ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/6/1547 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ივლისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ივლისი 2022 18:10 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1547) მომართეს ვახტანგი მიმინოშვილმა, ინვერი ჩოკორაიამ და ჯემალი მარკოზიამ. №1547 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2020 წლის 16 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2021 წლის 15 ივლისს №2-3/1/1547 განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. №1547 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 8 ივლისს.
3. №1547 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. №1547 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეთა მხრიდან, თავდაპირველად, სადავო იყო „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 26 პუნქტი, რომლის თანახმად, იკრძალებოდა 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემული იყო ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმა საქართველოს მთავრობის მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდა 2021 წლის 9 აპრილიდან.
5. 2021 წლის 21 აპრილს მოსარჩელე მხარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა შუამდგომლობით №1547 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოების გაგრძელების შესახებ. შუამდგომლობაში აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს მიიღო №147 დადგენილება -„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მითითებული დადგენილებით განმტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი და უკვე ძალადაკარგული ნორმის იდენტური იყო ანუ მათ შორის არ არსებობდა რაიმე გრამატიკული ან სიტყვიერი განსხვავება. მოსარჩელეთა არგუმენტაციის თანახმად, მართალია, №1547 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვინაიდან კანონმდებლობაში კვლავ არსებობდა შეზღუდვის დამდგენი იდენტური დებულება და მოსარჩელე მხარე გამოხატავდა სამართალწარმოების გაგრძელების სურვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე არ უნდა შეეწყვიტა სამართალწარმოება.
6. 2022 წლის 4 ივლისს მოსარჩელეებმა კვლავ მომართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით, რომელშიც მიუთითეს, რომ „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტში შევიდა შინაარსობრივი ცვლილება. კერძოდ, მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ მის მიერ 2021 წლის 21 აპრილის შუამდგომლობით, იდენტიფიცირებულ სადავო ნორმაში 2022 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობის №195 დადგენილებით, ამჯერად განისაზღვრა, რომ 140 კგ-ის ნაცვლად აკრძალულია 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილების შემდეგ, მოქმედი ნორმა შინაარსობრივად აღარ არის №1547 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ნორმის იდენტური, მათ მიერ თავდაპირველად იდენტიფიცირებული სამართლებრივი საკითხი, მსგავსი შეზღუდვის ფორმით, კვლავ აგრძელებს არსებობას მოქმედ კანონმდებლობაში. ამდენად, მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება არ შეწყდეს, რადგან მოთხოვნის არსი, სამართლებრივი არგუმენტაცია და მოსარჩელეთა ინტერესი დავის მიმართ იმის მსგავსია, რაც №1547 კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული.
7. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, იკრძალება 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების თანახმად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.“
9. №1547 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან მცირე ფერმერები და ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი. მათი განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ კილოგრამამდე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, ადგილობრივ ბაზარზე კი მსხვილფეხა საქონლის ფასი ძალიან დაბალია, რის გამოც, იძულებული არიან, დამატებითი ხარჯები გასწიონ საქონლის შენახვასა და მოვლაში, რაც ნეგატიურად აისახება მათ მეურნეობაზე.
10. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია პირის შესაძლებლობა, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებას, რაც, მათ შორის, მოიცავს იმის განსაზღვრის უფლებამოსილებას, თუ როდის, ვის ან რა ფასად მიჰყიდის პირი საკუთარ ქონებას. ამის საპირისპიროდ კი, სადავო ნორმა ზღუდავს მდედრობითი სქესის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო რეგულირება შესაძლოა, მიმართული იყოს ადგილობრივ ბაზარზე რძის ნაწარმისა და ხორცის დეფიციტის შესამცირებლად, თუმცაღა განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სათანადო კვლევის შედეგები, სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დაადასტურებს ამგვარი დეფიციტის რეალურ არსებობას.
11. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ, ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის პირობებშიც კი, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა იმდენად ზრდის მსხვილფეხა საქონლის შენახვის ხარჯებს, რომ ამ სფეროში ჩართულ პირებს უწევთ, უარი თქვან საქონლის გაზრდაზე, რაც ვერანაირად ვერ შეამცირებს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ დეფიციტს. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ, თუკი სახელმწიფოს მიზანია მსხვილფეხა საქონლის მეურნეობის განვითარება და, ამ გზით, ადგილობრივ ბაზარზე რძის ნაწარმისა და ხორცის დეფიციტის შემცირება, შემზღუდველი ღონისძიებების ნაცვლად, სახელმწიფომ პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას, კერძოდ, შეამციროს გადასახადები და გაამარტივოს ექსპორტთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურები. ამგვარი ქმედებები ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ფერმერები შეძლებენ, უფრო მეტი მსხვილფეხა საქონლის ყოლას და სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნები მიღწევადი იქნება ნაკლებად შემზღუდველი რეგულაციის პირობებში.
12. მოსარჩელეები ასევე აპელირებენ მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვაზე, მათი განმარტებით, სადავო ნორმის მიღებამდე, მათ მსხვილფეხა საქონელი ექსპორტზე გაჰყავდათ ირანსა და აზერბაიჯანში, სადაც საბაზრო ფასი ორ-სამჯერ აღემატებოდა ადგილობრივ ბაზარზე შეთავაზებულ ფასს. რამდენადაც ისინი ვეღარ ახერხებენ მდედრობითი სქესის საქონლის ექსპორტს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შემოთავაზებული ფასი, ხშირ შემთხვევაში, გაწეულ ხარჯსაც კი ვერ ფარავს, ისინი ვერ ავითარებენ მეურნეობას და ავტომატურად უწევთ ბაზრის დატოვება. ამასთან, მოსარჩელეთა პოზიციით, მცირე მეურნეობის მქონე პირები ვერ ახერხებენ სამართლიან კონკურენციას იმ ფერმერებთან, რომლებიც ფლობენ დიდ მეურნეობას და მეტად უნარიანები არიან როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტზე გაყიდონ საქონელი, თუნდაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მასის მიღწევის შემდგომ. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ექსპორტის ბაზრის ჩაკეტვა ან შეზღუდვა სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად აზიანებს და ხელს უშლის მეწარმეობის თავისუფლებას.
13. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავრობამ, კონკრეტული საკანონმდებლო დელეგირების გარეშე, დადგენილებით ანუ კანონქვემდებარე აქტით შეზღუდა დასახელებული ძირითადი უფლებები. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1547 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ნორმა, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 62 პუნქტში, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2021 წლის 9 აპრილს. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს მიიღო „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №147 დადგენილება, რომლის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი, ზემოთ მითითებული, თავდაპირველად სადავოდ გამხდარი ნორმის იდენტურად არეგულირებდა მსხვილფეხა საქონლის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგვიანებით, მითითებულ ნორმაში საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №195 დადგენილებით, შევიდა დამატებითი ცვლილება და განისაზღვრა, რომ 140 კგ-ის ნაცვლად, აკრძალულია 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი.
2. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ 2021 წლის 19 აპრილს და 2022 წლის 4 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა შუამდგომლობებით, რომ გაგრძელებულიყო საქმის წარმოება №1547 კონსტიტუციურ სარჩელზე და სასამართლოს შეეფასებინა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა. მოსარჩელეთა აზრით, მათ მიერ, თავდაპირველად, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში იდენტიფიცირებული სადავო საკითხი კვლავ არსებობს კანონმდებლობაში მსგავსი შეზღუდვის ფორმით. 2021 წლის 19 აპრილს წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ მისი პოზიცია განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისგან და, შესაბამისად, დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადმოსცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ამდენად, მოცემული საქმის ფარგლებში, სანამ მოგვიანებით, უშალოდ, არსებითად შეფასდება მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული სადავო საკითხის კონსტიტუციურობა, აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინოს, არსებობს თუ არა პრაქტიკის შეცვლის საჭიროება და, შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა №1547 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოების გაგრძელება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ არსებული რელევანტური კანონმდებლობა მოსარჩელეს ანიჭებს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ან მასზე უარის თქმის უფლებას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის ან/და მოდიფიცირების შესაძლებლობა მოსარჩელე მხარეს არ აქვს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/2/468 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის №2/5/626 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არსებული პრაქტიკის მიხედვით, მოსარჩელე მხარეს არ შეეძლო სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ფორმალურად იცვლებოდა სადავო ნორმა, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი არსი, მათ შორის, სადავო ნორმის შინაარსი იდენტური ან მსგავსი იყო (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოდიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი ახალი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში.
4. იმისთვის, რათა გადაწყდეს, არსებობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ მითითებული პრაქტიკის შეცვლის შესაძლებლობა და საჭიროება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, არსებობს თუ არა საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში რომელიმე დებულება, რომელიც დადგენილი პოზიციის შეცვლას აბრკოლებს. ამ მხრივ, ფაქტია, რომ საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში (შემდგომში „ორგანული კანონი“) არ არსებობს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირების შემდგომ სამართალწარმოების გაგრძელების ამკრძალავი პირდაპირი დებულება, რომელიც უშუალოდ შეზღუდავდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას. თუმცა ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედების ფარგლების შებოჭვასთან დაკავშირებით, რელევანტურია ორი ნორმა, კერძოდ, ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება.
5. ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“. მითითებული დებულების გათვალისწინებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით იმსჯელოს იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოსარჩელე არ ითხოვს. ამგვარი მოწესრიგების გონივრული გამართლება შეიძლება იყოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ძალაუფლების დანაწილების მოდელი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო არის სასამართლო ხელისუფლებას მიკუთვნებული კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მხოლოდ შესაბამისი სუბიექტების მიმართვის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს და გამორიცხავს სასამართლოს თვითინიციატივით რაიმე აქტის გაუქმების შესაძლებლობას. თუმცა №1547 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში განსახილველი შემთხვევა სრულიად განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს თვითინიციატივის აკრძალვისგან. მოცემულ ვითარებაში, თავად მოსარჩელე მხარე, საკუთარი ინიციატივით წარდგენილ შუამდგომლობებში მიუთითებს, რომ მას სურს არა სარჩელით თავდაპირველად სადავოდ გამხდარი (ძალადაკარგული) ნორმის, არამედ ფორმალურად სხვა, მაგრამ სადავო სამართლებრივი საკითხის კონტექსტში მსგავსი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
6. მოდიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის დროს, სამართალწარმოების შეწყვეტის კონტექსტში, ასევე რელევანტურია ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება, რომელიც მიუთითებს, რომ „მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული დებულება არ კრძალავს სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირების შესაძლებლობას, მეტიც, აღნიშნული ნორმა არ ადგენს რაიმე ფორმის შეზღუდვას, არამედ მისი მიზანია, უზრუნველყოს მოსარჩელის უფლება, სურვილის შემთხვევაში, შეამციროს ან საერთოდ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ კი, თავის მხრივ, უნდა იმოქმედოს შესაბამისად და საკითხი შეაფასოს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ან, თუ მოსარჩელე მხარე უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე, შეწყვიტოს სამართალწარმოება. განსახილველ შემთხვევაში, კვლავ აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ან მასზე უარის თქმის ნებელობა მოსარჩელე მხარეს არ გამოუვლენია. პირიქით, მოსარჩელეებმა, მას შემდეგ, რაც ძალადაკარგულად გამოცხადდა თავდაპირველად სადავოდ გამხდარი ნორმა, ცხადად და რამდენჯერმე დაადასტურეს თავიანთი მოთხოვნა და უწყვეტი ინტერესი სამართალწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულება, რომ თავდაპირველად სადავო და შემდგომ ძალადაკარგული ნორმის მსგავსი დებულება კვლავ არსებობს კანონმდებლობაში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების გაგრძელება არ იქნება არსებულ კანონმდებლობასთან შეუთავსებელი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია იმ სასამართლო ორგანოებისათვის მიმართვის გზით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლი ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, მათ შორის, გარანტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №1/1/1312 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი კონსტიტუციური გარანტიები, მათ შორის, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა შეაფასოს, სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირების შემთხვევაში, სამართალწარმოების გაგრძელება ნაკარნახევია თუ არა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ეფექტიანად დაცვის აუცილებლობით და ხომ არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც გაამართლებდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
8. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას მოსარჩელის უფლებამოსილება, იდავოს ყველა იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ზღუდავს ან განჭვრეტად მომავალში შეზღუდავს მის ძირითად უფლებებს. სწორედ ამგვარი აქტი არის ის ნორმა, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე 2022 წლის 4 ივლისს წარმოდგენილი შუამდგომლობით. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აქამდე განვითარებული პრაქტიკით, მოსარჩელეს ფაქტობრივად მოეთხოვებოდა შესწორებული სარჩელის წარდგენა მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნის ფორმალური ნაწილის ჩასანაცვლებლად. შედეგად, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მოსარჩელე მხარეს კვლავ აქვს ინტერესი სამართალწარმოების გაგრძელებისა, რამეთუ შუამდგომლობის თანახმად, ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც მისი უფლებების შეზღუდვა კვლავ სახეზეა და განგრძობადი ხასიათისაა, მას მოუწევს, თავიდან წარადგინოს ახალი სარჩელი და ჩადგეს საქმეთა განხილვის რიგში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, არსებულ სარჩელზე მიიღოს სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც, თავისთავად, მოკლებული იქნება განსაკუთრებულ შინაარსობრივ თუ პრაქტიკულ მნიშვნელობას.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ საქმეზე არ არის ჩატარებული განმწესრიგებელი სხდომა ან/და სასამართლოს არ მიუღია კონკრეტული სამართლებრივი აქტი, სამართალწარმოების პროცესის იმგვარად განმარტება, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ავტომატურად უნდა შეწყვიტოს წარმოება არსებულ საქმეზე და, სანაცვლოდ, დაელოდოს ახალ, პრაქტიკულად იმავე შინაარსის კონსტიტუციურ სარჩელს და შემდეგ იმსჯელოს მასზე, ერთი მხრივ, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ ახსნას, ხოლო, მეორე მხრივ, განაპირობებს მოსარჩელისა და სასამართლოს ადამიანური, მატერიალური თუ დროის რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს საქმის შეწყვეტის შესახებ შინაარსობრივ/პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული განჩინების მომზადება, შემდგომში კი მოდიფიცირებული სარჩელის რეგისტრაციისა და განაწილების პროცესის ხელახალი უზრუნველყოფა. ამავდროულად, მხოლოდ ყველა დასახელებული პროცედურული ეტაპის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მიიღწევა მოსარჩლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ეკვივალენტური სამართლებრივი შედეგი. ბუნებრივია, ამგვარი პროცედურული ზედმეტობა აჭიანურებს სადავო საკითხის გადაწყვეტას და ამცირებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მოსარჩლის მიერ 2022 წლის 4 ივლისს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობიდან, აფერხებს მოსარჩელის მიერ უფლების დაცვის ეფექტიანობას და, ამავე დროს, იწვევს სასამართლოს ხელოვნურ გადატვირთვას. ამდენად, გონივრულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსაზრების გაზიარება საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
11. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე, შუამდგომლობით, ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ქცევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას, რითაც დასტურდება სამართალწარმოების გაგრძელებისადმი არსებული მისი უწყვეტი ინტერესი. №1547 კონსტიტუციურ სარჩელსა და შუამდგომლობებში წარმოდგენილი პოზიცია ცხადყოფს, რომ მოსარჩელეთათვის პრობლემურია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც, ისინი ვერ ახერხებენ მდედრი ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, რის გამოც, ერთი მხრივ, ეზღუდებათ საკუთრების თავისუფლად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, მეწარმეობის თავისუფლება. მითითებული შეზღუდვა, სარჩელის შემოტანის მომენტის მსგავსად, კვლავ არსებობს, თუმცა უფრო ნაკლები მასის მქონე საქონელთან მიმართებით. სწორედ ამ შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობაზე მიუთითებს მოსარჩელე წარმოდგენილი შუამდგომლობით.
12. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული შინაარსობრივი სხვაობა N1547 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმასა და მოქმედ ნორმას შორის, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვს 2022 წლის 4 ივლისს წარმოდგენილი შუამდგომლობით. ამავდროულად, საქმის განხილვის ამ ეტაპზე შეუძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლომ სიღრმისეულად შეაფასოს, ხსენებული ცვლილება არსებითად ცვლის თუ არა ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს, თუმცა სამართალწარმოების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისთვის, მითითებული გარემოება არც არის რელევანტური. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის განხილვის გაგრძელების საჭიროება ნაკარნახევია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და იმ ხელოვნური ბარიერების განეიტრალების ინტერესებით, რომლებიც საქმის შეწყვეტას და ახალი სარჩელის წარდგენას ახლავს თან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რამდენად არის თვითკმარი N1547 კონსტიტუციური სარჩელი შუამდგომლობაში მითითებული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად.
13. N1547 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არსებითად უკავშირდება საქონლის ექსპორტის აკრძალვის საკითხის კონსტიტუციურ უფლებებთან პრინციპულ წინააღმდეგობას და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქონლის მასა მოსარჩელეს სხვაგვარი არგუმენტაციის წარმოდგენისკენ უბიძგებდა ანდა საქონლის მასის ცვლილება არსებითად ცვლის სასარჩელო არგუმენტაციის რელევანტურობას. ამდენად, სადავო ნორმის შინაარსობრივი ცვლილება, ამ შემთხვევაში, თავისი არსით არ განაპირობებს ახალი სარჩელისა და, შესაბამისად, შეცვლილი არგუმენტაციის წარდგენის საჭიროებას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი არსობრივად მსგავსია და, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, რელევანტურია ზემოხსენებული ყველა არგუმენტი საქმის შეწყვეტის გამო სამართალწარმოების ხელოვნურად გაჭიანურების რისკის თაობაზე (იხ. წინამდებარე საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტები). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს.
14. №1547 კონსტიტუციური სარჩელიდან და სასამართლოსთვის წარმოდგენილი შუამდგომლობებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ადგენს, რომ აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.
15. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეთათვის სადავო ნორმა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც, მათი პოზიციით, მცირე ფერმერებისთვის ექსპორტის ბაზრის შეზღუდვა სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად აზიანებს და ხელს უშლის მეწარმეობის თავისუფლებას. თავის მხრივ, მოსარჩელეთა პოზიციით, სახელმწიფოს მიერ საექსპორტო ბაზრის შემცირება იწვევს მცირე ფერმერის საქმიანობის შემცირებას, რაც არის მეწარმეობის თავისუფლების უხეში დარღვევა. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რა კუთხით ზღუდავს აღნიშნული სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებულ უფლებას, რომლის თანახმად, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1547 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1547 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1547 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1547 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში