საქართველოს მოქალაქეები – კობა კობახიძე, ირაკლი ლეკვეიშვილი და კობა გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №1/1/138,171,179,209 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 26 თებერვალი 2003 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 ივნისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე),
ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე),
იაკობ ფუტკარაძე,
ნიკოლოზ შაშკინი,
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა,
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელეები - ირაკლი ლეკვეიშვილი, კობა გოცირიძე, კობა კობახიძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი და მისი წარმომადგენელი – პაატა სიამაშვილი, მოპასუხეთა წარმომადგენლები - საქართველოს პარლამენტის - შორენა ჯანხოთელი, საქართველოს პრეზიდენტის - ბელა სირბილაძე, მოწმე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი თენგიზ შარმანაშვილი,
საქმის დასახელება: "საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ლეკვეიშვილი, კობა გოცირიძე, კობა კობახიძე და სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ".
დავის საგანი: - (1) ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, (2) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების” მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, 29-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
განსახილველი კონსტიტუციური სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიტანეს (1) კობა კობახიძემ - 2000 წლის 10 ივლისს (რეგისტრაციის №138) და 2002 წლის 10 აპრილს (რეგისტრაციის №179), (2) ირაკლი ლეკვეიშვილმა და კობა გოცირიძემ - 2002 წლის 9 იანვარს (რეგისტრაციის №171), (3) საქართველოს სახალხო დამცველმა - 2002 წლის 13 ნოემბერს (რეგისტრაციის №209).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 5 დეკემბრის საოქმო ჩანაწერით (№1/12/209) გაერთიანდა 138-ე, 171-ე, 179-ე და 209-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების” მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას.
საქმის განხილვის პროცესში სახალხო დამცველმა გამოიყენა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება და მანაც მოითხოვა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რაც დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.
კონსტიტუციური სარჩელები შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის საფუძველზე.
მოსარჩელეებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 852–ე მუხლის პირველი პუნქტი. მოსარჩელეთა აზრით, ამ პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით და საფუძვლებით თავისი განკარგულებით 18 თვით ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება" დააკისროს იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ატესტაცია. მათი აზრით, ასეთი დანაწესი ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, არამედ ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 49-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი. ეს კი პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებიდან. დასაზუსტებელია - პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე 18 თვით სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი რითი განსხვავდება პრეზიდენტის ბრძანებულებით ათი წლით გამწესებული მოსამართლისაგან. მოსარჩელეთა მტკიცებით, სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირსა და 10 წლით გამწესებულ მოსამართლეს შორის ბევრია საერთო. ორივე საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დებს ფიცს, გადიან ორთვიან სასწავლო სპეციალურ კურსს. მათ შორის სხვაობა ძირითადად დანიშვნის ვადებშია. 18 თვით სამოსამართლო უფლებამოსილების დაკისრებას ვერ ამართლებს მისი საგამონაკლისო ხასიათი. ამ წესით დანიშნულ პირთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ გამონაკლისი წესად იქცა, ხოლო წესი გამონაკლისად.
მოსარჩელეთა აზრით, საერთაშორისო აქტებიდან, კერძოდ გაეროს ,,სასამართლო ორგანოთა დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპებიდან" გამომდინარე, კანონით გარანტირებული უნდა იყოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა. ფაქტობრივად, იუსტიციის საბჭო უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ 18 თვით დანიშნული პირი აკმაყოფილებს მოსამართლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. 18 თვით სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებლი პირი ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლედ არ გამწესების შემთხვევაში კარგავს იმ სამუშაო ადგილსაც, რომელიც მას მანამდე ეკავა. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც საქართველოს მოქალქისა და მოსამართლის უფლებებსა და თავისუფლებებს.
მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ 852–ე მუხლის პირველი პუნქტი ბუნდოვანია და ძნელდება მისი შინაარსის გაგება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მოსამართლეთა 18 თვით დანიშვნის საკითხს იმპერატიულად არ ადგენს. პრეზიდენტის მიერ ამ უფლების რეალიზება ხდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და არა ყოველთვის. 18 თვით დანიშვნის ფაქტი არ ხდება მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფუძველი, ვინაიდან იგი თავის საქმიანობაში ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი თვლის, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან მოსამართლის ადგილის დასაკავებლად კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს მიეკუთვნება ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომელთა შორისაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, თანამდებობის დაკავება კონკურსის წესით და ა.შ.
მოპასუხის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მოსამართლის დანიშვნა სწორედ 10 წლის ვადით ხდება, ხოლო 18 თვით უფლებამოსილების დაკისრება დროებითი ღონისძიებაა, ვიდრე მოსამართლედ გასამწესებელად კონკურსის წესით შეირჩეოდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ ვადას მივიჩნევთ ,,გამოსაცდელ ვადად“, იგი მაინც არ იქნება წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან და პრაქტიკასთან. სადავო ნორმა მოქცეულია გარდამავალი დებულებების თავში და ამდენად განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისაგან განსხვავებული ნორმები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ ნორმატიული აქტის გაუქმებით საქმის განხილვა შეწყდება პარლამენტმა შეიძლება იმსჯელოს ამის თაობაზე.
მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტი საერთოდ არ აწესრიგებს იმ ურთიერთობებს, რომლებიც კონსტიტუციის 29-ე მუხლშია გადმოცემული. სადავო ნორმა ეხება ისეთ შემთხვევებს როცა კონკურსში ვერავინ იმარჯვებს და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირს ეკისრება 18 თვის ვადით. ამდენად, 18 თვით ინიშნება ის კანდიდატი, ვინც ვერ გაიმარჯვა კონკურსში. რაც შეეხება კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებას, როცა ,,დანიშვნაზეა“ საუბარი, მოსამართლეებად ინიშნებიან 10 წლით. მოწმის აზრით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით მთლიანად დაცულია კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნა. 18 თვის ვადას მოწმე მიიჩნევს გამოსაცდელ ვადად, თუმცა, იქვე დასძენს, რომ კანონში აღნიშნულის თაობაზე არაფერია ნათქვამი. 18 თვით დანიშნული პირი, მისი განმარტებით არის მოსამართლის მოვალეობის შემსრულებელი. ამდენად იგი არ შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლედ. სადაც ფიგურირებს ,,დანიშვნა“, იქ იგულისხმება ,,მოსამართლე“ და ინიშნება პრეზიდენტის ბრძანებულებით. ყველა სხვა შემთხვევაში ის მოსამართლედ არ ჩაითვლება.
მოწმის ახსნა-განმარტებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არავის არ უზღუდავს უფლებას დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა, თუ იგი გაიმარჯვებს კონკურსში. 18 თვით დანიშვნის პრაქტიკის გამოყენების მიზეზია ის გარემოება, რომ მაღალმთიანი რეგიონებიდან (მესტია, ლენტეხი, ახალქალაქი და სხვა) 5 წლის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს სახელზე არცერთი განცხადება არ შემოსულა. ამიტომაც, 18 თვიანი ვადის შემოღება არის სიტუაციიდან ყველაზე რეალური გამოსავალი.
მოწმე თვლის, რომ თუ სადავო ნორმა გაუქმდება, მაღალმთიანი რაიონები, სადაც ძველ მოსამართლეებს გაუგრძელდათ უფლებამოსილება, მოსამართლის გარეშე დარჩებიან. ამ რაიონების მიმართ შემოღებული უნდა იქნეს კონკურსის სხვა წესი. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭო იძულებული იქნება გამოაცხადოს კონკურსი და გამარჯვებული კანდიდატი დაინიშნება 10 წლის ვადით.
რაც შეეხება მეორე სადავო აქტს - საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ" მე-10 მუხლის მე-7 პუნქტს, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ იგი არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს, რადგან, მის თანახმად, იუსტიციის საბჭოს სათანადო გადაწყვეტილება არ შეიძლება გაპროტესტდეს. კონკურსის მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა კონკურსში, უფლება არა აქვს მოითხოვოს უარის მოტივაცია. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული ნორმა კონკურსის მონაწილეს ართმევს შესაძლებლობას გაიგოს დამარცხების მიზეზები და ამის თაობაზე მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია, რისი უფლებაც მოქალაქეს გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმით ირღვევა კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლების პირველი პუნქტებიც.
მოპასუხე მხარის - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით გააუქმა სადავო ნორმა და ამდენად უნდა შეწყდეს მსჯელობა მისი კონსტიტუციურობის თაობაზე.
,,მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №23 ბრძანებულებით გაუქმდა სადავო აქტის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი.
ამ გარემოების გამო მოსარჩელეთა ნაწილმა უარი განაცხადა აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე. ის, რაც მათი ინტერესის საგანს შეადგენდა, უკვე მიღწეულია და სადავოც აღარაფერი აქვთ. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელის ახსნა-განმარტებაც იმაზე მიანიშნებს, რომ აღნიშნული აქტის გაუქმებისას მხედველობაში იყო მიღებული მოსარჩელეთა დამოკიდებულება მის მიმართ.
სასამართლო კოლეგია ადგილზე თათბირით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, - კონსტიტუციური სარჩელების მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმის ჩვენებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ეკისრება ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება", თავისი სამართლებრივი (უფლებრივი) მდგომარეობით წარმოადგენს მოსამართლეს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად ,,მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები", შეუძლებელია ასეთი სასამართლოს არსებობა-ფუნქციონირება მოსამართლის გარეშე. სადავო 852 -ე მუხლის პირველ პუნქტს დაუსაბუთებლად შემოაქვს მართლმსაჯულების განხორციელების სივრცეში ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირის ცნება და უსაფუძვლოდაა იგი დაპირისპირებული მოსამართლის ცნებასთან. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ სამართლებრივი კატეგორიის ბუნებას განსაზღვრავს არა მისი სახელწოდება, არამედ მისი შინაარსი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ამა თუ იმ პირზე დაკისრებული ფუნქცია. მოსამართლე და ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი ფუნქციურად იდენტურ სუბიექტებს წარმოადგენენ. ერთიც და მეორეც ახორციელებს მართლმსაჯულებას და ამ თვალსაზრისით მათ შორის არაა რაიმე განსხვავება. არ არსებობს რაიმე დიფერენციაცია მათ მიერ განსახილველ საქმეთა შორის. უფრო მეტიც, ისინი ერთპიროვნულადაც და ზოგჯერ კოლეგიალურად იხილავენ საქმეებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი სასამართლო აქტებს ხელს აწერს, როგორც მოსამართლე. ასევე აღსანიშნავია ის რომ, როგორც ერთი, ისე მეორე დებს მოსამართლის ფიცს. სხვა მხრივაც შეიმჩნევა მათი ფუნქციური ერთიანობა. მდგომარეობას ვერ ცვლის ის ფაქტი, რომ მოსამართლედ გამწესება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ,,სამოსამართლო უფლებამოსილების" დაკისრება კი - მისი განკარგულებით. ორივე შემთხვევაში პირი მოსამართლეობს და მისი დანიშვნის ფორმა არ ცვლის ამ საქმიანობის შინაარს. ყოველივე ეს მიგვანიშნებს მოსამართლის სუბიექტის იმ ხელოვნურ გაორებაზე, რაც სადავო მუხლიდან გამომდინარეობს ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირის ცნების შემოტანით. ეს გარემოებანი გვაფიქრებინებს, რომ 852 -ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა მაინც მოსამართლის თანამდებობა - მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის თანამდებობას ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის თანახმად იკავებს კონკურსში გამარჯვებული პირი. სადავო ნორმა ფაქტობრივად მოსამართლედ ყოფნის უფლებას აძლევს იმ პირსაც, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ატესტაცია, ან კიდევ იმათაც, რომელთაც არ გაუვლიათ საკვალიფიკაციო ატესტაცია.
II. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სადავო 852 -ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული მოსამართლეები არ შეიძლება ჩაითვალონ ასევე გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებად, როგორც ამაზე მიგვანიშნებს მოწმე. ასეთი დასკვნის შესაძლებლობას არ იძლევა არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი. თუმცა, სადავო ვადით დანიშნული პირები, ფაქტობრივი სინამდვილიდან გამომდინარე, გარკვეულ საგამოცდო მდგომარეობაში კი იმყოფებიან. როგორც ეს საქმის განხილვიდან გამოჩნდა, 10 წლის ვადით შემდგომ მათი მოსამართლეებად გამწესების საკითხის გადაჭრისას ყურადღება მიექცევა იმას, თუ როგორ ასრულებედნენ ისინი თავიანთ მოვალეობებს ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას." საქართველოს კანონმდებლობით, საგამოცდო ვადით მოსამართლის გამწესება, რა სახითაც არ უნდა მოხდეს იგი, აშკარა თუ შენიღბული ფორმით, კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება იქნება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ამას აქვს ადგილი, იკვეთება მისი გადასინჯვის ტენდენცია. ბუდაპეშტში 1998 წლის 13-15 მაისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოცი ქვეყნის მოსამართლეთა ასოციაციების თავმჯდომარეებისა და წევრების შეხვედრის აქტის მიხედვით, ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქვეყანაში არსებული მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის, აგრეთვე, მოსამართლეობის კანდიდატად შეზღუდული ვადით დასახელების პრაქტიკა ყურადღებით უნდა გადაისინჯოს".
III. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ სადავო 852 -ე მუხლის პირველი პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმად ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს." როგორც ზემოთ მოტანილი მსჯელობიდან გამოჩნდა, ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი ფაქტობრივად იკავებს მოსამართლის თანამდებობას. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის მეორე წინადადების თანახმად ,,მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით." ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი წესრიგდება ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით. კანონით გათვალისწინებული წესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ,,მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით." ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი", მე-4 პუნქტის დებულებით კი ,,მოსამართლის გამწესება შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში შესაძლებელია მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში." აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა მოსამართლის თანამდებობის დაკავება იმ სახით, როგორც ამას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება. კერძოდ, არანაკლებ 10 წლის ვადით. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იმპერატიულ ხასიათს ატარებს და არ იძლევა რაიმე გამონაკლისის შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში, როცა ორგანული კანონით ეს ვადა ეხება საქართველოს ყველა მოსამართლეს, სადავო 852 -ე მუხლის პირველი პუნქტი უშვებს ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების" დაკისრების, სინამდვილეში მოსამართლედ დანიშვნის შესაძლებლობას 10 წლამდე ვადითაც. კერძოდ, ასეთ ვადას, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებიდან ჩანს, 18 თვე წარმოადგენს. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ამ ვადით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება ხდება სადავო 852 -ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით. იუსტიციის საბჭოს 2003 წლის 5 თებერვლის წერილიდან (№149-01) ირკვევა, რომ დღემდე სადავო 852 -ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამოსამართლო უფლებამოსილება დაკისრებია 116 პიროვნებას, რომელთაგან 47 უკვე დანიშნულია მოსამართლედ, ხოლო 52-ს კვლავ დაკისრებული აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით. თუ გავითვალისწინებთ ასევე იუსტიციის საბჭოს ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად საოლქო, რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში სულ არის მოსამართლის 271 საშტატო რაოდენობა და მათგან მოსამართლის თანამდებობაზე 10 წლით დანიშნულია მხოლოდ 167 მოსამართლე, 18 თვით მათი დანიშვნის ფაქტი გამონაკლისის ფორმით კი არ გამოიყურება, როგორც ამას ამტკიცებს მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, არამედ წესის სახე მიუღია. სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს მოსარჩელე მხარე, როცა ამტკიცებს, რომ განსახილველი ნორმის მასობრივად გამოყენებამ და წესად დანერგვამ მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით უგულვებელყო კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს არამარტო ზოგადი ნორმები, იგივე - ნორმა-პრინციპები, არამედ საგამონაკლისო ნორმებიც. საერთო წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას თვით კონსტიტუცია უნდა იძლეოდეს.
IV. სადავო - 852-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამოსამართლო უფლებამოსილების შეზღუდული ვადით დაკისრება უარყოფითად მოქმედებს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. მოსამართლის თანამდებობაზე ხანგრძლივი ვადითა და უვადოდ დანიშვნა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს მის საქმიანობაში უკანონო ჩარევისაგან თავის დასაცავად. ვადა ამ შემთხვევაში გვევლინება იმ ფაქტორად, რომელიც მოსამართლეს განუმტკიცებს დამოუკიდებლობის შეგნებას, მისი საქმიანობის სწორედ ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელშეუვალობის გამო. ამ დამოუკიდებლობის სერიოზული საფუძველია ისიც, რომ კონსტიტუციური ვადით გამწესებული მოსამართლე წარმოადგენს არამარტო სამოსამართლო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილ თანამდებობის პირს, არამედ იგი შესაბამისად სარგებლობს აგრეთვე ჯეროვანი სოციალური დაცვით. ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი კი 10 წლით გამწესებულ მოსამართლეებთან შედარებით ნაკლები სოციალური დაცვით სარგებლობს.
გაეროს მიერ მიღებული აქტის, კერძოდ ,,სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების" მიხედვით, ,,მოსამართლეთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მათი დამოუკიდებლობა, ანაზღაურება, მსახურების პირობები, პენსიები და საპენსიო ასაკი დაცული უნდა იყოს კანონით." კანონი კი შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან.
V. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიცია - მართალია, მან არ დაუჭირა მხარი სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, მაგრამ, ამასთან ერთად სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თუკი სადავო აქტის გაუქმება გამოიწვევდა საქმის განხილვის შეწყვეტას, შეიძლება პარლამენტს ემსჯელა ამის თაობაზე. ეს ფაქტობრივად უნდა ნიშნავდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
I. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების - ირაკლი ლეკვეიშვილის, კობა გოცირიძის, კობა კობახიძის და საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტი;
II. ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
III. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს 2003 წლის 1 ივნისამდე;
IV. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
V. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VII. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის შემადგენლობა
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)
ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი)
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი