„შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/1580 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 13:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2021 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1580) მომართა „შპს კონსტრაქშენ სოლუშენსმა“. №1580 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 მარტს. №1580 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს. №1580 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/6/1580 საოქმო ჩანაწერით ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. №1580 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში, სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის პირველი მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2021 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირის მიერ გადახდილი ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების უფლებას.
5. №1580 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე დარეგისტრირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, წიაღის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში, წიაღის ეროვნული სააგენტო) მიერ მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად და გადაიხადა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაწესებული ბეს შესაბამისი ოდენობა - 62.233 ლარი. მოსარჩელის მიერ ბეს გადახდისას აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 618.231 ლარს.
6. აუქციონის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, მოსარჩელე მხარემ გადაწყვიტა ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც შევიდა ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესაბამის ვებგვერდზე. ამ დროისათვის შესაძენი ლოტების საწყისი ფასი გაზრდილი იყო 325.140 ლარით, რაც მოსარჩელისათვის წარმოადგენდა ზედმეტად მაღალ თანხას და, შესაბამისად, მას აუქციონის მიმდინარეობისას ბიჯი არ დაუფიქსირებია. აღნიშნული ქმედება წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე დაყრდნობით, განიმარტება ვაჭრობაში მონაწილეობის არმიღებად.
7. თავის მხრივ, სადავო ნორმა აცხადებს, რომ თუ ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობისას პრეტენდენტი მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობაში, მას გადახდილი ბე უკან არ დაუბრუნდება. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ ბიჯი არ დააფიქსირა და მონაწილეობა არ მიიღო ვაჭრობაში, მან დაკარგა 62.233 ლარი, რომელიც გადახდილი ჰქონდა ბეს სახით. მიუხედავად მოსარჩელის მიერ ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობისა, აუქციონი შედგა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიები გაიყიდა, თუმცა მოსარჩელისთვის წიაღის ეროვნულ სააგენტოს ბე არ დაუბრუნებია.
8. მოსარჩელის განმარტებით, ბეს წინასწარ გადახდის ძირითადი ფუნქციაა პირის ნების სერიოზულობის დაფიქსირება, შესრულების უზრუნველყოფა და ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეტენდენტის მიერ ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის მიუხედავად, აუქციონი გაიმართება და შესაბამისი ლოტი გაიყიდება, გაუგებარია, რატომ არ ხდება მისთვის ბეს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
9. მოსარჩელის განმარტებით, ბეს დაკარგვა იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რაც შესაძლოა, მათი გაკოტრების განმაპირობებელი ფაქტორიც კი გახდეს. მეორე მხრივ, სადავო ნორმა აუქციონის მონაწილე პირებს ართმევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, ესა თუ ის სამართლებრივი სიკეთე რამდენად მისაღები და თანხობრივად ხელსაყრელია მათთვის. ბეს დაკარგვის მოლოდინი აიძულებს კომპანიებს, გაზრდილ ფასად შეისყიდონ სამართლებრივი სიკეთე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მათ ბიუჯეტს და შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას.
10. მოსარჩელე მხარეს სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად მიაჩნია მისი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, კერძოდ, ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში, სადავო ნორმა ითვალისწინებს პრეტენდენტის მიერ გადახდილი ბეს დაკარგვას, მიუხედავად იმისა, შედგა თუ არა აუქციონი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში სახელმწიფო სათანადოდ არ იცავს მეწარმეთა საკუთრების უფლებას, რაც გამოიხატება, სახელმწიფოს მხრიდან, აუქციონში მონაწილე პირთა მიერ ბეს სახით გადახდილი თანხის არამართლზომიერად დასაკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის თანახმად, პრეტენდენტის მიერ გადახდილი ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მის მიერ ვაჭრობაში მონაწილეობის არმიღების მიუხედავად, აუქციონი შედგა და შესაბამისი ლოტი გაიყიდა.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1580 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს „შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“. 2024 წლის 8 ნოემბერს, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, მოსარჩელე „შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“-ის დირექტორმა გიორგი ცინცაძემ განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1580 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1580 კონსტიტუციურ სარჩელზე („„შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე