საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/3/638 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 14 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 თებერვალი 2017 22:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოსადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების: „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ლევან ალაფიშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია; მოწმე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №638) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 1 აპრილს. 2016 წლის 10 მაისის 1/6/638 საოქმო ჩანაწერით სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. №638 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოს მიერ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვა ხდება ერთპიროვნულად, თავად იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის პირველ წინადადებას, იგი განსაზღვრავს, რომ „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, ხოლო მისი მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენისას, საგადასახადო ორგანოს მხოლოდ ფორმალური ხასიათის დასაბუთების ვალდებულება გააჩნია. ამასთან, თავად კონფიდენციალური ინფორმაციის ადრესატი პირი, სადავო ნორმებით, პირდაპირ არის გამორიცხული როგორც შესაბამისი შუამდგომლობის სასამართლოში განხილვის პროცესიდან, ისე იმ პირთა წრიდან, ვისაც გააჩნია სასამართლოს ბრძანების გასაჩივრების უფლება.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულია საქმის ზეპირი განხილვის, შეჯიბრებითობისა და დაცვის უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის თავიდან აცილების გარანტიას ქმნის, უგულებელყოფილია სადავო ნორმებით.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კანონპროექტში სადავო ნორმების მიღების მიზნებად გათვალისწინებული იყო საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კერძოდ, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისას ფინანსურმა დაწესებულებებმა შესაძლოა დაარღვიონ მონაცემთა დამუშავების ადეკვატურობისა და პროპორციულობის პრინციპი.
8. მოსარჩელე მხარე არ იზიარებს სადავო პროცედურების გამართლებას ინფორმაციის გადაცემის სისწრაფით და პირის შეუტყობინებლობის ინტერესით. მოსარჩელის აზრით, არ იკვეთება ის მიზანი, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის გადაცემის შესახებ პირისთვის შეუტყობინებლობას.
9. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
10. პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოსადმი მიმართვისთვის აუცილებელია, არსებობდეს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნა კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის შესახებ. მოპასუხის განცხადებით, აღნიშნული წესი პრაქტიკაში გამოიყენება საქართველოს არარეზიდენტი გადასახადის გადამხდელის მიმართ.
11. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მიღების მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება: ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთა. პირის გამორიცხვა სასამართლოში შუამდგომლობის განხილვისგან განპირობებული იყო იმით, რომ თავიდან აერიდებინათ მისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ შეტყობინება, რათა მას თავის მხრივ ზეგავლენა არ მოეხდინა საბანკო ანგარიშებზე. ამასთან, პარლამენტის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით პირისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ შეტყობინების ინტერესი არ არსებობს.
12. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობაში მითითებულია საიდენტიფიკაციო მონაცემები, კომერციული ბანკის დასახელება, მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა, საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და წერილობითი განმარტება, რომელიც მიუთითებს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს ინფორმაცია და გამომდინარეობს თუ არა აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან. მოპასუხის აზრით, საერთაშორისო ხელშეკრულებები თავად შეიცავს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება გამოთხოვილი იქნეს კომერციული ბანკიდან.
13. მოპასუხის განცხადებით, გადასახადის გადამხდელის ინფორმირების, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის ვალდებულება გააჩნია იმ ქვეყანას, რომელიც ახდენს ინფორმაციის გამოთხოვას. ამასთან, მოპასუხის აზრით, ინფორმაციის გადაცემის შესახებ, post factum, შეტყობინებას მოქმედი რეგულაცია არც კრძალავს და არც უშვებს.
14. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ მოწმის მამუკა ბარათაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაიზიარა პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გამოთქმული პოზიციები აისახა საქართველოს კანონმდებლობაში.
15. თავისი არგუმენტების გასამყარებლად პარლამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა საერთაშორისო პრაქტიკა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
16. მოწმის მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, საქმის განხილვის მომენტისათვის საქართველოს 55-მდე ქვეყანასთან აქვს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.
17. გარდა ამისა, სადავო რეგულაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს „საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპის საბჭოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 1988 წლის მრავალმხრივი კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
18. მოწმის განცხადებით, ინფორმაციის გაცვლის შესახებ მოთხოვნა მოიცავს იმასაც, თუ რამდენად სასწრაფოა ინფორმაციის გადაცემა და მითითებას შესაბამის არგუმენტაციაზე. ასევე, კეთდება მითითება, სახელმწიფომ შეატყობინოს თუ არა პირს ინფორმაციის გადაცემის შესახებ და დაასაბუთოს შეტყობინებაზე უარი.
19. მოწმის განცხადებით, ინფორმაციის მიწოდებისას სახელმწიფო წარმოადგენს მხოლოდ ამ ინფორმაციის გამტარს და შუამდგომლობის დაყენებისას იგი არ წარმოადგენს მხარეს. მისი ცნობით, ბევრ ქვეყანაში საგადასახადო ორგანოს აქვს პირდაპირი წვდომა საბანკო ინფორმაციაზე. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლოს ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ დაადგინოს, არის თუ არა შუამდგომლობით დაყენებული მოთხოვნა საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისი.
20. მოწმის აზრით, საბანკო დაწესებულებიდან ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს უნდა მიეწოდოს შეუფერხებლად. ინფორმაციაზე არაპირდაპირი წვდომა სასამართლოს მეშვეობით არ უნდა იყოს რთული და დროში გაჭიანურებული. დაუშვებელია, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ინფორმაციის გადაცემაზე მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის განკარგულებაშია.
21. მოწმის განცხადებით, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ დაიცავენ გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალობას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სამოდელო კონვენცია შემოსავალზე და კაპიტალზე გადასახადის შესახებ ითვალისწინებს „სავარაუდო საჭიროების“ სტანდარტით საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის ფართო მოცულობით გაცვლას. მოწმის აზრით, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, მოითხოვონ ინფორმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, არ იქნება საჭირო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო საქმეებისთვის.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. ხსენებული კონსტიტუციური დებულება ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტირებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი რეგლამენტირებულია დაცვის უფლება.
2. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტულ გარანტს წარმოადგენს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დასაცავად, რომელიც, თავისი არსით, უფლებას წარმოადგენს. სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ჯეროვანი სტანდარტების უზრუნველყოფა არსებითად განაპირობებს კონკრეტული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. „სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/1/403,427 გადაწყვეტილება საქმეზე ,,კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). „ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს… უფლებებისა და თავისუფლებების არსებობისა და ეფექტური რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობას. უფლება ის ლეგიტიმური ინტერესია, რომელიც ამართლებს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირის თავისუფლების შეზღუდვას. ხოლო კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში უფლების სუბიექტს შეუძლია, მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაციები ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცული უფლების მოთხოვნებს.
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კომერციული ბანკიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი, მხოლოდ საგადასახადო ორგანოს აქვს მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივრის შეტანის უფლება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
5. ამდენად, სადავო ნორმების თანახმად, სასამართლოს მიერ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვაში არ მონაწილეობს ის პირი, ვის შესახებ არსებული ინფორმაციის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა განიხილება (შემდგომში - ინფორმაციის სუბიექტი) და, ამასთან, მას არ აქვს სასამართლოს ბრძანების გასაჩივრების უფლება. აღნიშნული ბრძანების კანონიერებაზე დავის შესაძლებლობას პირდაპირ გამორიცხავს ის გარემოება, რომ პირს არც ერთ ეტაპზე არ ატყობინებენ ინფორმაციის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცედურის მიმდინარეობისა და სასამართლოს ბრძანების არსებობის შესახებ.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოების პრაქტიკით უკვე განმარტა ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით. კერძოდ, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/503,513 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვის ან/და დამცველით უზრუნველყოფის უფლება, რისი მიღწევაც, უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
7. ამასთან, სასამართლომ გამოხატა თავისი პოზიცია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროებასთან დაკავშირებით. „ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს, როდესაც პირის მონაწილეობას პროცესში შეუძლია გავლენის მოხდენა საკითხის გადაწყვეტაზე. კერძოდ, როდესაც ხდება ფაქტობრივი გარემოებების შეფასება (ან თავიდან შეფასება), ამასთან, როდესაც პირს შეუძლია ახალი ფაქტების, გარემოებების წარდგენა, რომელთა შეფასება ჯერ არ მომხდარა და, როდესაც მისი უშუალო მონაწილეობა პროცესში, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე (რომელიც ინდივიდუალურად შეფასებადია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში), პოტენციურად ზრდის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, ერთი მხრივ, იცავს ადამიანის შესაძლებლობას, წარმოადგინოს მისი უფლების შეზღუდვის საჭიროების კონტრარგუმენტები, გამოხატოს თავისი პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ზეპირი მოსმენის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს განხილვა საჭიროებს ფაქტების დადგენას. იმისათვის, რომ დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებში რამდენად არსებობს ინფორმაციის სუბიექტის სასამართლოს მხრიდან მოსმენის საჭიროება, პირველ რიგში უნდა შეფასდეს, თუ რა ტიპის ინფორმაციის გამოთხოვა ხდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე და, ზოგადად, რა მიზნით არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII12 თავით (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი) განსაზღვრული ინსტიტუტი.
9. საქმეზე მოწმის სახით მოწვეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მამუკა ბარათაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება უმეტესწილად გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის თაობაზე დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. განსახილველი საქმის მიმდინარეობის დროისთვის, საქართველოს 55-მდე სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული ამგვარი ხელშეკრულებები. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულება აღებული აქვს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპის საბჭოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 1988 წლის მრავალმხრივი კონვენციითა და „საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ სახელმწიფოებთან ორმხრივი შეთანხმებებით.
10. საქართველოს მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორც წესი, შეესაბამება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ „შემოსავალზე და კაპიტალზე გადასახადის შესახებ“ სამოდელო კონვენციის დებულებებს. ხსენებული კონვენცია შემუშავებულია როგორც საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელსაც ხშირად იზიარებენ სახელმწიფოები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების დადებისას.
11. ამრიგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII12 თავი მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის მიზნებისათვის კომერციული ბანკიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მისაღებად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფას ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.
12. „შემოსავალზე და კაპიტალზე გადასახადის შესახებ“ სამოდელო კონვენციის მიხედვით, ინფორმაციის მოთხოვნისას მოქმედებს „სავარაუდოდ საჭიროს” სტანდარტი, რა დროსაც სახელმწიფო ვალდებულია, სხვა სახელმწიფოს გადასცეს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, საჭირო იქნება სახელმწიფოთა შორის დადებული კონვენციის დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში მხარეთა შორის დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. ამასთან, ინფორმაციის გაცვლა შეზღუდული არ არის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახადებთან მიმართებაში.
13. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც სხვა სახელმწიფოს შეიძლება გადაეცეს ზემოაღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისას. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიაწოდონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
14. კანონი იცავს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობას. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირებული ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად და არადანიშნულებისამებრ გამოყენების თავიდან აცილების მიზნებისთვის კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლით დასჯად ქმედებას.
15. სხვა სახელმწიფოსათვის ინფორმაციის გადაცემამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება იმ შემთხვევებში, როდესაც გამჟღავნდება, მაგალითად, სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება. ხსენებული ინფორმაციების დაცვის ინტერესზე მიუთითებენ თავად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეს ათავისუფლებენ ამგვარი ინფორმაციის მომთხოვნი სახელმწიფოსათვის მიწოდების ვალდებულებისგან. ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფორმაციის მომთხოვნ სახელმწიფოში გამოძიების დაწყებას, რამაც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ქონებრივი ზიანის მიყენება ბიზნეს საქმიანობაზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია მაღალი ინტერესი, რომ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიებით და სასამართლოს გააცნოს თავისი მოსაზრება იმ ინფორმაციის/ინფორმაციის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით, რომლის მიღებასაც ელოდება მომთხოვნი სახელმწიფო.
16. ამდენად, პირის შესახებ კომერციულ ბანკში შენახული ფინანსური, კომერციული თუ სხვა სახის ინფორმაციის დაცვა და მისი გაუმჟღავნებლობა სახელმწიფოებისთვის და მესამე პირებისთვის წარმოადგენს ინფორმაციის სუბიექტის, როგორც კონსტიტუციით დაცული უფლების ნაწილს, ასევე კანონით დადგენილ ინტერესს.
17. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა და მისი გადაცემის შემთხვევაში ზიანის მომტანი შედეგის დადგომა, ხშირ შემთხვევებში, შესაძლოა ინფორმაციის გადაცემამდე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პირის მონაწილეობას, მის მიერ ფაქტობრივი გარემოებებისა თუ არგუმენტაციის წარმოდგენას საჭიროებდეს. სასამართლომ უნდა შეამოწმოს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიზნები, პირისთვის შეტყობინების საჭიროება, გადასაცემი ინფორმაციის მოცულობა, რაც არ არის ფორმალური კრიტერიუმები და მოითხოვს საქმის შინაარსობრივ გამოკვლევას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია მომეტებული ინტერესი, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით მიიღოს მონაწილეობა სამართალწარმოებაში, წარმოადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და დაუსვას საგადასახადო ორგანოს ის კითხვები, რომლებიც გულისხმობს საქმის შინაარსობრივ შესწავლას. „მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი საფუძვლების დასაბუთებულობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).
18. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოება უცხო ქვეყნისათვის ამა თუ იმ ინფორმაციის გადაცემის შესახებ, სასამართლოს ნებართვის გაცემის თაობაზე, საჭიროებს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევას და საქმის შინაარსობრივ შესწავლას. გადასახადის გადამხდელმა შესაძლოა წარმოადგინოს არგუმენტაცია ან ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს მოთხოვნილი ინფორმაციის ან ინფორმაციის ნაწილის გადაცემის უსაფუძვლობაზე.
19. ამდენად, სადავო ნორმებით პირს შესაძლებლობა არ აქვს, სხვა სახელმწიფოსათვის ინფორმაციის გადაცემის მიზნით, კომერციული ბანკიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვისას სამართალწარმოებაში მონაწილეობა მიიღოს. ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, გაასაჩივროს მისი უფლებების შემზღუდველი ღონისძიება. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც ახდენს ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზების შეზღუდვას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცულ უფლებებში ჩარევას.
20. დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელმისაწვდომობით სარგებლობის მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). „სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). აუცილებელია, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
22. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512 საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმურ საჯარო მიზანს ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულაცია, დაწესებული შეზღუდვით რამდენად დაცულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები.
23. პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შესაზღუდად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, საჯარო ინტერესი, რომლის დაცვასაც დადგენილი რეგულირება ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი სამართალწარმოების პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). განსახილველი საქმის ფარგლებში მოპასუხისა და მოწმის მიერ შეზღუდვის გასამართლებლად დასახელდა ლეგიტიმური მიზნები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარეობს.
24. როგორც აღინიშნა, საქართველო არის რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების, ხელშემკვრელი მხარე. აღნიშნული ხელშეკრულებებით საქართველოს საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულება აქვს აღებული გადასახადის გადამხდელთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული ვალდებულება უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხელშეკრულების მიზანი და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მიეცეთ შესაძლებლობა, განახორციელონ ის ღონისძიებები, რომელთათვისაც ესაჭიროებათ გადასაცემი ინფორმაცია.
25. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სხვა სახელმწიფოსათვის ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში პირის მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებდეს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის (ინფორმაციის გადაცემის) ეფექტურობას და, შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა საგადასახადო სფეროში, რომელიც ემსახურება გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას, ნამდვილად წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც შესაძლებელია შეიზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ეფუძნება ორმხრივ თანამშრომლობას. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე ინფორმაციის გადაცემა ხელს უწყობს არა მხოლოდ უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის დამალვის ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას, არამედ, ასევე საქართველოს საგადასახადო ორგანოების ეფექტურ მუშაობას, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სათანადო ინფორმაცია უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოებიდან.
26. ინფორმაციის გადაცემის შესახებ მოთხოვნა შეიძლება ეფუძნებოდეს ისეთ შემთხვევას, როდესაც გადასახადის გადამხდელისთვის შეტყობინება ხელს შეუშლის ინფორმაციის მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების (გამოძიების, საგადასახადო შემოწმების და ა.შ.) ჯეროვნად განხორციელებას. ასევე, შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის მოთხოვნა თავისი ბუნებით უკავშირდებოდეს ისეთ გარემოებას, რომელიც მის დროულ და სწრაფ გადაცემას საჭიროებს. ინფორმაციის დაგვიანებული გადაცემა შესაძლოა აზრს უკარგავდეს იმ პროცედურების ადეკვატურად განხორციელებას, რომელთა ჩატარების მიზნებისთვის იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ დროულად ჩაატაროს შიდა პროცედურები და მოიპოვოს გადასაცემი ინფორმაცია.
27. სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, სამართალწარმოებიდან ინფორმაციის სუბიექტის დისტანცირების საშუალებით სხვა სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების ეფექტურობას და, მეორე მხრივ, ინფორმაციის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. როგორც აღინიშნა, უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც.
28. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად წარმოადგენს სადავო რეგულაციები სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების შეზღუდვის აუცილებელ საშუალებებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელისთვის შეუტყობინებლობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისა და სწრაფი მართლმსაჯულების მიზნის მიღწევას რამდენად თანაზომიერი საშუალებით ახორციელებს კანონმდებელი.
29. საქმეზე მოწმის სახით მოწვეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მამუკა ბარათაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ძირითადად, მოიცავს შემდეგ მონაცემებს: მითითებას სამართლებრივ საფუძველზე, შესაბამის დოკუმენტაციაზე; დასაბუთებას, რამდენად სასწრაფოა პასუხის მიღება მაგალითად, ხანდაზმულობის ვადის გამო, პირი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, მიმდინარეობს სასამართლო დავა თუ სხვა მიზეზთა გამო, რომელიც ასევე უნდა იქნეს დაკონკრეტებული; იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებაც ითხოვენ ინფორმაციას; მოთხოვნა, შეატყობინონ თუ არა გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის გადაცემის შესახებ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა შეატყობინონ აღნიშნულის შესახებ; დასაბეგრი პერიოდი, რომელთან დაკავშირებითაც ხდება ინფორმაციის მოთხოვნა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები; რა ტიპის ინფორმაციას ითხოვს სახელმწიფო; დასაბუთება, თუ რატომ მიაჩნია მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ინახება თხოვნის მიმღებ იურისდიქციაში, ან ფლობს ან აკონტროლებს ამ იურისდიქციაში მყოფი პირი; იმ პირის სახელი და მისამართი, რომელიც, სავარაუდოდ, ფლობს მოთხოვნილ ინფორმაციას; ფორმა, რომლითაც სახელმწიფო ითხოვს ინფორმაციის გადაცემას; პასუხის თარგმანის საჭიროება.
30. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება ყველა ვითარებაში, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა ზემოთ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების დასაცავად პირის სამართალწარმოებიდან დისტანცირების ინტერესი. როგორც აღინიშნა, სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის გადაცემის თაობაზე, inter alia, შეიცავს დასაბუთებას, რამდენად სასწრაფოა პასუხის მიღება, ასევე მითითებას, შეატყობინონ თუ არა გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში არ არსებობს ინფორმაციის განსაკუთრებულად მოკლე ვადებში გადაცემისა და გადასახადის გადამხდელისათვის შეუტყობინებლობის ინტერესი.
31. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მიერ შუამდგომლობაში მხოლოდ შემდეგის მითითებას: საიდენტიფიკაციო მონაცემები, კომერციული ბანკის დასახელება, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა, საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს. მოპასუხის განმარტებით, წერილობით განმარტებაში მიეთითება, სასამართლოსადმი მიმართვას რომელი საერთაშორისო ხელშეკრულება უდევს საფუძვლად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა იმ ტიპის ინფორმაციას, რომლის გაცვლაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.
32. ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან აშკარაა, რომ კანონმდებელს აქვს შესაძლებლობა, დაადგინოს ისეთი რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, არსებობს თუ არა გადასახადის გადამხდელისთვის შეუტყობინებლობის ინტერესი და რამდენად სწრაფად უნდა იქნეს ინფორმაცია გადაცემული მომთხოვნი სახელმწიფოსათვის. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმა საქმის განმხილველ სასამართლოს არ აძლევს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, რამდენად არსებობს გადასახადის გადამხდელისთვის შეუტყობინებლობის ლეგიტიმური ინტერესი და რამდენად შეიძლება გამოდგეს იგი სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის, რამდენად გადაწონის ის პირის უფლებას, მიიღოს მონაწილეობა მის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოებაში, ეცნობოს და გაასაჩივროს მის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
33. გარკვეულ შემთხვევაში ინფორმაციის მომთხოვნმა სახელმწიფომ (უფლებამოსილმა პირმა) შესაძლოა წარმოადგინოს მყარი არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა შეიტყოს ინფორმაციის სუბიექტმა მის მიმართ სხვა სახელმწიფოში წარმოებული პროცედურების შესახებ (მაგ., მნიშვნელოვანი ფინანსური ინფორმაციის განადგურების რისკის არსებობა) ან რატომ არსებობს ინფორმაციის დაუყოვნებლივ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაცემის ინტერესი. თუმცა, როგორც განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, არსებობს შემთხვევები, როდესაც არ არის სახეზე ზემოთ დასახელებული ინტერესების დაცვის საჭიროება. სადავო რეგულაციით ინფორმაციის სუბიექტს ყველა შემთხვევაში აქვს ჩამორთმეული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
34. ამდენად, სადავო რეგულაციებიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვერ აფასებს, რამდენად შეიცავს პირის სამართალწარმოებაში მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ საფრთხეებს და რამდენად არსებობს ინფორმაციის სუბიექტისათვის შეუტყობინებლად საქმის განხილვის აუცილებლობა. სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საქმე განიხილოს ინფორმაციის სუბიექტისთვის შეუტყობინებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის საჭიროება არსებობს. ასეთი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში ინფორმაციის სუბიექტი უნდა ჩართოს სამართალწარმოებაში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არაპროპორციულად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
35. სამართლიანი სასამართლოს უფლების ადეკვატური დაცვა მოითხოვს, რომ პირი სასამართლოში დაცვის გარანტიით იქნეს აღჭურვილი ყველა იმ ეტაპზე, რომელიც უფლების სრულყოფილად დაცვას უზრუნველყოფს. იმ პირობებშიც კი, როდესაც სასამართლომ ინფორმაციის სუბიექტის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის აუცილებლობა დაინახა, ინფორმაციის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის სუბიექტისათვის შეუტყობინებლობის საჭიროება ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. შეუტყობინებლობის საჭიროება გაქრება იმ ეტაპზე, როდესაც ინფორმაციის მომთხოვნ სახელმწიფოში წარმოებული პროცედურები დასრულებულია ან სხვა მიზეზით აღარ არსებობს მათი ეფექტურად განხორციელების საფრთხე, მაგალითად, თუ გამოყენებულია პროცედურის უზრუნველმყოფი ღონისძიებები (მაგ., ყადაღის დადება) ან აღნიშნული მიზნის მისაღწევად მიღებულია სხვა სათანადო ზომები.
36. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროიდან, როდესაც აღარ იარსებებს ინფორმაციის გადაცემის შესახებ გადასახადის გადამხდელისათვის შეუტყობინებლობის ინტერესი, კერძოდ, როდესაც აღარ არსებობს ის საფრთხეები, რაც უკავშირდებოდა პირის მიერ ამ ინფორმაციის გადაცემის თაობაზე შეტყობას სხვა სახელმწიფოში მიმდინარე საგამოძიებო თუ სხვა პროცედურებისათვის, პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საჭიროება ქრება. აუცილებელია, ასეთ შემთხვევებში პირმა შეიტყოს ინფორმაციის გადაცემის შესახებ და ამავე დროს კანონმდებელმა უზრუნველყოს იგი სათანადო სამართლებრივი მექანიზმებით, რათა მან, post factum, მოახდინოს თავისი უფლებების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვა არათანაზომიერად უნდა შეფასდეს.
37. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონმდებელი ვალდებულია, სადავო საკითხი მოაწესრიგოს ისე, რომ ინფორმაციის სუბიექტის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა დაუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ამის საჭიროება არსებობს. ასეთი პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება ინფორმაციის სუბიექტისათვის შეტყობინებიდან მომდინარე საფრთხეები, მას უნდა ეცნობოს ჩატარებული ღონისძიების შესახებ და მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციული ბანკებისგან გამოთხოვა და სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემა.
38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ და პროპორციულ საშუალებას. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების: „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც: ა) მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტოს შუამდგომლობის განხილვაში იმ პირის მონაწილეობის საკითხი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) პირის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მისთვის შეტყობინების ვალდებულებას მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება შეტყობინებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ამავე კოდექსის 2150 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს იმ პირის, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობას, შეიტანოს საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელები №638 („საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების: „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც:
ა.ა) მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტოს შუამდგომლობის განხილვაში იმ პირის მონაწილეობის საკითხი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ა.ბ) პირის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მისთვის შეტყობინების ვალდებულებას მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება შეტყობინებასთან დაკავშირებული საფრთხეები;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირის, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობას შეიტანოს საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა