შპს "კონსტრაქშენ სოლუშენს" წიაღის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1580 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | "შპს კონსტრაქშენ სოლუშენს" |
თარიღი | 22 მარტი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის N2 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ”
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის N2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ “ მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: „ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში“ |
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2.საქართველოს კონსტიტუციის 26 -ე მუხლის მე-4 პუნქტის, პირველი წინადადება. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, მუხლი 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არ მიღების საფუძველი, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელეს წარმოადგენს შპს. „კონსტრაქშენ სოლუშენსი“, ვინაიდან ისინი ჩაერთვნენ
გამოცხადებულ აუქციონში, რის შედეგადაც, დაერღვათ კონსტიტუციით მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საკუთრების უფლება და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლება. კერძოდ, მათ მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, სადაც სსიპ. წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 მაისის N 2 ბრძანებით „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილი წესების თანახმად აუქციონში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბეს გადახდა და თუ პრეტედენტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ბეს თანხა, მიუხედავად იმისა შედგა თუ არა აუქციონი, იკარგება. მოსარჩელეებმა დაკარგეს ბე, ვინაიდან აუქციონის დასრულებამდე გაზრდილი ფასების გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა ვაჭრობაში, რათა თავიდან აეცილებინათ გამოუვალი მდგომარეობა, რაც მაღალ ფასად შესყიდული სიკეთის ფასის გადაუხდელობით შეიძლება დამდგარიყო, მიუხედავად აღნიშნულისა, აუქციონი შედგა. ამდენად, მოსარჩელეები წარმოადგენენ სათანადო მოსარჩელეებს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელისთვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელები წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს იდავონ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19ე და 26-ე მუხლებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმატიული შინაარსი
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის N2 ბრძანება ადგენს ელექტრონული აუქციონის გამართვა/მონაწილეობის წესებს. სადაც მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტად განისაზღვრა, რომ ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში ანგარიშსწორებისას ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში.
ჩვენს შემთხვევაში, ბეს გადახდისას აღნიშნული ორი აუქციონის საწყისი სარეალიზაციო ჯამური ფასი გახლდათ 618,231 ლარი (444,174 ლოტი #32 და 174,057 ლოტი #55), რომლებიც ჩვენი კომპანიისთვის წარმოადგენდა მისაღებ ფასს. აუქციონის დასრულების დრო განსაზღვული იყო 18:00 საათი. დაახლოებით 1 საათით ადრე (სწორედ მაშინ, როცა კომპანიის დამფუძნებლები შეიკრიბნენ რათა ერთად მიეღოთ მონაწილეობა ვაჭრობებში), აღმოჩნდა რომ ამ ორი აუქციონის ლოტში მონაწილეობის მიღებისთვის საწყის თანხასთან შედარებით 325’140,50 ლარით მეტი, ანუ საწყისი თანხის დაახლოებით 152 % -ის გადახდა მოუწევდათ. ანუ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის ფარგლებში ან უნდა დაეკარგათ ბე - 62,223 ლარი, ან სასურველ და მათთვის მისაღებ ფასზე 325’140.50 ლარით მეტი თანხა უნდა გადაეხადათ ლიცენზიაში.
სადავო ნორმა ბეს, წინასწარი გადახდით, უპირობოდ აქცევს სახელმწიფოს საკუთრებაში თუ პრეტედენტი ვერ მივიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში, მიუხედავად იმისა შედგება თუ არა აუქციონი. გათვალისწინებით იმისა, რომ „ვერ თანხმდები“ სამართლებრივი სიკეთის შესყიდვას მიუღებელ ფასად (რომლის გადახდაც ფიზიკურად შეუძლებელია), რადგან ამ შემთხვევაში ინტერეს უარესი მდგომარეობის თავიდან აცილება წარმოადგენდს, რაც შეიძლება წარმოიშვას შეძენილი სიკეთის საფასურის სრულად გადახდის აუცილებლობისას, უარი, ანუ მონაწილეობის „ვერ“ მიღება ვაჭრობაში ჩვენის მხრივ ბეს დაკარგვას და მეორეს მხრივ სახელმწიფოს მიერ დასაკუთრებას გულისხმობს.
დავასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ბეს სამართლებრივი მდგომარეობა, რასაც საქართველოს სამოქალაქო კოდესი გვაძლევს სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კერძოდ, ბეს ძირითადი ფუნქციები: შესრულების უზრუნველყოფა, ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება და სერიოზულობის ინდიკატორში გამოიხატება. აუქციონის შემთხვევაში ბე არარელევანტური ხდება. დავიწყოთ იმით, რომ სამოქალაქო კოდექსით ბე ემსახურება ჩვეულებრივ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას. კერძოდ, ნივთის შეძენამდე პირებისთვის წინასწარ არის ცნობილი, როგორც მყიდველისთვის ისე გამყიდველისთვის ფასი, რაზედაც მხარეები ერთობლივად თანხმდებიან, და მყიდველი წინასწარ იხდის ბეს, რათა ყოველგვარი დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით მოახერხოს მისთვის უკვე მისაღებ (შეთანხმებულ) ფასად ქონების შესყიდვა და თავი დაიზღვიოს გამყიდველის მხრიდან უკვე შეთანხმებული ნივთის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემა/გაყიდვაზე, მეორეს მხრივ გამყიდველი იზღვევს თავს თავისი მოლოდინის ფარგლებში, მყიდველის მხრიდან, რაიმე დაბრკოლების ან ხელშეკრულების მოშლის თავიდან აცილებისგან.
აუქციონის შემთხვევაში, ვაჭრობაში ჩართვის მსურველი ყველა პრეტედენტი ვალდებულია გადაიხადოს ბე, აუქციონის ვაჭრობაში შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმემ შეძლოს ჩართვა. ის ფაქტი, რომ რამდენიმემ შესაძლოა ვაჭრობაში ჩართვა ვერ შეძლოს, არ იწვევს აუქციონის ჩაშლას, რაც ჩვენს შემთხვევაში მოხდა - აუქციონი შედგა. ბე კი, მიუხედავად იმისა, რომ ქონებრივი სიკეთე გაიყიდა და აუქციონი შედგა სადავო ნორმის თანახმად სახელმწიფოს საკუთრებაში მოექცა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კანონის ჩანაწერი და ბესთვის იგივე დატვირთვის მინიჭება, რაც ჩვეულებრივ კლასიკური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, სადაც მხარეებისთვის წინასწარ ცნობილია საგნის ღირებულება და რასაც ბე ემსახურება, რომ სამომავლოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შედგეს, აუქციონის შემთხვევაში თუ ის შედგება, ყოვლად დაუშვებელია. ვინაიდან აუქციონის მსვლელობისას მყიდველმა არასდროს იცის რა ფასზე შეჩერდება ნივთის ღირებულება. ის იძულებული ხდება კანონის ფარგლებში დაკარგოს ბე ან მისთვის მიუღებელ ფასად შეისყიდოს ნივთი, რომლის ფასის გადახდაც შესაძლოა მის შესაძლებლობებს აღემატებოდეს. საბოლოდ, აუქციონის დასრულებისას გამოვლენილი თანხის გადაუხდელობა კი შედეგად წარმოშობს მომავალი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. აქედან გამომდინარე, არჩევანი, რომელიც მყიდველმა უნდა გააკეთოს რაიმე ნივთის შესყიდვისას მონოპოლიურად მხოლოდ სახელმწიფოს ხელში რჩება, რომელიც აორგანიზებს აუქციონის პირობებს მყიდველის ინტერესების სრული უგულვებელყოფით. უფრო მეტიც, უქმნის გამოუვალ მდგომარეობას, რამაც შესაძლოა, საწარმოს, იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრებაც კი გამოიწვიოს.
სადავო ნორმა მეწარმეების ეკონომიკურ საქმიანობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რადგან მათ ხელი ეშლებათ განახორციელონ თავისუფალი ვაჭრობა თავისი სამეწარმეო საქმიანობის განსავითარებლად, ართმევს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტონ ესა თუ ის სამართლებრივი სიკეთე რამდენად მისაღები და თანხობრივად ხელსაყრელია მათთვის, რათა შეისყიდონ ან არ შეისყიდონ ის. უფრო მეტიც, ისინი იძულებულნი ხდებიან მათთვის მიუღებელ ფასად შეისყიდონ სამართლებრივი სიკეთე ან დაკარგონ ბეს თანხა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მათ ეკონომიკურ საქმიანობას. ამასთან მათ ერთმევათ შესაძლებლობა სამეწარმეო საქმიანობა წარმართონ ისე, როგორც მათთვის ყველაზე მეტად მომგებიანი და ხელსაყრელია. სადავო ნორმის ფარგლებში მათ უწევთ საკმაოდ დიდი თანხის გაუმართლებლად, არამართლზომიერად დაკარგვა, რაც აფერხებს მათ სამომავლო სამეწარმეო საქმიანობას ბაზარზე.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირევლი ნაწილით უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლში მემკვიდრეობის უფლებაზეცაა მითითება, დასახელებული ნორმა რეალურად აღიარებულია, როგორც საკუთრების უფლების გარანტი.[1]
„საკუთრების უფლება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორეს მხრივ - მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“[2] განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრებას განიხილავს, როგორც ბუნებით უფლებას: „საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზებას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივას ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.“ [3]
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთრების უფლება ადამიანის ღირსების და თავისუფლების წონად კატეგორიად განიხილება და სასამართლო აღნიშნავს, რომ „... ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევასა და რეგულირების ფარგლების დადგენისას.“[4]
3. საქართველოს კონსტიტუციის 26- ე მუხლის მე-4 ნაწილით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 26 - ე მუხლის მე-4 ნაწილი უშუალოდ ეხება მეწარმეობის თავისუფლებას, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით მეწარმეობის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. იგი „...წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობის საფუძველს... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულფასოვანი გამოვლინება.“[5] ამასთან, „... სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას.[6]
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მოგვცა მითითება, რომ თავისუფალი მეწარმეობა ატარებს ორმაგ ბუნებით ხასიათს, კერძოდ: აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისთვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი“.[7] ამ ჩანაწერის მიხედვით, ნორმა იცავს პირის უფლებას, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე განახორციელოს მეწარმეობა.
ამასთან „...მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათ გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს.“[8] ეს მუხლი მეწარმეობის ხელშეწყობას იცავს.[9]
მაგრამ არსებობს სახელმწიფოს მიერ ნებსით თუ უნებლიედ, გაუთვალისწინებლად შემოტანილი ნორმები, რომელიც საკმაოდ დამანგრევლად მოქმედებს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა საკუთრებაზე.
შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ერთი მხრივ გამორიცხავს პირის თავისუფლების მყარი, კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების გარანტირებას.[10]
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილითა და 26-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაცულ უფლებებში ჩარევა
როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით დაცული უფლება ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაზე. შესაბამისად, კანონმდებლობა, რომელიც შეეხება და გავლენას ახდენს იურიდიულ პირთა საკუთრებაზე, უნდა შეესაბამებოდეს და პასუხობდეს საკუთრების უფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 26- ე მუხლის მე-4 ნაწილით დაცული უფლების ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათ განვითარებისა და გაჯანსაღებისათვის.
სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებელი მესამე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში.
სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანების თანახმად, ანგარიშსწორებისას ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში ბეს გადახდისა და მისი დაკარგვის წესის (თუ პრეტედენტი არ მიიღებს აუქციონში მონაწილეობას ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება) არაკონსტიტუციურად ცნობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი შეიძლება შეიზღუდოს. სახელმწიფო ვალდებულია კონკრეტულ სფეროში ჩარევა მოახდინოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში იმგვარად, რომ არ დაირღვას საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლების ჩამორთმევა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთრების უფლება ადამიანის ღირსების და თავისუფლების წონად კატეგორიად განიხილება და სასამართლო აღნიშნავს, რომ „... ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევასა და რეგულირების ფარგლების დადგენისას.“[11]
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბეს თანხის დაკარგვის გაუქმება, იმ შემთხვევაში თუ პრეტედენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში აუქციონის გამართვისას და ეს არ გამოიწვევს აუქციონის ჩაშლას. მიზანი, ბეს დაკარგვის მიუხედავად მიღწეულია - აუქციონი, შედგა და შესაბამისად ბეს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა წარმოადგენს არაკონსტიტუციურად საკუთრების უფლების დაკარგვას აღნიშნულ თანხაზე, რაც ამავდროულად იწვევს მეწარმეთა თავისუფლების შეზღუდვას. მაშინ როცა სახელმწიფო კონსტიტუციურად ვალდებულია დაიცვას მეწარმეთა თავისუფლება, უზრუნველყოს მისი განვითარება და მათი საკუთრების უფლების დაცვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია“.[12] შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საკუთრების უფლება არა მარტო ადამიანის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზებას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. ამავე დროს, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვას“.[13]
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლების პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრების გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძო სამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთ საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგორვებას.[14]
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის N1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საკუთრების უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუქციონი რომელიც შედგება, მიუხედავად იმისა პრეტედენტი მიიღებს თუ არა მონაწილეობას ვაჭრობაში, მას ბეს თანხა უკან უნდა დაუბრუნდეს. ვინაიდან მისი არ მონაწილეობის მიღება ყველა შემთხვევაში არ იწვევს აუქციონის ჩაშლას.
ნორმის მიზანი, რომლის შინაარსიც აუქციონის გამართვას ემსახურება - მიღწეულია. შესაბამისად, ნორმის ის ნაწილი, რომელიც საკუთრების უფლებასა და მეწარმეთა თავისუფლებას ხელყოფს, არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი.
[1] ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თ.ტუღუშუ, გ. ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბ., 2013, გვ. 224
[2] იქვე, გვ.226
[3] იქვე, გვ. 227
[4] იქვე, გვ. 227
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“ , სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II. პ. 2
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის N2/2/132 განჩინება საქმეზე მოქალაქე ნუგზარ ბაღათურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. პ.2
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება II. პ.3.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.3.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის N2/2/277 განჩინება საქმეზე მოსარჩელე მურმან ბაკურაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, პ.3.
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1.
[11] იქვე, გვ. 227
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის N1/51 გადაწყვეტილება
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა