ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/1/752 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 დეკემბერი 2018 20:11 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - ვახუშტი მენაბდე და ნინო გუჯარაიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - გიორგი ჩიფჩიური და ქრისტინე კუპრავა; ექსპერტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ჩალათაშვილი; მოწმეები - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი შორენა იოსებიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №752) მიმართა ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 9 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 14 დეკემბერს, ხოლო საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2017 წლის 22 მარტსა და 20 აპრილს. მომხსენებელი მოსამართლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/1-1/752 საოქმო ჩანაწერით, №752 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2017 წლის 30 ნოემბერს და 2018 წლის 29 მარტს.
2. №752 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
5. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის უფლებას, რადგან შეზღუდულია გასაჩივრებულ ნორმაში მითითებული ინფორმაციის მიღება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წიაღი არის გარემოს ნაწილი, ამდენად, იგი წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცული ინტერესი აღემატება საკუთრების უფლებას და აღნიშნული ინფორმაცია, თუნდაც საკუთრების უფლებით იყოს დაცული, უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამდენად, მოსარჩელე ასკვნის, რომ შეუძლებელია, საზოგადოებრივ სიკეთეს მიკუთვნებული ინფორმაცია საკუთრების უფლებით იყოს დაცული, იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.
6. მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით დაცული უფლება გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე არ უკავშირდება მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ წიაღით მოსარგებლის მიერ დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას, ლიცენზიის მფლობელმა ჩაატარა თუ არა ზუსტად იმ მეთოდოლოგიით კვლევა, რომელსაც იგი უთითებდა. აღნიშნულის გადამოწმება იქნება შესაძლებელი, ვინაიდან კვლევის მეთოდოლოგიებისთვის საჭირო ფინანსები ყველასთვის ცნობილია. ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა, რომ შესაძლებელია ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღება არა უშუალოდ დახარჯული თანხის გასაჯაროებით, არამედ სხვა ისეთი მონაცემების მიღებით, როგორებიცაა საბადოს ზომა, თვისებები და როგორ მოხდა მოპოვება.
7. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას. №752 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 2 აგვისტოს ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“ №04/02152 განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო ინფორმაციის სახით, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადაცემის თაობაზე. სამინისტრომ ნაწილობრივ გასცა ინფორმაცია და განმარტა, რომ „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლი ზღუდავდა მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემას.
8. ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივამ სასამართლო წესით მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებმა მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს, ხოლო საკასაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლო გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ კომისიის დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია დაცულია „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლით და, შესაბამისად, არ არის ხელმისაწვდომი.
9. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ წიაღი და წიაღისეული წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას და აღნიშნული ქონების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მომპოვებელი არ არის უშუალოდ სახელმწიფო. მოსარჩელემ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსებთან, თუმცა, ამავე დროს, მიუთითებს, რომ იგი უნდა იყოს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.
10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ ჩალათაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო თავისი სახსრებით არ აწარმოებს ახალი წიაღისეულის დაძიებას. კერძო კომპანიების ნაწილის საქმიანობა ორიენტირებულია წიაღისეულის შესწავლაზე, რაც დაკავშირებულია ინფორმაციის მოპოვებასთან, რაც შესაბამისი პირის მიერ იყიდება მესამე პირებზე. ამდენად, მომპოვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაცულია როგორც საკუთრება.
11. ექსპერტმა სადავო ნორმაში მითითებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომ იგი მოიცავს ზოგად ინფორმაციას რელიეფის შესახებ, გეოგრაფიულ მდებარეობას, ლაბორატორიულ კვლევებს, ნახაზებს. გეოლოგიური აგებულების შესასწავლად დედამიწის ქერქის სიღრმე იბურღება, ამოაქვთ სინჯი, რომელიც ლაბორატორიას გადაეცემა შესასწავლად. აღნიშნულმა კვლევამ უნდა დაადგინოს ქანის რაობა და ასაკი. შემდგომ დგინდება მისი პარამეტრები, გავრცელების სიღრმე, მოცულობა, მინეროგრაფია, კეთდება ტეტროგრაფია. მას შემდგომ, რაც კვლევები დასრულდება, დგება გეოლოგიური ანგარიში, რომელიც იგზავნება მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიაზე მარაგების დასამტკიცებლად. მარაგების დამტკიცების შემდგომ აღნიშნული ანგარიში ეგზავნება გეოლოგიურ ფონდს. ექსპერტი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა შეცდომით მიუთითებს საინფორმაციო ფონდზე და რეალურად იგულისხმება გეოლოგიური ფონდი. გეოლოგიურ ფონდებში, გარდა გეოლოგიური ინფორმაციისა, შედის წლიური ანგარიშები ლიცენზიის შესახებ, საარქივო დოკუმენტები, გეოფიზიკური კვლევები, გეოქიმიური კვლევები, აეროფოტოგადაღებები და სხვა.
12. წიაღით სარგებლობის ლიცენზიებს წარმოადგენს შესწავლა-მოპოვების ლიცენზია და მოპოვების ლიცენზია. შესწავლის მაქსიმალურ ვადას წარმოადგენს 5 წელი, რაც დასაბუთების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 5 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კი, ინფორმაციის მომპოვებელი პირი მესაკუთრე რჩება იმ ინფორმაციისა, რომელიც თავისი ხარჯებით მოიპოვა და გადასცა სახელმწიფოს. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებისა და კვლევის მეთოდების გამოყენების გათვალისწინებით, განსხვავდება წიაღით მოსარგებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შინაარსი.
13. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ზავრაშვილის, განცხადებით, ფონდებში შეტანილი ყველა ინფორმაცია არ არის დახურული. სადავო ნორმის მიხედვით, დახურულია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც ამავე ნორმა აკონკრეტებს გეოლოგიური აგებულების, მარაგების, რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო ტექნიკური პარამეტრებისა და თვისებების სახით. მოწმის თქმით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს საკუთრების უფლების დაცვა. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ წიაღით მოსარგებლის ლიცენზიის გასვლის შემდგომაც, აღნიშნული ინფორმაცია დაცულია და არ გაიცემა. მოწმემ აღნიშნა, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი წინადადება უთითებს, თუ რა ინფორმაცია არის საკუთრების უფლებით დაცული. ამასთან, მოწმემ განაცხადა, რომ სასარგებლო წიაღისეული შეიძლება იგივე მდგომარეობაში არ იყოს 20 წლის შემდგომ და, ამდენად, 20 წლის წინ მოპოვებული ინფორმაცია არავალიდური იქნება.
14. მოწმემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაცულია გეოლოგიურ ფონდებში, ღიაა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა, თუკი იგი არ შეეხება სადავო ნორმაში მითითებულ მონაცემებს: გეოლოგიური აგებულება, პარამეტრები, საბადოს დამუშავების სამთო ტექნიკური პირობები და პარამეტრები. სხვანაირი განმარტების შემთხვევაში დახურული იქნებოდა სალიცენზიო პირობების შესახებ ინფორმაცია, ლიცენზიის აქტები, ათვისების გეგმები, ანგარიშები, სტატისტიკური დაკვირვების ფორმები, გონივრული ვადები და სხვა. მოწმემ აღნიშნა, რომ მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისას წარმოდგენილ მონაცემებს, პირველ რიგში, აფასებს გარემოსდაცვითი კუთხით. მოწმემ განაცხადა, რომ კვლევაძიებითი სამუშაოების პროცესი, როგორც წესი, არის გარემოსთვის ნაკლებად ინვაზიური. მოწმის თქმით, მეტად ინვაზიურ პროცესს წარმოადგენს მოპოვება ღია კარიერული მეთოდებით.
15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის შორენა იოსებიძის განცხადებით, არსებობს არაერთი ფართობი, სადაც ერთსა და იმავე სალიცენზიო კონტურში სხვადასხვა ტიპის რესურსი განთავსებულია ნიადაგის სხვადასხვა ფენაზე. გვხვდება შემთხვევები, როდესაც წიაღის ხელახალი შესწავლის შედეგად მომზადდა სხვა შინაარსის ანგარიში და გამოიკვეთა ახალი გარემოებები.
16. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, არ გასცეს სასყიდლით მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც აქვს ქონებრივი ხასიათი. საჯარო ხელმისაწვდომობით აღნიშნული ინფორმაცია გაუფასურდება და ღირებულება დაეკარგება. ამდენად, „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლით დაცული ინფორმაცია წარმოადგენს მისი მომპოვებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. მოპასუხის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი მკაფიოდ ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, არ გასცეს მისთვის მინდობილი ინფორმაცია იმდაგვარად, რომ შეილახოს ამ ინფორმაციის მფლობელთა უფლებები.
17. მოპასუხით თქმით, სადავო ნორმაში მითითებულ ინფორმაციას ფლობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გარემოს ეროვნული სააგენტო”. აღნიშნული სააგენტო, იმავდროულად, წიაღის სახელმწიფო ბალანსს აწარმოებს და ყოველწლიურად წიაღის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშების სტატისტიკური დაკვირვების საფუძველზე ადგენს წიაღისეულით გონივრული სარგებლობის ბალანსს, რაც მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციას წარმოადგენს.
18. მოპასუხემ განაცხადა, რომ წიაღის დამუშავებისას მატერიალური ინტერესი ვლინდება, ერთი მხრივ, მისი პირადი მოხმარების მიზნით დამუშავებაში, მეორე მხრივ, აღნიშნული საქმიანობით ეკონომიკური სარგებლის მიღებაში. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, გასაჩივრებული ჩანაწერი მიმართულია წიაღის დამუშავების შედეგად ეკონომიკური სარგებლის მიღების ინტერესის დაცვისკენ, ხოლო დაცვის სუბიექტს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც წიაღის დამუშავებას პირადი მოხმარების მიზნით ახორციელებენ. სადავო ნორმით დაცული ინფორმაციის გასაჯაროება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომერციულ ღირებულებას დაუკარგავს ამ ინფორმაციას, რაც გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს საკუთრების უფლებაში და სამეწარმეო საქმიანობაში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
1. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
1.1 საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
2. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „[საქართველოს კონსტიტუციის] 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ყურადღების ცენტრშია სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს… ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება „გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). დასახელებული კონსტიტუციური დებულება „ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის … ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პირის უფლებას, მოიპოვოს ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია სხვა პირის ჯანმრთელობის, ფინანსების ან სხვა კერძო საკითხების შესახებ. თუ დავუშვებთ, რომ 41-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლების დასაცავად შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს კერძო სფეროს მიკუთვნებული ინფორმაცია, მივიღებთ პარადოქსულ სურათს – ნებისმიერ პირს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია სხვა პირის კერძო საკითხებზე, თუ ეს ინფორმაცია იმავდროულად არ არის სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოება. ეს, ლოგიკურად, აზრს უკარგავს 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის არსებობას, რომელიც „ტაბუს ადებს“ ინფორმაციას მისი კერძო სფეროსადმი კუთვნილების ნიშნით და არა იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
8. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილების თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება პირების ჯანმრთელობას, ფინანსებს და სხვა კერძო საკითხებს, თავისთავად გამოირიცხება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროდან და მასზე ხელმისაწვდომობა არ არის დაცული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გამოხატავს პატივისცემას 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილების მიმღები შემადგენლობის მიმართ, თუმცა, ამავდროულად, მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული სფეროების ურთიერთმიმართების, შინაარსისა და ფარგლების განსხვავებულად განმარტების საჭიროება.
9. თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისათვის არ არის უცხო ადამიანის უფლებების, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენცია და გარკვეული კონფლიქტი მათ შორის. ცალკეულ შემთხვევაში ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებს შორის კონფლიქტი აუცდენელიც კია. ამავე დროს, უფლებებს შორის კონფლიქტი არ გამორიცხავს მათ თანაარსებობას. ერთი უფლების არსებობა ვერ გამორიცხავს სხვა, დაპირისპირებული უფლების ან ინტერესის დაცვის საჭიროებას. აუცილებელია, სახელმწიფომ კოლიდირებული უფლებები და ინტერესები დააბალანსოს გონივრულად, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უფლებათა კონკურენციისას „კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია გონივრულია, როდესაც მისი ქმედება კოლიზიური უფლებების თანაარსებობის, თანარეალიზაციის უზრუნველყოფას, უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დადგენას ისახავს მიზნად. ამავე დროს, როდესაც უფლებებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია და კოლიზიის გადაჭრის მიზნით ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი ხდება, უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მკაცრი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
10. ამრიგად, ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი უფლებების თანაარსებობა პარადოქსი არ არის. ადამიანის უფლებებს შორის კოლიზია ან კონკურენცია თავისთავად არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ურთიერთობის რომელიმე უფლების დაცულ სფეროში მოქცევა გამორიცხავს მისი მეორე, დაპირისპირებული უფლებით დაცულობას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი იცავს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, თავისთავად არ მიუთითებს, რომ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ვერ გაიზიარებს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილებაში გამოხატულ პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი „„ტაბუს ადებს“ ინფორმაციას მისი კერძო სფეროსადმი კუთვნილების ნიშნით“. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ მოითხოვს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, სრულად დახურული უნდა იყოს. პირიქით, ამავე კონსტიტუციურ დებულებაში მითითებულია ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე - კანონით დადგენილი შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია „სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“. შესაბამისად, შესაძლებელია, ეს უფლება სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავადაც შეიზღუდოს. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ითხოვს სხვა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ერთმანეთს უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლებები, რომელთა კონფლიქტის საკითხი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ უფლებების დაბალანსების გზით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია პირის უფლება, მიიღოს ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული, მათ შორის, ისეთი ინფორმაციაც, რომელიც უკავშირდება სხვა პირის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა კერძო საკითხებს. აღნიშნული უფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების კონკურენცია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით.
1.2 სადავო ნორმის შინაარსი, ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში
12. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სადავოდ გამხდარი სიტყვების თანახმად, დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ამავე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია.
13. სადავო ნორმის შინაარსის ზუსტი იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, სადავო კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინება. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია წიაღის, ნებისმიერი სახის სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების შესწავლის, გამოყენების, მომპოვებელ და გადამამუშავებელ წარმოებათა ნარჩენების (მათ შორის გადასახსნელი ქანების) გამოყენების, შენახვისა და დაცვის, აგრეთვე მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობები. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს წიაღი სახელმწიფოს საკუთრებაა. ამავე კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე. თავის მხრივ, წიაღით სარგებლობა მოიცავს: წიაღის შესწავლას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას, სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის, წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებასთან.
14. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. ხსენებული ინფორმაციის მოპოვება ხდება წიაღის შესწავლის გზით და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობაა. ამასთანავე, დასახელებული ინფორმაციის მომპოვებელი სუბიექტები წიაღით სარგებლობის პროცესში ვალდებული არიან, სახელმწიფოს მიაწოდონ ინფორმაცია. კერძოდ, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, წიაღით მოსარგებლე ვალდებულია, წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ.
15. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისთვის უნდა დადგინდეს, იზღუდება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობა. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება ვრცელდება სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცულ დოკუმენტებზე და შეეხება წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დოკუმენტები, როგორც წესი, სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებს წარედგინება წიაღით მოსარგებლის მიერ, წიაღით სარგებლობის ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების პროცესში.
16. სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში ლიცენზიანტის მიერ ლიცენზიის ობიექტისა და მისი გამოყენების შესახებ კანონით დადგენილი წესით წარდგენილ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. ამავე დროს, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმა მიუთითებს, რომ დაუშვებელია დასახელებული ინფორმაციის გაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სადავოდ გამხდარი სიტყვები ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ უფლებას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.
1.3 თანაზომიერება
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დაექვემდებაროს შეზღუდვებს. ამასთანავე, აუცილებელია, აღნიშნული უფლება შეიზღუდოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
1.3.1 ლეგიტიმური საჯარო მიზანი
18. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
19. №752 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლმა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სადავო სიტყვების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა აღნიშნულ ნორმაში მითითებულ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლების დაცვა, აგრეთვე დასახელდა წიაღით სარგებლობის სფეროს განვითარების მიზანი.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, მეწარმეობის თავისუფლებისა და კონკურენციის დაცვა, აგრეთვე წიაღითა და წიაღისეულის რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებია. აღნიშნული მიზნების მისაღწევად შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება.
1.3.2 გამოსადეგობა
21. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ზღუდავს წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. ამავდროულად, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი ამგვარ ინფორმაციას იმ სუბიექტების საკუთრებად აცხადებს, რომლის სახსრებითაც არის იგი მოპოვებული. ამავე მუხლის თანახმად, შესაძლებელია წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა.
22. სადავო ნორმის არარსებობის პირობებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნებოდა ამგვარ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ხსენებულ ინფორმაციაზე ყველას ხელმისაწვდომობა ნეგატიურად აისახება აღნიშნული ინფორმაციის მესაკუთრეთა უფლებებზე, ვინაიდან ასეთ პირობებში გამოირიცხება მოცემული ინფორმაციის შეძენით დაინტერესება. ამასთან, სათანადო ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში ამ ინფორმაციის მიმღებს ექნება შესაძლებლობა, რომ თავად გამოიყენოს წიაღით სარგებლობისათვის ინფორმაცია, მიიღოს მისგან სარგებელი ისე, რომ ინფორმაციის მესაკუთრე, სუბიექტი, ვინც ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად სახსრები დახარჯა, ვერ მიიღებს სათანადო ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც გამორიცხავს ასეთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, იცავს ინფორმაციის მესაკუთრეების ქონებრივ ინტერესებს და არის მოცემული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება.
23. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს როგორც წიაღის მოპოვების, ისე შესწავლის ლიცენზიების გაცემას. შესაბამისად, შესაძლებელია, არაერთი სამეწარმეო სუბიექტი იყოს დაკავებული მხოლოდ წიაღის შესწავლით, სათანადო ინფორმაციის მოპოვებით და მის სანაცვლოდ ანაზღაურების მიღებით იმ პირებისაგან, რომლებიც უშუალოდ წიაღის მოპოვებით არიან დაინტერესებული. სადავო ნორმის არარსებობის პირობებში ამგვარი ინფორმაციის ღიაობა ხელს შეუშლიდა ამ პირების საქმიანობას, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა და აღარ იარსებებდა მისი შესყიდვის საჭიროება. ამრიგად, დასახელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ შესაძლოა შეაფერხოს გარკვეული ტიპის სამეწარმეო საქმიანობა და შეამციროს წიაღის შესწავლის მსურველი პირების რაოდენობა. ამგვარი მოცემულობა ასევე ხელს შეუშლიდა უშუალოდ წიაღით სარგებლობის სფეროს განვითარებას. ამრიგად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ასევე განეკუთვნება სამეწარმეო თავისუფლებისა და წიაღისეულით სარგებლობის სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის საშუალებას.
1.3.3 აუცილებლობა
24. სადავო ღონისძიების აუცილებლობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია შეფასდეს, შესაძლებელია თუ არა ინფორმაციის მესაკუთრის ქონებრივი ინტერესის იმავე ეფექტურობით დაცვა ინფორმაციის დახურვის გარეშე. უნდა დადგინდეს, რამდენად უზრუნველყოფს უფლების სათანადოდ დაცვას სისტემა, რომლის ფარგლებშიც ხსენებული ინფორმაცია იქნება ღია, თუმცა დაწესდება შეზღუდვები მისი მესაკუთრის თანხმობის გარეშე გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი ინფორმაციის მესაკუთრის ინტერესების დაცვა ინფორმაციის მიმღები პირის მიერ მისი მესაკუთრის თანხმობის, მისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდის გარეშე გამოუყენებლობის აკრძალვით და ა.შ.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი რეგულაცია ვერ იქნებოდა სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ისეთივე ეფექტიანი საშუალება, ვინაიდან წიაღის აგებულებისა და სხვა პარამეტრების შესახებ არსებული ინფორმაციის ეკონომიკური ღირებულება ვლინდება არა მხოლოდ უშუალოდ მისი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას გამოყენებით, არამედ - დასახელებული ინფორმაცია ასევე ეხმარება შესაბამის სუბიექტებს მნიშვნელოვანი კომერციული გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგალითად, რომელი ზონიდან და რა მოცულობით მოიპოვონ წიაღისეული, რომელ ზონაშია გამართლებული წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღება და რომელში - არა და ა.შ. მაგალითად, ის ფაქტი, რომ რომელიმე ზონაში სასარგებლო წიაღისეული არ მოიპოვება, თავისთავად მიანიშნებს პირებს ამ ზონაში ლიცენზიის აღების უპერსპექტივობაზე და, შესაბამისად, მსგავსი ინფორმაციის ცოდნა თავისთავად გულისხმობს ამ ინფორმაციის იმ ფორმით სარგებლობას, რომელიც არ ითვალისწინებს ინფორმაციის მესაკუთრის ინტერესებს. ამდენად, სადავო ნორმებით რეგულირებული ინფორმაციის ქონა თავისთავად კომერციული სიკეთეა. შესაბამისად, მისი მიღება კომერციული ინტერესის საგანია, რაც განაპირობებს მესაკუთრის თავისთავადი ინტერესის არსებობას ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასთან დაკავშირებით.
26. ამრიგად, სადავო ნორმით რეგულირებული ინფორმაციის თუნდაც უნებართვოდ გამოყენების აკრძალვის პირობებში გახმაურებისას მესაკუთრე ყოველთვის ვერ შეძლებდა სათანადოდ მიეღო მისი სახსრებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებისათვის ანაზღაურება, რაც შეამცირებდა ინფორმაციის ღირებულებას და უარყოფითად აისახებოდა სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების მიღწევაზე. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნების მიღწევა არ იქნებოდა შესაძლებელი ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება - წიაღის აგებულებისა და პარამეტრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მესამე პირებისათვის, უნდა ჩაითვალოს დასახული ლეგიტიმური ინტერესების ეფექტიანად დაცვის აუცილებელ საშუალებად.
1.3.4 პროპორციულობა ვიწრო გაგებით
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს.
29. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება და საზოგადოების ინტერესი, რომ მიიღოს სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში არსებული ინფორმაცია და, მეორე მხრივ, სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში არსებული ინფორმაციის მესაკუთრეების, სამეწარმეო თავისუფლების დაცვისა და წიაღით სარგებლობის სფეროს განვითარების ლეგიტიმური ინტერესები.
30. ზოგადად, საზოგადოებას აქვს კონსტიტუციით დაცული ინტერესი, რომ ჰქონდეს წვდომა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ დოკუმენტებზე. ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამავდროულად, საზოგადოების ინტერესი, ჰქონდეს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, არ არის ყველა კატეგორიის ინფორმაციასთან მიმართებით იდენტური. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია ეხება უშუალოდ საჯარო ხელისუფლების განხორციელებას, საბიუჯეტო და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს, გაცილებით მაღალია ინტერესი, საზოგადოებრივი კონტროლის დატვირთვაც და საჭიროებაც. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინფორმაციის შინაარსიდან და ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, საზოგადოებრივი კონტროლის ინტერესი არ იყოს ამდენად მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხასიათს და მის მნიშვნელობას ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის თვალსაზრისით.
31. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ზღუდავს წიაღის გარკვეული პარამეტრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. კერძოდ, სადავო ნორმით შეზღუდულია ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ. როგორც აღინიშნა, დასახელებული ინფორმაცია იმ სუბიექტის საკუთრებაა, ვისი სახსრებითაც არის იგი მოპოვებული. წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, წიაღისეულის მოსაპოვებლად გამოიყენება. სწორედ ეს განაპირობებს აღნიშნული ინფორმაციის ეკონომიკურ ღირებულებას და აქცევს მას ბრუნვის ობიექტად. დასახელებულ ინფორმაციას შესაძლოა, ასევე ჰქონდეს სხვა დანიშნულებაც, იქნება ეს სამეცნიერო, გეოლოგიური, გარემოსდაცვითი და ა.შ. ამავდროულად, გარემოსდაცვითი მიზნით დასახელებული პარამეტრებისა და მათგან მომდინარე საფრთხის შესახებ პირის ინფორმირებულობა შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს მოცემული ინფორმაციის გამჟღავნებისა და ამ ინფორმაციის მესაკუთრის უფლებების შეზღუდვის გარეშეც, სახელმწიფოს მიერ გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გზით.
32. წიაღის გარკვეული პარამეტრების შესახებ ინფორმირებულობაზე საზოგადოების ინტერესს უპირისპირდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის მესაკუთრის ეკონომიკური ინტერესები, სამეწარმეო თავისუფლების დაცვის და წიაღით სარგებლობის სფეროს განვითარების უზრუნველყოფის ინტერესები. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელებით მნიშვნელოვანი ზარალი მიადგებათ აღნიშნული ინფორმაციის მესაკუთრეებს. შესაძლებელი გახდება სხვა პირების მიერ ამ ინფორმაციის ეკონომიკური გამოყენება და შეფერხდება, ზოგადად, წიაღისეულით სარგებლობის სფეროს განვითარება. განსახილველ შემთხვევაში დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი დაცვის ინტერესი გადაწონის საზოგადოების ინტერესს, რომ მიიღოს ტექნიკური ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური პარამეტრების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით არ არის დადგენილი არაგონივრული და უსამართლო ბალანსი შეპირისპირებულ ინტერესებს შორის და დაცულია პროპორციულობა ვიწრო გაგებით. ამრიგად, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვები „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე” არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით
33. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია სახელმწიფოსაგან ინფორმაციის მიღების უფლების სპეციალური შემთხვევა. დასახელებული კონსტიტუციური გარანტია „წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს გარემოს მდგომარეობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამდგენი კონსტიტუციური უფლებებისაგან განსხვავებით, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მუდმივად აწარმოოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა. ნათელია, რომ ეს ორი ვალდებულება ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული, რადგან ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების გარეშე, შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლების ეფექტური რეალიზება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17)
34. საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გარემოს შესახებ ინფორმაციით. სწორედ ინფორმირებულ საზოგადოებას შესწევს უნარი, მიიღოს გარემოს შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა და საზოგადოებრივი კონტროლი გაუწიოს ქმედებებს, რომლებიც გავლენას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით. შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის შესახებ შესაგროვებელი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს იმ შინაარსობრივ მინიმუმს, რაც აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის რეალიზაციისთვის. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულია, შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარემოს მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ მასზე. პირველ რიგში, ასეთად უნდა იქნეს განხილული ინფორმაცია გარემოს შემადგენელი ელემენტების - ჰაერის, ატმოსფეროს, წყლის, ნიადაგის, მიწის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ობიექტების მდგომარეობის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და მისი კომპონენტების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების და ამ ელემენტების ურთიერთქმედების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და კანონმდებლობის შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ან შესაძლოა მოახდინონ გარემოს მდგომარეობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
35. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი უფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, შეაგროვოს და საზოგადოებას მიაწოდოს გარემოს შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის შეგროვებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს სხვადასხვა ფორმით, იმ პირობით, რომ საზოგადოება სრულყოფილად იქნება ინფორმირებული გარემოს მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ვალდებულება შესაძლოა შესრულდეს უშუალოდ სახელმწიფოს მიერ გარემოს მდგომარეობის პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. ამავდროულად, შესაძლებელია, სახელმწიფომ საკუთარი პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს სხვა პირებისათვის აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის ინფორმირების ვალდებულების დაწესებით. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული მოთხოვნები შესრულებული იქნება, თუ საზოგადოება მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას გარემოს მდგომარეობის შესახებ, იმის მიუხედავად, ამ ინფორმაციას სახელმწიფო თავად შეაგროვებს და მიაწვდის, თუ უზრუნველყოფს კერძო პირების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
36. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ იცავს საჯარო დაწესებულებაში არსებულ გარემოს შესახებ ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე წვდომის უნივერსალურ უფლებას. კონსტიტუციის ხსენებული უფლების მიზანია გარემოს მდგომარეობის შესახებ პირების ინფორმირება და არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გზით სახელმწიფოს საქმიანობის კონტროლის განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებით, გარემოს შესახებ ინფორმაციის ქონის უფლების დაცვის ობიექტი ვერ იქნება კონკრეტულ დოკუმენტზე წვდომის გზით მოქალაქეთაგან სახელმწიფოს კონტროლის განხორციელება ღია მმართველობის დამკვიდრების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, პირი ვერ მოითხოვს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ სამოქალაქო საქმეზე კერძო პირებს შორის დავისას მოწმის ან ექსპერტის ჩვენება შეეხება გარემოს მდგომარეობას, ხსენებული ჩვენება თავისთავად საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცულ უფლებრივ სფეროში ვერ მოექცევა.
37. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი სახელმწიფოსაგან მოითხოვს, რომ შეაგროვოს და საზოგადოებას მიაწოდოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული დოკუმენტი (მაგალითად - მოწმის ჩვენება სამოქალაქო საქმეზე) შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის ინფორმაციას, სახელმწიფო უფლებამოსილია, საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს ამ დოკუმენტის გაცემის გზით. ამავდროულად, სახელმწიფო არ არის შეზღუდული, არ გამოიყენოს ეს კონკრეტული ინფორმაციის წყარო, საკუთარი სახსრებით თავად შეაგროვოს ამ კატეგორიის ინფორმაცია და გააცნოს საზოგადოებას. სახელმწიფოს ამგვარი გადაწყვეტილება შესაძლოა მრავალი ფაქტორით იყოს ნაკარნახევი, მათ შორის, მესამე პირების უფლებების დაცვის მიზნით, პრაქტიკული მოსაზრებებით და ა.შ.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებული გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია, დადასტურდეს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას. ვინაიდან სახელმწიფო არ არის ვალდებული, გარემოს შესახებ საზოგადოებისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია მიიღოს კონკრეტული დოკუმენტიდან, საჯარო დაწესებულებაში არსებულ რომელიმე დოკუმენტზე საზოგადოების წვდომის შეზღუდვა თავისთავად ვერ იქნება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვად მიჩნეული. ხსენებული უფლების რეალიზებისათვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გარემოს შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მის ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან მოიპოვებს თუ ამისათვის სხვა ფორმას გამოიყენებს.
39. როგორც აღინიშნა, №752 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. სადავო ნორმა კი ზღუდავს აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მისი მესაკუთრის ე.ი. იმ პირის თანხმობის გარეშე, ვისი სახსრებითაც არის მოპოვებული დასახელებული ინფორმაცია.
40. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებზე წვდომის ზოგადი უფლების შეზღუდვა. იგი არ არეგულირებს, თუ რა ფორმით და მექანიზმებით უნდა უზრუნველყოს სახელწიფომ გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისათვის მიწოდება. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმა არ აბრკოლებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების განხორციელებას. ამავე დროს, ნორმა არ ამცირებს გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და მოსახლებისათვის მიწოდების სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების ფარგლებს. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის მიწოდების სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების განხორციელების წესსა და პირობებს.
41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში წიაღის გეოლოგიური აგებულების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნებოდეს ინფორმაციათა იმ კატეგორიას, რომელზე ხელმისაწვდომობაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით. თუმცა სადავო ნორმიდან არ გამომდინარეობს და არც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ ნორმით სახელმწიფო შეზღუდულია, თავად მოიპოვოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ესა თუ ის ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. სადავო ნორმა ზღუდავს მესამე პირების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. მესამე პირების მიერ მოპოვებული გარემოს შესახებ ინფორმაცია გარკვეულ შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფომ გამოიყენოს თავისი პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა ეს არ არის ამ ვალდებულების შესრულების ერთადერთი გზა.
42. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ განაპირობებს გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის მიწოდების სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლების შემცირებას ან/და სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის შეგროვების რაიმე ფორმით შეფერხებას. შესაბამისად, სახეზე არ არის ჩარევა გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებით დაცულ სფეროში და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვები „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 44-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №752 („ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ევა გოცირიძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
მაია კოპალეიშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილებაზე
1. გამოვხატავ რა კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილებასთან (შემდგომში - გადაწყვეტილება) დაკავშირებით.
2. განსახილველ საქმეში სადავო ნორმას წარმოადგენდა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ის სიტყვები, რომლებიც დაუშვებლად აცხადებს სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ შეტანილი ინფორმაციის გაცემას სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირზე, თავად ამ ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
3. სადავო ნორმით განსაზღვრულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების შეზღუდვას მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების ძირითადი უფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცული გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების შელახვად.
4. წარმოდგენილი განსხვავებული აზრის ძირითად საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ ვერ გავიზიარებ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულ რიგ მსჯელობას და გადაწყვეტას. გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის შეფასებული შეპირისპირებული ორი ლეგიტიმური ინტერესი - კომერციული საიდუმლოების დაცვის და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების ლეგიტიმური ინტერესი.
5. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველგვარი გამონაკლისებისა და თავისებურებების გათვალისწინების გარეშე გამოცხადდა დახურულ ინფორმაციად - გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად და ავტომატურად მოხდა სადავო ნორმის შინაარსში შემავალი ყველა ინფორმაციისთვის კომერციული ღირებულების მნიშვნელობის მინიჭება.
6. გადაწყვეტილების 25-ე პუნქტში, შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულია, რომ „სადავო ნორმებით რეგულირებული ინფორმაციის ქონა თავისთავად კომერციული სიკეთეა. შესაბამისად, მისი მიღება კომერციული ინტერესის საგანია, რაც განაპირობებს მესაკუთრის თავისთავადი ინტერესის არსებობას ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასთან დაკავშირებით“. ამ კუთხით უმთავრესი იყო სასამართლოს ემსჯელა და ჩამოეყალიბებინა შესაბამისი სტანდარტები, როდის არის შესაძლებელი ინფორმაციის დახურულ ინფორმაციად გამოცხადება მისი კომერციული ღირებულებიდან გამომდინარე და რა შემთხვევებშია შესაძლებელი კომერციული ინფორმაციის გახსნა. მაგალითად, შესაძლოა თუ არა, კომერციული ინფორმაცია გაიხსნას ისეთი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე, როგორიცაა გარემომცველი გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღება.
7. გადაწყვეტილებით სადავო ნორმაში მოაზრებული ინფორმაცია, a priori, მიჩნეულ იქნა მისი შემქმნელი და მასზე საკუთრების უფლების მფლობელი სუბიექტისთვის კომერციული ღირებულების მქონე ინფორმაციად. არ იქნა გათვალისწინებული ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ეს ინფორმაცია კერძო პირის მიერ მოიპოვება ისეთ მნიშვნელოვან საჯარო სიკეთესთან მიმართებით, როგორიცაა წიაღი. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი ჩამოთვლის რა არასაჯარო ინფორმაციის ნუსხას, იქვე აღნიშნავს წიაღის „სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ“ ინფორმაციას. მასში მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და ფაქტობრივად უშვებს, რომ ნორმაში პირდაპირ მოხსენიებულ ინფორმაციაზე მეტი მოცულობის მონაცემები, ყოველგვარის წინასწარი შეფასების გარეშე, იქნეს სადავო ნორმის საფუძველზე მიჩნეული კონკრეტული სუბიექტის კომერციულ საიდუმლოებად, მხოლოდ იმის გამო, რომ მან სახსრები დახარჯა ამ ინფორმაციის შექმნაში. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება საჯარო ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურის არსს, რომლის თანახმად, კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაცია მას შემდეგ ხდება ასეთი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მას მიიჩნევს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად. რაც შეეხება იმ გარემოებას, როდესაც მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით/კანონით ხდება ინფორმაციის გასაიდუმლოება, ამ ინფორმაციის შინაარსის, მისი შესაძლო უსაზღვრო განვრცობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა, რამდენად მკაფიოა ნორმა, უშვებს თუ არა სადავო ნორმა მისი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობას, შეპირისპირებული ორი ლეგიტიმური ინტერესის - კომერციული საიდუმლოების დაცვის და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის ბალანსის დარღვევას.
8. როგორ ვხედავთ, სადავო ნორმა არის ბლანკეტური და ითვალისწინებს მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი სახის ინფორმაციის ავტომატურად, თავისთავად დახურულ ინფორმაციად გამოცხადებას, მიუხედავად მისი შინაარსისა თუ კომერციული ღირებულებისა. ამავე დროს, გადაწყვეტილებაში არ მოხდა სადავო ნორმით განსაზღვრულ ინფორმაციასთან მიმართებით არსებული საპირისპირო ინტერესთა გონივრული და კონსტიტუციის შესაბამისი დაბალანსება. არამედ საკითხი შეფასებულ იქნა მხოლოდ ინფორმაციაზე საკუთრების უფლების მქონე პირთა სასარგებლოდ იმგვარად, რომ არ იქნა გათვალისწინებული გარემოს შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უაღრესად დიდი მნიშვნელობა, აგრეთვე ამ სახის ინფორმაციაზე საზოგადოების მომეტებული ინტერესი. უმთავრესია, რომ გარკვეული კატეგორიის ინფორმაცია ბლანკეტურად არ იქნეს მიჩნეული დახურულად, არამედ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შემოწმდეს კომერციული ღირებულების არსებობა.
9. ნორმის ბლანკეტურობა და გადაწყვეტილებით მისი კონსტიტუციის შესაბამისად მიჩნევა ინფორმაციის თავისუფლების უმთავრეს პრინციპს უქმნის საფრთხეს, რომელიც გულისხმობს, რომ ამ უფლებიდან გამონაკლისი, როდესაც დაშვებული და გამართლებულია ინფორმაციის დახურვა, აუცილებელია, იყოს მკაცრად განსაზღვრული და, იმავდროულად, მყარად დასაბუთებული. აღსანიშნავია, რომ საქმეზე ექსპერტად მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია გარკვეული ინფორმაციის გამოცალკევება. ამდენად, სადავო ნორმა ადგენს იმაზე მეტი მოცულობით კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, ვიდრე ეს აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სადავო ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ასევე მოიცავს ისეთ ინფორმაციასაც, როგორიცაა, თუ რა ტექნიკური ან სხვა საშუალებებით მოხდა გარემოზე ზემოქმედება, რამაც მომავალში შესაძლოა, ჯანსაღ გარემომცველ გარემოზე მოახდინოს გავლენა. აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა ტექნიკური პარამეტრებით მიმდინარეობს წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები და არსებობს თუ არა გარემოს დაზიანების რისკი ან დაზიანდა თუ არა გარემო. ამ ინფორმაციის მიღება ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შესაბამისად, საჯაროა. ამდენად, ასეთი ინფორმაციის მიღების შესახებ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი დიდია და შეუძლებელია ამ სახის ინფორმაცია კომერციული საიდუმლოების ეგიდით დახურულ ინფორმაციად მიიჩნიო.
10. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, მათ შორის, იმ გარემოებაზე მსჯეობას, რომელიც შეეხება უშუალოდ კომერციული ღირებულების მქონე ინფორმაციას, რომლის დახურვის ინტერესიც გააჩნია მასზე საკუთრების უფლების მქონე სუბიექტს. მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ფასეულობის ქონა კონკრეტული ინფორმაციისთვის არ გულისხმობს მის ავტომატურ გასაიდუმლოებას. ამ შემთხვევაში სწორედ საპირისპირო ინტერესთა დაბალანსების შედეგად, შესაძლებელია, გადაწონოს საჯაროობის ინტერესმა.
11. უპირველესად, ამ კუთხით აღსანიშნავია დროითი პერიოდი, კერძოდ, რა დროის განმავლობაში გააჩნია მოცემულ ინფორმაციას ის ღირებულება, რომლის საფუძველზეც იგი იქნა დახურულ ინფორმაციად მიჩნეული. როგორც საქმის განხილვიდან გამოიკვეთა, წიაღის შესწავლის, მისი დამუშავების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება. ამ პროცესის კვალდაკვალ, ადვილი წარმოსადგენია, რომ ინფორმაციამ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ დაკარგოს შესაბამისი კომერციული ღირებულება. ამ დროს კი, საერთოდ აღარ არსებობს მისი საჯაროობის საპირისპიროდ მდგარი ინტერესი და მოკლებულია დასაბუთებას, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ინფორმაციის საიდუმლოდ შენარჩუნება მაშინ, როდესაც მისი გამჟღავნება ვეღარ იქონიებს გავლენას მისი მესაკუთრის კომერციულ ინტერესებზე.
12. ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია მისი მესაკუთრე სუბიექტისთვის კომერციული ღირებულება, ბუნებრივია, არ წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ ინტერესს და მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, მისი გასაჯაროება შესაძლებელია. იმისთვის, რომ ცხადად იქნეს განსხვავებული პოზიცია დასაბუთებული, აუცილებელია უპირველესად, თავად ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობას გაესვას ხაზი.
13. დემოკრატიულ საზოგადოებაში განუზომლად დიდია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის, უპირველესად, ქმნის საფუძველს და წყაროს, აკონტროლოს მის მიერ არჩეული საჯარო ხელისუფლების უშუალოდ განმახორციელებელი პირების ქმედებები და, ამდენად, შეასრულოს მათზე ზედამხედველობის ფუნქცია. გარდა აღნიშნულისა, მნიშველოვანია ღია მმართველობის პრინციპის უმთავრესი გამოხატულება, რომლის თანახმად, სწორედ გამჭვირვალე და მაქსიმალურად ღია მმართველობის განხორციელების გზით, საჯარო ხელისუფლება ხელს უწყობს საზოგადოების/ხალხის ჩართულობას საჯარო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ბუნებრივია, დასახელებული სიკეთეების მიღწევა მნიშვნელოვნად რთულ და, შესაძლოა, შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას არ გააჩნია ამ ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაცია. სახელმწიფო უნდა იყოს მოტივირებული, საჯარო მმართველობის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით. წიაღი, გარემომცველი გარემო კი წარმოადგენს სწორედ ასეთ მნიშვნელოვან სიკეთეს, რომლის მდგომარეობის, მასზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დამდგარი შესაძლო შედეგის შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისათვის მიეწოდოს საჯარო ინფორმაცია.
14. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი გარემოთი სარგებლობისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება გააჩნია ყველას, ნებისმიერი საკითხი თუ ინფორმაცია, რომელიც რაიმე სახის გავლენას ახდენს გარემოზე, წარმოადგენს საზოგადოების მომეტებული ინტერესის ობიექტს. ამდენად, გარდა იმისა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაცია და შესაბამისი საკითხები კონსტიტუციისთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული, თავისთავად და ბუნებრივად არსებობს საზოგადოების ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მომეტებული ინტერესი.
15. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეს ასპექტი, მიუხედავად გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითებისა, არ ყოფილა გამოკვეთილი. პირიქით, ინფორმაციის მნიშვნელობა, მისი შინაარსი შეფასებულ იქნა ცალმხრივად, მხოლოდ ინფორმაციაზე საკუთრების უფლების მქონე სუბიექტის პერსპექტივიდან. მაშინ, როდესაც არ გამახვილებულა ყურადღება, თუ რა მნიშვნელობის ინტერესს წარმოადგენს საზოგადოებისთვის გარემოს, წიაღის შესახებ ცალკეული, სადავო ნორმით გათვალისწინებულ პარამეტრებზე ხელმისაწვდომობის ინტერესი. ამ მიდგომით, ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვნად დააკნინა და სულ მცირე, არ გაითვალისწინა გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის მნიშვნელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას. იმ პირობებში, როდესაც ბუნებრივი გარემოს დაცვა, მისი შენარჩუნება წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, სასამართლოს მართებდა მეტი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ამ საკითხის შეფასება.
16. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ბალანსს ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის და საკითხს მხოლოდ დახურული (კომერციული) ინფორმაციის სასარგებლოდ წყვეტს, სასამართლოს არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
მაია კოპალეიშვილი