საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/6-1/707 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 16 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2016 17:48 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №707) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ილია კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 იანვარს.
2. №707 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს, რომ „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ უფლებას. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
5. №707 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავის მოსარჩელე მხარეს. მათ, სადავო ნორმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაეკისრათ 3,449,754 აშშ დოლარის და ამ თანხის 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიური 10%-ის გადახდა.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ქმედების საყოველთაო თავისუფლებას, კერძოდ, კერძოსამართლებრივი გარიგებების დადების თავისუფლებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქმედების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა ხდებოდეს. სადავო ნორმა კი მოსამართლეებს ნორმის საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტაციის ფართო მიხედულების საშუალებას აძლევს.
7. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე, შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების შეუსაბამო. აგრეთვე, სადავო ნორმა ქმნის საფრთხეს, რომ სასამართლოებმა მას შესძინონ არაერთგვაროვანი, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს, მე-16 მუხლს და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
10. №707 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით უკვე წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის №1/3/679 საოქმო ჩანაწერით სასამართლომ მიიღო არსებითად განსახილველად №679 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740, 764 საოქმო ჩანაწერით, სხვა კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთად, მოხდა №679 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად მიღება იმ საფუძვლით, რომ განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება წარმოშობდა კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
11. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან №707 კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულია იგივე სადავო ნორმა იმავე კონსტიტუციურ დებულებებთან, მიზანშეწონილი იყო საქმე განეხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
12. აქედან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2016 წლის 11 ნოემბრის №1-3/5/707 განჩინებით საქმე გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №707 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 16 ნოემბერს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740, 764 საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პლენუმზე განსახილველად, მიიღო კონსტიტუციური სარჩელი № 679. ხსენებული კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, №707 კონსტიტუციურ სარჩელშიც სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. აგრეთვე №679 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, №707 კონსტიტუციურ სარჩელშიც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად ეფუძნება ამ ნორმის ზოგად და ბუნდოვან ხასიათზე მითითებას.
2. 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740, 764 საოქმო ჩანაწერში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიუთითა, რომ „სამართლებრივი ურთიერთობის ზოგადი ხასიათის ნორმებით მოწესრიგება უცხო არ არის სამოქალაქო სამართლისათვის, ამ თვალსაზრისით, მსგავსი ნორმები მრავლად გვხვდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. სამოქალაქო დავის გადაწყვეტა ეფუძნება დათქმას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ვალდებულია, იპოვოს სამართლებრივი პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვაზე და გადაწყვიტოს დავა, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ურთიერთობას პირდაპირ არ აწესრიგებს. სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს არა აქვს უფლება, უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია“. ხოლო მე-5 მუხლი ადგენს კანონის და სამართლის ანალოგიის გამოყენების უფლებამოსილებას. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი“, შესაბამისად, ადგენს კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულებას სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში. თითოეული ეს ნორმა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი უშვებს ზოგადი ხასიათის ნორმების გამოყენებას და მათი ინტერპრეტაციის შედეგად სასამართლოს მიერ სამართლებრივი შედეგების დაყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ნორმის განსაზღვრულობის კონსტიტუციურმა სტანდარტმა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს სამოქალაქო სამართლის მომწესრიგებელ კანონთან მიმართებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მთლიანად სამოქალაქო კოდექსის გამოყენებასა და განმარტებაზე. შესაძლოა, პრინციპების დონეზე შეცვალოს სამოქალაქო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა“.
3. ხსენებული არგუმენტაცია თანაბრად რელევანტურია №707 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს პირველი კოლეგიის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, №679 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, №707 კონსტიტუციური სარჩელი თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და განხილული უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №707 მიღებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი