საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/276 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 5 მარტი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია(მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა 1) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და 83-ე მუხლის მე-4 პუნქტებთან მიმართებით და 2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე მუხლის მეორე პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ქეთევან ბახტაძე.
საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 2004 წლის 10 თებერვალს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღებისა და 209-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადმოეცა 16 თებერვალს. სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2004 წლის 25 თებერვალს.
სარჩელის შემოტანის საფუძველად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადაოა “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი მთლიანად და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 46-ე მუხლის მეორე პუნქტი. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, განხილვის შედეგად,დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით დავის საგნად განისაზღვრა: კონსტიტუციურია თუ არა (1) “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის (ა) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (ბ) 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და (2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 46-ე მუხლის მეორე პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლის ძალითაც მოსამართლედ არ შეიძლება განმწესდეს ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით („დისციპლინური გადაცდომის ჩადენა“) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი.
მოსარჩელე, რომელიც დისციპლინური გადაცდომის მოტივით გაათავისუფლეს მოსამართლის თანამდებობიდან, მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით ირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები და მათი (სადავო ნორმების) არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე ქეთევან ბახტაძის კონსტიტუციური სარჩელი დაზუსტებული სახით მისაღებია არსებითად განსახილველად - იგი ძირითადად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია და სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის ცალკეული დებულებები დავის საგანს წარმოადგენს აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის 209-ე ნომრით რეგისტრირებულ, 2002 წლის 5 დეკემბერს №1/12/209 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელში და შესაბამის საქმეში („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთანავე, ქ. ბახტაძის სარჩელში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის სადავო ნორმაც მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომას შეეხება. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიას შესაძლებლად მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველის 209-ე ნომრით რეგისტრირებული და მოქალაქე ქ. ბახტაძის 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის 276-ე და ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა (1) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის (ა) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (ბ) 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და (2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე მუხლის მეორე პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მოსამართლედ არ შეიძლება განმწესდეს ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით („დისციპლინური გადაცდომის ჩადენა“) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი.
II. 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს ერთობლივად განხილვის მიზნით 209-ე ნომრით რეგისტრირებულ, 2002 წლის 5 დეკემბრის №1/12/209 საოქმო ჩანაწერით ასევე არსებითად განსახილველად მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელთან და შესაბამის საქმესთან („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ერთ საქმედ – „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
III. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
IV. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
V. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ.ზოიძე
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი