ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/1562 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1562) მომართა საქართველოს მოქალაქე ზაურ შერმაზანაშვილმა. №1562 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 8 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1562 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება (მძღოლის ჩათვლით) და, ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს, თუ სალონი ამის საშუალებას იძლევა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“
5. №1562 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2020 წლის 2 აპრილს მოსარჩელე ზაურ შერმაზანაშვილს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მგზავრთა გადაყვანის წესის დარღვევის გამო. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის სხვადასხვა ნორმატიული შინაარსი, მათ შორის, 3-ზე მეტი პირის გადაყვანის აკრძალვა, თუ მგზავრები ნათესავები ან ოჯახის წევრები არიან, როდესაც მგზავრებს და მძღოლს უკეთიათ პირბადე, როდესაც მგზავრთა რაოდენობა 3-ს არ აღემატება და მგზავრი განთავსებულია წინა სავარძელზე და სხვა.
6. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარ ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა, აირჩიოს ადამიანებთან, მათ შორის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ფორმები, დაამყაროს და განავითაროს მათთან სოციალური კავშირი და იმყოფებოდეს საკუთარ ავტომობილში მათთან ერთად. სადავო ნორმით გათვალისწინებული მგზავრთა გადაყვანის რეგულირება კი, მოსარჩელის პოზიციით, წარმოადგენს დასახელებულ უფლებათა შეზღუდვას.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, მართალია, სადავო ნორმას გააჩნია ლეგიტიმური მიზნები - საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, თუმცაღა, მთავრობის სადავო დადგენილება ერთმანეთისაგან არ მიჯნავს სხვადასხვა რისკის შემცველ ქმედებებს და ნებისმიერი ტიპის დარღვევისათვის ბლანკეტურად ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ ლეგიტიმურ მიზანთა მიღწევა ასევე შესაძლებელია პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით, რაც უფლების შეზღუდვის ბევრად უფრო ნაკლებად ინტენსიური საშუალებებია.
8. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქმედებდა მთელი რიგი აკრძალვები, რომლებიც მიმართული იყო პირთა მობილობის შემცირებისაკენ, მაგალითად, კომენდანტის საათი, საჯარო სივრცეში შესვლის და შეკრების აკრძალვა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ რა საჭირო იყო მგზავრთა გადაყვანაზე ამგვარი შეზღუდვის დაწესება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, თუკი დასაშვებია პირთა გარკვეული რაოდენობის შეკრება კერძო საკუთრებაში ყოველგვარი რეგულაციის, მათ შორის, პირბადის ტარების წესის დაცვის გარეშე, რატომაა აკრძალული ამავე პირთა განთავსება ერთ ავტომობილში. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ აკრძალული ქმედების განხორციელებისათვის დაწესებული 3000 ლარიანი ჯარიმა არაპროპორციულია და არ უნდა იყოს გამოყენებული ამ ქმედებიდან მომდინარე რისკის პრევენციისათვის.
9. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ №1562 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ყველა ნორმატიული შინაარსი არაპროპორციულად ზღუდავს მის ძირითად უფლებებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება (მძღოლის ჩათვლით) და, ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს, თუ სალონი ამის საშუალებას იძლევა.
3. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარ ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა, აირჩიოს ადამიანებთან, მათ შორის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ფორმები, დაამყაროს და განავითაროს მათთან სოციალური კავშირი და იმყოფებოდეს საკუთარ ავტომობილში მათთან ერთად. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმის საფუძველზე, შეიზღუდა ავტომობილით 3 პირზე მეტი მგზავრის (მძღოლის ჩათვლით) გადაყვანა და მგზავრის განთავსება მძღოლის გვერდით, რაც მოსარჩელის არგუმენტაციით, არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას. მიუხედავად დასახელებული ძირითადი უფლების უდიდესი მნიშვნელობისა დემოკრატიულ საზოგადოებაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
6. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს, იგი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებაც არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამდენად, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, ისევე, როგორც მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია და, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის.
7. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა სადავო რეგულირების მიზანმიმართულება. კერძოდ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მიზნებია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენცია, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ ახალი კორონავირუსი (COVID-19) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოცხადდა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების მიზანიც ამ გადამდებ დაავადებაზე შესაბამისი რეაგირება და ვითარების ნორმალიზაციაა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში დადგენილი წესების უმეტესი ნაწილი მიმართულია პირთა თავშეყრის, ერთსა და იმავე სივრცეში მობილიზებისა და კონტაქტის შემცირებისაკენ. სწორედ ამავე მიზანს ემსახურებოდა საგანგებო მდგომარეობის დროს სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაყვანის აკრძალვა და მგზავრთა ავტომობილში განთავსების წესი. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მიზნების არსებობას არც მოსარჩელე მხარე უარყოფს და, მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში თავადაც მიუთითებს ამგვარ მიზნებსა და მათ ლეგიტიმურობაზე.
8. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები, ისევე, როგორც ხელშესახებია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეები. იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგულაცია აშკარად თვითმიზნური არაა, მოსარჩელემ, ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა უნდა მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტა მიზნის მიღწევის არაპროპორციული და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური საშუალებაა. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ზედმეტად მკაცრია მგზავრთა გადაყვანის წესის დარღვევისათვის დაწესებული სანქცია, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ მგზავრთა გადაყვანის წესის რეგულირების მიღმა არსებული შეზღუდვები ისედაც უზრუნველყოფს პირთა მობილობისა და კონტაქტის შემცირებას. ამასთან, პირბადისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება უფრო ნაკლებად ინტენსიური შეზღუდვაა და ანალოგიურად უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნის მიღწევას.
9. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, თუ რატომ წარმოადგენს ავტომობილით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება და მგზავრთა წინა სავარძელზე განთავსება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ ან კრიტიკულად მნიშვნელოვან საჭიროებას, რომლის შეზღუდვაც თავისთავად დაუშვებელია ან/და არ შეიძლება გამართლდეს საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის ლეგიტიმური მიზნებით. რა თქმა უნდა, გასაგებია მოსარჩელის ინტერესი, საკუთარი სურვილისამებრ, შეზღუდვების გარეშე, ისარგებლოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით, განათავსოს მასში მგზავრთა სასურველი რაოდენობა იმ ფორმით, როგორც მას უნდა. თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც უდავო ფაქტია, რომ ადამიანთა შორის ახლო ფიზიკური კონტაქტი, რაც სატრანსპორტო საშუალებაში 3-ზე მეტი პირის განთავსებისას ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე, როგორც მობილობის გაზრდა, მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს, მხოლოდ ინდივიდუალურ დამოკიდებულებასა თუ პირად პრეფერენციებზე მითითება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის და რელევანტურ საფუძვლად შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის დასამტკიცებლად.
10. რაც შეეხება უფრო ნაკლებად შემზღუდველი რეგულაციების არსებობის არგუმენტს, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ხდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან უშუალო კონტაქტით, რისი რისკიც, თავისთავად, იმატებს ლიმიტირებულ სივრცეში - სატრანსპორტო საშუალებაში ბევრი ადამიანის განთავსებისას. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეუზღუდავი რაოდენობის პირთა გადაყვანა ავტომატურად ზრდის მობილობასა და არასაჭირო კონტაქტის ალბათობას, რაც ხელს უწყობს ვირუსის უფრო ფართოდ გავრცელებას. აქედან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა ადამიანთა შორის ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა და მობილობის შემცირება. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მკაცრად შეიზღუდება ადამიანთა უშუალო კონტაქტი, შემცირდება არასაჭირო აქტივობა და მობილობა, მით უფრო ნაკლებად მოხდება ვირუსის გავრცელება. რაც შეეხება პირბადითა და დისტანციის დაცვით მგზავრთა გადაყვანას, ამგვარი ფორმები ვერ ჩაითვლება ვირუსის გავრცელების შეჩერების ისეთივე ეფექტურ საშუალებად, როგორიცაა მგზავრთა რაოდენობის ლიმიტირება. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეუზღუდავი რაოდენობის პირთა გადაყვანის დაშვების პირობებში, შეუძლებელი იქნება მათ შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
11. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის არგუმენტს სადავო ნორმის დარღვევისათვის დაკისრებული სანქციის არაპორპორციულობის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმა საერთოდ არ განსაზღვრავს, თუ რა ტიპის ან მოცულობის სანქცია უნდა დაეკისროს პირს კანონის დარღვევისათვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს მოსარჩელის დასახელებულ არგუმენტს. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად ასევე ვერ გამოდგება იმაზე მითითება, რომ კანონმდებლობით ისედაც გათვალისწინებულია პირთა მობილობისა და თავშეყრის შემზღუდველი სხვა ღონისძიებები.
12. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმით დაწესებული უფლების შეზღუდვის მიზნის ლეგიტიმურობა და მნიშვნელობა თვალნათელია, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მოიყვანოს სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ დადგენილი შეზღუდვა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურ რეგულირებას წარმოადგენს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს კანონის დარღვევისათვის დაწესებული სანქციის არაპორპორციულობასა და შეზღუდვის არათანაზომიერებაზე. ამგვარი ზოგადი მითითება კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1562 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1562 კონსტიტუციური სარჩელი („ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი