ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/20/752 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 დეკემბერი 2016 20:29 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა- წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №752) მიმართა ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 9 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 14 დეკემბერი.
2. №752 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა. საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე.დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
5.№752 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 2 აგვისტოს, ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“ №04/02152 განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო ინფორმაციის სახით, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადაცემის თაობაზე. სამინისტრომ ნაწილობრივ გასცა ინფორმაცია და განმარტა, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი ზღუდავდა მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემას. ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“ სასამართლო წესით მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებმა მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს, ხოლო საკასაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლო გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომისიის დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია დაცულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით და, შესაბამისად, არ არის ხელმისაწვდომი.
6.მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი არღვევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის უფლებას, რადგან შეზღუდულია გასაჩივრებულ ნორმაში მითითებული ინფორმაციის მიღება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოსდაცვითი ინფორმაცია გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მიწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და ამ ელემენტების ურთიერთქმედება. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ინფორმაცია წიაღისა და წიაღისეულის შესახებ მიეკუთვნება გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
7.მოსარჩელის აზრით, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, ამიტომ იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდვის გარეშე.
8.იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზნად ასახელებს კომერციული სახის ინფორმაციის შენახვას. კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის კომერციულად მიჩნევის პროცედურებს, რითაც დაცულია მესაკუთრის ინტერესები. აღნიშნული პროცედურების გავლის გარეშე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთმნიშვნელოვნად შეზღუდვა ლახავს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება, რადგან სწორედ მასზე დაყრდნობით ეუბნებიან უარს ადმინისტრაციული ორგანოები დაინტერესებული პირებს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ განცხადებზე, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ხსენებულ ნორმებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.
2. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან სადავოდ ხდის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლს სრულად, მათ შორის იმ ნაწილს, რომელიც ადგენს, რომ „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა. საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სარჩელის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საკმარისი არ არის მოსარჩელემ მხოლოდ აღნიშნოს, რომ ის სადავო ნორმის ადრესატს წარმოადგენს, არამედ სარჩელი მაშინაა დასაბუთებული, როცა მოსარჩელე სათანადო არგუმენტებით მიუთითებს, რაში გამოიხატება სადავო ნორმებით მისი კონკრეტული კონსტიტუციური უფლების დარღვევა, ანუ მოსარჩელემ საფუძვლიანად უნდა წარმოაჩინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმასა და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის № 1/3/480 განჩინება საქმეზე „პოლიტიკური მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. ზემოაღნიშნული სადავოდ გამხდარი სიტყვები ადგენს წიაღისა და წიაღისეულის შესახებ რიგი სახის ინფორმაციებზე საკუთრებას და ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას. სარჩელში მითითებული საქართველოს კონსტიტუციის ნორმები კი ითვალისწინებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას და სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი საკუთრების უფლების რეგულირება არ ექცევა კონსტიტუციის აღნიშნული მუხლებით დაცულ სფეროში, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენენ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას.
5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №752 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა. საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №752 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, რადგან მიიჩნევს, რომ ირღვევა მოსარჩელის უფლება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თაობაზე.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
9. წარმოდგენილ შუამდგომლობაში მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, რა გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მიადგეს მას საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედებით. მოსარჩელე მხარე შეძლებს ინფორმაციის გამოთხოვას გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურობად ცნობის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეუჩერებლობა არ გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობისთვის.
10. შესაბამისად, განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისთვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №752 („ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №752 („ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა. საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა