საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1628 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 22 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი: „თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.“ |
1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი: „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“; 2. საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის მე-3 პუნქტი: „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
თავშესაფრის მაძიებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ზოგადი გაუარესებისკენ მიუთითებს, რაც პირდაპირ აისახება თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ომებმა და კონფლიქტურმა სიტუაციებმა მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად და საგრძნობლად გაზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც საკუთარი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ისეთ მოწყვლად კატეგორიას, როგორსაც თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები განეკუთვნებიან.
თავშესაფრის უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს ეძიოს და ისარგებლოს თავშესაფრით.[1] აღნიშნული უფლება განმტკიცებულია გაეროს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციასა და 1967 წლის დამატებით ოქმში. საქართველო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციასა და მის დამატებით ოქმს 1999 წლიდან შეუერთდა,[2] რითიც თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვის ვალდებულება აიღო. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ დასჯიან მათ ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის ან ყოფნისთვის ლტოლვილებს, რომლებიც შემოვიდნენ უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მათ სიცოცხლეს ან თავისუფლებას პირველი მუხლით გათვალისწინებული საშიშროება ემუქრებოდა, უნებართვოდ იმყოფებიან ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე - იმ პირობით, რომ ასეთი ლტოლვილები დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდებიან ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენენ თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ.“ ამდენად, კონვენციით გარანტირებული თავშესაფრის უფლებით განმტკიცებულია, საზღვრის უკანონო კვეთის დროს, თავშესაფრის მაძიებელი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხი.
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, საქართველოში თავშესაფრის მინიჭების უფლებას, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის მე-3 პუნქტი განამტკიცებს.
სადავო ნორმის შინაარსი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საერთაშორისო დაცვა გულისხმობს თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვას ამ კანონით დადგენილი წესით.[3] თავის მხრივ, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი შეიძება იყოს ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.[4]
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა ხდება საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვის გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ენიჭება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი. თავშესაფრის მაძიებელ პირზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი - თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას.[5]
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებს იცავს სახელმწიფო.[6] ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების განხორციელებას და მისთვის თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის მიცემას, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.[7]
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები:[8]
ა) ლტოლვილის სტატუსი - ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.[9] (გარდა აღნიშნულისა, საერთაშორისო დაცვის საჭიროება შეიძლება ეფუძნებოდეს საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებათა მნიშვნელოვნად შეცვლას ან ისეთ ქმედებას, რომელსაც იგი წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ ახორციელებს (ადგილზე წარმოშობილი („sur place“) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება)).[10]
ბ) ჰუმანიტარული სტატუსი - ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის დადგენილ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.[11]
გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი - სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.[12]
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სახელმწიფო უწყებას (საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით[13]). ასეთ შემთხვევაში იგი, ამ კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის, ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ან ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის ან გამოყენების მიზნით შენახვის ან გამოყენების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვას სთხოვს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ამ ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით. მე-3 პუნქტი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი კი ამბობს, რომ თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
რომ შევაჯამოთ, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისას დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ამ ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით და მოითხოვს საერთაშორისო დაცვას, მას მიენიჭება თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსი და ცნობა, რომელითაც დადასტურდება აღნიშნული პირის მიერ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვისა და საქართველოში მისი კანონიერად ყოფნის ფაქტი.[14] თუმცა, განცხადების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ პირს უარი ეთქმება საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, იგი დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისთვის. ანუ იმ ქმედებისთვის, რომლის შესახებაც თავადვე დაუყოვნებლივ განუცხადა სახელმწიფო ორგანოებს და რომლის გათვალისწინებითაც მას მიენიჭა საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი.
ხოლო, თუ პირი იგივენაირად იმოქმედებს, და მისი მოთხოვნა საერთაშორისო დაცვის შესახებ დაკმაყოფილდება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისთვის, მას აღარ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე, 344-ე და 362-ე მუხლებით დადგენილი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე და 344-ე მუხლები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას დასჯად ქმედებებად აცხადებს, ასევე ითვალისწინებენ გამონაკლისს და შენიშვნის სახით განსაზღვრავენ, რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.
მსგავსად ზემოაღნიშნული ნორმებისა, კოდექსის 362-ე მუხლიც, რომელიც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გამოყენებას აცხადებს დასჯად ქმედებად, ასევე აწესებს გამონაკლის და შენიშვნის სახით ადგენს, რომ „ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები სისხლის სამართლის კოდექსში განისაზღვრა 2015 წლის 17 ივლისის N4060-რს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები იმეორებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 31-ე მუხლს,[15] რომელიც ეხება თავშესაფრის ქვეყანაში უკანონოდ მყოფ ლტოლვილებს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, პირი რომელიც თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის შემთხვევაში და აღნიშნული ნორმები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს არ უკავშირებენ საერთაშორისო დაცვის თაობაზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაუკმაყოფილებლობას. თუმცა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პრინციპს აუქმებს, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს.
შედეგად,აღნიშნული ნორმა აწესებს პასუხისმგებლობას იმის მიხედვით, თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო. კერძოდ, პირის ქმედების დანაშაულად მიჩნევისა და სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაკისრებისთვის, გადამწყვეტია არა თავად ქმედება და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები (სახელმწიფო ორგანოსთვის საქართველოში შემოსვლის უკანონო ქმედებაზე დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა), არამედ ის, თუ შემდგომში როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, თავშესაფრის უფლება გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებას და გარანტიას ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავისსავე ან სხვა სახელმწიფოში, თუ მას აქვს შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი, აღმოჩნდეს სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე ან დაექვემდებაროს ძალადობას, აგრესიას თუ შეიარაღებული კონფლიქტს. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.“
აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას თავშესაფრით უზრუნველყოს, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, კერძოდ უსაფრთხო გარემო შესთავაზოს პირებს, რომლებიც იძულებით ტოვებენ თავის წარმოშობის ქვეყანას დევნის, შეიარაღებული კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ან სერიოზული ზიანის სხვა ფორმების შედეგად. სახელმწიფოს ვალდებულებასთან ერთდ, აღნიშნული ნორმა ასევე მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებას საქართველოში მოითხოვონ და ისარგებლონ თავშესაფრით. აღნიშნული კი, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, თავის თავში მოიაზრებს მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის, არგაძევების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, კონფიდენციალურობის დაცვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დაუშვებლობის კომპონენტებს.
სადავო ნორმა საქართველოს მიერ უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის მარეგულირებელი წესის ნაწილია. გასაჩივრებული რეგულაცია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს სწორედ საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების განხილვის შემთხვევებში და პასუხისმგებლობის დაკისრება პირდაპირ უკავშირდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღნიშნული განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების შედეგებს. იმ შემთხვევაში თუ პირი არ დააყენებს საერთაშორისო დაცვის შესახებ მოთხოვნას, ის არც სადავო ნორმით დადგენილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის რეგულირების ფარგლებში მოექცევა.
ამდენად, სადავო ნორმას ასევე მზღუდავი ეფექტი აქვს თავშესაფრის მოთხოვნის უფლებაზე, გამომდინარე იქედან, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის წინაპირობად განსაზღვრავს თავშესაფრის მოთხოვნის განხილვას და პასუხისმგებლობის დაკისრებას უკავშირებს აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი წესი არის არაგონივრული და თავშესაფრის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უსაფუძვლოდ უდგენს პასუხისმგებლობას უცხოელს, შესაბამისად არაპირდაპირ ზღუდავს თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობას, რაც თავშესაფრის უფლებით არის დაცული.
წარსულში ჩადენილი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება
კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“
პასუხისმგებლობის უკუძალით გამოყენების აკრძალვა სამართალდამრღვევის საყოველთაოდ აღიარებული გარანტიაა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ადამიანს იცავს იმ ქმედებებისათვის პასუხისმგებლობისგან „რომლებიც ჩადენის დროს არ შეადგენდა დანაშაულს ნაციონალური კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ შეიძლება აგრეთვე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე ის, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმ დროს, როცა ჩადენილი იქნა დანაშაული.“ იგივე პრინციპს შეიცავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხლი, კერძოდ: „არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიმე მოქმედების ან დაუდევრობის შედეგად, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს.“ ასევე, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, „არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით.“
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, „პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვა გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და უკავშირდება კანონის განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“[16]
„კანონიერების პრინციპი (Nullum crimen, nulla poena sine lege) სამართლის საგარანტიო ფუნქციას უზრუნველყოფს ხელისუფლების შემდეგი ძირითადი მოთხოვნით უპირობოდ შებოჭვის გზით: ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ქმედება მისი ჩადენის დროს მოქმედი კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც სამართალდარღვევა და დასჯადი ქმედება; შესაბამისად, ეს პრინციპი კრძალავს პირის პასუხისგებაში მიცემას იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ წარმოადგენდა დასჯად ქმედებას. სწორედ აქედან გამომდინარეობს კანონის დროში მოქმედების მთავარი წესის დაცვის ვალდებულება – პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონი არ უნდა გავრცელდეს ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის მიღებამდე და, შესაბამისად, იმ დროს არ წარმოადგენდა სამართალდარღვევას და დასჯად ქმედებას საერთოდ, ან ქმედების ჩადენისას მისთვის უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული.“[17]
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი მხოლოდ გვიანდელ თარიღში მიღებული კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის უკუძალით გავრცელების აკრძალვას არ ადგენს. შესაძლებელია კანონი უკვე მოქმედებდეს/ძალაში იყოს ქმედების ჩადენის დროს (სადავო ნორმის მსგავსად), თუმცა ის კონკრეტულ ქმედებას, მისი ჩადენის დროს, სამართალდარღვევად არ განსაზღვრავდეს. როგორც განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით გადმოკვეთის ან სხვა უკანონო გზის გამოყენების მომენტში სამართალდარღვევად არ მიიჩნევს (და მეტიც ადგენს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ქმედების განმახორციელებელი პირები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან) და მისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას შემდგომ განვითარებულ გარემოებებს უკავშირებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა პირებმა არ უნდა აგონ პასუხი ქმედებისათვის, რომელიც ამ ქმედების ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა „(...) დანაშაული შეფასებითი კატეგორიაა. კერძოდ, ნორმატიული შეფასებით იწყება მისი, როგორც დანაშაულისა და დასჯადი ქმედების არსებობა (სიცოცხლე). როცა ესა თუ ის კონკრეტული ქმედება არ იყო ნორმატიული შეფასების საგანი მისი ჩადენის დროს, ის ასეთად ვერ იქცევა იმის გამო, რომ მსგავსი ქმედებანი მომავალში გახდა ამ შეფასების ობიექტი.“[18]
როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ პირს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომელიც სამართალდარღვევად შეფასდება მას შემდეგ, როცა პირმა ჩაიდინა იგი. „ამდენად, კონსტიტუციის თანახმად, თავისთავად, ქმედების შიშველი ფაქტი კი არაა პასუხისმგებლობის კუთხით შეფასების ობიექტი, არამედ ქმედება, რომელიც ნორმატიულადაა მიჩნეული სამართალდარღვევად. ამით კონსტიტუცია იცავს მოქალაქეს სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისაგან.“[19] განსახილველ შემთხვევაში, ქმედება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა/ყალბი დოკუმენტის გამოყენება (თუ პირი დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო ორგანოს აღნიშნულის შესახებ და მოითხოვს საერთაშორისო დაცვას), მისი ჩადენის მომენტში არ არის მიჩნეული სამართალდარღვევად. როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ისე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტები ადგენენ გამონაკლისს და აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავენ. პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება იმისმანიშნებელია, რომ კონკრეტული ქმედება აღარაა სისხლისსამართლებრივი შეფასების ობიექტი და აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არის იგი დანაშაულებრივი.ქმედებამ, რომელმაც კონკრეტულ ვითარებაში დაკარგა დანაშაულებრივი ხასიათი, ვეღარ შეიძენს ასეთ ხასიათს.
„კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან და, საბოლოო ჯამში, არსებითად განაპირობებს მისსავე რეალიზაციას. პირს კონკრეტული ქმედების ჩადენისას კანონმდებლობა უნდა აძლევდეს საკმარისად ცხად და მკაფიო ინფორმაციას იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა ეს ქმედება სამართალდარღვევას და როგორი იქნება კონკრეტული ქმედების განხორციელების შედეგად კანონის მასზე გავრცელების სამართლებრივი შედეგები.“[20]
სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, პირმა, რომელიც საერთაშორისო დაცვის მიღების მოთხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, არ იცის მის ქმედებას (საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლას/ყალბი დოკუმენტის გამოყენებას) სახელმწიფო მიიჩნევს თუ არა დასჯად ქმედებად და დააკისრებს თუ არა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ვინაიდან, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მისი ქმედების სისხლის სამართლებრივი შეფასება ხდება, საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შესაბამისად - თუ დაკმაყოფილდება პირის მოთხოვნა მას საზღვრის უკანონო კვეთის/ყალბი დოკუმენტის გამოყენების გამო არ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ხოლო თუ არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა, იგი პასუხს აგებს როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. შესაბამისად ქმედების ჩადენისას, პირმა არ იცის როგორი იქნება კანონის მასზე გავრცელების სამართლებრივი შედეგები.
ნიშანდობლივია, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ, საკუთარი ინიციატივით, უკანონო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ გაცხადება, სწორედ იმ იმედით ხდება, რომ მას ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. პირს წარმოეშობა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მატერიალური უფლება და მას უჩნდება იმის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სახელმწიფო არ განახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და რომ ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ხოლო, განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაკისრება ლახავს მის ლეგიტიმურ მოლოდინებს.
ამდენად, კონსტიტუციით განმტკიცებული ზემოაღნიშნული პრინციპის თანახმად, „პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს იმის განჭვრეტა, არღვევს თუ არა ის კანონს, იმისათვის რომ შეძლოს, თავიდან აიცილოს კანონის დარღვევის ნეგატიური სამართლებრივი შედეგები. ამასთან, მეორე მხრივ, პირს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა იმის თაობაზე, მის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება მოსალოდნელი პასუხისმგებლობის სიმძიმე, რა ტვირთს აკისრებს მას სახელმწიფო. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის სახელმწიფოსთან ურთიერთობის განჭვრეტისა და პროგნოზირებისათვის, ამასთან, სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობის თავიდან აცილებისთვის.“[21]
„კანონის უკუძალის აკრძალვა არის პასუხისმგებლობის ნეგატიური შედეგებისაგან დაცვის კონსტიტუციური გარანტია, რათა პირი არ დაისაჯოს იმ ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, (...) პირი არ შეიძლება მუდმივად იყოს იმ შიშის ქვეშ, რომ ხელისუფლება უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ დროს გაამკაცროს მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის სასჯელი და ამასთან, კანონის უკუძალით გამოყენებით დაამძიმოს მისი პასუხისმგებლობა. ასეთი შესაძლებლობის დაშვების პირობებში სასჯელი და ზოგადად პასუხისმგებლობა ასცდება მათსავე მიზნებს და გადაიქცევა პოტენციური შურისძიების იარაღად. შედეგად, სამართალი და კანონი დაკარგავს თავის ძირითად ფუნქციას. კანონი სამართლიანობისა და წესრიგისთვის არის საჭირო და, თუკი ის გადაიქცევა ხელისუფლების ინსტრუმენტად ადამიანებით მანიპულირებისათვის, კანონი თავად გახდება იმ პრობლემების მთავარი წყარო, რომელთა თავიდან აცილებისა თუ აღმოფხვრისთვისაც ის არის საჭირო.“[22]
ამასთან, პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის. ლტოლვილმა, რომელიც იძულებით ტოვებს სამშობლოს, იშვიათია, დააკმაყოფილოს კანონიერად საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა (პასპორტისა და ვიზის ქონა) თავშესაფრის ქვეყანაში შესვლისას. ხშირად პიროვნების სიცოცხლე ან თავისუფლება რისკის ქვეშ არის და საკუთარი ქვეყანიდან გამოღწევისთვის, ხშირად იძულებულია, გამოიყენოს არალეგალური საშუალებები, როგორიცაა ყალბი დოკუმენტები. მსგავს შემთხვევაში ყალბი დოკუმენტების გამოყენება დევნისთვის თავის დაღწევის ერთადერთი გარდაუვალი ქმედებაა. კანონმდებლობაში არსებული საგამონაკლისო ნორმატიული მოწესრიგება განპირობებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოლახვა/ან მის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენება, (იმ პირობებში როდესაც ის დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს) არ წარმოადგენს საზოგადეობრივად საშიშ ქმედებას და შესაბამისად აღნიშნული ქმედების განმახორციელებელ პირს ათავისუფლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების საკითხი არ განიცდის ცვლილებას იმის მიხედვით, საერთაშორისო დაცვის უფლების მინიჭებაზე, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული სახელმწიფო ორგანო. ამა თუ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელს უნდა განსაზღვრავდეს ამ ქმედებიდან მომდინარე რისკი. შესაბამისად, კონკრეტული ქმედებიდან (საზღვრის უკანონო გადმოკვეთა/ყალბი დოკუმენტის გამოყენება) მომდინარე საფრთხის დონე არ იცვლება იმის მიხედვით, თავშესაფრით უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო პირს. შესაბამისად არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს აღნიშნულის მიხედვით.
განსახილველს შემთხვევაში როდესაც, პირის მიერ უკვე ჩადენილია ქმედება (საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის ფაქტი) და მისი მოთხოვნა საერთაშორისო დაცვის შესახებ არ დაკმაყოფილდება, მას უნდა მოეთხოვოს საქართველოს ტერიტორიის დატოვება საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის გაუქმების ან/და არ არსებობის გამო (აღნიშნულის შეუსრულებლობა შეიძლება ცალკე გახდეს პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი). თუმცა, უკვე ჩადენილი ქმედებისთვის, რომლის შემდგომაც თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსის მინიჭების გზით, პირს ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ამოქმედება დაუშვებელია.
„უკუძალის აკრძალვა ზღუდავს კანონმდებლის თავისუფლებას, შემოიღოს ისეთი კანონი, რომელიც ადამიანს პასუხისმგებლობას დააკისრებდა იმ ქმედებისათვის, რაც მისი ჩადენის მომენტში არ იყო დასჯადი. ამით კონსტიტუცია აღიარებს, რომ აღნიშნული პრინციპი ატარებს აბსოლუტურ ხასიათს და მისი დარღვევა დაუშვებელია. ამ პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის (დაცვის) საძირკველს. ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი ცალკეული მოქალაქის ქცევათა დეტერმინაციის საშუალებაა. ასეთი წესრიგის პირობებში ადამიანებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში და მის მიერ ჩადენილ მოქმედებას შეაფასებს არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში.“[23]
განსახილველ შემთხვევაში, თუ ორგანო არ დააკმაყოფილებს პირის მოთხოვნას საერთაშორისო დაცვის შესახებ, პირის წარსულში ჩადენილი ქმედებისთვის ამოქმედებას იწყებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ის ვეღარ სარგებლოს იმ ნორმატიული წესრიგით არსებული გარანტიით, რომლითაც ქმედების ჩადენის დროს იყო აღჭურვილი. ამდენად, სადავო ნორმა ქმედებისთვის პოსტ ფაქტუმ აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რითიც არღვევს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის უკუძალის აბსოლუტური აკრძალვის პრინციპს.
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.“
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს. აღნიშნული ნორმის პრობლემურობაზე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ საპარლამენტო ანგარიშში.[24]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირია შემთხვევა როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პირი იძულებულია დაარღვიოს კანონის მოთხოვნები საზღვრის გადმოკვეთის თუ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისას, რათა შეძლოს თავშესაფრის მოთხოვნის დაყენება. სხვაგვარად ის ვერ ისარგებლებს თავშესაფრის უფლებით. იმგვარი მოწესრიგების დროს, როდესაც პირისთვის არ არის უზრუნველყოფილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტია და მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იგი შეიძლება დაექვემდებაროს დასჯას, მან შეიძლება საერთოდ უარი თქვას თავშესაფრის მოთხოვნაზე და თავშესაფრის უფლებით სარგებლობის გარეშე დარჩეს. უკუძალის გავრცელება პასუხისმგებლობისაგან უკვე გათავისუფლებულ პირზე იწვევს კანონის განჭვრეტადობის და სანდოობის უგულებელყოფას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო შეზღუდვას მსუსხავი ეფექტი გააჩნია თავშესაფრის მიღების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით და არღვევს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
[1] ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-14 უხლი;
[2] საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის №1996–IIს დადგენილება;
[3] „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტი;
[4] იქვე, მე-3 მუხლის „ლ“ პუნქტი;
[5] იქვე, მე-3 მუხლის „ბ“, „ე“ და „ზ“ პუნქტები;
[6] იქვე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი;
[7] იქვე, მე-6 მუხლი;
[8] იქვე, მე-14 მუხლი;
[9] იქვე, მე-15 მუხლი;
[10] იქვე, მე-16 მუხლი;
[11] იქვე, მე-19 მუხლი;
[12] იქვე, 21-ე მუხლი;
[13] იქვე, მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტი;
[14] იქვე, მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტი;
[15] „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ დასჯიან მათ ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის ან ყოფნისთვის ლტოლვილებს, რომლებიც შემოვიდნენ უშუალოდ იმ ტერიტორიიდან, სადაც მათ სიცოცხლეს ან თავისუფლებას პირველი მუხლით გათვალისწინებული საშიშროება ემუქრებოდა, იმ პირობით, რომ ასეთი ლტოლვილები დაუყოვნებლივ გამოცხადდებიან ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარმოადგენენ თავიანთი უკანონო ქმედების, შემოსვლის ან ყოფნის შესახებ“;
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება, II-61;
[17] იქვე, II-48;
[18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II-14;
[19] იქვე, II-1;
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება, II-50;
[21] იქვე, II-50;
[22] იქვე, II-51;
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის № 1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II-1;
[24] საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 801-812; საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 340-344; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ გვ. 417-427;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა