საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/2/626 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 18 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2016 11:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე - ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №626) მომართა საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 9 თებერვალს. #626 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 20 მაისს. 2015 წლის 20 მაისის №2/5/626 საოქმო ჩანაწერის თანახმად, №626 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. №626 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებს „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რაც დაკავშირებულია გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
4. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის 59-ე მუხლი არეგულირებს გამგებლის/მერის მოადგილისათვის უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის წესს, მისი მეორე პუნქტი უთითებს, რომ ახალი გამგებლის/მერის არჩევისას გამგებლის/მერის მოადგილეებს უწყდებათ უფლებამოსილება.
5. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ოლეგ ლაცაბიძე 2014 წლის პირველ აპრილს, კონკურსის წესით, დაინიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გამგებლის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ვრცელდება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე. შესაბამისად, აღნიშნული სადავო ნორმა ადგენს ახალი გამგებლის არჩევისას გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტი გამგებელს/მერს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეუზღუდავად, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლების ორივე საფუძველი კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საწინააღმდეგოა.
8. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, არა მარტო დაიკავოს სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა, არამედ თვითნებურად არ გათავისუფლდეს უკვე დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ მოქმედებს განსხვავებული გარანტიები. თანამდებობიდან გათავისუფლების თავისებურებების გათვალისწინებით, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოსამსახურეები.
9. მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი ფართო გარანტიები და ჯეროვანი პროცედურა ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებზე. ამის მიზანია სახალხო სუვერენიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევისაგან. განსხვავდებიან პროფესიონალი მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხდება არა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიმართ კუთვნილების ან მის მიმართ ლოიალობის გამო, არამედ პროფესიული, მორალური და ფიზიკური უნარების საფუძველზე. შესაბამისად, მათზე ვრცელდება სხვა სტანდარტი. მაშინ, როდესაც გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, არ გააჩნია დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა, სადავო ნორმებით ხდება მისი გადაყვანა პროფესიონალი საჯარო მოხელის კატეგორიიდან პოლიტიკური თანამდებობის პირის კატეგორიაში. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დაუცველია მერის/გამგებლის სურვილით თანამდებობიდან გადაყენებისაგან, ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლება დამოკიდებულია გამგებლის/მერის ნებაზე და არ საჭიროებს რომელიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობას ან/და ჯეროვანი პროცედურების დაცვას.
10. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი უფლების შინაარსს ავიწროებს, გამორიცხავს დადგენილი გარანტიების გავრცელებას პროფესიონალ მოსამსახურეთა განსაზღვრულ წრეზე – სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე. ამასთანავე, სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რადგან არ არის გამოსადეგი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №626 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №626 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ნორმების კონსტიტუციურობა, №626 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №626 („საქართველოს მოქალაქე - ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი