ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/1/1547 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ივლისი 2021 16:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 26 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1547) მომართეს ვახტანგი მიმინოშვილმა, ინვერი ჩოკორაიამ და ჯემალი მარკოზიამ. №1547 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 16 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1547 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 26 პუნქტის თანახმად, იკრძალება 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების თანახმად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.“
5. №1547 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან მცირე ფერმერები და ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი. მათი განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, ადგილობრივ ბაზარზე კი საქონლის ფასი ძალიან დაბალია, რის გამოც იძულებულნი არიან, დამატებითი ხარჯები გასწიონ საქონლის შენახვასა და მოვლაში, რაც ნეგატიურად აისახება მათ მეურნეობაზე.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია პირის შესაძლებლობა, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებას, რაც, მათ შორის, მოიცავს იმის განსაზღვრის უფლებამოსილებას, თუ როდის, ვის ან რა ფასად მიჰყიდის პირი საკუთარ ქონებას. ამის საპირისპიროდ კი, სადავო ნორმა ზღუდავს 140 კგ-მდე მდედრობითი სქესის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო რეგულირება შესაძლოა, მიმართული იყოს ადგილობრივ ბაზარზე რძის ნაწარმისა და ხორცის დეფიციტის შესამცირებლად, თუმცაღა განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სათანადო კვლევის შედეგები, სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დაადასტურებს ამგვარი დეფიციტის რეალურ არსებობას.
7. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის პირობებშიც კი, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მათი მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. მათი პოზიციით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა იმდენად ზრდის საქონლის შენახვის ხარჯებს, რომ ამ სფეროში ჩართულ პირებს უწევთ, უარი თქვან საქონლის გაზრდაზე, რაც ვერანაირად ვერ შეამცირებს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ დეფიციტს. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ, თუკი სახელმწიფოს მიზანია მსხვილფეხა საქონლის მეურნეობის განვითარება და, ამ გზით, ადგილობრივ ბაზარზე რძის ნაწარმისა და ხორცის დეფიციტის შემცირება, შემზღუდველი ღონისძიებების ნაცვლად, სახელმწიფომ პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას, კერძოდ, შეამციროს გადასახადები და გაამარტივოს ექსპორტთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურები. ამგვარი ქმედებები ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ფერმერები შეძლებენ უფრო მეტი საქონელის ყოლას და სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნები მიღწევადი იქნება ნაკლებად შემზღუდველი რეგულაციის პირობებში.
8. მოსარჩელეები ასევე აპელირებენ მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვაზე, მათი განმარტებით, სადავო ნორმის მიღებამდე მათ საქონელი ექსპორტზე გაჰყავდათ ირანსა და აზერბაიჯანში, სადაც საბაზრო ფასი ორ-სამჯერ აღემატებოდა ადგილობრივ ბაზარზე შეთავაზებულ ფასს. რამდენადაც ისინი ვეღარ ახერხებენ 140 კგ-მდე მდედრობითი სქესის საქონლის ექსპორტს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შემოთავაზებული ფასი, ხშირ შემთხვევაში, გაწეულ ხარჯსაც კი ვერ ფარავს, ისინი ვერ ავითარებენ მეურნეობას და ავტომატურად უწევთ ბაზრის დატოვება. ამასთან, მოსარჩელეთა პოზიციით, მცირე მეურნეობის მქონე პირები ვერ ახერხებენ სამართლიან კონკურენციას იმ ფერმერებთან, რომლებიც ფლობენ დიდ მეურნეობას და მეტად უნარიანები არიან როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გაყიდონ საქონელი, თუნდაც 140 კგ-ს მიღწევის შემდგომ. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ექსპორტის ბაზრის ჩაკეტვა ან შეზღუდვა სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად აზიანებს და ხელს უშლის მეწარმეობის თავისუფლებას.
9. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავრობამ, კონკრეტული საკანონმდებლო დელეგირების გარეშე, დადგენილებით ანუ კანონქვემდებარე აქტით შეზღუდა დასახელებული ძირითადი უფლებები. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
10. 2021 წლის 21 აპრილს მოსარჩელე მხარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა შუამდგომლობით №1547 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოების გაგრძელების შესახებ. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 9 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადდა „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილება, თუმცაღა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს მიიღო „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №147 დადგენილება, რომლის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტიც ძალადაკარგული სადავო ნორმის იდენტურია და მათ შორის არაა რაიმე გრამატიკული ან სიტყვიერი განსხვავება. მოსარჩელეთა განმარტებით, მართალია, კონსტიტუციური სარჩელით თავდაპირველად სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა რამდენადაც კანონმდებლობაში კვლავ არსებობს ანალოგიური შეზღუდვის დამდგენი ნორმა და მოსარჩელე მხარემ აშკარად გამოხატა საკუთარი სურვილი სამართალწარმოების გაგრძელების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა შეწყვიტოს №1547 საქმე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. N1547 კონსტიტუციურ სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტი - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2021 წლის 9 აპრილს. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს მიიღო „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №147 დადგენილება, რომლის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტიც ძალადაკარგული სადავო ნორმის იდენტურად არეგულირებს საქონელის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ გაგრძელდეს საქმის წარმოება №1547 კონსტიტუციურ სარჩელზე და სასამართლომ შეაფასოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნა ან/და მოახდინოს მისი მოდიფიცირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/2/468 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქათველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის №2/5/626 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს არ შეუძლია სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირება იმ ფორმითაც კი, როდესაც ფორმალურად იცვლება სადავო ნორმა, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის არსი, მათ შორის, სადავო ნორმის შინაარსი უცვლელი რჩება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-3).
3. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირების ამკრძალავი პირდაპირი ჩანაწერი. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედების ფარგლები შეზღუდულია ორი ნორმით, კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითეს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით იმსჯელოს იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოსარჩელე არ ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ნორმატიული აქტების გაუქმება შესაძლოა, წარმოქმნიდეს წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგთან, ხელისუფლების დანაწილების არქიტექტურასთან, თუმცაღა განსახილველი შემთხვევა სრულიად განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს თვითინიციატივისაგან. მოცემულ ვითარებაში, თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას სურს არა სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის, არამედ ფორმალურად სხვა, თუმცაღა შინაარსობრივად იდენტური ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
5. ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ „მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე“. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს საქმე. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილია და მასზე ვრცელდება ამ უფლებისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი კონსტიტუციური გარანტიები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირება ნაკარნახებია თუ არა კონსტიტუციური უფლების დაცვის აუცილებლობით და ხომ არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც გაამართლებდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის ფაქტი, რომ, ზოგადად, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, იდავოს ყველა იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ზღუდავს ან განჭვრეტად მომავალში შეზღუდავს მის ძირითად უფლებებს. სწორედ ამგვარ აქტს წარმოადგენს ის ნორმა, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოითხოვს იგი შუამდგომლობით და მას შეუძლია, ახალი კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენით, მოითხოვოს „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილს №147 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის არაკონსტიტუცურად ცნობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა, ფაქტობრივად, მოსარჩელეს სთხოვს, ახალი სარჩელის წარდგენას, მხოლოდ და მხოლოდ, მოთხოვნის ფორმალურად ჩასანაცვლებლად.
7. იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ საქმეზე არ არის ჩატარებული განმწესრიგებელი სხდომა ან/და სასამართლოს არ მიუღია რაიმე აქტი, სამართალწარმოების პროცესის იმგვარად განმარტება, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ავტომატურად უნდა შეწყვიტოს წარმოება არსებულ საქმეზე და, სანაცვლოდ, იმსჯელოს ახალ კონსტიტუციურ სარჩელზე, ერთი მხრივ, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ ახსნას, ხოლო, მეორე მხრივ, განაპირობებს მოსარჩელისა და სასამართლოს ფუჭ შრომას. საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს საქმის შეწყვეტის შესახებ არაფრისმომცემი განჩინების მომზადება, შემდგომში ახალი სარჩელის რეგისტრაციის, განაწილების პროცესის ხელახალი უზრუნველყოფა, ყველა დასახელებული პროცედურული ეტაპის შემდეგ კი, საბოლოო ჯამში, მიიღწევა მოსარჩლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ეკვივალენტური სამართლებრივი შედეგი. ბუნებრივია, ამგვარი მიდგომა აჭიანურებს სადავო საკითხის გადაწყვეტას და ამცირებს სასამართლოს ეფექტურობას.
8. ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობიდან, აფერხებს მოსარჩელის მიერ უფლების დაცვის ეფექტურობას და, ამავე დროს, იწვევს სასამართლოს ხელოვნურ გადატვირთვას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და მსგავს შემთხვევებში სასამართლოს უნდა ჰქონდეს მოსარჩლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის შეხედულებით, განსახილველ საქმეზე არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლის საჭიროება და, შესაბამისად, №1547 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1547 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხის გადასაწყვეტად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი