საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/634 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 10 ივნისი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა სახეზე იყოს ისეთი პირის მსჯავრდება, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენს, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 11 მარტს, კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №634) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი და გიორგი შავლიაშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 27 მაისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას“, ხოლო ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 6 მარტს შეაჩერა მსჯავრდებულ ლაშა აღნიაშვილის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს პასუხისმგებლობის გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელების ვალდებულებას. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, „პასუხისმგებლობა“ თავისი შინაარსით გულისხმობს ნებისმიერი სახის იურიდიულ პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხისმგებლობის გაუქმება - კონკრეტული ქმედების დანაშაულთა კატალოგიდან ამორიცხვას. წარდგინებაში ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიუხედავად, სავალდებულოა პირის მსჯავრდება, სასჯელის დანიშვნა და მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ სასჯელის მოხდისაგან მისი გათავისუფლება. აღნიშნული ხორციელდება იმ ვითარებაში, როდესაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის, მისი ჩადენის დროს არსებული დანაშაული არის დეკრიმინალიზებული. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის დამნაშავედ ცნობა ხდება განაჩენის გამოტანის დროს არარსებული (დეკრიმინალიზებული) სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ერთმევა შესაძლებლობა მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებში, საკუთარი ინიციატივით უდანაშაულოდ ცნოს პირი ქმედების დეკრიმინალიზაციის გამო, რაც ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას. უზენაესი სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ არც მოთხოვნის გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
8. ამასთან, უზენაესი სასამართლო განმარტავს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს და აღნიშნავს, რომ, მართალია, ის მტკიცებულებათა საკმარისობასა და უტყუარობაზე უთითებს, თუმცა მაშინაც კი, როდესაც სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს სამართლებრივი საკითხი, ის გვერდს ვერ აუვლის დასახელებულ კონსტიტუციურ მოთხოვნას. სასამართლოს აზრით, მას უხდება იმ ქმედებზე მსჯელობა და სამართლებრივი შეფასება, რომელიც საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტისათვის დანაშაულს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმა, კერძოდ, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი იძლევა ბრალდებულის გამამტყუნებელი განაჩენის, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, გამოტანის შესაძლებლობას.
9. №634 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს წარმოადგენს, თუმცა მათი სადავო ნორმით დადგენილი ფორმით რეალიზება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებას.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები უთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და სხვადასხვა სახელმწიფოთა შესაბამის კანონმდებლობებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №634 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის №634) ა) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე. ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა, სახეზე იყოს ისეთი პირის მსჯავრდება, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენს, კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. გაერთიანდეს N633 და N634 კონსტიტუციური წარდგინებები ერთ საქმედ მათი ერთობლივად განხილვის მიზნით.
3. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი