ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1547 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია, ჯემალი მარკოზია |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერის N430 დადგენილება “ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ („ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესი”)
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
“ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის N430 საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი: „აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი: „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ |
“ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის N430 საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი: „აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი“ |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მეორე წინადადებები: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, 311-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქმისთვის თანდართული მინდობილობის საფუძველზე ა(ა)იპ „თავისუფლების ინსტიტუტი“ წარმოადგენს მოსარჩელეების: ვახტანგი მიმინოშვილისა და ჯემალი მარკოზიას ინტერესებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ვახტანგი მიმინოშვილი ცხოვრობს ქვემო ქვალონში და არის მცირე ფერმერი, ყავს საქონელი. მიმინოშვილი ამბობს: ჩემი მეურნეობიდან ვყიდი ნაწველს და საქონლის ნამატს. შემექმნა ნამატის გაყიდვის პრობლემა, რადგან აღარ გაყავდათ მოზარდი დეკეული და მოზვერი - განსაკუთრებით მზარდზეა პროლემა, რადგან დაწესებულია წონის მიხედვით საქონლის საზღვარგარეთ გატანის პრობლემა. შემოღებული რეგულაციის შემდეგ საქონლს ვერ ვგზავნი საზღვარგარეთ. ადგილზე კი დაბალ ფასს მიხდიან. ყოველ წელიწადს 4 საქონელი უნდა გავყიდო - ფურს ვიტოვებ და შვილებს ვყიდი. 4 ფური მყავს 15 წელი მაინც, რომელსაც არ ვყიდი. დანაარჩენს ვყიდი. ამ დროისთვის 6 საქონელი მყავს და 2 უნდა გავყიდო და ვერ ვყიდი. დაბალ ფასს მთავაზობენ. 8 თვის მერე ვყიდი ხბოს - წველების პროცესში არ ვყიდი. როცა უარს ამბობს წველაზე ძროხა და გამოუსადეგარია, შემდგომ ვყიდი.
საქონელზე წონით დაწესებული შეზღუდვა და გაყიდვის ბაზრის შემცირება, კერძოდ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა პირდაპირ და ნეგატიურად აისახა ვახტანგ მიმინოშვილის ბიუჯეტზე. საქონელთან დაკავშირებით მან უნდა გაწიოს ბევრი ხარჯი. ვახტანგ მიმინოშვილს ყავს 6 საქონელი. მას არ აქვს დიდი მიწის ფართობი, ამიტომ არათუ ახალი საქონლის დამატება, არამედ ამ 6 საქონლის ყოლაც და გაზრდა სიძნელესთან არის დაკავშირებული. ძვირი უჯდება ჩალისა და სიმინდის ყიდვა. მიმინოშვილი ამბობს: ფულს ვიხდით, მაგრამ ტრანსპორტი არ არის და ჩალის თრევა ხელით გვიწევს. ზაფხულში არის ბალახი, მაგრამ დეკმებრი - მარტის პერიოდში პერიოდში ვახტანგ მიმინოშვილს ჩალის ყიდვა ჭირდება. ვახტანგ მიმინოშვილი ამბობს: ერთ სულ საქონელზე მჭირდება 400 კონა ჩალა 4 თვის განმავლობაში - რაც 300 ლარი ჯდება, მეორე 300 ლარი მიჯდება სიმინდის შეძენა - სულ 600 ლარი მიჯდება თითო სულის საქონლის ხარჯები, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე ავიღებ 400 ლარს, რაც არ მიღირს. ხოლო საზღვარგარეთ, აზერბაიჯანში და ირანში გაყიდვის შემთხვევაში ავიღებდი 900 ლარს თითო საქონელში.
ვახტანგ მიმინოშვილის თქმით: 140 კილო საქონელი არის დაახლოებით 2 წლის საქონელი. მინიმუმ 4 მყავს დედალი და თითო წელს მემატება 4 ახალი ხბო - მათი შენახვა ძვირი მიჯდება. ცუდად გახდომისას წამალი ჭირდება (ერთი ნემსი რომ ვიყიდო, როცა ციება ჭირს, 20 ლარი ჭირდება), ვეტ ექიმის ერთი მოყვანა 50 ლარი ჯდება, რაც სამჯერ მაინც გვჭირდება და 150 ლარი ჯდება. ვეტ ექიმი არ მყავს აქ სოფელში და ამისთვის დამატებით ტრასპორტირების ხარჯი მჭირდება. ჭიის წამალისთვის მჭირდება - 4 სული საქონლის შემთხვევაში ერთ წელიწადში 100 ლარი. ასევე, ჭირდება აცრა.
დაკვლის შემთხვევაში ადგილზე ვერ ყიდის ხორცს. დაკლული ხორცი 3 დღეში ფუჭდება, ამასთან არ აქვს შესაბამისი სამაცივრე მოწყობილობები. ამდენად, საქართველოს შიდა ბაზარზე ვერ ყიდის ხორცს. ვახტანგ მიმინოშვილი ამბობს: ბაზარში გასაყიდად რომ მივიდე მეყასბეები არიან, რომლებმაც სასაკლაოზე პატარა წონის რომ მიიყავნონ დიდ ფასსს ახდევინებენ და არ უღირთ პატარა საქონლის მიყვანა სასკლაოზე. ამდენად, ყასაბს პატარა ხბო დიდი ფასი უჯდება და არ უღირს მისი გაყვანა.
საზღვარგარეთ გაყვანით მიმინოშვილს ყავდა საქონლის მუდმივი კლიენტები. საქართველოში კი ამ ხორცზე არ არის მოთხოვნა. მას ადგილობრივ ბაზარზე უჭირს კლიენტების მოძიება და საჭირო ფასად გაყიდვა, მას შემდეგ რაც სადავო რეგულირებამ ექსპორტის ბაზარი ჩაუკეტა.
ვახტანგ მიმინოშვილი ამბობს: დიდმა ფერმერებმა შეიტანეს საჩივარი, ჩვენ ვერ ვყიდულობთ საქონლის ხორცს - ძვირს აფასებენო. რეალურად ბაზარზე ხორცის არ ყოფნაზე კი არა რის პრობლემა, არამედ დაბალ ფასად უნდათ რომ იყიდონ. რეალურად 900 ლარიანი საქონლის შეძენა 600 ლარად უნდათ. სოფელში 6 ოჯახი მეგულება, ვისაც 30 სული ყავს გასაყიდად - და ისინიც ვერ ყიდიან. ყაზარმაში მეტი ადგილი არ მაქვს და ფიზიკურად ვეღარ ვატევ საქონელს. დაბალ ფასად კი წამგებიანია გაყიდვა.
ფერმერი ვარ და ძირითადი შემოსავლის წყაროა ეს საქმიაობას. სხვა შემოსავალი არ მაქვს - ხორცი, რძე და ყველის გაყიდვით ვირჩენ თავს. ამას ვსაქმიანობ 1993 წლიდან და მანამდე ასეთი პრობლემა არ მქონია.
ინვერი ჩოკორაია: ვცხოვრობ ქვემო ქვალონში და ვეწევი მცირე მეურნეობას. სულ მყავს 27 სული მსხვილფეხა საქონელი. ამ 27 საქონელიდან 9 სული არის გასაყიდი. ორი წლის არიან ეს 9 საქონელი, რომლებიც ახლა იქნებიან 79-80 კილომდე და ვერ ვუშვებ ექსპორტზე. ადგილობრივ ბაზარზე კი ვერ ვყიდი შესაბამის ფასად, მთავაზობენ დაბალ თანხას. 27 სულ საქონლისთვის კი არ მყოფნის მიწა. უკვე ვიყიდე 400 ლარის და კიდევ მოსატანი მაქვს 300 ლარის ჩალა. თუმცა, მარტო ჩალა არ ყოფნის. მარტო ჩალა რომ ვაჭამო დაიკლებს წონაშიც. საქონელს ვაჭმევ სიმინდს, სოიოს, პურის ფქვილს, ქატოს. ეს ყველაფერი კი ძვირი ღირს, მაგალითად, 18-20 ლარი ღირს ქატო. 3 სული ახლა, ადგილობრივ ბაზარზე რომ გავყიდო, დანარჩენი 6 სულის ხარჯებს არ ეყოფა. ადგილობრივ ბაზარზე კი ამდენი მყიდველი არ არის რომ სრულად ყველა ხორცი გავყიდო.
წამლები თავის დროზე თუ არ გავუკეთე საქონელი დამეღუპება. ამიტომ ვყიდდი დროულად, სანამ ამის ხარჯები არ გამეზრდებოდა. კიდევ გავზრდიდი, მაგრამ მეტი დროით გაზრდის ფინანსები არ მაქვს. წელიწადში 7 სულს მაინც ვყიდდი, სანამ ეს შეზღუდვა დაწესდებოდა. თითო სული საქონელი, რომელიც 80-90 კგ იყო 1000 ლარად მიყავდათ. ახლა კი 80 კილოს დაბალ ფასად ვყიდი - 8 ლარს იძლევიან ცოცხლად 1 კილოში (80 კილოიანი საქონელი 350-400 ლარად იყიდება).
მყავს 7 ფური და 9 მამრი მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც ისედაც არ ვყიდი, ვიტოვებ იმისთვის რომ გავამრავლო.
მარკოზია ჯემალი: მყავს 6 სული მსხვილფეხა საქონელი, ნამატი კი მყავს 11 სული. მინდა გავყიდო თერთმეტივე ნამატი, რომლებიც არიან 80-90 კილომდე. 6 ძროხა მყავს, რომელსაც არ ვიყიდი რადგან გამრავლებისთვის მჭირდება. ამასთან, მიწა არ მაქვს საკმრისი რომ ყველა ვარჩინო - თივა, ჩალა არის საჭირო ამ ძროხებისთვის. თივა ღირს 15 ლარი. ერთ სულს 300 ლარის თივა ჭირდება. ამდენად, მირჩევნია რომ ახლა გავყიდო, რადგან საქონლის შესანახი ხარჯები არ მაქვს. არ მაქვს დაბმის შესაბამისი ადგილი.
საშუალოდ ერთი საქონელი ზამთარში ჯდება (4 თვის განმავლობაში) - 200 ლარი ჩალა, 200 ლარი სიმინიდი, ქატო 320 ლარის, წამალი ჭიის ორჯერ, გაუთვალისწინებელი ხარჯი - გაციების დროს წამალი და ვეტ ექიმი. წელს თივა ვერ ვიყიდით რადგან ძვირი ღირს, აღმოსავლეთში იპრესება (15 ლარად მოგიტანენ) 1 სულზე გვჭირდება 10 პრესი - 150 ლარი ჯდება. როცა ექსპორტი არ იყო წონის მიხედვით შეზღუდული ამ საქონელს ადვილად ვყიდდი იმ ფასად, რომელიც ჩემთვის, როგორც ფერმერისთვის მისაღები იყო. ეს დაახლოებით ორი წელი, რაც მთავრობამ რეგულირება დააწესა, ვეღარ ვგზავნით საქონელს ექსპორტზე, შემცირდა გასაყიდი ბაზარი. გასაყიდი ბაზრის შემცირებასთან ერთად, შემცირდა ერთი სული საქონლის ღირებულებაც. დაბალ ფასად შიდა ბაზარზე გაყიდვა კი არ გვიღის.
ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება -„აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი“ - წონის მიხედვით კრძალავს საქონლის გაყიდვას მხოლოდ ექსპორტზე. ამ რეგულირების შედეგად მცირე ფერმერებმა დიდი ზიანი განიცადეს -დაკარგეს საქონლის გასაღების მნიშვნელოვანი ბაზარი (ექსპორტზე გატანა). შედეგად დაიწყო საქონელზე მოთხოვნის შემცირება და დაიკლო ამ საქონლის გასაღების ფასმა. სადავო რეგულირების შედეგად, ფერმერები ვერ ყიდიან თავიანთ საკუთრებას იმ ბაზარზე, სადაც მათი საქონელი მეტად ფასობს. საკუთრების გაყიდვის შეზღუდვის შედეგად, ისინი ვერ იღებენ იმ ღირებულებას, რასაც საკუთრების თავისუფლად გაყიდვის შემთხვევაში იღებდნენ.
ამასთან ფერმერებს ეზღუდებათ მეწარმეობის თავისუფლება - მცირე მეწარმის თავისუფლება, თავისი ბიზნესისთვის შეარჩიოს გასაღების ბაზარი - იზღუდება სადავო ნორმით.
ამდენად, არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები, იდავონ სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები:
კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ წინადადებას და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.1.საქართველოს მთავრობის დადგენილება N430-ის, “ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
სადავო ნორმის თანახმად, „აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“
„საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარების საფუძველია. საკუთრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის გარეშე შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის განვითარება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს N2/6/1311 გადაწყვეტილება, პარ. II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე აღნიშნული კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/2/384 გადაწყვეტილება, პარ. II-5).
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების პრაქტიკულ რეალიზებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს N3/1/512 გადაწყვეტილება, პარ, II-33). სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს შეეზღუდათ თავიანთი კუთვნილი საქონელის გაყიდვა ექსპორტზე, თუ ისინი არ აღწევენ 140 კგ-ს და არის მდედრობითი სქესის მსხვილფეხა საქონელი. ამდენად, მოსარჩელეებს ეზღუდებათ თავიანთი საკუთრების გაყიდვა ექსპორტზე, რაც საკუთრების უფლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. საკუთრება აზრს დაკარგავდა თუ მესაკუთრეს არ შეეძლებოდა მისი სურვილისამებრ განკარგვა, საჭირო ბაზარზე გაყიდვა, შესაბამის ფასად გასაღება, მის შესაბამის დროსა და მდგომარეობაში მიყიდვა. ამდენად, რეგულირება, რომელიც საკუთრების გაყიდვასთან დაკავშირებით შეზღუდვას აწესებს, უშუალოდ შეეხება თავად ამ საკუთრების შეზღუდვის ფუნდამენტურ არსს, რომ მესაკუთრებ თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში თავისი საკუთრებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა.
სადავო ნორმის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების ფორმალურ მოთხოვნებთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზრუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევბში და დადგენილი წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს ფორმალური მოთხოვნის დაცვის ვალდებულებას, რომლის დაუცველობაც სადავო რეგულირების შინაარსისგან დამოუკიდებლად, უფლების შემზღუდველი ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას იწვევს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, კონკრეტული საკითხის კანონით მოწესრიგების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა მასზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. „კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/4/757 გადაწყვეტილება, II-20). აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, თითოეულმა კონსტიტუციურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილება განახორციელოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის შესაბამისად და არ მოხდეს, რომელიმე ორგანოს მიერ ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაციით მოქმედება. ამდენად, კონსტიტუცია რიგ უფლებებთან მიმართებით აწესებს აუცილებელ ფორმალურ მოთხოვნად უფლებების შეზღუდვის კანონის წესით მიღებას. აღნიშნული გულისხმობს თავის თავში ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გამჭირვალე პროცესის შესაბამისად საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს მთავრობის N430 დადგენილების, “ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი. საქართველოს მთავრობის დადგენილება არ წარმოადგენს საკანონმდებლო აქტს. ამასთანავე, სადავო ნორმაში მოცემული საკითხის მოწესრიგების დელეგირება არ მომხდარა საქართველოს მთავრობაზე.
არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ გადასცემს საქართველოს მთავრობას სადავო ნორმით გათვალისწინებული საქონლის წონისა და სქესის მიხედვით ექსპორტის შეზღუდვის საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილებას.
ვინაიდან, სადავო რეგულირება განსაზღვრულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და სახეზე არ არის პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის მოწესრიგების თაობაზე უფლებამოსილების მთავრობისთვის კანონით დადგენილი წესით დელეგირება, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმს უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე. ამდენად, საქართველოს მთავრობის N430 დადგენილების, “ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებთან მიმართებით
საკუთრების უფლება განამტკიცებს მისი შეძენისა და გასხვისების საყოველთაო უფლებას (mutatis mutandis, ქრონქვისტი, 3/1/512 გადაწყვეტილება, პარ.32). „ იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (ქრონქვისტი, 3/1/512 გადაწყვეტილება, პარ.33). საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ მესაკუთრემ განკარგოს ნივთი ისე, როგორც მისთვის მომგებიანად ჩათვლის. საკუთრების უფლება აზრს დაკარგავდა, მისი უმნიშვნბელოვანესი კომპონენტის - გასხვისების გარეშე. საკუთრების გასხვისების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიით, თავისი საკუთრებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა. თუკი დაწესებული რეგულირება, შეზღუდვებით გამოაცლის ღირებულებას საკუთრებას და მისი გასხვისება იმაზე დაბალ ფასად გახდება შესაძლებელი, ვიდრე ეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის პირობებში შეიძლებოდა - ეს პირდაპირ უკავშირდება საკუთრების ძირითადი არსის დარღვევას. თავად საკუთრება შინაარსს დაკარგავს თუ მას ისეთი ფორმებით შევზღუდავთ, რომ გასხვისებისას ფასი დაკარგული ექნება. თუკი საქონლის გასხვისებას ისეთი რეგულირება დაუწესდა, რომელიც მესაკუთრეს არ ახეირებს, ზღუდავს სამოქალაქო ბრუნვას, აზრს უკარგავს თავად ამ საქონლის ყოლას, უძნელებს მის გაყიდვას იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე თავად ამ საკუთრების მოვლაზე გასწია ხარჯი - ეს წარმოადგენს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას.
“უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს. საკუთარი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის მიზნით ადამიანის მისწრაფება, შექმნას საკუთარი ქონება, უდავოდ იმსახურებს სახელმწიფოს პატივიცემას…” (ქრონქვისტი,3/1/512 გადაწყვეტილება, პარა. 38). მოცემულ შემთხვევაში, მსხვილფეხა საქონლის გასხვისების შესაძლებლობა ემსახურება საკუთრების ძირითადი უფლების რეალიზებას. კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას და ამასთან ხელს არ უნდა უშლიდეს მის გასხვისებას. საკუთრების უფლება ვერ განიხილება მხოლოდ რაიმე ნივთის ფლობით - არამედ მას უნდა ქონდეს ყველა ის კომპონენტი, რაც საკუთრების უფლების რეალიზებას მოახდენს. თუ ადამიანს საკუთრების გასხვისების შესაძლებლობა არ აქვს, მაშინ მისი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენებაში არსებითად იზღუდება. ხოლო, საკუთრების ძირითადი სიკეთე არის რომ ადამიანმა კეთილდღეობა და სარგებელი მიიღოს თავისი საკუთრებისგან. საკუთრების ფლობაც აზრს დაკარგავს თუ მის მფლობელს არ ექნება მისი თავისუფლად, საჭირო დროს, საჭირო ფასად და საჭირო მყიდველისთვის მიყიდვის შესაძლებლობა. ილუზორული გახდება საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია თუ მას არა მხოლოდ ფლობის, როგორც სტატიკურ მდგომარეობაში მყოფის, არამედ სამოქალაქო ბრუნვაში მოძრავი, გასხვისების ელემენტის გარეშე განიხლება. სადავო რეგულირება ერთდროულად აწესებს რამდენიმე შეზღუდვას მსხვილფეხა საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით - მსხვილფეხა საქონლის წონისა და სქესის მიხედვით იზღუდება მისი ექსპორტი.
ამასთან, საკუთრების უფლების კონსტიტუციურ სამართლებრივ გარანტიას, კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებიც განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში ასეთია ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის შემადგენელი ნაწილია. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით ეკონომიკური თავისუფლება აღირებული და უზრუნველყოფილია. ამდენად, აღნიშნულ პრინციპს საქართველოს კონსტიტუციის არაერთი ნაწილში ვხედავთ, რაც მისი დაცვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ეკონომიკური განვითარება თავად ქვეყნის განვითარებას განამტკიცებს და მოქალაქეების კეთილდღეობის ხელშემწყობია. ეკონომიკური თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკუთრებითი ურთიერთობების სფეროში ინდივიდის მოქმედების თავისუფლების გამოვლენის გარეშე წარმოუდგენელია (mutatis mutandis, ქრონქვისტი, 3/1/512 გადაწყვეტილება, პარა. 54). ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება ვერ მიიღწევა კერძო ურთიერთობებში ადამიანების თავისუფალი მოქმედების გარეშე.
ნორმატიული აქტით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. მაგალითად, საქონლის გაყიდვისას მესაკუთრესთვის მნიშვნელობა აქვს არაერთ მაჩვენებელს, რომელიც მისთვის კეთილდღეობის მოტანასთან არის დაკავშირებული. ასეთია, თუ რა დროს, რა მოცულობით, რა ფასად, რომელ მყიდველს, ან რომელ ბაზარს დაიკავებს. ხარჯი რომელიც საკუთრების შენახვასთან არის დაკავშირებული ასევე განსაზღვრავს მესაკუთრის გადაწყვეტილებას თუ რომელ ბაზარზე გაყიდოს საქონელი, რა ფასად, რა მოცულობით და რა დროს. საკუთრებას არ უნდა გამოეცალოს მისი ძირითადი არსი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის შედეგად, მესაკუთრეს ანიჭებს სარგებელს. სწორედ ამიტომ მესაკუთრე საქონლის განკარგვისას და გასხვისებისას საკუთრების უფლების კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტიებით უნდა იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში საკუთრებით სარგებლობისას ადამიანი იზღდება იმგვარად, რომ მისი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება არა სარგებელთან, არამედ ზიანთან არის დაკავშირებული იმ შეზღუდვების გამო, რომელიც მესაკუთრის მიმართ საკუთრების გასხვისებასთან არის დაკავშირებული.
საკუთრების განკარგვა და მისი გასხვისების უფლება, მე-19 მუხლის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია და მის გარეშე აზრს დაკარგავდა საკუთრების უფლების ძირითადი სულისკვეთება. საკუთრების გასხვისების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს ადამიანს უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა. საკუთრების უფლებას ძირითადი არსი გამოეცლება თუ სახელმწიფო მას იმგვარად შეზღუდავს, რომ ადამიანს არ ექნება მისი გასხვისების შესაძლებლობა ან ისეთ მდგომარეობაში/პირობებით აიძულებს გასხვისებას, რომელიც ამ საკუთრების ღირებულებასა და ამ საკუთრების გაუფასურებას არ გამოიწვევს. თუკი სახელმწიფო რეგულირებების დაწესების შედეგად, საკუთრების გასხვისების ისეთ შეზღუდვებს დააწესებს, რომ თავად ამ საკუთრების ღირებულებას გააუფასურებს და მესაკუთრეს მისგან სარგებლის მიღებას გაუუქმებს - აღნიშნული წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების არსებით შეზღუდვას.
სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა განსაკუთრებით მწვავედ ეხება იმ მეურნე ადამიანებს, რომელთაც ყავთ შედარებით მცირე რაოდენობის საქონელი და შესაბამისად, მათი ბიუჯეტიც შეადგენს მცირე ფინანსებს. ქვემო ქვალონში ბევრი ოჯახი ირჩენდა თავს იმგვარად, რომ თავიანთ საქონელის ექსპორტს ახდენდნენ აზერბაიჯანში, ირანში და სხვა ქვეყნებში, სადაც ამ საქონელზე მოთხოვნა იყო მაღალი და მაღალ საფასურსაც იღებდნენ. საქონლის შენახვა მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მეურნე ადამიანს ურჩევნია იგი გაასხვისოს არა მაშინ, როდესაც საქონელი მიაღწევს 140 კგ-ს, არამედ მაშინ როდესაც მისი წონა აღწევს მაგალითად 80-90 კგ-ს. სადავო ნორმით კი ამ წონის მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აკრძალულია. სადავო ნორმის წინა რედაქცია კრძალავდა ორივე სქესის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. მოქმედი რედაქცია, მხოლოდ მამრობითი სქესის მსხვიფეხა საქონელზე ხსნის ამგვარ შეზღუდვას. აღსანიშნავია, რომ ფერმერზე არ არის დამოკიდებული თუ რომელი სქესის საქონელი დაიბადება. ამდენად, მისი საკუთრება იზღუდება იმის მიხედვით, რაც უშუალოდ მესაკუთრის კონტროლს მიღმა არის. ამასთან, სქესის მიხედვით საქონლის ექსპორტის შეზღუდვა, წონასთან ერთად ინტერესს უკარგავს უცხოელ კლიენტებს საქართველოს ბაზრის მიმართ.
თუკი საქართველოს ბაზარზე არსებული ფასი არ აწყობს მეურნეს, მაშინ იგი ადგილობრივ ბაზარზე არც მაშინ არ გაასხვისებს, როდესაც ჯერ კიდევ 140 კგ-ს არ არის მიღწეული. ამდენად, ადგილობრივ ბაზარზე ასეთი საქონელი არ იყიდება ან ძალიან იშვიათად იყიდება. თუმცა, ამავე დროს მეურნეს ეკისრება დიდი ფინანსური ტვირთი, სანამ საქონელი მიაღწევს 140 კგ-ს მას სჭირდება მოვლა და მასზე დაკისრებულმა ხარჯებმა შესაძლოა აზრი დაუკარგოს საკუთრების გასხვისებას. ამდენად, საკუთრების კონტროლი მისი წონის მიხედვით - ურთულეს ფინანსურ ხარჯებს აკისრებს მცირე ფერმერს, რომელიც საკუთრების მოვლასთან არის დაკავშირებული. ამასთან, იგი ადგილობრივ ბაზარზე მაინც არ ყიდის, რადგან შემოთავაზებული ფასი, მის მიერ უკვე გაწეულ ხარჯებზე მაღალია და საკუთრების გასხვისება აზრს კარგავს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (ქრონქვისტი,3/1/512 გადაწყვეტილება, პარა. 60).
სადავო რეგულირებას არ აქვს გამოკვეთილი, საღი ლეგიტიმური მიზანი. შესაძლოა, მთავრობამ დაასახელოს ადგილობრივ ბაზარზე რძის ნაწარმისა და ხორცის დეფიციტი. ასეთი ლეგიტიმური მიზნის დასახელებისას საქართველოს მთავრობას უნდა მოეთხოვოს შესაბამისი რიცხობრივი ოფიციალური მონაცემი, რომელიც ბაზრის გამოკვლევის შედეგად, სისტემურად ამგვარი დეფიციტი შეინიშნებოდა. ოფიციალური მონაცემების წარმოდგენი გარეშე, შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი აბსტრაქტული ლეგიტიმური მიზანი მიიღოს მხედველობაში. ლეგიტიმური მიზანი უნდა იყოს ხელშესახები და არა გამოგონილი რომელიმე რეგულირების შემოსატანად. ამდენად, კონკრეტული ოფიციალური მონაცემების გარეშე აბსტრაქტული საჯარო მიზანი, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს. ასეთ დროს, მონაცემების წარმოდგენისა და მტკიცების ვალდებულება აქვს საქართველოს მთავრობას, რომელმაც დააწესა საკუთრების უფლებაზე შეზღუდვა.
სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმას შორის კავშირი. ინდივიდუალურად მეწარმემ თავისი ფინანსური მდომარეობიდან გამომდინარე ყველაზე კარგად იცის რამდენი ხარჯის გაწევის შესაძლებლობა აქვს. თუკი, მას ავუკრძალავთ კონკრეტული წონის (140 კგ) მიხედვით საქონლის გატანას, იგი ვერ შეძლებს ამ წონის მიღწევამდე ხარჯების გაწევას და საქონლის გაზრდას - რადგან მისი შემოსავალი ნაკლებია, ამ საქონლის გაზრდისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ამდენად, ამგვარი მეწარმე უარს იტყვის ამ მეურნეობის წარმოებაზე და საქონლის მოშენებასაც შეეშვება. კონკრეტული ფინანსური ტვირთი, რომელიც სახელწმიფომ მას დააკისრა, შეუძლებელია შემდგომი საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს. ამდენად, შიდა ბაზარი არათუ გაზრდის ამ შეზღუდვით ბაზარზე ხორცის რაოდენობას, არამედ პირიქით დაკარგავს, რადგან ბევრი მცირე მეწარმის გაქრობას გამოიწვევს. ამასთან, მცირე მეწარმეები 140 კგ-ს მიღწევამდე შიდა ბაზარზე, შეზღუდვის დაწესების მიუხედავად მაინც არ ყიდიან საქონელს, ვინაიდან შიდა ბაზარზე არსებული ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია მათ მიერ საკუთრებისთვის გაწეულ ხარჯებზე. ამდენად, დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად ადგილობრივი ბაზარზე არ იყიდება ის საქონელი, რომელიც ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, დაწესებული შეზღუდვა არ ემსახურება სახელმწიფოს მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის (რომელიც იარსებებს შესაბამისი მტკიცებულების, მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში) მიღწევას.
ასევე, საქონლის სქესის მიხედვით გაყიდვის აკრძალვა აცდენილია შიდა ბაზარზე ხორცის დეფიციტის შევსების ლეგიტიმურ მიზანს. თუკი, პრობლემა ხორცის შიდა ბაზარია, მაშინ რატომ ხდება სქესის მიხედვით საქონლის ექსპორტის შეზღუდვა. მეურნე ფერმერს ფური თავისთავად ყავს იმისთვის, რომ ახალი საქონელი დაბადოს. მსხვილფეხა საქონლის მეურნეობა თავისთავად გულისხმობს ფურის დატოვებას წლების განმავლობაში, რომელიც ბადებს საქონელს. ამდენად, თავად გამრავლება არ არის პრობლემური საკითხი. ფურის დატოვების გარეშე, ფერმერი თავისუფალი ექსპორტის შემთხვევაშიც ვერ შეძლებდა ეწარმოებინა მეურნეობა. გამრავლების მიზნისთვის და რძის მეურნეობის საწარმოებლად, მოსარჩელეებს ყავთ შენახული მდედრი მსხვილფეხა საქონელი, რომელიც არ იყიდება, მანამ სანამ მას შეუძლია იწველოს და დაბადოს საქონელი. ფერმერი იყოლიებს იმდენ ფურს, რამდენიც მისი ფინანსური ტვირთის მიხედვით არის შესაძლებელი. ამდენად, სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება.
ამასთან, სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება. სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს სხვა პოზიტიური ნაბიჯები, რომლითაც არათუ დაამძიმებს მესაკუთრეების ტვირთს, არამედ შეამსუბუქებს. მაგალითად, გადასახადების შემცირება, ექსპორტისთვის დადგენილი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს მესაკუთრეების შესაძლებლობას იყოლიონ მეტი საქონელი. მესაკუთრეზე დაკისრებული ტვირთის შემცირება გამოიწვევს ბაზარზე მსხვილფეხა საქონლის რაოდენობის გაზრდას და გაცვლა-გამოცვლის გამარტივებას. მესაკუთრეს, რომელსაც ნაკლები ტვირთი აქვს საქონლის გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული, მეტად უნარიანია, რომ ადგილობრივ ბაზარზეც გაყიდოს და 140 კგ-მდე მიღწევას არ დაელოდოს ექსპორტზე გასატანად.
სადავო რეგულირებით მნიშვნელოვნად ზარალდება მესაკუთრე, რომელსაც არ შეუძლია თავისი საკუთრების ღირებულების შესაბამისი კეთილდღეობა მიიღოს. ამდენად. სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული, თანაზომიერი საშუალება, რადგან იგი მესაკუთრის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე ხორციელდება.
ამდენად, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
1.2.საქართველოს მთავრობის დადგენილება N430-ის, “ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“. მეწარმეობის თავისუფლება [...] წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (№1/2/411 გადაწყვეტილება, პარ. II-2).
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა სახელმწიფოს ისეთ ვალდებულებაზე, რომელიც დაკავშირებულია თავისუფალი მეწარმეობის ხელშემწყობი კანონმდებლობის შექმნასთან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადება ფორმალური მოთხოვნის კონტექსტში უნდა იქნას ერთობლიობაში წაკითხული. კერძოდ, თავისუფალი მეწარმეობის შემთხვევაში აუცილებელია ფორმალური კონსტიტუციური მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ შეზღუდვა უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებული. სადავო ნორმა დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს მთავრობისთვის არ მოუხდენია ამგვარი შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილების დელეგირება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (№2/2-389 გადაწყვეტილება, პარ. II-3). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლების განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის პირობებში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“ (№1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე, პარ. II-3).
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ავიწროებს ბაზარს, კერძოდ, კი ფერმერებს უზღუდავს ექსპორტზე გაიტანონ მდედრი სქესის მსხვილფეხა საქონელი, სანამ არ მიაღწევს 140 კგ-ს. აღნიშნული ნორმა განსაკუთრებით მძიმედ ეხება მცირე ფერმერებს, რომელთა წლიური ბრუნვა დაბალია და მათი საქმიანობის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, რომ გაწეულმა ხარჯმა თითო სულ საქონელზე არ გადააჭარბოს გასაღების ღირებულებას. მოსარჩელეები, სადავო რეგულირების ძალაში შესვლამდე, წარმატებით ახორციელებდნენ საქონლის ექსპორტს აზერბაიჯანსა და ირანში. ექსპორტის ბაზარი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მომგებიანი იყო, რადგან ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასზე 2-3-ჯერ უფრო ძვირად ყიდდნენ. მაგალითად, თუ ადგილზე მსხვილფეხა საქონელში 400 ლარს თავაზობენ, ექსპორტის შემთხვევაში გასაღების ფასი 1000-დან-1200 ლარამდე მერყეობდა. ადგილობრივ ბაზარზე შემოთავაზებული ფასი კი, თითო სულ საქონელზე გასაწევ ხარჯებს უტოლდება ან აჭარბებს. ამდენად, ადგილობრივ ბაზარზე ჩაკეტვის იძულებით ფერმერები განიდევნებიან ბაზრიდან ან არ ექნებათ მოტივაცია, რომ ამგვარი საქმიანობა გააფართოვონ.
„სახელმწიფოს მიერ ბაზრის რომელიმე სეგმენტზე განხორციელებულმა ჩარევამ არ უნდა გამოიწვიოს ცალკეული ეკონომიკური აგენტის (ან აგენტთა ჯგუფის) პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ბაზრის ამავე სეგმენტის მონაწილე სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ საქმიანობის კონკურენტულ გარემოში განხორციელების უფლებას. დაუშვებელია სახელმწიფომ თავისი დაუსაბუთებელი ჩარევებით საბაზრო ძალაუფლება შეუქმნას ბაზრის რომელიმე მონაწილეს. სახელმწიფოს მიერ რომელიმე ეკონომიკური აგენტის შერჩევითად მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის თავისუფალ კონკურენციას, ბაზრის სტრუქტურას და ზოგადად, ეკონომიკურ თავისუფლებას. შერჩევითი საფუძვლით ეკონომიკური აგენტისთვის/აგენტებისთვის სარგებლის მინიჭება ცვლის როგორც სარგებლის მიმღები, ასევე ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ეკონომიკური აგენტების მდგომარეობას. ასეთი პირობების შექმნა აუმჯობესებს კონკრეტული ეკონომიკური აგენტის (ეკონომიკური აგენტების ჯგუფის) საბაზრო მდგომარეობას და მას ამავე ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელ სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. სახელმწიფოს ჩარევის შედეგად იცვლება ბაზრის სტრუქტურა და უარესდება იმ ეკონომიკური აგენტების საბაზრო მდგომარეობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სარგებელს არ იღებენ“ (№2/11/747 გადაწყვეტილება, პარ. II-6,7).
მცირე ფერმერები უარეს მდგომარეობაში ვარდებიან იმ ფერემერებთან შედარებით, რომელთაც მსხვილი მეურნეობა აქვთ და მეტად უნარიანები არიან, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გაყიდონ საქონელი თუნდაც 140 კგ-ს მიღწევის შემდგომ. ექსპორტის ბაზრის ჩაკეტვა ან შეზღუდვა კი სამეწარმეო საქმიანობისა და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას უშლის ხელს, მნიშვნელოვნად აზიანებს.
სადავო რეგულირება არ ემსახურება არცეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფოს ჭირდება კონკრეტული მტკიცებულებების/მონაცემების წარმოდგენა, რომ ადგილობრივ ბაზარზე იყო ხორცის დეფიციტი, თუკი ასეთი ლეგიტიმური მიზანი დასახელდება. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზანი გაიზიაროს სახელმწიფომ თუკი იგი არის აბსტრაქტული და არ არის მოცემულ საქმეში ხელშესახები. ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სტატიკური მოცემულობა, იგი დროთა განმავლობაში იცვლება. სწორედ ამ ცვალდებზეა დამოკიდებული იმის ჩვენება, არსებობს თუ არა საჯარო ლეგიტიმური საჯარო მიზანი. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების შემთხვევაში ამგვარი ლეგიტიმური მიზანი არ არსებობს.
მსხვილფეხა საქონლის ყოლა დაკავშირებულია ხარჯებთან. ამდენად, ინდივიდუალურად მეწარმემ თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაზე კარგად იცის რამდენი ხარჯის გაწევის შესაძლებლობა აქვს. თუკი, მას ავუკრძალავთ კონკრეტული წონისა და სქესის მიხედვით მსხვილფეხა საქონლის გატანას, იგი ვერ შეძლებს ამ წონის მიღწევამდე ხარჯების გაწევას და საქონლის გაზრდას - რადგან მისი შემოსავალი ნაკლებია, ამ საქონლის გაზრდისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ამდენად, ამგვარი მეწარმე უარს იტყვის ამ მეურნეობის წარმოებაზე და საქონლის მოშენებასაც შეეშვება - რადგან კონკრეტული ფინანსური ტვირთი, რომელიც სახელწმიფოს მას დააკისრა, შეუძლებელია მას შემდგომი საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს. ფერმერს სადავო ნორმა უზღუდავს მაღალ ფასად, ექსპორტზე გაიტანოს საქონელი - რაც მისთვის მომგებიანი საქმიანობაა. ადგილობრივ ბაზარზე კი მას გაცილებით მცირე თანხას თავაზობენ და უარს ამბობს საქონლის გაყიდვაზე. ამასთან, ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია მიწოდებით და მცირე ფერმერს უჭირს კლიენტის პოვნა. ამდენად, სადავო რეგულირებით არსებითად იზღუდება კონკრეტული მეწარმის საქმიანობა.
სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. როგორც ზემოთ აღინიშნა მცირე ფერმერი ადგილობრივ ბაზარზე არ ყიდის საქონელს, ვინაიდან მას 2-3-ჯერ ნაკლებ თანხას სთავაზობენ. ამდენად, ბაზრის ჩაკეტვით არ იზრდება შიდა ბაზარზე მიწოდება, არამედ პირიქით ეს იწვევს ფერმერების გაქრობას და ადგილობრივი ბაზრის შემცირებასაც. ადგილობრივ ბაზარზე ჩაკეტვა აგდებს კონკურენტუნარიანობას და ასევე დაბლა წევს მსხვილფეხა საქონლის ფასს. ამასთან, საქონლის შენახვა დაკავშირებულია ხარჯებთან. საქონლის წონის მიხედვით ექსპორტის შეზღუდვა კი თავისთავად პირდაპირ უკავშირდება იმ დროის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც ფერმერმა საქონლის მოვლის ხარჯები უნდა გასწიოს. როდესაც 80 კგ-ს ექსპორტს ახდენდა ფერმერი, მას ნაკლები დროის განმავლობაში უწევდა ხარჯების გაწევა, ხოლო წონის რეგულირების დაწესების, 140 კგ-იანი შეზღუდვის შემთხვევაში კი ფერმერი იძულებულია უფრო დიდხანს, მეტი რაოდენობით გასწიოს ხარჯი. ამდენად, რეგულირების არ არსებობის განმავლობაში მისი მოგება და შესაბამისად წარმოების გაფართოების მოტივაცია მეტი იყო. ხოლო, ბაზრის არეალის შემცირებამ ავტომატურად გამოიწვია მისი მოგების და ბრუნვის შემცირებაც. ამავე დროს, ადგილობრივ ბაზარზე 2-3-ჯერ ნაკლებ ფასად ყიდის, ვიდრე ექსპორტის შემთხვევაში ყიდდა. ადგილობრივ ბაზარზე მცირე ფასად გაყიდვის ნაცვლად მცირე ფერმერი აგრძელებს ხარჯების გაწევას - ასეთ დროს მცირე ფერმერი დგება რისკის ქვეშ, რომ გაწეული ხარჯები გადააჭარბებს შემოსავლებს. ასევე, მაღალი რისკია რომ იგი ბაზრიდან გაქრეს. ამდენად, სახელმწიფოს მიერ ბაზრის შემცირება იწვევს მცირე ფერმერის საქმიანობის შემცირებას ან გაქრობას, რაც მეწარმეობის თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის აუციელებლი საშუალება. სახელმწიფოს შეუძლია მეწარმეობის საქმიანობის შემსუბუქებით, როგორიცაა გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს და ასევე ადგილზე ყიდვა-გაყიდვას. ამგვარი ქმედებით სახელმწიფო წაახალისებს ადგილზე მსხვილფეხა საქონლის მეწარმეობას და გაზრდის ბაზარზე მის მოცულობასაც. ხოლო, სადავო ნორმით დადგენილ რეგულირებას აქვს უკუშედეგი - ფერმერების გაქრობა და ადგილობრივ ბაზარზე ხორცისა და რძის მოცულობის გაქრობაც.
ამასთან, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ დადგენილი რეგულირება არ არის პროპორციული და თანაზომიერი ღონისძიება, ვინაიდან ითვალისწინებს მეწარმეობის თავისუფლებაში გადამეტებულ ჩარევას. კერძოდ, ჩარევის შედეგად სახელმწიფო მძიმედ ერევა მცირე მეწარმეობის საქმიანობაში - იწვევს მისი ბაზრიდან გაქრობას, მისი მეურნებობის შემცირებას, მისი მოგების მიღების არსებითად შემცირებას.
ამდენად, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა