საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებაზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/1/707 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 30 მარტი 2018 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის N3/1/707 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებაზე, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
2. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ განუსაზღვრელ ხასიათზე და მიუთითებს, რომ ეს სიტყვები იძლევა სასამართლოს მიერ სხვადასხვა შინაარსით, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე, შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმებთან შეუსაბამო. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, №707 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ სადავო ნორმა, ერთი მხრივ, იმდენად ზოგადი ხასიათისაა, რომ შეუძლებელია ნორმის ადრესატმა საკუთარი ქცევა შეუსაბამოს ნორმის მოთხოვნებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი იძლევა სამართალშემფარდებლის მიერ მისი სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული და, რიგ შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებით №707 კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად და მიუთითა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხები უკვე შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია და საჭიროდ არ მიიჩნია, დამატებით ემსჯელა მის შეცვლაზე.
4. წინამდებარე განსხვავებული აზრი შეეხება იმის დასაბუთებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №707 კონსტიტუციური სარჩელი და შეეცვალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ შეუფასებია ის სამართლებრივი რეალობა, რომელიც სადავო ნორმიდან გამომდინარეობს.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2018 წლის 30 მარტის თებერვლის №3/1/707 განჩინებაში აღნიშნა, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი ნორმებით მოწესრიგება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტზე. თუმცა მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ უმსჯელია, თუ რატომ არის სადავო ნორმა განჭვრეტადი კონსტიტუციურობის თვალსაზრისით.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში შემოიფარგლა მხოლოდ იმის დასაბუთებით, რომ ზოგადი ნორმები წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისათვის მისაღებ ფორმას და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნორმების განჭვრეტადობის ხარისხის მოთხოვნები შედარებადი ვერ იქნება საჯარო სამართალში მოქმედი (პასუხისმგებლობის დამდგენი) ნორმების განჭვრეტადობის სტანდარტებთან. ამის საპირისპიროდ მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ნორმის მოქმედების სფეროს განსაზღვრით და ნორმის განსაზღვრულობის სტანდარტის ერთადერთ კრიტერიუმად არ უნდა მიეჩნია ნორმის კერძოსამართლებრივი ხასიათი. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ცხადად იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის გავლენა მხარეთა შორის დადებულ გარიგებაზე და მისი სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება არ შეესაბამება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, იგი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რაც იწვევს უკვე დასრულებული სამართლებრივი ურთიერთობის შედეგების ცვლილებას, რიგ შემთხვევებში პირმა/პირებმა შეიძლება დაკარგონ უკვე მოპოვებული საკუთრების უფლება, რაც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოწესრიგებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას.
7. მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნორმები გარკვეული მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს, უკვე დასრულებული სამართლებრივი ურთიერთობის გამაბათილებელი, შედეგების გამაუქმებელი ნორმა უნდა შეიცავდეს მკაფიო მოწესრიგებას, რათა, ერთი მხრივ, ნორმის ადრესატმა შეძლოს საკუთარი ქცევა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს, და მეორე მხრივ, სამართალშემფარდებელ მოსამართლეს გააჩნდეს კონკრეტული მითითება, ნორმის მკაფიო ფორმულირება, რათა მან შეძლოს ნორმის არასწორი და არაკონსტიტუციური შინაარსით გამოყენების თავიდან აცილება.
8. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის მკაფიო სტანდარტები, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელოს ნორმათშემფარდებელმა ზოგადი ნორმების გამოყენებისა და განმარტებისას და კვლავ არსებობს მოსამართლის განუსაზღვრელი დისკრეციული უფლებამოსილება ზოგადი ნორმის ინტერპრეტაციისას, კვლავ აქტუალურია მხარეთა მიერ გამოვლენილი თავისუფალი ნების და პირთა ავტონომიის, საჭიროზე მეტად, დაუსაბუთებლად, არაკონსტიტუციურად შეზღუდვის საფრთხე. მოსამართლის მიერ ზოგადი, განუსაზღვრელი ნორმების გამოყენება ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად, რაც, რიგ შემთხვევებში, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას შეიძლება იწვევდეს, საჭიროებს მკაცრ რეგლამენტაციას მისი გამოყენების მასშტაბთან, მიზანმიმართულებასა და ინტერპრეტაციის ზღვართან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს მისი შინაარსის იმდენად გაფართოება, რომ დაირღვეს კონსტიტუციით დადგენილი ბალანსი.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ზემოხსენებულ საკითხებზე, სათანადოდ არ არის შეფასებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის განჭვრეტადობა, მისი გამოყენების რა მასშტაბის პირობებში იქნება შესაძლებელი, სამართლებრივი უსაფრთხოების, როგორც კონსტიტუციური ღირებულების დაცვა. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №707 კონსტიტუციური სარჩელი და ემსჯელა არა აბსტრაქტულად ზოგადი ნორმების გამოყენების შესაძლებლობაზე, არამედ კონკრეტული სადავო ნორმის განსაზღვრულობასა და მისი კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების პირობებზე.
10. დამატებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ზოგადი ხასიათის საკანონმდებლო ნორმა, როდესაც ის არ ითვალისწინებს კონსტიტუციური უფლებების დაცვის საკმარის გარანტიებს, შესაძლოა განაპირობებდეს არაგონივრული, მხარისათვის წინასწარ განუჭვრეტელი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ გონივრულად დასაბუთებადი და მიზნის მკაცრად პროპორციული საკანონმდებლო ნორმებით, რათა თავად უფლებით სრულყოფილად სარგებლობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო შინაარსი ვერ პასუხობს განჭვრეტადობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ მოთხოვნებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა დაეძლია 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი და სათანადოდ, სადავო ნორმის შინაარსთან კავშირში შეეფასებინა მისი კონსტიტუციურობა.
11. №707 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში ზოგადი ნორმების გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხს, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ განსაზღვრულობას და მიუთითებს, რომ აღნიშნული ტერმინები ძალიან ფართო შინაარსისაა და იძლევა სხვადასხვაგვარი, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს საერთო სასამართლოს პრაქტიკაზე და უთითებს, რომ იგი არაერთგვაროვანია და არ ადგენს რაიმე სტანდარტს, თუ რა წინაპირობების არსებობისას შეიძლება იქნეს გამოყენებული „საჯარო წესრიგთან“ და „ზნეობის ნორმებთან“ წინააღმდეგობა გარიგების ბათილობის საფუძვლად. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო მუხლის ის დებულება, რომელიც ბათილად აცხადებს გარიგებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესსა და აკრძალვებს, წარმოადგენს ობიექტურ კრიტერიუმს, ტერმინები - „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობის ნორმები“ კი მსგავსი ობიექტურობით არ ხასიათდება და მოსამართლის სუბიექტურად შეფასებადი კატეგორიაა.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ დასახელებული სადავო ნორმა ადგენს სამართლებრივ წესს, რომლის განმარტება უნდა მოხდეს ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სხვა ნორმებთან და, ასევე, ზოგადად, სამართლის სისტემასთან, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებებთან კონტექსტში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლის მიერ გაკეთებული თითოეული განმარტების სისწორე ობიექტურად შეფასებადი და გადამოწმებადია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
13. საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური დავის ფარგლებში უნდა დაედგინა ნორმის ან მისი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურად განმარტების ფარგლებიც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საერთო სასამართლო ყოველი კონკრეტული დავის პირობებში ადგენს, რამდენად შეესაბამება მხარეთა შორის დადებული გარიგება „საჯარო წესრიგსა“ და „ზნეობის ნორმებს“, რომელთა შინაარსის განსაზღვრისასაც მას უწევს, გადაწყვეტილება მიიღოს ერთ-ერთი მოდავე მხარის სასარგებლოდ და, რიგ შემთხვევებში, შეზღუდოს მეორე მხარის საკუთრების უფლება. რამდენადაც სადავო ნორმა არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას მისი გამოყენების წინაპირობების, ინტერპრეტაციის ფარგლებისა და მასშტაბის შესახებ, სამართალშემფარდებელს ეძლევა განუზომელი დისკრეცია, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, „საჯარო წესრიგსა“ და „ზნეობაში“ მოიაზროს, მათ შორის, საზოგადოებაში არსებული მორალური წესები და პრინციპები. ამ შემთხვევაში ჩნდება რეალური საფრთხე, რომ კანონში გამოყენებული ტერმინი „ზნეობა“ მიიღებს კონვენციური მორალის მნიშვნელობას და მოსამართლეს დაეკისრება ვალდებულება, აღნიშნული მორალური წესები გამოიყენოს ცალკეული საქმეების გადაწყვეტისას.
14. რამდენადაც „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობა“ თავისი არსით განუსაზღვრელი, ფართო შინაარსის მატარებელი ტერმინებია, საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა საერთო სასამართლოს მიერ მათი გამოყენების პრაქტიკაზე და არსებულ განმარტებებზე. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტების თანახმად, ამორალური და, შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც „ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ, გაბატონებულ, საზოგადოების წევრისთვის შესისხლხორცებულ წესებს.“ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო მართლწესრიგს უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი“. გარიგება, რომელიც კანონის შესაბამისია, შესაძლოა გაბათილდეს, თუ ის „სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს“ (თბილისის საქალაქო სასამართლო, 2015 წლის 3 ნოემბერი, საქმე N2/15651-15). ასევე საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა (თბილისის სააპელაციო სასამართლო, 2014 წლის 15 აპრილი, საქმე N 2ბ/4686-13).
15. საერთო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო დებულებების გამოყენების პრაქტიკა ნათლად მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს კონვენციური მორალი, საზოგადოებაში ან მის ცალკეულ ჯგუფებში არსებული ისეთი შეხედულებები, რომლებსაც არ მიუღწევიათ ობიექტურობის იმ ხარისხისათვის, რომ საზოგადოებას ისინი კონსტიტუციით ან სამართლის სისტემით სავალდებულოდ ეღიარებინა. სადავო ტერმინების გამოყენებით სამართალშემფარდებელს საშუალება აქვს, სამართლებრივ იმპერატივად აქციოს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მისი სუბიექტური შეხედულებით გაბატონებული მორალური წესები და მსგავსი ინტერპრეტაციით შეზღუდოს საკუთრების კონსტიტუციური უფლება.
16. გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას და სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის სამართლებრივად სწორი ან/და ამომწურავი განმარტება, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ვალდებულებაა, მინიმუმამდე შეამციროს ნორმების ან მათი კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო ტერმინები - „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობა“, როგორც კერძო სამართალში გარიგების ბათილობის საფუძველი, შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ კონსტიტუციური სისტემისა და მართლწესრიგის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების კონტექსტში. ხოლო მათი განმარტება კონვენციური მორალისა თუ საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის წესების ჭრილში, ისევე როგორც ამ განმარტების შესაბამისად საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს და შეიცავს პირთა განუსაზღვრელი წრისადმი ძირითადი უფლების დარღვევის გაუმართლებელ რისკს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს 54-ე მუხლის სიტყვები „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“, ისე რომ არ უმსჯელია მის ცალკეულ ნორმატიულ შინაარსზე, არ დაუდგენია მისი კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების კონკრეტული სტანდარტები. შესაბამისად, დღემდე არსებობს სამართალშემფარდებლის მიერ სადავო დებულების იმგვარად გამოყენების საფრთხე, რომ კონსტიტუციური უფლება შეიზღუდოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ პრინციპებზე მოსამართლის სუბიექტური შეხედულების შესაბამისად.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება და სადავო ნორმის სამართლებრივი ანალიზი ადეკვატურად არ ასახავს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №707 კონსტიტუციური სარჩელი და დაეძლია სასამართლოს წინარე პრაქტიკა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები:
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე