შპს "კონსტრაქშენ სოლუშენს" წიაღის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/1580 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:35 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1580) მომართა „შპს კონსტრაქშენ სოლუშენსმა“. №1580 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1580 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „დებულების სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ შემდგომში წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირის მიერ გადახდილი ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების უფლებას, ხოლო 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია მეწარმეობის თავისუფლება.
5. №1580 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე დარეგისტრირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, წიაღის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში წიაღის ეროვნული სააგენტო) მიერ მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად და გადაიხადა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაწესებული ბეს შესაბამისი ოდენობა - 62.233 ლარი. მოსარჩელის მიერ ბეს გადახდისას აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 618.231 ლარს.
6. აუქციონის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, მოსარჩელე მხარემ გადაწყვიტა ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც შევიდა ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესაბამის ვებგვერდზე. ამ დროისათვის შესაძენი ლოტების საწყისი ფასი გაზრდილი იყო 325.140 ლარით, რაც მოსარჩელისათვის წარმოადგენდა ზედმეტად მაღალ თანხას და, შესაბამისად, მას აუქციონის მიმდინარეობისას ბიჯი არ დაუფიქსირებია. აღნიშნული ქმედება წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე დაყრდნობით, განიმარტება ვაჭრობაში მონაწილეობის არმიღებად.
7. თავის მხრივ, სადავო ნორმა აცხადებს, რომ, თუ ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობისას პრეტენდენტი მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობაში, მას გადახდილი ბე უკან არ დაუბრუნდება. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ ბიჯი არ დააფიქსირა და მონაწილეობა არ მიიღო ვაჭრობაში, მან დაკარგა 62.233 ლარი, რომელიც გადახდილი ჰქონდა ბეს სახით.
8. მიუხედავად მოსარჩელის მიერ ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობისა, აუქციონი შედგა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიები გაიყიდა, თუმცა მოსარჩელისთვის, წიაღის ეროვნულ სააგენტოს ბე არ დაუბრუნებია.
9. მოსარჩელე მხარეს სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად მიაჩნია მისი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, კერძოდ, ვაჭრობაში მონაწილეობის ვერმიღების შემთხვევაში, სადავო ნორმა ითვალისწინებს პრეტენდენტის მიერ გადახდილი ბეს დაკარგვას, მიუხედავად იმისა, შედგა თუ არა აუქციონი.
10. მოსარჩელის განმარტებით, ბეს წინასწარ გადახდის ძირითადი ფუნქციაა პირის ნების სერიოზულობის დაფიქსირება, შესრულების უზრუნველყოფა და ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეტენდენტის მიერ ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის მიუხედავად, აუქციონი გაიმართება და შესაბამისი ლოტი გაიყიდება, გაუგებარია, რატომ არ ხდება მისთვის ბეს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
11. მოსარჩელის განმარტებით, ბეს დაკარგვა იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რაც შესაძლოა, მათი გაკოტრების განმაპირობებელი ფაქტორიც კი გახდეს.
12. მეორეს მხრივ, სადავო ნორმა აუქციონის მონაწილე პირებს ართმევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, ესა თუ ის სამართლებრივი სიკეთე რამდენად მისაღები და თანხობრივად ხელსაყრელია მათთვის. ბეს დაკარგვის მოლოდინი აიძულებს კომპანიებს, გაზრდილ ფასად შეისყიდონ სამართლებრივი სიკეთე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მათ ბიუჯეტს და შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში სახელმწიფო სათანადოდ არ იცავს მეწარმეთა საკუთრების უფლებას, რაც გამოიხატება, სახელმწიფოს მხრიდან, აუქციონში მონაწილე პირთა მიერ ბეს სახით გადახდილი თანხის არამართლზომიერად დასაკუთრებაში. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ მეწარმეთა საკუთრების უფლების არასათანადო დაცვით, სახელმწიფო ხელს უშლის და გაუმართლებლად ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის თანახმად, პრეტენდენტის მიერ გადახდილი ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მის მიერ ვაჭრობაში მონაწილეობის არმიღების მიუხედავად, აუქციონი შედგა და შესაბამისი ლოტი გაიყიდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1580 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, მათ შორის, ითხოვს წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული ნორმა განამტკიცებს მეწარმეობის თავისუფლებას.
3. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა განპირობებულია მეწარმეთა საკუთრების უფლების არამართლზომიერი შეზღუდვით, რაც გამოიხატება არასახარბიელო ფასად ლოტის შეძენაში ან ბეს თანხის დაკარგვაში. ორივე შემთხვევაში პირი კარგავს გარკვეულ თანხას, რაც იწვევს მის ეკონომიკურ დასუსტებას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის მჭიდრო კავშირია. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებს შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირის მიუხედავად, ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროებთან მიმართების დადგენა საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების გათვალისწინებით. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი „იცავს, მათ შორის, მეწარმის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, მეწარმისათვის გარკვეული ფინანსური ვალდებულებების დადგენა, როგროც წესი, საკუთრების უფლების შეზღუდვას იწვევს და არა თავისუფალი მეწარმეობის“ (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6). საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანიშნულება არ არის მეწარმე სუბიექტების საკუთრების უფლების დაცვა. კონსტიტუციის ხსენებული დებულების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. სადავო ნორმა არეგულირებს იმ შემთხვევას, როდესაც პრეტენდენტის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბე არ ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, პირი, რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში, ვალდებულია, გადახდილი ბე დათმოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც, ცხადია, იწვევს პირის ქონების შემცირებას. ბეს ოდენობიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხის დაკარგვამ, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს, მათ შორის, მეწარმის ეკონომიკური მდგომარეობა და ხელი შეუშალოს მის შემდგომ საქმიანობას, თუმცა ცალსახაა, რომ სადავო ნორმის მიზანი სამეწარმეო ურთიერთობების ან საწარმოო პროცესის დარეგულირება არაა. ნორმა შემოიფარგლება მხოლოდ იმ პირობის მოწესრიგებით, რომლის დადგომის შემთხვევაშიც, წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი ესა თუ ის პირი, მისი საქმიანობის მიუხედავად, კარგავს ბეს სახით გადახდილ თანხას. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო ნორმის მიზანს მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა არ წარმოადგენს.
7. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მსჯელობაც მიმართულია არა მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვის, არამედ მეწარმის საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთებისაკენ. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე ბეს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა წარმოადგენს საკუთრების უფლების არაკონსტიტუციურ დაკარგვას აღნიშნულ თანხაზე, რაც ამავდროულად იწვევს მეწარმეთა თავისუფლების შეზღუდვას. შესაბამისად, თავად მოსარჩელეც სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვას ხედავს როგორც მეწარმის საკუთრების უფლების არამართლზომიერი შეზღუდვიდან მომდინარე შედეგს. როგორც უკვე აღინიშნა, მეწარმის საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და არა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება.
8. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1580 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1580 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1580 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1580 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი