ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N752 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ |
თარიღი | 6 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არცერთი საფუძველი, კერძოდ:
(ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
(ბ.) ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ არის სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილი პირი.
კერძოდ: ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ წესდების თანახმად ორგანიზაციიის მიზნებია:
ორგანიზაციის საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“ დარღვეული უფლების დასაცავად სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3/3960-13) ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ღიაობა შეზღუდულია კანონმდებლობით, კერძოდ, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით და რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციის საიდუმლოობის დაცვის ვალდებულება მინიჭებული ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობით - „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით, რომლის თანახმად ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის დანაწესი ინტერპრეტირებული უნდა იქნეს იმდაგვარად, რომ კანონმდებლობამ სახელმწიფო ორგანოებსა და იმ სუბიექტებს შორის, რომლის სახსრებითაც იქნა მოპოვებული წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაცია, ურთიერთობები, მათი უფლება-მოვალეობები, ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით მოაწესრიგა განსაკუთრებულად, როგორც სპეციალური ურთიერთობა, სადაც ცალმხრივად დაუდგინა დაწესებულებებს წარდგენილ ინფორმაციათა საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
სასამართლოს მოსაზრებით - სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმი, ასევე, დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე ხდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება შეიცავს ინფორმაციას წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოების დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობების და სხვა თვისებების შესახებ, შესაბამისად, ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, რომელიც ამავე მუხლის საფუძველზე არ განეკუთვნება ხელმისაწვდომ საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას.
სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობების და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ ინფორმაციის ღიაობის შეზღუდვა განპირობებული ოყო იმ გარემოებით, რომ იგი იმავდროულად წარმოადგენდა კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე#3/3960-13), 4-6გვ).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით (საქმე #3ბ/472-15) არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #ბს-478-471(კ-15)) ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
ამდენად, ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით ცალსახად არის დადასტურებული, რომ ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ კანონიერი უფლებები და ინტერესები, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით დარღვეულია სადავო ნორმით - „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით, რომლითაც გარემოს შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნა ხელმისაწვდომ საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას და ადმინისტრაციულ ორგანოს დაუდგინა წარდგენილ ინფორმაციათა საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
აქედან გამომდინარე, ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ გააჩნია სარჩელის აღძვრაზე უშუალო იურიდიული ინტერესი. საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ იმასაც, რომ "გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციით (შემდგომში - ორჰუსის კონვენცია) აღიარებულია, რომ ცალკეულ მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი გარემოს დაცვის სფეროში. შესაბამისად, კონვენციის მე–2 მუხლის მე–5 პუნქტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს დაცვას და პასუხობენ ეროვნული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, განიხილებიან, როგორც დაინტერესებული სუბიექტები.
(გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. კერძოდ, მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს;
(დ) სარჩელში დასმული სადავო საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
(ე) მასში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
(ვ) არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა, რამდენადაც ასეთი მოთხოვნისთვის კანონი არ განსაზღვრავს რაიმე ვადას;
(ზ) არ არსებობს გასაჩივრებულ საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. მითითებული ნორმის დანაწესით რეგლამენტირებულია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ ინფორმაციაზე იმ სუბიექტების საკუთრების უფლება, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. ასევე სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის გაცემის დაუშვებლობის ვალდებულება ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. აღნიშნული ნორმით მკაცრად არის განსაზღვრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის მოქმედება ვერ გავრცელდება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, ვინაიდან „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით დადგენილია ინფორმაციის გაცემის დაუშვებლობის ვალდებულება (გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა) ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე და არა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, „გარემო” არის „ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს”. თავის მხრივ, „ბუნებრივი გარემო“ იმავე ნორმის თანახმად, არის „გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს“; ხოლო „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ - გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
გარემოსდაცვითი ინფორმაცის ხელმისაწვდომობის ვალდებულება განმტკიცებულია "გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციით (შემდგომში - ორჰუსის კონვენცია) კერძოდ: კონვენციის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მოწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს შემადგენელი ისეთი ელემენტის მდგომარეობა, როგორიც არის ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და ამ ელემენტების ურთიერთქმედება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს გარემოს შემადგენელი ელემენტის - წიაღის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება გარემოს შესახებ ინფორმაციას. კონვენციით აღიარებულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაბამის გარემოში ცხოვრების უფლება, აგრეთვე ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობა როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად დაიცვას და გააუმჯობესოს გარემო ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. კონვენციის თანახმად, ამ უფლებების დასაცავად და მოვალეობების შესასრულებლად მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემოსდაცვითი ინფორმაცია.
კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი წარმოადგენს პირის მიერ ინფორმაციის მიღების უფლების სპეციალურ შემთხვევას. მითითებული ნორმა ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს გარემოს მდგომარეობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამდგენი კონსტიტუციური უფლებებისაგან განსხვავებით, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ასევე ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მუდმივად აწარმოოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა. ნათელია, რომ ეს ორი ვალდებულება ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული, რადგან ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების გარეშე, შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლების ეფექტური რეალიზება (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება №2/1/524 საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სადავო ნორმის მოქმედება აფერხებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების კუთხით არსებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას, შესაბამისად, დასახელებული სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობების და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ ინფორმაციის ღიაობის შეზღუდვა იმიტომ, რომ იგი იმავდროულად წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით რეგულირებულია კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევის სპეციალური პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია ამ ინფორმაციის მესაკუთრე კონკრეტული სუბიექტის ნება-სურვილზე. ამდენად, არსებობს სამართლის ნორმა, რომლითაც სრულად არის დაცული კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციის მესაკუთრის კანონიერი უფლებები. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმის დღეს მოქმედი რედაქციით არსებობა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, წინააღდეგობაშია კონსტიტუციასთან და ექვემდებარება გაუქმებას.
კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების ეფექტურად განხორციელების შესახებ, ხოლო სადავო ნორმის მოქმედების გამო სახეზეა სახელმწიფოს ხსენებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
საქართველოს კონსტიტუციის გარდა, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით. კერძოდ, „გარემოსა და განვითარების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო დეჟანეიროს დეკლარაცია და „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ 1998 წლის ორჰუსის კონვენცია. აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ხელისუფლების ორგანოებს აკისრებენ ვალდებულებას, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ა” ქვეპუნტის თანახმად კანონმდებელმა ინფორმაცია გარემოს შესახებ (მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე), აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას იმ განსაკუთრებული სახის ინფორმაციას მიაკუთვნა, რომლის გასაიდუმლოებაც დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც შესაძლებელია გარემოზე გარკვეული ზემოქმედების შესაძლებლობას უშვებდეს, აპრიორი არ უნდა იქნეს მიჩნეული არაკონსტიტუციურად. “უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს... მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება NN1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
„კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია გონივრულია, როდესაც მისი ქმედება კოლიზიური უფლებების თანაარსებობის, თანარეალიზაციის უზრუნველყოფას, უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დადგენას ისახავს მიზნად. ამავე დროს, როდესაც უფლებებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია და კოლიზიის გადაჭრის მიზნით ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი ხდება, უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მკაცრი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს კონსერვატიული პარტია”, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
მოცემულ შემთხვევაში „წიაღის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლით დადგენილი გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გამო დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები მოკლებული არიან შესაძლებლობას, მოიპოვონ სრულყოფილი ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ დაინტერესებული პირები ვეღარ შეძლებენ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების ეფექტურად განხორციელებას.
გარდა ამისა, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია იმიტომ, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილია გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რადგან გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია ინფორმაციის მესაკუთრის „კეთილ ნებაზე“.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით. შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის შესახებ შესაგროვებელი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს იმ შინაარსობრივ მინიმუმს, რაც აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის რეალიზაციისთვის. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულია, შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარემოს მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ მასზე. პირველ რიგში, ასეთად უნდა იქნეს განხილული ინფორმაცია გარემოს შემადგენელი ელემენტების - ჰაერის, ატმოსფეროს, წყლის, ნიადაგის, მიწის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ობიექტების მდგომარეობის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და მისი კომპონენტების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების და ამ ელემენტების ურთიერთქმედების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და კანონმდებლობის შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ან შესაძლოა მოახდინონ გარემოს მდგომარეობაზე.
ამდენად, “წიაღის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის ანუ სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია არ არის დადებითი შედეგის მომტანი გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 37-ე მუხლის მეხუთე პუნქტის დანაწესთან და მაშასადამე, არაკონსტიტუციურია.
2. სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი რეჟიმი, კერძოდ: პირის უფლება მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან, რომლებიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება, ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ უკავშირდება და ინფორმაციების ამომწურავი ჩამონათვალი (სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული), რომელთა მიღება ნებისმიერი მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის შეუძლებელია. კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის ინფორმაცია დაცულია სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ წყაროებში, დადგენილია ყველას მიერ ამ ინფორმაციის გაცნობის უფლება (ხელმისაწვდომობა) კანონით დადგენილი წესით, მაგრამ აღნიშნული ნორმით იმავდროულად იმპერატიულად არის დადგენილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კონკრეტული შემთხვევები დასახელებულ დახურულ ინფორმაციებთან (სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული) მიმართებაში, რომელთა გასაიდუმლოების წესი განსაზღვრულია ცალკე კანონმდებლობით, როგორიცაა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „პერსონალურ მონაცემებთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და ა.შ.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული. საგულისხმოა, რომ კონსტიტუციის არც ერთი ნორმა არ შეიცავს რაიმე დანაწესს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის განსხვავებული შემთხვევების დაწესების შესახებ.
„წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლით ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
სადავო არ არის, რომ „წიაღის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლით დაწესებულია გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. მითითებული ნორმის დანაწესი სახელმწიფო ორგანოს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმოუშობს გარემოს შესახებ ინფორმაციის საიდუმლოობის დაცვის ვალდებულებას მაშინ, როდესაც გარემოს შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება კონსტიტუცის 41-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საიდუმლოების არც ერთ კატეგორიას. ამდენად, „წიაღის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლით დაწესებულია გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ისეთი შემთხვევა, რომელიც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ხელს უშლის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს გარემოს მდგომარეობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
ადამიანის სხვა უფლებების მსგავსად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებასაც მოჰყვება სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებებისა თუ ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესებთან შემხებლობა და ერთგვარი კონკურენცია. სწორედ ამ დროს დგება სახელმწიფოს მიერ გონივრული ბალანსის დადგენის საჭიროება. „კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია გონივრულია, როდესაც მისი ქმედება კოლიზიური უფლებების თანაარსებობის, თანარეალიზაციის უზრუნველყოფას, უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დადგენას ისახავს მიზნად. ამავე დროს, როდესაც უფლებებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია და კოლიზიის გადაჭრის მიზნით ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი ხდება, უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მკაცრი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს კონსერვატიული პარტია”, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობების და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ ინფორმაციის ღიაობის შეზღუდვა იმიტომ, რომ იგი იმავდროულად წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით რეგულირებულია კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევის სპეციალური პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია ამ ინფორმაციის მესაკუთრე კონკრეტული სუბიექტის ნება-სურვილზე. ამდენად, სახეზეა სამართლის ნორმა, რომლითაც სრულად არის დაცული კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციის მესაკუთრის კანონიერი უფლებები. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმის დღეს მოქმედი რედაქციით არსებობა არ არის გონივრული, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს და უხეშად ხელყოფს კონსტიტუციით გარანტირებულ - გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა