საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/633 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 10 ივნისი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი– წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
მერაბ ტურავა– წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №633) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე და გიორგი შავლიაშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 27 მაისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას , უკუძალა არა აქვს “.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 6 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება მსჯავრდებულ გიორგი ძოწენიძის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით, გიორგი ძოწენიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 8 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, კერძოდ: უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გიორგი ძოწენიძეს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. გიორგი ძოწენიძეს სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 12 მაისიდან.
7. წარდგინებაში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლში 2013 წლის 11 დეკემბერს შესული ცვლილების შედეგად ქმედება, რომლისთვისაც გიორგი ძოწენიძეს მსჯავრი დაედო, აღარ წარმოადგენს დანაშაულს. გიორგი ძოწენიძემ განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისაგან. 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სხვა მხრივ არ შეცვლილა. მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში უდანაშაულოდ ცნობა და გადახდილი ჯარიმის დაბრუნება მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს პასუხისმგებლობის გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელების ვალდებულებას. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, „პასუხისმგებლობა“ თავისი შინაარსით გულისხმობს ნებისმიერი სახის იურიდიულ პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხისმგებლობის გაუქმება - კონკრეტული ქმედების დანაშაულთა კატალოგიდან ამორიცხვას. წარდგინებაში ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიუხედავად, სავალდებულოა პირის მსჯავრდება, სასჯელის დანიშვნა და მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ სასჯელის მოხდისაგან მისი გათავისუფლება. აღნიშნული ხორციელდება იმ ვითარებაში, როდესაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის, მისი ჩადენის დროს არსებული დანაშაული არის დეკრიმინალიზებული. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის დამნაშავედ ცნობა ხდება განაჩენის გამოტანის დროს არარსებული (დეკრიმინალიზებული) სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებას.
9. წარდგინების ავტორის მტკიცებით, აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემატური ხდება, როდესაც ნორმას პირველი ინსტანციის სასამართლო გამოიყენებს, მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდება ვერ მოესწრო დეკრიმინალიზებამდე. ამდენად, პირს სასამართლო დამნაშავედ ცნობს დეკრიმინაზირებული ნორმის საფუძველზე.
10. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N633 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის N633) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
მერაბ ტურავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი