიც, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მოქმედი ნორმატიული მოცემულობით, კანონმდებელივე კისრულობს ვალდებულებას, ორგანული კანონით - საქართველოს საარჩევნო კოდექსით მოაწესრიგოს, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის საკითხი.
11. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მათ შორის, სამართლებრივ რელევანტურობას კარგავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე და 1101 მუხლების ძალადაკარგულ რედაქციაზე სამართალწარმოების გაგრძელება, ვინაიდან მოცემული სადავო ნორმები განსაზღვრავდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს და ადგენდა ამგვარ ოლქებს. როგორც აღინიშნა, მოცემულ სამართლებრივ რეალობაში, საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციული წესით დაკომპლექტებამდე, სრულიად ახლებურად ჩამოყალიბდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მარეგლამენტირებელი სამართლებრივი ბაზა - მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ოდენობა 30-მდე შემცირდა და, შესაბამისად, ახლებურად მოწესრიგდა მათი საზღვრები და საზღვრების ცვლილების შესაძლებლობასთან დაკავშირებული ნიუანსები.
12. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, №761 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავოდ გამხდარი ნორმები, ერთი მხრივ, ძალადაკარგულია, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმები, რომლებიც რელევანტური იქნება მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული სამართლებრივი პრობლემისათვის.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №761 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №761 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში