საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/22/770 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 22 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 დეკემბერი 2016 20:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და აგრეთვე 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №770) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს.
2. №770კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუქტის "ბ" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”. მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული აქვს ამ მუხლის სანქციის ის ნაწილი, რომელიც ასეთი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ადგენს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მოქმედი რედაქცია წარმოდგენილია შემდეგი სახით - „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის) “.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი კრძალავს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდებას.
6. მოსარჩელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სამართლებრივი ბუნების განმარტების მიზნით მიუთითებს, რომ მისი მოქმედი დისპოზიცია ჩამოყალიბდა 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებით, რომლის შესაბამისად, ნორმის ტექსტში სიტყვა „ხმარება“ ჩანაცვლდა სიტყვით „მოხმარება“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებით შეიცვალა ნორმის შინაარსიც, კერძოდ, დასჯადი გახდა „ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“, როგორც ცალკეული შემთხვევა ქმედების თავისებურების გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, ნორმის სამიზნე გახდა უფრო მეტად პირი, ვიდრე მის მიერ ჩადენილი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედება.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა, რომელიც სახდელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას მის შინაარსში გაწერილი ქმედებისათვის, მიზნად ისახავს არა იმდენად ნარკომანიის, როგორც სოციალური საფრთხის თავიდან აცილებას, ნარკომომხმარებლის განკურნებას და მის რესოციალიზაციას, არამედ მხოლოდ რეპრესიას და ქმედების ზოგად პრევენციას, რაც ეწინააღმდეგება დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს.
8. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია სამართლებრივი ბუნებით საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ სასჯელს. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, აღნიშნულზე ასევე მიუთითებს სადავო ნორმით პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში ამ ინფორმაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საერთო ბანკში უვადო შენახვის წესი და სადავო ნორმის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის ადმინისტრაციული პრეიუდიციის სახით გამოყენების შესაძლებლობა.
9. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ, როგორც ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადი მოხმარების შემთხვევაში, ისე ნარკომანიით დაავადებული პირის წინააღმდეგ ნებისმიერი ვადით პატიმრობის გამოყენება წარმოადგენს არაპროპორციულ და ღირსების შემლახველ სასჯელს.
10. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან ასევე გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებულ ქმედებას დამოუკიდებლად არ მოჰყვება იმგვარი ზიანი, რომელიც თავისი ინტენსივობით ფორმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ქმედების სისხლისსამრთლებრივი დასჯადობის მოთხოვნებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ ნორმაში არსებული ქმედებები არ წარმოადგენენ ისეთი სიმძიმის სამართალდარღვევებს, რისთვისაც შესაბამის პირს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს, მინიმუმ, 1000 ლარიანი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, სხვა მხრივ, სსკ-ის 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებისთვის რელევანტურია ის მსჯელობა, რომელიც წარმოდგენილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლთან დაკავშირებით.
13. ამის გარდა კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და ადამიანს აყენებს უარეს მდგომარეობაში იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ანალოგიური ქმედებისათვის დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ ორი კატეგორიის პირთა შორის, მათ მიერ ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საფრთხის თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა სიხშირისა, რაც, თავის მხრივ, არ სძენს ამ ქმედებას რაიმე განსაკუთრებულ სიმძიმეს.
14. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ სადავო ნორმის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია ადმინისტრაციული პრეიუდიცია. ნორმის სუბიექტია პირი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი იდენტური ქმედებისათვის. აღნიშნული გულისხმობს, რომ პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება მის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედება, რისთვისაც მან უკვე აგო პასუხი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, სადავო რეგულაცია არღვევს ერთი და იმავე დანაშაულისთვის სასჯელის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და აგრეთვე 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
16. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე დაყენებულია შუამდგომლობა მოცემული საქმე გაერთიანდეს №697-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან, მათი ერთობლივად, არსებითად განხილვის მიზნით. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში, სადავოა სახელმწიფოს ცალსახად რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რაც საქმის ერთად განხილვის საჭიროებას ქმნის.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და პირს აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ანალოგიური ქმედებისათვის დაეკისრათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს სადავო რეგულაციის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართების არსებობაში. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია, მოსარჩელემ მიუთითოს, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებულ მოპყრობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ნეიტრალური შინაარსის არის და თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, არ გამოყოფს რომელიმე პირს ან პირთა ჯგუფს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მოიცავს დამოუკიდებელ სამართალდარღვევათა შემადგენლობებს. ორივე სამართალდარღვევის ჩადენა თანაბრად აკრძალული და დასჯადია ყველა პირისთვის. შესაბამისად, სახეზე არ არის დიფერენცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
4. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მათ შორის იმ არგუმენტაციით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზაცია არ უნდა ხდებოდეს. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ არაჰუმანური სასჯელის გამოყენებით ირღვევა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით მოსარჩელე არსებითად სასჯელის არაპროპორციულ ხასიათზე დავობს. თუმცა სასჯელის არაჰუმანურობასთან დაკავშირებით არგუმენტაცია წარმოდგენილია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სახის სასჯელები, კერძოდ, ჯარიმა ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა რატომ არის არაპროპორციული. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება დასჯადი უნდა იყოს, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ ხსენებული ქმედების ჩადენისათვის გარკვეული ტიპის სანქციის გამოყენება დასაშვებია, ამ ფონზე სასჯელის არაპროპროციულობის დასასაბუთებლად იგი ვალდებულია, დაასაბუთოს მისი თითოეული სახის არაკონსტიტუციურობა და არა ზოგადად დასჯის არაპროპორციულობაზე მითითება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში, სარჩელი დასაბუთებულია მხოლოდ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში.
5. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ პრობლემურია ასეთი ქმედების კრიმინალიზაცია. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართების დასასაბუთებლად მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს თითოეული სახის სასჯელი რატომ არის არაპროპორციული და მისი სიმძიმის თუ სხვა ბუნებიდან გამომდინარე, არაჰუმანური. კონსტიტუციის მე-17 მუხლი პირებს იცავს სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ზემოქმედებისაგან და არა სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრისას ამა თუ იმ ქმედებისათვის სახელის დარქმევისაგან, სისხლის სამართლის კოდექსით ან სხვა სამართლებრივი აქტით მოწესრიგებისაგან. პირმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არის მის მიმართ გამოყენებული სასჯელი, სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი პასუხი არაჰუმანური და არა ის, თუ რატომ არის ესა თუ ის სამართალდარღვევა სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქცეული. მოსარჩელე მხარის განცხადება, რომ ესა თუ ის აკრძალული ქმედება თავისი შინაარსით არ წარმოადგენს საშიშროების იმ ხარისხს, რომ დადგეს ამ ქმედების კრიმინალიზაციის საჭიროება, არ არის საკმარისი ნორმის კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართების წარმოსაჩენად.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი დაუსაბუთებელია.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის 273-ე მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ახდენს ბრალის და სასჯელის გაორმაგებას, რა დროსაც პირი ისჯება არა მხოლოდ იმის გამო, რომ მან კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ვითარებაში ჩაიდინა არამართლზომიერი ქმედება, არამედ, ასევე იმ ქმედებისთვისაც, რომლის გამოც, მან პასუხი ერთხელ უკვე აგო (ადმინისტრაციული სასჯელის სახით). შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, ირღვევა როგორც ბრალის, ისე სასჯელის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპები.
7. სასარჩელო მოთხოვნაში არ არის წარმოდგენილი ჯეროვანი დასაბუთება, თუ რატომ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება განმეორებით მსჯავრს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 მუხლის მიზნებისთვის. მართალია, სადავო ნორმა შეიძლება აკისრებდეს პირს პასუხისმგებლობას იმავე აკრძალული ქმედებისათვის, თუმცა მისი გამოყენება ხდება მას შემდეგ, რაც პირი ხელმეორედ ჩაიდენს ასეთ დანაშაულს. ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია არა იმ ქმედებისათვის, რომელისთვისაც პირი ადმინისტრაციული წესით დაისაჯა, არამედ ახალი ქმედებისათვის, რომელიც სახელმწიფოს ახალ რეაგირებას მოითხოვს. ამა თუ იმ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის უფრო მძიმე პასუხისმგებლობის დაკისრება უცხო არ არის სისხლის სამართლისათვის. პირი შეიძლება დაისაჯოს უფრო მკაცრად იმ შემთხვევაში, თუ ხელმეორედ ჩაიდინა იგივე დანაშაული. პირის მიერ ამავე დანაშაულის წარსულში ჩადენის გამო ხდება არა ხელმეორედ მსჯავრდება, არამედ ეს გარემოება მიიჩნევა ახალი შემადგენლობის ერთ-ერთ ნიშნად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დაუსაბუთებელია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N770 სასარჩელო მოთხოვნის ზემოდასახელებულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
9. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. კონსტიტუციურ სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, ასევე გასაჩივრებულია კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. აღსანიშნავია, რომ სარჩელის რეგისტრაციის მომენტში სადავო ნორმა ასევე, ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მარიხუანის მოხმარებისთვის, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სადავო ნორმის ეს ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, N770 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ ქცეული 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების გამო, საქმის განხილვის მომენტისთვის ძალადაკარგულია. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
12. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, რომ მოცემული საქმე გაერთიანდეს №697-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან, მათი ერთობლივად, არსებითად განხილვის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
13. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №770 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
14. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელთან (N770) დაკავშირებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე მიღებულია განჩინება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილებში, რომელიც ეხება ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „... ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე იმსჯელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სადავო სიტყვების (სანქციის) კონსტიტუციურობაზე ამავე მუხლში გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენა, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო (გარდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანისა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სადავო სიტყვების (სანქციის) კონსტიტუციურობაზე ამავე მუხლში გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა, შენახვის გამო და აგრეთვე ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო გამო (გარდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანისა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №770 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №770 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე „საქართველოს სახალხო დამცველის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა №770 კონსტიტუციური სარჩელის №697 კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა