საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | 633 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს უზენაესი სასამართლო |
თარიღი | 10 მარტი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, ... კანონის, ... შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები: 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 6 მარტს შეაჩერა საქმის წარმოება მსჯავრდებულ გიორგი ძოწენიძის საკასაციო საჩივრის განხილვასთან მიმართებით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე). 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით გიორგი ძოწენიძე, – დაბადებული 1976 წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. 3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: გიორგი ძოწენიძე (საპროცესო შეთანხმებით) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები; სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000 ლარი; სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გიორგი ძოწენიძეს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გიორგი ძოწენიძის მიმართ 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 9 თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გიორგი ძოწენიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. გიორგი ძოწენიძეს სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 12 მაისიდან. 4. მსჯავრდებულმა გიორგი ძოწენიძემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლით: მას გადასასინჯი განაჩენით სსკ-ის 260-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან ერთად მსჯავრი დაედო ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. საქართველოს სსკ-ის აღნიშნულ მუხლში 2013 წლის 11 დეკემბერს შესული ცვლილებით ქმედება, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აღარ წარმოადგენს დანაშაულს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და, შესაბამისად, უნდა მოეხსნას ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 2000 ლარი. 5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით გიორგი ძოწენიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ: გიორგი ძოწენიძე სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2000 ლარი ჯარიმის მოხდისაგან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. 6. მსჯავრდებულმა გიორგი ძოწენიძემ საკასაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა რეალურად და არა-ფორმალურად, კერძოდ: უდანაშაულოდ ცნობა სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და ამავე დანაშაულისათვის გადახდილი ჯარიმის - 2000 ლარის დაბრუნება.
სამართლებრივი გარემოებები: 1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, კანონს, თუ ის [...] არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. 2. აღნიშნული ნორმა შინაარსობრივი თვალსაზრისით გულისხმობს პასუხისმგებლობის გაუქმების შემთხვევაში უკუძალის გავრცელების სავალდებულობას. 3. ამასთან, პასუხისმგებლობის ცნებასთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოხსენიებული ტერმინი „პასუხისმგებლობა“ არის სუბიექტური და ობიექტური პასუხისმგებლობის ერთობა: ტერმინი „პასუხისმგებლობა“ უნდა განიმარტოს ფართოდ და მასში უნდა ვიგულისხმოთ ნებისმიერი იურიდიული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გაუქმებას, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ამა თუ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების კატალოგიდან ამორიცხვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II.პ.5). გარდა ამისა, თავად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილიც პირდაპირ მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ,,პასუხისმგებლობის“ ცნება სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით, პირველ რიგში, დანაშაულს უკავშირდება. 4. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის: ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას. მოცემულ შემთხვევაში საინტერესოა, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს თუ არა, დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებული უფლების სრულყოფილ რეალიზაციას. 5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიუხედავად, ადგენს პირის მსჯავრდების (დამნაშავედ გამოცხადების), სასჯელის დანიშვნისა და მხოლოდ ამის შემდეგ პირის სასჯელისაგან გათავისუფლების სავალდებულო წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება, რომელიც ჩადენის დროისათვის დანაშაულს წარმოადგენდა, განაჩენის გამოტანის დროისათვის დეკრიმინალიზებულია - ამორიცხულია „მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა კატალოგიდან“. აღნიშნული ბუნდოვანი ვითარება განსაკუთრებით მაშინაა თვალშისაცემი, როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლო იყენებს, ანუ როდესაც ნორმის მოქმედების პირობებში არ მომხდარა პირის მსჯავრდება და ეს პირველად განხორციელდა მას შემდეგ, რაც ნორმამ არსებობა შეწყვიტა ანუ როდესაც გარკვეულ პერიოდში მან კანონიერი ძალა დაკარგა და ამ სამართლებრივ სივრცეში მყოფი პირების მიმართ სრულიად უსარგებლოდ იქცა. ამდენად, ფაქტობრივად, განაჩენის გამოტანის დროს არარსებული (დეკრიმინალიზებული) სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე ხდება პირის დამნაშავედ ცნობა და მხოლოდ სასჯელისაგან გათავისუფლება. 6. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასევე განმარტებულია, რომ „პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და გამაუქმებელი კანონმდებლობის სავალდებულო მოქმედება არის კონსტიტუციით დაცული [...]. კანონმდებელი ასევე შებოჭილია ამავე მუხლის იმ კონსტიტუციური დებულებით, რომ, თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II.პ.12). გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულია, რომ ეს უფლება აბსოლუტურ ხასიათს ატარებს და, შესაბამისად, მისი შეზღუდვა არ დაიშვება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II.პ.1). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აბსოლუტური უფლებით შეზღუდული სარგებლობა რისკის ქვეშ აყენებს თავად ამ უფლების რეალური, ეფექტური და შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობას, რაც, თავისთავად, ამ გარანტიის არსებობას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა