„შპს გამომცემლობა ინტელექტი“, „შპს გამომცემლობა არტანუჯი“, „შპს ლოგოს პრესი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/7/635 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს გამომცემლობა ინტელექტი“, „შპს გამომცემლობა არტანუჯი“, „შპს ლოგოს პრესი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №635) მიმართა შპს „გამომცემლობა ინტელექტმა“, შპს „გამომცემლობა არტანუჯმა“, შპს „ლოგოს პრესმა“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 24 მარტს.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2015 წლის 25 ნოემბრის №1-3/1/635 განჩინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №635 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 25 ნოემბრის №3/4-1/635 საოქმო ჩანაწერით №635 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა პლენუმზე განსახილველად.
3. №635 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს.
4. №635 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
5. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
7. №635 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეებმა 2013 წლის 23 ივლისს №559 სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების გარკვეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559განჩინებით შეწყდა სამართალწარმოება აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელზე, რადგან სადავო ნორმები კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, „სადავო ნორმებმა, რომლებიც სარჩელის შემოტანის მომენტში არსებობდნენ, შეწყვიტეს მოქმედება და მათი ჩანაცვლება მოხდა სხვა, მოქმედი ნორმებით“, რაც, მოსარჩელეთა აზრით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ნორმების არაკონსტიტუცირუად ცნობა ხდება, წარმოადგენს მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევის მტკიცებულებას. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოყენება შესაძლებელია საერთო სასამართლოში დავისას, მათ შორის, შეიძლება სადავო ნორმების მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ამგვარად, მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას განიხილავენ როგორც ინსტრუმენტულ უფლებას სხვა დარღვეული უფლებების დასაცავად.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას გამომდინარე იქიდან, რომ, მიუხედავად სადავო კანონის საფუძველზე უფლების დარღვევის ფაქტის არსებობისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს აღარ განიხილავს და ნორმის მოქმედებით დაზარალებული პირი რჩება უფლების დაცვის გარანტიის და შესაძლოა ზიანის ანაზღაურების გარეშეც, ვინაიდან საქართველოში არც ერთ ორგანოს აღარ შეუძლია დაადგინოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი. აქედან გამომდინარე, მას ერთმევა 42–ე მუხლის მე–9 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებაც.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად პროპორციული საშუალების გამოყენებით. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა მათ ართმევს შესაძლებლობას, გაასაჩივრონ ძალადაკარგული აქტი, რამაც გამოიწვია მათთვის ზიანის მიყენება იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის დასადასტურებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არაპროპორციულ ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს.
11. სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად კონსტიტუციურ სარჩელში გამოყენებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №635 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №635 კონსტიტუციური სარჩელი („შპს გამომცემლობა ინტელექტი“, „შპს გამომცემლობა არტანუჯი“, „შპს ლოგოს პრესი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“ კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი