საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 638 |
ავტორ(ებ)ი | ლევან ალაფიშვილი |
თარიღი | 31 მარტი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი: ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი. ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას. გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს; დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - საქართველოს კანონის ”საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი”-ს გასაჩივრებული ნორმები საკანონმდებლო ცვლილების/დამატების სახით მიღებულია 2014 წლის 12 დეკემბერს (კანონი N2947-Iს), არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა; ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებას (მუხლი 42.1. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება), მის შეზღუდვას ნორმატიული აქტის/კანონის გასაჩივრებული ნორმებით; ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული; ზ) არ შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობის საკითხს |
რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ”საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (N2947-Iს. გამოქვეყნებულია 2014 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. სარეგისტრაციო კოდი: 030000000.05.001.017577), რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა 2 თავი რომლებიც შეეხება საბანკო საიდუმლოების შეზღუდვას, საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო ინფორმაციის მიღებას. აღნიშნული ცვლილებებიდან ერთი თავი (თავი VII*11 ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე) შეეხება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ საბანკო ინფორმაციის გამოთხოვას საბანკო დაწესებულებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნის მიუხედავად საგადასახადო ორგანოს არ გადასცა. გასათვალისწინებელია, რომ ამ თავით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლო საკითხს განიხილავს გადასახადის გადამხდელის/საბანკო ანგარიშის მფლობელის მონაწილეობით და ამ უკანასკნელს ამავე კანონით რჩება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. აღნიშნულის საპირისპიროდ, პროცედურულ საკითხებთან მიმართებაში, აბსოლუტურად განსხვავებული რეგულაციების მოცემული ცვლილებების მომდევნო თავში (თავი VII*12 ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე) - ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის (მხოლოდ ფორმალური) დასაბუთება მოეთხოვება, სასამართლოსადმი მიმართვამდე ინფორმაციის მოპოვებისა თუ დასაბუთების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, გადასახადის გადამხდელს/საბანკო ანგარიშის მფლობელს არათუ არაფერი ეცნობება, არამედ კანონით პირდაპირ ეზღუდება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, ხოლო შემდგომ კი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც. არათუ კონსტიტუციის, არამედ თვით ამავე ცვლილების ნორმების საწინააღმდეგოობა წარმოჩინდება ერთი საკანონმდებლო აქტის 2 სხვადასხვა თავში მოცემული, პროცედურული თვალსაზრისით ერთი და იგივე საკითხისადმი დაკავშირებული, შემდეგი ნორმების შედარებით: <<< სასამართლოს განხილვაში მონაწილეობის უფლება>>> ”მუხლი 21*47. 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის პირი/მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება).” ”მუხლი 21*50. 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.” <<<სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება>>> მუხლი 21*47. 9. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.” მუხლი 21*50. 7. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.” მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმები, კერძოდ 21*50 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგი წინადადება ”იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.” და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგი წინადადება ”საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში.” - უსაფუძვლოდ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუიციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს, რის გამოც მოვითხოვთ მათი კონსტიტუციურობის შემოწმებას. გასაჩივრებული აქტით აშკარად და პირდაპირ არის დეკლარირებული (ა) საქმის ზეპირი განხილვის; (ბ) შეჯიბრებითობის; (გ) დაცვის უფლების - სრული უგულებელყოფა, რაც ადამიანის უფლებებსა თუ თავისუფლებებში სახელმწიფოს (საგადასახადო ორგანოს) ჩარევისაგან, თვითნებობისაგან თუ შეცდომისაგან სასამართლოს მეშვეობით დაცვის ეფექტურ შესაძლებლობის გაუქმებას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს მოცემული მსჯელობა სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების მნიშვნელობასა და მინიმალურ სტანდარტზე, ამ ეტაპისათვის თავს შევიკავებთ მეტი არგუმენტების წარმოდგენისაგან, მითუმეტეს რომ ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მოცემული აქვს პოზიცია თავის 2014 წლის 23 მაისის #3/1/574 გადაწყვეტილებაში.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა