საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/7/636 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 დეკემბერი 2016 14:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის სიტყვების ,,ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაკავშირებულია სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობასთან, 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს აძლევს უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოს აძლევს უფლებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი და 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ბაჩანა სურმავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №636) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის №2/7/636 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმეორებით შედგა 2016 წლის 17 ნოემბერს.
2. №636 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის სიტყვების ,,ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაკავშირებულია სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობასთან, 292-ემუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევს უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ასევე ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოს აძლევს უფლებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი და 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილი განმარტავს ტერმინ „განაჩენს“ და ადგენს, რომ ეს არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს. 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო განაჩენით აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს. ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს. 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო განაჩენით აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს განაჩენით ცვლილება შეაქვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში. 308-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ „საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში“.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი იკრძალება ერთი და იმავე დანაშაულისთვის განმეორებითი მსჯავრის დადება.
7. №636 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით მოსარჩელე დავით ცინცქილაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით. მოსარჩელეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვალა მოსახდელ სასჯელში და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 27 თებერვალს. 2015 წლის 28 იანვარს პროკურორმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს შესაძლებლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს პროკურორის სააპელაციო საჩივარი, რის შედეგადაც მოსარჩელეს არა მარტო განმეორებით დაედება მსჯავრი, არამედ კიდევ ერთხელ მოუწევს დაკისრებული სასჯელის მოხდა იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა.
8. სარჩელიდან გამომდინარე, მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პროკურორს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და გამართლებული პირის დამნაშავედ ცნობის ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების მოთხოვნის უფლება. მისი აზრით, სასამართლოს უფლებამოსილება, გადახედოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილებას და, შედეგად, დამნაშავედ ცნოს გამართლებული პირი ან დაამძიმოს ქვედა ინსტანციის მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტებს.
9. მოსარჩელის მტკიცებით, იმისთვის, რომ დადგინდეს ერთი და იმავე დანაშაულისთვის ორჯერ მსჯავრდების ფაქტი, აუცილებელია, სახეზე იყოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილებაში შესაძლოა იგულისხმებოდეს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა, მოსარჩელის აზრით, მხედველობაშია მისაღები ქართული სისხლისსამართლებრივი სისტემის სპეციფიკა. განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, სადაც ზედა ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის საჩივრის განხილვა არის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაწყებული პროცესის გაგრძელება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საქმის განხილვა გულისხმობს არა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაწყებული პროცესის გაგრძელებას, არამედ პირველ ინსტანციაში დასრულებული საქმის განახლებას და ხელახალ მსჯავრდებას.
10. მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის მიზნებისათვის იგი მაინც უნდა იქნეს მიჩნეული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებად, ხოლო სააპელაციო განხილვა კი განმეორებით მსჯავრის დადებად. მოსარჩელე მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე". ამავე კოდექსის 293-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
11. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს განაჩენის ძალაში შესვლა წარმოშობს ლეგიტიმურ ნდობას აღნიშნული სასამართლო აქტის საბოლოობის, განსაზღვრულობის და სტაბილურობის მიმართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სასამართლო აქტი, პირის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გამართლებით ან მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებით, წარმოშობს მისთვის ხელსაყრელ პირობებს. სასამართლო აქტების სტაბილურობის გარანტია დაკავშირებულია ასევე სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტთან.
12. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაშია შესული, განაჩენის გამოცხადებიდან პირი კარგავს ბრალდებულის სტატუსს. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ცნო დამნაშავედ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს წინაშე წარდგება მსჯავრდებულის, ანუ დამნაშავის სტატუსით.
13. მოსარჩელის აზრით, ბრალდების მხარეს არ უნდა ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნის უფლება იმავე ადამიანის მიმართ, იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, იმავე ფაქტობრივი გარემოებების მითითებით და იმ კვალიფიკაციით, რის მინიჭებასაც პროკურორი მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. მხარის აზრით, აღნიშნული ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციურ გარანტიას. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შესაძლებელია არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები, როგორიცაა ახლად გამოვლენილი გარემოება ან საპროცესო კანონმდებლობის არსებითად დარღვევის ფაქტის გამოვლენა.
14. მოსარჩელის განმარტებით სადავო ნორმებიდან გამომდინარე, პროკურორს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გაასაჩივროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, შესაბამისად, ის ქმნის პირის ხელახლა მსჯავრდების შესაძლებლობას იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე გამოკვლეულია.
15. თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
16. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო ან/და საკასაციო განხილვის ეტაპზე მსჯავრდებულს, საკუთარი ინიციატივით საჩივრის წარდგენის მეშვეობით, შეუძლია უარი თქვას განმეორებითი მსჯავრდების უფლების გამოყენებაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული უფლება ნებაყოფლობით პრივილეგიას წარმოადგენს, რის სარგებლობაზე უარის თქმა დასაშვებია მსჯავრდებულის სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, დაცვის მხარე უფლებამოსილი უნდა იყოს, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ხოლო ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გამოიწვევს განმეორებითი მსჯავრდებისგან დაცვის კონსტიტუციური გარანტიის დარღვევას.
17. მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმისას გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება, მათ შორის, მიზნად ისახავს სამართალწარმოებისას დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. კერძოდ, აუცილებელია არსებობდეს მექანიზმი, რის საფუძველზედაც მოხდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის შემოწმება. ამასთანავე, მოპასუხემ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში დაუყოვნებლივი შესვლა და აღსრულება გამართლებულია, ვინაიდან, თუ პირის მიმართ სამართალწარმოება აპელაციის ან/და კასაციის ეტაპზე გაგრძელდა, აღარ იარსებებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გაგრძელების კანონიერი საფუძველი, რაც შელახავს მართლმსაჯულების ინტერესებს.
18. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, საბოლოოა მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს კანონით დადგენილი გასაჩივრების გამოყენების შესაძლებლობა. მოპასუხემ დამატებით ხაზი გაუსვა სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ სისტემურ თავისებურებას, რომლის მიხედვითაც, სამართალწარმოებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა ყველა ინსტანციის სასამართლოში. პროკურორისთვის გასაჩივრების უფლების წართმევა, მოპასუხის განმარტებით, აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებდა ბრალდების მხარეს. შესაბამისად, მოპასუხის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და, ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს კონსტიტუციური სარჩელი.
19. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმები ასევე სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ჯეროვანი პროცედურის გავლით მიღებული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში კი, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განაჩენი სწორედ ასეთად მიიჩნევა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს. ამგვარად, მოპასუხის განმარტებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს №636 კონსტიტუციური სარჩელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის სიტყვების ,,ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაკავშირებულია სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობასთან, 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს აძლევს უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,ბრალმდებელს“, ,,ზემდგომ პროკურორს“, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოს აძლევს უფლებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი და 308-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო გასაჩივრებულ ნორმებს ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებთან შეაფასებს ცალ-ცალკე.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით
2. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმებით დადგენილ წესს, რომელიც ბრალდების მხარეს უფლებას აძლევს, წარადგინოს სააპელაციო ან/და საკასაციო საჩივარი, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს კი, შესაბამისად, ანიჭებს უფლებამოსილებას, აღნიშნული საჩივრის საფუძველზე, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან ქვედა ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი. მოსარჩელე, ხსენებული წესის არსებობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ პირობებში, როდესაც აპელაციის ან/და კასაციის პროცედურის დასრულების მომენტისათვის, პირის მიმართ სრულად არის აღსრულებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სისხლისსამართლებრივი სასჯელი.
3. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულების ფარგლები, ისე სადავო ნორმათა შინაარსი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“. ხსენებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს (ne bis in idem). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული პრინციპი ერთი მხრივ იცავს ინდივიდს ერთი და იმავე ქმედების გამო განმეორებითი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებისგან, მეორე მხრივ კი, ემსახურება სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით სახელმწიფო ორგანოების ბოჭვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე”, II-35).
5. განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპის არსებითი გამოვლინებაა, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში სახელმწიფო ორგანოების ბოჭვა, მათ მიერვე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით, არ განახორციელონ ერთი და იმავე ქმედებისათვის პირის განმეორებითი დევნა, პირდაპირ უკავშირდება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ინდივიდის უფლებაშემზღუდავი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განჭვრეტადობა, მისი სამართლებრივი განსაზღვრულობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად და რა ფარგლებში ხდება მართლმსაჯულების პროცესში მიღებული საბოლოო ხასიათის გადაწყვეტილებების პატივისცემა. „თუ პირს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ერთი ქმედებისთვის რამდენჯერმე შეიძლება დაეკისროს და ხელისუფლება არ იზღუდება ამ მიმართებით, იმპერატიული მოთხოვნა, რომ პირმა წინასწარ იცოდეს, რა სასჯელი დაეკისრება კონკრეტული ქმედებისთვის და შეეძლოს საკუთარი ქცევის შესაბამისად კონტროლი, თავისთავად აზრს მოკლებული ხდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე”, II-36).
6. ნიშანდობლივია, რომ განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა, თავისი არსით, პირის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების არსი, გამონაკლისის სახით, მოიაზრებს ისეთ შემთხვევებს, „[...] როდესაც ქმედების გამო სამართალწარმოება შეიძლება განახლდეს ახლად გამოვლენილი ან აღმოჩენილი მტკიცებულებების გამო ან როდესაც გამოვლინდება სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ხარვეზები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სამართალწარმოების შედეგზე და რაც მისი ხელახლა დაწყების საფუძველს ქმნის ნათელი, განჭვრეტადი და წინასწარმიღებული კანონმდებლობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული გამონაკლისების გარდა, განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი აბსოლუტურ და იმპერატიულ კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე”, II-36).
7. განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპიდან გამონაკლისების არსებობა მიზნად ისახავს გონივრული ბალანსის უზრუნველყოფას სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების ორ უმნიშვნელოვანეს ინტერესს შორის. ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ კონსტიტუციური მართლწესრიგის იდეა, მისი მიზნების განმტკიცება არსებითად არის დამოკიდებული კანონშემოქმედების პროცესში სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემაზე. ამგვარად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ მოახდინოს იმ სამართლებრივი ეფექტების შედეგად შექმნილი რეალობის დაცვა, რისი დადგომაც ძალაში შესულმა საბოლოო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. მეორე მხრივ, ასევე აუცილებელია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტის დადგენას და გამოასწორებს სისხლისსამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულ უხეშ ცდომილებებს.
8. საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველი საქმის ფარგლებში არ დგას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სფეროს ამომწურავად განმარტების საჭიროების წინაშე. მოცემული სასარჩელო დავის მიზნებისათვის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომელიც ბრალდების მხარეს უფლებას აძლევს, წარადგინოს სააპელაციო ან/და საკასაციო საჩივარი, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს კი, შესაბამისად, ანიჭებს უფლებამოსილებას, საჩივრის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც, მათ შორის, შეიძლება გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ქვედა ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი სასჯელი. მოსარჩელე, ხსენებული წესის არსებობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ პირობებში, როდესაც აპელაციის ან/და კასაციის პროცედურის დასრულების მომენტისათვის პირის მიმართ სრულად არის აღსრულებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სისხლისსამართლებრივი სანქცია. აღნიშნული საკითხის გამორკვევის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო, უშუალოდ სადავო ნორმების შინაარსობრივ შეფასებამდე, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების არსზე და მიმოიხილოს მისი შემადგენელი ელემენტები.
9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი აერთიანებს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის (ne bis in idem) კონსტიტუციური უფლების შემადგენელ რამდენიმე ელემენტს, რომელთა მართებულ აღქმას, მათი შინაარსის ჯეროვან დადგენას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხსენებული უფლების პრაქტიკული განხორციელების პროცესში. კერძოდ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტში საუბარია განმეორებითი მსჯავრის აკრძალვაზე ერთი და იმავე დანაშაულისათვის. აღნიშნული ჩანაწერიდან იკვეთება სამი ძირითადი ელემენტი, რომელთა მიხედვითაც, იმისათვის, რომ სახეზე იყოს კონსტიტუციით აკრძალული ორმაგი მსჯავრდება, ა) პირის მიმართ უნდა არსებობდეს დასრულებული სისხლისსამართლებრივი პროცედურა კონკრეტული დანაშაულთან მიმართებით, ბ) მას უნდა ემუქრებოდეს „განმეორებით“ მსჯავრდება (bis), გ) „ერთი და იმავე დანაშაულისათვის“ (idem). საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების სრულყოფილი გააზრებისათვის მნიშვნელოვანია, მოხდეს თითოეული ელემენტის გაანალიზება.
10. საკონსტიტუციო სასამართლომ №3/1/608,609 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა „ემსახურება სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით სახელმწიფო ორგანოების ბოჭვას“. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ, თუ რამდენად არის პირის მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონკრეტული იძულებითი ღონისძიება, თავისი შინაარსით, სისხლისსამართლებრივი ხასიათის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მათი საერთო გაანალიზების შედეგად უნდა შეფასდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები ყოველთვის არ შემოიფარგლება კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფინიციით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მიზნებისთვის პრინციპულად არასწორი იქნებოდა განმეორებითი მსჯავრდებისგან დაცვის კონსტიტუციური გარანტიების მიღმა ისეთი სახის იძულებითი ღონისძიებების დატოვება, რომელიც, მართალია, ფორმალურად საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ იქნებოდა გათვალისწინებული, თუმცა პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ინტენსივობით გაუტოლდებოდა სისხლისსამართლებრივი ხასიათის იძულებით ღონისძიებას და შესაბამისად, ჩაითვლებოდა ,,მსჯავრის დადებად“. ამგვარი დაშვება გაუმართლებლად გაზრდიდა კანონმდებლის დისკრეციას უფლებაშემზუდავი ღონისძიებების მომწესრიგებელი ნორმების მიღების პროცესში, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონსტიტუციის მიზნებთან.
11. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინები ,,მსჯავრის დადება“ და ,,დანაშაული“ უნდა განიმარტოს ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მათი ბუნებისა და პრაქტიკული შინაარსის გათვალისწინებით, ხოლო საკანონმდებლო დეფინიციებს ამ თვალსაზრისით დამხმარე ხასიათი ექნება. ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო გულისყურით მოეკიდება კონკრეტული ქმედებისა თუ ღონისძიების სამართლებრივ კლასიფიკაციას, მის ადგილს კანონმდებლობაში, თუმცა შესაფასებელი ქმედების/ღონისძიების სისხლისსამართლებრივი ბუნების განსაზღვრის პროცესში მას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულებითი ღონისძიების ბუნებას, მის რეალურ არსს და ასევე მისი სიმკაცრის ხარისხს. კერძოდ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, პირის მიერ ჩადენილი ქმედების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იძულებითი ღონისძიების მიზანი და ის საჯარო თუ კერძო ინტერესები, რის მიღწევასაც ემსახურება იგი. ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირის მიმართ გამოყენებული ღონისძიების/სასჯელის სიმკაცრე, რომელიც უნდა შეფასდეს სასჯელის ზომის იმ უმაღლესი ზღვრის გათვალისწინებით, რასაც ადგენს გამოყენებული სამართლებრივი ნორმა და არა იმ ფარგლებში, რისი გამოყენებაც მოცემულ შემთხვევაში მოხდა სამართალშემფარდებლის მიერ.
12. იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, გვაქვს თუ არა სახეზე პირის განმეორებითი მსჯავრდება, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რას გულისხმობს კონსტიტუცია „ერთი და იმავე დანაშაულის“ (idem) ცნებაში და რა არის ის გარემოებები, რის საფუძველზედაც შეიძლება დადგინდეს მსგავსება ორ ან რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობებს შორის, რასაც საფუძვლად ერთი და იმავე ქმედება უდევს. ბუნებრივია, თუ მოხდება ამგვარი მსგავსების დადგენა, მაშინ ინდივიდი მოექცევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული უფლების დაცვის ქვეშ.
13. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის მიზნებისათვის არ არის გადამწყვეტი ქმედების სხვადასხვა შემადგენლობას შორის კანონმდებლობით დადგენილი კლასიფიკაცია. ცხადია, „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა [...] სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს [...]“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები - დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი გარანტია გულისხმობს მსჯავრდების აკრძალვას ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირის მიმართ განმეორებით წარდგენილი ბრალდება ეფუძნება იგივე ან არსებითად იგივე ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც პირის მიმართ უკვე არსებობს ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება. უფრო კონკრეტულად, პირვანდელი სისხლისსამართლებრივი პროცედურის შედეგად მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაში, ისევე როგორც იმავე პროცესის მანძილზე გამოცემულ სხვადასხვა ფორმალურ აქტებში მითითებული საფუძვლები, როგორც წესი, წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლის საფუძველზედაც მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პირის მსჯავრდების ან გამართლების შესახებ. ამგვარად, შესადარებელ დანაშაულთა (ქმედების) შემადგენლობებს შორის მსგავსების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, მოხდეს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების მკაფიო იდენტიფიცირება, რომელიც განუყოფელი უნდა იყოს სივრცესა და დროში მოქმედების თვალსაზრისით და მიემართებოდეს ერთსა და იმავე ინდივიდს (ბრალდებულს). მაგალითად, თუ პირი საერთო განზრახვით ჩაიდენს ორ ან მეტ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სხვადასხვა ადგილას (სივრცითი ელემენტი) ან დროის სხვადასხვა მონაკვეთში (დროითი ელემენტი), მაშინ მის მიმართ არ გავრცელდება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია. ხოლო, თუ პირი ერთსა და იმავე ადგილას დროის კონკრეტულ მონაკვეთში განხორციელებული ქმედების (ქმედებების) გამო დაექვემდებარება განმეორებით დევნას განსხვავებული სისხლისსამართლებრივი საფუძვლით, რომლის ქმედების შემადგენლობის ელემენტები (სუბიექტური (mens rea) და ობიექტური (actus reus) ელემენტები, დანაშაულის მიზნები, საჯარო და კერძო ინტერესების შეფასება) არსებითად მსგავსია პირვანდელი მსჯავრდებისას გამოყენებული სამართლებრივი ნორმისა და განმეორებით დევნას საფუძვლად არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები დაედო, ასეთი შემთხვევა მოექცევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების სფეროში.
14. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიების გავრცელებისათვის ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, არის თუ არა სახეზე პროცესის დუბლირება, ანუ განმეორებითი მსჯავრდება (bis). უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია გავრცელდება ისეთი სისხლისსამართლებრივი პროცედურის განმეორებაზე, რომელიც ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილებით არის დასრულებული. ამგვარად, მნიშვნელოვანია განიმარტოს, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, გადაწვეტილება დროის რა მომენტიდან მიიჩნევა საბოლოოდ.
15. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის პირველადი მსჯავრდება დასრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქმის არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღებისას, რომელშიც ხდება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, ასევე რიგი პროცედურული საკითხების გადაწყვეტის მომენტიდან. ბუნებრივია, საქმის არსებითი გარემოებების შეფასება ხდება სასამართლოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რომელიც განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური უფლების მიზნებისათვის მაშინ იქნება მიჩნეული დასრულებულად, როდესაც სასამართლოს მიერ მოხდება საქმეში არსებული არსებითი ფაქტობრივი გარემოებების ამომწურავი შეფასება. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, სისხლისსამართლებრივი პროცედურა დასრულებულად მიიჩნევა, მაგალითად, თუ ბრალდების მხარის მიერ მოხდება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებათა არსებობის გამო; ასევე, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის, შეწყალების ან ამნისტიის გამო. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღიარებს აღნიშნულ მიდგომას და ითვალისწინებს გამოძიების შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან მისი შეწყვეტის როგორც მატერიალურ, ისე პროცედურულ საფუძვლებს. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილია, რომ „გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს: თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე; თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები).
16. რაც შეეხება დროის მომენტს, როდესაც გადაწყვეტილება იძენს საბოლოო ეფექტს (res judicata), საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიზნებისათვის საკანონმდებლო განმარტებები არ არის საკმარისი დადგინდეს სამართალწარმოების საბოლოობის ფაქტი. გადაწყვეტილების საბოლოო ეფექტს (res judicata) ავტონომიური კონსტიტუციური შინაარსი გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო გახდება მას შემდეგ, რაც მის მოქმედებას შეუქცევადი ხასიათი ექნება და არ იარსებებს გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული გონივრული მექანიზმები. ასეთ შემთხვევას მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც გადაწყვეტილება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა მიღებული ან გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების გონივრული ვადები, რის გამოყენებაზე მხარეებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი. აქედან გამომდინარე, ცხადია, ისეთი სახის გადაწყვეტილებები, რომელთა გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტული პროცედურის შესაბამისად გონივრული ვადის განმავლობაში, რჩება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური უფლების მოქმედების მიღმა.
17. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის დაცული სფერო არ ფარავს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებს, რომელიც ითვალისწინებს სამართალწარმოების განახლების შესაძლებლობას ახლად გამოვლენილი ან აღმოჩენილი მტკიცებულებების გამო ან როდესაც გამოვლინდება სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ხარვეზები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სამართალწარმოების შედეგზე და რაც მისი ხელახლა დაწყების საფუძველს ქმნის ნათელი, განჭვრეტადი და წინასწარმიღებული კანონმდებლობის საფუძველზე. ხსენებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა/არ არსებობის საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, რაც, ბუნებრივია, არ წარმოადგენს შეფასების საგანს განსახილველი საქმის ფარგლებში.
18. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული არაორდინალური შემთხვევები, როგორც უკვე აღინიშნა, გამონაკლისის სახით არსებობს და ხელს არ უშლის სამართალწარმოებისას მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძინონ საბოლოო, შეუქცევადი ეფექტი, იმის მიუხედავად, მოხდება თუ არა სამომავლოდ საქმის განახლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას, თუ „წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“; ან „თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“ (სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ და „ზ1“ ქვეპუნქტები).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის დაცული სფერო ვრცელდება სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულებაზე, ფართო გაგებით, მისი ავტონომიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმარტების მნიშვნელობით. ამასთანავე, კონსტიტუციის ხსენებული დებულება გულისხმობს დაცვის გარანტიებს განმეორებითი დევნის დაწყების წინააღმდეგ, დროსა და სივრცეში ერთიან, არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე წარმოშობილი ორი ან უფრო მეტი ქმედების მიმართ, როდესაც პირის მიმართ უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, მისი მსჯავრდების ან გამართლების შესახებ ან ასევე რიგი პროცედურული გარემოებები, რაც, თავისი არსით, სამართალწარმოების დასრულებას გულისხმობს (ბრალდების მხარის მიერ დევნის შეწყვეტა, ხანდაზმულობის ვადების ამოწურვა, ამნისტია).
20. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს პრობლემურად მიაჩნია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომელიც ბრალდების მხარეს უფლებამოსილებას ანიჭებს, წარადგინოს სააპელაციო ან/და საკასაციო საჩივარი, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს კი, შესაბამისად, ანიჭებს უფლებამოსილებას, აღნიშნული საჩივრის საფუძველზე, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ქვედა ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი. მოსარჩელე ხსენებული წესის არსებობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ პირობებში, როდესაც აპელაციის ან/და კასაციის პროცედურის დასრულების მომენტისათვის პირის მიმართ სრულად არის აღსრულებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სისხლისსამართლებრივი სასჯელი.
21. იმისათვის, რომ მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, აუცილებელია, პირველ რიგში დადგინდეს კონსტიტუციის ხსენებული დებულებით დაცული უფლების შეზღუდვის ფაქტი. ამ მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად ექცევა განმეორებითი მსჯავრდებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების დაცვის სფეროში სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესი, კერძოდ, რამდენად არის პირველი ინსტანციის სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის.
22. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა, განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი მნიშვნელოვან, იმპერატიულ კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. სახელმწიფო (კანონმდებელი) ვალდებულია, კანონის გამომყენებელი აღჭურვოს ისეთი სახელმძღვანელო ნორმებით, რომლებიც გამორიცხავს ერთი და იმავე ქმედებისათვის პირის განმეორებით მსჯავრდებას, უზრუნველყოფს ხსენებული ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას. ამასთან, ყურადსაღებია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის აკრძალვის მიღმა ექცევა რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევა, რომელიც ნათელი, განჭვრეტადი და წინასწარმიღებული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
23. მოსარჩელე მხარემ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების შინაარსზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ პირი კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურის ამოქმედებისას უფლებამოსილია, ნებაყოფლობით უარი განაცხადოს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციურ გარანტიაზე. ამასთანავე, მოსარჩელეს დასაშვებად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდეს კანონიერი შესაძლებლობა ახლად აღმოჩენილი გარემოების შემთხვევაში, სააპელაციო გზით, განაახლოს სამართალწარმოება, რა დროსაც, მართალია, სახეზე კი იქნება განმეორებითი მსჯავრდების ფაქტი, მაგრამ მსჯავრდების ინტერესმა შესაძლოა გადაწონოს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის ინტერესი. აღნიშნულის ფონზე საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, განმეორებითი მსჯავრდება მსჯავრდებულის ნებაყოფლობითი ხასიათის პრივილეგიას წარმოადგენს, რის სარგებლობაზე უარის თქმა მას საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია, შორს დგას კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების შინაარსის მართებულ აღქმასთან. აღსანიშნავია, საკონსტიტუციო სასამართლოს №3/1/608,609 გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს გააჩნია კონსტიტუციური ვალდებულება, საკუთარი ინიციატივით, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის შემთხვევაშიც კი, გამოიყენოს განმეორებითი მსჯავრდების კონსტიტუციური პრინციპი, რათა არ დაუშვას პირის ხელმეორედ მსჯავრდება ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
24. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მთავარ არგუმენტად ასახელებს ბრალდების მხარის შესაძლებლობას, წარადგინოს სააპელაციო ან/და საკასაციო საჩივარი, რის საფუძველზეც, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად შეიძლება დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი ან გამოყენებული იყოს უფრო მკაცრი მუხლი იმ პირობებში, როდესაც აპელაციის ან/და კასაციის პროცედურის დასრულების მომენტისათვის პირს სრულად აქვს მოხდილი დაკისრებული სასჯელი. უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, „მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, [მისი] უზრუნველყოფა უნდა იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-32). შესაბამისად, „სასამართლოს გადაწყვეტილებები სწორედ ამის უზრუნველყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების არაერთი პროცესუალური გარანტია, უფლებრივი კომპონენტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის, გასაჩივრების, დავის ხელახლა წარმოების უფლება საამისოდ შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობის შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
25. გასაჩივრების საკანონმდებლო მექანიზმი, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი პროცესუალური გარანტია, „ემსახურება პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადეკვატურ დაცვას გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/601 საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-18). განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარისათვის გასაჩივრების უფლების მინიჭებით, კანონმდებლობა ემსახურება როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესების დაცვას. სააპელაციო და საკასაციო წესით საჩივრის წარდგენა შეიძლება, inter alia, მიზნად ისახავდეს პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლო განხილვისას პოტენციურად დაშვებული შეცდომის გამოსწორების მიზანს. აღსანიშნავია, რომ „გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში ვერ გამოირიცხება შეცდომები, გულგრილობა და სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა დააზარალოს საქმის ეფექტურად გახსნისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41). პოტენციურად არასწორი გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება საჯარო ინტერესს - მოხდეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. აღნიშნული ასევე ხელს უწყობს დაზარალებულის ინტერესების რეალიზებას - სწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე შეძლოს მიყენებული ზიანის ადეკვატური ანაზღაურება.
26. N636 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, საბოლოო ეფექტს იძენს იმ მომენტიდან, როდესაც მსჯავრდებული სრულად დაასრულებს ამავე სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის მოხდას. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, თუ ამ დროისათვის აპელაციის პროცესი იმავე ქმედებაზე გაგრძელდება, სახეზე გვექნება განმეორებითი მსჯავრდება.
27. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის დაცული სფეროს განმარტებისას მიუთითა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ეფექტს (res judicata) მაშინ შეიძენს სასამართლოს მიერ მიღებული აქტი, თუ კანონით დადგენილი გონივრული და სათანადო მექანიზმები არ უშვებს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას ან მხარეთა მიერ წინასწარი შეცნობით მოხდა გასაჩივრების ვადის დინების ამოწურვა. განსახილველ საქმეში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან იგი დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ სასჯელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, რისი აღსრულება სრულად მოხდა, აპელაციის ეტაპზე მიმდინარე სამართალწარმოება იმავე საქმეზე უნდა გაუტოლდეს განმეორებით მსჯავრდებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს სააპელაციო და საკასაციო წესით საჩივრის განხილვის ვადები და დაადგინოს, რამდენად შეიძლება გაუჩინოს მან მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, საბოლოობის განცდა, აპელაციის/კასაციის წესით საქმის განხილვის ვადების არაგონივრული ბუნებიდან გამომდინარე.
28. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის ითვალისწინებს 1 თვიან ვადას განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადების მომენტიდან (მუხლები 293, 302). ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით (სსსკ-ის 295-ე მუხლი) სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან (საჩივრის დასაშვებობის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს 10 დღიანი ვადა აქვს) 2 თვის ვადაში. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის განხილვის ვადას, საკასაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაქვს საქმისა და საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში (სსსკ-ის 303-ე მუხლი). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვის ვადებმა არ შეიძლება გაუჩინოს პირს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი საბოლოობის განცდა (მოლოდინი).
29. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განსახილველი დავის ფარგლებში, არ წარმოადგენენ საბოლოო ეფექტის მქონე (res judicata) აქტებს, ვინაიდან კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნადაა გარანტირებული გასაჩივრების შესაძლებლობა და მისი შემდგომი განხილვისათვის დადგენილია გონივრული ვადები. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების წარდგენის და ამ ინსტანციის სასამართლოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, არ იწვევენ პირის განმეორებით მსჯავრდებას და, ამგვარად, არ არღვევენ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
30. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მათ შორის გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62). ამასთანავე, „უდანაშაულობის პრეზუმფცია არა მხოლოდ “შედეგზე-ორიენტირებული” გარანტიაა, რომლის მიზანია მიკერძოებისა და წინასწარ შექმნილი მოსაზრებებისგან თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია აგრეთვე პირის რეპუტაციის დაცვა მას შემდეგ, რაც სამართალწარმოება მის სასარგებლოდ დასრულდება, რათა საზოგადოების სხვა წევრების მიერ ის არ იქნეს აღქმული დამნაშავედ, როდესაც დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის № 3/1/633, 634 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-31).
31. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური გარანტია, ერთ მხრივ, ვრცელდება კონკრეტულ საქმეზე, სისხლის სამართლის მთელი პროცესის მანძილზე, რომლის მიზანს მიკერძოებისა და წინასწარ შექმნილი მოსაზრებებისგან თავისუფალი სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, მეორე მხრივ, კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ასევე მოიცავს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ იმ პირთა წრის რეპუტაციის დაცვას, რომელთა დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული გარანტია მიზნად ისახავს, გააქარწყლოს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შესაძლო არაჯანსაღი შეხედულება გამართლებული პირის დამნაშავეობასთან მიმართებით, რათა არ მოხდეს ინდივიდის უსამართლო სტიგმატიზაცია.
32. უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური პრინციპი, თავისი არსით, მჭიდროდ უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების ელემენტებს, ისევე როგორც კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დაცულ გარანტიებს, სისხლის სამართლის პროცესში მტკიცების ტვირთის განაწილებასა და მტკიცებულებების ხარისხობრივი მოთხოვნების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი „ემსახურება რა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას, ადგენს საპროცესო გარანტიას, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/13/711 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
33. უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტური პროცესუალური პრინციპის აღიარებით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, უზრუნველყოს სახელმწიფოს როგორც სისხლის სამართლის პროცესში ინსტიტუციურად ძლიერი მხარის გონივრული შეკავება. კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი კანონმდებელს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელიც შეძლებს სისხლისსამართლებრივ პროცესს დაქვემდებარებული პირის ინტერესების ჯეროვან დაცვას, არ ჩააყენებს მას არათანაბარ (არასამართლიან) პირობებში და გამორიცხავს სახელწიფო ორგანოთა მიერ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.
34. განსახილველი საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები უფლებამოსილი არიან, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე განიხილონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი საქმე. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური უფლების საწინააღმდეგოა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ, საქმის განხილვის დაწყება და ყოველი განხორციელებული მოქმედება გასაჩივრებულ საქმეზე იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
35. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ კანონმდებლობამ სისტემურად არ დაუშვას სისხლის სამართლის პროცესს დაქვემდებარებული პირის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც გაუმართლებლად, სათანადო პროცედურის გამოყენების გარეშე გახდის შესაძლებელს მის ბრალდებასა და დამნაშავედ აღიარებას. ცხადია, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური და დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი. სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აქვს ვალდებულება, სამართალწარმოების მთელი პროცესის მანძილზე იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა საკუთარი ქმედებით ობიექტურ დამკვირვებელს არ გაუჩინოს პროცესს დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის ვარაუდის საფუძველი. ბუნებრივია, უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური პრინციპი განსაკუთრებით მკაცრ მოთხოვნებს უწესებს საქმის განმხილველ სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემაში მისი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური როლის გათვალისწინებით, ზედამხედველობა გაუწიოს სამართალწარმოების მიმდინარეობას და დაიცვას პროცესის მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და სამართლიანობა.
36. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი უკავშირდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ზედა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას, შეცვალოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია, per se, არ ქმნის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საფრთხეს, ვინაიდან არ ადგენს ისეთ წესს, რომელიც რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დააყენებდა სისხლის სამართლის პროცესს დაქვემდებარებული პირის ბრალეულობას. ცხადია, სასამართლო, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანცია, საქმის განხილვის დაწყების მომენტიდან ვალდებულია, იმოქმედოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგის მიუხედავად, დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია. აღსანიშნავია მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები იმთავითვე არღვევენ კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, როდესაც საქმეს განიხილავენ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე. აღნიშნულის საპასუხოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმები არ აწესრიგებს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის წესსა და პროცედურას, არ შეეხება სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ფარგლებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული არგუმენტი სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას ეფუძნება და არ ექვემდებარება შეფასებას სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების კონტექსტში.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ემუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7,მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №636 („საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი
ირინე იმერლიშვილი