საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/770 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 22 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 დეკემბერი 2016 19:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „... ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და აგრეთვე 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №770) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს.
2. №770 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუქტის "ბ" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”. მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული აქვს ამ მუხლის სანქციის ის ნაწილი, რომელიც ასეთი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ადგენს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მოქმედი რედაქცია წარმოდგენილია შემდეგი სახით - „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის) “.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. მე-17 მუხლით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო მისი მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი კრძალავს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდებას.
6. მოსარჩელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სამართლებრივი ბუნების განმარტების მიზნით მიუთითებს, რომ მისი მოქმედი დისპოზიცია ჩამოყალიბდა 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებით, რომლის შესაბამისად, ნორმის ტექსტში სიტყვა „ხმარება“ ჩანაცვლდა სიტყვით „მოხმარება“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებით შეიცვალა ნორმის შინაარსიც, კერძოდ, დასჯადი გახდა „ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“, როგორც ცალკეული შემთხვევა ქმედების თავისებურების გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, ნორმის სამიზნე გახდა უფრო მეტად პირი, ვიდრე მის მიერ ჩადენილი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედება.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა, რომელიც სახდელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას მის შინაარსში გაწერილი ქმედებისათვის, მიზნად ისახავს არა იმდენად ნარკომანიის როგორც სოციალური საფრთხის თავიდან აცილებას, ნარკომომხმარებლის განკურნებას და მის რესოციალიზაციას, არამედ მხოლოდ რეპრესიას და ქმედების ზოგად პრევენციას, რაც ეწინააღმდეგება დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს.
8. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია სამართლებრივი ბუნებით საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ სასჯელს. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, აღნიშნულზე ასევე მიუთითებს სადავო ნორმით პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში ამ ინფორმაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საერთო ბანკში უვადო შენახვის წესი და სადავო ნორმის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის ადმინისტრაციული პრეიუდიციის სახით გამოყენების შესაძლებლობა.
9. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ, როგორც ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადი მოხმარების შემთხვევაში, ისე ნარკომანიით დაავადებული პირის წინააღმდეგ ნებისმიერი ვადით პატიმრობის გამოყენება წარმოადგენს არაპროპორციულ და ღირსების შემლახველ სასჯელს.
10. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან ასევე გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებულ ქმედებას დამოუკიდებლად არ მოჰყვება იმგვარი ზიანი, რომელიც თავისი ინტენსივობით ფორმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ქმედების სისხლისსამრთლებრივი დასჯადობის მოთხოვნებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ ნორმაში არსებული ქმედებები არ წარმოადგენენ ისეთი სიმძიმის სამართალდარღვევებს, რისთვისაც, შესაბამის პირს, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს, მინიმუმ, 1000 ლარიანი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, სხვა მხრივ, სსკ-ის 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებისთვის რელევანტურია ის მსჯელობა, რომელიც წარმოდგენილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლთან დაკავშირებით.
13. ამის გარდა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და ადამიანს აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ანალოგიური ქმედებისათვის დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ ორი კატეგორიის პირთა შორის, მათ მიერ ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საფრთხის თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა სიხშირისა, რაც, თავის მხრივ, არ სძენს ამ ქმედებას რაიმე განსაკუთრებულ სიმძიმეს.
14. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ სადავო ნორმის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია ადმინისტრაციული პრეიუდიცია - ნორმის სუბიექტია პირი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი იდენტური ქმედებისათვის. აღნიშნული გულისხმობს, რომ პირისთვის სისხლისსამართლებრვი პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება მის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედება, რისთვისაც მან უკვე აგო პასუხი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, სადავო რეგულაცია არღვევს ერთი და იმავე დანაშაულისთვის სასჯელის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და აგრეთვე 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
16. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე დაყენებულია შუამდგომლობა, მოცემული საქმე გაერთიანედეს N697-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან, მათი ერთობლივად არსებითად განხილვის მიზნით. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში სადავოა სახელწიფოს ცალსახად რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რაც საქმის ერთობლივად განხილვის საჭიროებას ქმნის.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №770 კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულია ორი ნორმა. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვები “… ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.” და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. აღნიშნული სადავო ნორმები, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია, მათ შორის, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებითაც.
2. მოსარჩელის არგუმენტაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში გათვალისწინებული სახდელი - პატიმრობის სახით, ამავე მუხლში განსაზღვრული სამართალდარღვევისთვის აშკარად არაპროპორციულ პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება ადამიანის არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენების დაუშვებლობას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-17 მუხლით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”.
4. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული სიტყვებით გათვალისწინებული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას ზოგადად იმ სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა / შენახვისთვის და აგრეთვე მოხმარებისთვის, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მიჩნეულია მცირე ოდენობად და ვერ აღწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ეტაპს. ნარკოტიკული საშუალებები და ის, თუ რა ითვლება მცირე ოდენობად ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალებისთვის, განსაზღვრულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამდენად, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული სიტყვები, ასევე წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის (მცირე ოდენობით) შეძენა / შენახვისთვის და აგრეთვე ამ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.
5. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა/შენახვისა და აგრეთვე მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციურობის თაობაზე და დაადგინა ასეთი ქმედებებისთვის (70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის) თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება). სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანის განმეორებით (ან არაერთგზის) მოხმარებისათვის(საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №13/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება).
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 8). მაშასადამე, დასახელებული ნორმა არის ინსტრუმენტი (შესაძლებლობა) საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არა მხოლოდ დაზოგოს დრო, არამედ ეფექტურად იმოქმედოს საკუთარი გადაწყვეტილებების დაძლევის საწინააღმდეგოდ და, რაც ყველაზე მთავარია, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენცია.
8. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს ფორმალურ, სიტყვიერ მსგავსებას“. „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას და არც მაინცა და მაინც იგივე კანონში ასეთი წესის გამეორებას. საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს არა კონკრეტულ სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებებს, არამედ ის აფასებს ნორმაში ასახულ პრობლემას, საკითხს, რომელიც გამოიხატება ამ სიტყვებში, ფრაზაში თუ წინადადებაში. სასამართლო ამ დროს სწავლობს უფლებაში ამა თუ იმ ფორმით, შინაარსით თუ ინტენსივობით ჩარევა ხომ არ იწვევს უფლების დარღვევას. შესაბამისად, თუ უფლებაში ჩარევის შედეგის მიხედვით, ახალი/ან კანონმდებლობაში არსებული სხვა რეგულაციით კონკრეტულ უფლებას დარღვევის არსებითად ან თვისობრივად იგივე საფრთხე ემუქრება, დამოუკიდებლად იმისგან, ასეთი რეგულაცია რომელ ნორმატიულ აქტში გაჩნდება/არსებობს ან იქნება თუ არა ის ტექსტუალურად არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის იდენტური, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დასახელებული ნორმა ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზევე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება №3/1/708,709,710).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება №1/5/525 საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 10). „სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 12).
10. ამ შემთხვევაშიც საკითხი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის გასაჩივრებული სიტყვები შეიცავს თუ არა იმავე შინაარსის ქცევის წესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად - „უნდა შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ძირითადი სტანდარტების, კრიტერიუმების მიხედვით: ა)ნორმა უნდა იწვევდეს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას; ბ)უფლების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მსგავსი სამართლებრივი საშუალებით; გ) უნდა იწვევდეს იდენტურ ან არსებითად მსგავს სამართლებრივ შედეგს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება, II-8).
11. საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია გაანალიზდეს როგორც სადავო ნორმის შინაარსი, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების არსი.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.
13. 2016 წლის 29 სექტემბრის №13/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
14. ზემოაღნიშნული ორივე განჩინება არსებითად დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და დადგინდა ამ საქმეებზე არსებული სადავო ნორმების დამძლევი ხასიათი.
15. ზემოაღნიშნულ საქმეებზე პრობლემას წარმოადგენდა არა ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების, არამედ მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის და აგრეთვე მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციურობა. ამასთან, ხსენებულ საქმეებში ყურადღება გამახვილებული იყო პირადი მოხმარების (და არა რეალიზაციის) მიზნებისთვის ასეთი დასჯადობის არაკონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის კონსტიტუციურობა სწორედ ამ ფარგლებში შეაფასა.
16. მოცემულ შემთხვევაშიც კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის ქცეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სანქციის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სახდელს ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა/შენახვისთვის ანდა ამ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრულია გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა, რომელიც ასეთად 5 გრამის ჩათვლით იგულისხმება. ხოლო ნედლი მარიხუანისთვის მცირე ოდენობა 10 გრამის ჩათვლით განისაზღვრება.
17. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებული ნორმა, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების მსგავსად, ითვალისწინებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენა/ შენახვისა და მოხმარების გამო პასუხისმგებლობას პატიმრობის სახით. ძირითადი განსხვავება სადავო და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის არის ის, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობის ზომა ორი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით არის დარეგულირებული. აგრეთვე, სხვაობაა ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაში და, შესაბამისად, მისი შეძენა/შენახვისთვისა და მოხმარებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის სიმძიმეში. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ითვალისწინებდა უფრო დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის (70 გრამამდე) და, შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით უფრო მძიმე დანაშაულად მიჩნეული ქმედებისთვის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით.
18. მოცემული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ მიჩნეული ნორმა შინაარსობრივად მიემართება იგივე კონსტიტუციურ უფლებას. ამასთან, მოცემული შეზღუდვა ხდება მსგავსი სამართლებრივი საშუალებით - სახდელის სახით გათვალისწინებული პატიმრობით. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ სამართლებრივ შედეგს. ამ თვალსაზრისით მივუთითებთ რამდენიმე გარემოებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №13/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება).
19. „საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფლების უფლების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მხრიდან მისი შეზღუდვის შესაძლებლობაზე უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია კონსტიტუციით დასაცავი მიზნების მისაღწევად. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კონტექსტში მიუთითა, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლების უპირობოდ შეზღუდვის აუცილებლობაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით“. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება). „სისხლის სამართლის - ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც ultima ratio. საზოგადოების და ადამიანის ინტერესების დასაცავად სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკიდურესი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის არასისხლისსამართლებრივი საშუალებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 33, 37).
20. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა კონკრეტული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ადეკვატურობის, პროპორციულობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით შეფასების კრიტერიუმებზე. „იმისათვის, რომ კონკრეტული სასჯელის არსებობა გამართლებული იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, ის, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს. ... სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისობრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და, რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 40, 43).
21. „საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის მიზნები კუმულაციაში შეიძლება/უნდა იქნეს მიღწეული. დაუშვებელია სახელმწიფომ პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შ ეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. შედეგად, სასამართლოს აზრით, მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის“. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება, II -14).
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში სასამართლომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი სასჯელის კონსტიტუციურობა შეაფასა ამ ნორმითვე განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნებთან კავშირის გზით, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობის გათვალისწინებით. სადავო ნორმის შემოღების ამოცანას წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის გავრცელების პრევენცია. იმავროულად, მარიხუანის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენციას, მოპასუხე უკავშირებდა კონსტიტუციით დაცული სიკეთის - ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს.
23. „ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ განასხვავა საფრთხე, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას და საფრთხე, რომელსაც გამავრცელებელი უქმნის სხვის ჯანმრთელობას. საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეში არსებული მასალებისა და ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ მარიხუანის მომხმარებლის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს საფრთხე, რომლის ინტენსივობა და ხარისხი სხვადასხვა გარემოებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. თუმცა ყველაზე მძიმე შედეგების გამოწვევის შემთხვევაშიც კი, სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია, პირს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება, II- 16).
24. “საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ასევე დადასტურებულად არ მიიჩნია მარიხუანის მოხმარებასა და სხვა დანაშაულის ზრდას შორის კავშირი. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან არ გამოირიცხება მარიხუანის მოხმარებით ზოგადად ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, მისი გავრცელება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი, მათ შორის, იწვევდეს პასუხისმგებლობას. ამიტომ, როდესაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ობიექტურად აჩენს რეალურ საფრთხეს მისი არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის თაობაზე, მაშინ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს პასუხისმგებლობა, რომლის ზომა/ხარისხი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნარკოტიკული საშუალების რაოდენობასთან.” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება, II- 17).
25. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 70 გ-მდე გამომშრალი მარიხუანა მაღალი ალბათობით არ მიანიშნებს მისი რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის გარდაუვალობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა: „როდესაც გამოირიცხება მარიხუანის რეალიზაცია, გამოირიცხება რეალიზაციის გზით სხვათა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეც. შესაბამისად, უსაფუძვლო, გაუმართლებელი და არაპროპორციული ხდება პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით პასუხისმგებლობის გამოყენება ... კანონმდებლის ვალდებულებაა, აღჭუროს სამართალშემფარდებელი შესაბამისი ინსტრუმენტებით, რათა გამოირიცხოს ადამიანის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევა მაშინ, როდესაც ამის რეალური საფუძველი და უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს. შედეგად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, კანონით სამართალშემფარდებლის დავალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, საამისოდ შესაბამისი ბერკეტების, მექანიზმების შეთავაზება, რომ მან ყოველ ჯერზე გაარკვიოს მარიხუანის შეძენა/შენახვის მიზანი და მხოლოდ მაშინ, როდესაც აშკარაა რეალიზაციის/გასაღების განზრახვა, გარდაუვალობა, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში და მოახდინოს დანაშაულის პრევენცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 93).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც რეალურად არ წარმოადგენდა სხვათა ჯანმრთელებისთვის საფრთხეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ შეიძლება ჩათვლილიყო სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში. „საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს, ან ყოველ ჯერზე მისი არსებობის მტკიცება შეუძლებელია, სასჯელი კვლავ მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც დაუშვებელია და გაუმართლებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 101).
27. წინამდებარე დავის ფარგლებშიც სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნები იდენტურია, ისევე, როგორც, თავისი არსით, იდენტურია ამ მიზნების მიღწევისთვის სახელმწიფოს მიერ შერჩეული გზა - თავისუფლების აღკვეთა. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ სტანდარტებზე დაყრდნობით, არაკონსტიტუციურად მიიჩნია პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის (არა მხოლოდ სადავო ნორმით გათვალისწინებული 7-14 წლამდე, არამედ ერთი დღითაც კი) გამოყენება. სადავო ნორმა, როგორც აღინიშნა, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 5 გრამამდე (5 გრამის ჩათვლით) გამომშრალი მარიხუანის და 10 გრამამდე (10 გრამის ჩათვლით) ნედლი მარიხუანის უკანონოდ შეძენა ან შენახვისთვის, ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. ამავე დროს, სახდელის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაფციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. მაშასადამე, სადავო ნორმით გათვალისწინებულია 70 გრამზე ნაკლები ოდენობის მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის და აგრეთვე მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის ხსენებული ნორმატიული შინაარსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევი და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
28. მოცემულ საქმეზე ასევე გასაჩივრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. აღნიშნული სადავო ნორმა მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია, მათ შორის, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებითაც. მისი მითითებით, ის არგუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სანქციის არაკონსტიტუციურად მიჩნევისთვის რელევანტურია 273-ე მუხლისთვისაც. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის უკვე ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №13/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინებით. შესაბამისად, ხსენებული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მარიხუანის შეძენა, შენახვა, დამზადებისათვის.
29. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის დამძლევ ხასიათთან დაკავშირებით ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა ასევე რელევანტურია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში წარმოდგენილი სანქციის იმ ნაწილისთვის, რომელიც აწესებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა და შენახვისთვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
30. ამავე დროს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ითვალისიწინებს ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის დასჯადობას, ვერ გამორიცხავს სადავო ნორმის დამძლევ ხასიათს. 273-ე მუხლის დამძლევ ხასიათზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ „ზოგადად, დასაძრახი ქმედების განმეორებით ან/და არაერთგზის ჩადენა შეიძლება განაპირობებდეს ყოველი ახალი დანაშაულის ფაქტის სიმძიმეს. შესაბამისად, ამა თუ იმ დანაშაულის განმეორებით ან არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პროპორციულობის საკითხი შეიძლება საჭიროებდეს დამოუკიდებლად შეფასებას და ამა თუ იმ ქმედებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანურ სასჯელად მიჩნევა თავისთავად არ მიუთითებდეს მისი არაერთგზის ჩადენისათვის იმავე სასჯელის გამოყენების არაკონსტიტუციურობაზე“ (2016 წლის 29 სექტემბრის №13/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება). თუმცა №1/4/592 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო თავისუფლების აღკვეთა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა, შენახვის გამო. 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა 14-ჯერ აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების ფარგლებში შეძენილი ან/და შენახული მარიხუანის რაოდენობას. შესაბამისად 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვა, მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე, არ ჩამოუვარდება 5 გრამამდე გამოშრალი მარიხუანის განმეორებით ან, თუნდაც არაერთგზის შეძენა- შენახვას. შესაბამისად, სასჯელი, რომელიც არაპორპორციულად იქნა მიჩნეული 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა- შენახვისათვის, ასევე, თავისთავად, არაპროპორციულია სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის.
31. ასევე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი აწესებს დასჯადობას არა მხოლოდ მარიხუანის შეძენა- შენახვის, არამედ მისი დამზადებისთვისაც. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მცირე ოდენობით მარიხუანის დამზადება თავისი არსით წარმოადგენს თუ არა ქმედებას, რომლის ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი არსებითი განხილვის ფორმატში უნდა გადაწყდეს.
32. აღსანიშნავია, რომ მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება წარმოადგენს დანაშაულის ცალკე შემადგენლობას, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული მარიხუანის დამზადება არ გულისხმობს კანაფის მოყვანასთან დაკავშირებულ ქმედებებს. ამავე დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/4/592 საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსულტანტი, ექიმი ნარკოლოგი ზაზა შენგელიას განმარტებით, მარიხუანის ცნების ქვეშ იგულისხმება მცენარე კანაფის ზედა ნაწილის დაწვრილმანებული ფოთლები ყვავილებით. აქედან გამომდინარე, მარიხუანის დამზადების მიზნით განხორციელბული ქმედება არ სცდება მცენარე კანაფიდან ფოთლებისა და ყვავილების გამოყოფას და მათ დაქუცმაცებას. ხსენებულ ქმედებაში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ისეთ დამატებით საფრთხეს, რომელიც წარმოშობდა მცირე ოდენობით მარიხუანის დამზადების გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის, ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას და ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე.
33. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელზე (N770) მიღებულია საოქმო ჩანაწერი სასარჩელო მოთხოვნის სხვა ნაწილებთან დაკავშირებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის
„ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-7, მე-8 და მე-12 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5, 51 პუნქტების და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის №770 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „... ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „... ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.
3. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
4. განჩინება ძალაშია მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. განჩინების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა