საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N707 |
ავტორ(ებ)ი | ილია კოკაია, გიორგი კაპანაძე |
თარიღი | 30 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციით მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვეის გამო. კერძოდ, მოსარჩელეს ფიზიკური პირები ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე, რომელთა კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლების დარღვევის რეალური საფრთხეც არსებობს სადავო ნორმებით. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა მოსარჩელე გიორგი გურულს და მოპასუხეებს - ილია კოკაიას და გიორგი კაპანაძეს შორის. სააპელაციო ინსტანციაში აპელანტებს წარმოადგენენ ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე. განსახილველ სამოქალაქო საქმეზე, მიღებული გადაწყვეტილებით ილია კოკაიას და გიორგი კაპანაძეს გიორგი გურულის სასარგებლოდ დაეკისრათ 3,449,754 აშშ დოლარის და ამ თანხის ყოველწლიური 10%ის გადახდა 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იმის გამო რომ სასამართლომ ამორალურად მიიჩნია მანამდე მხარეებს შორის დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, მხოლოდ იმის გამო, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი და საბაზრო ღირებულება განსხვავდება ერთმანეთისაგან. სასამართლოს აზრით გარიგება დადებულია ქართულ საზოგადოებაში მიღებული წესების უგულებელყოფით, რაც გარიგების საბაზრო ფასტან შედარებით დაბალ ფასში რეალიზაციაში (უფრო სწორედ ხელშეკრულებაში დაბალი სარეალიზაციო ფასის დაფიქსირებაში) გამოიხატება და ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და საჯარო წესრიგს. სადავო ნორმა ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და მე-16 მუხლს, ვინაიდან წარმოადგენენ საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებაში ჩარევის გაუმართლებელ ღონისძიებას, 21-ე მუხლს - ვინაიდან, სადავო ნორმათა საფუძელზე ხდება საკუთრების უფლებისა და კერძო ავტონომიის (მათ შორის სახელშეკრულებო თავისუფლების) დაუშვებელი ხელყოფა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლებებთან. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ნაწილის - „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე- 7, მე-16 და 21-ე მუხლებთან მიმართებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი უცილოდ ბათილად (არარა) გარიგებად მიიჩნევს იმგვარ გარიგებას, რომელიც „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“. გარიგების მეშვეობით სამართლის სუბიექტები უშუალოდ თვითონ აწესრიგებენ ერთმანეთს შორის ურთიერთობებს, პირველ რიგში, იძენენენ და განკარგავენ ქონებას, ერთმანეთთან შედიან სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში. კერძოსამართლებრივი გარიგებების დადება ერთ-ერთი ფუნდამენტური ძირითადი უფლების - ქმედების საყოველთაო თავისუფლების კერძოსამართლებრივი გამოხატულებაა და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითრების უფლება, რაც სხვა უფლებებთან ერთდ მოიცავს ქმედების საყოველთაო თავისუფლებასაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ზუსტი და ამომწურავი განმარტება პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებით არის დაცული. ამავდროულად, კონსტიტუციაში რეგლამენტირებულ კონკრეტულ უფლებებს მიღმა რჩება პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის აუცილებელი ბუნებითი თავისუფლებების მნიშვნელოვანი სეგმენტი. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს. სადავო ნორმა, პირის მიერ გამოვლენილ ნებას არ მიიჩნევს ვარგისად და არ უკავშირებს არავითარ სამართლებრივ შედეგს იმის გამო, რომ ის ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ან ზნეობის ნორმას. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა გარდა ზნეობის ნორმებისა და საჯარო წესრიგის წინააღმდეგობისა, ბათლად მიიჩნევს ასევე გარიგებებს თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს ქმედების საყოველთაო თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ მიუთითებს პიროვნული განვითარების თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე, იგი არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ჯგუფს. აღნიშნულ უფლებაში ჩარევა დასაშვებია, თუ უფლების მზღუდავი რეგულაცია დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებაა.“ ამავდროულად, „სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შესაფასებლად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რამდენად თანაზომიერია ქმედუუნაროდ აღიარებული პირების უფლებებსა და ინტერესებზე ზრუნვის მოტივით სადავო ნორმებით დადგენილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევა. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის თანაზომიერების შეფასების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს უფლებაში ჩარევის ფორმაზე, ხასიათსა და ინტენსივობაზე.“ გაურკვეველია თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ისახავს სადავო ნორმა. ქმედების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვები უნდა იყოს კანონის საფუძელზე, და არა მოსამართლის მიერ იმგვარი განუსაზღვრელი შინაარსის საფუძელზე, როგორიცაა „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობის ნორმები“. მეორე მხრივ, აშკარად ნათელია, რომ ძირითად უფლებაში იმგვარი ჩარევა, როდესაც ნორმის ადრესატმა შეუძლებელია წინასწარ განსაზღვროს, თუ ესა თუ ის მოსამართლე, რომელ ქმედებას მიიჩნევს ზნეობის ნორმების ან საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ქმედებად, წარმოადგენს ძირითად უფლებაში ჩარევის გაუმართლებელ ფორმას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშნელობაზე. სასამართლოს შეფასებით “საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. კონსტიტუცირი პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან“. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რომლის მიხედვით „კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც კანონის ხარისხის მოთხოვნებს პასუხობს. კანონის ხარისხი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. თავის მხრივ, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და გულისხმობს, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებშიც ნათლადაა გამოკვეთილი სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის მნიშვნელობა. კერძოდ, „არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“, თუმცა მის სრულყოფილად აღსანიშნავად უფრო ტერმინი „განსაზღვრულობის პრინციპია“ შესატყვისი.“ სასამართლოს შეფასებით „განსაზღვრულობის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშრებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“ მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ პრინციპებს. კანონის დებულებიდან ნათლად ჩანს, რომ “საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმები” სუბიექტურ შინაარსს ატარებს. ის გაუმართლებლად ფართო დისკრეციას აძლევს მოსამართლეს. ამ მხრივ განსხვავებულია სადავო მუხლის ის დებულება, რომელიც ბათილად აცხადებს გარიგებას რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. კანონსაწინააღმდეგობა ობიექტურ კრიტერიუმს ეფუძნება. სადავო ნორმის ფორმულირება (ეწინააღმდეგება “საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”) ერთი მხრივ შეიძლება გამოყენებულ იქნას უამრავი სხვადასხვა შინაარსის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ განუსაზღვრელია. სადავო ნორმის აშკარა შეუსაბამობა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპთან იწვევს აგრეთვე იმას, რომ სასამართლოების მხრიდან განხორციედეს ნორმის სხვადასხვაგვარი, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგო, განმარტება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით „სამართალშემოქმედი კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას ვალდებულია, ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბოს ნორმის იურიდიული შინაარსი. ნორმის რაციონალური განმარტება უნდა გამორიცხავდეს მისი არაკონსტიტუციური შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. სამართალშემოქმედის მიზანი, მოახდინოს რაციონალური შეზღუდვის დაწესება, ადეკვატურად უნდა იქნეს ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება უფლების დაღვევის მაღალი საფრთხე, ხოლო სამართალშემფარდებლის მიერ თუნდაც სწორად ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ვერ იქნება საკმარისი აღნიშნული საფრთხის პრევენციისთვის. „ცალკეულ შემთხვევაში კანონმდებელმა შესაძლოა საკმარისი სიზუსტით, სიცხადით და ადეკვატური კონკრეტულობით ვერ გამოხატოს თავისი ნება. შესაბამისად, ამა თუ იმ ნორმის ტექსტი პრაქტიკულად დაშორდება კანონმდებლის რეალურ შეხედულებებსა და სურვილებს მის შინაარსთან დაკავშირებით... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ). სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მნიშნელოვანია ასევე ასევე ის, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება პრაქტიკაში. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „გადამოწმებას ექვემდებარება ხომ არ გამოიწვია ნორმის შინაარსსა და პრაქტიკაში მის გამოყენებას შორის განსხვავება ნორმის შეუსაბამობამ სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებთან. თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება, მაშინ ნორმა სავსებით დააკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს.“ საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა ნორმის შინაარსის განსაზღვრულობის მასშტაბზე. მართალია, „საკანონმდებლო რეგულირებისას იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს“. ამავდროულად, „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბის მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგი.“ საერთო სასამართლოების პრაქტიკა სადავო ნორმასთან დაკავშირებით არათუ არ გამოირჩევა ერთგვაროვნებით, არამედ, რაც მთავარია, არ ადგენს რაიმე მნიშნელოვან ორიენტირს იმისა, თუ რა წინაპირობების არსებობსას შეიძება იქნეს ის გამოყენებული და რა გარემოებისას დაუშვებელი იქნებოდა მისი გამოყენება. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ნაწილობრივ, „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ ნაწილში.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა