საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/626 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 20 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე – ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის სიტყვების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №626) მომართა საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 9 თებერვალს.
2. №626 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 20 მაისს.
3. №626 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებს „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რაც დაკავშირებულია გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას), აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის სიტყვებს „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“.
5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის 59-ე მუხლი არეგულირებს გამგებლის/მერის მოადგილისათვის უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის წესს, მისი მეორე პუნქტი უთითებს, რომ ახალი გამგებლის/მერის არჩევისას გამგებლის/მერის მოადგილეებს უწყდებათ უფლებამოსილება.
6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტი მიუთითებს, ამ კანონის რა ნაწილი ვრცელდება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე. კერძოდ, კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-6, მე-9, მე-10, 37-ე,39-ე, 391, მე-40, 41-ე, 411, 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა“.
7. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ოლეგ ლაცაბიძე 2014 წლის პირველ აპრილს კონკურსის წესით დაინიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით იგი გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები.
9. კონსტიტუციური სარჩელში მითითებულია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გამგებლის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ვრცელდება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე. შესაბამისად, აღნიშნული სადავო ნორმა ადგენს ახალი გამგებლის არჩევისას გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტი გამგებელს/მერს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეუზღუდავად, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლების ორივე საფუძველი კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საწინააღმდეგოა.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გამგებლის/მერის დისკრეციული უფლებამოსილება ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც გამორიცხავს გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ ამავე კანონის მე-10 თავის მოქმედებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი რომ არ არსებობდეს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტი იმგვარად განიმარტებოდა, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის გათავისუფლება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას იქნებოდა შესაძლებელი.
11. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, არა მარტო დაიკავოს სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობდა, არამედ თვითნებურად არ გათავისუფლდეს უკვე დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ მოქმედებს განსხვავებული გარანტიები. თანამდებობიდან გათავისუფლების თავისებურებების გათვალისწინებით, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოსამსახურეები.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი ფართო გარანტიები და ჯეროვანი პროცედურა ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებზე. ამის მიზანია სახალხო სუვერენიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევისაგან. განსხვავებულია პროფესიონალი მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხდება არა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიმართ კუთვნილების ან მის მიმართ ლოიალობის გამო, არამედ პროფესიული, მორალური და ფიზიკური უნარების საფუძველზე. შესაბამისად, მათზე ვრცელდება სხვა სტანდარტი. მაშინ, როდესაც გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, არ გააჩნია დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა, სადავო ნორმით ხდება მისი გადაყვანა პროფესიონალი საჯარო მოხელის კატეგორიიდან პოლიტიკური თანამდებობის პირის კატეგორიაში. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დაუცველია მერის/გამგებლის სურვილით თანამდებობიდან გადაყენებისაგან, ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლება დამოკიდებულია გამგებლის/მერის ნებაზე და არ საჭიროებს რომელიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობას ან/და ჯეროვანი პროცედურების დაცვას.
13. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმა ახდენს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი უფლების შინაარსის დავიწროებას, გამორიცხავს დადგენილი გარანტიების გავრცელებას პროფესიონალ მოსამსახურეთა განსაზღვრულ წრეზე – სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე. ამასთანავე, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რადგან არ არის გამოსადეგი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის სიტყვების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
15. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე უთითებს, რომ სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის სიტყვების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა“. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტში გვხვდება სიტყვები „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“ და არა „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა“, ხსენებული ტექნიკური შეცდომის დასაზუსტებლად სასამართლომ 2015 წლის პირველ მაისს წერილობით მიმართა მოსარჩელეს. 2015 წლის 14 მაისის წერილით მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სარჩელში ნამდვილად მოხდა ტექნიკური შეცდომის დაშვება და სადავო სიტყვებს წარმოადგენს „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“. ამავე დროს მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი სადავოდ ხდის საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებს „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №626 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 14 მაისის წერილი, რომლის თანახმად, იგი სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებს „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“. კონსტიტუციური სარჩელიში ნათლად იკვეთება, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის სიტყვებს, შესაბამისად, ამავე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობა წარმოადგენს ახალ სასარჩელო მოთხოვნას. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი მოსარჩელეს ანიჭებს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ან მასზე უარის თქმის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 14 მაისის წერილში დამატებით კიდევ ერთი სადავო ნორმის მითითება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას წარმოადგენს, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №626 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას ვერ იმსჯელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“ კონსტიტუციურობის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამ მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია, რაც იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმას, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართების არსებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ასევე „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
4. №626 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების ჩამონათვალს, რომელიც ვრცელდება მერიის/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ მის უფლებას, ვინაიდან გამორიცხავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილი რეგულაციების გავრცელებას გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე. აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა უკავშირდება მისი შინაარსის არასწორ აღქმას. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა ამავე მუხლის 11 და 12 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა, არ ვრცელდება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე. შესაბამისად, სწორედ ეს ნორმა გამორიცხავს მოსარჩელეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეული ნორმების გავრცელებას. სადავო ნორმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელიმე ნორმის მოსარჩელეზე არგავრცელებას საერთოდ არ ადგენს, პირიქით, იგი მიუთითებს, რომ გარკვეული ნორმები ვრცელდება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე, მიუხედავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზოგადი წესისა.
5. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ის შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს, სადავო ნორმას საერთოდ არ გააჩნია. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მიემართება იმ ნორმებს, რომლებიც გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გარკვეული ნორმების გავრცელებას გამორიცხავს და არა იმ ნორმაზე, რომელიც მის გავრცელებას ადგენს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელში დასახელებული არგუმენტაცია საერთოდ არ შეეხება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, იგი სადავო ნორმის კონსტიტუციის რომელიმე დებულებასთან მიმართებას ვერ დაასაბუთებს.
6. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №626 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. №626 კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №626 (საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №626 (საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 12 პუნქტის სიტყების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი