საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/3/209,276 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 28 ივნისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
2004 წლის 28 მაისის 1, 4 და 8 ივნისი ღია სასამართლო სხდომებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ: მოსარჩელის – საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ლომსაძე და მისი წარმომადგენელი ვლადიმერ სახელაშვილი, მოსარჩელე – საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე და მისი წარმომადგენელი ლია მუხშავრია, მოპაუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – საქართველოს პარლამენტის აპარტის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების უფროსი ბათარ ჩანქსელიანი და საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი მარინე (ქეთევან) რობაქიძე, სპეციალისტები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ზურაბ ძლიერიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია – კავშირის „კონსტისტუციის 42-ე მუხლის“ წევრი, ადვოკატი მანანა კობახიძე, მოწმე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი გია გეწაძე.
განიხილეს საქმე – „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია – კონსტიტუციურია თუ არა:
I. საქართველოს სახალხო დამცველის 209-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტისტუციური სარჩელი – „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის მე -5 მუხლი, 58-ე მუხლის პირველი პუნქტი და 81-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტსიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
II. საქართველოს მოქალაქის ქეთევამ ბახტაძის 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით – (1) იმავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, 74-ე მუხლის მე -2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და (2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსამართლის თანამდებობობიდან გათავისუფლებული პირი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 20 ნოემბერს გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის 209-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2002 წლის 29 ნოემბერს გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა და სასამართლოს კოლეგიამ იმავე წლის 5 დეკემბერს კონსტისტუციური სარჩელი არსებითად განასახილველად მიიღო (საოქმო ჩანაწერი N 1/12/209). 2004 წლის 10 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა და იმავე წლის 16 თებერვალს პირველ კოლეგიასვე გადმოეცა საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითად განასხილველად მიღებისა და 209-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 5 მარტის N 1/1/276 საოქმო ჩანაწერით 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად და გაერთიანდა 209-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთნან ერთ საქმედ ერთობლივად განხილვის მიზნით.
კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და „საკონსტიტუციო სამართალწრმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე -2 პუნქტი.
საქართველოს სახალხო დამცველის სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-5, 58-ე და 81 –ე მუხლები ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლებები. მე -5 მუხლის შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი გამოცხადებულია კონფიდენციალურად, ხოლო 58-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ეგზავნება მხოლოდ მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ასევე იმ სასამართლოს, სადაც მოსამართლე მუშაობს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციას. ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს ის პირი, რომელმაც შეიტანა საჩივარი მოსამართლის მიმართ. გარდა ამისა, კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი სადისციპლინო კოლეგიას და სადისციპლინო საბჭოს უფლებას აძლევს და არ ავალდებულებს გამოაქვეყნოს მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამდენად, მოსარჩელის აზრით, პირი, რომლის საჩივრის ან განცხადების საფუძველზე შეიძლება აღიძრას დისციპლინური დევნა მოსამართლის მიმართ და რომელსაც სადისციპლინო კომისიამ შეძლება ჩამოართვას ახსნა –განმარტებანი იუსტიციის საბჭოს მიერ შეიძლება მიწვეულ იქნეს სხდომაზე სადისციპლინო კომისიის დასკვნის განხილვისას, რჩება იმ სუბიექტებს მიღმა, რომელთაც სავალდებულო წესით ეცნობებათ, თუ რა დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დაეკისრა მოსამართლეს.
მოსარჩელე ქეთევან ბახტაძე დისციპლინური გადაცდომის მოტივით გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან. იგი მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები – წაერთვა მოსამართლეთ დისციპლინური საბჭოს მიერ მის მიმართ მიღებული გადწყვეტილების გასაჩივრების უფლება და სამუდამოდ მოკლებულია შესაძლებლობას კვლავ დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა. მოსარჩელის წარმომადგენელმა ლია მუხაშავრიამ აღნიშნა, რომ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამრთლეთ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმის მიუხედავად, სადისციპლინო კოლეგია და საბჭო არ წარმოადგენენ სასამართლო ორგანოს და მათ არ გააჩნიათ ზოგადად სასამართლოსათვის დამახასიათებელი აუცილებელი ნიშნები. მაშასადამე, ამ ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს საბოლოო და აღსასრულებლად სავალდებულო. ამრიგად თუკი სადისციპლინო კოლეგია და სადისციპლინო საბჭო სასამართლო ორგანოები არ არის, აქედან გამომდინარე, არც „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთ დისცპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 74-ე მუხლის მე-2 და 75-ე მუხლის პირველი პუნქტებია კონსტიტუციური, რადგან სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს საბოლოო და აღსრულებისათვის სავალდებულო. ამით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები, ანუ მოქალაქეს აღარ აქვს უფლება მიმართოს საერთო სასამართლოს და კერძოდ იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმის თანახმად, ნასამართლევი პირი და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლე ერთნაირი სტატუსის მატარებლები არიან. ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით გარკვეულ ვადაში ექვემდებარება გაქარწყლებას, ხოლო არც „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართლწარმოების შესახებ“ კანონი და არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი არ ადგენს დისციპლინური სახდელის გაქარწყლების შესაძლებლობას. ამიტომ დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით განთავისუფლებულ მოსამართლეს პრაქტიკულად სამუდამოდ ეკრძალება სამოსამართლო საქმიანობა. შესაბამისად, ამ სადავო ნორმით ირღვევა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგებილ მოთხოვნებს.
მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების აზრით, სადისციპლინო კოლეგია და საბჭო არ წარმოადგენენ სასამართლოს. აღნიშნული ორგანოები საქმეს განიხილავენ მხოლოდ ისეთივე პრინციპებისა და პროცედურების დაცვით, როგორც ეს ხდება საქმის განხილვისას საერთო სასამართლოების სისტემაში. რაც შეეხება სასამართლოებისადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას, ამჟამად მოსარჩელე სწორედ მას იყენებს იმ იურისდიქციის ფარგლებში, რაც დადგენილია კანონმდებლობით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმით არ იზღუდება დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით გათავისუფლებული მოსამართლის ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. მოსამართლის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, დებულება - „მოსამართლედ არ შეიძლება განმწესდეს პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან“. პროპორციულია იმ მიზნისა, რომელიც გააჩნია სასამართლო სისტემის შეუბღალაობას და მოსამართლის ავტორიტეტს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფინდეციალურია კანონის თანახმად, ხოლო აღნიშნული კანონი მიღებულია კონსტიტუციის შესაბამისად, არანაირად არ ირღვევა კონსტიტუციის მოთხოვნა კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
სპეციალისტი – ადვოკატი მანანა კობახიძე სრულად ეთანხმება მოსარჩელე ქეთევან ბახტაძეს და მის წარმომადგენელს იმაში, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონისა და “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის სადავო ნორმები, რაც შეეხება დისციპლინური პროცესის კონფიდენციალობას, სპეციალიტი მიიჩნევს, რომ, თუკი თავად მოსამართლე თანახმა იქნება საქმის წარმოება და მიღებული გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ეს კანონით დაშვებული უნდა იყოს, ვინაიდან დისციპლინური კოლეგიის ან საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიცავს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
სპეციალისტმა ზურაბ ძლიერიშვილმა “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-5 მუხლთან, 58-ე მუხლისა და 81-ე მუხლის პირველ პუნქტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დისციპლინური საქმის წარმოების დროს კანონით დადგენილი პროცედურებით ხდენა მოსამართლის პროფესიული საქმიანობის შემოწმება. ამიტომ, აქ საქმე გვაქვს პროფესიულ საიდუმლოებასთან. ამ ინფორმაციის გახმაურება ხელყოფს სასამართლოსა და კონკრეტული მოსამართლის ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის პროცესი კონფიდენციალური. ის, რომ სადისციპლინო კოლეგიისა და საბჭოს მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ პირებს და სადისციპლინო საბჭოს უფლება აქვს გამოაქვეყნოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, სრულად შეესაბმება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს. კანონის ეს ნორმები იცავენ როგორც მართლმსაჯულების ინტერესს ანუ სახელმწიფო საიდუმლოებას, ასევე კონკრეტული მოქალაქის - მოსამართლის პროფესიულ საიდუმლოებას. რაც შეეხება სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, იგი არ იზღუდება, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღენბა ხდება სწორედ კანონით დადგენილი სამართალწარმოების ფორმით კონსტიტიუციის შესაბამისად – საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: “სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულებისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით”.
მოწმე გია გეწაძემ აღნიშნა, რომ დისციპლინური პროცესის კონფიდენციალობა განსაზღვრულია მოსამართლის ავტორიტეტის დაცვის მოტივით. კონფიდენციალობას საფუძვლად უდევს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და იგი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების ერთ-ერთ სახეს. ამასთან, მისი აზრით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში უნდა იყოს ჩადებული ისეთი ნორმა, რომელიც დაუშვებს დისციპლინური პროცესის საჯაროობას იმ შემთხვევაში, თუკი “მხარე მოითხოვს, რომ სამართალწარმოება იყოს საჯარო”. მოწმეს არ მიაჩნია დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლებული მოსამართლის კონკურსში ხელმეორედ მონაწილეობის მიღების აკრძალვა მოქალაქის უფლებების შეზღუდვად. მისი სიტყვით, არის ქვეყნები, სადაც საჯარო სამსახურიდან ამ მოტივით გათავისუფლებული პირები ვერასოდეს იმუშავებენ საჯარო სამსახურში და, მით უმეტეს, ვერც მოსამართლედ. გარდა ამისა, სადავო ნორმები არ გამორიცხავენ დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, რადგან, მართალია, სამართალწარმოება სადისციპლინო საბჭოში დასრულებულ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამის შემდეგ მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონი აუცილებლად საჭიროებს სრულყოფას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებთად განხილვის საფუძველზე გაანალიზა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის კონსტიტუციური სარჩელების მონაცემები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლები და ამის შედეგად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ქეთევან ბახტაძის კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
1. საქართვაელოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს სადავო ნორმატიული აქტის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც “სადისციპლინო კოლეგია საქმის განხილვისას მოქმედებს როგორც სასამართლო”, კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით დადგენილია, რომ “ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომოლის იურისდიქცისაც ექვემდებარება მისი საქმე.” ეს კი გულისხმობს ყველა მოქალაქის, მათ შორის მოსამართლის, განსჯას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სასამართლოების მიერ, მოსარჩელის მტკიცებით კი, სადავო ნორმიდან გამომდინარე, მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას ახორციელებს ისეთი ორგანო, რომელიც, მათალია, არ არის სასამართლო, მაგრამ მოქმედებს როგორც სასამართლო. მართლაც, ამავე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტების თანახმად, სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიალურად კოლეგიის სამი წევრის შემადგენლობით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სადისციპლინო საბჭოში, რომლის მიმართაც კანონში არსად არაა ნათქვამი, რომ მოქმედებს როგორც სასამართლო, თუმცა მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი ორგანოს სტატუსი ნათლად და გამოკვეთილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული , ისე, რომ მასში ადგგილი არ ჰქონდეს შეუთავსებელი ფუნქციების შეთავსებას. დაუშვებელია, გაორებული ბუნების ორგანო ახორციელებდეს მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას და ამით გზას უკეტავდეს მათ სასამართლოში მიმართვაზე.
სასამართლო კოლეგიამ შეისწავლა მოსამართლეთა დისციპლინური დევნის მომწესრიგებელი კანონმდებლობა სხვა ქვეყნების მაგალითზე და სადავო ნორმის ანალოგებს მოძიებულ მასალებში ვერ მიაკვლია. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მომზადებული მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთში მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას ახორციელებს რუსეთის უმაღლესი საკვალიფიკაციო კოლეგია, ბულგარეთში – დისციპლინური კომისია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გერმანიაში – მიწის დისციპლინური სასამართლო.
ასე რომ, მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას ახორციელებენ ან სასამართლოები, ან კიდევ სხვა დაწესებულებები და არა ისეთი დუალისტური ბუნების მქონე ორგანო, როგორც ეს სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ “ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ”, რომელიც მიღებულია გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მეშვიდე კონგრესის მიერ (მილანი, 1985 წლის 26 აგვისტო – 6 სექტემბერი) მოითხოვს: “მოსამართლისადმი, მისი თანამდებობრივი და პროფესიული კომპეტენციიდან გამომდინარე, წაყენებული ბრალდების ან საჩივარის საფუძველზე საქმის წარმოება უნდა წარიმართოს სწრაფად და სამართლიანად შესაბამისი პროცედურის მიხედვით. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლება”.
2. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ასევე არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 75- ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ეს პუნქტები ლოგიკური გაგრძელებაა 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და იმავდროულად მისი არაკონსტიტუციურობის დადასტურებაცაა. 74-ე მუხლის -2 პუნქტის თანახმად “სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის შესახებ საბოლოოა და მისი შესრულება სავალდებულოა.” 75-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, “სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ (თუ არ გასაჩივრდა) და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.”
აღნიშნული ნორმების ასეთი იმპერატიული მოთხოვნა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სპეციალისტ მანანა კობახიძის შეფასებით, თავისი შინაარსითა და მოქმედებით სასამართლო გადაწყანტილების ტოლფასია, როცა ის არ არის სასამართლო ორგანო და არც საერთო სასამართლოების სისტემაში შედის. ასეთ ვითარებაში იქმნება ყველაზე პარადოქსული სინამდვილე, როცა მოსამართლე სასამართლო დაცვის მიღმა რჩება. ეს კი არ შეიძლება უარყოფითად არ აისახოს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. მოსამართლე, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვაშია შეზღუდული, ვერ იქნება სხვათა უფლებების დაცვის კარგი მსაჯული.
გარდა აღნიშნულისა, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდიან ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ რეალობასთან, კერძოდ, მოსამართლეთათვის უფლებმოსილების შეწყვეტის წესთან. მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს იმ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებითაც მოხდა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესება. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი “...ორგანული კანონით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეებს.” სადავო ნორმებით სადისციპლინო საბჭოსადმი მინიჭებული უფლებამოსილება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შეჭრა. სადავო ნორმების შინაარსის ფონზე დასახელებული კანონის 79-ე და მე-80 მუხლები ერთობ დაკნინებულ-დამცრობილად გამოიყურება –საქართველოს პრეზიდენტი სადისციპლინო საბჭოს მიერ მიღებული აქტის აღმასრულებლის როლში გვევლინება მხოლოდ და წართმეული აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების კონსტიტუციური უფლება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ, როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, ყველა შემთხვევაში სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს.
3. არ დასტურდება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნაწილის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც, მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსამართლის თანამდებობიდან გათავსუფლებული პირი. ასეთ საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
სასამართლდო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავკბას განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს კანონმდებლობა და იგი არ შემოიფარგლება “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმალური ნიშნებით. ისტორიულად, მოსამართლეებად ინიშნებოდნენ არა მხოლოდ პროფესიული ჩვევებით გამორჩეული პიროვნებები, არამედ ხაზგასული პატიოსნებითა და კეთილსინდისიერებით განთქმული ადამიანები.
ასეთი მომეტებული პასუხისმგებლობის მიუხედავად, დაუშვებელია მოსამართლის უფლებამოსილება მარტივი და უმნიშვნელო გადაცდომისათვის წყდებოდეს. სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასეთ ვითარებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. “მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის 56–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის, აგრეთვე მოსამართლის მიერ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების, ასევე მისი საერთო საქმიანი და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით კოლეგია მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას, სადისციპლინო კოლეგიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მძიმე დარღვევა.”
აქედან ჩენს, რომ მოსამართლეობის უფლება ერთმევა არა უბრალოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს, არამედ პირს, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დარღვევა. სადავო ნორმის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დასახელებული 46-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულია მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმის საფუძვლები უფრო ნაკლებად მძიმე დარღვევისათვის, ვიდრე ეს სადავო ნორმითაა დადგენილი.
“მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ეფექტურობისა და როლის შესახებ” ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიმართ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში NR (94) 12 (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 1995 წლის 13 ოქტომბრის მინისტრთა წარმომადგენლების შეხვედრაზე) ნათქვამია: “დაუშვებელია დანიშნულ მოსამართლეთა სამუდამოდ გადაყენება საპენსიო ასაკამდე კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასეთი საფუძვლები, რომლებიც ზუსტად უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, შესაძლებელია გამოიყენონ იმ ქვეყნებში, სადაც მოსამართლეს გარკვეული ვადით ირჩევენ ან ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სამოსამართლეო ფუნქციების შესრულების უუნარობასთან, დანაშაულის ჩადენასთან ან დისციპლინის წესების სერიოზულ დარღვევასთან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიის აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება არ არის უპირობო უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ “ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებში” უნდა ივარაუდებოდეს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი პირისათვის წაყენებული მაღალი არა მარტო პროფესიული, არამედ პიროვნული თვისებები. ასეთად კი ვერ ჩაითვლება სადავო ნორმის საფუძველზე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში, მოსამართლის გათავისუფლების რა საფუძველიც არ უნდა იყოს სახეზე, ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ სერიოზული და ისეთი სამართალდარღვევისათვის, რაც უკიდურესად შეუძლებელს გახდის ამ თანამდებობაზე მის ყოფნას.
II. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, არ დასტურდება “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-5 მუხლით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 81-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს იმაში, რომ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის კონფიდენციალურობით ილახება იმ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, რომელთა საჩივრებსაც უკავშირდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნა. უნდა ითქვას, რომ დასახელებული კანონით მკაცრადაა განსაზღვრული ამ კატეგორიის მოქალაქეთა ადგილი დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. მათი საჩივრები თუ განცხადებები მოსამართლის მიმართ მხოლოდ დისციპლინური საქმის აღძვრის საბაბი ხდება და ისინი არ წარმოადგენენ სამართალწარმოების პროცესის აუცილებელ მონაწილეებს.
დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის კონფიდენციალურობა დაკავშირებულოია სასამართლოსა და მოსამართლის მაღალ საზოგადოებრივ ავტორიტეტთან და მის დაცვა-შენარჩუნებასთან. “ძირითადი პრინციპები სასამართლდოს დამოუკიდებლობის შესახებ” ადგენს, რომ მოსამართლის “საკითხის გამოძიების საწყის ეტაპზე დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა, თუ თავად მოსამართლე არ მოითხოვს საწინააღმდეგოს”. “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავსუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის” მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში ნათქვამია: “განაჩენი გამოცხადდება საჯაროდ, მაგრამ პრესა და საზოგადოება შეიძლება არ ესწრებოდეს მთელ სასამართლო პროცესს ან მის ნაწილს, დემოკრატიულ სახელმწიფოში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ან როდესაც ამას მოითხოვენ არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან მაშინ, როდესაც, სასამართლოს აზრით, განსაკუთრებულ გარემოებებში ეს უკიდურესად აუცილებელია, რადგან საჯაროობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მართლმსაჯულების ინტერესებს.”
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი არ გულისხმობს ინფორმაციის ისეთ თავისუფლებას, რაც შეიძლება გახდეს სხვისი უფლებებისა თუ თავსუფლებების, ანდა სამართლებრივად მნეიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, სადავო ნორმების შეფასებისას გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის ის დებულება, რომლითაც იზღუდება ინფორმაციის მიღების თავისუფლება, თუკი ეს ზიანს აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ შეუძლებელია კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული ასევე სადავო 58-ე მუხლის ის დანაწესი, რომ “სადისციპლინო კოდეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან ხუთ დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცე ორგანოს ან თანამდებობის პირს, ასევე იმ სასამართლოს, სადაც მოსამართლე მუშაობს, საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა კონფერენციას”. მართალია, აქ არ არის მოხსენიებული დისციპლინური დევნის აღძვრაზე განცხადების შემტანი პირი, მაგრამ ასეთი პირის უფლებები უზრუნველყოფილია დისციპლინურ სამართალწარმოებაში მისი ადგილისა და მდგომარეობის შესაბამისად. აღსანიშნავია ის, რომ სხვადასხვა სახის სამართალწარმოების მომწესრიგეელი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებათა ასლები ეგზავნებათ მკაცრად განსაზღვრულ პირებს, კერძოდ, მხარეებს ან დამატებით საჯარო ინტერესების მქონე სუბიექტებს. უფრო მეტიც, ზოგჯერ მხარე სპეციალურად თუ არ მოითხოვს გადაწყვეტილების გადაცემას, ისე სასამართლო არ არის ვალდებული გაუგზავნოს იგი. ასე მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად “მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს სამი დღისა განცხადების შეტანიდან.”
ზემოთ მოტანილი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის დარღვევა არც იმით შეიძლება გამოიხატოს, რომ სადავო 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სადისციპლინო კოლეგიასა და სადისციპლინო საბჭოს უფლება აქვთ გამოაქვეყნონ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. მსგავს დანაწესებს შეიცავს საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებიც.
III. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონი სერიოზულ (არსებით) სრულყოფა-განახლებას საჭიროებს, აუცილებელია, რომ სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება, შესაბამისობაში იმყოფებოდნენ როგორც ერთმანეთთან, ისე საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ დებულებებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა, რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე -2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე -2, მე -4, მე -7 და მე -8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით, 74-ე მუხლის მე -2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, 74-ე მუხლის მე -2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
3. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე -2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მოასამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსამართლის თანამდებობიდან გათავსუფლებული პირი;
4. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის 209-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის მე-5 მუხლის, 58-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 81-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციის 41- ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან ;
6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
7. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
კოლეგიის შემადგენლობა
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი