საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/636 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 2 ივლისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის სიტყვების ,,ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაკავშირებულია სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობასთან, 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს აძლევს უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოს აძლევს უფლებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი და 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარე - დავით ცინცქილაძე და მისი წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №636) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძემ. №636 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 25 მარტს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №636 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 27 მაისს და 2015 წლის 8 ივნისს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის სიტყვების ,,ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაკავშირებულია სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობასთან, 292-ემუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევს უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ასევე ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოს აძლევს უფლებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი და 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილი განმარტავს ტერმინ „განაჩენს“ და ადგენს, რომ ესაა პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს. 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო განაჩენით აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს. ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს. 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო განაჩენით აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს ხოლო „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს განაჩენით ცვლილება შეაქვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში. 308-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ „საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში“.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი იკრძალება ერთი და იმავე დანაშაულისთვის განმეორებითი მსჯავრის დადება.
8. №636 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით მოსარჩელე დავით ცინცქილაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით. მოსარჩელეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვალა მოსახდელ სასჯელში და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 27 თებერვალს. 2015 წლის 28 იანვარს პროკურორმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს შესაძლებლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს პროკურორის სააპელაციო საჩივარი, რის შედეგადაც მოსარჩელეს არა მარტო განმეორებით დაედება მსჯავრი, არამედ კიდევ ერთხელ მოუწევს დაკისრებული სასჯელის მოხდა იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა.
9. სარჩელიდან გამომდინარე, მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პროკურორს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და გამართლებული პირის დამნაშავედ ცნობის ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების მოთხოვნის უფლება. მისი აზრით, სასამართლოს უფლებამოსილება, გადახედოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილებას და, შედეგად, დამნაშავედ ცნოს გამართლებული პირი ან დაამძიმოს ქვედა ინსტანციის მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტებს.
10. მოსარჩელის მტკიცებით, იმისთვის, რომ დადგინდეს ერთი და იმავე დანაშაულისთვის ორჯერ მსჯავრდების ფაქტი, აუცილებელია, სახეზე იყოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილებაში შესაძლოა იგულისხმებოდეს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა, მოსარჩელის აზრით, მხედველობაშია მისაღები ქართული სისხლისსამართლებრივი სისტემის სპეციფიკა. განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, სადაც ზედა ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის საჩივრის განხილვა არის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაწყებული პროცესის გაგრძელება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საქმის განხილვა გულისხმობს არა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაწყებული პროცესის გაგრძელებას, არამედ პირველ ინსტანციაში დასრულებული საქმის განახლებას და ხელახალ მსჯავრდებას.
11. მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის მიზნებისათვის იგი მაინც უნდა იქნეს მიჩნეული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებად, ხოლო სააპელაციო განხილვა კი განმეორებით მსჯავრის დადებად. მოსარჩელე მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე". ამავე კოდექსის 293-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
12. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს განაჩენის ძალაში შესვლა წარმოშობს ლეგიტიმურ ნდობას აღნიშნული სასამართლო აქტის საბოლოოობის, განსაზღვრულობის და სტაბილურობის მიმართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სასამართლო აქტი, პირის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გამართლებით ან მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებით, წარმოშობს მისთვის ხელსაყრელ პირობებს. სასამართლო აქტების სტაბილურობის გარანტია დაკავშირებულია ასევე სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტთან.
13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაშია შესული, განაჩენის გამოცხადებიდან პირი კარგავს ბრალდებულის სტატუსს. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ცნო დამნაშავედ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს წინაშე წარდგება მსჯავრდებულის, ანუ დამნაშავის სტატუსით.
14. მოსარჩელის აზრით, ბრალდების მხარეს არ უნდა ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნის უფლება იმავე ადამიანის მიმართ, იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, იმავე ფაქტობრივი გარემოებების მითითებით და იმ კვალიფიკაციით, რის მინიჭებასაც პროკურორი მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. მხარის აზრით, აღნიშნული ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულ განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციურ გარანტიას. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შესაძლებელია არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები, როგორიცაა ახლად გამოვლენილი გარემოება ან საპროცესო კანონმდებლობის არსებითად დარღვევის ფაქტის გამოვლენა.
15. მოსარჩელის განმარტებით სადავო ნორმებიდან გამომდინარე, პროკურორს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გაასაჩივროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, შესაბამისად, ის ქმნის პირის ხელახლა მსჯავრდების შესაძლებლობას იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე გამოკვლეულია.
16. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი, რითაც მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ნორმების შეჩერება შეუძლებელია მხოლოდ მოსარჩელესთან დაკავშირებით, ის ითხოვს სსსკ 298-ე, მე-300 და 308-ე მუხლების იმ ნორმატიული შინაარსით შეჩერება, რომელიც ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღსრულებული განაჩენის სააპელაციო და საკასაციო წესით სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გასაჩივრებას ბრალდებულის საპროცესო მდგომარეობის დამძიმების მიზნით.
17. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
18. №636 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა კანონით დადგენილი წესით და სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით არ დადგინდება. იმ პირობებში, როდესაც პირის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული განაჩენი, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურობაზე საუბარი არ არის რელევანტური.
19. მოპასუხის აზრით, იმისათვის, რომ სადავო ნორმებს მიმართება ჰქონდეთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეოთხე პუნქტთან, უნდა დაკმაყოფილდეს ოთხი კუმულაციური პირობა: 1. პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის არსებობა; 2. ახალი მსჯავრდება იმავე ქმედებისთვის; 3. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მიუხედავად, ქმედებისათვის ხელახალი სისხლის სამართლებრივი დევნა ან მსჯავრდება იმავე სახელმწიფოში; 4. პროცესის განახლებისთვის ახლად გამოვლენილი გარემოებების არარსებობა. სადავო ნორმების პირობებში არ კმაყოფილდება მე-3 კომპონენტი, ამ მუხლის მიზნებისთვის ის განაჩენი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ცნობილი არის დამნაშავედ, არ არის ფორმალურად კანონიერ ძალაში შესული, ვინაიდან შესაძლებელია მისი გასაჩივრება, შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N636 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N 1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
4. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციურ სარჩელში ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელისათვის უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N636 (საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ლალი ფაფიაშვილი
ოთარ სიჭინავა